გოგონა წელში გასწორდა, ხელი მოიჩრდილა და მოიხედა. ირაკლი ადგილზე გაქვავდა. თაკოს ბიუსტჰალტერი არ ეცვა და ლამის გული შეუღონდა.
- გინდა? - თაკომ ეშმაკურად დაიწვრილა თვალები, როცა მისი რეაქცია შეამჩნია და წითელი წვენით ტუჩებმოთხუპნილმა ჯამი მაღლა ასწია.
- მინდა, - სწორედ ისე წარმოთქვა მამაკაცმა, როგორც მაშინ, შორეულ წარსულში, როცა ნანასთან დაახლოების სურვილი გამოთქვა ამ ერთი მაგიური სიტყვით.
«საინტერესოა, რა იგულისხმა «გინდაში» - გაიფიქრა მამაკაცმა და თავი რამდენჯერმე გადააქნია, რომ მაცდური ფიქრები სასწრაფოდ განედევნა გონებიდან. დარეტიანებული ჩამოვიდა პირველ სართულზე.
- ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, - საზეიმო ხმით განაცხადა ჰოლში შემოსულმა თაკომ და ვერცხლისფერი ჯამი მაგიდაზე შემოდგა, - გარეცხვაც კი არ სჭირდება, მაგრამ მე მაინც გადავავლე წყალი, შეგიძლია თამამად მიირთვა.
- მომისმინე, პრინცესა, - ჩაიბურტყუნა ირაკლიმ, - ჩემ უკითხავად ეზოშიც არ უნდა გახვიდე მარტო, გასაგებია?
- ვითომ რატომ? ეს ეზო ჩემი არ არის? უფლება არ მაქვს, გავისეირნო?
- გაქვს, მაგრამ მე შენ გვერდით უნდა ვიყო, დაიმახსოვრე ერთხელ და სამუდამოდ. შეიძლება ყოველი წუთი საბედისწერო აღმოჩნდეს. დავიდა შენამდე?
- ღმერთო ჩემო, როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი. ვერ ხედავ, არაფერი რომ არ ხდება? ტყუილად გეშინიათ ყველას.
- მე ვიცი, რასაც ვამბობ და უნდა დამიჯერო, - ჯიუტად თავისაზე იდგა ირაკლი.
- რატომ უნდა დავიჯერო შენი, რა, კარგად ერკვევი ადამიანებში? - ფეხი ფეხზე შემოიდო თაკომ და მრგვალი მკერდი გამომწვევად გამოზნიქა.
- მე შენზე უფროსი ვარ და გამოცდილებაც შენზე მეტი მაქვს, - მორიელმა მის მკერდს ძლივს მოწყვიტა თვალი და განზე გაიხედა.
- მაგრამ შენ ხომ სახეზე პათოლოგიური პატიოსნება გახატია!
ირაკლი გაოგნდა. ნუთუ მართლა ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს მისი სახე?
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, - მკაცრად თქვა, - შენ რა გესმის ადამიანების ან იმის, რა აწერიათ მათ სახეზე.
- ძალიან ბევრი რამ მესმის, არც ისე პატარა ვარ, შენ რომ გგონია, - იუკადრისა გოგონამ, -დარწმუნებული ვარ, ასი წლის რომ გახდები, მაშინაც ასეთი მიამიტი იქნები.
- რაღაც ვერ გავიგე, ხან პათოლოგიური პატიოსნება გაწერიაო, ხანაც მიამიტი ხარო… მოდი, შევწყვიტოთ ეს იდიოტური საუბარი.
- პატიოსანი ადამიანები მიამიტები ხართ, განა არ იცი, რომ ასეა? თქვენ გიყვართ სიმართლე, იბრძვით სამართლიანობისთვის, სიტყვას ყოველთვის ასრულებთ, არ ღალატობთ ქალებს, არ წირავთ მეგობრებს… თქვენი წესიერებით იმდენად დადებითები ხართ, რომ უკვე გული მერევა! არადა, სხვები სწორედ ამით სარგებლობენ, ყველა გიყენებთ. მეგობრები გატყუებენ, ქალები გღალატობენ… თქვენ კი მაინც უშფოთველად ცხოვრობთ, იმიტომ, რომ გგონიათ, ეს ქვეყანა იმავე პრინციპებით არის აგებული, რა პრინციპებითაც თავად ცხოვრობთ. თუმცა ერთი რამ მაინც მიზიდავს შენში.
- მაინც რა? - უნდობლად გაიღიმა ირაკლიმ, თან გაოცებული დარჩა, ვერ წარმოედგინა, თუ თაკოს ასე სერიოზულად მსჯელობა შეეძლო.
- შენს მკლავზე ამოსვირინგებული მორიელის ნიშანი… ძალიან სექსუალურს გხდის, - თქვა თაკომ.
- გემრიელი მარწყვია, - მამაკაცმა სხვა თემაზე სცადა საუბრის გადატანა.
- გულახდილად მითხარი, რა უფრო ტკბილია - ჩემი ტუჩები თუ ეს მარწყვი? - მაცდურად შეხედა გოგონამ და ტუჩებზე ენა მოისვა.
- იცი, რომ ბოზი ქალივით იქცევი? - კითხვა შეუბრუნა ირაკლიმ.
- ყველა ქალის სულში ზის სულ პატარა ბოზი მაინც, ეს ჩემგან არ გესწავლება, - ნიშნის მოგებით აღნიშნა გოგონამ, - გააჩნია, ვინ რა დოზით ავლენს ამ თვისებას.
- რა თვისებას? - წარბები შეჭმუხნა პირადმა მცველმა.
- ბოზურ სულს.
- გეყოფა პატარავ, დავიღალე შენი რატრატით, იქნებ ყავა დაგველია?
- ჯერ ჩემს კითხვას უპასუხე, სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ.
- რომელი კითხვის პასუხი გაინტერესებს?
- რა უფრო ტკბილია - ჩემი ტუჩები თუ ეს მარწყვი? - გაიმეორა თაკომ.
- მარწყვი რომ ტკბილია, ამის დამტკიცება შემიძლია, შენი ტუჩების კი რა მოგახსენო… დაგემოვნება ვერ მოვასწარი.
- მაშინ გავიმეოროთ.
- არა მაქვს ამის სურვილი, სამწუხაროდ.
- ღმერთო ჩემო, ნუთუ ქალი არასდროს გყვარებია?
- არა.
- არც გიკოცნია?
- არა.
- იქნებ კოცნაც არ იცი?
- არა.
- მაშინ გასწავლი, - ბავშვურად წამოიძახა თაკომ და კეკლუცად გაიღიმა.
- არა.
- სხვა სიტყვა არ იცი?
- ვიცი და მოუსვი ახლა აქედან, სანამ მიგტყიპე.
«პრინცესა» უკმაყოფილო სახით გატრიალდა და სამზარეულოში შესულმა ჯამ-ჭურჭლის ჩხაკუნი ატეხა. მერე რაღაც გაუვარდა ხელიდან, დამსხვრევის ხმა გაისმა.
«ისევ… რა მოუხერხებელია, თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერს დალეწავს», - ღიმილი ვერ შეიკავა ირაკლიმ, დივანზე გადაწვა და თვალები მილულა. თაკოზე ფიქრები მოეძალა.
თვითონაც არ იცოდა, რა უფრო უნდოდა - მართლა ჰყვარებოდა გოგონას თუ არ ჰყვარებოდა. იგი ზომაზე მეტად აღიზიანებდა თავისი თავხედური გამოხტომებით, გამომწვევი საქციელით, მაგრამ, ამავე დროს, იყო მასში რაღაც ამაღელვებელი, მგრძნობიარე, თავბრუდამხვევი… ხანდახან მისი სითავხედეც კი საყვარლად ეჩვენებოდა და ისე იღებდა მას, როგორც ბავშვურ სიცელქეს. შეუძლებელი იყო, თაკოზე სერიოზულად გაბრაზებულიყავი, ისევე, როგორც ვერ გაუბრაზდებოდი კნუტს, რომელმაც შემთხვევით გაგკაწრა. გრძნობდა, რომ რაღაც გამოუცნობი იზიდავდა მისკენ, რაღაც უხილავი, იდუმალი, სახელსაც ვერ უძებნიდა მის ამ… ამ…
ერთი სიტყვით, მის ამ განსაკუთრებულობას.
მოულოდნელად ჩამოვარდნილმა სიჩუმემ გამოაფხიზლა. თაკო საეჭვოდ მიწყნარდა სამზარეულოში. თოფნაკრავივით წამოხტა და სახელურს არც შეხებია, ისე შეაღო კარი, ლამის შეამტვრია. გოგონა ფანჯარასთან მიმდგარიყო და მობილურზე ვიღაცას ეჩურჩულებოდა. ხმაურზე შეშინებულმა სწრაფად გააქანა ტელეფონი ჯიბისკენ.
- ვის ელაპარაკებოდი? - გამეხებული მიუახლოვდა ირაკლი.
- რა შენი საქმეა! - უკმეხად უპასუხა თაკომ და უკუსვლით კედლისკენ წავიდა.
- მომეცი მობილური! - ხელი გაიშვირა მამაკაცმა.
- უფლება არ გაქვს! ყველაფრის უფლება კი არ გაქვს, - იყვირა.
- მომეცი-მეთქი, სანამ ძალით წამირთმევია.
- ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა, გესმის? მე სრულწლოვანი ვარ, ვისაც მინდა, იმას დავურეკავ და არავის არ ვკითხავ ამას! - გოგონამ ტელეფონი ჩაბღუჯა და ზურგს უკან დაიჭირა.
ირაკლიმ ღრმად ამოხვნეშა, ნელ-ნელა დამშვიდდა და სკამზე ჩამოჯდა, რადგან იგრძნო, როგორ უცახცახებდა მუხლები.
- შენ იცი, რომ ძალიან შემაშინე? - ხმადაბლა თქვა და უძილობისგან ჩაწითლებული თვალები მისკენ მიაპყრო.
- რა ჩავიდინე ამისთანა… მეგობარს ვესაუბრო, არ შეიძლება?
- ასე საიდუმლოდ?
- ჰო, თუნდაც ასე საიდუმლოდ.
- ვინ მეგობარია, რას წარმოადგენს?
- ის, ვისთან შესახვედრადაც არ გამიშვი.
- ესე იგი, შეყვარებულს…
- ჯერ არ არის შეყვარებული, უბრალოდ, მეგობარია, მოვწონვარ, მეც მომწონს.
- გამაგებინე, ერთდროულად რამდენი კაცი შეიძლება მოგწონდეს? - ვერ მოითმინა მორიელმა.
- რამდენიმე, - პატარა ბავშვივით დაიწვრილა ხმა გოგონამ და ეშმაკურად გაუღიმა, - ვინც პირველი შემიყვარებს, მისი გავხდები.
- მე არ გეხუმრები!
- არც მე. შენი საქმე არ არის, ვინ მომეწონება და ვინ არა! - ფეხები დააბაკუნა უცებ.
- მომისმინე… თუ შენ ჩემი შეკითხვა თავხედობად მიგაჩნია, მაშინ მე აქ აღარაფერი დამრჩენია. ჩვენ შორის, სანამ ერთად ვართ, მჭიდრო, ასე ვთქვათ, კოვალენტური კავშირი უნდა დამყარდეს. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, რაც მოძრაობს თუ არ მოძრაობს, იმ ელექტრონის ნაწილაკებად უნდა მიიჩნიო, რომელიც ერთმანეთთან გვამჭიდროებს. გესმის? ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივაა. ის შენი თაყვანისმცემელიც, ის დაცვის ბიჭებიც, ეს შენი სახლიც და ეს ჩემი ჭრილობაც. ჩვენ ერთმანეთის ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. ასე რომ, მომიყევი ახლა, რაზე ილაპარაკეთ შენ და იმ… რა ჰქვია?
- სოსო… რაზმაძე, ოცდაორი წლის, სწავლობს სამედიცინოზე, - გაუბედავი ხმით ამოთქვა დატუქსული ბავშვივით კედელთან ატუზულმა თაკომ.
- ჰო, სოსო, არა უშავს, კაცური სახელია… იოსები, ჩვენებურად რომ ვთქვათ… - ირაკლი წამოდგა, გოგონას მიუახლოვდა, ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა, მერე მაჯაში ხელი წაავლო და ჰოლში გამოიყვანა, დივანზე დაჯდა და ისიც გვერდით მოისვა.
- გისმენთ, პრინცესა, მოუთმენლად ველი თქვენს მონოლოგს.
- ისეთი არაფერი, დავურეკე, მოვიკითხე, როგორ ხარ-მეთქი. ბოდიში მოვუხადე, წუხელ ღამეს კლუბში რომ ვერ მივედი. არ მინდოდა ეფიქრა, რომ მოვატყუე. თურმე თვითონაც არ ყოფილა. დედის ბიძაშვილი დამეღუპა ავარიაში და იქ ვარო. სულ ეს იყო, - მხრები დამნაშავესავით აიჩეჩა თაკომ და თავი ჩაჰკიდა.
- მერე? ამას მიმალავდი? - ხუმრობის ტონით წამოიძახა მამაკაცმა, - რა იყო ამაში საჩუმათო? გეთხოვა და მე თვითონ დაგარეკინებდი, უგულო კი არ ვარ…
- რა ვიცი, ასე მგონია, სუნთქვასაც მიკრძალავ…
- საიდან დაასკვენი, რა სისულელეა…
- რა, ასე არ არის? ყველაფერს მიკრძალავ ორი დღეა.
- იტყუები, ყველაფერს არ გიკრძალავ… მაგალითად, ყავის მოდუღებას. მიდი, მომიხარშე ერთი დიიიდი ჭიქა ყავა, თორემ სული გამძვრება, მთელი ღამის უძინარი ვარ.
- უძინარი? რატომ, მოხდა რამე?
- არა, - დაიბნა ირაკლი და გოგონას მზერა აარიდა, - ბევრი საფიქრალი მაქვს, თანაც… მე ხომ დაძინების უფლება არა მაქვს.
- აბა, სულ მღვიძარე ხომ არ იქნები, ასე ვის შეუძლია?
- პირადმა მცველმა უნდა შეძლოს, სხვანაირად რისი მცველია?
- თანაც პირადი, არა? - გადაიკისკისა გოგონამ, ძალაუნებურად მისკენ გადაიხარა და მკერდით მხარზე შეეხო.
ირაკლის ტანში გასცრა. ჭიანჭველებმა დააყარა სხეულზე. წამით ორივე გაყუჩდა, გაუნძრევლად მისჩერებოდნენ ერთმანეთს. მამაკაცის თვალებში ჭინკები დამფრთხალი გაცვივდნენ აქეთ-იქით, თითქოს თაკოს მზერას ემალებიანო.
- წავალ, ყავას გავამზადებ, - ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ და წამოდგა.
ირაკლიმ თვალი სიამოვნებით გააყოლა სამზარეულოსკენ მიმავალ მათრახივით მოქნეულ «პრინცესას» და გავიდა თუ არა, ტელეფონს გადაწვდა, სწრაფად აკრიფა ცხრანიშნა ნომერი, თან კარს მზერას არ აცილებდა.
- გიგა, დიდი დრო არ მაქვს, ერთ რამ უნდა გთხოვო, - პირადი მცველი ხმადაბლა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, - ძმურად, გაიგე ერთი, ვინ არის სოსო რაზმაძე, სამედიცინოზე სწავლობს.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>