სიმართლე გითხრათ, გულისამაჩუყებელი მასალის დაწერას ვაპირებდი მარტოხელა ქალის ბედზე, რომელსაც სახლში, ცივი საწოლის გარდა, არაფერი ელოდება; თანამშრომელი ქალების ნახევარმა სტატიის წაკითხვას ოხვრა მოაყოლა. მხოლოდ ერთმა თანამშრომელმა დამამშვიდა, დატკბი იმით, რაც გაქვს, როცა გათხოვდები, ზოგიერთი რამე მოგენატრებაო.
გვერდი გაცნობის საიტზე
არა აქვს მნიშვნელობა რა სახელითა და გვარით ხარ დარეგისტრირებული, ვისი ფოტო გიდევს. მთავარია, რომ იქ ქალღმერთი ხარ; მამაკაცები სიყვარულს გეფიცებიან და ვირტუალურ, მაგრამ ყვავილებს გიგზავნიან. ქმრისგან კი მსგავს საქციელს არც უნდა ელოდო.
უბრალოდ, მეგობარი
ყველა გოგონას ჰყავს ისეთი მამაკაცი მეგობარი, რომელსაც ყველა საიდუმლოს უყვება. ისინი, უბრალოდ, მეგობრები არიან, რომლებიც სიყვარულში მორიგი წარუმატებლობის შემდეგ ერთმანეთს ამხნევებენ და ამშვიდებენ. გათხოვების შემდეგ კი მეგობარი სადღაც ქრება და დღესასწაულებზე მხოლოდ მოკლე მილოცვებსა და ”სმაილიკებს” გიგზავნის.
დედლაინი
თქვენი აზრით, ვინ უფრო გაიკეთებს წარმატებულ კარიერას: ქალი, რომელსაც სახლში მიეჩქარება, სადაც ქმარს სადილი უნდა მოუმზადოს და ბავშვები დააძინოს, თუ გასათხოვარი გოგონა, რომელსაც არსად ეჩქარება და მზადაა, შესრულებული საქმით უფროსს თავი მოაწონოს?!.
ღვინის ბოთლი
სათანადოდ გადანახული ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მხოლოდ გასათხოვარი გოგონების შეხვედრის დროს ხსნი და წრუპვა-წრუპვაში ერთმანეთს თავსგადახდენილ სასაცილო და ნაღვლიან ისტორიებს უყვებით.
საჭირო ნომრები
გასათხოვარ გოგონას ყველა საჭირო სამსახურის ტელეფონის ნომერი მობილურში თუ არა, ხელმისაწვდომ ადგილზე აქვს ჩაწერილი. გათხოვილს კი მუდამ ქმრის იმედი აქვს. შედეგად, არც ქმარი აკეთებს და არც ტელეფონის ნომრები აქვს.
ფულის ხარჯვა
გასათხოვარ გოგონას მეათე ანტიცელულიტის კრემი შეუძლია იყიდოს და არც არავინ დაუთვლის, გათხოვილმა კი ყველა ახალ ნივთზე ანგარიში ქმარს უნდა ჩააბაროს.
გამხმარი თაიგული
მეორე თვეა მაგიდაზე დევს და არავის აწუხებს. არავინ გსაყვედურობს, რომ არაფრისმაქნისი დიასახლისი ხარ.
კნუტი
რეალური შინაური ცხოველი ან მის სახელს ამოფარებული თანამშრომელი, რომელსაც ბავშვივით კუდში უნდა სდიო ან მოხუცი მეზობელი, რომელსაც პატრონობ.
პრეზერვატივები
მარტოხელა ქალი მუდამ ზრუნავს უსაფრთხო სექსზე და პაემანზე მიმავალს ჩანთაში მუდამ ეგდება რამდენიმე ცალი პრეზერვატივი. მამაკაცების 50 პროცენტს კი სიჩქარეში მისი ყიდვა ავიწყდება.
ჩამრთველ-გამომრთველი
ან გაფუჭებული ონკანი, საკეტი, ნივთები, რომლებიც მარტოხელა ქალის სახლში მუდამ მოშლილია და მუდამ საჭიროებს შეკეთებას.
მრჩეველების ჯგუფი
მე ვიტყოდი, მრჩეველების ჯარი, რომლებმაც ყველაფერი შენზე უკეთ იციან, გულით გირჩევენ, შენ კი ყველაფერს არასწორად აკეთებ. მათი რჩევა-დარიგებების მოსმენის შემდეგ გული გადამწვარ ბაღნარს ჰგავს.
ნამცეცები საწოლში
შეგიძლია ჭამო საწოლში და ამას ვერც ვერავინ დაინახავს და ამის გამო ვერც ვერავინ გისაყვედურებს.
ერთჯერადი ნაკრები მამაკაცებისთვის, რომელშიც შედის: ხალათი, ჩუსტები, კბილის პასტა. მამაკაცისთვის მათი წარდგენისას მთავარია, კითხვაზე: ჩემამდე ბევრმა ისარგებლა? მზა პასუხი გქონდეთ: სპეციალურად შენთვის შევიძინე.
თაიმკილერი
მარტოხელა და დამოუკიდებელ ქალს წლობით შეუძლია ვირტუალური ბაღის გაშენება-მოვლა.
ტრენაჟორი
რომელიც ჯერ კიდევ საჭიროა და საკიდად არ გადაქცეულა. სად აქვს გათხოვილ ქალს ტრენაჟორზე ვარჯიშის დრო?!.
დრო
მარტოხელა ქალს ყოველთვის აქვს დრო: დედლაინის, კვირის დღეებისა და სეზონური საცობების მიუხედავად.