გარეთ გავიდა. ჭიშკართან ტაქსი იდგა, საიდანაც არცთუ ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა.
_ გამარჯობა, ქალბატონო. მე სოსო მქვია, გუჯისთან ვმუშაობ. გუშინ დამირეკა და მთხოვა, ჩამოვსულიყავი.
_ მაგრამ ის შინ არ არის.
_ ვიცი, ვიცი. საქმეზეა გასული, წეღან დავურეკე და ველაპარაკე. ამიერიდან მე თქვენ გვერდით ვიქნები, აქ ვიცხოვრებ და მოგემსახურებით.
_ როგორ, ჩვენი მოსამსახურე უნდა იყოთ? _ იამ თვალები დააჭყიტა.
_ ამაში გასაკვირი არაფერია. მთლად მოსამსახურეს ნუ დამიძახებთ, მე, უბრალოდ, თანაშემწე ვარ თქვენი მეუღლის.
_ ძალიან სასიამოვნოა. მობრძანდით.
სოსომ მცირე ბარგი გადმოიტანა მანქანიდან და იას ფეხდაფეხ მიჰყვა.
_ აი, ეს სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახია. იმედია, არ დაგვიწუნებთ.
_ რას ამბობთ! დიდი მადლობა.
_ მარტო დაგტოვებთ. თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში, _ დაბნეულმა გოგონამ მამაკაცს გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.
იამ სადილი შეაცხელა და დაღლილმა საძინებელს მიაშურა, რომ გუჯის მოსვლამდე თვალი მოეტყუებინა. უკვე შეღამებულიყო და ქმარი საცაა, დაბრუნდებოდა. ამ დროს სოსომ მოუკაკუნა.
_ ქალბატონო ია, ბოდიშს გიხდით, _ წარმოთქვა თანაშემწემ, _ ვიღაც პატარა ბიჭი მოვიდა, მამათქვენს სურს თქვენთან შეხვედრა, რაღაც აქვს სათქმელი. გარეთ გელოდებათ, ბაღის ბოლოში.
ია განცვიფრდა.
_ მამაჩემი? მამაჩემი აქ არის? თბილისში არ წასულა?
_ მაგდენი არ ვიცი. გადით და თავადვე ჰკითხეთ, _ ცოტა არ იყოს, ცივად მოუჭრა სოსომ.
იას არ ესიამოვნა უცხო კაცის ასეთი ტონი, მაგრამ არაფერი უთქვამს.
სოსო მიხვდა, რომ უხეშად გამოუვიდა, ამიტომ ნათქვამს სასწრაფოდ დაამატა:
_ მაპატიეთ, მაგრამ ბატონმა გუჯიმ თქვენებს აუკრძალა მისი ნებართვის გარეშე აქ მოსვლა. რამდენადაც ვიცი, ასე მოილაპარაკეს.
ია გაშრა. მართალია, მან იცოდა, რომ მამამისსა და გუჯის ერთმანეთი არ ეპიტნავებოდათ, მაგრამ ასეთ რამეს არ ელოდებოდა.
_ აქ რაღაც გაუგებრობაა, _ შეშფოთება გაისმა გოგონას ხმაში.
_ ვერაფერს გეტყვით, ქალბატონო. გირჩევდით, გასულიყავით და გენახათ მამათქვენი, სანამ გუჯი დაბრუნებულა.
_ ჰო, გავალ. გამიხარდა, რომ ჯერ არ წასულა თბილისში. გუშინ ვერ მოვასწარი მასთან დამშვიდობება. ისე დავიბენი, ვერც გავიგე, როდის წავიდნენ.
_ ეს მე სრულებით არ მეხება, ქაბატონო. თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, მოეწონება თუ არა ბატონ გუჯის მამათქვენის სტუმრობა და მასთან თქვენი შეხვედრა.
_ რას მელაპარაკებით, სოსო! რას ჰქვია, მოეწონება-არმოეწონება! ის მამაა ჩემი და როცა გამიხარდება, მაშინ შევხვდები. ამას ვერავინ დამიშლის! ვიღაც კი არ მელოდება გარეთ, მამა მელოდება. გასაგებია?
სოსომ პასუხად მხოლოდ თავი დახარა და ქალს გაერიდა.
იამ მხრებზე შალი მოიხურა, კიბე ჩაირბინა და ბაღს მიაშურა. თან ბრაზი ერეოდა სოსოზე, ჯერ არ მოსულა და უკვე პრეტენზიებს მიყენებსო. ამაზე ცალკე უნდა დალაპარაკებოდა ქმარს.
რამაზი ფანჩატურში მოკალათებულიყო და ქალიშვილს ელოდებოდა. იგი ნერვიულად სცემდა ბოლთას და გარშემო ქურდულად იყურებოდა.
_ მამი! _ გაუღიმა იამ და მისკენ ხელები გაიწვდინა, _ ჩემი ლამაზი მამიკო! რა კარგია, რომ ჩემს უნახავად არ წახვედი. საშინლად ვწუხდი, გუშინ წესიერად ვერც შენ დაგემშვიდობე და ვერც ბიჭებს. როგორ ხარ? ხომ კარგი ქორწილი იყო? მე ჯერაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.
_ ნუ, რა თქმა უნდა, გუჯის გვერდით არ მოიწყენ. _ პირქუშად მიუგო მამამ, _ ისე დაგახვია თავბრუ, ისე დაგღალა გაუთავებელი ცეკვით, რომ არც შეგიმჩნევია, როგორ გააგდო მამაშენი და შენი ძმები სუფრიდან. აი, ახლაც ქურდივით შემოვიპარე საკუთარ სახლში, რათა ერთადერთ ქალიშვილს ნორმალურად დავემშვიდობო.
იას მამის სიტყვებზე ზაფრა ეცა. კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ამოღერღა:
_ რას ამბობ, მამა, გუჯიმ გაგაგდო?
_ რა მიამიტი ხარ, შვილო. ნუთუ ვერ მიხვდი, სად მოხვდი და ვისთან გაქვს საქმე?
_ ჩემზე არ იდარდო, მამა. გთხოვ. ვიცი, რასაც ვაკეთებ და რატომაც. ამ ქორწინებით ძალიან კმაყოფილი ვარ.
რამაზმა ქალიშვილს დაკვირვებული მზერა შეავლო:
_ ვითომ? საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი ეიფორია.
_ გეყოფა, მამა, გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს. მე ძალიან ბედნიერი ვარ, მიყვარს ჩემი ქმარი და იმასაც ვუყვარვარ.
_ კარგი, კარგი, ჩემო გოგო. მოდი, დაგემშვიდობო. უკანასკნელად აკოცე მამაშენს, აწი ალბათ ვეღარასდროს ნახავ. _ უიმედობა და სინანული გაისმა რამაზის ხმაში.
_ ოოო, ნუ იცი შენ ეგრე. რას ჰქვია, ვერ გნახავ. ისე გნახავ, როგორც დაგიბარებია. შენთან შეხვედრას ვერასდროს ვერავინ ამიკრძალავს. აგერ ნახავ. უბრალოდ, გუჯის ძალიან უნდოდა აქ დაბრუნება, ამ სახლში ცხოვრება და ამიტომ მოიქცა ასე. ამიტომ დაგემუქრა, იას ვეღარასდროს შეხვდებიო. მე მიხარია, რომ ყველაფერი ასე მშვიდობიანად დამთავრდა. სიმართლეს თუ თვალებში შევხედავთ, სამართლიანობამ გაიმარჯვა. მას ეკუთვნოდა ეს სახლი, მამიკო, ხომ მართალი ვარ?
რამაზმა ხელი ჩაიქნია.
_ შენ ვერ ხვდები, შვილო, რომ სახლის დაბრუნება მხოლოდ დასაწყისია. დასაწყისია იმ უბედურებისა, რომელიც ჩვენს ოჯახს ელოდება: შენ, მე, შენს ძმებს… შენი ქმარი მანამ არ მოისვენებს, სანამ საბოლოოდ არ გაგვანადგურებს.
_ აუ, რა პესიმისტი გამხდარხარ, მამა. ნუ გეშინია, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. გუჯიმ შურისძიების წყურვილი უკვე დაიკმაყოფილა. შესაძლებელია რაღაცები დამიშალოს, მაგრამ ყველაფერს ვერ დამიშლის. მე ყოველთვის ვეცდები, თქვენ გვერდით ვიყო, ისევ ისე, როგორც ადრე, გავაგრძელებ შენი ბიზნესის ბუღალტერიის წარმოებას. გარდა ამისა, მოვალ კიდევაც ან თქვენ მოხვალთ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. გუჯი ამას ვერ ამიკრძალავს.
_ კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩემო გოგო, რომ შენ ჯერ ვერ ხვდები, სად მოხვდი, როგორმა მხეცმა მოგამწყვდია გალიაში. მეც მეგონა, რომ შენს ნახვას არ დამიშლიდა და ამიტომაც დავრთე ნება, შენზე დაქორწინებულიყო, მაგრამ გუშინ, სუფრა როგორც კი დამთავრდა, მკაცრად გამაფრთხილა, აქ ფეხი აღარ მოადგამთო. გარდა ამისა, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, იამ თქვენი ფინანსური საქმეები წარმართოსო.
იას მიტკლისფერი დაედო.
_ ჩემთვის არაფერი უთქვამს. ამის შესახებ არაფერი ვიცი. იქნებ სწორად ვერ გაიგე მისი ნათქვამი? გასაგებია, რომ მატერიალური დახმარების უფლებას არ მომცემს, მაგრამ ერთმანეთს ვერ დაგვაშორებს.
_ შვილო, რაში მჭირდება მისი მატერიალური დახმარება. მე რა, ჩემი მაკლია? არავის დასახმარებელი არაფერი მჭირს. მის ნაბიჯებს კაციშვილი ვერ განსაზღვრავს. არ ვიცი, რა ჩაიფიქრა, არც ის ვიცი, რომელი მხრიდან მომიდგება და სად ჩამცემს ლახვარს. ყველაზე ცუდი ესაა. ვერაგი მტერი ყველა სხვა მტერზე უარესია.
იას შეშფოთება დაეტყო.
_ მამა, სისულელეს ნუ ლაპარაკობ, ძალიან გთხოვ.
_ შენ იცი, ჩემო შვილო, შეიძლება აწი ერთმანეთი ვეღარასდროს ვნახოთ. მაპატიე, თუ ოდესმე რამე გაწყენინე, არ დამივიწყო და ცუდად არ გამიხსენო.
_ მამა! _ შეჰკივლა სასოწარკვეთილმა გოგონამ.
_ მინდა იმედი დავიტოვო, რომ შენც ისევე არ ხარ განწირული, როგორც ჩვენი გვარი.
_ მამა, დამშვიდდი, _ ია რამაზს მოეხვია, _ რაღაც ძალიან გადავრდნილხარ დეპრესიაში. განა რა დაუშავე ისეთი გუჯის, ასე რომ გეშინია მისი?
_ ალბათ დავუშავე, _ წაილუღლუღა რამაზმა, _ მაგრამ არა უშავს, ჯერ კიდევ არაა ყველაფერი დაკარგული. შენ თუ გინდა საკუთარი მამა და ძმები არ დაკარგო, მაშინ ცოტა ეშმაკურად უნდა მოიქცე.
_ რა ეშმაკურად, რას მეუბნები? _ ვერ მიუხვდა ია.
_ იმას, რომ დღეიდან ყველასგან მალულად უნდა ვნახოთ ერთმანეთი. საჭირო არ არის, ქმარმა ყველაფერი იცოდეს. თუ დაითანხმებ მაგ ვაჟბატონს, თბილისში გადაგიყვანოს საცხოვრებლად, იქ უფრო გაგვიადვილდება შეხვედრა. _ რამაზი ჩურჩულზე გადავიდა, თვალებს შეშლივით ატრიალებდა აქეთ იქით და როცა მიხვდა, რომ შვილი საშინლად შეაშინა, დაყვავებით გააგრძელა, _ ნუ გეშინია, ჩემო გოგო, ყველაფერი გამოგვივა. იმას შენდამი ინტერესი მალე გაუქრება. მან უკვე მიაღწია თავისას და აწი აღარ დასჭირდები. როგორც ქალი კი მის გემოვნებას არ შეეფერები. ხომ იცი, რომ ასეა. მას მხოლოდ თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად სჭირდებოდი.
_ რა ჩანაფიქრზე ლაპარაკობ, მამა, შენ სულ გაგიჟდი.
_ ჩვენი გვარის სრულ განადგურებაზე. მაგრამ მე ასე ადვილად არ დავნებდები.
იამ შესაწინააღმდეგებლად პირი გააღო, მაგრამ მას დაასწრო… გუჯიმ.
მამაკაცი ჩუმად და მოულოდნელად წამოადგა თავს მამა-შვილს.
იას მის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა:
_ მოხვედი, გუჯი? რა კარგია! აი, ახლა კი გავარკვევთ ამ გაუგებრობას.
გუჯიმ იას ყურადღება არ მიაქცია. იგი დაჟინებულ მზერას არ აშორებდა რამაზს, თვალებში თითქოს ცეცხლი უბრიალებდა.
_ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, ბატონო რამაზ და ადრე თუ გვიან აქ გამოცხადდებოდით. ქალიშვილთან დასამშვიდობებლად მოხვედით? _ დაცინვამ და რისხვამ თანაბარი დოზით გაიჟღერა სიძის ხმაში.
რამაზს სხეული დაეჭიმა. იგი გუჯისკენ მთელი ტანით მიბრუნდა და სიძეს ზიზღით შეხედა.
_ ჰო, მოვედი იმიტომ, რომ უფლება მაქვს, ჩემს ქალიშვილს შევხვდე და დავემშვიდობო. გუშინ თქვენ ამის საშუალება არ მომეცით.
გუჯიმ ჩაიცინა.
_ უკვე მითხრეს, რომ წუხელ თბილისში არ წასულხართ, ამიტომ ამ ვიზიტს ველოდი, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით? როგორც ჩანს, ყურად არ იღეთ ჩემი გაფრთხილება. ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ _ ასეთ საიდუმლო შეხვედრებს ვერ შევეგუები!
იას გულზე მოეშვა და შვებით ამოისუნთქა.
_ მეც სწორედ ამას ვეუბნებოდი. რა საჭიროა ასეთი იდუმალება, როცა შეგვიძლია სახლში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ? ვუთხარი, გუჯი ამას არ ამიკრძალავს-მეთქი და არ დაიჯერა. რატომღაც ჰგონია, რომ შენ ჩემებს ახლოს არ გამაკარებ.
ორივე მამაკაცი გაოგნებული მისჩერებოდა იას, თითქოს მიამიტი გოგონა კი არა, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ლაპარაკობსო.
_ როცა თბილისში გადავალთ საცხოვრებლად, მამაშენს მაშინ ნახავ, _ უკმეხად მიუგო გუჯიმ ცოლს, _ მაგრამ არასდროს, არანაირ ვითარებაში ერთმანეთს ცალკე ვერ შეხვდებით. როცა მის ნახვას გადაწყვეტ, მე აუცილებლად შენ გვერდით ვიქნები. გასაგებია?
_ გასაგებია, მაგრამ რა მოხდება, ზოგჯერ ჩემი ახლობლები მარტო მე რომ მოვინახულო? შენ ხომ ყოველთვის არ გეცლება.
_ მეცლება. ასეთი რამისთვის მეცლება. და კიდევ ერთი რამ დაიმახსოვრე. ისინი უკვე აღარ არიან შენი ახლობლები. ახლა მხოლოდ მე ვარ შენი ახლობელი და არავის მივცემ უფლებას, თავისი საქმეებისთვის გამოგიყენოს.
_ ახვარი ხარ, ბიჭო შენ! გინდა, რომ ჩემი შვილი ტყვედ აქციო? რა გამოყენებაზე ლაპარაკობ! ვინ მოგცა ამის უფლება?
_ ჩემმა სტატუსმა. ახლა მე მისი ქმარი ვარ. ვნახოთ, ვისი აჯობებს!
ია დაიბნა. აღარ იცოდა, რა ექნა. ვერ გაერკვა, სინამდვილეში რა ხდებოდა. თავს საშინლად გრძნობდა, როცა მისთვის საყვარელ ორ მამაკაცს ერთმანეთისადმი ასე მტრულად განწყობილს ხედავდა.
_ მამა, ძალიან გთხოვ, ნუ ეკამათები. გუჯი, რა მოგივიდა? ყველაფერი მოგვარდება, ორივენი დამშვიდდით.
_ მე სრულიად მშვიდად ვარ. უკვე დროა, გზას გაუდგეთ, ბატონო რამაზ! აქ თქვენი ადგილი აღარ არის.
_ ხედავ? ხედავ, ია, როგორ მელაპარაკება? ახლა მაინც ვერ ხვდები, რომ არ უყვარხარ და მხოლოდ გიყენებს? ვერ ხვდები, რომ სულ მალე უსარგებლო ნივთივით მოგისვრის? სწორედ ამის მეშინოდა და ამიტომაც ვიყავი წინააღმდეგი, ამ არაკაცს ცოლად გაჰყოლოდი. მაგრამ აბა, ვინ დამიჯერა? აწი მაინც იცოდე და დაიმახსოვრე, შვილო, ეს კაცი საბოლოოდ გაგამწარებს. შენც და ყველა შენიანსაც. მას ჩვენ სასტიკად ვეზიზღებით.
იას მამის სიტყვებმა თავზარი დასცა.
_ ახლავე წადით აქედან! _ გუჯის ხმაში დაუფარავი მუქარა გაისმა.
რამაზს პასუხი არ დაუბრუნებია, მიტრიალდა და ბაღიდან გავიდა. იას უნდოდა მამას შეხმიანებოდა, მაგრამ ხმა არ დაემორჩილა, იდგა და სიბნელეს უაზროდ მიშტერებოდა.
_ შედი სახლში! _ უბრძანა გუჯიმ ცოლს და იდაყვზე ხელი უხეშად შეავლო, _ და დაიმახსოვრე, რაც გითხარი! არ გავიგო, რომ კიდევ ერთხელ შეხვდე რომელიმე შენი ოჯახის წევრს ასე მალულად, თორემ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება. მორჩა! ამიერიდან შენ მათთან ყოველგვარ კონტაქტს წყვეტ. მე ასე მინდა და სანამ ჩემი ცოლი ხარ, ასე იქნება!
ამ სიტყვებით გუჯიმ საკმაოდ უხეშად უბიძგა ცოლს სახლისკენ.
ია დაიზაფრა. ქმრისგან ასეთ მოპყრობას არ ელოდა, მით უფრო, წუხანდელი ღამის შემდეგ.
_ შენ… შენ არ მოდიხარ? _ ჩურჩულით შეეკითხა.
_ მეც მალე მოვალ. წადი და დამელოდე!
ია უსიტყვოდ შეტრიალდა და ბაღის ბილიკს ღამის სიბნელეში ბარბაცით დაუყვა…
სანამ გუჯი სახლში შემოვიდოდა, ია გარინდებული იჯდა ბიბლიოთეკაში და ქმარს ელოდებოდა. როგორც კი იგი შემოვიდა, უხმოდ მივიდა ბუხართან, ცეცხლი დაანთო და იქვე სავარძელში ჩაჯდა.
ია მოთმინებით იცდიდა, ეგონა გუჯი რამეს მაინც ეტყოდა, მაგრამ არა. მამაკაცი ისე იქცეოდა, თითქოს მას ვერც კი ამჩნევდა. ამიტომ იამ თვითონ წამოიწყო:
_ გუჯი… მესმის, რომ მამაჩემისთვის სამაგიეროს გადახდა გინდოდა, გსურდა წარსულის გამო შური გეძია, მაგრამ ახლა რაღა გაწუხებს? ეს სახლი ხომ დაიბრუნე? მეტი რა გინდა? ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა შევხვდე მამაჩემს და ჩემს ძმებს. რა საჭიროა წარსულის ლანდების გაცოცხლება? მითხარი, რომ ასე არ მოიქცევი.
_ რაო? წარსულის ლანდების გაცოცხლება? _ აფეთქდა მამაკაცი, მაგრამ შეეცადა თავი შეეკავებინა და ხმას დაუწია, _ წარსულის დანაკარგსა და ტკივილს ვერაფერი ამინაზღაურებს და ვერც იმას დავივიწყებ, მამაშენის სულმდაბლობისა და ღალატის გამო მამაჩემი რომ დაიღუპა. დედა დარდმა გადაიყოლა, მე კი უპატრონოდ გავიზარდე.
ია გააოგნა მისმა სასოწარკვეთამ და სისასტიკემ. ასეთი გუჯი მას არასდროს ენახა და პირველად გაიფიქრა, რომ ქმარმა სამართლიანობის ზღვარს გადააბიჯა.
_ ძალიან კარგად მესმის შენი და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩვენ ხომ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც ჩვენს მშობლებს შეემთხვათ? თუ არ შეეცდები წარსულის დავიწყებას, ორივეს გაგვიძნელდება. რა მომავალი გვექნება, რისი იმედი?
_ ჰმ… მომავალი? რომელ მომავალზე მელაპარაკები, თუ ღმერთი გწამს!
იამ ღრმად ამოიოხრა:
_ მე ჩვენი ურთიერთობის იმედი მაქვს. შენ თვითონ არ მითხარი წუხელ, ჩვენი კავშირი უფრო განმტკიცდაო? ჩვენ ხომ განსაკუთრებული, უჩვეულო ურთიერთობა გვაერთიანებს. მჯერა, რომ ყველაფერს დაივიწყებ, ყოველ შემთხვევაში, შეეცდები მაინც.
გუჯიმ ცოლს ცივად და ირონიულად გახედა:
_ შენ რას მთავაზობ, ერთი მითხარი? შურისძიებაზე ხელი ავიღო ცოლქმრული სარეცლის გულისთვის? სწორად გაგიგე?
გოგონა დაიბნა, აღარ იცოდა, რა პასუხი გაეცა. უყურებდა ქმარს და რატომღაც შიშმა შეიპყრო. მამის სიტყვები გაახსენდა, ვერც კი წარმოგიდგენია, ვის გაჰყევიო.
_ წუხელ შენ თვითონ მითხარი, რომ ჩვენ განსხვავებული ცხოვრება გვექნებოდა, განსხვავებული დამოკიდებულება ერთმანეთთან… მეტაფიზიკური სამყაროც ახსენე… დავიჯერო, ეს ყველაფერი ტყუილი იყო?
მამაკაცს თვალებში რისხვის ნაპერწკლები გაუკრთა.
_ გოგო, დავიჯერო, შენ მართლა ასეთი მიამიტი ხარ თუ თავს მაჩვენებ? მიამიტობაც არ ჰქვია შენს ქცევას. სულელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ! მე წუხელ შენთან მხოლოდ სექსი მქონდა. მორჩა. ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანური ვნება, რა შუაშია აქ რაღაც მეტაფიზიკური კავშირი?
_ მე… არ ვიცი… _ დაიბნა ია, ტუჩები აუთრთოლდა, _ შენ თვითონ მითხარი… თავად ამიხსენი… _ ხმა ჩაუწყდა, ერთიანად წამოჭარხლდა სახეზე. გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ მიწა და ოცნების კოშკები ენგრეოდა. არა, ამას ვერაფრით დაუშვებს. შეუძლებელია გუჯი ასე ფიქრობდეს. ის, უბრალოდ, ამწუთას გამწარებულია და ასე იმიტომ ელაპარაკება. ამოიოხრა, ძალა მოიკრიბა და ცრემლნარევი ხმით განაგრძო, _ ნუთუ ყალბი იყო წუხანდელი ღამე?
_ კარგი, რა, ია, თავი დამანებე.
ახლა კი ვეღარ მოითმინა იამ და ჯიუტად შეუტია:
_ მშვენივრად მახსოვს, როცა მითხარი, ჩვენ თუ ფიზიკურად დავახლოვდებით, ეს უფრო გაამყარებს ჩვენს ურთიერთობას მეტაფიზიკურ სამყაროშიო. შენ ეს სისულელედ მიგაჩნია?
_ გაოცებული ვარ, რა. ზოგჯერ ისეთი ჭკვიანური აზრები მოგდის, მიხარია, ახლა კი ნამდვილი იდიოტივით იქცევი. იმ სულელურ ლაპარაკში იმიტომ აგყევი წუხელ, რომ შენი შიში გამექარწყლებინა, პირველი ღამის შიში.
_ რა შიში, რის შიში! მე სულაც არ შემშინებია.
_ როგორ არ შეგშინებია? მაშინ რატომ დამიტოვე წერილი და დამემალე ამ ოთახში?
_ ხომ გითხარი, რატომაც დაგემალე. არ მინდოდა ჩემ წინაშე თავი ვალდებულად გეგრძნო.
_ არ მორჩები ამ ბოდვას? უკვე დავიღალე!
მაგრამ იას თითქოს არ ესმოდა მისი სიტყვები, მაინც თავისას განაგრძობდა:
_ ესე იგი, მომატყუე, არა? ვერაფერი იგრძენი? სიამოვნებაც ვერ მოგანიჭე, ხომ? შენთვის ეს მხოლოდ წუთიერი გართობა იყო, არაფრით განსხვავებული და მორჩა?
_ გეყოფა! _ დაუყვირა გუჯიმ, _ დროა რეალობას დაუბრუნდე და მიწაზე დაეშვა. შენ ამიერიდან ჩემი ცოლი ხარ და თუ გინდა, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს, იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი. სხვა ყველა და ყველაფერი დაივიწყე.
_ არა მგონია, რამის დავიწყება შევძლო, _ არ დაუთმო იამ.
_ ძალიან კარგი, ნუ დაივიწყებ, _ მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა, _ დროა შეიგნო, რომ შენგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ.
_ რას, სიყვარულს? _ იმედის ნაპერწკალი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო იას თვალებში.
_ არა, ია, არა! _ ისევ დაუყვირა გუჯიმ, _ შენგან მხოლოდ ერთგულება მინდა და ამას მივაღწევ კიდევაც. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნო, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ, გასაგებია?
გოგონა ერთიანად მოიკუნტა და ჩამქრალი ხმით მიუგო:
_ გავიგე.
მერე ადგა, ფანჯარას მიუახლოვდა და ქმარს ზურგი შეაქცია. აღარ შეეძლო შეეხედა კაცისთვის, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა…
მინას შუბლი მიაყრდნო და მზერა ნახევრად შიშველ ხეებს მიაშტერა. ყვითელი ფოთლები ზანტად ცვიოდა მიწაზე. შემოდგომის სიყვითლე თითქოს ამინდსაც შეჰპარვოდა. მზე ხან გამოანათებდა, ხანაც ღრუბლებში მიიმალებოდა.
`რა ვქნა? როგორ მოვიქცე? აქ ვეღარ გავჩერდები. რა აზრი აქვს? მას არ ვუყვარვარ, არც ვჭირდები და რისთვის უნდა დავრჩე? ვისთვის? მხოლოდ იმისთვის, რომ მისი კანონიერი ცოლი ვარ? ამაზე რომ დავთანხმდე, ჩემს გრძნობას დავცინებ. აუტანელი გახდება იმის ცოდნა, რომ ის ყოველღამე მეძავივით ისიამოვნებს ჩემით, ჩემდამი სიყვარული კი არ ექნება~, _ ფიქრობდა განხიბლული. ახლა არც ეს სახლი იყო მისი, სადაც ასე ძალიან უყვარდა განმარტოება. ისევ მარტოსულად იგრძნო თავი. ინანა, მამას რომ არ დაუჯერა. ან კი რისი იმედი ჰქონდა? თავისი შეგონებებით გუჯის გამოასწორებდა? შურისძიებაზე ხელს ააღებინებდა? მართლა სულელია და ამას აქამდე ვერ ხვდებოდა. მეტის ღირსია!
ცრემლები თავისთავად წამოუვიდა. ამან შინაგანად თითქოს დაამშვიდა. დაამშვიდა იმანაც, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო _ რაც შეიძლება მალე უნდა წასულიყო ამ სოფლიდან.
გუჯიმ გაღიზიანებით შეხედა საათს. საღამოს ცხრა გახდა, უკვე საინფორმაციო იწყებოდა, ია კი არ ჩანდა. იძულებული გახდა, მარტო მისჯდომოდა მაგიდას სავახშმოდ. იგი იშვიათად კარგავდა თავის თავზე კონტროლს. ადვილად არ გამოდიოდა წყობილებიდან, მაგრამ როცა გუშინ სოსოსგან გაიგო, რომ ია მალულად ბაღში მამამისს შეხვდა, თავი ვერ შეიკავა. ამჯერადაც საშინლად დაიძაბა, როცა შინ დაბრუნებულს ცოლი არ გამოეგება და არც სავახშმოდ გამოვიდა. ნანობდა თავის უხეშ საქციელს. ია ასეთ მოქცევას მართლა არ იმსახურებდა. ის რა შუაში იყო, თუ მამა ხეპრე ჰყავდა? გულს უკლავდა იას გულუბრყვილობა, თუმცა, ამავდროულად, მოსწონდა კიდევაც მისი ბავშვური ქცევები.
კარგა ხანს ითმინა, მერე კი ვეღარ მოთოკა თავი და მძვინვარებამ შეიპყრო. ცოფდებოდა სიმამრზე, რომელიც ქალიშვილის გადაბირებას და ქმრის წინააღმდეგ მის ამხედრებას ლამობდა.
ახვარი კაცი! ნუთუ მართლა სჯერა, რომ ია მის მხარეს დაიკავებს? რამაზი ხომ ხელიდან წასული უთავმოყვარეო კაცია, მის გვერდით იას როგორ გააჭაჭანებს? ვერ ეღირსება! იგი იას ვერასდროს მიიღებს, ია ახლა მისი საკუთრებაა და ბოლომდე დაიცავს ამ საკუთრებას!
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>