უმშვენიერესი მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის აუდიტორიას ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, ასევე, თავის მოვლასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს.
მარიამ სანოგო 2018 წელს დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით „I said yes” გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს.
ამჯერად მარიამმა "რუსთავი 2"-ის ეთერში სწორედ ოჯახსა და პირად ურთიერთობაზე ისაუბრა:
აღმოვაჩინე, რომ ჩემს ახლო წრეში ძალიან მწვავე პრობლემა ყოფილა პირადი სივრცის საკითხი. გავოგნდი, არ მეგონა, რომ ქორწინებაში მყოფ ადამიანებს ამდენად არ შეიძლება ესმოდეთ, რომ პირად სივრცეს პატივი უნდა ვცეთ. ჩემთვის ჩემი პირადი დრო და სივრცე არსებობს, ინტერესები და ჰობი. ამისთვის ცალკე ყოფნა მჭირდება ხოლმე და ამას პატივს სცემს ჩემი მეუღლე, ისევე, როგორც მე, მის პირად სივრცეს. შეიძლება, უბრალოდ, მარტო გინდოდეს კაფეში ყავის დალევა, რამის წაკითხვა, მუსიკის მოსმენა… საუბარი ნებისმიერ ურთიერთობაში ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით კარგია.
სანამ დავოჯახდებოდი, დიდხანს ვცხოვრობდი მარტო და პირადი სივრცისა და დროის შეგრძნება ძალიან კარგად მქონდა გამჯდარი, ასევე, ჩემს მეუღლესაც. ურთიერთობაში პატივისცემა მნიშვნელოვანია. როცა ადამიანი გთხოვს, რომ მას სჭირდება ცალკე დრო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას შენთან ერთად არ სურს ყოფნა…
ჩვენ ხშირად ვუზიარებთ ჩვენს ყოველდღიურ ქმედებებსა და პრობლემებს ერთმანეთს, მაგრამ არ ხდება შემოწმება. ჩემი მხრიდან არასდროს გამიკონტროლებია, ჩემს მეუღლეს ვინ მოსწერა. ეს არ შეიძლება. ოდესმე თუ აიღებთ სხვა ადამიანის ტელეფონს, იქ აუცილებლად ნახავთ მიზეზს. თუ ურთიერთობის გაფუჭება არ გინდათ, არასდროს აიღოთ სხვისი ტელეფონი…“ - ამბობს მარიამ სანოგო.