როგორც იქნა, თავი მოთოკა და გოგონას ხელი გაუწოდა. შეეხო თუ არა, მანამდე განუცდელმა ჟრუანტელმა მთელ სხეულში დაუარა. რა იყო ეს? შურისძიების მოახლოებით განცდილი სიხარული თუ… ალბათ, ასე ემართებათ მონადირეებს, როცა ნადავლი მახეში გაებმება.
ია დაეყრდნო მამაკაცის ხელს და ის იყო, ცხენიდან ჩამოხტომა დააპირა, რომ არჩილმა ხმამაღლა თქვა:
- ია, გაიცანი ჩემი შორეული ნათესავი, გუჯი მაღლაფერიძე.
გოგონამ უკვე იცოდა, ვინ იყო იგი. მიხვდა, როგორც კი ნატოსა და არჩილთან ერთად დაინახა, მაგრამ მაინც გაოცებული სახე მიიღო. თუმცა დაბნეულმა ფეხის უზანგიდან გამოღება ვერ მოახერხა და მიწაზე ზღართანი რომ არ მოედინა, მამაკაცს მკლავებში ჩააფრინდა. ისე შერცხვა, ერჩივნა, მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩაეტანა. თავს საშინლად შერცხვენილად გრძნობდა, თან ბრაზობდა: ხომ მაშინვე მივხვდი, ვინც იყო, რაღამ დამაბნიაო.
დიდხანს ცდილობდა დამშვიდებას. მონაზვნებთან ერთად ჩაიც დალია, დაილაპარაკა, გაიცინა კიდევაც, მაგრამ შინაგან ფორიაქს ვერაფერი მოუხერხა. გრძნობდა, შეფარვით როგორ უყურებდა მამაკაცი და ეს კიდევ უფრო ძაბავდა ისედაც დაძაბულს.
ნატომ და არჩილმა ბოდიში მოიხადეს, სასწრაფო საქმე გვაქვს და ვერ დავრჩებით, მაგრამ მძევლად გუჯის გიტოვებთო და წავიდნენ. გუჯი კი მაშინვე გატაცებით ჩაება ქალებთან საუბარში და ყველა აიყოლია. როცა გუჯი საუბრობდა, საერთოდ არ უყურებდა იას, თითქოს ქალებს შორის არც ყოფილიყოს, ხან ერთ მონაზონს შეავლებდა მზერას, ხან - მეორეს.
იამ ამით ისარგებლა და მამაკაცის გარეგნობის შესწავლას შეუდგა. მაღალი, მხარბეჭიანი, შავთმიანი, არისტოკრატული ნაკვთებით, მომწვანო თვალებით და მამაკაცური, ჩაჩვრეტილი ნიკაპით. ერთადერთი, რაც იას არ მოეწონა, სწორედ ეს ჩაჩვრეტილი ნიკაპი იყო, რადგან ერთ ინგლისელ მსახიობს აგონებდა, რომელიც სასტიკად არ მოსწონდა.
არც ის მოეწონა, მათი პირველი შეხვედრა ასეთ უცნაურ ვითარებაში რომ მოხდა, რაღაც უფრო რომანტიკულს ელოდებოდა. ამის გაფიქრებაზე ხელი აუკანკალდა და ფინჯანი ლამბაქს წკარუნით შეეხო. გუჯიმ მის ხელს გამჭოლი მზერა ესროლა:
- ქალბატონო ია, ნება მიბოძეთ, ფინჯანი გამოგართვათ, - რბილად წარმოთქვა და მისი თბილი, ძლიერი თითები შემთხვევით შეეხო გოგონას ნაზ ხელს. მამაკაცი შეეცადა მისთვის ფინჯანი გამოერთმია, მაგრამ იამ იგი უკან გასწია, სავარძლის საზურგეს მიაწვა და გამგმირავი ხმით ამოთქვა:
- გმადლობთ! - მაგრამ სწორედ ამ დროს საბედისწერო შეცდომა დაუშვა - იმის ნაცვლად, რომ ფინჯანი ლამბაქზე დაედო, ლამის ქეთოს მუხლზე დადგა.
- აჯობებს, სათვალე გაიკეთოთ, - წასჩურჩულა გვერდით მჯდომმა გუჯიმ, სანამ ქალები იას ერთ-ერთი მოთხრობის მთავარ გმირზე საუბრობდნენ, - ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ამიტომ ჩემთან მოსარიდებელი არაფერი გაქვთ. მეტსც გეტყვით, სათვალე ძალიან გიხდებათ.
იამ მწარედ ჩაიღიმა:
- ამის გამო არ მომიხსნია. უბრალოდ, ჩაის სმისას არ მსურდა მინები დაორთქლილიყო. -მიუგო, ჩანთა გახსნა, სათვალე ამოიღო, გაიკეთა და მამაკაცს ჯიქურ შეხედა.
გუჯიმაც ღიმილით შეათვალიერა.
- ასე რატომ მიყურებთ? არ მოელოდით, ასეთი თუ ვიქნებოდი, არა?
- ასეთი როგორი? _ გუჯიმ გვერდულად გახედა.
- ბეცი, შეუხედავი და რა ვიცი… - სახე აუფორაჯდა იას.
მამაკაცმა თავი გააქნია:
- იცით? უფრო საინტერესო ხართ, ვიდრე წერილებიდან ჩანდით. დამიჯერეთ, ეს ქათინაური არ გეგონოთ, სრული სიმართლეა. იმედს ვიტოვებ, თქვენზეც ასეთივე შთაბეჭდილება მოვახდინე. მაგრამ იმის გამო, რომ ფოტოსურათი არ გამომიგზავნეთ, აუცილებლად დაგსჯით, - და სუსხიანად გაუღიმა.
გოგონას სახეზე გაოგნებამ გადაუარა.
- არა… ჰო… - დაიბნა და არ იცოდა, რა ეთქვა. მოულოდნელ სეტყვასავით დაატყდა თავზე მამაკაცის ყოველი სიტყვა - შექებაც და მუქარაც, თუმცა ეს მუქარა უფრო ხუმრობა იყო.
გუჯიმ ამით დაამთავრა მასთან საუბარი და ისევ დედა სალომეს მიუტრიალდა.
ია გახევებული იჯდა და არაფერი ესმოდა. მოულოდნელად გუჯი წამოდგა, ბოდიში მოიხადა, ჩემი წასვლის დროაო, ყველას გალანტურად დაემშვიდობა და წავიდა.
ქალები მაშინვე აქაქანდნენ.
- უფ, კიდევ კარგი, წავიდა. ძალზე საინტერესო კაცია, მაგრამ ისე უცაბედი იყო მისი მოსვლა, რომ დაგვაბნია. როდის იყო, ჩვენთან კაცები იყრიდნენ თავს, ა? არადა, თურმე სულ სხვა ყოფილა კაცებთან კამათი და მსჯელობა. განათლებული ბიჭი ჩანს, ვერაფერს ვიტყვი, -დედა სალომემ ხელები გაშალა და გარშემო მსხდომთ გადახედა, - ნატომ მითხრა, გავლენიანი პიროვნებააო, თბილისში თავისი ბიზნესი აქვსო.
- თბილისში? - გაოცებით გაიმეორა იამ.
- ჰო, თბილისელიაო, ასე მითხრა. შენ რა დაგემართა, ია, ფერი არ გადევს სახეზე.
- არა, არაფერი… ჩაის კიდევ დავლევდი, რაღაც მამცივნებს, - ძლივს ჩაილუღლუღა გოგონამ და ხელისგული ცარიელ ფინჯანს დაადო.
დედა სალომემ თავის დას, მართას გახედა:
- მართა, გეთაყვა, მიდი, აადუღე წყალი და ჩაი კიდევ შემოგვიტანე. კარადაში ნამცხვარია და ისიც გამოაყოლე, თუ არ დამზარდები.
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მაგ კაცმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა, - თქვა ქეთომ, რომელიც იას გვერდით იჯდა, - საშიში ვინმე მგონია. ისეთი ვერაგი თვალები აქვს… დრაკონივით იმზირება, თითქოს ცეცხლს აფრქვევსო. შეამჩნიეთ? რომ შევხედე, ლამის დენმა დამარტყა.
- ქეთო, შენ რა გითხარი, ხომ არ შეგიყვარდა, ქალო, ა? - ვერამ ტაში შემოჰკრა, თავი უკან გადააგდო და ატკარცალდა, - შენს ქმარს ვეტყვი ყველაფერს, იცოდე და ნახავ მერე, რომ გამოგკეტავს თავის აფთიაქში და გარეთ ცხვირს არ გამოგაყოფინებს.
ქეთოს ქმარი აფთიაქარი იყო. სოფელში ერთადერთ აფთიაქს ის განაგებდა.
- შენ რა გითხარი, - პირზე ხელი მიიფარა ქეთომ და ისე გაიცინა, რათა ჩაცვენილი კბილები არ გამოეჩინა, - რა დროს ჩემი კაცებია, გენაცვა. კაცი აგე, ამას სჭირდება, ვარდივით რომ გვიზის შუაში, - თქვა და ხელი იასკენ გაიშვირა.
- მაგ ბიჭის ოჯახი ოდესღაც აქ ცხოვრობდა, - დახშული ხმით ჩაილაპარაკა დედა სალომემ და რატომღაც შუბლი შეიჭმუხნა.
- რას ამბობ, მართლა? - ქეთომ პირზე აფარებული ხელისგული ლოყაზე გადაიტანა, - ვისი შვილია, ნეტავ?
- დარწმუნებული ხართ? - კითხვას კითხვა მიაყოლა იამ, რომელიც ამ ამბავმა გააოგნა.
- კი. სადღაც ოცი-ოცდახუთი წლის წინათ, ალბათ. მე და მართა სწორედ მაშინ მოვედით ამ მონასტერში. როგორც მახსოვს, კარგა გვარიანად შეძლებული ოჯახი ჰქონდათ, - დედა სალომემ მოულოდნელად მოყოლა შეწყვიტა და თვალებში უცნაური გამომეტყველება ჩაუდგა, - თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო და კარგად არ მახსოვს, მაშინ რა მოხდა. მოვეშვათ ამას, სხვა სალაპარაკო გამოგველია თუ რა? შენ ის მითხარი, ია, ჩვენი განცხადების თაობაზე ახალი არაფერია?
ია გამოცოცხლდა, კვლავ გახსნა ჩანთა და იქიდან დაბეჭდილი თაბახის ფურცელი ამოიღო.
- ახლახან ამოვაპრინტერე. ფონდის თაობაზე დადებითი პასუხი მოვიდა. ამ დღეებში პირველი თანხებიც ჩაირიცხება. ეს ზუსტად ვიცი.
ახალმა ამბავმა ქალებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
- სალომე, მე არ მიმიღებთ თქვენს ფონდში? რაღაცაში მაინც გამოგადგებით, - წამოიძახა ქეთომ, - ბოლოს და ბოლოს, წამლებით მაინც მოგამარაგებთ ჩემი თომა.
- შენ რავა სულ მოგებაზე ფიქრობ, ქალო, რა გჭირს? შენი ქმრის გამდიდრება მოგინდა, ხომ? - ჩაიხითხითა იამზემ, შინაბერა ქალმა, რომელსაც გულის სიღრმეში ყველა გათხოვილი ქალის შურდა.
- რა მოგება, გოგო, შენ…
- აბა, მორჩით! - მკაცრად გააწყვეტინა კამათი ქალებს დედა სალომემ, - მთავარია, რომ ჩვენი ოცნება ასრულდა. პროექტები იას წყალობით გვაქვს. როგორც კი ფული ანგარიშზე დაჯდება, იმაზე ვიფიქროთ, რით დავიწყოთ. ია რომ არ გვყოლოდა, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. აწი სიბერის აღარ შეგვეშინდება. ქეთოსაც დავეხმარებით, იამზესაც და ბევრ სხვასაც, ვისაც ხელის გამართვა სჭირდება. ამიერიდან ჩვენი დები მხოლოდ პენსიის იმედზე აღარ იქნებიან. ეს კარგია. ღმერთმა გიშველოს, შვილო, შენი კეთილი გულისთვის. ისე, შენები თუ აფასებენ შენს ფინანსურ ნიჭს, ჰა?
- აბა, რა ვიცი. რაც შემიძლია ვეხმარები და უკმაყოფილოები არ არიან, მაგრამ ჩემი ძმების ამბავი ყველამ კარგად იცით, გართობას არ იკლებენ, თუმცა არც მუშაობას გაურბიან.
- ნუ დარდობ, შვილო, რაც უნდა იყოს, შენი ოჯახის წევრები არიან. საწყალი დედაშენი… კარგი ქალი იყო ცხონებული. ნუ გეშინია, ჩვენ ახლა ერთად ვართ, ერთ საქმეს გავაკეთებთ და შენც გაგიმართლებს, აგერ ნახავ. - დედა სალომემ იას მიუალერსა.
მართამ ათუხთუხებული ჩაიდანი ჩამოატარა, თან ლაპარაკობდა:
- კარგი საქმე კი გაკეთდა. პირველ რიგში, საბავშვო ბაღი გავხსნათ, მერე საკვირაო სკოლა და მომავალი მონაზვნები აღვზარდოთ. იმედია, ამის ნებას დაგვრთავენ.
- რა თქმა უნდა, რახან ფონდი იარსებებს, ყველაფრის ნებას დაგრთავენ. მთავარია, კეთილი საქმეებისთვის დაიხარჯოს ფული, - გაიღიმა იამ და ჩამოცურებული სათვალე საჩვენებელი თითით გაისწორა. - მე ყველანაირად გვერდით დაგიდგებით. რა დამავიწყებს, როგორ დამეხმარეთ წინა წლებში, როცა ისე სულელურად მოვიქეცი.
- აბა, აბა, ეგ რა გასახსენებელია? მთავარია, რომ ახლა ჩვენთან ხარ და ერთ საქმეს ვაკეთებთ.
ეჰ, ასე კი იყო, მაგრამ ია იმ უსიამოვნო ამბავს მაინც ვერ ივიწყებდა და ისიც იცოდა, როგორ გაკიცხეს ზოგიერთებმა მაშინ სოფელში.
ამ დროს დედა სალომე თვალებგაბრწყინებული წამოდგა:
- იცით, რა ვქნათ? მოდი, აღვნიშნოთ ჩვენი გამარჯვება. ცოტა ლიქიორი მაქვს შემონახული, ჩემი დაყენებულია, აი, ამ ალუბლის, - და ხელი ალუბლის ხეებისკენ გაიშვირა, - რას იტყვით?
- გადასარევია! - წამოხტა ქეთოც, - წამო, მეც გამოგყვები, ჭიქებს მაინც მოგატანინებ.
სახლისკენ გაკუსკუსებულ ქალებს ყველამ ღიმილიანი მზერა გააყოლა…
გვარიანად მოსაღამოვდა. საცაა, კიდევაც დაღამდებოდა. გუჯი კარგა ხანს დასეირნობდა კორომში, მონაზვნის სახლისგან მოშორებით, სადაც წესით იას უნდა გამოევლო. მამაკაცი ბრაზობდა და უკვირდა, ამდენ ხანს რას აკეთებს იმ ქალებთან, სახლში წასვლას რომ არ ჩქარობსო. შეგნებულად ადრე წამოვიდა, რომ გოგონას გარეთ დადარაჯებოდა და ახლა მოუთმენლად ელოდა მის გამოჩენას.
უცებ სიმღერის ხმა შემოესმა, რასაც ფლოქვების რაკარუკის ხმაც თან მოჰყვა. მიხვდა, ვინც იქნებოდა, განა სხვა ვინმეც დადიოდა სოფელში ცხენით. ია მშვენივრად მღეროდა, აშკარად ეტყობოდა, კარგი სმენა ჰქონდა. გოგონას ჩორთით მოჰყავდა ცხენი.
გუჯი საფარიდან გამოვიდა და გზაზე გაიხიდა. ია ისე იყო გართული სიმღერით, რომ მამაკაცი ვერც შეამჩნია.
- ნეტავ სად იყურება! - გაგულისდა გუჯი, თან თვალს არ აშორებდა ცხენზე მოხდენილად ამხედრებულ გოგონას. აღიზიანებდა, ასე რომ იზიდავდა ეს გოგო. სულაც არ მოსწონდა ეს ამბავი. შიშობდა, მისადმი უნებლიე ლტოლვა ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შემიშლისო. როგორმე ცივი გონება უნდა შეენარჩუნებინა და ემოციებისგან თავი დაეღწია.
- როგორ გაატარეთ დრო, ია?
გოგონამ უცაბედად დაიყვირა და ცხენი ყალყზე შეაყენა.
- ღმერთო, როგორ შემაშინეთ! აქ რას აკეთებთ? - ია წამოწითლდა და თვალები უცნაურად აუციმციმდა. დღეს რაღაც ბევრჯერ მოუწია გაწითლებამ, ალბათ მთელი თვის მარაგი ამოწურა, - გზა ხომ არ აგებნათ?
- არა, - უპასუხა გუჯიმ, - უბრალოდ, თქვენ გელოდით და უკვე ვშიშობდი, შინისკენ სხვა გზით ხომ არ წავიდა-მეთქი.
იამ ვერაფერი გაიგო:
- თქვენ ხომ ჩქარობდით, საქმე მაქვსო…
- მართალი გითხრათ, მოვიგონე, რომ იქიდან წამოვსულიყავი. იმდენი ქალი იყო, თავი უხერხულად ვიგრძენი და მივხვდი, რომ არც ისინი დარჩნენ ჩემი ვიზიტით ნასიამოვნები. მგონი, დავრთგუნე თქვენი ლიტსაღამოს სტუმრები.
- მაგაში არ ცდებით. ჩვენს ქალებს მანამდე დრაკონები არასდროს… - მისდა უნებურად წამოსცდა და შეეცადა შეცდომა გამოესწორებინა, - მინდოდა მეთქვა, რომ თქვენისთანა…
- აჰა, ესე იგი, დრაკონი ვარ? ასე შემარქვეს? - უსიამოვნოდ გაეღიმა.
- არა, არა, რას ბრძანებთ, - შეშფოთდა ია, - სულაც არა, თუმცა თვალები ცოტათი კი მიგიგავთ…
ამაზე მამაკაცს გაეცინა:
- კბილები? კბილებზე რას იტყოდით?
- კბილებით ნამდვილად არ ჰგავხართ. - გადაიკისკისა იამ, - გეხუმრეთ, თორემ სინამდვილეში ზუსტად ისეთი ხართ, როგორიც წარმომედგინეთ.
- ამას გულწრფელად ამბობთ?
- თითქმის, - კვლავ გაეხუმრა გოგონა და ორივეს სიცილი აუტყდა.
რაც მეტ დროს ატარებდა მამაკაცი მასთან, მით უფრო იხიბლებოდა, რაც სასტიკად არ მოსწონდა. შეეცადა თავი ხელში აეყვანა:
- ცოტა ხომ არ გაგვესეირნა? მგონი, ჩვენ სასაუბრო თემები არ დაგველევა.
- რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, - დაეთანხმა ია.
- გეთანხმები, მეგობრები ვართ, მეგობრები და კეთილისმყოფელები.
- ასე მგონია, საუკუნეა გიცნობთ.
- მე კი მგონია, მთლად საუკუნე არა, მაგრამ ოთხმოცდაცხრამეტი წელი მაინცაა.
გუჯის ნათქვამს ისევ ორივეს გულიანი სიცილი მოჰყვა. მერე მამაკაცი გოგონას მიუახლოვდა და ცხენს აღვირში მოჰკიდა ხელი.
- მაგრამ ცოტა გვიან ხომ არ არის გასეირნება? - იას შეშფოთება შეეტყო, - სოფელია მაინც…
- რა სისულელეა, ვინ დაგვინახავს? უკვე დაბინდდა. კიდევაც რომ გვნახონ, რა მოხდა მერე, უცხოები ხომ არ ვართ, ერთმანეთს ვიცნობთ.
- ჰო, ალბათ… - გაეღიმა იას, - ასე მგონია, სიზმარია. ვერ ვიჯერებ, რომ ერთმანეთს შევხვდით. იცით, როგორ ვოცნებობდი ამ დღეზე?
გუჯი გააოცა მისმა ასეთმა გულღიაობამ, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ხელი გაუწოდა, რომ ცხენიდან ჩამოხდომაში მიხმარებოდა. აღარ ჩაეძია, თორემ ჰკითხავდა, რატომ ოცნებობდიო, მაგრამ შეეშინდა, არ დავაფრთხოო.
ხომ მაპატიებთ, ასე მოულოდნელად რომ ჩამოვედი? ვიცი, რომ სიურპრიზები გიყვართ და ვიფიქრე, ასე უკეთესი იქნება-მეთქი.
- ჰო, მიყვარს, მაგრამ რომ დაგინახეთ, ისე ავნერვიულდი, ლამის გული გამიჩერდა. კი მომწერეთ, ჩამოსვლას ვაპირებო, მაგრამ ასე უცებ თუ მოხდებოდა ეს, არ მეგონა. სიმართლე გითხრათ, მსურდა მომზადებული დაგხვედროდით, თუმცა არა მგონია, ამით რაიმე შეცვლილიყო.
მამაკაცმა ზემოდან დახედა გოგონას, რომელიც მხრებამდე ძლივს სწვდებოდა. მოსწონდა, ია ასე ნატიფად რომ მოძრაობდა, თითქოს თავის ყოველ ნაბიჯს ბალერინასავით აკონტროლებსო.
- უნდა ვაღიარო, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებით. დაგინახეთ თუ არა, მაშინვე მომაჯადოეთ.
- მართლა? - წამოიძახა გოგონამ და გაწითლდა.
- მართლა, მართლა. მგონი, ყალბად არ გაჟღერებულა ჩემი სიტყვები.
იას თვალები გაუბრწყინდა.
- დიდი მადლობა. მეც მოვიხიბლე თქვენით. რომ იცოდეთ, რამდენი რამე მინდა გითხრათ…
"ყველაფერი რა იოლად და სწრაფად გვარდება", - გაიფიქრა გუჯიმ.
- მითხარით, მერე, აქ არ ვარ? არსად არ გავრბივარ.
- ჯერ ცოტა გაგიშინაურდეთ… მიჭირს ასე…
- არა უშავს, ყველაფერი დალაგდება. ჩემი ბრალია, დღეს ისე უცებ დაგადექით თავზე… ალბათ, დავაფრთხე თქვენი მეგობრები.
- რას ამბობთ. ძალიან კარგია, რომ მოხვედით. უბრალოდ, დღეს ლიტერატურის გამო არ შევკრებილვართ, უფრო ფინანსურ საკითხებს განვიხილავდით.
- რას, რას? - გაუკვირდა გუჯის და გაკვირვებული მზერა ესროლა გოგონას.
- ეს თქვენთვის საინტერესო არ იქნება.
- რატომ, ძალიანაც მაინტერესებს. მომიყევით.
- დღეს განსაკუთრებულ ხასიათზე ვარ, რადგან კარგი ამბავი მაცნობეს. მოკლედ, მონაზვნებს სურდათ საქველმოქმედო ფონდის დაარსება და გავგზავნეთ მოთხოვნა. ჰოდა, დღეს დადებითი პასუხი მოგვივიდა. ამ ყველაფრის თაოსანი მე ვიყავი, - იამ დაიმორცხვა, -იდეა ჩემი იყო და მიხარია, რომ გაამართლა. ახლა შემიძლია მშვიდად ვიყო, დანარჩენი ადვილად მოგვარდება.
- ესე იგი, ფინანსებში ერკვევით? კარგად იცით ეს საქმე?
- ჰო, და, როგორც ამბობენ, ნიჭის მსგავსიც მაქვს. ჩემი ოჯახის ფინანსურ მხარესაც მე ვუძღვები.
ასე საუბარ-საუბარში მდინარეს მიუახლოვდნენ. გუჯიმ მარჯვნივ გადაუხვია და ვიწრო ბილიკით დაეშვა თავქვე.
იას გაუკვირდა.
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კარგად იცნობთ აქაურობას. დავიჯერო, ბავშვობის მერე არაფერი დაგვიწყებიათ?
გუჯიმ ეჭვიანი მზერა ესროლა. როგორც ჩანს, რაღაცები გაიგო ჩემზეო, გაიფიქრა და უდარდელად მიუგო:
- ვინ გითხრათ, რომ აქ ვცხოვრობდი?
- დედა სალომემ.
- ჰოო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.
- მერე რა? წარმოიდგინეთ, რა უცნაური დამთხვევაა: თქვენ შემთხვევით მომწერეთ, როცა ჩემი ლექსი წაიკითხეთ ფეისბუქში და მოგეწონათ. შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენ ერთნაირი ლიტერატურული გემოვნება გვქონია. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ოდესღაც აქ ცხოვრობდით, ახლა კი შევხვდით. არ არის უცნაური?
- ცხოვრება სავსეა ასეთი უცნაური დამთხვევებით.
- მე კი ვფიქრობ, ეს ბედისწერაა. იცით? თითქოს ვხედავ კიდევაც თქვენს ბავშვობას წარმოსახვაში, როგორ დარბის პატარა ბიჭი ეზოში და ძაღლი მისდევს. ძაღლი გყავდათ?
- კარგად არ მახსოვს, მგონი მყავდა.
- ასეც ვფიქრობდი. ისე, ამ ადგილას მეც ხშირად მოვდივარ, ჩემთვის ვზივარ მდინარის ნაპირზე და ვფიქრობ. ხელს არავინ მიშლის. აი, ის ლექსი, თქვენ რომ მოგეწონათ, სწორედ აქ დავწერე.
მისდა მოულოდნელად, გუჯიმ ლექსის ერთი კუპლეტი წარმოთქვა. ია გაოგნდა, ნუთუ დაიზეპირაო, აღფრთოვანებისა და აღელვებისგან ხმის ამოღება გაუჭირდა.
- თქვენ რა, ზეპირად იცით ჩემი ლექსი?
- აბა რა. მე თქვენი ყველა ლექსი მახსოვს.
- მიხარია, - წაილუღლუღა იამ და თავი დახარა.
- თქვენ ნიჭიერი ხართ, ია.
- იცით? მინდა ერთი საიდუმლო გაგანდოთ. ახლა რომანზე მუშაობას ვიწყებ.
- რომანზე?
- ჰო. მინდა კარგი გამომივიდეს. თავგადასავლები, სიყვარული, სირთულეები… რა ვიცი, ვნახოთ. თქვენ პირველი ხართ, ვისაც ეს ვუთხარი.
- მერედა, არ გეშინიათ? რომანის დაწერა სახუმარო საქმე არ არის.
- ვიცი, მაგრამ უნდა ვცადო.
- მადლობელი ვარ, რომ მენდეთ… ესე იგი, თავგადასავალი და სიყვარული, არა?
- ჰო. მოგიყვებით შინაარსს. მინდა დავწერო ქალზე, რომელიც თავდავიწყებითაა შეყვარებული და თავისი დაკარგული შეყვარებულის საძებნელად მიდის. ისინი უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ ქალის ოჯახმა სასიძო დაიწუნა და ისიც იძულებული გახდა, შორს გადახვეწილიყო. წასვლის წინ მან საცოლეს ბეჭედი აჩუქა და დაიფიცა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა და ბოლოს მაინც ერთად იქნებოდნენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>