გარინდული ვუსმენდი და ვხვდებოდი, რატომაც აღიარა ეს ყველაფერი. ეს ერთადერთი მშვიდობიანი გზა იყო ჩემ დასაბრუნებლად.
- სულაც არ ვამაყობ ჩემი საქციელით, პირიქით, ამ გადასახედიდან მრცხვენია კიდევაც. მაპატიე, თუ შეგიძლია.
- ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვ ჩემგან? მერე იმ დაკარგულ წლებს რა ვუყოთ? იმ ჭრილობებს რა მოაშუშებს?
- ერთად მოვაშუშებთ, ნიცა. მეტი აღარ შემიძლია. არ იცი, რა ძვირად დამიჯდა ჩემი სიჯიუტე. გახსოვს, რომ მითხარი, მე მიყვარხარ, მაგრამ შენ იტანჯებიო? მართალი მითხარი… მე დიდი ხანია, ვიტანჯები. ვარსებობ და არც ვარსებობ.
- ჩვენ ორივემ დავუშვით შეცდომა, - ხმადაბლა ვთქვი, - მე იმიტომ მოგატყუე, რომ მიყვარდი და შენი შენარჩუნება მინდოდა, შენ კი იმიტომ, რომ გიყვარდი, მაგრამ არ გინდოდა ჩემი შენარჩუნება. არ ვიცი, რომელი უფრო დიდი დამნაშავეა ჩვენ შორის, თუმცა ერთი რამ ცხადია - ორივემ ერთნაირად უნდა ვზღოთ.
- და ამისთვის ერთად უნდა ვიყოთ, არ მეთანხმები? - ირაკლი მძიმედ სუნთქავდა, მთელი სხეული დაეძაბა.
- რ ვიცი… - მხრები ავიჩეჩე და თვალები დავხარე.
- მოდი ჩემთან… - ჩამესმა მისი ვნებიანი ჩურჩული.
- ირაკლი, ჩვენ არ… - მან სიტყვის დამთავრება არ მაცალა და ტუჩებზე დამაცხრა, - მომეხვიე, გაგათბობ, - ამის თქმაღა მოახერხა და ისე მიმიკრა მკერდზე, რომ სუნთქვა შემეკრა.
ისე მოულოდნელად შეიცვალა სიტუაცია, თავი სიზმარში მეგონა. ბედნიერებისგან ფრთაშესხმული თითქოს დავფრინავდი. ამ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
როგორც იქნა, დავოკდით, ვნებები დავიცხრეთ და საღი გონებით გავაანალიზეთ მომხდარი. ირაკლიმ შემომთავაზა, ანა სადმე წამეყვანა და მხოლოდ ჩვენ ორნი განვმარტოებულიყავით, რათა უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და გვესაუბრა. ამ წინადადებაზე ეშმაკურმა აზრმა გამიელვა გონებაში.
- მოდი, იცი, რა ვიზამ? ჩვენ წავალთ ერთ ადგილას, მაგრამ არ გეტყვი, სად და შენ უნდა მოგვძებნო.
- კი მაგრამ, როგორ მოგძებნოთ, თუ არ მეცოდინება, სად იქნებით? - სიყვარულით სავსე მზერა მიმოატარა ჩემს სახეზე.
- უნდა მიხვდე, - კეკლუცად შევღიმე.
შევთანხმდით. ჩემგან პირდაპირ ირაკლისთან წავედით.
დაუვიწყარი იყო დედამთილ-მამამთილთან შეხვედრა, რომლებიც საგანგებოდ ჩამოეყვანა ჩემს ქმარს მცხეთიდან. თამარა ცხარე ცრემლებით მოთქვამდა და გულში მიხუტებდა, ყველგან მკოცნიდა, სადაც ტუჩები მოუხვდებოდა…
ანა კიბის თავზე გადმომდგარიყო და იქიდან აკვირდებოდა სიტუაციას. ხელი დავუქნიე, ვანიშნე, მოდი-მეთქი და მოხდა სასწაული. ბავშვმა კისრისტეხით ჩამოირბინა საფეხურები, ჩემკენ გამოქანდა და ისე ჩამეხუტა, კინაღამ წამაქცია…
- ხედავ იმ ცისარტყელას? - ხელი გავიშვირე ხევისკენ, რომლის მთელ სიგანეზე ცისარტყელა გადაჭიმულიყო, ნამიანი ცისარტყელა. ანამ თავი დამიქნია.
- აბა, როგორი ცისარტყელაა? რას ამჩნევ? - მინდოდა, ბავშვს თვითონ აღმოეჩინა განსხვავება.
- რას? - დაბნეულმა მკითხა და ცნობისმოყვარე მზერა შემომანათა.
- დანამულია, ვერ დაინახე? წყლის წინწკლები რომ აქვს, არ ჩანს? კარგად დააკვირდი!
- უი, ხო, ვხედავ, - თავი დამიკანტურა გოგონამ და ტაში შემოჰკრა.
- ეს ცისარტყელა მამიკომ აღმოაჩინა, იცი? ის სხვა ცისარტყელებს არ ჰგავს, სულ სხვანაირია.
- ხო, - ბავშვური გულუბრყვილობით დამეთანხმა.
- აი, თურმე სად ყოფილხართ! - გაისმა ამ დროს ზურგს უკან ირაკლის ბოხი ხმა.
მისი გამოჩენა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ვიცოდი, რომ ადვილად გამოიცნობდა ჩვენს ადგილსამყოფელს. როცა მე და ირაკლი პირველად ამოვედით აქ, რათა ნამიანი ცისარტყელა გვენახა, წარუშლელი შთაბეჭდილება დამრჩა. მაშინ ორნი ვიყავით, ახლა - სამნი და სრულიად განსხვავებული, ბევრად ამაღლებული განწყობა გვეუფლებოდა.
ის დღე ქეიფით დაგვირგვინდა. აივანზე გაშლილ სუფრასთან ოციოდე ადამიანი ქეიფობდა. ყველა აღნიშნავდა ჩვენ შერიგებას. მადლობის გადახდას ვერ ავუდიოდი და ყველას ვუღიმოდი.
თვალებით ირაკლის დავუწყე ძებნა, მაგრამ ახლომახლო ვერსად შევნიშნე. ანას ოთახისკენ გავემართე, აბა, სხვაგან სად წავიდოდა…
ბავშვს ეძინა, როგორც ჩანს, დაღალა მთელი დღის ემოციებმა. გაშლილი ხელისგული ლოყის ქვეშ ამოედო საყვარლად და თანაბრად სუნთქავდა. ირაკლი მის საწოლზე ჩამომჯდარიყო და მძინარე გოგონას შეფიქრიანებული დაჰყურებდა.
- ამას შეხედე! - ირაკლიმ იქვე, ტუმბოზე დადებული სახატავი რვეული აიღო და მომაწოდა.
- ანაც ხატავს? - გული ამიჩქროლდა.
- შენზე უკეთესად, - გამეხუმრა.
ნახატს დავხედე და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. მასზე წყლის წვეთებით დაცვარული ცისარტყელა იყო გამოსახული, რომლის ქვეშ სამი ხელჩაკიდებული ადამიანი იდგა - ქალი, მამაკაცი და პატარა გოგონა - ანუ ჩვენ, ერთი ოჯახი.
- მივხვდი, რომ აქ იქნებოდი, - შევღიმე ირაკლის.
- მივხვდი, რომ მიხვდი, - ეშმაკურად მომიგო, თავისკენ დამქაჩა და გვერდით მომისვა, მერე მხარზე გადამხვია ხელი და შუბლზე მეამბორა.
თითები მის თითებში გადავხლართე, რომ ერთ სულ-სხეულად გადავქცეულიყავით. ეს იყო ბედნიერების მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც ცხრა წელიწადი მოვანდომე…
დასასრული
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>