მერე კარგა ხანს აღარ გამოჩენილა, არც დაურეკავს. არც მე გამომიდვია თავი, მაგრამ ერთხელაც, შუაღამეს, როცა ჩემი მობილურის ციფერბლატზე მისი ნომერი აციმციმდა, გულში გავივლე, ალბათ, მთვრალია და სენტიმენტები მოეძალა-მეთქი, მაგრამ შევცდი:
- მამა გარდაიცვალა, - მხოლოდ ეს მითხრა და გამითიშა.
რა გამაჩერებდა, მაშინვე ჩავიცვი და გავვარდი. წნევამ ხელმეორედ დაარტყა ჩემს მამამთილს და ამჯერად ვეღარაფერი უშველეს. საწყალი ჩემი დედამთილი, თავს იკლავდა, ისე ტიროდა…
ამ უბედურებამ ისევ დაგვაახლოვა და შევრიგდით კიდევაც. კვლავ მათთან გადავსახლდი და დავიწყეთ ცხოვრება თავიდან. მაგრამ ვაი, ამისთანა დაწყებას! ვაი, ამისთანა ცხოვრებას! ისე იყო შეცვლილი, ვერ ვცნობდით. საშინელი ეჭვიანი გახდა. მამაჩემივით ზაზაც არქიტექტორი იყო, კარგ პროექტებს ადგენდა, კლიენტურა არ აკლდა, პატარა საოფისე ფართსაც ქირაობდა ანაგის ქუჩაზე, მაგრამ რაც შევრიგდით, წესიერად არ უმუშავია. წარამარა სამსახურში მადგებოდა, როგორც მერე მივხვდი, მამოწმებდა, მალულად ვინმეს ხომ არ ვხვდებოდი. მიკრძალავდა მოკლე კაბის, შარვლის ჩაცმას, დეკოლტე არ დამანახოო, ამოიჩემა. რა თქმა უნდა, თანდათან გადავაჩვიე ამ აზიატურ ჩვევებს, მაგრამ ეჭვიანობა ვერ მოვაშლევინე. ყველა მამაკაცში ჩემს პოტენციურ საყვარელს ხედავდა. ას ეგონა, მასზე ლამაზი ცოლი არავის ჰყავდა და ყველა კაცს მე ვუყვარდი. ბოლოს, როცა მოთმინების ძაფი ცხრა ადგილას გაწყდა და გადაბმასაც კი აღარ ჰქონდა აზრი, როცა ყველა ღონე ვცადე და ვერაფერი შევაგნებინე, როცა მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ისევ გავშორდი, რადგან ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ხელითაც შემეხო. ყველაფერზე შემეძლო თვალის დახუჭვა, ბევრ რამეს დავთმობდი, მაგრამ მისგან ცემას ვერ ავიტანდი.
ყველაზე მეტად მარკოზი მენანებოდა. ისედაც ხომ ძალიან იყო მიტმასნილი მამაზე, თანაც ზაზა არაჩვეულებრივი მამა იყო, რომ გული მწყდებოდა. როგორ მინდოდა, ჩემს შვილს მაინც გამართლებოდა მშობლებში და ჩემი ბედი არ გაეზიარებინა, რადგან უდედობამ დაღი დამამჩნია, რომ ტკბილად შევბერებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთი გზაც არ დამიტოვა, ერთად დავრჩენილიყავით.
კვლავ ჩემს ბინას დავუბრუნდი. კვლავ ატირდა ბებიაჩემი. კვლავ გამამხნევა მამაჩემმა და ფული გამომიგზავნა.
მე კი დავწყნარდი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, მაგრამ მარკო დამეჩაგრა. ბავშვი ორად იყო გახლეჩილი. ერთი სული ჰქონდა, შაბათ-კვირა როდის მოვიდოდა, რომ მამას წაეყვანა. მისგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობდა. უზომოდ განათლებული ბიჭი იყო ზაზა, რომ იტყვიან, მოარული ენციკლოპედია. ნებისმიერი პროფესიის ადამიანთან შეეძლო კამათში ჩაბმულიყო და თავისი საღი აზრი გამოეთქვა. სასწაული იყო, ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა, მაგრამ აი, ეს უცნაურობა სჭირდა - ეჭვიანობა ვერ მოიშალა.
ახლა, წლების მერე, როცა იმ დროზე ვფიქრობ, დაშორების მერეც, დარწმუნებული ვარ, ხშირად მითვალთვალებდა, ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა, ვხვდებოდი ვინმეს თუ არა. კიდევ კარგი, იოტისოდენა საბაბიც არასდროს მიმიცია, თუმცა მას საბაბი არ სჭირდებოდა. ქუჩაში ვინმეს რომ გავეჩერებინე და ეკითხა, საათის რომელიაო, იმაზეც კი იეჭვიანებდა - იმ კაცმა სიყვარული აგიხსნაო.
რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გათხოვილი ვიყავი, თაყვანისმცემლები და ქათინაურები არასდროს მაკლდა. არ მეგულება ამქვეყნად ქალი, ასეთი რამ არ სიმოვნებდეს. რა თქმა უნდა, მეც მსიამოვნებდა, ვკეკლუცობდი კიდევაც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ თვალი სხვა კაცზე მეჭირა. მას კი უჭირდა ამის დაჯერება. შინაც რომ ვმჯდარიყავი გამოკეტილი, არც მაშინ მოიშლიდა თავის მავნებლობას - ალბათ, მეზობელი შემოდის ქურდულად, როცა მე სახლში არ ვარო, მოიმიზეზებდა.
არ ვიცი, დღესაც არ ვიცი, რამ შეცვალა ასე - ჩემმა პარიზში წასვლამ თუ ნინისთან ურთიერთობამ. როცა მასთან ცხოვრობდა, ზოგადად ქალი სულ სხვა კუთხით დაინახა. ნინიმ ხომ არ დაზოგა, რაც შეიძლებოდა, ატკინა და ატკინა გული. შეიძლება მაშინ მიხვდა, რა უცებ შეიძლება ქალის მორალურად გახრწნა დაიწყოს. ალბათ ასეც არის. ქალის კი არა, ნებისმიერი ადამიანის უცებ გაცუდება შეიძლება. მთავარია, მისი სუსტი მხარე ჩაიჭირო ხელში და იქიდან შეუტიო. მერე ყველაფერი ადვილად ხდება. სწორედ ამ მხრიდან შეტევით ხდებიან ნარკომანებიც, ლოთებიც, მეძავებიც და დამბეზღებლებიც…
აი, ასე დამთავრდა ჩემი ოჯახური ოდისეა. მას შემდეგ მარტო ვარ. არ გავთხოვდი, მიუხედავად იმისა, რომ მთხოვნელები არ მაკლდნენ. არც ის მინდოდა, მარკოს მამინაცვალი ჰყოლოდა და არც ის, ზაზას ეჭვები გამართლებულიყო - აი, ხომ ვამბობდი, ვიღაც ჰყავსო.
ზაზა უკვე აღარ არის ცოცხალი. ექვის წლის წინ გარდაიცვალა, მარკო უკვე დიდი ბიჭი იყო. მან ხომ განიცადა და განიცადა მამის სიკვდილი, მაგრამ არც მე ჩავვარდნილვარ უკეთეს დღეში. რაც უნდა ყოფილიყო, მისგან შვილი მყავდა, ის იყო ჩემი პირველი მამაკაციც და უკანასკნელიც. ის იყო ერთადერთი, ვინც კი ოდესმე მყვარებია. ამიტომ არც ჩემთვის ყოფილა ადვილი მისი გარდაცვალება. რაც ერთმანეთს დავშორდით, დიდად არაფერში უმართლებდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მაინც ხელმოცარული კაცი იყო. ჩემ შემდეგ ორჯერ სცადა ოჯახის შექმნა და ორივეჯერ დაენგრა. არც ერთი ქალი არ გაუჩერდა. ალბათ, მათზეც ისევე ეჭვიანობდა, როგორც ჩემზე და აბა, ვინ აიტანდა ამას?
ბოლოს კი გულმა გლიჯა და მორჩა, სიცოცხლე დაამთავრა. თბილისის ზღვაზე ასულა ძმაკაცებთან ერთად ნაბახუსევზე, წყალში ჩასულა და… გულიც გასკდომია…
ახლა არ ვიცი, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ქალს რა ჰქვია - ქვრივი თუ განათხოვარი? იქნებ ერთიც და მეორეც? ყოველ შემთხვევაში, მე სულ ვამბობ, - "ქმარი არ მყავს". არასდროს არ მითქვამს, ქვრივი ვარ-მეთქი. არც სიტყვა "ქვრივი" მხიბლავს და არც ის მდგომარეობა, რომელშიც ქვრივები იმყოფებიან. თავისთავად, როგორი ცუდიც უნდა იყოს მეუღლე, თუ მის გვერდით წლები გაგიტარებია, მისი გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა…
ასე რომ, ამ საკითხში დიდად არ გამიმართლა. როგორც იცით, არ გაუმართლა მატილდასაც, არ გაუმართლა ალმასაც. ერთადერთი ქმრიანი ჯინაღა შეგვრჩა და ისიც…
ბოლომდე არც მას დასცალდა. სამი წლის წინ მისი მეუღლეც გამოესალმა წუთისოფელს ტრაგიკული ავარიის შედეგად. ასე დავრჩით დაქალები უქმრებოდ და ჩვენივე თავის იმედად მოგვიწია ცხოვრებისეული ჭაპანის გაწევამ.
თითქოს წისქვილის დოლაბი მხოლოდ ჩვენს თავზე ტრიალებდა. ერთ ტკივილს მეორე მოჰყვებოდა ხოლმე. რომ გაგვიმართლებდა, აღმართი ათავდებოდა და სწორ გზაზე გავიდოდით, ამოვისუნთქავდით, არიქა, გვეშველა, ყველა გაჭირვება უკან მოვიტოვეთ და დროა, მშვიდად ვიცხოვროთო, სწორედ მაშინ დაატყდებოდა რომელიმე ჩვენგანს ახალი ჭირი და უბედურება.
ერთი ასეთი ტრაგედია ალმას თავს კიდევ ერთხელ დატრიალდა.
ბავშვები წამოიზარდნენ. მართალია, ჩვენსავით ერთ სკოლაში არ უვლიათ, მაგრამ მეგობრობდნენ. ხშირად ვიკრიბებოდით ერთად, სამოგზაუროდაც დავდიოდით, რადგან ფული არ გვიჭირდა. ჩემი საქმეები კარგად მიდიოდა, ალმასაც არ უჭირდა, მისგან კარგი ექიმი დადგა და კერძო პედიატრად ოჯახებშიც დადიოდა. არც ჯინა ცხოვრობდა ურიგოდ. ტელევიზიაში მუშაობდა ჟურნალისტად და მშვენივრად გამოიმუშავებდა, ქმარსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა.
ის პერიოდი იყო, ჩვენმა შვილებმა სკოლები რომ დაამთავრეს და ისინიც სტუდენტები გახდნენ. მათ ნამდვილად არ გასჭირვებიათ გამოცდების ჩაბარება განათლების ახალი რეფორმის გამოისობით. ტესტირებული გამოცდები გაცილებით ადვილი ჩასაბარებელია, ვიდრე ჩვენს დროს იყო - ზოგი ზეპირი, ზოგი წერილობითი, ბილეთები უნდა გეზეპირებინა, თემები უნდა გეწერა და ა.შ. ახალმა საუკუნემ ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა და სიმართლე უნდა ითქვას, ბევრი საქმე გაგვიმარტივა…
ალმას ენი ულამაზესი გოგო დადგა, თვალს ვერ მოწყვეტდი, ისეთი იყო. არ ვიცი, ასეთი ვის გამოემსგავსა. ჩემი ვარაუდით, ალმამ ევგენის ძმაკაცთან "გააჩალიჩა". ის ბიჭი ერთი თვით იყო უკრაინიდან ჩამოსული, ვითომ აქ უნდა დარჩენილიყო და ჟორასთან ერთად ბიზნესში ჩართულიყო, მაგრამ რაღაც მოხდა. არ ვიცი, იჩხუბეს თუ რამე ვერ გაიყვეს, მაგრამ ფაქტია, სერგეი მალევე გაემგზავრა. ალმა არ იყო ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველისა და უკრაინელის "ჰიბრიდმა" მაინც თავისი გაიტანა. რაც უფრო იზრდებოდა ენი, მით უფრო ემსგავსებოდა სერგეის. ამაზე მე და ჯინას ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ალმასთან ამ თემაზე ლაპარაკს მუდამ თავს ვარიდებდით, რადგან თვითონ ხმას არ იღებდა და ჩვენ რა უფლება გვქონდა, დაკითხვა მოგვეწყო.
აშხვართული ტან-ფეხი, დიდი, ბრიალა ცისფერი თვალები, შავი თმა-წარბი და საშუალო, მაგრამ ლამაზი მკერდი. აი, ასეთია ენი. პირველი კლასიდან ბალეტზე დადიოდა და მის ამ სილამაზეს სიარულის ბალერინულმა მანერამაც შეუწყო ხელი, რომ უფრო მშვენიერი გამოჩენილიყო. მის სილამაზეს და წარმატებებს ყველანი შევხაროდით, რადგან საბალეტო სკოლაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ჩვენ უკვე მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო დასში მოვიაზრებდით მას.
თუმცა, ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ერთხელაც ბალეტზე მეცადინეობა საჭიროზე მეტხანს გაგრძელდა. ტურნეზე აპირებდნენ საზღვარგარეთ წასვლას და თავს არ იზოგავდნენ. მთელი დღე დაღამებამდე რეპეტიციები ჰქონდათ.
გვიან გამოვიდა რეპეტიციიდან. ასეთ დროს ალმა წარამარა ურეკავდა, ახლა სად ხარ, ტაქსი გამოიძახე, უცნობს არ ჩაუჯდე, ტაქსის ნომერი ჩაიწერე და მესიჯით გამომიგზავნე და ა.შ. არა მარტო ალმა, სამივენი ფრთხილი დედები ვიყავით და ასე ვზრდიდით შვილებს, არ ვზღუდავდით, მაგრამ მაინც ვაკონტროლებდით.
ენიმ ტაქსი ვერ გამოიძახა, რადგან თავსხმა წვიმა იყო და თავისუფალი არც ერთი კომპანიის მანქანა არ აღმოჩნდა. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა, ნომერი დაიმახსოვრა და ჩაჯდა თუ არა, დედამისს მესიჯით გაუგზავნა. ჩვენ ერთად ვიყავით, ჩემთან სახლში, ყავას ვსვამდით. მარკო კომპიუტერს უჯდა და თავის საყვარელ კინო-მულტფილმს უყურებდა. ერთი კი გამოგვძახა, რა გაუხურეთ მაგ გოგოს საქმე, რას აკონტროლებთ წარამარა, დაანებეთ თავი, შინ მოსვლა აცალეთო და გააგრძელა ყურება.
დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ალმამ ისევ დაურეკა, მაგრამ ენიმ არ უპასუხა. ალბათ მძღოლს რადიო აქვს ჩართული, მუსიკა შეიძლება ხმამაღლაა და არ ესმის-მეთქი, დავამშვიდე, ცუდი არაფერი მიფიქრია, მაგრამ როცა მოსვლის დროს გადასცდა და ენი არ გამოჩნდა, კვლავ დაურეკა. ზარი გადიოდა, მაგრამ პასუხს არავინ გვცემდა. ახლა კი შევშფოთდით. ავწრიალდით, არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. მარკომ გაიხუმრა, ალბათ გაიპარა ენი და მალე ქორწილი მოგვიწევსო. ჩვენ სულაც არ ვიყავით ხუმრობის ხასიათზე, დანა პირს არ გვიხსნიდა.
ასე გავიდა საათ-ნახევარი, ორი საათი… ბოლოს ისე შევშინდით, პატრულის გამოძახება გადავწყვიტეთ. ის იყო, დარეკვას ვაპირებდი, რომ ალმას მობილურის ეკრანზე ენის ნომერი აციმციმდა. ალმა პირველსავე ზარზე ეცა ტელეფონს, სად ხარ გოგო, ამდენ ხანს, რა გაგვიხეთქე გულებიო და უცებ გაშეშდა, სახეზე ფერი წაუვიდა. სანამ რამეს მოვიაზრებდი, მუხლებში ძალა წაერთვა და გულწასული დივანზე მიესვენა. არიქა, მარკო, წყალი-მეთქი, იმხელა ხმაზე ვიკივლე, ბებაჩემსაც კი გაეღვიძა და გამოვარდა ნამძინარევი, ბამბის პერანგისამარა. ალმა ძლივს მოვასულიერეთ.
- კუკიის სასაფლაოზე ვარო, მიშველეთო, - ჩურჩულით ძლივს ამოთქვა და ცრემლები ღვარად წასკდა. იმწამსვე შეშლივით წამოვხტი და უაზროდ აქეთ-იქით სირბილი დავიწყე.
- დედა, დედა! მშვიდად! - მარკოს ხმამ გამომაფხიზლა, - ყველანი მივდივართ! - ჩემი შვილი საღი გონებით მოქმედებდა.
კისრისტეხით ჩავირბინეთ ცამეტი სართული, რადგან ლიფტი არ მუშაობდა და ჩემს მანქანაში შევლაგდით. აცახცახებულს ტარების უნარი წართმეული მქონდა, ამიტომ საჭესთან მარკო დაჯდა. გზაში პატრულს დავურეკეთ, ავუხსენით, რაც მოხდა და დახმარება ვთხოვეთ.
როცა სასაფლაოზე ავედით, პატრულიც უკვე იქ დაგვხვდა და სასწრაფო დახმარების მანქანაც. ენი საკაცეზე დაეწვინათ. ალმა ძლივს გავაკავეთ, ისე განწირულად კიოდა. ექიმმა დაამშვიდა, სასიკვდილო არაფერი სჭირს, არც დაჭრილია, არც დასახიჩრებული, უბრალოდ, ნაცემია და დაჟეჟილიო. სანამ თვითონ არ ნახა შვილი, ხელით არ შეეხო და არ დაელაპარაკა, ალმამ არავის ნათქვამი არ დაიჯერა.
სასწრაფოს უკან მივყევით, ალმა წინ დავსვი, მე უკან ჩავჯექი…
ის ღამე საავადმყოფოში გავატარეთ. პატრულიც იქვე ტრიალებდა.
თურმე ამ ტაქსის მძღოლს ენისთვის რესტორანში წასვლა შეუთავაზებია. ენის უთქვამს, დიდი მადლობა, მაგრამ შინ მელოდებიანო, იმას კიდევ კუკიისკენ გაუქანებია მანქანა. ენი ისე დაბნეულა, ვერც მოუსაზრებია, რომ დაერეკა, თან შეშინებია, ტელეფონი რომ დამინახოს ხელში, ვაითუ, წამართვას, მერე ჩემები საერთოდ ვერაფერს გაიგებენო და ჯიბეში ჩაუდვია, თან ხმა გამოურთავს, უცებ დედამ არ დამირეკოსო. მძღოლს მანქანა შიგნიდან ჩაუკეტავს, რომ გოგო არ გადამხტარიყო, მერე, როცა ენიმ უკნიდან ყელში წაუჭირა თურმე ხელი, იდაყვი მოუქნევია და სახეში დაურტყამს. ბოლოს რაღაც ჩამკრა თავში და აღარაფერი მახსოვსო…
რა თქმა უნდა, ენი გაუპატიურებული იყო. მოკლედ, მკვდრები ვიყავით. ჯინაც მოვარდა, ეს ამბავი რომ გაიგო და სამივენი ერთად ვღრიალებდით ჩახუტებულნი. მარკო შენობიდან გავიდა. მივხვდი, რომ ვერ გაუძლო ჩვენ საცოდაობას. მერე პატრულის თანამშრომელი მოვიდა, გამომძიებელი და რა ვიცი, უამრავი ფორმიანი შეიყარა. ვუთხარით, რაც ვიცოდით, მანქანის ნომერიც გადავეცით და დაიწყეს მძღოლის ძებნა.
დილისთვის ენის მდგომარეობა ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო. არც ტიროდა, არც ყვიროდა, გეგონებოდათ, არაფერი დამართნიაო. ერთადერთი, ჭამაზე სასტიკი უარი განაცხადა. ექიმმა დაგვამშვიდა, ამხელა სტრესის მერე პაციენტებს უჭირთ საკვების მიღება, ამიტომ ნურაფერს დააძალებთ, ჯერაც შოკშია და როცა გადაუვლის, ყველაფერი დალაგდებაო. ვიფიქრეთ, ჯანდაბას, რახან გადარჩა, რა თავში ვიხლიდით მაგის ქალწულობას, დრო გავიდოდა და ყველას დაავიწყებოდა, რაც შეემთხვა. ყოველ შემთხვევაში, შევეცადეთ, შემთხვევა შეძლებისდაგვარად მიგვეჩუმათებინა. ტელევიზიის საქმე მოვაგვარეთ, რომ არ გაეშუქებინათ. ამაში ჯინამ იმარჯვა.
იმ ღამეს მძღოლს ვერ მიაგნეს. რაციით მაშინვე გადასცეს ნომერი, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერსად იპოვეს. შეიძლება სულაც მიიმალა სადმე. სახლშიც დაადგნენ, მაგრამ ცოლმა თქვა, შინ რომ დაბრუნდა, მალევე ვიღაც კლიენტმა დაურეკა, აეროპორტში უნდა გაეყვანა და ჯერ არ დაბრუნებულაო. რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს მისი ნათქვამი, ეშმაკმა უწყის.
დილით კი გამომძიებელი ისევ დაგვადგა თავზე. ჩვენ ჯერაც კლინიკაში ვიყავით. უპოვიათ მძღოლი რომელიღაც საავადმყოფოში, წელს ქვემოთ მოწყვეტილი, ნაცემი, ფეხები დამტვრეული, თუ გადარჩა, კაცობას ვერასდროს აღიდგენს, მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლში გაატარებსო, ჩაგვიკაკლა გამომძიებელმა.
ისე გაგვაოგნა ამ ამბავმა, ხმა ვერ ამოვიღეთ. მე მაშინვე მარკოზე ვიეჭვე, მაგან ხომ არაფერი ჩაიფიქრა-მეთქი, მაგრამ კრინტს როგორ დავძრავდი. დაგვიწყეს დაკითხვა, ვინ გყავთ კაცი, სად იყვნენ წუხელ, ასე, ისე…. ცოცხალი თავით არ გავთქვით მარკო, თითქოს წინასწარ ვიყავით ამაზე შეთანხმებულები.
მოგვიანებით, როცა მძღოლი გონს მოვიდა, სულ სხვა რამ თქვა. გამოძახება მქონდა, ვიღაც ბიჭებმა აეროპორტში მთხოვეს წაყვანა, მაგრამ მერე მაიძულეს, კუკიაზე, სადღაც ჩიხში შევსულიყავი და ფულის და მობილურის წართმევა დამიპირეს, მე კი წინააღმდეგობა გავუწიე და მაგრად მცემესო.
ჩვენ ამის გაგონებაზე ერთმანეთს გადავხედეთ. შვებით ამოვისუნთქე, ჩემი შვილი არაფერ შუაში არ ყოფილა-მეთქი. როგორც ჩანს, ღმერთმა დასაჯა ავის ჩამდენი, სამართალმა პური ჭამაო, სამივეს ამ აზრმა გაგვიელვა.
თუმცა, მერე, რამდენიმე თვე რომ გავიდა, სრულიად შემთხვევით ამოტივტივდა სიმართლე. მარკოს ერთი ძმაკაცი, რომლის მამა ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსია, ჩვენთან ქეიფობდა. კარგად რომ შეთვრა, მთხოვა, კარლა დეიდა, ყავა მომიდუყეთ, დალევა აღარ მინდაო. გავედი სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად, თვითონ ლოჯიაში დაჯდა ჩაფიქრებული. გავიტანე ყავით სავსე ფინჯანი და წინ დავუდგი. აი, სწორედ მაშინ ალაპარაკდა. მაგ მძღოლს ხომ ვუტირეთ დედა, ბოლომდე დავლეწეთ, არ დავინდეთო. ენის გამო მზად ვიყავით, სულაც მოგვეკლა, მაგრამ მერე გადავიფიქრეთ, ჯობია, მთელი ცხოვრება ასე იტანჯოსო. ფერი მეცვალა. კითხვა არ დამისვამს, ემანდ არ მიხვდეს, მე რომ არაფერი ვიცი და უცებ არ გაჩუმდეს-მეთქი. ერთი ეგ ვუთხარი, ყოჩაღ თქვენ, რომ არ შეგეშინდათ და ოპერატიულად მიაგენით-მეთქი და… მოხსნა გუდას პირი.
თურმე მარკოს მისთვის დაურეკავს, ნომერი მიუცია, რომელიც ალმას მობილურიდან გადაიწერა, მაგრამ როდის და რა მომენტში, ვერაფრით ვერ აღვიდგინე, და უთხოვია, იქნებ მამაშენი დაგვეხმაროს და ეს კაცი ახლავე გვაპოვნინოსო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ კაცმა მისამართი მაშინვე ამოაგდო თურმე, სადაც მძღოლი ცხოვრობდა, ბიჭები კი ერთმანეთს შეხვდნენ და დაურეკეს, აეროპორტში გვინდა გასვლა და თქვენი ნომერი ახლობელმა მოგვცაო. დაიბარეს რუსთაველის მეტროსთან, თვითონ კი იქვე, სახლთან ჩაუსაფრდნენ, რადგან უარი რომ ეთქვა, შინ აპირებდნენ შევარდნას. არ ვიცი, რა ფსიქიკა ჰქონდა იმ კაცს ამისთანა, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩაიდინა, მაინც გავიდა სამუშაოდ. სადარბაზოდან გამოვიდა თუ არა, ბიჭებმა ხელი სტაცეს, თავისსავე ტაქსიში ჩატენეს და კუკიაზე აიყვანეს. სწორედ იქ დამართეს ის, რაც დამართეს, სწორედ იმ ადგილას, სადაც ენი იპოვეს…
აი, ასე იძია შური ჩემმა ბიჭმა ენიზე და ამაზე არასდროს სიტყვაც არ დასცდენია. ჩემმა გოგოებმა და მათმა შვილებმა ეს ამბავი ჩემგან შეიტყვეს, მაგრამ საიდუმლო შევინახეთ და მარკოსთვის არც ერთს არაფერი გვიგრძნობინებია.
ის მძღოლი კი გადარჩა, მაგრამ ფეხზე დადგომა მართლაც ვეღარ შეძლო. რადგან საქმე ასე შეტრიალდა, პოლიციიდან განცხადება გამოვიტანეთ, რომ არ გაგვეხმაურებინა, რაც უფრო ჩუმად ჩაივლიდა ეს ამბავი, მით უკეთესი იქნებოდა ენისთვის.
რაც შეეხება ენის, იმ დღის შემდეგ სახლში ჩაიკეტა. ბალეტზეც უარი თქვა და უნივერსიტეტზეც. მას შემდეგ წლების განმავლობაში გარეთ არ გასულა. ორიოდე სიტყვას თუ იტყოდა, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ რამეს შევეკითხებოდით. გადავრჩით, რომ არ დაორსულდა. ეს კიდევ ერთი უძლიერესი ტრავმა იქნებოდა მისთვის.
დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ არავისთან მეგობრობდა, მხოლოდ ჩვენს შვილებში თუ გაერეოდა. ესენიც, ელისი, ემილი და მარკო ხშირად სტუმრობდნენ, ცდილობდნენ გაერთოთ, როგორც შეეძლოთ, ტანჯვას უმსუბუქებდნენ.
ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. ამასობაში მარკომ, ელისმა და ემილიმ უნივერსიტეტები დაამთავრეს და მუშაობაც დაიწყეს. მარკომ საბანკო საქმე აირჩია და ბანკში დაიწყო მუშაობა. სამი თვე სტაჟიორად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთი ფხა გამოიჩინა, რომ მეორე თვეს უკვე შტატში ჩასვეს და ექვის თვის შემდეგ დააწინაურეს. მას შემდეგ აგერ, ექვსი თუ შვიდი წელი გავიდა და სამი პოზიციით წინ წაიწია. მალე ფილიალის დირექტორი გავხდებიო, ეს აქვს გეგმაში და ვიცი, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
ემილი და ელისი ერთ-ერთ მარკეტინგულ ფირმაში ერთად მოეწყვნენ სამუშაოდ, საქმე შეისწავლეს, ბიზნესში გაცნობიერდნენ და ახლა უკვე კარგად მისდით საქმეები. შარშან სამაკლერო ფირმა გახსნეს ერთობლივად და უკვე გამოცდილი რეალტორები არიან. ელისი უფროსია, ემილი - ოფის-მენეჯერი. ჰყავთ ცამეტი თანამშრომელი და მიდის მუშაობა.
იმ ამბის შემდეგ ალმა რაღაცნაირად გაგვიუცხოვდა. ერთხანს გაგვირბოდა, ახლოს არ გვიშვებდა. თუ ენის სანახავად ავიდოდით, თვითონ ოთახში შეიკეტებოდა და ჩვენ ბავშვთან გვტოვებდა. ფაქტობრივად, არ გველაპარაკებოდა. გვიკვირდა მისი საქციელი, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნიდით. მერე და მერე მივხვდი, რაც დაემართა. მასში თითქოს შურის მომენტში ჩასახლდა - ჩემი დაქალის შვილები გალაღებულები და ბედნიერები არიან, ჩემი კი, აი, ასე დამეჩაგრაო.
ცოტა დრო რომ გავიდა, თანდათან მოიბრუნა გული ჩვენკენ, მაგრამ ისე წარამარა ეცვლებოდა გუნება-განწყობილება, სახტად გვტოვებდა. მასში თითქოს რამდენიმე ქალი იყო ერთდროულად ჩასახლებული, თანაც ყველა სხვადასხვა ზნის. ხან გვეფერებოდა, ხან გვეჩხუბებოდა და სახლიდან გვაგდებდა. მერე ტიროდა და ბოდიშს იხდიდა…
სამსახურიდან წამოვიდა და დარჩა უმუშევარი. არც კერძო პრაქტიკით იყო დაკავებული, ყველა კლიენტი დაკარგა, ვის ბავშვსაც ოჯახებში აკითხავდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენი სარჩენი გახდა. მე და ჯინა ყველაფერს ვითმენდით, გვერდში ვედექით, დარდს ვუმსუბუქებდით, სანამ სახლიდან ისევ გაგვყრიდა. ფული შემოელეოდა და მერე კვლავ გვირეკავდა…
ერთხელაც მოვკიდეთ ხელი და ფსიქიატრთან მივიყვანეთ. კარგი ექიმი შეგვხვდა, სტრესული ფსიქოზია და მკურნალობა სჭირდებაო. დავტოვეთ კლინიკაში. არ რჩებოდა, გაჰკიოდა, ჯინა, კარლა, მიშველეთ, არ დამტოვოთო, იქაურობა აიკლო. მაინც დავტოვეთ. ორ კვირაში გამოწერეს და როგორც იქნა, მოიხედა…
კი მოიხედა, მაგრამ საქმის თავიდან აწყობა გაუჭირდა. სამსახური ვერ იშოვა, ეკონომიურად ძალიან გაუჭირდა. დეპრესიასაც ვერ გაუმკლავდა. ჩვენს კმაყოფაზეც სანამ იქნებოდა? მერე ვიღაც თავისმა ყოფილმა თანამშრომელმა ურჩია, საბერძნეთში წასულიყო და იქ ემუშავა. უშოვა კიდევაც ადგილი ერთ ოჯახში, სადაც მოხუცი ქალისთვის ექიმი სჭირდებოდათ. ჭკუაში დაუჯდა. ერთ საღამოს ამოვიდა ჩემთან და მითხრა, მტკიცედ გადავწყვიტე წასვლა და ენი შენ უნდა დაგიტოვოო. აბა, უარი როგორ მეთქვა? აქეთ ემილიც მოსავლელი გვყავდა. ბოლოს ჯინასაც დავურეკეთ, ჩემთან გამოვიყვანეთ და დავიწყეთ ფიქრი, როგორ ჯობდა.
ბოლოს, ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ. მე, ემილი და ენი მატილდას ბინაში ვიცხოვრებდით, ალმას ბინას კი გავაქირავებდით. ალმა იქიდანაც გამოგვიგზავნიდა ყოველთვე გარკვეულ თანხას, იმის მიხედვით, საქმე როგორ წაუვიდოდა. მე ასე იმიტომ "დავიჩაგრე" თავი, რომ ბიჭის პატრონი ვიყავი. მარკო სულ გაიძახოდა, ნეტავ მარტო ვცხოვრობდე, ჩემს გემოზე და შენ ჩემთან სტუმრად მოდიოდეო. სულ ნაირ-ნაირი გოგოები ამოჰყავდა სახლში. რამდენჯერ დაურეკავს საღამოხანს, ატელიედან შინ წამოსვლას რომ ვაპირებდი, დედუცი, იქნებ ერთი-ორი საათი შეაგვიანოო. ვიცოდი, მორიგი გოგო ეყოლებოდა ამოყვანილი და სხვა რა მრჩებოდა, ხან ალმას ავუვლიდი, ხან ჯინას გავუვლიდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემი გოგოები არც ერთი სახლში არ იყო და შუა ზამთარში ქუჩაში მომიწია ხეტიალმა, თან მანქანაც ხელოსანთან მყავდა მიყვანილი და გავითოშე. როცა დამირეკა, ამდენ ხანს სად ხარო, გავოცდი. ორი საათი არ მითხარი-მეთქი? რამდენი ხანია, ცირა წავიდა და გელოდებიო…
ჰოდა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. რაც მთავარია, ერთ კორპუსში ვიქნებოდით, ჩემს შვილს ყოველდღე ვნახავდი, ბინასაც დავულაგებდი და საჭმელსაც მოვუმზადებდი, ან ჩვენთან შემოივლიდა, დანაყრდებოდა და მერე ავიდოდა სახლში.
ერთი სიტყვით, საქმე ასე მოვაგვარეთ და ალმა გავაცილეთ. ჩვენს შვილებს ისე გაუხარდათ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ენიც კი გამოცოცხლდა და ხუმრობის ხასიათზე დადგა. ისე უცებ შეიცვალა გოგო, ვეღარ ვცნობდით. შუბლს ძველებურად არ ხსნიდა, მაგრამ ისეთი ენაკვიმატი გახდა, სიცილით გვხოცავდა. როგორც ჩანს, დედის გამუდმებული წუწუნი, ოხვრა და გაჭირვებაში ცხოვრება თრგუნავდა, სახლის სიტუაცია ყელში ჰქონდა ამოსული. დედა გაისტუმრა თუ არა, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდა. მართალია, არც ახლა იყო ენად გაკრეფილი და იშვიათად დაილაპარაკებდა, მაგრამ ისეთ რამეს იტყოდა, გულიანად ვიცინოდით. ელისს ხან ელისაბედს ეძახდა, ხან ლისას, ხანაც ელისოს და ვინ მოთვლის, რამდენჯერ შეუცვლიდა ხოლმე სახელს. ემილის მილა იოვოვიჩიო, გასძახებდა, მარკოს - მარკო პოლო ან მარკიზიო, მეც ხან რას გამომიძებნიდა მეტსახელად და ხან რას. კარლა ძნელი გამოსათქმელია, კერის დაგიძახებო, ერთხელ ძალზე სერიოზულად მითხრა. რაც გაგიხარდება, ის დამიძახე-მეთქი, მეც დავთანხმდი, ჩემი რა მიდიოდა? ეს კერი კიდევ ზოგჯერ კეროლაინად იქცეოდა, ზოგჯერ - კარად, მე კიდევ არ ვიმჩნევდი. მთავარი ის იყო, რომ გამოცოცხლდა გოგო. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, მარკოს მიეკედლა.
ერთხელ მარკომ უთხრა, კარამდე მაინც მიმაცილე, ამ სკამზე მილურსმულივით რომ ზიხარო და ისიც მუნჯივით მიჰყვა უკან. მერე კარიდან მარკომ ლიფტამდე მიიტყუა, მერე ერთხელ ლიფტში შეაგდო და ჩვენთან აიყვანა, თუმცა მალევე ჩამოიყვანა, ლამის იტირაო. ასე თანდათან მიაჩვია და ბოლოს, როცა ჩემი ბიჭი ეტყოდა, ენი, წამო ჩემთან, მულტიკს ერთად ვუყუროთო, თვალებგაბრწყინებული მიჰყვებოდა.
მარკო ყოველ საღამოს შემოდის ჩვენთან, სანამ სახლში ავა. მაშინაც კი, როცა ვინმე გოგო ახლავს თან. ჩვენი გოგოები უკვე დაუახლოვდნენ მის "ქალებს" - ცაროს, ინას, მაკას, რომელიც ენის სასტიკად არ მოსწონს და მაკულატურას ეძახის; ანას, თამუნას და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ერთხელ სახელები ერთმანეთში ამერია და ერთ გოგოს მთელი საღამო თამუნა ვეძახე. მოულოდნელად მარკოსგან მესიჯი მომდის, მაგას ანა ჰქვიაო. კინაღამ "დავწვი" ჩემი შვილი.
მარკო შეყვარებულიც რამდენჯერმე იყო. როცა ვინმესთან სერიოზულ ურთიერთობას გააბამდა, მოყვანისთანავე ასე გვაცნობდა, ეს ჩემი შეყვარებულიაო, ხოლო თუ ისე, გასართობად მოჰყავდა ვინმე, იტყოდა, ჩემი მეგობარიაო. ამის მიხედვით ვხვდებოდით, ვისთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა. როცა მარტო მოდიოდა, ელისს საშინელ დღეში ჰყავდა, სულ აშაყირებდა, ენიმ ტყუილად კი არ შეგარქვა მარკიზი, ვისაც თითს გაუტკაცუნებ, ყველა გოგო შენიაო. მხოლოდ ემილი არ ეუბნებოდა არაფერს. ის როგორი სერიოზულიც იყო, ისეთივე სერიოზული დარჩა, ზედმეტი არც ლაპარაკი უყვარდა და არც ხუმრობა.
ალბათ ყურში მოგხვდათ, ელისსაც რომ ჩვენთან ვახსენებ. ჰო, არ მოგესმათ. ახლა ელისიც ჩვენთან ცხოვრობს თავის პატარა, ექვსი წლის ბიჭუნასთან ერთად. გაბრიელი, ანუ გაბი, როგორც ჩვენ შევარქვით, არაჩვეულებრივი ბავშვია. ელისი ქმარს გაშორდა და შინ დაბრუნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა და ჯინა იტალიაში გადაბარგდა, ელისიც ჩვენთან დასახლდა. თუმცა, ეს სხვა ისტორიაა და უფრო დაწვრილებით მოყოლას საჭიროებს…
ფაქტი ისაა, რომ ახლა ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ - მე, ელისი, ენი და ემილი… ფაქტობრივად, მარკოც, რომელიც დაძინებამდე თითქმის სულ ჩვენთანაა…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>