1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე, "გრანდ კაფეში" მისული ადამიანები ნამდვილი სასწაულის მოწმეები გახდნენ... სწორედ ამ საღამოს იშვა "მეოცე საუკუნის სასწაულად" წოდებული ხელოვნება - კინემატოგრაფია.
ლიონელმა ძმებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა თავიანთი შექმნილი აპარატით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული "გაცოცხლებული ფოტოგრაფია" წარუდგინეს მაყურებელს.
მოულოდნელად კაფეს ერთ კედელზე გამოსახულება გაჩნდა.
პირველი სეანსის სახელწოდება - "მატარებლის შემოსვლა" იყო. მატარებელი უახლოვდებოდა კადრს. მაყურებელმა ვერ გააცნობიერა, რა ხდებოდა და კაფეში ნამდვილი ქაოსი ატყდა. მაყურებლის რეაქცია წარმოუდგენელი იყო... ზოგიერთს ეგონა, რომ მატარებელი დაეჯახებოდა და გასასვლელისკენ გარბოდა.
ლუმიერების კინოსეანსებმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. დაიწყო კინემატოგრაფიის მეფობის ხანა. კინომ სწრაფად დაიპყრო ამერიკა, ინგლისი, - მთელი ევროპა.
1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფიის პრემიერა სანკტ-პეტერბურგშიც გაიმართა. ამავე წლის 26 მაისს - მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს - თბილისში.
პირველ ცნობებს ძმები ლუმიერების გამოგონების შესახებ გაზეთ "ცნობის ფურცელზე" ვხვდებით: "დღეს, 16 ნოემბერს, სათავადაზნაურო თეატრში ნაჩვენები იქნება კინემატოგრაფი - მთელ ევროპაში განთქმული ცოცხალი ფოტოგრაფიული სურათები ლიუმერისა" (გაზ. "ცნობის ფურცელი", 1896, 16 ნოემბერი).
XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და დაბაში იყო ელექტროთეატრები. მათგან მხოლოდ "აპოლო" შემორჩა. ეს კულტურული ძეგლი ბევრი რამით არის ღირებული. იგი მსოფლიოს კინოთეატრთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც მოდერნის სტილშია აგებული.

ფოტო: James Kerwin

მოდერნის სტილის ნაგებობების მშენებლობა თბილისში XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო და ძალიან პოპულარული გახდა.
"აპოლოს" არქიტექტორის ვინაობა უცნობია. 1909 წელს იგი საზეიმოდ გაიხსნა. მისი დეკორის ავტორი კარლ სოუჩეკი გახლდათ. შენობა იმდენად ლამაზი იყო, რომ მხოლოდ მის სანახავად ღირდა შორიდან ჩამოსვლა.
საბჭოთა პერიოდში მას "ოქტომბერი" ეწოდებოდა. 1987 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ, კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა. სახელი "აპოლო" 1990 წლიდან დაუბრუნდა.
შენობა სამსართულიანია. ის აღმაშენებლის გამზირისა (№135) და კარგარეთელის ქუჩის კუთხეში მდებარეობს. ფასადები სწორკუთხა, თაღოვანი დიდი ფანჯრებითა და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისაგან შემდგარი კომპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს.
არქიტექტურის ამ სტილისა და ქართული კინემატოგრაფიის განვითარება თითქმის ერთდროულად დაიწყო. სწორედ ამიტომ ეს ძეგლი ქართული კინოს ისტორიისთვისაც განსაკუთრებით ღირებულია.
საქართველოს გასაბჭოებამდე შენობა გერმანიის მოქალაქეს, ვინმე ჰეგელეს ეკუთვნოდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი - მთელ ქართულ კინოწარმოებას, კინოთეატრების ქსელს, სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი" მეურვეობდა. მათ არ ჰქონდათ კინოთეატრის, კულტურული ძეგლის გაყიდვის უფლება, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო "აპოლოს" გაყიდვების ისტორია.
პირველად ის "ქართულმა ფილმმა" უკანონოდ გაასხვისა. შენობამ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, მაგრამ არავის მოსვლია აზრად მისი რესტავრაცია.
უნიკალური კინოთეატრი ნელ-ნელა ინგრეოდა. ამჟამად კინოთეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია.
ჟურნალი "... და ქალი" (მაისის ნომერი)