მეორე დღეს ბებიას გამოვემშვიდობე, ემილი ალმას ჩავუყვანე და ზაზას მივადექი. გამარჯობაც არ უთქვამს, კარი რომ გამიღო. განზე გადგა და ისე გამატარა. მარკო მამამისს ფეხებზე მოეხვია და აჭყლოპინდა. მერე გადმოულაგა საჩუქრები, აი, დედიკომ ამდენი რამე ჩამომიტანაო. არც ამაზე ჰქონია რეაქცია ჩემს ქმარს. იმავე წუთას ჩაიცვა, დაიხურა და სახლიდან გავიდა. მე დავრეკე დედამთილთან, მოვიკითხე, როგორ ხართ, რასა იქმთ, მამა როგორ არის, მე საბოლოოდ ჩამოვედი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა-მეთქი. საჩუქრებიც ვუხსენე და ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ქალბატონი დედამთილი სახლში დამადგა. მეც მთელი ჩანთა გავუვსე საჩუქრებით და გავატანე. კარგა ხანს დაჰყო ჩემთან, თან მეჭორავა. შენი ქმარი სულ გულჩათხრობილია, ჩვენც კი არ გვეკარება ახლოს, თავის თავზე არაფერს გვიყვება, მოგვიგდებს ამ ბავშვს მთელი კვირა, თვითონ კი გადაიკარგება თავის სამსახურში და მხოლოდ შაბათ-კვირას მიჰყავს მარკოზი თავისთანო. ხანდახან კი გამოივლის საღამოობით, მაგრამ ბავშვს მოეფერება და მერე ისევ მიდისო. არა უშავს, ყველაფერი დალაგდება-მეთქი, ვანუგეშე დედამთილი, მაგრამ დავალაგებდი კი? ამაში უკვე ეჭვი მეპარებოდა.
ასეც მოხდა. ზაზამ გული არა და არ მოიბრუნა. ისე ვცხოვრობდით, თითქოს ერთი ოჯახი კი არა, სრულიად უცხო ადამიანები ვიყავით. მოვიდოდა საღამოს, შეჭამდა, წყალს გადაივლებდა და დაწვებოდა ან საერთოდაც არ მოვიდოდა. ჩემი ჩამოტანილი საჩუქრებისთვის თვალიც კი არ შეუვლია. როგორც ჩამოვიტანე დაკეცილი, ისევ ისე იდო ყუთში მისი საწოლის თავთან, ტუმბოზე.
ვიფიქრე, არა უშავს, გადაუვლის, რომ ნახავს, როგორ ვზრუნავ ოჯახზე, გული მოუბრუნდება-მეთქი. შევცდი. თურმე სადა ხარ.
ერთხელაც ვუსაყვედურე, რით ვერ მაპატიე ეს ორი წელი, მხოლოდ ჩემს თავზე კი არ ვფიქრობდი, პარიზში რომ წავედი, მინდოდა, მთელ ოჯახს გამოსდგომოდა ჩემი სწავლა, შენ კიდევ ზედაც არ მიყურებ, თითქოს ამქვეყნად არც ვარსებობდე-მეთქი. - აქამდე ვერ მიხვდი იმას, რომ არ არსებობო? - მომახალა და თავის ოთახში შეიკეტა. ჰო, არ მოგესმათ, თავის ოთახში. ჩვენს საერთო საძინებელში, რაც ჩამოვედი, არ გვიძინია.
მერე მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა. ახლა უფრო დიდხანს რჩებოდა შინ, მაგრამ ტუალეტში ჩაკეტვას და იქ განმარტოებას შეეჩვია. შეიტანდა თავის მობილურს და იჯდა იქ საათობით. ამდენ ხანს რატომ ზიხარ ტუალეტში-მეთქი, რომ შევეკითხებოდი, ხან შეკრული ვარ კუჭში, ხან აშლილი მაქვსო, მომიგებდა. მობილური რაღას შეგაქვს-მეთქი და ვთამაშობო.
რაღაც ვიეჭვე. ერთხელაც, როცა დასაბანად შევიდა, ვტაცე ხელი მის მობილურს და მესიჯები გადავათვალიერე. ჰო, საოცრებავ! ჩემს ძვირფას ზაზას თურმე საყვარელი არსება გაუჩენია. და ამ საყვარელ არსებას ნინი ერქვა. ისეთი სასიყვარულო სიტყვების ფრქვევა მიდიოდა მესიჯებში, ჩემი თავი კი არა, ზაზა შემეცოდა, ასეთი სიყვარული როგორ უნდა წაართვას კაცმა-მეთქი.
არ ვიცი, სხვა ცოლები როგორ იქცევიან ამ დროს, მე კი ვიცოდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. გამოვიდა თუ არა სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული, ეგრევე დავეტაკე:
- როგორც ვხედავ, დრო უქმად არ დაგიკარგავს ამ ორი წლის განმავლობაში! -გაცეცხლებულმა შევუღრინე, თან დონჯშემოყრილი ვიდექი, მეტი სიმტკიცისთვის.
- რამე გინდოდა? - ისეთი მშვიდი ირონიით მომიგო, ვითომც არაფერი.
- კი, მინდოდა, - უფრო ავუწიე ხმას, - გეგონა, ვერაფერს მივხვდებოდი? გეგონა, თუ ტუალეტში შეიკეტებოდი, ვერაფერს გავიგებდი? ვინ არის ეს ნინი? - ვიყვირე და ხალათის ჯიბიდან მისი მობილური ამოვიღე, რომელიც ცხვირწინ ავუფრიალე.
- სხვას რას ელოდი? - ნიშნის მოგებით ჩაიცინა და პირსახოცი მოიძრო, მთლიანად გაშიშვლდა ჩემ წინაშე და თავის შემშრალებას შეუდგა.
სიბრაზისგან კანკალმა ამიტანა.
- ყოველ შემთხვევაში, ამას არა! - ახლა უკვე დავუწიე ხმას, მივხვდი, ყვირილს აზრი არ ჰქონდა, - იმისთვის წავედი, რომ საყვარელი გაგეჩინა? არ მეგონა, ასეთი სუსტი თუ იყავი, -ყველაზე სუსტ ადგილას დავაბიჯე ფეხი.
- მე ვარ სუსტი? მე-ე? - ახლა იმან იყვირა და პირსახოცი სახეში მესროლა, - ორი წელი პარიზში დატლაშუნებდი ბოზი ქალივით და კიდევ მე ვარ სუსტი? თუ იმის თქმა გინდა, რომ ამდენი ხანი იქ სხვა კაცი არ გყოლია?
ამ ბრალდებამ ბოლო მომიღო. რას ვიფიქრებდი, ჩემზე ასეთი წარმოდგენა თუ შეექმნებოდა? მე და ღალატი? ეს ხომ სრულიად გამორიცხული ამბავი იყო.
- როგორ არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ. - ცრემლები მომეძალა, - ცოლები წლობით მიდიან უცხოეთში სამუშაოდ და იმათი ქმრები არ ეჭვიანობენ, შენ კიდევ ორი წელი არ მაპატიე, თან…
- ხოდა, წლობით რომ მიდიან, იმიტომაც ბოზდებიან იქ! არც შენ ხარ გამონაკლისი! - ისე ბობოქრობდა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, გავარდა თავის ოთახში და კარი გაიჯახუნა.
ხმა არ გამიღია. გაოგნებული ჩამოვჯექი დივანზე და თვალებგაფართოებული მარკო მკერდზე მივიკარი. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა ჩაცმულ-გამოწკეპილი, დაავლო თავის მობილურს ხელი, საჩვენებელი თითი მუქარით ჩემკენ გამოიშვირა და კბილებში გამოსცრა:
- სიტყვა არ დაძრა ნინის საწინააღმდეგოდ, თორემ მოგკლავ! მისი ფეხის ფრჩხილად არ მიღირხარ! - ამ სიტყვებით სახლიდან გავარდა.
მეც რაღა დამრჩენოდა. ასეთ კაცთან ცხოვრება არ მიღირდა. იმწუთასვე ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა, დავავლე მარკოს ხელი და ჩემს ძველ საცხოვრებელს დავუბრუნდი, სადაც შვილიშვილსა და შვილთაშვილს მონატრებული სესილია ბებია მელოდა.
ვერ გეტყვით, მაშინ კარგად მოვიქეცი თუ ცუდად. ერთი კია, ხელი არ გამინძრევია ოჯახის შესანარჩუნებლად. ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს. არ ვიცი, შეიძლება მეგონა, რომ ძალა არ მეყოფოდა ზაზას მოსაბრუნებლად, რომ ამ ჭიდილში მაინც დავმარცხდებოდი და თავს სასაცილოდ გავიხდიდი; რომ აჯობებდა, პირველი მე გავრიდებოდი და ეთქვათ, ქმარი მიატოვაო და არა ქმარმა მიატოვაო…
მე ხომ ყველაფერში პირველობა მინდოდა ყოველთვის… თუმცა, დამნაშავე, ვგონებ, მხოლოდ და მხოლოდ მისი ერთი წინადადება იყო: "მისი ფეხის ფრჩხილად არ მიღირხარ!" ამან ყველაფერს გადაუსვა ხაზი, რადგან პირველობა იქით იყოს და, საშინლად თავმოყვარე ვიყავი…
ზაზასგან კი წამოვედი, მაგრამ ალმასავით დეპრესია არ მომძალებია. პირიქით, ქმრის მიტოვებამ კიდევ უფრო გამაძლიერა, თითქოს თავს გამარჯვებულად მივიჩნევდი. "აი, ხომ ვუჩვენე სეირი, ხომ ვაგრძნობინე ჩემი ძალა!" - ჩემში მოკალათებულ "მეორე ხმას" ხშირად ასე ჯიბრიანად ვებაასებოდი.
მაშინვე დავფაცურდი. ფული ისედაც მქონდა დაგროვებული. მამაჩემმაც, რომელიც იმ პერიოდში ხელშეკრულებით უკრაინაში მუშაობდა, რადგან არქიტექტორი გახლდათ, ამასთან, პროფესიონალიც და მასზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო, სოლიდური თანხა გადმომიგზავნა, ოღონდ შენ საქმეს მოეკიდე, არაფერზე არ იდარდო და არა უშავს, თუ ოჯახი დაგენგრა, იქნებ დამოუკიდებლად შეძლო ფეხზე მყარად დადგომაო. მამას ჩემზე ყოველთვის ჭკუა ეკეტებოდა, რადგან, ფაქტობრივად, მან და ბებიამ გამზარდეს. დედა არ მახსოვს. ჯერ კიდევ ჩვილი ვყოფილვარ, რომ გარდაცვლილა და მამას ისე ჰყვარებია, რომ მას შემდეგ ცოლის შერთვა არც უფიქრია. ჰოდა, ცოლის ხატებას მამა ჩემში ხედავდა, რადგან სურათებიდანაც ვხედავდი, როგორ ვგავდი მას. ამიტომაც უფრო მძაფრად შეიგრძნობდა ჩემდამი სიყვარულს.
მამაჩემის გამოგზავნილი ფულით პეკინზე ოროთახიანი ბინა ვიყიდე პირველ სართულზე და ატელიეს მოწყობას შევუდექი. პატარა ოთახში, ანუ საძინებელში, სამკერვალო მოვაწყვე. ორი მკერავი ვიქირავე და კერვას შევუდექი. დიდ, ანუ სასტუმრო ოთახში კი ვიტრინები გავაკეთე და ჩემი ნაწარმი გამოვფინე. მშვენიერი ბუტიკი გამომივიდა. ტანსაცმელსა და აქსესუარებს საშუალო ფასი დავადე, რომ კლიენტები არ დამეფრთხო. მერე მივდექი, მოვდექი, ნაცნობობით მოვიწვიე პრესა, ტელევიზია. ორ-სამჯერ "გამაშუქეს" და წავიდა მუშაობა. წამში ცნობილი გავხდი. სნობი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მართლაც მჭირდებოდა. მჭირდებოდა იმისთვის, რომ ატელიე ამემუშავებინა და პოტენციური მყიდველი მომეზიდა.
დიდების ზენიტზე იმაზე სწრაფად აღმოვჩნდი, ვიდრე მოველოდი. ყველამ გაიგო, რომ პარიზში ვმუშაობდი, თანაც ვისთან! თავმომწონე თბილისელებს კი მეტი რა უნდოდათ? მთელი თბილისის ელიტა თავზე დამეხვია. ყველას ჩემთან უნდოდა სამოსის შეკვეთა, შეკერვა და ყიდვა. პირველ ჯერზე საქორწინო კაბებზე დადგა დიდი მოთხოვნილება. მაგის მეტი რა ვიცოდი? მუხლჩაუხრელად შევუდექი მუშაობას. არა მარტო ჩემი მკერავები, მეც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე საქმეში, არ ვთაკილობდი არც ერთ შავ სამუშაოს, ოღონდ კი საქმე გამომსვლოდა. ვიკა და მარინა, ვინც დავიქირავე, მეუბნებოდნენ, შენნაირი უბრალო უფროსი ჯერ არ შეგვხვედრიაო. ყველა სამკერვალოში, სადაც გვიმუშავია, დირექტორი სულ ზემოდან დაგვყურებდაო. ის კი არა, ნემსის ჩხვლეტისგან თითები სულ დასიებული მქონდა ერთი პერიოდი.
შეკვეთებთან ერთად ფულიც წამოვიდა. ფულს არ ვაჩერებდი, ისევ საქმეში ვაბანდებდი. შევიძინე ახალი, თანამედროვე საკერავი მანქანები, რომ საქმე უფრო გაგვადვილებოდა. საძინებლის კედელი, სადაც ატელიე განვათავსე, შიგნითა მხრიდან გავასქელე, რომ მანქანების ხმას გარედან შემოსული კლიენტი არ გაეღიზიანებინა.
რაც შეეხება ზაზას, თავიდან იმანაც მოიწყო თბილი ბუდე. მისმა ახალმა "ჩიორამ" (ძველი ხომ მე ვიყავი) არ ისურვა, ბატონო, დედამთილ-მამამთილთან ცხოვრება და ამასაც რა ექნა, მასთან გადასახლდა. არადა, ქალბატონი დედამთილი წამითაც არ მივიწყებდა, სულ მირეკავდა, გამომივლიდა, მომიკითხავდა. ნინის რძლად არ აღიარებდა. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, სანამ უარესი არ ნახა, უკეთესი ვერ დააფასა.
პირველი ექვსი თვე თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მაგრამ ზაზას მეორე ცოლი, რომელზეც ოფიციალურად არც დაქორწინებულა, არა და არ დაორსულდა. რატომ არ ქორწინდებიან-მეთქი, შევეკითხე ერთხელაც. რა ვიცი, კაცო, ასე გაიძახის, ჩვენ თანამედროვე ხალხი ვართ, ფარატინა ქაღალდი რა საჭიროა, ევროპაში თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ასე ცხოვრობს და ქვეყანა არ დაქცეულა, მოვასწრებთ, სად გვეჩქარებაო. არ ვიცი, სად ამოიკითხა მსგავსი ინფორმაცია ან ვინ "გაანათლა" ნინი, მაგრამ ერთი, რასაც მივხვდი, უეჭველი იყო -მე, როგორც "ნაპარიზალს", თანამედროვე შეხედულებებში მეჯიბრებოდა. ამით იმის ხაზგასმა უნდოდა, რომ გოიმი არ იყო და ახლებურად აზროვნებდა.
მაგრამ…
გავიდა ექვსი თვე და თავი პირველმა წინააღმდეგობებმაც იჩინა. პირველი "სამწუხარო" ცნობებიც მომივიდა. ზაზა და ნინი თურმე სულ ჩხუბობენ, ის გოგო ულტიმატუმს უყენებს, თუ გინდა, რომ ვიქორწინოთ, შენს მშობლებს წილი მოსთხოვე, ან ბინა გიყიდონ, ან რაც აქვთ, ის გაყიდონ და ცალკე გავიდეთ, არც მე მინდა ჩემს მშობლებთან ვიცხოვროთო. ამან კარგა გვარიანი არეულობა გამოიწვია ზაზას ოჯახში. მამამისს ნერვიულობისგან წნევამ დაარტყა, დედამისი ნინის მშობლებს მიუვარდა და დაიწყო "საყოველთაო მოძრაობა". გარდა ამისა, თურმე ამ ნინის სმა ჰყვარებია. მომენტს არ გაუშვებდა ხელიდან, თუ სიტუაცია შეიქნებოდა და უგონოდ თვრებოდა. რამდენჯერ მანქანით კი არ მოუყვანიათ, მოუტანიათ თურმე სახლში. როგორც ჩანს, ზაზაზე ამანაც ძლიერ იმოქმედა, მე ხომ მთვრალი არასდროს ვუნახავვარ. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, ერთ მშვენიერ დღესაც დაიხურა ზაზამ ქუდი და წამოვიდა. დარჩა ნინი ხახამშრალი.
ჰოდა, შემოდგომის ერთ მზიან დღეს, მეცამეტე სართულის თეთრად შეღებილ ჩემს კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე კარი და გული უცნაურად შემიფრთხიალდა - სადარბაზოში ზაზა იდგა, რომელიც თითქოს თვალს ვერ მისწორებდა.
არ იცით, რა დამემართა. გული ისე ბაგაბუგობდა, მისი გუგუნი ყურებში მესმოდა. მივხვდი, რომ ეს ოხერი კაცი კიდევ მიყვარდა. შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე. მისი ამბები ხომ უკვე ვიცოდი და იმანაც კი გამკრა თავში, იქნებ შერიგება უნდა და მომადგა-მეთქი და წამებში დავიწყე გონებაში გადახარშვა, თუ ასე მოხდა, თავი როგორ დავიჭირო, მაშინვე შევურიგდე თუ ცოტა ვაწვალო-მეთქი… მაგრამ…
- გამარჯობა! - თავისი ბოხი ხმით მომესალმა.
ეს ხმაც მომნატრებია თურმე. რაღაცამ სხეულში ჭვალივით დამიარა.
- გაგიმარჯოს!
- ბავშვის სანახავად მოვედი. ცოტა ხნით გავიყვან.
ვიგრძენი, ვიღაცამ თითქოს მაკრატლით რომელიღაც მნიშვნელოვანი ძარღვი გადამიჭრა, რომლითაც ორგანიზმში ჩემი სისხლის მიმოქცევა დაირღვა. შიგნით რაღაც ამეწვა.
- ბაღშია ჯერ. შემოდი, ერთ საათში ამოიყვანს ალმა მარკოზსაც და ენისაც, დღეს მისი მორიგეობაა, - ძლივძლივობით ამოვღერღე.
შემოვიდა. ყავა მოვუდუღე და წინ დავუდგი. იმიტომ არა, რომ ორი წელი პარიზში გავატარე, უბრალოდ, ყოველთვის საღი შეხედულებები მქონდა, დროს ყოველთვის წინ ვუსწრებდი ერთი ათი წლით მაინც. ამიტომ დაშორების შემდეგ ზაზასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია. არც უბრად ვყოფილვართ, ჩვეულებრივად ველაპარაკებოდით ერთმანეთს. დარეკავდა, როცა ბავშვი მოენატრებოდა, მეც ვრეკავდი, როც რამე მარკოს ეხებოდა, მაგრამ იმ ამბის მერე სახლში ახლა პირველად ამოვიდა.
ბებიაჩემმა დაინახა თუ არა, მოირბინა, გულში ჩაიხუტა, კინკრიხოზე აკოცა, რა დაგემართათ, შვილებო, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი და ასე უცებ რა მოხდა, იქნებ შერიგდეთ, თქვენ ხომ ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილიო, ტირილიანი ხმით დაუწყო მონოლოგის კითხვა.
- ბე-ბო! - დავუბრიალე ბებიაჩემს თვალები, გეყოფა ახლა, საკმარისია-მეთქი და ისიც წაფრატუნდა ვიშვიშით, ხმის ამოღების უფლებას არ მაძლევენო.
- იქიდან წამოვედი… - სადღაც, შორიდან წამოვიდა ზაზას ხმა და კვლავ მომეცა გული, არიქა, ახლა შერიგებაზე დამიწყებს ლაპარაკს-მეთქი. სახის ნაკვთები ოდნავ შემერხა, ალბათ თვალებიც შემიბრწყინდა ცოტათი, მიუხედავად იმისა, რომ ემოციის დამალვას ვცდილობდი.
- სულ? - დაკონკრეტებისთვის კითხვა დავსვი.
- სულ. ახლა კი მინდა თავისუფლებით დავტკბე. მომბეზრდა ქალთა საზოგადოება, -ჩაცინვით თქვა და ყავა მოსვა, მე კი ისევ ვიგრძენი, ამჯერად როგორ გადაჭრა მაკრატელმა სადღაც მეორე მნიშვნელოვანი ძარღვი იქ, ჩემ შიგნით, გულთან ახლოს. ამჯერად კიდევ უფრო ამეწვა რაღაც.
- განა თავისუფლება ოდესმე გაკლდა? - მზერა მზერას დავაჯახე და ჩემი საფირმო ღიმილით გავუღიმე.
როგორც ამბობენ, საოცარი ღიმილი მაქვს. ისეთი, რომელსაც ყველას ერთნაირად მონუსხვა შეუძლია - ქალის და კაცის, დიდის და პატარასი, მოხუცის და ახალგაზრდის, ბავშვის და მოზარდის… არ ვიცი, გაღიმება ჩემთვის საგანგებოდ არავის უსწავლებია. ასე ვიღიმი დაბადებიდან დღემდე. მთავარი ისაა, რომ ეს ღიმილი გულწრფელია. როგორც ჯინა მეტყვის ხოლმე, ისე იღიმი, რომ ვისაც უღიმი, თუნდაც უცნობი იყოს, ერთ სიტყვას ეუბნები: "მიყვარხარ და გათბობ" და ამით ნუსხავ ყველასო.
დროთა განმავლობაში ამაში თავადაც დავრწმუნდი. მივხვდი, რომ ჩემი ღიმილი ჩემი მთავარი იარაღი იყო - ყველაზე ბასრი დანა, ყველაზე სწრაფი ბუმერანგი, ყველაზე მიზანში მომხვედრი ოპტიკურსამიზნიანი შაშხანა, ყველაზე სწრაფად ფეთქებადი ატომური ბომბი… ამ ღიმილს ჩემთვის ბევრი რამ გაუკეთებია, რომ წინ წავწეულიყავი და მიზნისთვის მიმეღწია.
- მაგას ჩემგან ქალები ვერ ეღირსებით. კი ცდილობდით შენც და ისიც, მოგეთოკეთ, ხელზე დაგეხვიეთ და თქვენს ნება-სურვილზე გეტარებინეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ! - უცებ აენთო და ფინჯანი ისე დაახეთქა ლამბაქს, კინაღამ დაფშვნა.
- ეგ მე არასდროს მიცდია, - თავის გაქნევით ვთქვი, მაგრამ რბილად, ხმადაბლა.
- გიცდია, გიცდია. ორი წელი ლამის "ნიანკად" გამხადე.
არ გამიპროტესტებია, შეიძლება ასეც იყო, თუმცა ამაზე არასდროს მიფიქრია. თავის მართლებაც შემეძლო, მე ხომ სასწავლებლად ვიყავი წასული და აბა, ბავშვს თავშესაფარში ხომ არ მივაბარებდი-მეთქი, მაგრამ ხმა აღარ ამოვიღე.
- შენი აქილევსის ქუსლი იცი, რა არის? - ვუთხარი და ირიბად გავხედე, - მშიშარა ხარ, ქალების გეშინია. - და კვლავ გავუღიმე, მაგრამ ეს ის ღიმილი არ იყო. ეს იყო სრულიად საპირისპირო, მომაკვდინებელი ღიმილი, რომელიც გამანაგურებლად მოქმედებდა ყველაზე, ვინც მას დაიმსახურებდა. აი, ასე, ერთ ქალში ორი ერთმანეთის საპირისპირო ღიმილი იყო დაბუდებული, რომელსაც ერთნაირად დამანგრეველი ძალა ჰქონდა - ან სასიამოვნოდ დაგაგდებდა, ან ძლიერი ტკივილით.
ეს ვთქვი და ჩემი ღიმილიანი ირონია ტანზე ისე შემოვახვიე, რომ გავბაწრე. განძრევის საშუალება არ მივეცი. მიზანში მოვარტყი თუ არა, მაშინვე აიძაგრა.
- კი არ მეშინია, არ გენდობით! თქვენს თავში რომ ვერაგი აზრები დატრიალდება, ისეთს ვერა კაცი ქვეყანაზე ვერ მოიფიქრებს. არა ხართ სანდონი! - თითქოს ერთი ხელის მოქნევით შემოიწყვიტა ირონიის ბაწარი და გათავისუფლდა, მერე კი, მარცხენა ხელის ორი თითი, რომელშიც მხრჩოლავი სიგარეტი მოექცია, ცხვირწინ რამდენჯერმე დამიქნია, თვალები ზიზღით მოწკურა, კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა, კბილები გააკრაჭუნა და წამოდგა.
- წავედი, ყავისთვის მადლობა! - და გასასვლელს მიაშურა.
გამეცინა… სიმწრით… ყველაფერი გავაფუჭე… მაგრამ კართან მისულს მაინც დავადევნე:
- აკი ბავშვის ნახვა მინდაო?
დავინახე, როგორ შეუკრთა მხრები. ჯერ თავი დახარა, მერე მძიმედ მოტრიალდა და ამოთქვა:
- არა უშავს, სხვა დროს იყოს. შენ ხომ ადამიანის ხასიათის გაფუჭების დიდოსტატი ხარ.
- შეიძლება კიდევაც შეგხვდნენ დაბლა, - შევარბილე ტონი, - უკვე დროა, საცაა მოვლენ.
თავი უსიტყვოდ დამიქნია და გავიდა…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>