დასაძინებლად რომ დავწექი, კარი გაიღო და ფეხშიშველი სანდრიკა შემოტანტალდა.
_ სან, რატომ არ გძინავს?
_ ვერ ვიძინებ. მინდა, მეც შენსავით ვეჩხუბო ორივეს, _ ნაღვლიანი ხმით თქვა და ლოგინში შემომიძვრა.
_ ჩხუბი არ არის აუცილებელი. გგონია, კარგი ვქენი, რომ ვიჩხუბე?
_ აბა რა ვქნათ? შენ მოგწონს, რაც ხდება?
_ არ მომწონს, მაგრამ მე და შენ ვერაფერს შევცვლით.
_ ვერ შევცვლით და მაგათი დედაც… _ ისეთი უშვერი სიტყვებით შეიგინა ჩემმა ძმამ, პირი ღია დამრჩა.
_ სანდრიკ! რას აკეთებ? სად ისწავლე ეს გინება?
_ რა ვიცი მე… ალბათ ვიცოდი… _ ჩაიბურტყუნა შეცბუნებულმა, _ ნეკა, რაღაც მინდა გკითხო, კარგი?
_ მკითხე.
_ შენ ხომ არ დამივიწყებ? ჩემს სანახავად ხომ ხშირად მოხვალ? რამე რომ გამიჭირდეს, დამეხმარები?
_ რა სისულელეებს მეკითხები, სან, აბა რას ვიზამ! _ გული ამიჩუყა მისმა სიტყვებმა, მოვეხვიე და გულზე მივიხუტე.
_ როგორ უნდა ვიყო უთქვენოდ? დედა ძალიან მიყვარს… შენც. ამ სახლში რომ არ ვიქნები, ძალიან ცუდია. სხვაგან როგორ უნდა გავძლო?
_ არა უშავს, მიეჩვევი და ნუ ტირი პატარა ბავშვივით, დიდი ბიჭი ხარ უკვე! _ ვუსაყვედურე ძმას, მაგრამ თვითონაც ყელში მქონდა ცრემლი მობჯენილი.
მას ჩემთვის პასუხი არ გაუცია. ერთხანს თავშეკავებულად სლუკუნებდა, მერე ჩაეძინა. მე კი დიდხანს არ გამეკარა რული.
რა საშინელი შეგრძნება ყოფილა, როცა მშობლები იყრებიან. და, საერთოდ, რას ჰგავს ჩემი ცხოვრება? ვინ ვარ და რა გამიკეთებია ამ წლების განმავლობაში? ნუთუ მეც დედაჩემის ბედი მომელის ოდესმე? ნუთუ ასეთი ხანმოკლეა სიყვარული? ან კი, რა არის სიყვარული? როდის უნდა იგრძნოს ადამიანმა, რომ სიყვარული ეწვია? რატომ ინგრევა ოჯახები? მით უმეტეს, ამდენი წლის თანაცხოვრების შემდეგ? რომელი უშვებს საბედისწერო შეცდომას დროთა განმავლობაში _ ცოლი თუ ქმარი? როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ შეცდომები არ დაუშვას ან ნაკლებად დაუშვას? სად არის გამოსავალი?
არ ვიცი, რამდენ ხანს ვფიქრობდი. არც ის ვიცი, როდის წამართვა ძილმა თავი. როცა გამეღვიძა, კარგა ხნის გათენებული იყო. სანდრიკა ჩემზე ადრე ამდგარიყო, აღარ იწვა ჩემ გვერდით. მოულოდნელად სასოწარკვეთილი ხმა შემომესმა. თითქოს ტიროდა ვიღაც, თუ მოთქვამდა.
შეშფოთებული საწოლიდან წამოვხტი და პიჟამას ამარა გავვარდი დერეფანში. ნაზი ჩანთებს ეზიდებოდა.
_ რა ხდება? _ გულმა გამალებით დამიწყო ცემა. მეგონა, რაღაც საზარლობა ხდებოდა.
_ მივდივარ ამ სახლიდან, _ ტირილით «მომახარა» მან.
_ სად მიდიხარ?
_ ჯანდაბაში!
_ და რატომ? ნაზი, შენ მაინც რატომ? _ წინ გადავუდექი, თითქოს შევძლებდი მის შეჩერებას.
_ იმიტომ, რომ ასეთ ოჯახში ცხოვრება არ შემიძლია, საყვარელო. ამდენი წელია, თქვენ გვერდით ვარ და გული სიამოვნებით მევსებოდა, ერთად რომ გხედავდით. შენი მშობლების დაშორებას ჩემი გული ვერ გადაიტანს. წავალ, დავბრუნდები სოფელში, სახლ-კარს მივხედავ. ჩემს ძმასაც გაუხარდება, ბავშვების გაზრდაში მივეხმარები.
ნაზიმ გადამკოცნა, თავის ორ ჩანთას დაავლო ხელი და გავიდა. ცოტა ხანში ხელცარიელი შემობრუნდა. ხელში მარჯნისთვლებიანი მძივი ეჭირა.
_ ვიცი, ეს შენ ძალიან მოგწონდა. ამიტომ გჩუქნი. თუ მოგბეზრდეს, ვინმეს აჩუქე, არ დამენანება! _ ჩუმი ხმით მითხრა და კიდევ ერთხელ გადამეხვია, _ გამაგრდი, საყვარელო, ამით ყველაფერი არ მთავრდება. თუ დაგჭირდე, დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები…
8 8 8
იმ დღიდან ყველაფერი აირია ჩემს ცხოვრებაში. თითქოს ცუდი ამბები ერთმანეთს წაეწყო. ჩემი მშობლების გაყრის ამბავი მონელებული არ მქონდა, რომ ახალი, კიდევ ერთი გაუსაძლისი ტკივილი დამემატა.
ერთ დღეს ლუკასგან მესიჯი მივიღე. ის მწერდა, რომ საქართველოდან მიდიოდა და დიდხანს ვერ მნახავდა, თუმცა მპირდებოდა, რომ არ დამივიწყებდა და აუცილებლად ბევრ წერილს მომწერდა.
როგორც კი გაკვეთილები დამთავრდა, მასთან გავქანდი. სირბილით გავიარე გზა მის კორპუსამდე. კარი შეღებული დამხვდა. რომ შევედი, ლუკა თავის ტანსაცმელს ჩანთაში ალაგებდა.
_ ეს რას ნიშნავს? _ აქოშინებულმა ვკითხე.
_ მივდივარ… თურქეთში.
_ თურქეთში? რატომ?
_ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. კლუბში ვიმღერებ, თან ვისწავლი. ახლობელმა გამიკეთა.
_ და აქ რატომ არ გინდა დარჩენა?
_ აქ იმდენ ფულს ვერ გამოვიმუშავებ, რომ თავიც ვირჩინო და ჩემებსაც მივეხმარო. ამიტომაც მივდივარ.
_ არა, მაგიტომ არ მიდიხარ. ზუსტად ვიცი, რატომაც გადაწყვიტე წასვლა.
ლუკამ საქმიანობა შეწყვიტა, დოინჯი შემოიყარა და მომაჩერდა.
_ და რატომ, როგორ გგონია?
_ იმიტომ, რომ არ მაპატიე, იმ დღეს რაც გითხარი.
_ რა სისულელეა, _ ჩაიცინა.
_ ჰო, ეგრეა. იმ საღამოს შემდეგ სულ სამჯერ შემხვდი, ერთი-ორჯერ დამირეკე და ეგ იყო. ასეთი რა გითხარი? ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს წარსულს შენთვის?
_ ეგ რამ გაფიქრებინა? შენ არაფერ შუაში ხარ, ნეკა. მე ჩემი პრობლემების მოგვარება მინდა, ამიტომაც მივდივარ. შენ კი… აბა, რა გიყო, გინდა დაიჯერე, გინდ არა.
_ მაშინ მეც გამოგყვები! _ წამოვიძახე უცებ.
_ გაგიჟდი? სად გამომყვები, ხომ არ გააფრინე! შენ ჯერ სკოლა უნდა დაამთავრო!
_ არ მინდა სკოლის დამთავრება! შენთან მინდა! მეც ვიმუშავებ. ერთად ვიცხოვროთ. არ მინდა აქ უშენოდ, არა! _ ცრემლები ყელში მომებჯინა.
_ ნეკა, რა გემართება? _ მხრებში ხელი ჩამავლო ლუკამ და შემაჯანჯღარა, _ სამუდამოდ კი არ ვაპირებ თურქეთში დასახლებას, ერთი-ორი წელი და ჩამოვალ. მერე სულ ერთად ვიქნებით.
_ არა, მერე ერთად ვერ ვიქნებით, _ დანანებით გადავაქნიე თავი.
_ და რატომ?
_ იმიტომ, რომ ძალიან მალე დამივიწყებ. ვიცი.
ამაზე ლუკა ძალიან გაბრაზდა. უპასუხისმგებლო და არასერიოზული კაცი გგონივარო. შემპირდა, რომ ხშირად მომწერდა და დამირეკავდა…
ისე დავშორდით ერთმანეთს, სიყვარული არ აუხსნია. თუმცა, ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. რატომღაც, ვენდე მის სიტყვას. გულდამძიმებული მივუყვებოდი ქუჩას და მჯეროდა, რომ არ დამივიწყებდა. მჯეროდა, რომ ერთი-ორი წლის შემდეგ ჩამოვიდოდა და ჩვენ კვლავ გავაგრძელებდით შეხვედრებს. ეს რამდენიმეწლიანი განშორება კი უფრო გაამყარებდა ჩვენს ურთიერთობას…
8 8 8
ლუკამ სულ ექვსი წერილი მომწერა და რამდენჯერმე დამიმესიჯა. დარეკვა ერთხელაც არ უცდია. მე კი როგორ მენატრებოდა მისი ხმის გაგონება. მაგრამ პირველმა არ გადავდგი ნაბიჯი. განვლილმა ცხოვრებამ ერთი რამ ჯიუტად მასწავლა _ შენს თავმოყვარეობას უნდა გაუფრთხილდე! რაც მეტად გატკენენ გულს, მით უფრო უნდა გაიმძაფრო თავმოყვარეობა!
ლუკას წერილებიდან მისი ახალი ამპლუის ამბებს ვიგებდი. ის მშვენივრად მოეწყო თურქეთში. არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს. სწავლის პარალელურად, სამსახურიც იშოვა და თავის რჩენა არ უჭირდა. თავდაპირველად წერილები მალ-მალე მოდიოდა, დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ _ თვეში ერთხელ, ბოლოს საერთოდ შეწყდა. თუ პირველ ხანებში გრძელ წერილებს მწერდა, მერე თანდათან შეამოკლა. ბოლოს მიღებულ ბარათში კი მხოლოდ სამი წინადადება ეწერა. მის ყველა ბარათს ვპასუხობდი, თუმცა ბოლო წერილი, რომელიც გავუგზავნე, უკან დამიბრუნდა. როგორც ჩანს, ლუკა უკვე აღარ ცხოვრობდა ძველ მისამართზე.
ცოტა არ იყოს, პირველ ხანებში გამიჭირდა, ყოველდღე ველოდებოდი, როდის დამიმესიჯებდა, ან მომწერდა, მაგრამ ამაოდ. მისგან აღარაფერი ისმოდა. თანდათან ვეგუებოდი მდგომარეობას და ვხვდებოდი, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ლუკას ვახსოვდი თუ არა. მტკივნეულად აღარ აღვიქვამდი მის სიჩუმეს. ასე მეგონა, ერთ ადგილს ვიყავი მიყინული და ადგილიდან დაძვრის სურვილი არ გამაჩნდა. ბევრი რამ დამიშავებია ჩემი თავისთვის, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი არასდროს მინანია, დანაშაულის გრძნობას არ შევუწუხებივარ. ახლა კი… ახლა კი სწორედ ეს შეგრძნება მაწუხებდა, მხრავდა და მოსვენებას არ მაძლევდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გავიზარდე, დავქალდი და სხვა თვალით დავუწყე ცხოვრებას ყურება. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. გამუდმებით იმაზე ვეკამათებოდი ჩემს ორეულს, როგორი ვიქნებოდი, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი ან განსხვავებული ხასიათი მქონოდა, ან ჩემი მშობლები არ დაშორებოდნენ ერთმანეთს… თითქოს ვაანალიზებდი ჩემს ცხოვრებას, ვიჩხრიკებოდი ჩემს არცთუ იღბლიან წარსულში და ვერც ერთ ჩემს საქციელს გამართლებას ვერ ვუძებნიდი. ვხვდებოდი, რომ მე თვითონ შევქმენი ჩემი ჯოჯოხეთი და სხვას არავის ამაში ბრალი არ მიუძღოდა. უფრო მეტიც _ ცოტათი ალბათ მართლაც იყო ჩემი ბრალი, დედა და მამა რომ გაიყარნენ.
ერთ საღამოს დედა სწორედ ამ თემაზე დამელაპარაკა. თავისი სურვილით, სრულიად მოულოდნელად გამიბა საუბარი.
_ შეცდომა ყველას მოსვლია ცხოვრებაში. მთავარი ეს არ არის. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთი და იმავე სახის შეცდომა მეორედ არ დაუშვას ადამიანმა. არ ვიცი, გასაგებად გიხსნი თუ არა, მაგრამ მინდა, ისე იცხოვრო, რომ ჩემსავით ტკივილიანი გზის გავლამ არ მოგიწიოს.
ვუსმენდი დედას და გული ცრემლით მევსებოდა. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ აცრემლება გულსაც შეძლებია. ამ ცრემლს ჩემ გარდა ვერავინ გრძნობდა, ჩემ გარდა ვერავინ ხედავდა, მე კი უფრო და უფრო მისველდებოდა გულის კედლები მარილიანი ცრემლებით.
გულამომჯდარმა თავი ავწიე და დედას თვალებში შევხედე.
_ დე, მე რომ შევიცვალო… აი, სულ, სულ რომ შევიცვალო, აბსოლუტურად სხვანაირი რომ გავხდე, შენ და მამას რომ გაგიხარდებათ, ისეთი, ყველაფერი რომ მოგიყვეთ ყოველთვის, შერიგდებით? იქნებ გადაიფიქროთ განქორწინება?
დედას თვალები გაუფართოვდა. ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე კი ხმაშეცვლილმა მომიგო:
_ ნეკა, იცი, შენ ახლა რა თქვი? ყველაზე ჭკვიანური რამ, რაც ოდესმე გითქვამს. ძალიან მახარებს შენი ასეთი შემობრუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და წინ დიდი მომავალი გელის. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ, შვილო, მეც, მამაშენსაც, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ამით არ შეიცვლება. რაც მამასა და ჩემს შორის იყო, უკვე წარსულის კუთვნილებაა. მისი დაბრუნება არ მოხდება. მაპატიე…
_ რატომ, დედა, რატომ?
_ იმიტომ, რომ უკვე ძალიან დაგვიანებულია.
_ კი მაგრამ, განა რა მოხდა ასეთი? ამდენი წელია, ერთად ხართ, ერთად მოდიხართ. გასაგებია, რომ ორივეს თქვენ-თქვენი ცხოვრება გქონდათ, მაგრამ ამას ხომ თქვენთვის ხელი არ შეუშლია, ერთ ჭერქვეშ გეცხოვრათ?
_ სწორედ ამიტომაა წარსულის უკან დაბრუნება შეუძლებელი, შვილო.
მისთვის პასუხი არ გამიცია. არც არაფერი მქონდა სათქმელი. მათ ჩემი არ ესმოდათ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ოჯახისადმი ასეთი მიდგომით მათ ჩემი და ჩემი ძმის ცხოვრება დაანგრიეს.
8 8 8
საღამო ხანი იყო. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, რაღაცნაირად აღრენილი. რატომღაც, კესოსთან მომინდა დალაპარაკება. მობილურზე დავურეკე.
_ კესო, როგორ ხარ?
_ ნეკა, შე-ენ? _ გაკვირვებული ტონით მკითხა კესომ, თითქოს არ სჯეროდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი.
_ ჰო, მე ვარ. რაღაც მინდოდა მეთქვა…
_ გისმენ, კესო.
_ აი, ამ დღეებში თუ შეკრებას აპირებთ, მეც წამოვალ, კარგი?
_ მართლა? რა მაგარია! მაშინ ახლავე გამოდი, კარგ ადგილას მივდივარ.
კესოს ისე გაუხარდა ჩემი ზარი, ჭკუაზე არ იყო.
დედას დავუბარე, კლასელთან მივდივარ-მეთქი და კესოს მივადექი. ის მარტო იყო სახლში, სარკის წინ იდგა და იპრანჭებოდა.
_ სად მივდივართ? _ ვკითხე ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა.
კესომ ორჭოფულად ამათვალიერა.
_ შეუფერებლად გაცვია. დაბადების დღეზე მივდივართ. ერთი «ძაან ტაკოი» ბიჭი გვყავს მეგობრებში, იმან დაგვპატიჟა. გაგაცნობ. ვინ იცის, იქნებ მოეწონო კიდეც. ფულიანი მამიკოს შვილია. მოიცა, ჩემსას გათხოვებ რამეს, ეგენი კი გაიხადე და აქ დატოვე, მერე წაიღებ, _ საქმიანად წარმოთქვა და გარდერობიდან ტანსაცმლის გამოლაგებას შეუდგა.
დიდხანს ვარჩიეთ. ბოლოს არჩევანი ლურჯ კაბაზე შევაჩერეთ, რომელიც ყველაზე მეტად მომიხდა.
უცნაური იყო… სარკეში ვათვალიერებდი ჩემს თავს და უკვე ვფიქრობდი იმ უცნობ ბიჭზე, რომელსაც ფულიანი მამიკო ჰყავდა. რაცაა, ესაა. თუ ეშმაკს მივყიდე სული, ბარემ ბოლომდე მივყვები ამ გზას. მოსახდენი, ჯობია, მოხდეს!
როცა კესო გაპრანჭვას მორჩა, ჩემი მორთვის სურვილმა მოუარა. ახლა მე დამსვა სარკის წინ და ჩემი მაკიაჟის გაკეთებას შეუდგა.
_ როგორ მიხარია, ისევ ერთად რომ ვართ, _ ტაში შემოჰკრა ბოლოს და პატარა გოგოსავით ადგილზე ხტუნაობას მოჰყვა.
შემდეგ მის ახალ მეგობართან წავედით. ის ბიჭი, რომელსაც ვაჟა ერქვა, მართლაც მდიდარი ოჯახის შვილი აღმოჩნდა. სახლი ისეთი ავეჯით იყო გაწყობილი, აქამდე რომ არასდროს მენახა. სუფრასაც ეტყობოდა ოჯახის უფროსის სქელჯიბიანობა. შავი ხიზილალა, მწყერი და შემწვარი გოჭი ეგრევე მომხვდა თვალში.
დამხვდურთაგან ორიოდე ადამიანს თუ ვიცნობდი, დანარჩენებს პირველად ვხედავდი. ხუთი წუთიც არ იყო გასული ჩვენი მისვლიდან, რომ ერთი ბიჭი მომიახლოვდა, თავხედურად ჩამაშტერდა თვალებში და მედიდური ტონით მითხრა:
_ რაღაც ძალიან კარგი «ტიპშა» ხარ… სიამოვნებით შეგჭამდი. აქამდე რატომ არ გიცნობდი?
ირონიულად ავხედე, მაგრამ პასუხი არ გამიცია. არც სხვას დავკონტაქტებივარ არავის. ახლა მხოლოდ დალევა მინდოდა. ჩემთვის მივჯექი მაგიდის ერთ კუთხეში და არაყი დავისხი. რამდენიმე ჭიქა მარტომ დავლიე, ჩემთვის, ჩუმად. ცოტა ხანში ოთახი ატრიალდა. სამყაროც ატრიალდა ჩემ ირგვლივ. მერე ბუნდოვნად, აქა-იქ მახსოვს რაღაცები. ერთხანს ვცეკვავდი კიდეც. ბოლოს, როგორც ჩანს, გავითიშე…
8 8 8
როცა გამომეღვიძა, ოთახში მარტო ვიყავი. გარეთ ყაყანის ხმები ისმოდა. ისინი დროსტარებას აგრძელებდნენ. ავდექი და შეუმჩნევლად გამოვედი გარეთ.
შინ მისულს ცრემლები წამსკდა. სანამ მაღლა ავიდოდი, ბაღში შევედი, მერხზე ჩამოვჯექი და გულიანად ვიტირე… დიდხანს… დიდხანს…. სამაგიეროდ, მომეშვა. ისეთი შვება ვიგრძენი, რომ შევმსუბუქდი. გულზე ლოდად აღარ მაწვებოდა დარდი.
სწორედ ამ დროს ნაბიჯების ხმა შემოესმა. მოვიხედე. დედა იყო. მას თავშალი მოეხურა და ჩემკენ მოაბიჯებდა. ალბათ ჩემი ტირილის ხმა თუ გაიგონა.
_ აქ რას უზიხარ? _ დედა გვერდით დამიჯდა და თმაზე მაკოაცა.
_ ისე, უბრალოდ. არ მეძინება ჯერ.
_ ტიროდი, არა?
_ ჰო, ცოტა წავიტირე.
_ ხანდახან კარგია ტირილი, _ ამოიოხრა, _ სულს წმენდს.
_ და გულს ამშვიდებს, _ დავამატე.
_ მართალი ხარ, გულსაც ამშვიდებს. გაწყენინა ვინმემ?
_ არა, არავინ.
გაგრძელება იქნება