დილით რომ გამეღვიძა, ვიგრძენი, რომ აღარ ვდარდობდი. როგორც ჩანს, გადამიარა და დამავიწყდა კიდეც წუხანდელი «საშიში» ფიქრებიც და კოშმარიც. თუმცა, წინათგრძნობა მკარნახობდა, რომ მძიმე დღე მელოდა. ყველა სიკეთესთან ერთად, ორშაბათი ხომ ისედაც მძიმე დღეა… რა ვიცი, ასე კი ამბობენ და…
ჯერ კიდევ არ გათენებულიყო კარგად. ავდექი და ლოჯიაში გავედი. ვასიკოს საბანი გადახდოდა. მზრუნველად მოვაფარე მხრებზე. მძინარე უფრო პატარა ჩანდა და უფრო დაუცველი… თავზე ხელი გადავუსვი. თითქოს შეკრთა ძილში…
როცა გაიღვიძა, დარეცხილ-დაუთოებული ტანსაცმელი შევუტანე. სამზარეულოში შესული არ ვიყავი, რომ უკვე გამოვიდა ჩაცმულ-დახურული. გამიკვირდა, ასე სწრაფად როგორ მოახერხა-მეთქი. ალბათ ბავშვთა სახლში ასწავლიდნენ ასე…
ნახევარი საათის შემდეგ ტაქსის მძღოლმა ვასიკოს მითითებულ მისამართზე მიგვიყვანა. გაოცებული შევაჩერდი ჩემ წინ აღმართულ ორსართულიან ულამაზეს სახლს, რომელსაც ირგვლივ რკინის გალავანი ერტყა…
* * *
- ვასიკო, ხომ არაფერი გეშლება? ნამდვილად სწორად მოვედით? ეს სახლია? - გაოგნებული მივაჩერდი ბიჭუნას.
მან ჯიუტად დამიქნია თავი, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს, შიშით ავსებოდა თვალები. ეზოში ისეთი ლამაზი ბაღი მოჩანდა, ნებისმიერ ქალს რომ შეშურდებოდა, მოვლილი, მოვლილი… ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა. გეგონებოდათ, ამ საოცარ სილამაზეში სიცოცხლე ჩაკვდაო… მეც ამიტანა შიშმა, გამოუცნობმა, იდუმალმა… თავი ხელში ავიყვანე და ზარის ღილაკს თამამად მივაჭირე თითი. არავინ გამოგვხმაურებია, მაგრამ მოულოდნელად რაღაცამ გაიტკაცუნა და ჭიშკარი ავტომატურად გაიღო.
- როგორც ჩანს, უნდა შევიდეთ, - უფრო საკუთარი თავის გასამხნევებლად ვთქვი, ვიდრე ვასიკოს გასაგონად.
ეზოში შევედით და ფრთხილად ავიარეთ კიბის საფეხურები. ის იყო, მომუშტული ხელი შევმართე, რათა დამეკაკუნებინა, რომ უეცრად კარი გაიღო, ვიღაცამ ვასიკოს მკლავზე წაავლო ხელი და შიგნით შეათრია. მოულოდნელობისგან მუხლები მომეკვეთა. ასეთ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი. როგორც ჩანს, მართალი იყო ეს ბავშვი, როცა ბიძამისზე მიყვებოდა!
ფეხები არ მემორჩილებოდა, მაგრამ როგორმე უნდა დამეძლია შიში. ორიოდე ნაბიჯი გადავდგი და ნათელ ჰოლში აღმოვჩნდი, ქერათმიანი მაღალი მამაკაცის პირდაპირ, რომელიც ვასიკოს ახლა ქეჩოში ჩაფრენოდა.
- თქვენ ვინ ხართ? - გაისმა მისი მბრძანებლური ხმა.
- მე… ანა მქვია, - გაუბედავად წარმოვთქვი, - თქვენ ალბათ ლადო ბრძანდებით, არა?
აი, შარიიი! შეხვედრაც ამას ჰქვია! როგორი სპექტაკლი მოგვიწყო?!
მამაკაცმა ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, მხოლოდ ხელის აქნევით მანიშნა, დაჯექიო და იქვე მდგარ მაღალზურგიან სკამზე მიმითითა. ისე სწრაფად დავემორჩილე მის მოთხოვნას, თითქოს იარაღი ჰქონოდა ჩემთვის შუბლზე მობჯენილი. თან კი არ დავჯექი, დავეხეთქე. სიმართლე გითხრათ, ნერვიულობისგან ცახცახმაც კი ამიტანა, ლამის კბილს კბილზე ვაცემინებდი. მეც თუ მომხვდა ვასიკოსთან ერთად, მერე უნდა ნახოთ კინო! ეს შეხვედრა შეიძლება ჟურნალი გამოდგეს!
როგორც შემეძლო, მშვიდი სახე მივიღე და ბავშვს ნაძალადევად გავუღიმე. რაღაცნაირად, თითქოს კიდევ ვიგრძენი ვიღაცის მზერა, თუმცა, როცა შემოვედი, ქერათმიანის გარდა ოთახში სხვა არავინ დამხვედრია. ჩემდა უნებურად, გვერდზე მივიხედე და სუნთქვა შემეკრა. აშკარად დემონის მსგავსი არსება მოიწევდა ჩემკენ მოღუშული სახით. კუნაპეტ ღამესავით შავი და უცნაურად ნაცრისფერი თვალები დაჟინებით მომშტერებოდა. ასეთი ფერის თვალები მხოლოდ ამერიკულ ფილმებში თუ მინახავს! ეშმაკსაც წაუღია მისი თავი! ნეტავ ვინ არის და რა უნდა? ასე მოულოდნელად აქ საიდან გაჩნდა? გული ისე ხმამაღლა აბაგუნდა, თითქოს მიკროფონი ჰქონოდა ვიღაცას მიშვერილი. ასე მეგონა, ასი მეტრის რადიუსში ყველას ესმოდა მისი ძგერა.
«ნეტავ რა უნდა?» - კვლავ დავუსვი ჩემს თავს დაგვიანებული, მაგრამ ამწუთას ერთობ აქტიური შეკითხვა. ჩვენ შორის მანძილი მინიმუმამდე შემცირდა, ხოლო დაძაბულობამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია. სული იმ დონემდე შემეხუთა, რომ ვიგრძენი, გული როგორ მიმდიოდა. «ოღონდ არ გავითიშო, ღმერთო, მიშველე!» - გავიფიქრე სასოწარკვეთილმა და გასაქცევად გავემზადე.
- ლადო ბიძია! - დაიყვირა უცებ ვასიკომ და მივხვდი, რომ ქერათმიანი კი არა, ეს დემონი ყოფილა მისი ბიძა.
ახალმა აღმოჩენამ უარესად გამაოგნა. ახლა რაღა ვქნა? როგორ მოვიქცე? გავუღიმო? რომ არ მეღიმება? გავიქცე? რა წესია? მოკვლას ხომ არ მიპირებს… ბოლოს და ბოლოს, ისიც ადამიანია, მხეცი ხომ არა?!
- ეგ როზასთან გაიყვანე, სტუმარს მე მივხედავ, - იმავე ტონით ახლა ქერათმიანს მიუბრუნდა ლადო და თავი გადააქნია.
მისი ხმის გაგონებისთანავე თითქოს ჭიანჭველებმა დამირბინეს ტანში. გულში ჩამწვდომად სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
- კაბინეტში წამოდი! - მიბრძანა «დემონმა», თან «შენობით» მომმართა და პასუხისთვის არ დაუცდია, წინ გამიძღვა.
არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ადგომას შევძლებდი, ისე მომკვეთოდა მუხლები. რის ვაივაგლახით ავითრიე წელი და უკან მივყევი ჩემს უცნობ «მბრძანებელს», წინააღმდეგობის გაწევას როგორ გავბედავდი!
ოთახში რომ შევედით, ლადომ სავარძელი ჩემკენ შემოატრიალა და ამით მიმახვედრა, რომ უნდა დავმჯდარიყავი. უსიტყვოდ შევასრულე მისი თხოვნა თუ მოთხოვნა.
- შეშინებული ხარ? - კვლავ მკაცრად გაისმა მისი ხმა.
ამას შეკითხვა რაში სჭირდება, არ ჩანს, რო-ო? ფერი არ მადევს სახეზე, ნუთუ ვერ ხედავს? ჰმ! ერთი შეხედვითაც ადვილად დაასკვნიდა კაცი, რომ შეშინებული კი არა, თავზარდაცემული ვიყავი. ეს რა საშინელ დღეში ჩავიგდე თავი! მიუხედავად ამისა, თავი მაინც დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
- ძალიანაც კარგი, თორემ ჩემ მოტყუებას შეეცდებოდი. თუმცა, ასეც რომ იყოს, მაინც არაფერი გამოგივიდოდა. ჩემთან ტყუილი არ გაგივა, მინდა, აქედანვე იცოდე, გასაგებია?
ისევ დავუქნიე თავი. რამდენიმე წამის განმავლობაში ისე მბურღავდა მზერით, განძრევის მეშინოდა.
- შენი სახელი? - მან უფრო დაუწია ხმას, რამაც უარესად იმოქმედა ჩემზე, უფრო და უფრო მაწყდებოდა ნერვები.
ვერაფერი ვუპასუხე, ფეხებთან ერთად, მგონი, ენაც დამება, ჩემი ორმეტრიანი ენა, სხვა დროს წამითაც რომ არ ვაჩერებ.
- ქართული გესმის?
თავი დავუქნიე.
- აბა, რატომ არ მპასუხობ? შემთხვევით, ენა ხომ არ გადაყლაპე?
მივხვდი, რომ მოთმინება არ შედიოდა იმ ღირსებების ჩამონათვალში, რომლებითაც «დემონი» იყო დაჯილდოებული და მთელი ჩემი სადღაც გამქრალი ძალების ძლივძლივობით მოკრებით ამოვღერღე.
- მე ანა მქვია.
- ძალიანაც კარგი, - კბილებშუა გამოსცრა ლადომ, - აბა, მითხარი, ანა, საიდან გაჩნდა შენთან ჩემი ძმისშვილი?
- ჩვენ… ჩვენ პარკში შევხვდით ერთმანეთს… მომიყვა, ბავშვთა სახლიდან გამოვიქეციო და… ბიძაჩემთან მივდივარო სტუმრად. მთხოვა, დავხმარებოდი. მეც მოვიყვანე… თქვენთან, - ერთი ამოსუნთქვით ამოვთქვი გრძელი წინადადება და კვლავ დავმუნჯდი, კრიჭა შემეკრა.
- აჰა… ეს მოვისმინეთ… ახლა კი სიმართლე მითხარი, ანუ სინამდვილეში როგორც იყო. ზღაპრები არ მიყვარს.
- სიმართლე?
- თქვენ მოიტაცეთ ბავშვი იქიდან. რატომ? რა მიზნით? ფაქტია, გამოსასყიდს არ ითხოვ, რადგან შენი ფეხით მოხვედი აქამდე. მაშ, რა შედიოდა თქვენს გეგმებში?
- რა-ა? - მე თვითონ არ ვიცი, საიდან მომეცა ძალა, გამეპროტესტებინა მისი ნაბოდვარი და ხელებით სავარძლის სახელურებს სიმწრით ჩავაფრინდი, თითქოს საომრად ვემზადებოდი, - ვინ ჩვენ? რას გულისხმობთ?
- შენ და შენმა თანამზრახველებმა. მშვიდად, წყნარად მომიყევი, ვინ არიან ისინი, რას ითხოვთ ჩემგან და, საერთოდ, რატომ გადადგით ეს სულელური ნაბიჯი!
- რას ამბობთ! თქვენ, მგონი, არ გესმით, რას ამბობთ! რაში მჭირდებოდა მისი მოტაცება ან მე, ან ჩემს არარსებულ თანამზრახველებს? თქვენი აზრით, რისთვის უნდა მიმეღწია ამით?
- აი, მეც მანდ ვარ! სწორედ ეგ მაინტერესებს. და იქამდე ვერ გახვალ აქედან, სანამ სიმართლეს არ მეტყვი შენი ლამაზი ბაგეებით. ძალიან ჯიუტი ვარ!
- რაც გითხარით, ის არის ერთადერთი სიმართლე. სხვა სიმართლე მე არ მაქვს, როგორი ჯიუტიც უნდა იყოთ!
უეცრად მომეჩვენა, რომ მის თვალებში გაოცების ნაპერწკალი გაკრთა, თუმცა მხოლოდ წამით, რომელიც მალევე რისხვით სავსე მზერამ შეცვალა. გული სადღაც გამეპარა… სანამ ლადო რამეს მოიმოქმედებდა, თუმცა არ ვიცი, რას, კარი გაიღო და ზღურბლზე ვასიკო გამოჩნდა… მიტკალივით გაფითრებული, ნიკაპჩამოგრძელებული, სატირლად გამზადებული.
- ანა, - დაიჩურჩულა.
- აქ რა გინდა?! - დაიგრგვინა უეცრად ბიძამისმა, - მე ხომ ვთქვი, როზასთან დარჩი-მეთქი! გადი ახლავე!
- ყველაფერი კარგად იქნება, - მოვასწარი, ბიჭუნასთვის მეთქვა, თუმცა ბოლომდე არ ვიყავი ჩემს ნათქვამში დარწმუნებული, - ჩვენ, უბრალოდ, ვსაუბრობთ. გააკეთე, რასაც გეუბნებიან. ეს უფროსების საქმეა, შენი აქ ყოფნა და მოსმენა არ არის მიზანშეწონილი.
ამ დროს ქერათმიანი გამოჩნდა ვასიკოს ზურგს უკან.
- მაპატიეთ, ბატონო ლადო, ვერც კი შევნიშნე, როდის გამომეპარა, - მოუბოდიშა მან «დემონს».
- ლევან! რამდენჯერ გითხარი, ყურადღება არასდროს მოადუნო-მეთქი! - ისევ დაიგრგვინა საშიშმა ბიძიამ და წარბები ავის მომასწავებლად შეყარა.
ლევანმა ბავშვს ხელი ჩაავლო და იქაურობას გაარიდა.
- შენ კი აქედან ფეხს მანამ ვერ გაადგამ, სანამ სიმართლეს არ მეტყვი! - მრისხანედ შემომიტია ლადომ.
ვგრძნობდი, როგორ მიბნელდებოდა თვალთ… ეს იმას ნიშნავდა, რომ გული უნდა წამსვლოდა… ცივმა ოფლმა დამასხა, ხელები დამიბუჟდა, თითებს ვეღარ ვამოძრავებდი… მერე… მერე აღარაფერი მახსოვს…
სანამ თვალს გავახელდი, რაღაც უცნაური ხმები ჩამესმოდა.
- მოწამლული ხომ არ არის ვითომ? - ამბობდა ერთი.
- არა მგონია… ასე რომ ყოფილიყო, აქამდე როგორ მოაღწევდა? რაღა ჩვენთან წაუვიდა გული?
ისე შემეშინდა, მსწრაფლ გავახილე თვალები და მიმოვიხედე… თავიდან ვერ მივხვდი, სად ვიმყოფებოდი და დავიძაბე. შევეცადე, გონებაში აღმედგინა, რა მოხდა, რა გადამხდა თავს… მახსოვს, რომ ვასიკო ბიძამისთან მივიყვანე. ის კაცი უჟმური ვინმე გამოდგა, კინაღამ მცემა… არა, არ ვუცემივარ, ეს უკვე ცილისწამება იყო, თუმცა რაღა უკლდა? ცოტაც და… აბა, რატომ დავკარგე გონება? რა დამემართა? დავიჯერო, ასე შემეშინდა? ხომ არ ვუთხრა ამათ, კერძო დეტექტიურ სააგენტოში რომ ვმუშაობ? იქნებ იქით შევაშინო? შეეშინდებათ კი?
- აჰა, მგონი, მოვიდა გონს. მიდი, დაალევინე! - კვლავ მომესმა ხმა და ახლაღა შევამჩნიე ჩემკენ გადმოხრილი ორი მამაკაცი - ქერათმიანი და «დემონი».
ლევანმა თავი ამიწია და ჭიქა ტუჩებთან მომიტანა. რაღაც სითხე მოვსვი და ისე დავიჯღანე, თითქოს საწამლავი შემესვას. რა მწარე რამე იყო! საინტერესოა, რა ჯანდაბა ასხია შიგ? არც ვალერიანის წვეთებს ჰგავს და არც ვალოკორდინს! რას მასმევენ? სამსალას? იქნებ ჩემი აღსასრულის დრო დადგა?
უცნაური აზრები ერთმანეთს ცვლიდა გონებაში. ხველა ამიტყდა, რადგან მწარე სითხე სასულეში გადამცდა.
ღმერთო ჩემო! მე ხომ სავარძელში ვიჯექი, საწოლზე საიდან მოვხვდი? ვინ დამაწვინა? ხომ არ გამხადეს? შიშველი ხომ არ ვარ? დამდუღრულივით წამოვხტი და ტანზე დავიხედე. მადლობა ღმერთს, არავის გავუშიშვლებივარ!
გავრისკე და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ვერ შევძელი. თავი საშინლად მტკიოდა. გულის რევის შეგრძნებაც დამეუფლა რატომღაც. რა მიქნეს? ვინ არიან ესენი? რა ჯურის ხალხია? უფრო და უფრო მემატებოდა შიში. შეძრწუნებულმა ავხედე მამაკაცებს. მათ სახეზე ბოროტება ვერ ამოვიკითხე. ამან ცოტათი დამაშოშმინა. ამჯერად არც ისე საშინელ «დემონად» მომეჩვენა ჩემი მასპინძელი - ენერგეტიკული ვამპირი. პირიქით, ცოტათი შეშფოთებული სახეც კი ჰქონდა.
სწორედ ამ დროს კარი გაიღო და ოთახში დაბალი, გალეული ქალი გამოჩნდა - არცთუ ახალგაზრდა და არც მთლად ბებერი… არა, შევცდი, ხანდაზმული უფრო ეთქმოდა. ნახევარი საუკუნის მაინც იქნებოდა, ანუ 50 წლის. შემოვიდა თუ არა, ლადო და ლევანი მაშინვე გავიდნენ. უცნაურად მეჩვენა მათი საქციელი. სად გარბიან?
- გამარჯობა, გენაცვალე! - ღიმილით მომესალმა ქალი, - მე როზა მქვია, ბატონ ლადოსთან ვმუშაობ. ხომ კარგად ხართ? არ შეგეშინდეთ, ახლა უკეთ გამოიყურებით. ფერიც დაგიბრუნდათ. წეღან გული წაგივიდათ და ძლივს მოგაბრუნეთ. გინდათ, სადილი მოგიტანოთ? ალბათ უჭმელი იყავით და იმიტომაც…
- არ მინდა! დიდი მადლობა! - ლამის ვიყვირე, - მე წავალ, თუ… თუ შეიძლება…
- რა თქმა უნდა, გენაცვალე, წახვალთ, აბა, აქ ხომ არ დარჩებით, მაგრამ ჯერ ბატონი ლადო უნდა ნახოთ. გაბრაზდება, მის უნახავად რომ წახვიდეთ.
- სად შეიძლება ვნახო? - ოღონდ აქედან დამეღწია თავი და მზად ვიყავი, კიდევ ერთხელ შევხვედროდი «დემონს».
- თავის კაბინეტში იქნება… გაგაცილებთ.
რის ვაივაგლახით წამოვდექი და იქვე მდგარი ჩუქურთმებიანი «ტრილიაჟის» სარკეში ჩავიხედე. პირკატა მეცა - ფერმიხდილი სახე, გაწეწილი თმა, ჩაშავებული თვალები… საგიჟეთიდან გამოპარულს ვგავდი. ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს მე ვარ? არ არსებობს! გაოცებულმა ინსტინქტურად პირზე მივიფარე ხელი.