წერა სამი წლის წინ დაიწყო, იმ ამბის შემდეგ. თვითონაც ვერ ხვდება, როგორ, საიდან აღმოაჩნდა ამის ნიჭი. ლამაზი, მაგრამ სევდიანი მოთხრობები გამოსდის, ლექსებსაც არა უშავს. ყოველ შემთხვევაში, სხვებს მოსწონთ. მაშინ ცუდი პერიოდი დაუდგა. ექვსი თვე საშინელ დეპრესიაში იყო, მერე კი, ერთ დღეს, ადგა, კალამი და რვეული მოიმარჯვა და… თავისით წამოვიდა სიტყვები, სტრიქონები, წინადადებები… თავიდან მალავდა, მაგრამ მერე მეგობრებს წააკითხა, შემდეგ ახლო მეზობლებს… ყველამ მოუწონა, განსაკუთრებით დედა სალომემ, მონაზონმა, რადგან შინ ჩაკეტილმა ეკლესიაში დაიწყო სიარული, დედათა მონასტერში, რომელიც მის სოფელში მდებარეობდა. მერე დედა სალომემ მისი მოთხრობები სხვა მონაზვნებს წააკითხა. ყველა აღფრთოვანდა. ამან გამბედაობა შემატა. ცხრა თვის წინ ურჩიეს, სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი და იქ დადე შენი შემოქმედებაო. თავდაპირველად უარზე იყო, არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გარისკა… ასეთ შედეგს არ ელოდა. თაყვანისმცემლების ზღვა გაუჩნდა. ყველა მოუთმენლად ელოდებოდა, როდის დადებდა თავის ვოლზე ია ლექსებსა თუ მოთხრობებს. პროფილზე საკუთარი სურათი არ დააყენა. არ სურდა. მიღებული სულიერი ტრავმის შემდეგ ყოველგვარი ხალისი დაკარგა, ლამაზი ფოტოები გადაეღო და, მით უმეტეს, ყველას დასანახავად გამოეფინა. ბუნების სურათებს დებდა და თვეების მიხედვით ცვლიდა. თანაც, ყველა თვეს მის წარმოსახვაში თავისი ფერი ჰქონდა. იანვარს, მაგალითად, მწვანე ფერში აღიქვამდა. ალბათ მარადმწვანე ნაძვების გამო? ვინ იცის… ყოველ შემთხვევაში, მისთვის ზამთარი ერთი ფერის, ანუ თეთრი არ იყო _ იგი სამი ფერისგან შედგებოდა _ დეკემბერი _ თეთრი, იანვარი _ მწვანე, თებერვალი _ იასამნისფერი. აი, ასე. ამას მოსდევდა გაზაფხული: მარტი _ ცისფერი, აპრილი _ ლურჯი, მაისი _ ალისფერი. შემდეგ ზაფხული: ივნისი _ ხაკისფერი, ივლისი _ ჩალისფერი, აგვისტო _ ნაცრისფერი. ბოლოს შემოდგომა: სექტემბერი _ სალათისფერი, ოქტომბერი _ თაფლისფერი, ნოემბერი _ ყავისფერი. ფოტოებსაც ამ ფერებში არჩევდა. მისცემდა გუგლში ძიებას, ვთქვათ, მწვანე იანვარი და სულ მწვანე ფერებში გამოუტანდა გუგლი ზამთრის შუა თვეს.
ფეისბუქმა გაიტაცა. ისეთ აზარტში შევიდა, კვირაში ორჯერ მაინც დადებდა ხან ლექსს, ხან მოთხრობას. თანაც, ყველა აქებდა. უამრავი უცნობი მეგობარი დაიმატა. ისინი სამადლობელ და საქებარ წერილებს სწერდნენ, რაც უსაზღვროდ უხაროდა.
ბოლოს ისიც გაიცნო _ უცნობი ინტელექტუალი, სახელად გუჯი… გუჯი მაღლაფერიძე. გვარიც ისეთი ჰქონდა გუჯის _ ამაღლებული, თავადური. პიროვნებაც ეგეთი ჩანდა _ დახვეწილი, კარგი მოქართულე, ზრდილობიანი და ლამის ყოვლისმცოდნე. ნებისმიერ თემაზე შეეძლო მასთან დისკუსიაში ჩართვა. ოღონდ ეგ იყო, არც ასაკი იცოდა მისი და არც ის, როგორ გამოიყურებოდა. მამაკაცს მასავით ზოგადი სურათი ეყენა პროფილზე. მალევე დამეგობრდნენ. არა, არა, სიყვარულზე არასდროს უსაუბრიათ. უფრო სწორად, პირად გრძნობებზე. ის კი არა, მამაკაცი დღემდე თქვენობით მომართავდა, როცა პირადში სწერდა. საჯაროდ მისი მოთხრობებისა და ლექსებისთვის კომენტარი ერთხელაც არ გაუკეთებია, მაგრამ პირად მიმოწერაში ქებას ასხამდა და იმასაც ამატებდა, არ ვაჭარბებო. ამ ექვსიოდე დღის წინ კი ისეთი რამ მოსწერა, იას თავზარი დაეცა _ ჩამოვდივარო. თურმე ამ სოფელში ახლობლები ჰყოლია. აი, მაყაშვილებს რომ აქვთ აგარაკი სოფლის განაპირას, მათთან სტუმრად ვიქნები და თქვენც გაგიცნობთო.
ნეტავ იცოდეს გუჯიმ, ია ქავთარაძე რომ შეყვარებულია. მასზეა შეყვარებული. მართალია, დაუსწრებლად, მაგრამ ასეც ხომ ხდება? ერთხელაც არ უფიქრია, ვაითუ, დანახვისთანავე არ მომეწონოსო. გული უგრძნობდა, სულ მახინჯიც რომ ყოფილიყო, სრულიად შეუხედავი, ხეიბარი ანდა ასაკოვანი, მაინც ეყვარებოდა. რა ექნა, ასეთი იყო მისი ბუნება _ გულის გამგმირავად რომანტიკული. მისთვის სულიერი სიახლოვე საკმარისი იყო ადამიანის შესაყვარებლად. გარეგნობას რა თავში იხლიდა? მისთვის უცნობი პიროვნება ნამდვილი მამაკაცის განსახიერება იყო იასთვის _ განათლებული, უდიდესი ინტელექტით და ძლიერი ხასიათით. ვერასდროს იფიქრებდა, რომ მასთან შეხვედრა მოუწევდა. ის ხომ რუსეთში ცხოვრობდა, მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში.
იამ ამოიოხრა, სათვალე გაიკეთა და საწერ მაგიდაზე დაყრილი ჟურნალ-გაზეთები გვერდზე მისწია, კლავიატურა ახლოს მოაცურა და გუჯის მოწერილი ბოლო წერილის გახსნას შეუდგა. მამაკაცის ყოველი სიტყვა, ყოველი წინადადება იასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი გამხდარიყო და ისე უფრთხილდებოდა, როგორც განსაკუთრებულ სამკაულს.
ის-ის იყო, კითხვა უნდა დაეწყო, რომ ოთახში მისი ძმა, ზურა შემოვიდა:
_ რას შვრები, მორიგ პოემას აცხობ? _ მხიარულად შეეკითხა ბიჭი და დას თავზე აკოცა, _ ნეტავ ვიცოდე, როგორ არ გბეზრდება ამდენი წერა? მაგრად კი დაამუღამე კომპიუტერი, არა? ქაღალდზე აღარ წერ, ხომ?
_ კი, როგორ არა, მაგრამ ისეთი სიხშირით აღარ. უფრო მაშინ, როცა ვწევარ და კომპიუტერთან ახლოს არ ვარ.
_ ჩემი ყოჩაღი! _ ზურამ ხელი მოხვია დაიკოს და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
სანამ ზურა მოუახლოვდებოდა, იამ მოასწრო გვერდის ჩაკეცვა. არ სურდა ძმას მისი პირადული ამბები გაეგო.
_ შენ რას შვრები? მამამ რომ დამირეკა ამას წინათ, კაზინოში ისევ დადისო, მითხრა. ბევრი წააგე? _ სიტყვებით არ უსაყვედურია ძმისთვის, მაგრამ ხმის ტემბრში წყენამ მაინც გაიჟღერა.
_ არც ისე. ეგ არაფერი. ხან ვიგებ, ხან ვაგებ. შენ ნუ გეშინია, თავგადაკლული მოთამაშე არ ვარ, რომ მთელი ქონება წავაგო. ეს ისე, ხანდახან განტვირთვის მიზნით თუ წავალ სათამაშოდ. ისეთ აზარტში არ შევდივარ, რომ მერე ვეღარ გამოვიდე, _ თქვა ზურამ და როხროხით გაიცინა.
_ თბილისში როდის ბრუნდები?
_ დღესვე. ფერმაში ყველაფერი რიგზეა, ბიჭები მაგრად მუშაობენ, ჩემი ზედამხედველობა არ სჭირდებათ. პროდუქციას წავიღებ და იმ კვირაში ისევ წამოვალ. მე თუ არა, შეიძლება დათო გამოვუშვა. აქ მაინც ვერ მიხვდებიან, მე ვიქნები თუ დათო, _ თქვა და კვლავ გაიცინა.
იამ ღიმილით ახედა ლამაზ ძმას. ერთდროულად გაღიზიანებასაც გრძნობდა მის მიმართ და სითბოსაც. სიგიჟემდე უყვარდა თავისი ტყუპი ძმა _ ზურა და დათო, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, თუმცა ხასიათებით სრული ანტიპოდები იყვნენ. ზურა თავქარიანი და მხიარული იყო, დათოც მხიარული, მაგრამ შრომისმოყვარე და მომჭირნე. ზედმეტად ერთ თეთრსაც არ დახარჯავდა მაშინ, როცა ზურა დროს ტარებას არ იკლებდა _ კაზინოშიც დადიოდა და ღამის კლუბებსაც სტუმრობდა. დედა ექვსი წლის წინ გარდაეცვალათ, მხოლოდ მამა დარჩათ და-ძმებს. კარგად ახსოვს იას, როგორ წუწუნებდა ხოლმე დედა, ჩემი ბიჭების დარდი მაქვს, თორემ იას რა უჭირს, ჭკვიანი გოგო მყავსო.
იას ძმები და, საერთოდ, მისი ოჯახის მამაკაცები გამორჩეულად ლამაზები იყვნენ _ მაღლები, ახოვანნი, ქერათმიანები და მხიარულები. ია ძმებისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა, გარეგნობითაც სულ სხვანაირი იყო _ უფრო დედის კვალზე წავიდა _ არცთუ მაღალი, მუქი შინდისფერი თმითა და ნატიფი სხეულით.
_ აი, ცოტას დაგელაპარაკები და წავალ. აქ ყოფნა ხომ იცი, დიდხანს არ შემიძლია. გამოვყრუვდი. მიკვირს შენი, როგორ ძლებ მარტო? რატომ არ გინდა აქედან წასვლა?
_ იმიტომ, რომ აქ ჩვენი საგვარეულო სახლია და მიხედვა სჭირდება. სხვათა შორის, იმ თქვენს ფერმასაც.
_ ჩვენს ფერმას შენ როგორ უნდა მიხედო? ერთხელ მაინც ყოფილხარ იქ? დალაპარაკებიხარ ბიჭებს?
_ საბუღალტრო საქმეებს ვინ გიგვარებთ, თუ იცი? უყურე ამას შენ?
ზურა ისევ აროხროხდა, კვლავ აკოცა დაიკოს, ტუჩები ყურთან მიუტანა და ხმადაბლა შეეკეითხა, _ შალვასთვის ხომ არაფერს დამაბარებ? თუ რამე გაქვს მისთვის, წავიღებ, არ დავიზარებ.
იამ თავი გადააქნია:
_ არა, ბატონი შალვასთვის ამჯერად ახალი არაფერი მაქვს. ამ კვირაში ერთი წინადადებაც არ დამიწერია. ვერ მოვიცალე და მუზაც აღარ მომივიდა რატომღაც. მერე ვნახოთ.
ზურამ ჩაიფხუკუნა:
_ მიკვირს, ამ სისულელისთვის ამდენ დროს რომ ხარჯავ. არ გწყინდება მაგეების ჯღაბნა?
_ იმაზე მოსაწყენი არაა, რასაც თქვენ საქმიანობთ. ფრინველებისა და ცხოველების მოშენება, ყველის ამოყვანა, საქონლის დაკვლა და მერე გაყიდვა. თესვა, ხვნა, მოსავლის მოწევა და რა ვიცი, ათასი ოხრობა. დათო და მამა რომ არა, მარტო რას გასწვდებოდი ამ საქმეს, შე ზანტო. ყველაფერი გეზარება. მარტო გართობა და დროს ტარება გეხერხება მაგრად. ის კი გავიწყდება, რომ ჩვენი კარგად ყოფნა სწორედ ამ საქმეზეა დამოკიდებული.
_ აბა, ერთი ამას უყურე! რა გგონია, რისთვის ჩამოვედი? უკაცრავად, ფიზიკურად თუ არ ვშრომობ, სამაგიეროდ, კურიერის მოვალეობა შევითავსე და თოხარიკი ცხენივით დავრბივარ აქეთ-იქით. ეს ცოტაა?
_ დათო და მამა თუ მუშაობენ ფიზიკურად, შენ რა გიშლის ხელს? ისინი რომ ამოდიან და ყანაში თუ ფერმაში მიდიან, იქიდან საშინლად დაღლილები ბრუნდებიან, ხშირად ჭამის თავიც არ აქვთ. მე კიდევ დამეთხარა თვალები ამდენი ანგარიშით და ზედდებულების წერით.
ზურამ ორივე ხელი ასწია და დას ღიმილით უპასუხა:
_ ვნებდები ჩემს გენიოს დაიკოს. მაგრამ აღარ გვინდა მორალის კითხვა, კარგი? ხომ იცი, რომ ჩემი გამოსწორება უკვე გვიანაა. გა-ვი-ზარ-დეეე!
_ გაიზარდე, კი, აბა! თავში ჭკუა არა გაქვს. რამ გაყიდვინა ასეთი ძვირიანი მანქანა?
_ შენ წარმოიდგინე, მე იაფად ვიყიდე. ჩემი ფეხით წავედი გერმანიაში და ჩამოვიყვანე. ეს იმას ნიშნავს, რომ კაპიტალი დავაბანდე. ცოტა ხანს მეყოლება, ვიხალისებ და მერე ორჯერ ძვირად გავყიდი… აუუუ… ამასობაში რამდენი დრო გასულა. წავედი, წავედი, თორემ მამაჩემი მომკლავს, ამდენ ხანს პროდუქცია რატომ არ მომაწოდეო.
_ ბევრი მიგაქვს?
_ ჰო, რა ვიცი, არის რა. საბარგული კი გაივსო და…
იამ სევდიანად გაუღიმა ძმას, ხელი მოხვია, ჩაეხუტა და უთხრა:
_ მამა და დათო მომიკითხე. რომ იცოდე, მეც მომინდა შენთან ერთად თბილისში გამგზავრება.
_ წამო მერე, რა გიშლის ხელს? ისე გაგაფრენ, ორ წუთში ჩაგიყვან.
_ არა, საქმეები მაქვს აქ, არ შემიძლია.
_ ააა, გასაგებია. შენი მონაზვნები გელოდებიან ალბათ, არა? მაგათთან შეხვედრას როგორ გააცდენ, _ ირონია გაურია ძმამ ხმაში.
_ ჰო, ვერ გავაცდენ.
_ მაშინ წავედი.
_ აბა, შენ იცი. გზაში ნელა იარე, გიჟივით ნუ დაქრიხარ.
_ ოკს.
როგორც კი ზურამ კარი გაიხურა, იამ მაშინვე გახსნა კომპიუტერის ჩაკეცილი გვერდი და გუჯის წერილის კითხვას შეუდგა:
`ძვირფასო ია! გრძელი წერილების წერა არ მეხერხება, მაგრამ იმედია, მაპატიებთ. ახლა კიდევ უფრო მოკლედ გწერთ და როცა გაიგებთ, თუ რატომ, მიზეზსაც მიმიხვდებით. ძალიან მალე თქვენთან ჩამოვდივარ. ჩემმა იქაურმა მეგობრებმა, ნატო და არჩილ მაყაშვილებმა დამპატიჟეს თავიანთ აგარაკზე. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემთან შეხვედრაზე უარს არ იტყვით. ალბათ მომცემთ უფლებას, გაგიცნოთ. ამასთან, მადლობა მინდა გითხრათ თქვენი ბოლო ლექსისთვის `ფიქრები~. უდიდესი ინტერესით წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით იმ სტრიქონებმა შემძრა, სადაც თქვენი გაბზარული ლარნაკი გაბზარულ გულს შეადარეთ. მოუთმენლად დაველოდები, როდის გამოსცემთ თქვენი შემოქმედების კრებულს. აუცილებლად შევიძენ. პატივისცემით, გუჯი მაღლაფერიძე~.
როცა კითხვა დაამთავრა, თვალები დახუჭა. ცოტა არ იყოს, შეამცივნა. თან ოცნებობდა მასთან შეხვედრაზე, თან შიშის გრძნობა არ ასვენებდა. საშინლად ნერვიულობდა და საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ამ შეხვედრას არაფერი რომანტიკული არ მოჰყვებოდა.
ბოლო პერიოდში მამაკაცი დაჟინებით სთხოვდა, შენი ფოტოსურათები გამომიგზავნეო, მაგრამ არაფრით არ გაუგზავნა. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ გუჯი მხოლოდ ერთ ფოტოზეც თანახმა იყო. ის ერთიც არ გაუგზავნა. არც მიზეზის დასახელება გასჭირვებია _ თქვენ რომ არ მიგზავნით თქვენს ფოტოს, მეც იმიტომ არ გიგზავნითო. დიდი ვერაფერი სანახავი ვარ, არა მგონია ჩემი გარეგნობით აღფრთოვანდეთო.
არადა, სულ სხვა რამე აწუხებდა. ეშინოდა, რომ მათი შეხვედრის შემდეგ გუჯი მასთან ურთიერთობას აღარ მოისურვებდა, მამაკაცი, რომელიც მის ცხოვრებას ავსებდა… თუ ის ჩამოვიდოდა, აუცილებლად გაიგებდა იმ ამბავს, სამი წლის წინათ რომ შეემთხვა. ეს კი საკმარისი მიზეზი იყო, მამაკაცს მასზე უარი ეთქვა.
_ ჯანდაბა, ჯანდაბა! _ სიმწრით წამოიყვირა ცარიელ სახლში და შეშინებულმა ინსტინქტურად მიმოიხედა, ჩემი ხმა ვინმემ ხომ არ გაიგონაო.
ია ისე იეჩვია სოფელში ცხოვრებას და აქაურებთან ურთიერთობას, ქალაქის გაგონება აღარც უნდოდა. თუმცა სოფელი სავსე იყო თბილისელებით, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა დედაქალაქიდან საკუთარ აგარაკებზე ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. აქ ნამდვილ სიმშვიდეს პოვებდა. ხალხიც საოცრად გულღია და თბილი იყო.
იამ მძიმედ ამოიოხრა. აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, როცა გუჯის შეხვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ჭკუას უჩიოდა და არც განათლებას.
განა მარტო წერა, ბაღში ფუსფუსი და კომპიუტერთან ჯდომა უყვარდა _ ცხენით სეირნობაზეც აფანატებდა. ქავთარაძეებს რამდენიმე ცხენი ჰყავდათ ფერმაში, მათგან ერთი იას საკუთრება იყო და შინ უვლიდა. მამამ სპეციალურად ააშენა თავლა სახლის უკან იას ცხენისთვის. გოგონაც სწორედ მასზე ამხედრდებოდა ხოლმე და ისე მიდიოდა მონაზვნებთან შესახვედრად.
ფანჯარასთან მივიდა და თავის გაშენებულ ყვავილნარს გადახედა. უხარია თუ არა გუჯის ჩამოსვლა? არ იცის… მართლა არ იცის… ამის გაფიქრებაზე თავი ისე იგრძნო, თითქოს უფსკრულის პირას იდგა და უკან დასახევი გზა არ ჰქონდა.
მამაკაცს დაზუსტებით არ მოუწერია თარიღი, როდის ჩამოდიოდა და ესეც გულს უკლავდა. მართლა ხომ არ ჯობდა დროებით თბილისისთვის შეეფარებინა თავი? იქნებ თავიდან აეცდინა მასთან შეხვედრა?
არა, ნამდვილად ვერ გადაიტანს, თუკი გუჯი ჩამოვა და ის ვერ ნახავს. ვაითუ ნაწყენი დარჩეს და საერთოდ გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა… მაშინ? რა საშინელებაა, როცა გეშინია შეხვედრა იმ ადამიანთან, ვინც გიყვარს.
_ ჯანდაბა! _ კიდევ ერთხელ გაიმეორა და შეამჩნია, რომ სულელივით იღიმებოდა, თუმცა გულამოსკვნილი ტირილი უფრო უნდოდა ამწუთას, ვიდრე გაღიმება.
მისი სულიერი მდგომარეობა აუტანელი იყო. კვლავ მაგიდას მიუჯდა, რათა კომპიუტერი გამოერთო. მაინც გახსნა ფოსტა, იქნებ სასურველი წერილი მომივიდაო. მართლაც მოსვლოდა იუსტიციის სახლიდან წერილი _ საქველმოქმედო ფონდის გახსნაზე თანხმობის წერილი. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. აუხდათ მასა და მის მონაზვნებს დიდი ხნის ნატვრა _ ამიერიდან საკუთარი ფონდი ექნებოდათ და უამრავ კარგ საქმეს გააკეთებდნენ. სპონსორების მოძიება არ გაუჭირდებოდათ. დედათა მონასტერს შემოწირულობაზე უარს რომელი ჭკუათმყოფელი ბიზნესმენი ეტყოდა? პირიქით, ყველა უდიდესი პატივისცემის გამოხატვით დაეხმარებოდა.
როგორ უხაროდა. უხაროდა ის, რომ ამ კეთილ მონაზვნებს, ბოლოს და ბოლოს, უზრუნველი სიბერე ექნებოდათ, რაც მას ყველაზე მეტად გაახარებდა, თორემ თვითონ რა უჭირდა? მის ოჯახს შემოსავალი არ აკლდა. თბილისშიც შეძლებულ ადამიანებად ითვლებოდნენ და სოფელშიც. ერთი სიტყვით, მდიდრები იყვნენ. აი, პირველ მაგალითს ია უჩვენებდა ყველას _ პირველ შემოწირულობას თვითონ გააკეთებდა და სოლიდურ თანხას ჩარიცხავდა ამ ფონდში, რომელსაც ერთობლივი გადაწყვეტილებით `თეთრი ტაძარი~ დაარქვეს. მამა შეჰპირდა, პირველ ჯერზე ცხრა ათას ლარს გადმოგირიცხავთ, თქვენ ოღონდ ფონდის დაარსება მოახერხეთო.
მოახერხეს, მოახერხეს. გამოვიდოდა ეს საქმე თუ არ გამოვიდოდა, ოფისი წინასწარ მაინც მოაწყვეს დედა სალომეს სახლში, ისე მაინც შევიკრიბებით საღამოობითო. დედა სალომე მარტო ცხოვრობს, ნათესავი არავინ ჰყავს, სახლი ცარიელია და რატომ უნდა ექირავებინათ საოფისედ ფართი? უკეთეს ადგილს რას იპოვიდნენ? დედა სალომესაც უხაროდა, მე მაინც სულ ეკლესიაში ვარ და დღისით სახლი არ იქნება გამოკეტილიო.
აი, ახლა იას უკვე ოფიციალური სამსახური ექნება _ მას ფონდის თავმჯდომარეობა შესთავაზეს, ამიტომ მთელი დღე იქ უნდა იყოს _ ცხრიდან ექვს საათამდე, როგორც წესი და რიგია… განა ის უხარია, რომ თვითონ იქნება ფინანსების გამგებელი. ამას სხვებიც კარგად მოახერხებენ. უბრალოდ, ის უხარებს გულს, რომ უამრავი კეთილი საქმის მოგვარებას მოახერხებს მონაზვნებთან ერთად. რამდენიმე პროექტი უკვე მზად აქვს, ერთად განიხილეს და ყველამ მოიწონა. აი, რა უხარია. აი, რატომაა ასე აღფრთოვანებული…
`შურისძიების იარაღად მის გოგოს გამოვიყენებ!~ _ გუჯი ამას ცხრა თვის წინათ მიხვდა, როცა სოციალურ ქსელში იას პროფილი აღმოაჩინა. წლებია, მისი გაცნობის გზებს ეძებდა და ბოლოს, როგორც იქნა, გაუმართლა. დიახაც, ამ გოგოს გამოიყენებს და ქავთარაძეების ოჯახს სამაგიეროს გადაუხდის, რადგან სწორედ ისინი არიან დამნაშავეები იმ საშინელ ტრაგედიაში, რაც ოცდაექვსი წლის წინათ მოხდა. ამიტომაც არ დაიხევს უკან და იას საშუალებით ყველაფერს დაიბრუნებს, რაც დაბადებიდან ეკუთვნოდა და წაართვეს. იგი ქურდს სასტიკად დასჯის.
გუჯიმ მანქანა შარაგზის პირას გააჩერა და მწვანეში ჩაფლულ ლამაზ სახლს თვალი დაჟინებით მიაშტერა. ოცდაექვსი წელია აქ არ ყოფილა, მაგრამ სახლი თითქმის არ შეცვლილა. ისეთივე იყო, როგორიც ახსოვდა, იმ განსხვავებით, რომ წინა ფასადი შეეღებათ და სახლის წინ ყვავილნარი გაეშენებინათ.
_ მე დავბრუნდი, დავბრუნდი და ამ ნაძირალებს აქედან გავყრი, ყველაფრისთვის შურს ვიძიებ, _ თავისთვის ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
შურისძიების იარაღი ია გახდება _ ია ქავთარაძე, 25 წლის გოგო, რომელიც მართლა გამოირჩევა ნიჭიერებით, მაგრამ გუჯის ეს არ ანაღვლებს. ნატო მაყაშვილი, გუჯის შორეული ნათესავი, მაგრამ ძალზე ახლობელი ადამიანი და ძველი მეგობარი ამბობს, იას გათხოვება გაუჭირდება, რადგან მის წარსულში ისეთი რამ მოხდა, რაც მის ოჯახს ჩრდილს დღემდე აყენებს და არც ერთი ღირსეული მამაკაცი მის ცოლობას არ მოისურვებსო.
_ ჰოდა, ძალიანაც კარგი. ამას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ, _ კვლავ ხმადაბლად წარმოთქვა მამაკაცმა და მანქანა ადგილიდან დაძრა. უნდოდა თბილისში დროზე დაბრუნებულიყო. იგი ბავშვობის მერე რუსეთში ცხოვრობდა და იქ სულ სხვა მენტალიტეტით გაიზარდა, თორემ კეთილშობილი გვარის ქართველ მამაკაცს აზრადაც არ უნდა მოსვლოდა ახალგაზრდა, უდანაშაულო გოგონას შურისძიების იარაღად გამოყენება. თუმცა, თუ ჭორებს დაეჯერებოდა, ია არცთუ ისე უმანკო იყო…
რას დაეძებს. მართლა ცოლად კი არ უნდა. ისედაც სულ ატყუებს, მოსკოვში ვცხოვრობო. არადა, რომ გაიცნო, უკვე თბილისში იყო ჩამოსული. მოსკოვი მიატოვა და თბილისში იყიდა ბინა, იქ დასახლდა. თითქოს უფრო დამაინტრიგებელიც კი იყო, როცა იას უთხრა, მოსკოვში ვცხოვრობო. ამით აგრძნობინა, ერთმანეთისგან შორს ვართ და შეიძლება ვერც გავიცნოთ ერთმანეთიო. ასე უფრო შეიჩვია, მერე კი დააჯახა, საქართველოში ჩამოვდივარ, თანაც შენს სოფელში, რადგან სტუმრად დამპატიჟეს ახლობლებმაო. იცის გუჯიმ, რომ ია უკვე ყურებამდეა მასზე შეყვარებული. ამაზე მათ არასდროს უსაუბრიათ, მაგრამ გრძნობს. კაცს ასეთი რამეები არ გამოეპარება. თვითონაც ისე მოექცა, აგრძნობინა, რომ არ იყო გულგრილი მის მიმართ, მაგრამ სიყვარული არ აუხსნია. ამით უფრო გაუმძაფრა გოგოს გრძნობები. ესეც ერთგვარი ხრიკია, რომელსაც ჭკვიანი მამაკაცი ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებს.
მოსკოვში საკუთარი ბიზნესი ააწყო. ფეხი რომ მოეკიდა, ბინძური საქმეების კეთებამაც მოუწია, რადგან იქ სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა. რუსეთში თავი რომ გაიტანო, `მგელი უნდა იყო და მგელზე უფრო მგელი~. ეს გამოთქმა არასდროს დავიწყებია და არც გადაუხვევია ამ დევიზისთვის. მაგრამ ბოლოს ისე წავიდა საქმე, რომ მიხვდა, თუ ასე გააგრძელებდა, ადამიანურ სახეს დაკარგავდა, ამიტომ ბიზნესის წილი გაყიდა და საქართველოში ჩამოვიდა. ახლა აქ იკიდებს ფეხს და საკმაოდ წარმატებულადაც. სხვა მხრივაც აწყობს აქ ყოფნა _ ქავთარაძეებს ბოლო უნდა მოუღოს! ეს მისი უპირველესი მიზანია, მიზანი და მოვალეობაც. თავის გამწარებულ ბავშვობას არავის შეარჩენს!
მანქანა ნელა მიჰყავდა, სიჩქარისთვის ერთხელაც არ გადაუჭარბებია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გზატკეცილზე არ გასულიყო. მუსიკა ხმამაღლა ჩართო და თვითონაც აღიღინდა. ქართულ მელოდიებს მონატრებული უდიდესი სიამოვნებით უსმენდა `ცისფერ ტრიოს~ და ის დრო აგონდებოდა, როცა ამ ლამაზ სოფელში თვითონაც უზრუნველად ცხოვრობდა.
_ შენ რა, რომანტიკოსობა დაგჩემდა? რა ლექსები აგიტყდა? როდის იყო მონაზვნების სანახავად გარბოდი? _ გაიკვირვა არჩილმა, როცა გუჯიმ სთხოვა, სოფელში გამომყევი, მონაზვნების ლიტერატურულ საღამოს დავესწროთო.
მეგობრები ეზოში იდგნენ, უზარმაზარი ხეჭეჭურის ძირში და ნატოს გამოსვლას ელოდებოდნენ.
_ რა ვიცი, რატომღაც, დამაინტერესა, _ გულგრილად მიუგო გუჯიმ, თუმცა შინაგანად ღელავდა, რადგან იცოდა, რომ სულ მალე იას ნახავდა.
_ მაგარი უცნაური კაცი ხარ, რა. ლამის მთელი მსოფლიო გაქვს შემოვლილი, იმხელა ბიზნესს ატრიალებ და რა მონაზვნები, რის მონაზვნები? ნოსტალგია შემოგაწვა? უცნაური იდეები მოგდის თავში.
_ სხვათა შორის, ამ უცნაური იდეების წყალობით ვმართავ ბიზნესს, _ ცივად შენიშნა გუჯიმ.
_ აი, მაგაში კი მართალი ხარ, _ ჩაახველა შემცბარმა არჩილმა, რადგან ახლობლის ცივი კილო არ ესიამოვნა, მერე კი სასაუბრო თემა შეცვალა, _ მე უკვე გავაფრთხილე დედა სალომე, სტუმარს მოგიყვან-მეთქი, მაგრამ აქედანვე მინდა გითხრა, რომ მასთან მხოლოდ ქალები იყრიან თავს და უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდე, იცოდე.
_ ვნახოთ.
_ ისინი თავიანთ ჭიას ახარებენ, ლექსებს კითხულობენ, მოთხრობებს. ჭორაობენ, რაღაც საქველმოქმედო ფონდსაც აარსებენო, ყური მოვკარი. არ იცი, ქალები როგორი რომანტიკოსები არიან?
_ ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც მაინტერესებს. მეც მოვკარი ყური მაგ ფონდის ამბავს და სწორედ მაგან დამაინტერესა. იქნებ ღირდეს ფულის დაბანდება, _ იცრუა გუჯიმ, თორემ ფონდის შესახებ პირველად ესმოდა.
_ კარგი, წავიდეთ, ოღონდ მიგიყვან, გაგაცნობ მათ და წამოვალ. მე იქ დამრჩენი არა ვარ, ძმაო. მონაზვნებთან ურთიერთობა არ შემიძლია.
_ ეგრე იყოს, თანახმა ვარ. უბრალოდ, მარტო სად მივიდე. არ იტყვიან, ეს ვინ არისო? შენ წარმადგინე და მერე რაც გინდა, ის ქენი. ჩემი ახირების გამო შენ რატომ უნდა დაიტანჯო.
ამ დროს ნატოც გამოჩნდა. სამივენი ჩასხდნენ მანქანაში და სოფლის შუაგულისკენ აიღეს გეზი, საიდანაც ეკლესიის ლურჯი გუმბათი ნათლად მოჩანდა.
გუჯი რაღაცნაირად გრძნობდა თავს. თითქოს აფორიაქებულიც იყო, თითქოს ნერვიულობდა კიდევაც. თუმცა არც იყო გასაკვირი. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო მისთვის. დღეს პირველად შეხვდებოდა იას. საბრალო გოგო ალბათ ვერასდროს იფიქრებდა, რას უმზადებდა მას მისი პოეზიის `თავგადადებული თაყვანისმცემელი~.
ჯერ მონასტერში შევიდნენ, სანთლები დაანთეს და რადგან იგი უკვე იკეტებოდა, მალევე გამოვიდნენ. მერე ფეხით დაუყვნენ გზას, არჩილმა თქვა, დედა სალომეს სახლი აქვე ახლოსაა, მანქანით გზის გაგრძელება არ ღირსო.
მართლაც მალევე მიადგნენ კოხტა ბელეტაჟს, რომლის ფასადი ვარდისფრად შეეღებათ. სახლი კოტეჯს უფრო ჰგავდა თავისი ექსტერიერით. ეზოში უკვე მოეყარათ თავი მონაზვნებსა და სოფლის ქალებს.
გუჯის უნებლიეთ გაეღიმა, რადგან ეზოში მოფუთფუთე ქალები დამფრთხალ მტრედებს შეადარა. იქაურობას დაკვირვებული მზერა მოავლო, ცდილობდა, იმ ქალებში ია ამოეცნო. უშედეგოდ. ასაკით არც ერთი მათგანი იას არ აგონებდა.
ის იყო, ეზოში შესვლა დააპირეს, რომ ცხენის ფლოქვების თქარათქური მოესმათ. სამივემ გზის მარცხენა მხარეს გაიხედა და ნატომ საკმაოდ ხმამაღლა შენიშნა:
_ აი, ჩვენი იაც მორბის!
გუჯის სუნთქვა შეეკრა. თითები ძალუმად მომუშტა და ცხენზე ამხედრებულ ახალგაზრდა ქალს გამჭოლი მზერა მიაპყრო. მამაკაცს თვალში მოხვდა ის, რომ მხედარს ქავთარაძეებისთვის დამახასიათებელი ოქროსფერი თმა კი არ ჰქონდა, არამედ პირიქით, მუქი შინდისფერი, გაშლილი და მხრებზე დაყრილი.
მოულოდნელად იას სახეზე რაღაცამ გაიელვა და გუჯიმ ახლაღა შეამჩნია, რომ გოგონას ოპტიკური სათვალე ეკეთა. `ჰმ… არც ერთი ჩემი ნაცნობი გოგო ასეთ სათვალეს ცხვირზე არ დაიკოსებდა~, _ გაიფიქრა მან და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მოახლოებული მხედარი.
_ ნახე, რა მაგარი გოგოა, _ ნატომ გუჯის გადახედა, _ მაგრამ რად გინდა. ისეთ ოჯახში ცხოვრობს, მას რომ არ შეეფერება. ყველანი მოთამაშეები არიან, თავქარიანები, ფულით გაბღენძილები. ია კი სულ სხვაა, საყვარელი ვინმეა. მწყინს, რომ ამისთანა ადამიანს ერთ დროს ცუდი ამბავი შეემთხვა, _ დაასრულა ნატომ, როცა შეამჩნია, როგორი ხარბი თვალებით მიშეტერებოდა გუჯი გოგონას.
_ ჰო, გამახსენდა, ამას წინათ ხომ მომიყევი, _ გულგრილად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
იამ ცხენი ჭიშკართან შეაჩერა.
გუჯიმ ისიც შეამჩნია, რომ გოგონას პატარა, საოცრად ლამაზი ცხვირი და უძირო ზღვისფერი თვალები ჰქონდა. თითქოს არც იყო ლამაზი, მაგრამ რომ დააკვირდებოდი, სრულიად განსხვავებულ სილამაზეს აღმოაჩენდი მასში.
ნატო და არჩილი თბილად მიესალმნენ. იამაც გაუღიმა შორეულ მეზობლებს და ღიმილმა მისი სახე სრულიად შეცვალა.
_ ქალბატონო ნატო, არ გელოდით ჩვენთან. მიხარია, რომ გვეწვიეთ.
იამ ცხენიდან ჩამოხდომა დააპირა. ამ დროს გუჯი მიეჭრა:
_ დაგეხმარებით. _ წარმოთქვა და უცებ მიხვდა, რომ ხმა შეცვლოდა. ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ბოლოს და ბოლოს ასრულდა მისი ოცნება და თავის მომავალ მსხვერპლს შეხვდა.
გოგონა საერთოდ არ ჰგავდა ქავთარაძეებს. ისინი მაღლები და ლამაზები იყვნენ, ეს კი…
იამ სათვალის ზემოდან გადმოხედა უცხო მამაკაცს და მოულოდნელად გაწითლდა. მისმა შეკითხვით სავასე მზერამ გუჯი მიახვედრა, რომ ქალის თვალები მას განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>