სოულისა და რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელი, არაჩვეულებრივი უიტნი ჰიუსტონი, რომელმაც საკუთარი ვოკალური შესაძლებლობების წყალობით მოიპოვა მსოფლიო აღიარება, არა მხოლოდ კომერციულად ყველაზე წარმატებული მომღერალი ქალი, არამედ გინესის რეკორდსმენი და ყველაზე მეტი - 400-მდე მუსიკალური ჯილდოს მფლობელია, ყველაზე პრესტიჟული Grammy-ისა და American Music Award-ის ჩათვლით.
მართალია, დღეს წარმოუდგენელია მუსიკალური სამყარო ჰიუსტონის გარეშე, მაგრამ წლების წინ მცირეწლოვანი უიტნი მხოლოდ იღბალმა იხსნა ხმის დაკარგვისგან, რადგან ძმასთან თამაშისას შემთხვევით ყელში ტანსაცმლის საკიდი მოხვდა და სასა დაიზიანა. ჰიუსტონს მართლაც ძალიან გაუმართლა, რადგან ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, მედიკოსები შიშობდნენ, რომ გოგონა არათუ სიმღერას, ლაპარაკსაც ვეღარ შეძლებდა.
სიმღერის ნიჭი უიტნიმ ადრეულ ასაკში გამოავლინა, მით უფრო, რომ მისი დედა სისი ჰიუსტონი და დეიდა დიონ ვორვიკი, რომლებიც მეტწილად გოსპელის, სოულის და R&B-ის სტილში მღეროდნენ, საკმაოდ ანგარიშგასაწევ ფიგურებად ითვლებოდნენ მუსიკალურ ინდუსტრიაში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მომღერლების გარემოში გაზრდილ გოგონას თვითონაც სიმღერა მოუნდა. ჰიუსტონის პირველი სოლო-გამოსვლა 11 წლის ასაკში შედგა, ნიუ-იორკის ბაპტისტური ეკლესიის გუნდში, რასაც ჯერ დედასთან ერთად გასტროლები, მერე ჩაკა ჰანის ბექ-ვოკალისტთა ტრიოში გაწევრიანება მოჰყვა.
სკოლის დასრულების შემდეგ ჰიუსტონი სამოდელო ბიზნესით დაინტერესდა და მოხდენილი, თხელი აღნაგობის წყალობით სწრაფად იქცა ფოტოგრაფების ფავორიტად. მეტიც, 1981 წელს უიტნი ახალგაზრდული ჟურნალის, Seventeen-ის გარეკანზე გამოჩნდა და პირველი შავკანიანი მოდელი გახდა, რომელმაც მსგავსი პატივი დაიმსახურა.
წარმატებული სამოდელო კარიერის მიუხედავად, ჰიუსტონმა მაინც მუსიკას მიანიჭა უპირატესობა და ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას. მართალია, 1980 წელს ორ ხმისჩამწერ სტუდიასთან გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ პირველი სერიოზული შეთავაზება მაინც 1983 წელს მიიღო, როცა Arista Records-ის წარმომადგენელმა ახალგაზარდა მომღერალს რეკორდ-ლეიბლის ხელმძღვანელთან, კლაივ დევისთან გაუწია რეკომენდაცია.
სადებიუტო ალბომი, რომელსაც მომღერალმა საკუთარი სახელი - Whitney Houston დაარქვა, 1985 წელს გამოვიდა და თავიდან ნაკლებად გაუმართლა, რადგან მხოლოდ მცირე ტირაჟით გაიყიდა, თუმცა სინგლი You Give Good Love აღმოჩნდა მეტად წარმატებული, რადგან ერთი მხრივ, მესამე პოზიცია დაიკავა U.S. Billboard Hot 100-ის ჩარტში, მეორე მხრივ, ალბომი დააწინაურა R&B-რეიტინგში და თავად ჰიუსტონსა მოუტანა პოპულარობა.
აღსანიშნავია, რომ გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ალბომმა, რომლითაც თავიდან არავინ ინტერესდებოდა, არა მხოლოდ Billboard 200-ის ლიდერობა მოიპოვა და 14 კვირით შეინარჩუნა, არამედ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და ქალი შემსრულებლის ყველაზე გაყიდვად სადებიუტო ალბომად იქცა. იმავე წელს გაემგზავრა ჰიუსტონი პირველ მსოფლიო ტურნეში The Greatest Love Tour-ში და მოიპოვა პირველი Grammy საუკეთესო პოპ-შემსრულებლის ნომინაციაში კომპოზიციით Saving All My Love for You.
მეორე ალბომი Whitney, რომელიც 1987 წელს გამოვიდა, პირველი ჩანაწერი გახდა მუსიკის ისტორიაში, რომელმაც ამერიკისა და ბრიტანეთის Billboard 200-ის პირველი პოზიციიდან აიღო სტარტი, შვიდმა სინგლმა კი არა მხოლოდ Billboard Hot 100-ის ჩარტში მოიპოვა ლიდერობა, არამედ Beatles-სა და Bee Gees-ის 6-სინგლიანი რეკორდიც დაძლია. ალბომმა ცხრაგზის პლატინის სერტიფიკატი დაიმსახურა ამერიკაში და 20 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა მსოფლიოში.
1988 წელს ჰიუსტონმა Grammy-ს მეორე პრემია მიიღო კომპოზიციით I Wanna Dance with Somebody ალბომიდან Whitney, მსოფლიოს ტურნეს The Moment of Truth Tour-ის შემდეგ კი, სიმღერა One Moment in Time ჩაწერა NBC-სა და სეულის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც მეხუთე პოზიციამდე დაწინაურდა ამერიკულ ჩარტში.
მსოფლიო აღიარების მიუხედავად, უკმაყოფილება გამოთქვეს აფროამერიკელმა კრიტიკოსებმა, რომელთაც ჰიუსტონი თეთრკანიანი მსმენელის სურვილების მოგებაში დაადანაშაულეს, მის მუსიკას კი „ზედმეტად თეთრი“ უწოდეს. კრიტიკოსებს არც მუსიკათმცოდნეები ჩამორჩნენ, რომელთაც გულდაწყვეტით შენიშნეს, რომ ჰიუსტონის სტუდიურ ჩანაწერებს ცოცხალი კონცერტებისთვის ჩვეული სიღრმე და ემოციურობა აკლდა. მეტიც, 1989 წელს Soul Train Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, პუბლიკა სტვენით შეხვდა ჰიუსტონის ნომინაციის გამოცხადებას, რაზეც მუსიკოსს თავის მართლება მოუხდა, „თუ ხანგრძლივი კარიერის გაკეთება გინდა, მაშინ დათმობაც უნდა ისწავლო, მე კომპრომისების გზა ავირჩიე და არ მეშინა აღიარება“, - აღნიშნა ჰიუსტონმა, რომელმაც ისევ ვერ გაუძლო ზეწოლას, ისევ დათმობა გადაწყვიტა და 1990-იანი წლების დასაწყისში საკუთარი შემოქმედება ე.წ. შავკანიანთა ურბანისტული მუსიკის ჟღერადობით გაამდიდრა.
1992 წელს ჰიუსტონის კინოდებიუტი შედგა ფილმით „პირადი მცველი“. მართალია, თავიდან მომღერალმა კატეგორიული უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე, რადგან ზედმეტად კაპრიზულად და ისტერიულად მოეჩვენა საკუთარი პერსონაჟი, მაგრამ პარტნიორის - კევინ კოსტნერის შარმით მოხიბლულმა, არა მხოლოდ მთავარი როლი შეასრულა, არამედ ექვსი კომპოზიციაც ჩაწერა ფილმისთვის.
აღსანიშნავია, რომ მთავარი თრეკის I Will Always Love You ორიგინალური ვერსია, რომელიც ქანთრი-მომღერალ დოლი პარტონს ეკუთვნის, 1970-იან წლებში ელვის პრესლის საოცნებო სიმღერა იყო. მომღერალმა ავტორსაც კი მიმართა კომპოზიციის შესრულების თხოვნით, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო.
მართალია, პროდიუსერები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, რადგან არავის სჯეროდა სიმღერის კომერციული წარმატების, მაგრამ ეჭვმა არ გაამართლა. კომპოზიცია სინგლად გამოსვლისთანავე მოხვდა Billboard Hot 100-ის ჩარტში და მთელი 14 კვირით შეინარჩუნა ლიდერობა. მეტიც, I Will Always Love You, რომელიც დღემდე ყველაზე გაყიდვად სინგლად ითვლება, ჰიუსტონის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ნამუშევარია, ალბომი The Bodyguard კი, რომელიც 17-გზის პლატინის სერტიფიკატის მფლობელია, 43 მილიონ ეგზემპლარად გავრცელდა და ყველაზე გაყიდვად საუნდთრეკად იქცა ხმისჩამწერ ინდუსტრიაში. ამასთანავე, სწორედ The Bodyguard-ის წყალობით მიიღო ჰიუსტონმა Grammy-ს პრემიები ყველაზე პრესტიჟულ „წლის ალბომისა“ და „წლის ჩანაწერის“ ნომინაციებში.
წყარო: palitranews.ge