იოდი სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში კი არ წარმოიქმნება, არამედ ორგანიზმს უმთავრესად, ცხოველური და მცენარეული საკვების მეშვეობით მიეწოდება.
თუ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის იოდი ვერ მიიღო, იოდდეფიციტური მდგომარეობა ვითარდება, რომელიც სხვადასხვა დაავადებას იწვევს.
იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო ოდენობის ჰორმონებს და კომპენსატორულად (ანუ იმიტომ, რომ საჭირო რაოდენობით ჰორმონის გამოყოფა როგორმე მოახერხოს) დიდდება. იოდდეფიციტის პირობებში ჩიყვის ჩამოყალიბებას 6-12 თვე სჭირდება.
იოდდეფიციტი და შესაბამისად, თირეოიდულ ჰორმონთა ნაკლებობა იოდდეფიციტური დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიას...
იოდდეფიციტის გავლენა ორგანიზმზე
იოდდეფიციტი, შესაბამისად - თირეოიდული ჰორმონების უკმარისობა უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების გარდა, ამ დროს ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა), სუსტდება გულისცემა, თავს იჩენს ბრადიკარდია, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე, ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა), რაც ხელს უწყობს ყაბზობას, იმუნიტეტისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას, უშვილობას, სპონტანურ აბორტს, ანემიას.
ასევე, იოდდეფიციტის შედეგია ნაყოფის მაღალი პერინატალური სიკვდილიანობა, თანდაყოლილი მანკები, გონებრივი ჩამორჩენა, ყრუმუნჯობა, სიელმე, ჯუჯობა.
საქართველო იოდის დეფიციტის რეგიონია
საქართველო იმ გეოგრაფიულ რეგიონთა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც გარემოში ბუნებრივად არსებობს იოდის დეფიციტი. რასაკვირველია, ყველა რეგიონი ერთნაირად იოდდეფიციტური არ არის, მაგრამ საშუალო მაჩვენებელის მიხედვით, იოდის ნაკლებობა აშკარაა.
იოდი ცოტაა ნიადაგში და შესაბამისად, ამ ნიადაგზე გახარებული მცენარეები და ის ცხოველები, რომლებიც ასეთ მიწაზე ამოსული ბალახით იკვებებიან, ადამიანისთვის იოდის წყაროდ ვერ გამოდგებიან. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანი იოდს უმთავრესად, საკვების მეშვეობით იღებს.
მნიშვნელოვანია იოდის მასობრივი პროფილაქტიკა იოდიანი მარილით. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია, თუმცა ყოველთვის არაა საკმარისი. მაგალითად: ბავშვებს, მოზარდებს, ორსულებს, მეძუძურ ქალებს არ ეყოფათ ის ოდენობა, რომელიც შეიძლება იოდიანი მარილით მიიღონ. მათთვის იოდის დამატებითი წყაროა საჭირო.
ოკეანე და იოდი
იაპონიაში მოსახლეობა იოდის დეფიციტს არ განიცდის, რადგან იქ უმთავრესად, ოკეანის პროდუქტებით იკვებებიან. მოგეხსენებათ, ოკეანეში იოდი უხვად არის და ის საკვებიც, რომელიც ოკეანიდან მიიღება - თევზი, წყალმცენარეები - საკმარისადაა გაჯერებული ამ ნივთიერებით.
სააფთიაქო ქსელში იყიდება იოდის შემცველი პრეპარატი ლამინარია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ზღვის კომბოსტოს ნედლეულისგან დამზადებული ტაბლეტები.
თუ ადამიანს იოდის დამატებითი წყარო დასჭირდა, უმჯობესია, იოდიან მარილთან ერთად მიიღოს იოდით გამდიდრებული სხვა პროდუქტები.
მაგალითად, იოდიანი ჩაი, რომელიც ამ ნივთიერების მშვენიერი წყაროა. ძალიან კარგია იოდბალანსი, იოდომარინი და სხვა ნაერთები. ამ პრეპარატების მთავარი ღირსება ისაა, რომ მათში იოდი ქიმიურად სუფთა სახით და სათანადო დოზით არის წარმოდგენილი.
ზოგი ექიმბაში იოდის დეფიციტის შესავსებად მოგვიწოდებს, რომ 1 ჭ წყალში ან რძეში ჩავაწვეთოთ 5-10 წვეთი იოდი და მივიღოთ ყოველდღე, რაც დაუშვებელია!
იოდის ათპროცენტიანი სპირტხსნარის ერთი წვეთი იმდენ იოდს შეიცავს, რამდენიც ადამიანს მთელი წელი ეყოფა.
გაითვალისწინეთ: საშიშია იოდის დეფიციტი, მაგრამ არანაკლებ საშიშია მისი სიჭარბე - ამან შესაძლოა, მეტად მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები გამოიწვიოს.
იოდის შემცველი პრეპარატებით თვითმკურნალობა
იოდიზებული მარილით პროფილაქტიკა არ მოითხოვს ექიმის დანიშნულებას, მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორია, ვისთვისაც იოდდეფიციტის ფონზე ნორმალური ოდენობით იოდის მოხმარება შესაძლოა, საზიანოც აღმოჩნდეს, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება და ამ ზიანის გამოსწორებაც სავსებით შესაძლებელია...
რაც შეეხება იოდის პრეპარატებს, მათი მოხმარება იოდის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ფორმაა და მას ჯგუფური პროფილაქტიკა ეწოდება. სულ სამ ფორმას განასხვავებენ:
*მასობრივს - ხორციელდება იოდიანი პროდუქტების მეშვეობით;
*ჯგუფურს - ხორციელდება მოსახლეობის განსაზღვრულ ჯგუფში: ბავშვებში, მოზარდებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში;
*ინდივიდუალურს.
იოდშემცველი პროდუქტების თერმული დამუშავება
თერმული დამუშავება იოდის ოდენობას ამცირებს. გამოსავალი ერთადერთია: იოდიანი მარილი მზა კერძს უნდა დავუმატოთ.
ექიმი ნინო ჩარგეიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)