არა, არა, რაც შეიძლება დროზე უნდა გავიქცე აქედან, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ჩემი თავის იმედი აღარ მაქვს. კიდევ რომ ჩავვარდე მსგავს სიტუაციაში, ზუსტად ვიცი, რომ დავნებდები. წინ ვეღარ აღვუდგები მის სურვილს. მან იცის ეს, იცის, რომ ამისთვის მზად ვარ. და იგი მომდევნო ცდაზე არაფრით უკან არ დაიხევს, არ დამინდობს, თუნდაც დავარწმუნო, რომ მართლა ქალწული ვარ. დროზე უნდა გავაღწიო აქედან, თორემ ის საბოლოოდ გაანადგურებს ჩემს ცხოვრებას.
აივანზე ვიდექი ნატოსთან ერთად, მაქსი ეზოში რომ შემოვიდა. ლიკა დადარაჯებულივით გამოვარდა ოთახიდან და მას მიეგება. ისეთი უსიამოვნო იყო ჩემთვის ამ სცენის დანახვა, რომ გულდამძიმებული ჩემს საძინებელში შევიძურწე.
ზურა შუადღემდე არ ამდგარა. საშინელი სანახავი კი იყო დასიებული თვალებით და გაბრუჟული სახით. ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა. მაცივრიდან წვენით სავსე ბოთლი გამოიღო და მოიყუდა. არ ამოუსუნთქავს, ისე დალია; არც შეუსვენია, გეგონებოდათ, წყურვილისგან იხრჩობაო.
არც ამ სცენის ყურება მსიამოვნებდა, ამიტომ კვლავ აივანს მივაშურე. სწორედ ამ დროს ხელიხელგადახვეული ლიკა და მაქსი ეზოდან გადიოდნენ, თან მხიარულად ბაასობდნენ. ნაღვლიანად გავაყოლე მზერა. მე, ალბათ, არასდროს გამითენდება ის დღე, ლიკასავით ხელი გადამხვიოს და სადმე წამიყვანოს. ვერც ისე შევეგებები ვერასდროს, როგორც დილით ლიკა შეეგება. არადა, სწორედ ასე გავრბოდი მისკენ წლების წინ პაემანზე. ახლა ყველაფერი დამთავრებულია. წარსულში დაბრუნება დამთავრდა და… მომავალიც დამთავრდა ჩემთვის.
ახლა უკვე ნათლად ვხვდებოდი, რატომ გაითამაშა მაქსმა სანაპიროზე ცდუნების სცენა. მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ჩემთვის იმის მოცემა შეეძლო, რასაც ზურა ვერ მომცემდა. გარდა ამისა, დარწმუნდა, რომ მე მისი ძმა არ მიყვარდა. კიდევ ის, რომ შური იძია ჩემზე სიტყვებისთვის, - მე შენ არაფერში მჭირდები და სულაც არ მინდა შენთან ყოფნა-მეთქი, რომ მივახალე. ერთიც, მეორეც და მესამეც…
მერე რა, რომ როლში შევიდა და თავდავიწყებით მეფერებოდა? ეს ხომ მხოლოდ მისი ტემპერამენტის ბრალია და არა ჩემდამი სიყვარულის? სრულ იდიოტად ვგრძნობდი თავს, გამოშტერებულ გოგოდ, რომელმაც ეს ყველაფერი ჭამა. მე ხომ მზად ვიყავი, მისი გავმხდარიყავი! პრეზერვატივი რომ ჰქონოდა, ეს მოხდებოდა. თუმცა… როგორც ჩანს, სპეციალურად არ წამოიღო. მაგრამ რატომ? იქნებ შიშობდა, რომ ზურა მიყვარდა და წინააღმდეგობას გავუწევდი? არა მგონია… მას თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული ამ სცენის გათამაშება, რათა ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნებულიყო იმ სამ რამეში. მხოლოდ ეგ იყო. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ამას რომ ვერ მივუხვდი. როგორ მოვტყუვდი. როგორ ვერ გავიაზრე, რომ მაქსისთვის მე მხოლოდ სხეული ვიყავი, რომლის მიღება დიდი ხანია უნდოდა და ვერ მიიღო. რატომ დაიხია უკან? სხვა, უფრო ხელსაყრელ მომენტს ელოდება? ალბათ, ასეა. ახლა, როცა საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ მისი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ, იმ მომენტს დაელოდება. მაგრამ არა, აწი ასეთ შეცდომას არ გავიმეორებ. არ გავიმეორებ, რადგან მას არ შეუძლია მომცეს ის, რაც მე ასე ძალიან მჭირდება - მისი სიყვარული.
- გაბი, აქ ხარ? მე კიდევ გეძებ და გეძებ, - ზურა მომიახლოვდა, გვერდით დამიდგა და მხრით შემეხო, - მაპატიე წუხანდელი საქციელი. არ ვიცი, რა დამემართა. ასე არასდროს გავთიშულვარ. არც კი ვიცი, რა მეტაკა.
- ცოტა გადააჭარბე და ეგ იყო, არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა, - ღიმილით ავხედე, -ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია.
- ეეჰ, - უხალისოდ მომიგო, - ნატოოოო! - გასძახა მერე მოსამსახურეს, - ყავა გამიკეთე, რა… ძალიან შავი, ძალიან მაგარი და ძალიან ცხელი!
- ახლავე, ზურა, - დერეფნიდან გამოიხედა ნატომ, - თავი ისევ გტკივა? აი, შენ ცუღლუტო, შენა! - ამ სიტყვებით საჩვენებელი თითი დაუქნია და გაუჩინარდა.
- უკვე ყველა ადგა? - მკითხა ზურამ.
სანამ პასუხს გავცემდი, ვიგრძენი, როგორ შემახურა სახეზე… გავწითლდი.
- არც ისე დიდი ხანია, - მოვიტყუე, - ლიკა და მაქსი სადღაც გაძვრნენ. დათო და მისი ცოლი კი ჯერ არც დამინახავს.
- ალბათ, ისევ სძინავთ. გგონია, მართამ ჩემზე ნაკლები დალია წუხელ? საწყალი ქალი… იტანჯება და ამდენს იმიტომ სვამს. არ მესმის, რატომ გაჰყვა თავისზე ორჯერ უფრო კაცს ცოლად? მხოლოდ ფულის გამო?
- და როცა მიხვდა, რომ ვერ შეიყვარებდა, სმა დაიწყო? ამაზე ადრევე უნდა ეფიქრა, -შუბლშეჭმუხნილმა ვთქვი.
- რა ჩემი საქმეა, - ზურამ ხელი აიქნია და შემოტრიალდა, - მე ჩემი სადარდებელი მყოფნის.
ამ დროს ნატო მოვიდა და ზურას ყავა მოუტანა.
- შენ დალიე, მე დაბლა ჩავალ და შეზლონგზე წამოვწვები, - ვუთხარი და გავერიდე. არ ვიყავი იმის ხასიათზე, მასთან საუბარი გამეგრძელებინა. მაქსი გონებიდან არ ამოდიოდა, გამუდმებით მის საქციელზე ვფიქრობდი და სუნთქვა მიჭირდა, იმხელა ლოდი მედო გულზე.
მთელი დღე ვერა და ვერ შევძელი გულში ჩარჩენილი ბოღმის გაქარვება. კარგა ხანს ვიწექი შეზლოგზე, აუზშიც ჩავედი, გავცურე, გამოვცურე, მაგრამ გული ვერაფერს დავუდე და სახლში შევედი, ვიფიქრე, ცოტას წავუძინებ-მეთქი. ამ დროს დერეფნის ბოლოში ვიღაცის ხმა შემომესმა.
- ბევრად უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყავი! - გაღიზიანებული ეუბნებოდა ვიღაცას დათო, - მაგრამ რომ შეამოწმოს ანგარიშები, მერე სად მიდიხარ? გადადე ეგ საქმე განზე დროებით, სანამ ყველაფერი არ დალაგდება. ეს თვითმკვლელობაა, ვერ ხვდები? ასე სწრაფად არ უნდა გაგემეორებინა! დიახაც… სწორედ მაგას გეუბნები! არა, არა მგონია… ალბათ, ჯერ ისევ ლოგინშია. არა!.. რომ ჩამოვალ, დაგირეკავ!
კარს ავეკარი, რომ არ დავენახე და როცა მივხვდი, რომ დათომ საუბარი დაამთავრა, სირბილით გავვარდი უკან, ჰოლისკენ. რა უცნაური საუბარი იყო, ნეტავ ვის ელაპარაკებოდა? რას ჩალიჩობენ მაქსის ზურგს უკან? თუ ზურას ზურგს უკან? მე ვინ რას გამაგებინებს? უნდა დავნახვებოდი. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა ჩემს დანახვაზე…
მაგრამ ვერ გავბედე… შემეშინდა. თუმცა არ ვიცი, რისი…
დღის მეორე ნახევარში პლაჟზე ყველა ერთად გავედით. ლიკამ და მაქსმა საკმაოდ შორს შეცურეს ზღვაში და როცა ნაპირზე გამოვიდნენ, კომპანიის "სახელობით" ქოლგას შეაფარეს თავი. მე და ზურა ოდნავ მოშორებით მოვკალათდით. ზურას ვუთხარი, არ მინდა მათი ინტიმური მყუდროება დავარღვიო, ამიტომ აჯობებს, ცალკე თუ ვიქნებით-მეთქი. მასაც მოეწონა ჩემი წინადადება და სიხარულით მიიღო იგი. არც კი უეჭვია, რატომ მინდოდა ასე.
ცოტა ხანში დათო და მართა ბულვარში გავიდნენ ლუდის საყიდლად. მეც დრო ვიხელთე და ზურას მოვუყევი იმ სატელეფონო საუბრის შესახებ, დათო რომ ვიღაცას აფრთხილებდა.
ზურა რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ შემომცქეროდა, თითქოს არ იცოდა, რა უნდა ეპასუხა.
- ალბათ, რომელიმე თანამშრომელს ეკამათებოდა, - მითხრა ბოლოს, თან გაწითლდა, -დათოს მაგრად უჭირავს ისინი ხელში. იმედია, მაქსისთვის არაფერი გითქვამს… - ირიბად გამომხედა, მერე კი დაამატა, - არც უთხრა, კარგი? არაა საჭირო მისი გაღიზიანება. არც ისე ხშირად ისვენებს. შევარგოთ აქ ყოფნა.
- არა, რა სისულელეა, არაფერს ვეტყვი, - ვთქვი და გავიღიმე, რათა ჩემი ეჭვი დამეფარა. მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო მათ კომპანიაში. ზურას ტყუილი საერთოდ არ ეხერხებოდა, სახის გამომეტყველება მაშინვე გასცემდა ხოლმე, კიბორჩხალასავით წითლდებოდა.
მართალია, პლაჟზე ავირიდე მაქსთან სიახლოვე, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვახშმად დავსხედით. თუმცა უდიდესი ძალისხმევით ვცდილობდი, მისთვის არ შემეხედა. მან შეამჩნია ეს. არ შეიძლებოდა არ შეემჩნია. და, როგორც ჩანს, ჩემი საქციელი აცოფებდა.
მოგვიანებით, როცა ჰოლში პირისპირ შევეჩეხე, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სასწრაფოდ ავუარე გვერდი და ისეთი სახე მივიღე, ვითომ არაფერი გამიგონია. აუტანელი იყო ჩემთვის მისი ყურება მას შემდეგ, რაც იქ, სანაპიროზე მოხდა. რაც უფრო ხშირად მახსენდებოდა დილის თავგადასავალი, მით უფრო ვითრგუნებოდი. როგორ დავუშვი ასეთი რამ? რამ გამომაშტერა? რატომ მივეცი ამდენის უფლება? ხომ აშკარა იყო, რისთვისაც წამოიწყო ეს სპექტაკლი? მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზურასთან დავეშორებინე!
სულაც არ იყო ძნელი მისი თამაშის წესების გამოცნობა. ნათელია, რომ წამითაც არ დაუჯერებია ჩემი და ზურას მეგობრობა. დარწმუნებული იყო, რომ მე მის ძმას თავს ვაყვარებდი და ამით მასზე შურისძიება მწადდა. ამიტომაც უნდოდა ზურას დავშორებოდი. ღმერთო ჩემო! ეს ხომ ასე აშკარა იყო, როგორ მაშინვე ვერ მივხვდი? ხომ ეგრევე დავახვევინებდი, ახლოსაც არ გავიკარებდი!
არადა, რა ტკბილი იყო მის მკლავებში მოქცევა, ტკბილიც და იმავდროულად, მწარე და მტანჯველი. არ მინდოდა ამაზე მეფიქრა, მაგრამ ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ვგრძნობდი, რომ ამ დილას ჩემს სიცოცხლეში ვერ დავივიწყებდი. ახლა საუკეთესო გამოსავალი ბათუმიდან გაქცევა იყო. რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავრიდებოდი მაქსს. უფრო და უფრო მძაბავდა მისი სიახლოვე. მეშინოდა. კიდევ ერთხელ რომ ჩავარდნოდა ჩემთან მარტო დარჩენის შანსი, ვიცოდი, ცდუნებას ვერ გავუძლებდი.
საღამოს მე და ზურა კლუბში წავედით გასართობად. ცოტა ხნის შემდეგ ორივე წყვილი შემოგვიერთდა. არადა, როცა ჩვენ მოვდიოდით, ოთხივემ უარი თქვა, გვეზარებაო, მერე კი მაინც გადაწყვიტეს. გართობის სურვილი დავკარგე, განსაკუთრებით მას მერე, როცა დათოს შეფარული მზერა რამდენჯერმე დავიჭირე. რა მიხვედრა მაგას უნდოდა? ალბათ ზურამ უთხრა, მისი ტელეფონზე საუბარი რომ მოვისმინე. ზურგზე თითქოს ჭიანჭველები დამესია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ხელი ჩავიქნიე. რაც უნდა ის უქნია, მერე რა, თუ მოვისმინე? სპეციალურად ხომ არ დავუდარაჯდი? შემთხვევით მოხდა.
ჰოდა, ავიწყვიტე. ვიცეკვე და ვიცეკვე, არავის ყურადღებას არ ვაქცევდი. მანამ ვცეკვავდი, სანამ ქანცი არ გამწყდა. როცა დავჯექი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, როგორ დამღლოდა ფეხები. თუმცა დავჯექი თუ არა, მაქსი მომიახლოვდა, ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამიწვია.
- შენ დილიდან გაურბიხარ ჩემთან შეხვედრას, - თქვა მან, თან თვალს არ მაცილებდა და ჩაბღუჯული ვყავდი, თითქოს სადმე გამქცევი ვიყავი.
- მართლა? საიდან დაასკვენი? - ირონიულად გავუღიმე, თავი უკან გადავწიე, შევათვალიერე და დავამატე, - მშვენივრად გამოიყურები!
- შენ კი საოცრად მომხიბვლელად, - მომიგო. - ზურა პირდაპირ თვალებით გჭამს, - ჩაიცინა, - შეიძლება რაღაც იგრძნო.
- ისეთი არაფერი მომხდარა, რომ რამე ეგრძნო, - ცივად ვუპასუხე და მისი ოდეკოლონის სურნელი შეუმჩნევლად შევიყნოსე. რამდენჯერ ჩავწოლილვარ საწოლში ამ სურნელით გაბრუებული. მას ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს სხეულზე, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და მერე შინ ვბრუნდებოდი. მისი კოცნის ნაკვალევი სწორედ ამ ოდეკოლონის სახით რჩებოდა ჩემს სახეზე.
- ნუთუ? - სარკასტულად შემეკითხა.
- ჰო. მას საეჭვიანო არაფერი აქვს. ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, ამიტომ მისთვის სულერთია, მე ვისთან გავერთობი.
- მაგრამ მან სულ სხვანაირად დამიხატა თქვენი მეგობრობა, - რბილად მითხრა, - გიჟდება შენზე.
- როგორც ჩანს, წარმოსახვამ გიღალატა.
- ასე გგონია? ის კი მაფრთხილებს, გაბისგან თავი შორს დაიჭირე, ახლოს არ გაეკაროო.
თავი ავწიე და შევხედე.
- და როდის გითხრა ეს? ამ დილით? რა, დაგვინახა ერთად? - დავიძაბე.
- ვაუ! როგორ შეშინდი! - თავი დახარა და ყურში მიჩურჩულა, - არა, არა, ჩვენ არავის დავუნახავვართ. არადა, წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა? მე შენზე გადმომხობილი… ორივე შიშველი…
ვიგრძენი, როგორ ამკრა ალმურმა. თავი დავხარე იმის შიშით, ჩემი გაწითლება არ შეემჩნია. მან წელზე მოხვეული ხელი მაღლა აასრიალა, ზურგზე დამადო და ისე სათუთად მიმიხუტა, თითქოს მამხნევებსო. როგორც შემეძლო, უკან გავიწიე, მაგრამ მან კვლავ მიმიზიდა.
- ასე იყავი, - მიბრძანა, - მსიამოვნებს შენი შეხება. ასე რამ შეგაშინა? ხომ იცი, როგორ მინდა შენთან. ეს შენც გინდა და რატომღა უნდა დავმალოთ ჩვენი სურვილები?
- თავი დამანებე, გთხოვ…
- არ შემიძლია, ჩემო პატარავ, ჩემო სიხარულო და სევდავ ჩემო! - ხალისიანად წარმოთქვა და ისე სწრაფად დამატრიალა, რაღაც წამების განმავლობაში მთლიანად მის სხეულზე ვიყავი მიტმასნილი, - და ვერც შენ შეძლებ ჩემთვის თავის დანებებას.
- ხვალ თბილისში ვბრუნდები, - გამოვუცხადე.
- გაქცევით გინდა თავს უშველო? - დამცინა, თან თითებს ნაზად მისვამდა ზურგზე, - გგონია, ეს გიშველის? უფრო ცუდად არ გახდები, როცა ყოველდღე ვერ მნახავ?
- არა, არ გავხდები, - ჯიუტად გავაქნიე თავი.
- რატომ არ გინდა შეწყვიტო ჩემს ძმასთან ეს ფარსი? - ხმადაბლა შემეკითხა, - ჩვენ ისე კარგად ვიქნებით ერთმანეთთან, ბევრს შეშურდება. შეწყვიტე ზურასთან შეხვედრები და მე შენ ისეთ რამეებს გასწავლი, რაზეც არც კი გიოცნებია. ყოველღამე ჩემთან დაწვები და იმდენ ხანს გვექნება სექსი, სანამ სასიყვარულო ორგიებისგან არ დავბრმავდებით. ჩემი სხეული მთლიანად შენს განკარგულებაში გადმოვა.
შემამცივნა. აი, თურმე როგორ გადაწყვიტა თამაში! თურმე რატომ მოიტანა დილას ჩემზე იერიში! ძველებურად უფროსი "დამცველი ძმის" როლს თამაშობს. მართლა ჰგონია, რომ ზურასთვის თავის შეყვარებას ვცდილობ და ეს აგიჟებს. მიაჩნია, რომ ამით მასზე ვნადირობ, მისი ჭკუიდან გადაყვანა მსურს. ამიტომ მაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. საწყალი!.. რამხელა მსხვერპლს იღებს ძმის გულისთვის, საკუთარ სხეულს მწირავს.
ჩავიცინე, ირიბად ავხედე და დამცინავი მზერით წარმოვთქვი:
- შემიძლია ვთქვა, რომ საინტერესო წინადადებაა. ერთობ საქმიანი. ზურას თავისუფლების სანაცვლოდ შენს სხეულს მთავაზობ?
ისეთი დაბნეული გაუხდა სახე, რომ სიცილი ვერ შევიკავე.
- ისე, არ გიფიქრია, ფული შემოგეთავაზებინა? უბრალოდ, ფული და სხვა არაფერი. რატომ უნდა ეფერო ქალს, რომელიც არ გიყვარს, მხოლოდ იმიტომ, რომ უმცროს ძმას ჩამოაშორო? ეს ხომ თავის გადადებაა? ჰა, რას იტყვი? ექვი ათას დოლარად იქნებ დაგთანხმდე კიდევაც. მშვენიერი საქმიანი გარიგება იქნება. ერთ დროს ხომ შენც მოიქეცი ასე? ისე, მართლაც… შენს სხეულს ფულს ვამჯობინებ, რომ იცოდე. დარწმუნებული ვარ, სწორად გამიგებ. შენ ხომ უკვე გაქვს გამოცდილება ასეთ საქმეებში.
მაქსი გაქვავებულივით შედგა ერთ ადგილზე და თვალები დახუჭა. ცეკვა შეწყვიტა. მერე ნელა აამოძრავა წამწამები და ისე დამაშტერდა, თითქოს ჩემი ნათქვამი მხოლოდ მოესმა და საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
თავი უკან გადავაგდე და მხიარულად გავიცინე. პირდაპირ სახეში შევცინოდი, თითქოს მართლაც მემხიარულებოდა და გული არ მეგლიჯებოდა ამ ყველაფერზე. მერე თავი გავითავისუფლე მისი ხელებისგან, განზე გავდექი და თავი გადავაქნიე.
- ეჰ, მაქს, მაქს, რა ხუმარა ხარ… დიდი მადლობა წინადადებისთვის, მაგრამ ახლა სრულ ჭკუაზე ვარ. ამჯერად ჩემთან ასეთი ნომერი აღარ გაგივა. - ამ სიტყვებით შუა მოედანზე დავტოვე და ზურასთან დავბრუნდი. ჩემს დანახვაზე მან ყურებამდე გაიღიმა და სკამიდან წამოხტა, რომ შემგებებოდა.
- ასეთი რა უთხარი? - მკითხა და თავი უფროსი ძმისკენ მიაბრუნა, რომელიც უკვე ბარის დახლისკენ მიიკვლევდა გზას.
- არცთუ სასიამოვნო რამეები, - ზურასკენ დავიხარე და ვუჩურჩულე, - მითხარი, ხვალ შევძლებთ თბილისში დაბრუნებას? მესმის, სულ რამდენიმე დღის ჩამოსულები ვართ, მაგრამ რამდენიმე გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და ისინი უნდა მოვაგვარო. წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
- სულაც არა, - მითხრა, - როცა მეტყვი, მაშინ წავიდეთ.
მერე მთელი საღამო ზურას გვერდიდან არ მოვშორებივარ. გამუდმებით ვეფლირტავებოდი, მას კი ბავშვივით უხაროდა.
მართლა კარგი ადამიანი იყო. ხვდებოდა, რატომაც ვეპრანჭებოდი, მაგრამ არ დაბოღმილა, პირიქით, ამყვა ფლირტში. მაქსმა კი უცებ მოიწყინა. ორჯერ იცეკვა ლიკასთან, თუმცა შუბლი არ გაუხსნია.
დათო და მართა მალევე წავიდნენ. ზურამ თქვა, მართა არაფრით არ დარჩაო.
- განადგურებულია ეს ქალი, - ამიხსნა ზურამ, - როგორც ჩანს, მეტს მოელოდა თავისი ქმრისგან. შეიძლება ფუფუნებით ცხოვრებაც მოყირჭდა და მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ფულზე უფრო ადამიანს, განსაკუთრებით ქალს, სიყვარული სჭირდება. ალბათ სიამოვნებით მიატოვებდა დათოს, მაგრამ ეშინია, ცარიელზე არ დარჩეს.
ზურასთან ამ თემაზე საუბარი არ გავაბი. სულ არ მაინტერესებდა დათოს და მართას ოჯახური ამბები, მაგრამ ცოტა ხანში ლიკა მომიჯდა გვერდით და ახლა მან წამოიწყო დათოზე ლაპარაკი.
- ვერ ვიტან მაგ კაცს, სულ ფულზე ფიქრობს. მართამ მითხრა, ოქროს მთებს შემპირდა და იმის მეოთხედიც არ გაუკეთებია ჩემთვისო. ნანობს, ცოლად რომ გაჰყვა.
- რატომ, დათოს ცუდად უხდის მაქსი? ფული რატომ არ უნდა ჰქონდეს?
- არ ვიცი, კარგად უხდის თუ ცუდად, მაგრამ ფაქტია, მართა უკმაყოფილოა. ერთხელ შემთხვევით ჩავიხედე მათ სახელფასო უწყისებში და ვნახე, რომ მაქსი დათოს იმდენს უხდის, რამდენსაც ზურას. კარგი ცხოვრებისთვის ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ექსტრავაგანტურად მაგ ხელფასით ვერ იცხოვრებ.
- როგორ? ზურა ხომ წილშია?
- მხოლოდ ფორმალურად. ფინანსებს მაქსი ერთპიროვნულად განაგებს და ზურას მხოლოდ ხელფასს უხდის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი. ზურას ალბათ შემოსავლის სხვა წყაროებიც აქვს, თორემ აბა, საიდან ამდენი ფული? სამი მანქანა უდგას გარაჟში, ბინა აქვს, აგარაკი, ჩაცმაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, სულ ძვირად ღირებული და სახელობითი ბრენდების სამოსი აცვია. მაქსი ამბობს, ყელამდე ვალებშიაო. რა ვიცი, აბა, რას გაიგებ? ან კი რა ჩემი საქმეა? - კეკლუცად გაიცინა ლიკამ, ჩემკენ გადმოიხარა და იდუმალი ხმით შემეკითხა, - იქით გაიხედე, იმ არაბს ხედავ? მაგარი სიმპათიური კაცი კია. თურმე პრინცი ყოფილა. წეღან მეცეკვა და თავის ჰარამხანაში მიმიპატიჟა, გესმის? - ლიკას ისტერიკული სიცილი აუტყდა, - ერთი უნდა დავთანმხდე და შევხედო, მაქსს რა რეაქცია ექნება. მთელი საღამოა, დაბოღმილი დადის, მას შემდეგ, რაც შენ გეცეკვა. რატომ იჩხუბეთ? ზურას გამო? გიწუნებს? - ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა ჩემმა მეტოქემ.
- ჰო, - მოკლე მივუგე.
ლიკამ თვალი ჩამიკრა.
- მაგაზე არ იდარდო. ყველაფერი მოგვარდება. მაქსს ძალიან უყვარს თავისი ძმა. ბოლოს და ბოლოს, ჩაიქნევს ხელს და შეეგუება თქვენს ურთიერთობას.
ლიკამ კიდევ ერთხელ ჩამიკრა თვალი, გამიღიმა და მაქსისკენ აიღო გეზი. თვალი გავაყოლე. ძალზე გამაკვირვა იმან, რაც მისგან მოვისმინე. თუკი ზურა მართლა არ გამოიმუშავებს ბევრს, მაშინ საიდან ამხელა შემოსავალი? უცნაურად მეჩვენა ეს ამბავი.
ლიკა და მაქსიც წავიდნენ და მე და ზურა კვლავ მარტონი დავრჩით. ზურას იმ საღამოს წვეთი არ დაულევია. როგორც კი შინ დავბრუნდით, მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე, ვიბანავე და ლოგინში შევწექი. დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, რათა ბარგის ჩალაგება მომესწრო და თბილისში დროულად ჩავსულიყავით.
მართლაც, დილის ექვს საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. ჩემდა გასაკვირად, დათოც ამდგარი დამხვდა. ის ყოველთვის გვიან იღვიძებდა და ახლა რა ეტაკა, ვერ მივხვდი.
დათო და ზურა მაგიდას უსხდნენ და რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. მოგუდული ხმით ლაპარაკობდნენ და როცა სამზარეულოში შევედი, ორივე ერთდროულად გაჩუმდა.
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - გულუბრყვილო ტონით ვიკითხე, - ყავის დალევა მინდოდა…
- არა, რას ამბობთ, გაბრიელა, სულაც არა, - წამოხტა დათო და დაფაცურდა, - მაპატიეთ, მე უნდა გავიდე. მართა რაღაც ცუდადაა ამ დილით.
- ის ყოველთვის ცუდადაა! - მიაძახა ზურამ, - იმიტომ, რომ წასულია ხელიდან, გალოთებულია!
- ზურა! - შეწუხებულმა შევძახე.
დათომ მოიხედა და გაგულისებულმა შეხედა მას.
- უკაცრავად შენთან, გაბი, - შემომხედა ზურამ, - მაგრამ მაგის ცოლს ზედმეტად გაეხსნა მადა. ჰოდა, ურბენს ესეც გარშემო, არ იცის, რა გაუკეთოს. შუაზე იხევა. - უცებ მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და გაწითლდა, - კარგი, რაც არის, არის. ეს არაა მნიშვნელოვანი. მოდი, ვისაუზმოთ და დროზე დავახვიოთ აქედან. უკვე მეზიზღება აქ ყოფნა!
- ჩვენთან ერთად ვინმე კიდევ მოდის?
- არა. ლიკას და მაქსს ჯერაც სძინავთ, დათო და მართა კი დღის ბოლომდე ისევ დაჭამენ ერთმანეთს და ეგაა. ჩვენ არავინ გამოგვეკიდება. ან კი რატომ უნდა გამოგვყვნენ? რა, მათთან ერთად ჩამოვედით თუ?
მაქსისა და ლიკას ხსენებაზე გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ამასობაში ზურამ ყავა მომიდუღა და წინ დამიდგა.
ვისაუზმეთ და თბილისისკენ დავაწექით გზას.
ჩემი საზაფხულო არდადეგები დამთავრდა…
და მაქსზე ოცნებებიც…
ორშაბათს კვლავ შევუდექი კომპანიაში მუშაობას. კარგ ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ეს ჩემს სამსახურზე გავლენას არ ახდენდა. სულ დაძაბული ვმოქმედებდი, მთელი გადაღებების განმავლობაში, რადგან მაქსს ვერ ვხედავდი, თუმცა ვცდილობდი, არ მეფიქრა ამაზე და ფოტოსესიები არ ჩამეფლავებინა. გარდა ამისა, ჩამოსვლის შემდეგ ზურამაც მომიმატა სადარდებელი. რაღაც უცნაურად იქცეოდა.
ჯერ ერთი, სულ სვამდა, გამუდმებით ნასვამი დადიოდა. მეორეც, სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა. ან გადასაღებ მოედანზე დაერჭობოდა, ან სახლში მაკითხავდა, თან ყოველ საღამოს. ლამის გადარია მამაჩემი, სიმშვიდე დავკარგე, ვეღარ ვმუშაობ, როცა სახლში ვინმე მოდისო.
და მესამე… რაღაცნაირად ეჭვიანი გახდა თუ მეჩვენებოდა, არ ვიცი. საკმარისი იყო, ვინმე მამაკაცს დავლაპარაკებოდი, მაშინვე სახე ეღუშებოდა და წარბებშეკრული თითქოს მუქარით ათვალიერებდა ჩემთან მოსაუბრეს.
ერთი სიტყვით, სასიამოვნო და საყვარელი ადამიანიდან, რომელსაც მანამდე ვიცნობდი, ჩაკეტილ და ბოღმიან ბიჭად იქცა. თითქოს ადარდებდა, ჩემზე უფლება რომ ვერ მოიპოვა და თავის ჭკუაზე ვერ მატარებდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>