თვითმფრინავი, ვარდნა, პანიკა... ცრემლი, სიყვარული, ბრძოლა, სიკვდილი... ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება და თანაც რეალობაში ან გამოგონილ რეალობაში, ანდა თუნდაც სიზმარში, რას გაიგებ...
რაც უნდა თქვა, ასეა: გიგა აგლაძე პირველი ქართული 3D ფილმის გადაღებას იწყებს...
გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი. საინტერესო გარემო იყო, მითხრეს, რომ კადრებს ფილმის თრილერისთვის იღებენ, თუმცა მათ შემდეგ ფილმშიც გამოიყენებენ.
მოქმედების ადგილი: ნატახტრის აეროდრომი, მხატვრული ფილმი: THE FINDER... ყველაფერი ძალიან საინტერესოა, კამერები, ვერტმფრენი და იქ ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა, ანი ჯორბენაძე, რომელიც ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
3D -რეჟისორისთვის და მთლიანად გადამღები ჯგუფისთვის, უკვე განაცხადია, ამიტომ სამუშაოს ყველა პასუხისმგებლობით ეკიდება. ფიქრობენ, მსჯელობენ, იღებენ... გოგონა ვერტმფრენში ზის და პანიკაში ვარდება, ლოგიკურად ალბათ, სიმაღლიდან დიდი სიჩქარით ეშვება და სიკვდილის შიში აგდებს პანიკაში.
გამოუცდელი მსახიობი გამოცდილი მოდელია, ამიტომ კამერასთან მუშაობა არ უჭირს, თუმცა ამდენი ცრემლი? არც კი იცის, როგორ ატირდეს ან რა უნდა მოხდეს, სრულიად დამშვიდებულს ისტერიკა რომ დაემართოს.
ვუყურებ, თავიდან უჭირს, ხელოვნურია, რამდენიმე წამიც და იმდენად ემოციური ხდება, ჟრუანტელი მივლის. მისი თამაშიც წრფელია, თითქმის დავიჯერე, დავიჯერე, რომ მართლა ვარდება თვითმფრინავი... არადა, იქ ვარ, მსგავსი არც არაფერია...
გადამღები ჯგუფი მობილიზებულია, ზედმეტს არავინ ლაპარაკობს, თითქოს ყველამ ყველაფერი უთქმელადაც იცის.
ფილმის პროდიუსერია გუგა შარაშენიძე:
-პირველ ქართულ 3D ფილმს ვიღებთ, მისტიკაა, თან თრილერიც. მოქმედება თან საქართველოში ხდება და თან აქ არც ხდება, ანუ დაუკონკრეტებელია დრო და სივრცე, ფილმი კოსმოპოლიტურია...
ასეთი რამ საქართველოში ჯერ არავის გაუკეთებია, ჟანრიც საინტერესოა და ტექნოლოგიურადაც ჩვენი რეალობისთვის სიახლე. ფილმში სიყვარულიცაა და სიძულვილიც, სროლაცაა და ბრძოლაც, აქვს მხატვრული ღირებულებები და ამავე დროს კომერციულიცაა.
ესაა ცხოვრებისეული ამბავი, ერთგვარი სიზმარი სიზმარში... მსახიობებს რაც შეეხება, მოლაპარაკებებს ვაპირებთ უცხოელ მსახიობებთან, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. პირველი 3D ფილმი, დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ვნერვიულობ და ცოტა მეშინია კიდეც, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო გამოვიდეს და მაყურებელი კინოდარბაზიდან კმაყოფილი გავიდეს.
რეჟისორი. მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი -უყურებს, აფასებს, ფიქრობს, შენიშვნას აძლევს, ოპერატორს არიგებს და რჩევებს აძლევს. გადაღების პროცესს თვალს ვადევნებ. ანი ჯორბენაძისგან მოითხოვს როლის გათავისებას, იცის, რთულ დავალებას აძლევს, მაგრამ ისიც ზუსტად იცის, რომ გამოუვა, ტყუილად ხომ არ ამყარებს მასზე იმედებს.
გიგა აგლაძე:
-3D ფილმს ვიღებთ, ესაა კიდევ ერთი მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ხელი მოვკიდე. თუ ჩემი ფილმი "გოგონა სლაიდიდან" კომერციისთვის იყო გადაღებული, ეს ორმაგად კომერციულია. ვცდილობთ, მოვყვეთ ამბავი ერთ გოგონაზე, რომელიც ასაკით და გამოცდილებით ძალზე პატარაა, მაგრამ შინაგანად საკმაოდ ძლიერი, იმდენად, რომ დიდ ძალას დაუპირისპირდეს. სათქმელიც სწორედ ესაა: ძალის წინააღმდეგ ყოველთვის არსებობს ძალა!
ფილმის იდეა მე მეკუთვნის, რაც შეეხება მსახიობებს, ჯერ ყველაფერი ბოლომდე გარკვეული არაა, მინდა, ზოგი რამ მაყურებლისთვის მოულოდნელიც იყოს, ამიტომ ყვეელაფერს ახლა არ გავამხელ. ვიტყვი, რომ ფილმში ბევრი მსახიობი არ ითამაშებს, არ იქნება ჩიტების ჭიკჭიკი, მზე, ყველაფერი ღრუბლიან და დაბინდულ ამინდში ხდება, ესეც ერთგვარი მისტიკაა...
საინტერესოა არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა, რთულიცაა, მაგრამ სასიამოვნოა. მე, როგორც რეჟისორი, ვნერვიულობ, თუმცა ვიცი, რა მინდა, გონებაში უკვე ვხედავ დასრულებულ ფილმს, კადრებს. თუ ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩავიფიქრე, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ქართულ კინემატოგრაფს კიდევ ერთი ფილმი შეემატება...
კომპანია "გომი," რომელიც გვერდში მიდგას, ის ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან, ჯგუფი, რომელიც მუშაობს, ყველა მაქსიმუმს გავაკეთებთ, ვნახოთ...
გადაღებიდან იმედით სავსე და ემოციებით დატვირთული წამოვედი, ჯერ ძალიან ადრეა იმაზე ფიქრი და ლაპარაკი, ფილმი როდის დასრულდება და გავა.
ფილმი კინოთეატრებში, თუმცა გზა გადარჩენისკენ მოძრაობაზე გადის, მოძრაობასა და მუდმივად ახლის ძიებაში... ძიება...
ქეთი მიქანაძე
ჟურნალი "ბომონდი"
(სექტემბრის ნომერი)