არა, არავითარ შემთხვევაში ნიაზე ზეწოლას არ მოახდენს მანქანის გამო. ისედაც სამსახური დაკარგა, სწავლას გააგრძელებს თუ არა, ეს საკითხიც ჰაერშია გამოკიდებული და რანაირად გაუკეთებს მანქანას? ტყუილად ურთიერთობა უნდა გაიფუჭოს, რაც სულაც არ უნდა.
ახლა უკვე მორჩა. მისი მანქანა დამტვრეულია, ჯართადაა ქცეული. ღმერთო, რა ეშველება? სამსახურს კიდევ არა უშავს, მაგრამ მცხეთაში უმანქანოდ როგორ ჩავიდეს? დედ-მამას რა უთხრას?
იქნებ არც ისე საშინლადაა საქმე? ხომ შეიძლება ღამე იყო და იმ კაცს მოეჩვენა, რომ ძალიან დაიმტვრა ნეილის "პატარა"? ნეტავ ასე იყოს. ის მაინც ეკითხა, სად დატოვა მანქანა? ვაითუ რაც დარჩა, ისიც გაძარცვონ! რატომ ეს არ ჰკითხა? რამ დააბნია ასე? არა რა, ხვალ სამსახურში ვერ წავა. მანქანა ევაკუატორით ეყოლება წამოსაყვანი. აუუ, ამას რამდენი ფული დასჭირდება, ეშმაკმა უწყის. დაზღვევა მაინც მოესწრო. მაგრამ ვინ გადაუხდიდა დაზღვევის ფულს, როცა საჭესთან თვითონ არ იჯდა? ესეც მეორე ხათაბალა!
ეს რა ჩაიდინე, ნია?!
კიდევ კარგი, იმ კაცმა პატრულს არ გამოუძახა. ნეტავ მისი მანქანა რა მდგომარეობაშია? რამდენი დასჭირდება მის შეკეთებას? ვაიმე, ნეილ, შე საცოდავო, რა გეშველება? ნამდვილი ჯოჯოხეთი გელის წინ!
ნეილმა მობილურის მაღვიძარა მომართა და ექვს საათზე დააყენა, რათა დილით უთენია ამდგარიყო და დაბანა მოესწრო, მერე - თმის ფენით გაშრობა და გასწორება. ამ პროცედურის გამო ორჯერ უკვე დააგვიანა სამსახურში, რითაც ჰამლეტის წყრომა გამოიწვია. ამიტომ დაგვიანება მეტად აღარ უნდა გამეორებულიყო.
ისე, მართლა კეთილსინდისიერი კაცი ყოფილა, პატრულს რომ არ გამოუძახა. ის კი არა, ნიას ტაქსის ფულიც კი გადაუხადა თურმე. რადგან არავინ დაშავდა, ალბათ, არც პოლიციაში დარეკავდა ვინმე, ვინც ამ ავარიას შეესწრო, ასე ვთქვათ, თვითმხილველი. იმედია…
ამ ფიქრებში ჩაეძინა.
ოთხსაათიანი ძილის შემდეგ ნეილს ადგომა სულაც არ ეპიტნავებოდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. მაღვიძარა უკვე თავს იკლავდა გაბმული რეკვით. ოხ, რა სიამოვნებით მიათხლეშდა ახლა ამ მობილურს კედელს!
ზანტად წამოიმართა, ხალათი მოისხა და ლასლასით მიაშურა სამზარეულოს. იქ ნია დახვდა. გაუკვირდა. ასე ადრე რამ ააყენაო, გაიფიქრა.
- ოჰ, ნეილ, როგორ განვიცდი, რომ იცოდე. წუხელ წვეთი არ მიძინია! - ისევ მობოდიშება დაიწყო გოგონამ აკანკალებული ხმით. ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა, მის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტანდი.
- დაიკიდე და შეეცადე დამშვიდდე. - ხელოვნურად გაუღიმა, - რაღაცას მოვიფიქრებ.
- ვაიმე, მაპატიე რააა! - ასლუკუნდა ნია და თავი მის მკერდში ჩარგო.
- ნუ ტირი, დიდი არაფერი. უარესი პრობლემიდან გამოვმძვრალვარ, - თვითონ საშინელ დღეში იყო და ახლა მისი დამშვიდებაც უწევდა ნეილს.
- არ გამიბრაზდე, გთხოვ, არ გამიბრაზდე! - უკვე ღრიალებდა ნია, - ჩემი ბრალია, ვიცი და ვეცდები, როგორმე დაგეხმაროოო!
- კარგი, კარგი, დამშვიდდი, - ზურგზე ხელი მოუთათუნა მეგობარს, - ყველაფერი ხდება. ხომ შეიძლებოდა, მეც მომსვლოდა ასეთი რამ? ამ ამბიდან ტრაგედიას ნუღარ ქმნი. არც გიბრაზდები და არც არაფერი. მორჩი ტირილს, წადი, სახე ჩამოიბანე. - არადა, თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა. თავისი მანქანა ჯანდაბას, მაგრამ იმ კაცისას რა უყოს? საიდან მოიტანოს სარემონტო ფული? ნეტავ რა აქვს დაზიანებული?
პანიკაში იყო, მაგრამ არ იმჩნევდა. ტირილის ხმაზე თმაგაჩეჩილი ლიზი შემოვარდა და ორ წამში ლიკაც შემოჰყვა.
- რა ხდება?
- ნია, რა დაგემართა? ვინმე მოკვდა? - შემოეხვივნენ გოგონები.
- ნეილის მანქ… მანქანა და… დავამტვრიეეეე! - უმატა ტირილს გულამომჯდარმა გოგონამ.
ლიზიმ და ლიკამ გაოცებით შეხედეს ნეილს, რომელიც მშვიდად იდგა და თვითონაც არ იცოდა, რატომ, - იღიმოდა.
- როდის მოასწარი? - აღმოხდა ლიზის.
- შენ კი მოახერხებდი მაგას, - ჩაიფხუკუნა ლიკამ და იმწამსვე გავიდა სამზარეულოდან.
- არა უშავს, ბევრი არაფერი, მოევლება, - გაიმეორა ნეილმა და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა, - რას წამოყარე ესენი, ხომ გითხარი, აღარ იტირო-მეთქი? - მაინც წამოსცდა საყვედური.
- წამო, ხელ-პირი დაიბანე და მოწესრიგდი, - ლიზიმ მხარზე ხელი მოხვია ნიას და გაიყვანა.
ოოოხ, ეს უნდოდა ახლა? ისევ დააგვიანდება სამსახურში. კი გადაწყვიტა წუხელ, ხვალ მანქანის ამბებს მივხედავ და სამუშაოდ არ წავალო, მაგრამ მიუსვლელობა არ ივარგებდა. მივა, ჰამლეტს აუხსნის სიტუაციას და რამდენიმე საათით გათავისუფლებას სთხოვს. იმედია, უფროსი უარს არ ეტყვის. ბოლოს და ბოლოს, ამხელა საქმეს უკეთებს. ერთიანად გამოუსწორა კომპანიის საქმეები, ერთ-ორ საათს როგორ დაამადლის?
ყავა გაიმზადა და მაგიდას მიუჯდა.
- რას აპირებ? - ამ დროს ლიზი შემოვიდა და მანაც ყავის მომზადება დაიწყო.
- არ ვიცი. ვნახოთ, ის კაცი რას იტყვის. ჩემის ჯავრი არა მაქვს, როგორმე მაგისი გამაკეთებინა და…
- რამდენი დაჯდებაო? - ლიზი მაგიდის თავში დაჯდა და კოვზით ცხელ სასმელს მოურია.
- მე რა ვიცი. - გამწყრალმა ნეილმა მხრები აიჩეჩა, ბოღმა ყელში აწვებოდა, - არც ის ვიცი, როგორ დაეჯახა, არც ის, რა აქვს დაზიანებული ან ერთს, ან მეორეს… ყველაზე უარესი ისაა, რომ იმ კაცს თუ დაზღვეული აქვს თავისი მანქანა, არაა გამორიცხული, პოლიციაში გამომიძახონ. დაზღვევას ისე ვინ გადაუხდის?
- ჰო, ეგეც მართალია. შენი ბრალია, რა, რას ჩაახუტე გასაღები, საქმე არ გქონდა?
- ოჰჰჰ, - ამოიოხრა ნეილმა, - ვერ ვუთხარი უარი და რა ვქნა.
- ჰოდა, არ უნდა იყო ეგეთი ხათრიანი. არ იცი, რა ქარაფშუტაცაა? ლიკა ტყუილად კი არ ეჩხუბება წარამარა.
ნეილმა ხელი ჩაიქნია, ნახევრად სავსე ფინჯანი აიღო და ნიჟარაში ჩაუძახა. ის იყო, გასვლა დააპირა, რომ უცებ შეყოვნდა, მიბრუნდა, წყალი მოუშვა და თავისი ფინჯანი გარეცხა.
- გამოვიდა ის სააბაზანოდან? - შეეკითხა ლიზის, სანამ კარს გამოაღებდა.
- ალბათ. ნახე, რა ვიცი, - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ლიზიმ.
ნეილმა კარი გაიხურა და სააბაზანოს მიაშურა.
თან ბანაობდა, თან მთელი ძალისხმევით ცდილობდა, მშვიდად განესაჯა. თუ მეორე მანქანა ძლიერად არაა დაზიანებული, ალბათ, ბევრი თანხა არ დასჭირდება მის რემონტს. იქნებ ჰამლეტს ავანსის სახით სთხოვოს მომდევნო ორი თვის ხელფასი? თავისიც ხომ უნდა შეაკეთოს? გაუჭირდება უმანქანოდ. ან მშობლებს როგორ უთხრას, რაც მოხდა? ხომ გაუსკდებათ გულები!
როცა დილის პროცედურებს მორჩა და უკვე გაემზადა წასასვლელად, აღმოაჩინა, რომ ჯერ ადრე იყო და ორმოცი წუთი კიდევ ჰქონდა დრო, შინ დარჩენილიყო. ისევ სამზარეულოს მიაშურა. ნიას თვალები დასწითლებოდა და შეშუპებოდა კიდევაც, თუმცა უკვე დამშვიდებულიყო და საუზმობდა. ნეილი გვერდით მიუჯდა.
- ნი, სერიოზულადაა იმ კაცის მანქანა დაზიანებული? ოღონდ არ იტირო, ისე მითხარი. არ გიბრაზდები, არც გსაყვედურობ. უბრალოდ, მინდა ვიცოდე, დაახლოებით რამდენი დამიჯდება მისი შეკეთება.
- მოხვევა რომ დააპირა, ზუსტად მაშინ შევასკდი. გვერდიდან. კარი აქვს შეჭყლეტილი, მგონი. - მზერა აარიდა გოგონამ.
ნეილს ჟრუანტელმა დაუარა. კარის გამოცვლა ვინ იცის, რამდენი დაუჯდება. რა საშინელებაა!
- და რა მანქანაა? რა მარკის? - გააგრძელა დაკითხვა.
- ბმვ, მგონი, ზუსტად არ მახსოვს.
ამის გაგონებაზე ნეილს ფეხები მოეკვეთა. მშვენიერია! ნეტავ რას წარმოადგენს მისი პატრონი? ადვოკატია? პოლიციის თანამშრომელი თუ ბანკის მოხელე?
- ტელეფონის ნომრები გაცვალეთ?
- კი, როგორ არა. აი, სავიზიტო ბარათი მომცა, - მიუგო ნიამ და სკამის საზურგეზე გადაკიდებული ხელჩანთიდან ოქროსფერი ბარათი ამოიღო.
ნეილმა გამოართვა და დახედა: სიმონ (საიმონ) ჩიხლაძე. - შავი ასოებით "ამოექარგათ" ოქროსფერ ბარათზე.
სიმონ-საიმონი არც ადვოკატი აღმოჩნდა და არც პოლიციელი. ფირმა "არტფაინის" დამფუძნებელი ყოფილა. ნიას გაახსენდა, რომ ამ დასახელების რამდენიმე კაფე-ბარი სმენოდა თბილისში, შეიძლება რომელიმეს წინ ჩაუვლია კიდევაც, თუმცა არასდროს სწვევია.
ბარათზე, მისამართების გარდა, სახლის, ოფისის და პირადი მობილურის ნომრებიც იყო მითითებული.
ნიამ უცებ პირი გააღო, თითქოს რაღაცის თქმა დააპირა.
- კიდევ რა? - მიუხვდა ნეილი.
- წუხელ მთლად სრულ ჭკუაზე არ ვიყავი, - ამოღერღა გოგონამ.
- მართლა? - გაეცინა ნეილს.
- საღად ვერ ვაზროვნებდი.
- წარმომიდგენია.
- ის ვიღაც… სიმი თუ საიმონი… ძაან უხეშად მეპყრობოდა. როგორ შემაშინა, იცი? გვარი რომ მკითხა, ისე ვკანკალებდი, რომ სხვა რამე ვუთხარი.
- მაგით რისი თქმა გინდა? - დაიძაბა ნეილი.
- იმის, რომ მე… - ნია გაჩუმდა.
- რომ შენ? - ჩაეკითხა.
- შენი გვარი ვუთხარი.
ნეილს ლამის ყბა ჩამოუვარდა.
- იმის ნაცვლად, რომ შენი გეთქვა?
ნიამ თავი დაუქნია და ხელები საფეთქლებზე შემოიწყო.
- არ იცი, როგორ შემეშინდა. ისეთ დღეში ჩამაგდო, ისე მიმაყენა კედელთან, რომ ტვინი ამეხადა. მაგრად დავიბენი და შენი სახელი და გვარი ვუთხარი, რადგან მანქანა შენი იყო.
ნეილი გაქვავდა. ამ დროს სამზარეულოში ლიზი შემოვიდა. მან მზერა ერთი მეგობრიდან მეორეზე გადაიტანა და შეამჩნია ნეილის დაზაფრული სახე.
- კიდევ რამე მოხდა? - იკითხა.
- არც კი ვიცი, რა გიპასუხო, - ხელები გაასავსავა ნეილმა, ნია კი კვლავ ატირდა.
როცა ლიზიმ გაიგო, რაც მოხდა და ნეილის გამოწვდილ სავიზიტო ბარათს დახედა, წამოიძახა:
- მაგარი კაცია, ვიცი, ვინც არის.
- იცნობ?
- პირადად არა, მაგრამ ბევრი რამ მსმენია ჩემი ერთი ჟურნალისტი დაქალისგან.
- მერე? რას წარმოადგენს, როგორი ბუნების ადამიანია? შეიძლება მასთან საერთო ენის გამონახვა? - სულმოუთქმელად დააყარა მეგობარმა შეკითხვები.
ლიზიმ სწრაფად შეავლო მზერა ნიას.
- მკაცრი, საქმიანი კაცის რეპუტაცია აქვს. პირდაპირია, უკან არაფერზე იხევს. მასთან საქმის დაჭერა ცოტა სარისკოა.
- ვაიმეე, - წაიკვნესა ნიამ და უარესად ასლუკუნებულმა თმაზე წაივლო ხელები.
- შენ, როგორც ჩანს, არ გიძინია. წადი, ცოტა წაუძინე და ნუ თხლიპინებ, რა! - შეუძახა ლიზიმ.
ნია უსიტყვოდ ადგა და გაიძურწა.
- ჯერაც შოკშია, - შენიშნა ლიზიმ, როცა ნია გავიდა.
- ვხედავ. აჯობებს, დაიძინოს. მაინც არ მუშაობს და არსად აგვიანდება.
- რა უნდა ქნა? - თანაგრძნობის ტონით შეეკითხა მეგობარი.
- უნდა დავუკავშირდე იმ კაცს. სხვა რა გზა მაქვს? მართლა ეგეთი "შემაშინეა"?
- შეგიძლია სიტყვაზე მენდო, ზუსტად ვიცი. ჩემმა დაქალმა ძლივს დაითანხმა ინტერვიუზე, სამი თვე დასდევდა. თურმე მთელი ორი საათი საუბრობდნენ და ერთხელაც არ გაუღიმია, ისეთი უჟმურიაო, ასე მითხრა.
- "უჟმური", "მკაცრი", "პირდაპირი", "უკან არაფერზე იხევს". რა საშინელებაა! კიდევ რა იცი მასზე? დედა მაინც თუ უყვარს? იქნებ შინაურ ცხოველებზე ეკეტება ჭკუა? რამე დადებითი არაფერი იცი? რამდენი წლისაა?
- სადღაც ოცდაათის ან ცოტა მეტის, თანაც უცოლო. ბევრი არაფერი ვიცი.
- რა, ქალები არ უყვარს? - დაინტერესდა ნეილი, როცა იგრძნო, რომ უკანასკნელი იმედიც უკვდებოდა, თურმე თავსაც ვერ მოაწონებდა.
- პირიქით, ქალები ძაანაც უყვარს, მაგრამ სამსახურსა და პირად ცხოვრებას მკაცრად მიჯნავს ერთმანეთისგან. ქალების უკმარისობას კი არ განიცდის.
- ჰოდა, ბმვ-ს გარეშე როგორ მოაგვარებს მაგ საქმეს. - გაიქილიკა ნეილმა.
- არ ვიცი, შეძლებ თუ არა მასთან საერთო ენის გამონახვას. - ლიზიმ მზრუნველი მზერა ესროლა მეგობარს.
- აჯობებს, დავურეკო და დაველაპარაკო.
- ახლავე დაურეკე. - ურჩია ლიზიმ.
- ჯერ ძალიან ადრეა, შეიძლება სძინავს ადამიანს.
- შენ გგონია, ამხელა ბარების პატრონმა ძილით იშოვა მილიონები?
- რა, მილიონერია? - თვალები დააჭყიტა ნეილმა.
- მაგდენი არ ვიცი, მაგრამ თავზე საყრელად რომ აქვს ფული, ეგ ნაღდად ვიცი.
- გასაგებია, - ამოიოხრა გოგონამ, - გავალ, დავურეკავ. არ გეწყინოს, შენი თანდასწრებით რომ არ ვურეკავ. მინდა ცალკე ველაპარაკო.
- მესმის. შეიძლება გამოგლანძღოს, არა? ამის გეშინია?
- ყველაფერია მოსალოდნელი. - ნეილი გავიდა, საძინებელში განმარტოვდა და სიმონის სახლის ნომერი აკრიფა.
- დიახ! - გაისმა ნეილის მობილურში მამაკაცის უხეში ხმა.
- დილა მშვიდობისა, ბატონო სიმონ. მაპატიეთ, ასე ადრე რომ გირეკავთ, მაგრამ ვიფიქრე, მერე საქმეებით იქნება დაკავებული და ვერ მოიცლის-მეთქი. - ჩამოარაკრაკა გოგონამ სათქმელი და ისე გაწითლდა, თითქოს ჩიხლაძის წინ იდგა და თვალს ვერ უსწორებდა.
- გისმენთ, - თავდაჭერილად უპასუხა ბიზნესმენმა. თავდაჭერილადაც, თავაზიანადაც, მომლოდინედაც.
- მე ნეილი ვარ, კიკვიძე. - და რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა. თუ ამხელა ფირმის მფლობელია და საკმარისად ჭკვიანი, ალბათ არ დაავიწყდებოდა ის სახელი და გვარი, რომელიც ნიამ დაუსახელა, - წუხელ ჩემი მანქანა თქვენსას შეეჯახა, - მაინც გადაწყვიტა, შეეხსენებინა მისთვის, სანამ პასუხს გაიგონებდა.
როგორც იქნა, იმანაც უპასუხა. უპასუხა ზუსტად ისეთი სიმკაცრით, როგორიც მოსალოდნელი იყო ლიზის დახასიათებიდან, თუმცა ერთობ დათაფლული ხმით:
- იმედია, იმისთვის არ მირეკავთ, რომ შარი მომდოთ, თითქოს თქვენი მანქანა ჩემსას ჩემი მიზეზით შეეჯახა.
- იცით?.. არც ჩემი მანქანა გამოიყურება მთლად გადასარევად, - ხისტად მიუგო ნეილმა, მისი ტონით განაწყენებულმა.
- მაგაში არ ცდებით. როგორც ხელოსანმა თქვა, რამდენიმე დღე მაინც დასჭირდება თქვენს მანქანას, რომ გაიაროს. ცხვირი თითქმის აღარ აქვს.
ნეილს გული შეეკუმშა. არადა, ნიამ უთხრა, შენსას ისეთი არაფერი სჭირსო. შეეცადა მიახლოებით მაინც წარმოედგინა თანხა, რისი გადახდაც რემონტისთვის მოუწევდა და ლამის გონება დაკარგა. ახლა სურდა, როგორმე ტაქტიკურად შეეპარებინა ჩიხლაძისთვის, რომ მას არც დაზღვევა ჰქონდა და არც ფული, რათა საკუთარი მანქანა გაერემონტებინა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ბმვ-ზე. თუმცა კიდევ კარგი, სწრაფად გაიაზრა, რომ მისი "ტაქტიკურობა" ამ შემთხვევაში სრულიად უადგილო იქნებოდა, რადგან სიმონ ჩიხლაძე არ ეკუთვნოდა იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც ფუჭ საუბარში ფლანგავს დროს.
- დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა მაქვს, - გამოუცხადა ჩიხლაძემ, - აჯობებს საღამოს სახლში შემომიაროთ. - ნეილმა მისი ტონიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ ამ კაცს არასდროს არავინ ეწინააღმდეგებოდა, - რვა საათისთვის გელოდებით! - თქვა და ყურმილი დაუკიდა.
გოგონა რამდენიმე წამი უაზროდ დასცქეროდა თავის მობილურს. გაოგნებული ადგილიდან ვერ იძვროდა. ჯერ მხოლოდ დილის რვა საათი იყო და მას უკვე შეხვედრა ჰქონდა დანიშნული! აი, ცხოვრების ტემპიც ამას ჰქვია!
როგორ უნდა მომზადებულიყო საღამოსთვის? რანაირად მიეღო შეხვედრა, რომელიც, დიდი ალბათობით, სიმის თუ საიმონის სახლში უნდა შემდგარიყო? მაგრამ სხვა არჩევანიც რომ არ ჰქონდა? ნიასთვის ხომ არ ეთხოვა, თან გაჰყოლოდა? არა, ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. ჯერ ერთი, როგორ შეხვდებოდა ის კაცი იმ ამბავს, რომ ნიამ მოატყუა და სხვისი სახელით ელაპარაკა? მეორეც, არ იყო დარწმუნებული, რომ მეგობარი რამე სისულელეს არ წამოროშავდა და ისედაც აბურდულ საქმეს უარესად არ ჩაბურდავდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ღრმად ჩაფიქრებული საწოლზე იჯდა და ხელში ტელეფონს ათამაშებდა. არასწორი იქნებოდა მისი მხრიდან ჩიხლაძესთან მისვლა და იმის თქმა, თითქოს ის დაეჯახა წუხელ მის მანქანას. თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა, საჭესთან ვინ იჯდა, როცა მანქანა დამტვრეული იყო.
თავს საშინლად გრძნობდა. კიდევ ერთხელ მოსრიალდა ყინულზე, მაგრამ ამჯერად წამოდგომას და სრიალის გაგრძელებას შეძლებდა თუ არა, მთლად დარწმუნებული არ იყო. არც ნია ჩანდა უკეთეს დღეში, მაგრამ მისი წაყვანა მაინც გადაიფიქრა. ის ვერ გაუძლებდა ამ გამოცდას. ასე რომ, არცთუ ცუდი იდეა იყო, ამჯერად ნია "საქმიდან ჩამოეშორებინა".
როცა ნეილი ცოტათი დამშვიდდა და საძინებლიდან გამოვიდა, ლიზის უკვე სამსახურისკენ მიეჩქარებოდა.
- რა ქენი? - შეეკითხა მეგობარი.
- საღამოს მომიწევს მასთან სახლში მისვლა.
- რატომ, ტელეფონზე არ მოისურვა ამაზე ლაპარაკი?
- არა, მაგიტომ არა. მითხრა, დღის განმავლობაში მოუცლელი ვარ, ახლაც შეხვედრაზე მივდივარო. სამწუხაროდ, არ ვარ იმ მდგომარეობაში, პირობები მე ვუკარნახო.
- ჰო, ეგ მართალია. ხომ არ გამოგყვე? უი, არაა, დღეს ბავშვი უნდა ვნახო და არ მეცლება. შევპირდი, მთაწმინდაზე აგიყვან საღამოს-მეთქი.
- არა უშავს, - გაუღიმა ნეილმა, - როგორმე გავართმევ თავს. ჯერ სამსახურში უნდა მივიდე და დავეთხოვო. მგონი, კარგა გვარიანადაა ჩემი მანქანაც დამტვრეული. ვინმე კარგი ხელოსნის ნახვა მინდა.
- მაგრამ იცი მაინც, რა სჭირს?
- არა, ჯერ არა, უფრო სწორად, ზუსტად არ ვიცი. ცხვირი საერთოდ არ აქვსო, იმან მითხრა და რა ვიცი, აბა, - დაიბნა ნეილი.
- ჰოდა, სანამ არ გაარკვევ, ხელოსანს როგორ უნდა მიუყვანო? ყველა სხვადასხვა რამეზე მუშაობს.
- უბრალოდ, კარგ ავტოსერვისებს გავიკითხავ. ჩემს უფროსს ეცოდინება, მაგას ვკითხავ.
- იცი რა? ისევ ჩიხლაძეს დაურეკე და ჰკითხე, თვითონ ვინ ჰყავდა მოყვანილი და ნომერი გამოართვი.
- რას ამბობ! ისეთი ტონით მელაპარაკა, შანსი არაა, კიდევ დავურეკო, თან მოხელის ტელეფონის ნომრის გამო? გამორიცხულია!
- როგორც გინდა, შენი საქმისა შენ იცი, - მხრები აიწურა ლიზიმ და გავიდა.
სანამ ნეილი სამსახურში წავიდოდა, ისევ განმარტოვდა საძინებელში და სწრაფი მომსახურების პირველივე ავტოსერვისში დარეკა, რომლის ნომერიც ინტერნეტში მოიძია. დიდი გაჭირვებით აუხსნა, რაც სჭირდა მანქანას და დაახლოებით რა დამიჯდებაო, იკითხა.
მობილურში მამაკაცის გულიანი სიცილი გაისმა.
- რასაც თქვენ მეუბნებით, ქალბატონო, ნახევარი მანქანის ფასია და ეგრე ზეპირად რა გითხრათ? ჯერ უნდა ვნახო.
- მაინც, მაინც? აი, თუ გამოსაცვლელი არაფერია და მარტო მექანიკური დაზიანებაა? აი, შეჭეჭყილი ფრთების გასწორება ან რაღაც ეგეთი, - ნაწილების სახელებიც არ იცოდა, რომ აეხსნა.
- ააა, "კრილოა" გასასწორებელი? - "გასაგებ" ენაზე შეეკითხა ხელოსანი, - მაგას "ჟეშტიანჩიკი" დასჭირდება, მოიცა! - და ვიღაც მიხოს გასძახა.
მერე ის დაელაპარაკა. იმანაც, ჯერ უნდა ვნახოო და როცა ნეილი არ მოეშვა, 200-დან 300 ლარამდეო, მოუხია. მაგრამ თუ გასწორება ვერ მოხერხდა, მაშინ უნდა გამოიცვალოსო. მერე ჰკითხა, ფარებიც დაზიანებულიაო? ნეილმა ეს არ იცოდა, ამიტომ ხელოსანს ტელეფონის ნომერი გამოართვა და შეჰპირდა, როცა რამეს გავარკვევ, დაგირეკავთ და მანქანას განახვებთო.
ოფლში გაიწურა, სანამ საუბრობდა. თურმე რა ძნელი ყოფილა, როცა მანქანის ნაწილების აზრზე არ ხარ.
ეს რა დღეში ჩააგდო ნიამ. თუმცა იმას რას ერჩის, თვითონაა ყველაფერში დამნაშავე. ნეტავ თანხაში არ გაიჭედოს და შეკეთება შეძლოს. ეგრევე დააზღვევს და ეგ იქნება.
მაგრამ სიმონის მანქანას რა ჯანდაბა მოუხერხოს? მართლა ისეთი უჟმური ჩანს, არანაირ შეღავათს არ გაუწევს ალბათ. ისე, ახი კი არის, მოუხდება, რაც დაემართა. აწი მაინც არ ისწავლის ჭკუას? ტყუილად კი არ ამბობენ კაცები, მანქანის თხოვება იგივეა, ადამიანს ცოლი სთხოვოო. ანუ, ნეილის შემთხვევაში - ქმარი.
ამ შედარებამ ღიმილი მოჰგვარა.
ამასობაში სამსახურში წასვლის დროც მოვიდა. ხელჩანთა მხარზე მოიგდო და ბინიდან გავიდა. კარი არ ჩაუკეტავს, რადგან ნია და ლიკა ჯერაც შინ იყვნენ. გოგოები ხომ კარს არასდროს კეტავდნენ.
მთავარია, ავტობუსს ან სამარშრუტო ტაქსის დროზე გამოევლო და ოფისში არ დაეგვიანა. ბათიაშვილის საყვედურის მოსმენა არ უნდოდა. ცოტაღა აკლდა, ნიასავით ისიც არ აბღავლებულიყო. თვითონაც არ იცოდა, აქამდეც როგორ შეიმაგრა თავი.
გაუმართლა. მისული არ იყო გაჩერებამდე, ავტობუსი რომ გამოჩნდა. ნაბიჯს აუჩქარა და როგორც კი გააჩერა მძღოლმა და კარები გააღო, მაშინვე შეხტა.
იმედს მაინც არ კარგავდა, რომ ორივე მანქანის პრობლემას როგორმე მოაგვარებდა. მაგრამ როგორ? ამაზე ფიქრიც არ სურდა…
ძლივს მოაღწია ბინამდე, ისეთ საცობში მოხვდა. ერთი რამ მაინც უხაროდა - ჰამლეტისთვის თხოვნა არ დასჭირდა, ერთი დღით გამათავისუფლეო. როცა ოფისში მივიდა, მისი უფროსი იმხელა ხმაზე ყვიროდა, მთელ პერიმეტრზე ისმოდა მისი ღრიალი. ერთ ფერმერს, რომლისგანაც მწვანილს ყიდულობდა, ფასი გაუძვირებია და ამის გამო მენეჯერს შავი დღე აყარა, ალბათ რაღაცაზე გაანაწყენეო. კიდევ კარგი, სანამ სამუშაოზე წავიდოდა, მანამ დარეკა ავტოსერვისში და რაღაც მაინც გაიგო. ახლა მთავარია, სიმონს შეხვედროდა და დანარჩენი მერე გაირკვეოდა.
დრო ცოტა დარჩა. როგორმე უნდა მოესწრო წყლის გადავლება და დათქმულ დროზე სიმთან მისვლა. თვითონ ასე შეარქვა და რაღაცნაირად მოსწონდა კიდევაც უცნობი ბიზნესმენის ასე შემოკლებული სახელი. ნეტავ ვინ დაარქვა სიმონი ან რატომ? რისთვის გაიმეტეს ასე მწარედ? წარმოუდგენია, ქუთაისში რომ ეცხოვრა ამ კაცს, რა დღეში ჩავარდებოდა ქუჩაში გასული. ვინ იცის, "სიმონ" დღეში რამდენჯერ ისმის ქუთაისში. ამის გაფიქრებაზე გაეღიმა.
ნია უკვე დაწყნარებულიყო, თუმცა თვალები ისევ შესიებული ჰქონდა. გადაწყვიტა, არ ეთქვა მისთვის, ჩიხლაძეს რომ ხვდებოდა. არ უნდოდა ამაზეც ენერვიულა.
სიმართლე რომ ითქვას, თვითონ არანაკლებ ნერვიულობდა. როცა სააბაზანოდან გამოვიდა, გარდერობიდან თავისი ელეგანტური მუქლურჯი კაბა გამოიღო და ჩაიცვა. რადგან გაწვიმდა, გრძელი ლაბადაც ჩაიცვა. ასეთი წვიმიანი მაისი არ ახსოვდა. წვიმიანი და ცივი. ნეტავ ოდესმე მოვა ზაფხული? გაზაფხულმა ხომ ვერ იგაზაფხულა!
ქოლგაც მოიძია, რომელსაც თითქმის არ იყენებდა, რადგან სულ მანქანით გადაადგილდებოდა და დიდად არ სჭირდებოდა. ახლა კი მის გარეშე ვერ გავიდოდა. სულაც არ სურდა, ჩიხლაძესთან მისული გაწუწულ ქათამს მსგავსებოდა. ის იყო, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ჰოლისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაეშურა, რომ კარი უეცრად გაიღო და ლიზი შემოვიდა.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: