ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა თქვა, რომ ის თავს დამნაშედ არ თვლის:
2023 წლის 9 ნოემბერს ასტანაში ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. რესტორან BAU-ში გამოძახებაზე მისულმა პოლიციამ კუანდიკ ბიშიმბაევის ცოლის, სალტანატ ნუკენოვას სხეული იპოვა. ქალს თავის არეში მიყენებული ჭრილობები აღმოაჩნდა. რესტორანი წყვილის დაკვეთით იყო დაკეტილი, მკვლელობის მომენტში შენობაში მხოლოდ ცოლ-ქმარი და პერსონალი იმყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით ბიშიმბაევი არაფხიზელ მდგომარეობაში დააკავეს.
2023 წლის 10 ნოებერს ასტანის პოლიციამ მკვლელობის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. გამოძიების თქმით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა ცოლს სალტანატ ნუკენოვას სიკვდილამდე სცემა, ეჭვმიტანილმა ასევე დანაშაულის დამალვა და კვალის არევა სცადა.
კადრები რესტორნის კამერებიდან
პროკურატურა მოწმის, ბიშიმბაევის ბიძაშვილის ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც იმ რესტორნის ადმინისტრაციაში მუშაობს, რომელშიც მკვლელობა მოხდა. რესტორანი ბიშიმბაევის ოჯახის მფლობელობაშია.
ბრალდებული ბიშიმბაევის ბიძაშვილის თქმით, 9 ნოემბერს, 9:30-ზე დაურეკა და რესტორანში მოსვლა სთხოვა. ადგილზე მისულმა VIP-ლაუნჯში ნახა ნუკენოვა, რომელიც სავარძელზე იწვა და არ მოძრაობდა, მხოლოდ მხმამაღლა სუნთქავდა. იატაკზე სისხლის კვალი მოწმემ მაშინვე შინშნა, თუმცა ამას ყურადღება არ მიაქცია და ჩათვალა და ნუკენოვას ეძინა. ბიშიმბაევმა ბიძაშვილს საბნის მოტანა სთხოვა, შემდეგ ორი საბანი ცოლს დააფარა და მოწმემ ოთახი დატოვა. უკვე 13:00 საათზე ბიშიმბაევმა კვლავ დაურეკა ბიძაშვილს და სიგარეტისა და წამლების მიტანა სთხოვა, შემდეგ კი მოითხოვა, რომ რესტორნის ყველა თანამშრომელს ადგილი დაეტოვებინა. მისი ეს მოთხოვნა შესრულდა, მოწმე კი საკუთარ კაბინეტში დაბრუნდა. ნახევარი საათის შემდეგ, ანუ 13:30-ზე ბიშიმბაევმა მოწმეს What's Up-ში მისწერა: "წაშალეთ ჩანაწერები ვიდეოკამერებიდან". ბიძაშვილმა ადმინისტრატორს ბრძანება გადასცა და მოგვიანებით დარწმუნდა, რომ ჩანაწერები წაშლილია.14:00 საათზე ბიშიმბაევმა ბიძაშვილი კვლავ VIP-ლაუნჯში დაიბარა და ნუკენოვას კუთვნილი Iphone-ის მოძებნა სთხოვა, შემდეგ ნაპოვნ ტელეფონთან ერთად საკუთარ სახლში წასვლა და გზად ფიტნეს კლუბში 10-15 წუთით გაჩერება დაავალა. თხოვნა ყოფილმა მინისტრმა იმით ახსნა, რომ ცოლის ლოკაციას ტელეფონით ძმა ამოწმებდა.
სალტანატ ნუკენოვა ძმასთან და დედასთან ერთად
დავალების შესრულების შემდეგ ბიძაშვილებმა რესტორანში ისადილეს. სადილის შემდეგ, დაახლოებით 16:35 საათზე ბიშიმბაევმა ნათესავს ნუკენოვას ნახვა სთხოვა, მოწმის განმარტებით ნუკენოვა უძრავად იწვა და აღარ სუნთქავდა. მას სასწრაფოში დარეკვა უნდოდა, მაგრამ ბრალდებულმა გადააფიქრებინა და უთხრა, რომ ქალს სძინავს. 5 წუთში ბიშიმბაევმა ბიძაშვილს ქალისთვის პულსის შემოწმება სთხოვა.
დაკითხვის ოქმის მიხედვით მოწმე მხოლოდ პულსის შემოწმების შემდეგ მიხვდა, რომ ქალი მკვდარია და სასწრაფოში დარეკა. გამოძიების ინფორმაციით, ბიშიმბაევი ცოლს დაახლოებით 7:00 საათზე დაესხა თავს, ხოლო მოწმის თქმით ნუკენოვა 14:00 საათზე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ხმამაღალი სუნთქვა, რომელიც ეჭვმიტანილის ბიძაშვილმა რამდენჯერმე გაიგონა, თავის ძლიერი ტრავმისთვის დამახასიათებელი ხმაა, რომელსაც ტრავმირებული ადამიანი გამოსცემს. პოლიციამ რესტორნის კამერებიდან წაშლილი კადრები აღადგინა, თუმცა იმ ლაუნჯში, სადაც ბიშიმბაევი ცოლთან ერთად იმყოფებოდა, კამერები დამონტაჟებული არ არის.
ოჯახის წევრების თქმით ნუკენოვა სასტიკად იყო ნაცემი და სხეულზე "მთელი ადგილი არ ჰქონდა" დარჩენილი. გარდაცვლილის მეგობრების თქმით, ბიშიმბაევი ცოლზე ფიზიკურად წარსულშიც ძალადობდა.
კუანდიკ ბიშიმბაევი 1980 წლის 11 აპრილს ყიზილორდაში, ყაზახეთში დაბადა. ჰყავს და, არუჟან ბიშიმბაევა. მან განათლება ყაზახეთში, ჯერ NARXOZ University-ში, შემდეგ კი M. Kh. Dulati Taraz State University-ში მიიღო. სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტშიც, 2016 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი. მანამდე, 2009-2010 წლებში იყო პრეზიდენტ ნაზარბაევის მრჩეველი. მოგვიანებით გახდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2013-დან 2016 წლამდე იკავებდა ეროვნული ჰოლდინგ ბაიტარეკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. 2017 წელს ბიშიმბაევი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, 2018 წელს მას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ყოფილი მინისტრი ციხიდან ერთ წელში შეწყალების საფუძველზე გამოვიდა.
ბიშიმბაევს ბრალად ედება წამება, მკვლელობა ძალადობის უკიდურესი ფორმებითა და მძიმე დანაშაულის განმეორებით ჩადენა. გახმაურებულ საქმეში თანაბრალდებულია ბიშიმბაევის ბიძაშვილი ბაქიტჟან ბაიჟანოვი. ბაიჟანოვს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. მოსამართლე აიჟან კულბაევაა, ხოლო პროკურორი - აიჟან აიმაღანოვა. ბიშიმბაევს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ ყოველწლიურად ოჯახური ძალადობის 100 000-ზე მეტი შემთხვევა ოფიციალურად რეგისტრირდება, თუმცა დაურეგისტრირებელი შემთხვევების რაოდენობა, ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. ყაზახეთის პარლამენტი წლების განმავლობაში აჭიანურებდა კანონპროექტს, რომელიც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია ის, რომ ქალები შეადგენენ ყაზახი დეპუტატების დაახლოებით მეოთხედს. შუა აზიის ქვეყნებში ოჯახური ძალადობა ისტორიულად დაუსჯელ დანაშაულად დარჩა, რადგან ის არ განიხილება ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულად.
კუანდიკ ბიშიმბაევი და სალტანატ ნუკენოვა
სალტანატ ნუკენოვას სახელი ბოლო დღეებია, ყაზახეთსა და უკვე მთელს მსოფლიოში ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის სიმბოლოდ იქცა. 31 წლის სალტანატის სასტიკმა მკვლელობამ ყაზახეთში მედია-ქარიშხალი და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია, რაც, უფრო მეტად, მისი ქმრის საჯაროობამ განაპირობა, თუმცა ყაზახეთშიც და მთელს მსოფლიოშიც ფემიციდის უამრავი შემთხვევაა, რომლის შესახებაც ჩვენ ვერაფერს ვიგებთ. სალტანატის შემთხვევა კი კიდევ უფრო ცხადად გვაჩვენებს, თუ როგორ არ აკეთებს არაფერს ყაზახეთის არც პოლიცია, არც სასამართლო და არც კანონი ქალის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად.
სალტანატის მკვლელობამ აიძულა ყაზახეთის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, მოითხოვონ ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია: ეს მოწოდება ქალთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტებმა და Human Rights Watch-მა არაერთხელ გააკეთეს ბოლო წლებში. 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში სპორტსმენები, ხელოვანები, ბიზნესმენები, ბლოგერები და იურისტები მოითხოვდნენ უფრო მკაცრი ზომების მიღებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, მათ შორის „ოჯახური ძალადობის კრიმინალიზაციას“.
ახლა სალტანატ ნუკენოვას შესახებ საუბრობს მთელი მსოფლიო, ვრცელდება კადრებიც, როგორ ძალადობდა მკვლელობამდე მეუღლე მასზე რესტორანში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ვიდეოებს, რა ბედნიერი იყო სალტანატი ქორწინებამდე. სანამ მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ ცდილობს პროკურორი ბრალდებულის დანაშაულის დამტკიცებას, როგორ იცავს ძმა გარდაცვლილი დის სახელს და როგორ ტირიან სასამართლო დარბაზში შვილმკვდარი მშობლები, ახლაგაზრდა და ლამაზი ქალი, სალტანატ ნუკენოვა, რომელიც ქმარმა სასტიკად აწამა და მოკლა, ხდება სხვა ქალების გადარჩენის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა უფლებების დაცვის ძლიერი სიმბოლო ყაზახეთში.
<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@khass0010/video/7354758953441561861" data-video-id="7354758953441561861" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@khass0010" href="https://www.tiktok.com/@khass0010?refer=embed">@khass0010</a> <p></p> <a target="_blank" title="♬ оригинальный звук - khass0010" href="https://www.tiktok.com/music/оригинальный-звук-7354758963104844550?refer=embed">♬ оригинальный звук - khass0010</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>