ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა წონის კლების გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჭარბი წონის გამო მას ჯანრმთელობის პრობლემები შეექმნა:
„2016 წელს "რუსთავი 2"-ზე დებატები მიგვყავდა ოთხ ჟურნალისტს. მახსოვს, მაშინ კახა კალაძემ ერთ გადაცემაში ოთხჯერ მითხრა, რას ჰგავხარო. ნიკა გვარამია კი, როცა ეთერში შესასვლელად პიჯაკების მორგებას მთხოვდა, ჩემს კითხვაზე, ამ წონაზე რომელი პიჯაკი უნდა მომერგო, მპასუხობდა, რომ მთავარია, მე მომწონდეს ჩემი თავი. ბოლოს ეთერში 110 კილო ვიჯექი, ჯანმრთელობის პრობლემებიც შემექმნა, მქონდა პრედიაბეტი, პრობლემები გულზე, ფსიქიკაზე... ჩემს თავს ვეღარ ვიტანდი, სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა. აღარ მაინტერესებდა, როგორ გამოვიყურებოდი გადაცემის წინ, ვინც ჩემს სხეულში იჯდა, იყო სხვა გოგო და ვინც ამას ატარებდა, იყო სხვა ქალი და ეს ქალი არ მომწონდა.
დავიწყე ჯანსაღი კვება, დიეტები, მაგრამ არაფერმა მიშველა, დავიკლებდი სამ კილოს და ექვსს ისევ ვიმატებდი. 95 კილო რომ გავხდი, ჩავვარდი პანიკაში. მართლა პანიკური შეტევები მემართებოდა. საშინლად გამოვიყურებოდი. არ მინდოდა ჩემი თავის დანახვა და არც ის მინდოდა, სხვას დავენახე.
შენ [ნანუკა ჟორჟოლიანი] იყავი პირველი, ვინც მითხრა, რომ ბარიატრიისკენ წავსულიყავი. მანამდე ყველა დიეტოლოგთან და ნუტრიციოლოგთან მიმიყვანე. გიორგი გაბუნიაც მაგას მეუბნებოდა, ნიკა გვარამიას სჯეროდა მხოლოდ, რომ ჩემით მოვერეოდი.
ოპერაციის წინ ვიდეო გადავიღე და ოჯახს ვემშვიდობებოდი, ეს იყო პირველი ნარკოზი და ოპერაცია ჩემს ცხოვრებაში. რასაც თან ახლდა შიშები. ახლა ბევრად ახალგაზრდად გამოვიყურები, ბევრად უფრო ძლიერი ვარ, ლაღი, თავისუფალი, მგონია, რომ ჟანგბადით დავიტენე” - ამბობს ჟურნალისტი.
თეა ადეიშვილმა საზოგადოების განწყობებსა და კომენტარებზე ისაუბრა:
„კომენტარს ავუტირებივარ კი არა, სახლშიც გამოვკეტილვარ. საშინელ კომენტარებს მიწერდნენ. ინბოქსში ერთხელ ერთმა ქალმა, ზუსტად ვიცი, რომ კეთილი გულით მომწერა, მაგრამ ისეთი დიაგნოზები დამისვა, დღემდე შენახული მაქვს. ვფიქრობდი, ღმერთო, მართლა ეს თუ მჭირს, ახლა მოვკვდები-მეთქი. ყოველთვის მიჩვეული ვიყავი კომპლიმენტებს, მაგრამ ბოლოს ისე ვიყავი, რომ აღარ მაინტერესებდა, ჭკვიანი ვიყავი თუ განათლებული. მარტო ის მინდოდა, ცოტა უკეთესი ვყოფილიყავი, ვიდრე სარკეში ვჩანდი. ვინც მაბულინგებდა, ყველასი მადლობელი ვარ, რომ მე ჩემს თავში ვიპოვე ის თეა ადეიშვილი, რომელსაც ვიცნობდი...“ - თქვა თეა ადეიშვილმა.