თანამედროვე მოდის სამყაროში, ვისაც ასე თუ ისე, შეხება აქვს პრეტ-ა-პორტე-სთან, ამ მარკის სახელი საყოველთაოდ ცნობილია.
Max Mara -მარტო ბრენდი კი არ არის, რომელიც დროის შესატყვის მოდურ სამოსს ქმნის, არამედ, პირველ ყოვლისა, მარკა, რომელიც იტალიური კლასიკის წყაროდ მიიჩნევა.
ამ მსოფლიო ბრენდის ისტორია 1951 წელს დაიწყო, როდესაც აქილევს მარამოტიმ თავისი ბიზნესი წამოიწყო. Max Mara -ს სახელწოდება შედგება მარამოტის გვარის პირველი ასოებიდან და პრეფიქს Max -იდან.
აქილევს მარამოტიმ ოჯახური ტრადიციები განაგრძო. მათი ოჯახი იტალიის ქალაქ რეჯოში ცხოვრობდა. დედას ჭრა-კერვის სკოლა ჰქონდა გახსნილი, ხოლო ბებია, მარინა რინოლდი ცნობილი მკერავი გახლდათ. სწორედ ბებიისგან დაჰყვა აქილევსს ლამაზი სამოსისა და ლამაზი ნივთების სიყვარული.
იმ პერიოდში, ხარისხიან ტანსაცმელს, ძირითადად, ატელიებში კერავდნენ. აქილევს მარამოტის ნოვატორული იდეა გაუჩნდა -დაემზადებინა მოდური ტანსაცმელი დიდი მასშტაბით, საწარმოში, რამაც მას წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა.
Max Mara-ს ტანსაცმლის პირველ კოლექციებს, დასაწყისში ფრანგული მოდის გავლენა ეტყობოდა, შემდეგ კი უკვე Max Mara-ს გავლენის ქვეშ მოექცა ევროპული მოდა. Max Mara-ს სტილი -სუფთა, მკვეთრი ხაზები, ელეგანტურობა და სისადავე. Max Mara-ს სამოსში ორგანულად არის შერწყმული მოდის უკანასკნელი ტრენდები და კლასიკური დიზაინი.
კომპანია Max Mara-მ, აქილევს მარამოტის მცდელობით, გასული საუკუნის 60-იან წლებში მოდის სამყაროს აღიარება მოიპოვა. Max Mara წარმატებით ახორციელებს პრეტ-ა-პორტე-ს იდეას, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებულია კომპანიის დამაარსებელი.
Max Mara-ს სამოსის განსაკუთრებული სტილი შეიმჩნეოდა მის პირველსავე კოლექციებში, როდესაც ფართო აუდიტორიას წარუდგინეს მეწამული ფერის კოსტიუმი და აქლემის ბეწვისგან შეკერილი პალტო. ამ არაორდინარულ ნიმუშებში მნიშვნელოვანი იყო უზადო თარგი, ქსოვილის ხარისხი და კლასიკური ელეგანტურობა.
დღესდღეობით Max Mara მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გავლენიანი მარკაა. ტანსაცმლის წარმოების მხრივ, იგი იტალიაში მესამე ადგილს იკავებს.
არსებობის მანძილზე Max Mara-ს ბრენდი აშკარად და უხილავადაც თანამშრომლობდა მეტად საინტერესო და ნიჭიერ დიზაინერებთან, მათ შორის არიან: ანა-მარია ბერეტა, ნანი სტრადუ, გაი პოლინა, ჟაკ დელახე, ჟან შარლ დე კასტელბაჟაკი, ლუჩანო სოპრანი, კარლ ლაგერფელდი, დოლჩე და გაბანა, ფრანკ მოშინო.
ბრენდის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. მარკა აწარმოებს ტანსაცმელს casual-ის, sport-ის, ახალგაზრდულ სტილში და სპეციალურ ტანსაცმელს დასვენებისთვის. ყველა ეს მიმართულება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აირჩიოს სასურველი გემოვნებისა და მისი ასაკისთვის შესაფერისი სამოსი.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა Max Mara-ს პალტოსა და კოსტიუმის უნიკალური კოლექციების დამუშავებას, რომლებიც გამოირჩევა უზადო გემოვნებითა და დახვეწილობით.
მოდური დიზაინი და პრაქტიკულობა იდეალურად არის შეხამებული მარკის ტანსაცმელში და კიდევ ერთხელ ვენდობით იმას, რაც "დამზადებულია იტალიაში".
მოგვიანებით, Max Mara კოლექციებს უშვებს დამოუკიდებელი კომპანიების საშუალებით, ამით ცდილობს მაქსიმალურად მოიცვას ქალთა აუდიტორია და ყოველი მათგანისთვის შექმნას მათთვის მისაღები ნიმუში.
ასეთი თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა და დღესდღეობით Max Mara აერთიანებს მწარმოებელთა ექვს და ერთ სადისტრიბუციო კომპანიას.
ამჟამად მარკის კრეატიული დირექტორი გახლავთ მილანელი დიზაინერი -ლაურა ლუსუარდი.
Max Mara-ს ბრენდის ხარისხი და სტილი ისეთი მოწონებით სარგებლობს მოდის დამფასებელთა შორის, რომ აქილევს მარამოტიმ, უდიდესი შრომის საფასურად უდიდესი აღიარება დაიმსახურა -იგი იტალიის პრეზიდენტმა კავალერის ორდენით დააჯილდოვა.
Max Mara-ს აქსესუარების ხაზი
Max Mara-ს ტანსაცმლის კოლექციის თავისებურების დასამტკიცებლად კომპანიამ გამოუშვა აქსესუარების ხაზი, რომელშიც შედის მზის სათვალე (მათი უმრავლესობა სვაროვსკის სტრაზებითაა დამშვენებული), საპარფიუმერიო პროდუქცია და პრაქტიკული ჩანთები.
Max Mara-ს პარფიუმერია
Max Mara-ს პირველმა არომატმა დღის სინათლე 2004 წელს იხილა და სახელწოდებაც მისეული დარჩა -Max Mara. ეს პარფიუმი განკუთვნილია თანამედროვე, აქტიური ქალებისთვის. მის შემადგენლობაშია მუშკი, მაგნოლია, ორქიდეა, შროშანი, ციტრუსები და შაქრის ლერწამი.
ამ პირველი არომატის შემდეგ კომპანიამ დაამზადა სუნამოს საფუძველზე დამუშავებული ლოსიონი, დეზოდორანტი და შხაპის გელი. ამ წარმატების შემდეგ, გამოვიდა პარფიუმის სხვა ინტერპრეტაცია -Mახ Mარა სილს თოუცჰ, ალუბლის, კედრის, კოწახურისა და აბრეშუმის ხის ყვავილების სურნელით.
ჩანთები
Max Mara-ს ბრენდის ჩანთები გამოირჩევა ფორმის სრულყოფილებით, ელეგანტურობითა და პრაქტიკულობით.
Max Mara-ს ისტორია -მოცულობით მცირე საოჯახო იტალიური კომპანიის ისტორიაა, რომელიც მოდური ტანსაცმლის მსოფლიო მნიშვნელობის მსხვილ სავაჭრო ქსელად ჩამოყალიბდა. დღესდღეობით, Max Mara-ს მსოფლიოს 40 ქვეყანაში აქვს 500 მაღაზია.
მოამზადა ნონა ღამბაშიძემ
ჟურნალი "ბომონდი"
(სექტემბრის ნომერი)