საქართველოში დათუნა სულიკაშვილი ერთ-ერთ პოპულარულ დიზაინერად მიიჩნევა. მის ჩვენებებზე, რომელთაც ყოველ ჯერზე შოუს სახე აქვს, უამრავი ადამიანი გამოთქვამს დასწრების სურვილს. დათუნას ჯერჯერობით ბოლო ჩვენება მოგზაურ ქალს ეძღვნებოდა და თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, მატარებლის ლიანდაგზე ჩატარდა.
როგორც დათუნა ამბობს, გარდა იმ პერიოდისა, როცა კოლექცია გამოაქვს პოდიუმზე, ტელევიზიითა და პრესით გამოჩენა დიდად არ უყვარს. არც სკანდალების გმირია, თუმცა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თიკო სადუნიშვილს მართლა აღარ ეპატიჟება თავის ჩვენებებზე, რადგან მისგან ”თბილისი ლაივში” არაობიექტური კრიტიკა მოისმინა საკუთარ კოლექციაზე.
- მცირე ხნის წინ გაიმართა შენი მორიგი ორიგინალური ჩვენება, როგორ გაგიჩნდა ლიანდაგზე კოლექციის წარმოდგენის იდეა?
- მატარებლით მგზავრობა მიყვარს და სულ ვფიქრობდი, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე უნდა გამეკეთებინა. თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორები ერთ საღამოს ჩემი ჩვენების დეტალებს ვგეგმავდით. გამართვის ადგილზე ვფიქრობდით.
არ მინდოდა, რომ შოუს გარეშე გამართულიყო ჩემი ჩვენება და საერთოდ, ალბათ სულ ასე მომიწევს (იღიმება). გვქონდა ერთი იდეა, მაგრამ საკმაოდ რთულად შესასრულებელი იყო, ამიტომ ამ ეტაპზე შევეშვით ფიქრს, თუმცა არ ვიტყვი, სად მინდოდა ჩვენების გამართვა, იქნებ, შემდეგში გავაკეთო... მოკლედ, მოვიფიქრეთ ლიანდაგზე გამართვა.
ღამის ორის ნახევარზე წავედით. მინდა ვთქვა, რომ საორგანიზაციო თვალსაზრისით რთული სამუშაო აღმოჩნდა. მატარებლის მისვლა-მოსვლაზე უნდა ავწყობილიყავით. განათების, პოდიუმისა და ხმის დამონტაჟება იყო საჭირო. ყველა დეტალი სანერვიულო აღმოჩნდა, სამი კვირა ვგეგმავდით. საბოლოოდ, არანაირი ექსცესი არ მომხდარა.
- თავად კოლექციაზე გვიამბე...
- ბერლინიდან პარიზში მატარებლით გავემგზავრე. აეროპორტი კი მომწონს, მაგრამ თვითმფრინავით მგზავრობა არ მიყვარს და ბევრად მირჩევნია მატარებელი. ბერლინიდან პარიზში მოგზაურობა ძალიან მომეწონა, რომანტიკულია ჩემთვის.
მატარებელში ხალხს ვაკვირდები, როგორ აცვიათ და საერთოდ, რა ტიპაჟები არიან. ლამაზად ჩაცმული ბევრი ქალი მინახავს. შესაძლოა, ეს დაილექა ჩემს გონებაში და მერე ამომიტივტივდა. ამიტომაც გადავწყვიტე მოგზაური ქალის სამოსის შექმნა.
- დათუნა, ვის აზრს ითვალისწინებ კოლექციის შექმნისას?
- აზრს ვეკითხები კომპეტენტურ ადამიანებს, თუმცა საბოლოოდ მაინც იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა (იღიმება).
- ნაჩქარევად რომ ამზადებენ საქართველოში კოლექციებს, ეს შენც გეხება?
- მეც მოკლე დროში ვამზადებ, მაგრამ თუკი ამ საქმეში ერკვევი, ეს ხარისხზე არ იმოქმედებს. ღამეები გამითენებია, თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია დიდი ხნით ადრე დაწყება, რადგან კოლექციას ყოველთვის ეტყობა, რომ რაღაც აკლია.
დიზაინერი იმასაც ხვდება, რომ ბოლომდე სრულყოფილი კოლექცია ვერ შექმნა. ყველაზე მეტად მონაზვნების თემაზე შექმნილი პროექტი მომეწონა, სირთულეებიდან გამომდინარე. ხინჯად კი არც ერთი ჩემი კოლექცია არ ჩამრჩენია.
- დათუნა, რადგან ამბობ, რომ ორივე მოდის კვირეულზე გამოსვლა არასწორია, რომელს აირჩევ მომავალში?
- ორივეს ორგანიზატორებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემი აზრით, უნდა გაერთიანდნენ. პარიზშიც კი არ არის ორი მოდის კვირეული. ვფიქრობ, რაც ერთს აკლია, მეორეს აქვს.
ეს, პირველ რიგში, პროფესიონალიზმია. რაც უნდა დიდი ბიუჯეტი გქონდეს, არ არსებობს, მცოდნე ადამიანების გარეშე კარგ ხარისხს მიაღწიო. თუ გაერთიანდებიან, ნამდვილი მოდის კვირეული გვექნება.
- დათუნა, კოლექცია რომ გააკეთე, გაიყიდა?
- სულ 48 ხელი სამოსი მქონდა და ახლა მხოლოდ 7 დამრჩა. მოსწონთ და ეს ალბათ წარმატებაა, სასიამოვნოა, როცა ადამიანები ყიდულობენ შენს სამოსს, ატარებენ და იპრანჭებიან.
- კონკურენტად ვის მიიჩნევ?
- ვერავის (იღიმება). საქართველოს მოდის კვირეულზე შევნიშნე, რომ იქ დიზაინერებს შორის არის კონკურენცია, რაც იგრძნობა. ამას არ ვაქცევ ყურადღებას, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და თუ ვინმე მომწონს, არც ამისი თქმა მიჭირს.
მაგალითად, მომეწონა თათა ნიკოლეიშვილი და აღვნიშნე კიდეც. აქვთ დიზაინერებს ასეთი თვისება, მოსწონთ, მაგრამ არ აღიარებენ. მე ახალბედები უფრო მაინტერესებს, ვიდრე შემდგარი დიზაინერები.
თბილისის მოდის კვირეულზე კი დიზაინერებს ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება გვაქვს. იყო შემთხვევა, რომ თამუნა ინგოროყვა, ავთო და სხვა დიზაინერები ძალიან დამეხმარნენ და მათ ატელიეებშიც კი შემიკერავს კოლექციისთვის სამოსი.
როცა ყველაფერი წინ წავა და გამოსწორდება, ამის შემდეგ იქნება ალბათ ჯანსაღი კონკურენცია. მგონია, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ბოროტული, ამგვარ გამონათქვამებს ვგულისხმობ, რაც თბილისის მოდის კვირეულზე ნამდვილად არ ყოფილა.
- და საქართველოს მოდის კვირეულზე?
- კი, ყოფილა და ჩემი მისამართითაც მომისმენია დიზაინერების მხრიდან, თუმცა მგონია, რომ მათ შური ამოძრავებდათ და არა ობიექტურობა.
მე ყოველთვის მაინტერესებს ობიექტური კრიტიკა, შესაძლოა, რაიმე გამეპაროს, არ გვყავს იმდენი თანამშრომელი, რომ ყველა დეტალი ვაკონტროლოთ, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ. მაგალითად, წინა საქართველოს მოდის კვირეულზე თქვეს, დარბაზი არასწორად იყო ათვისებული, ნიჭიერ რეჟისორებს არ ეძლევათ საშუალება, რომ რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში სპექტაკლები დადგან და დათუნა სულიკაშვილმა ჩვენება გააკეთაო. ჩემი აზრით, სულელური შენიშვნა იყო.
- მამაკაც დიზაინერებზე მინდა გკითხო, მაგალითად, ავთანდილზე, რომელიც ათი წელია მუშაობს და იმავდროულად საკუთარ თავს კარგ პიარსაც უკეთებს. შენ რატომ არ ზრუნავ ამ მხრივ?
- არ მიყვარს სიტყვა პიარი, თუმცა მივიჩნევ, რომ ავთო სწორად იქცევა. პიარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და შემდეგ შემოქმედება. ჩემთვის შემოქმედებაა ჯერ და მერე პიარი, თუმცა ეს თანაბრად უნდა იყოს. მე რატომღაც ნაკლებად ვარ დაკავებული ამით, ვიცი, რომ ეს ცუდია. დიდად არ მხიბლავს გამოჩენა, ალბათ პიროვნული მომენტია.
გამიგონია, რომ ბევრ დიზაინერს მოუგონებია სიახლე და ეს გაუპიარებია, რომ მისი სახელი დაემახსოვრებინა ხალხს. მინახავს მთელ წელიწადზე გათვლილი პიარგეგმა, რომელიც მოგონილი ამბებით იყო სავსე. მე კი ასეთი რამეები არ შემიძლია.
მირჩევნია, ერთი ხმაურიანი შოუ გავაკეთო, ვიდრე ასეთი მეთოდით ვალაპარაკო ხალხი. ისეთ ჩვენებებს ვაწყობ, რომ ხალხი მერე დიდხანს ლაპარაკობს. ექვს თვეში ერთხელ მაინც მაქვს ახალი კოლექცია. ბოლო ჩვენებაზე, მაგალითად, ხალხი დღემდე ლაპარაკობს.
ჩემთვის ესაა მნიშვნელოვანი და ასევე გაყიდვები. როცა მივხვდები, რომ კომერციულად ნაკლებად მომგებიანია, მერე კიდევ უფრო მეტ და ახალ რაღაცას მოვიფიქრებ შემოქმედების მხრივ.
- კრიტიკას თუ დავუბრუნდებით, ამას წინათ თიკო სადუნიშვილი ამბობდა და ჩემთან ინტერვიუშიც გაიმეორა, რომ მას შენს ჩვენებებზე არ უშვებ, მართალია?
- (იღიმება) კი, მეც დაგიდასტურებ. საქართველოს მოდის კვირეულზე, როდესაც ჩემი კოლექცია მუსკომედიის თეატრში გამოვიტანე, გოგონებს მაღალ ვარცხნილობებზე შარფები შემოვახვიე, თიკომ კი კომენტარში გააკეთა, რომ ეს ნინო ჩუბინიშვილის ვარცხნილობებს ჰგავდა, ხოლო მთლიანად შოუ ალექსანდრ მაქქუინისას.
კარგია, რომ ამ დიზაინერს შემადარა, მაგრამ მე თვითონ ვიტყვი, რომ ჩემი ჩვენება ასეთი მაღალი დონის ნამდვილად არ ყოფილა. როგორც ჩანს, თიკოს კარგად არ უნახავს მაქქუინის შოუები და ნახავდა მერე ალბათ. ის ცდილობს, იყოს სკანდალური და აკრიტიკოს ხალხი, მაგრამ როცა რაღაცას ამბობ, აუცილებლად უნდა გადაამოწმო და მთავარია, იყო ობიექტური.
მის ამ კომენტარზე ბევრმა იცინა, ბევრმა გალანძღა, მე ნამდვილად არ შემქმნია არანაირი პრობლემა. უბრალოდ, მაქქუინი რა შუაში იყო, ვერ გავიგე. შესაძლოა, რადგან ამ ბრენდს აქვს ხოლმე გრანდიოზული შოუები, ამიტომ მიამსგავსა. არ ვიცი...
- და ახლა რატომ აღარ უშვებ ჩვენებაზე?
- ბოლო ჩვენებაზე თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა დაპატიჟეს, მე პირადად არ გამიგზავნია მოსაწვევი. მის გადაცემას არ გავაშვებინებ ჩემი ჩვენების კადრებს, რადგან არაკომპეტენტურები არიან. როდესაც გახდებიან კომპეტენტურები, აუცილებლად შემოვუშვებ.
ჰყავთ ჟურნალისტი, რომელიც აკეთებდა კომენტარებს, მაგრამ მას რომ ჰკითხო, მოდა რას ნიშნავს, ვერ მიპასუხებს. ასეთი ადამიანისგან არც მე და არც სხვა დიზაინერი არ მიიღებს კრიტიკას.
რაც შეეხება თიკოს, პიროვნულად მასთან ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, ძალიან საყვარელი გოგოა, თუმცა თავის საქმეში რაღაცებს არასწორად აკეთებს.
- მისი ჩაცმულობა თუ მოგწონს?
- იშვიათად ვუყურებ მის გადაცემას, ზოგჯერ მომწონს, ზოგჯერ - არა. მგონია, რომ მის ჩაცმულობაზე ზედმეტად ფიქრობენ.
- ვინმე მოგწონს ტელეწამყვანებიდან ამ მხრივ?
- არა. არა მგონია, დიზაინერი ჰყავდეთ. ალბათ სტილისტის ბრალია, რომ გადაცემის წამყვანებს არასწორად აცვიათ. ტელევიზიას თავისი ფერები და კანონები აქვს, რომელიც უნდა დაიცვა. მამახსოვრდება ხოლმე ნანუკა ჟორჟოლიანი, შესაძლოა, არ მოგეწონოს, მაგრამ დასამახსოვრებლად ჩაცმას ნამდვილად ახერხებს.
- თბილისურ მოდაზე გკითხავ. რაიმე შეიცვალა ამ მხრივ?
- სხვათა შორის, საკმაოდ შეიცვალა. საზოგადოებას რასაც მიაწოდებ, იმას მიიღებს. ბევრი კარგი მაღაზია გაიხსნა თბილისში, მეც ვიმოსები ერთ-ერთში, სადაც კარგი არჩევანია. ისეთი კარგი ფასდაკლებებია ხოლმე, მაგალითად, როდესაც ივ სენ ლორანის ფეხსაცმელს 200-300 ლარად ყიდულობ, ჩემი აზრით, ეს ხელმისაწვდომი ფასია, რადგან რამდენადაც ვიცი, ზოგი ფეხსაცმელი ბაზრობაზე უფრო ძვირი ღირს.
- თავად სად იმოსები?
- ძირითადად ევროპაში, მაგრამ როგორც გითხარი, ორიოდე მაღაზიაში აქაც ვიძენ ხოლმე რაღაცებს. ყოველდღიურად ჩვეულებრივად მაცვია. როცა ვმუშაობ, შავი შარვალი და შავი მაისური მაცვია, რადგან ვფიქრობ, რომ როდესაც სამსახურში ხარ, თანამშრომლებს შენი სტილი თავზე არ უნდა მოახვიო.
- წელს ზაფხულში რა არის მოდური?
- ძალიან მომეწონა თამუნა ინგოროყვას ბოლო კოლექცია, რომელიც ტენდენციებს შეესაბამება, ფერადი ყვავილოვანი პრინტებით გაფორმებული, შეუსაბამო ფერების შეხამება... ყვითელია აქტუალური და ღია მწვანე. წელს ეს ორი წამყვანი ფერია.
ჩვენთან ცუდი ისაა, რომ რაღაცას ვეგუებით და მერე გვიჭირს სხვა ფერსა და მოდელზე გადასვლა. სითამამე გვაკლია და სიახლეების მიღება გვიჭირს.
- კარგად ჩაცმული ხალხი დადის მოდის კვირეულებზე?
- ვერ ვიტყოდი ასე. უფრო მეტად თბილისის მოდის კვირეულზე მომეწონა, ალბათ, საზოგადოებას გააჩნია და დიზაინერს, ვისი ჩვენებაა. არ მიმაჩნია სწორად, რომ ჩვენებაზე ზოგი იმაზე მეტად გამოპრანჭული მოდის, ვიდრე პოდიუმზე გამოსული მოდელები არიან.
ეს არც ერთ ევროპულ ჩვენებაზე არ ხდება. მე გახლდით პარიზში ”შანელის” ჩვენებაზე და მეგონა, რომ ძალიან გაპრანჭულ ხალხს ვნახავდი, მაგრამ ეცვათ ჯინსებზე ”შანელის” პიჯაკები, ან ამავე ბრენდის სადა კაბები.
- ბოლო თბილისის მოდის კვირეულზე ვნახეთ დიზაინერი, ყმაწვილი, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე იდგა...
- კი, მეც ვნახე. ანუკამ და ბიჭოლამ რომ გამოიყენეს ასეთი რამ. მათ ჩვენებას ვგულისხმობ, როდესაც ოთხი ბიჭი გამოიყვანეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, ეს შოუს ნაწილი იყო და რამდენადაც ვიცი, ეს მუსიკალური და მოცეკვავეთა ჯგუფია.
რაც შეეხება დიზაინერს, რომელზეც შენ მითხარი, მან შემომჩივლა, ცუდად ვარ, ძლივს ვდგავარ ამ ქუსლზეო. მგონია, რომ მან ამით უბრალოდ, ყურადღება მიიქცია, თუმცა ამგვარი რამეები პეწს აძლევს მოდის კვირეულებს.
- ისევ მოდას რომ დავუბრუნდეთ, გრძელი კაბები ისევ მოდურია?
- ან ძალიან გრძელია მოდური, ან მაქსიმალურად მოკლე, თუმცა მომავალ წელს დაბრუნდება ”მიდი” სიგრძე და კოჭებს ზევით ოდნავ აცილებული, მე ამას არ გამოვიყენებ, რადგან ჩემი აზრით, იდეალურ ტანსაც კი არ უხდება.
- ფეხსაცმელზე რას გვეტყვი?
- ”ბალეტკები” ისევე დამკვიდრდა, როგორც, მაგალითად, ”შანელის” ჩანთა. ფეხსაცმელში ექსპერიმენტები არ მიყვარს, თუ ეს არ იქმნება შოუსთვის, ყოველდღიურად სადა ”ლოდოჩკა” ყველაფერზე მეტად მომწონს.
ნინო მურღულია
ჟურნალი ”რეიტინგი”