ბედნიერ და იდეალურ ურთიერთობებშიც გვხვდება კონფლიქტური სიტუაციები და ძირითადად, იმის გამო, რომ პარტნიორებს არ ესმით ერთმანეთის. ფსიქოლოგებმა პრაქტიკული გამოცდილებიდან შეიმუშავეს 10 რჩევა, რომლებიც ქალებს გაუადვილებენ მამაკაცების გაბედნიერებას.
1. ნუ დაივიწყებთ მიზნების შესახებ
თუ მიზნად დაისახეთ საყვარელი მამაკაცის გაბედნიერება, ე.ი. ხანგრძლივ და კომფორტულ ურთიერთობებზე ოცნებობთ, რომელიც ორივეს ბედნიერებასა და ერთად ყოფნის სიამოვნებას მოგიტანთ. გახსოვდეთ ეს, როცა ისტერიკის მოწყობას ან კამათს დააპირებთ. ფსიქოთერაპევტთან პირად კონსულტაციაზე მამაკაცების უმეტესობა ირწმუნება, რომ მის ცოლს საოცარი - ბუზის სპილოდ გადაქცევის - უნარი აქვს.
2. შეაქეთ მამაკაცი
მამაკაცს სურს, რომ აქებდნენ. მერწმუნეთ, იგი კრიტიკაზე უკეთესად ჟღერს. თუ მისით უკმაყოფილო ხართ, დაშორდით, რატომ უმწარებთ ერთმანეთს ცხოვრებას? ხოლო თუ მის გვერდით ხართ, ე.ი. ის განსაკუთრებულია, კარგი თვისებები აქვს... ჰოდა, შეუქეთ თითოეული საქციელი, უმნიშვნელოც კი. დაგვიჯერეთ, ცოტა ხანში იგი ბედნიერ ურთიერთობას ააწყობს იმ ქალთან, ვინც აქებს და არა იმასთან, ვინც მუდამ აკრიტიკებს.
3. არ დაამციროთ მამაკაცი, განსაკუთრებით, სხვების თანდასწრებით
გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში, მეგობრების თანდასწრებითაც კი, არ დაამციროთ თქვენი საყვარელი მამაკაცი, არ მოუყვეთ ახლობლებს მის ნაკლოვანებებზე. თქვენ გესიამოვნებოდათ, საჯაროდ რომ დაემცირებინეთ? მამაკაცისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარშემო მყოფებში თავის საუკეთესოდ წარმოჩენა, თქვენ კი უკლავთ მას ამ შანსს. ასე რომ, როცა მისთვის პრეტენზიის, შენიშვნის წარმოთქმას დააპირებთ, დარწმუნდით, რომ არავინ გისმენთ.
4. ნუ შეარქმევთ კნინობით-მოსაფერებელ სიტყვებს
ქალებს უყვართ საყვარელი მამაკაცისთვის სასაცილო-მოსაფერებელი სახელების შერქმევა. მამაკაცებს კი აღიზიანებთ მსგავსი თიკუნები. გსურთ, რომ თქვენი მამაკაცი ძლიერი, მამაკაცური გამოჩნდეს გარშემო მყოფების თვალში? ჰოდა, ნუ შეარქმევთ კნუტს, ბაჭიას, ბუსუსას და მსგავს სახელებს.
5. მხარი დაუჭირეთ
თუ მამაკაცს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, კი ნუ ჩაუხშობთ სურვილს, არამედ მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ წამოწყებაში. თუნდაც, თავიდანვე იცოდეთ, რომ მას არაფერი გამოუვა, ნუ ეტყვით, შეაგულიანეთ, დაეხმარეთ. რომც არ გამოუვიდეს, ეცოდინება, რომ გვერდით საყვარელი ქალი ჰყავს, რომელიც არ უღალატებს. სხვა შემთხვევაში, ის იმ ქალის გამო მიგატოვებთ, რომელიც მის ყოველ წამოწყებას აღფრთოვანებით შეხვდება. გახსოვდეთ, რომ მხარდაჭერა ბედნიერი ურთიერთობის საწინდარია.
6. იყავით მისთვის ყველაზე ლამაზი
საყვარელმა მამაკაცმა დილიდან დაღამებამდე რომ გიმტკიცოთ, თითქოს უმაკიაჟოც და მოუწესრიგებელიც უყვარხართ, ნუ მისცემთ თავს მოდუნების უფლებას. ეცადეთ, მუდამ ფორმაში იყოთ. განსაკუთრებით, სახლში. გაიხსენეთ, რამდენ დროს კარგავდით პაემანზე წასვლამდე, რათა სამოსი, მაკიაჟი და ვარცხნილობა იდეალური გქონოდათ. ახლა კი სახლში უფორმო მაისური და გახუნებული შარვალი გაცვიათ. ვის მოეწონებით ასეთი?!. თუ ქუჩაში გასვლის წინ იპრანჭებით, სახლში უფრო მეტად უნდა გაიპრანჭოთ, საყვარელი მამაკაცი შინ გყავთ და მისთვის უნდა იყოთ ლამაზი.
7. მამაკაცი - ოჯახის უფროსია
ჩვენს დროში თითქმის ყოველი მეორე ქალი წუწუნებს, რომ ნამდვილი მამაკაცები გადაშენდნენ. დედისა და დიასახლისის გარდა, ქალმა ოჯახის მარჩენალის როლიც შეითავსა. ამასთანავე, ქალი ყოველდღე ახსენებს მამაკაცს, რომ ის არაფრის მაქნისია. სცადეთ, არ გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ფულს თქვენ შოულობთ. აგრძნობინეთ მამაკაცს თავი ოჯახის უფროსად, დაარწმუნეთ, რომ მის გარეშე ვერაფერს გახდებოდით. ამით მასაც აგრძნობინებთ პასუხისმგებლობის გრძნობას ოჯახის წინაშე და თქვენც დაიჯერებთ, რომ გვერდით ძლიერი მამაკაცი გყავთ, ნამდვილი რაინდი, რომელიც თქვენი გულისთვის შეუძლებელს შეძლებს.
8. ილაპარაკეთ მიკიბ-მოკიბვის გარეშე
გახსოვდეთ, მამაკაცი ქალი არაა, რომ მიხვდეთ, რის თქმას აპირებდით, ან რას ფიქრობდით. მამაკაცს პირდაპირ უნდა უთხრათ ის, რაც გსურთ.
9. ნუ წაართმევთ მთელ დროს
ქალს შეუძლია ნებისმიერ წვრილმანზე გაამახვილოს ყურადღება, მამაკაცი კი წვრილმანებს საერთოდ ვერ ამჩნევს. ამიტომ ნუ ურეკავთ და უმესიჯებთ ყოველ წუთს. არ აინტერესებს მამაკაცს დეტალები, თუ როგორ მიატოვა თქვენი დაქალი საქმრომ, რა ეცვა თანამშრომელს, სად და როგორ გაატარეს შაბათ-კვირა მეზობლებმა და ა.შ. ამასთანავე, ქალების მსგავსად, მამაკაცებსაც აქვთ ცუდი განწყობა და ხანდახან მათაც სურთ განმარტოება. მიეცით სულის მოთქმის უფლება; უფრო მეტიც, მოანატრეთ თავი.
10. ისწავლეთ კერძების მზადება
მამაკაცი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც დედა, ბებია, მამიდები გემრიელი კერძებით ანებივრებენ. თქვენც უნდა იცოდეთ კერძების მომზადება. არავინ გაიძულებთ, სამსახურს თავი დაანებოთ და მთელი დღე სამზარეულოში გაატაროთ, მაგრამ უქმეებზე მაინც, როცა საყვარელი მამაკაცი სახლში გეყოლებათ, გაანებივრეთ გემრიელი კერძით, დესერტით. გააბედნიერეთ იგი და საპასუხოდ, ისიც ეცდება თქვენ გაბედნიერებას. ეს კი იდეალური ოჯახის შექმნის წინაპირობაა.