ჯერ ხელბორკილები დაადო, მერე კი ქეჩოში ჩაავლო ხელი და კინწისკვრით ფეხზე წამოაგდო. პირველი ბანდიტი გაუნძრევლად იწვა მიწაზე შორიახლოს და არ ინძრეოდა. სულაც არ სურდა ირაკლის ენახა, როგორ იცლებოდა სისხლისგან ყელში დანაგარჭობილი ბოროტმოქმედი. მას ისედაც ბევრი სიკვდილი ჰქონდა ნანახი, მაგრამ მეორე არამზადისთვის აუცილებლად უნდა ეჩვენებინა, რა რისკზეც მიდიოდა. მოქნილად დააძრო პისტოლეტი და ზურგზე მიაბჯინა გაკოჭილს.
- გასაგებია?
მან თავი დააქნია, გასაგები იყო, რა თქმა უნდა.
- არ მომკლათ! - მუხლებზე დამხობა სცადა უცნობმა, მაგრამ ირაკლის მაგრად ეჭირა და ამის საშუალება არ მისცა.
- არ მოგკლავ, თუ მეტყვი, ვინ დაგიქირავა.
- ეს დათომ დამავალა… დავითმა… შემკვეთი ვინ არის, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს! დათოს ჰკითხეთ.
მაგრამ დათოსთვის შეკითხვების დასმა უკვე გვიანი იყო. იგი ცოცხლების სიაში ალბათ აღარ ეწერა.
- დათო არ ვიცი მე! შენ უნდა მითხრა ყველაფერი, თუ გინდა, ცოცხალი დარჩე, - ჩაისისინა მორიელმა და მამაკაცი შეაჯანჯღარა, - მოყევი, რა იცი… ასაფეთქებელი შენ დაამონტაჟე?
- კი…
- რითი ხდება აფეთქება, მობილურით?
- რადიოთი… მომკლავთ?
- რა ჩემ ფეხებად მჭირდება შენი სიკვდილი, ახვარო! - ირაკლიმ მიწაზე გადააფურთხა, -თქვი-მეთქი, გითხარი!
- მაკონტროლებელი დათოსთანაა.
პირადმა მცველმა ტყვე წინ გაიგდო და დაჭრილისკენ გაემართა. მიუახლოვდნენ თუ არა, მორიელმა ფეხი გაჰკრა მიწაზე განრთხმულ ბოროტმოქმედს. იგი არ შერხეულა. კიდევ გაჰკრა ფეხი და სისხლში მოსვრილი ცხედარი გულაღმა ამოატრიალა, მერე ფრთხილად დაიხარა და თვალებგახელილ მამაკაცს ჯიბეები მოუჩხრიკა, თან თვალს არ აცილებდა მეორეს. მარჯვენა ჯიბეში რაღაც ნივთი იპოვა, ბრელოკს ჩამოჰგავდა.
- ეს არის? - კუშტად იკითხა.
- კი, ეს არის. მე არაფერ შუაში ვარ, გეფიცები, მე მხოლოდ ვეხმარებოდი.
- ნაგავი ხარ! - დაიხრიალა ირაკლიმ, - შენნაირებს ავღანეთში, იცი, რას უშვრებოდნენ? და სწორადაც იქცეოდნენ: ნაკლები ნაგავი რჩებოდა ამქვეყნად. შენ იჯექი იმ მანქანაში, ჩვენ რომ გამოგვეკიდა? კიდევ ვინ იყო? მათი სახელები მჭირდება!
ტყვე დუმდა. მორიელი მიუხვდა. შეშინებული ბანდიტი ფიქრობდა, ტყუილი ეთქვა თუ მართალი.
- შეგიძლია არ მიპასუხო, ახლავე ჩაგაძაღლებ! - და პისტოლეტის ლულა საფეთქელზე მიადო.
- არ ვიცი… ღმერთმანი, არ ვიცი… მე არ ვყოფილვარ! - იყვირა უცნობმა და მუხლები მოეკვეთა.
ირაკლის სიმწრისგან გაეღიმა. შეიძლება მართალს ამბობდა, შეიძლება იტყუებოდა. თუმცა სიმართლეს უფრო ჰგავდა, რადგან მას შეეძლო, ახლა ყველაფერი დათოსთვის გადაებრალებინა, მაგრამ ამჯერად ეს არ გააკეთა.
- ვინ დაგიქირავა?
- არ ვიცი.
ირაკლიმ მუცელში ჩასცხო მუშტი.
- მართლა არ ვიცი, ალალად გეუბნები. დათოს ჰქონდა მათთან კავშირი. მე მხოლოდ ფული მომცეს.
- კარგად გადაგიხადეს?
- ოცი ათასი დოლარი.
- მარტო შენ თუ ორივეს?
- ორივეს. ოღონდ, დედის სულს გეფიცები, არ ვიცი, ვინ არის დამკვეთი.
მორიელს ზიზღისგან სახე დაემანჭა. ასეთ მშიშარა ტიპებს ვერ იტანდა. როგორ უშვებდნენ ამისთანებს საქმეზე, მისთვის წარმოუდგენელი იყო. ის ყველაფერს იკადრებდა, ოღონდ ცოცხალი გადარჩენილიყო.
- ხმა ჩაიკმინდე! - გააწყვეტინა.
მერე კვლავ წინ გაიგდო ტყვე და სახლში შევიდა.
- თაკო! - ხმამაღლა დაიწყო ყვირილი, - თაკო! გაიღვიძე, ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი, სასწრაფოდ! ოცდაათ წამში აქ უნდა იყო, მეტი დრო არ გაქვს, სახლი დანაღმულია!
პასუხისთვის არ დაუცდია, კვლავ გარეთ გაიყვანა აკანკალებული უცნობი და სახლს შემოუარა.
- მაჩვენე, სად დაამონტაჟეთ თქვენი ბომბი…
მისდა გასაკვირად, ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლის სამ მხარეს იყო დადებული. ირაკლის სამი, მაქსიმუმ ხუთი წუთით რომ დაეგვიანა, შენობა ჰაერში აფრინდებოდა და -თაკო და ირაკლიც მასთან ერთად.
- მომისმინე, ნაგავო! თუ კიდევ ერთხელ გამოჩნდები ამ ტერიტორიაზე, შენი ძმაკაცის გზას გაუყვები. გაიგე?
- გავიგე… - შეშინებულმა უპასუხა.
- ახლა კი პოლიცია მოვა და წაგიყვანს. არ გეგონოს, რომ იქ უსაფრთხოდ იქნები. თუ რამეს კიდევ გაბედავ, მიწიდან ამოგიღებ, იცოდე! გაიგე?
- გავიგე.
- მეორედ აღარ გაბედო აქ მოსვლა, თორემ ვეღარ გადამირჩები. ვერც შენ და ვერც ისინი, ვინც ის ამყრალებული დოლარები მოგაშავა. ყველას გადაგივლით. თქვენ მე ვერ მომერევით. ეს კარგად დაიმახსოვრე… და იმათაც გადაეცი.
- დავიმახსოვრებ! - თავი დააქნია ტყვემ, - გადავცემ…
ირაკლიმ სიცილი ვერ შეიკავა. მიხვდა, რომ უცნობისთვის ეს ყველაფერი გაკვეთილი იყო.
- თქვენზე ამბობდნენ, ეშმაკის მარჯვენა ხელიაო…
- ვინ ამბობდა?
- დათო… მე კი არ მჯეროდა… ახლა მჯერა…
ესეც ასე! თურმე გაუგიათ მისი ვინაობა ვიბლიანებს…
ბოროტმოქმედი მართლა შეშინებული იყო. რაღამც ცოცხალი დატოვეს, აღარაფერს ჩიოდა. აწი მისთვის სულერთი იყო, შინ გაუშვებდნენ თუ პოლიციაში მიაბრძანებდნენ. ორივეგან ერთნაირი სიხარულით წავიდოდა. რაც მთავარია, სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მეორედ ამ საქმეზე წამომსვლელი არ იყო, მაშინაც კი, თუ პოლიციას ადვილად დაუძვრებოდა…
ამასობაში «წუთშესვენებაც» გამოუვა მორიელს. სანამ ვიბლიანები ახალ ქილერს მოძებნიან, დრო გავა. ბოლოს და ბოლოს, საქართველოა… ასე, ერთი ხელის მოსმით არ იშოვება დაქირავებული მკვლელი.
გიგა, პოლიციის რაზმის თანხლებით, რა თქმა უნდა, გვიან მოვიდა. მან ჩაიბარა დამფრთხალი ბანდიტი, მერე კი გამნაღმველები გამოიძახა. როცა ამ ყველაფერს მორჩა, ირაკლი განზე გაიხმო და საუბარი გააბეს. თაკო ჰოლში ტახტზე წამოსკუპებულიყო ნამძინარევი და შეცბუნებული სახით. მორიელს მოეჩვენა, რომ გოგონამ მადლიერი მზერა შეავლო. ამ მზერამ გაათბო იგი. დილანდელი «სუსხიანი» დიალოგის შემდეგ თაკოს შემორიგების შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო. თვითონაც თბილად შეხედა, მის თვალებში ეშმაკურად აცეკვებულმა ჭინკებმა გადარჩენილ პრინცესას საყვარლად გაუღიმეს. თაკოს გააჟრჟოლა. როგორ შემოხედა?! რამდენი სითბო იგრძნობოდა მის მზერაში! თუმცა… გოგონა ისევ მოიღუშა. სითბო ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიყვარულს. «ნეტავ შეიძლება მისი სიყვარულის მოპოვება? რა გავაკეთო? როგორ უნდა მოვიქცე?» - წარამარა ეკითხებოდა იგი ფიქრებში ვიღაცას…
და ვისაც ეკითხებოდა, ის პასუხობდა - «დაივიწყე, არაფერი გამოვა».
«რა სასტიკი ხარ, დედა!» - თვალები ცრემლით აევსო გოგონას და თავი ჩაღუნა, რომ მისი ცრემლიანი თვალები არავის შეემჩნია.
უბედურება იმაში იყო, რომ მას ეს არ უნდოდა. არ უნდოდა ირაკლის დავიწყება. არ შეეძლო. იქნებ მოეხერხებინა კიდევაც, თუ წავიდოდა მისგან, მაგრამ არ უნდოდა… არადა, თავიდან ისე, ზერელედ დაუწყო ფლირტაობა, იქნებ მისი «შებმა» რამეში გამომადგესო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ თავისსავე დაგებულ მახეში გაება. რატომ არ უყვარს ამ კაცს, რატომ ვერ იგუა? რა არ მოეწონა მასში?
- ბიჭები გადარჩებიან? - უცებ ახლოს მოესმა ირაკლის ხმა და თავი მსწრაფლ ასწია, ცრემლი ხელის ზურგით მოიწმინდა და განზე შეტრიალდა, რომ მისთვის არ შეეხედა.
- მგონი, კი. ერთი ფერდშია დაჭრილი და ბევრი სისხლი დაკარგა, მეორეს ფილტვში მოხვედრია დანა. ის უკეთეს მდგომარეობაშია. ვასომ თქვა, საშიში ჭრილობები არ არისო. ისე უჩუმრად როგორ მიეპარნენ, რომ ვერაფერი გაიგეს?
- ცუდად მუშაობენ შენი ბიჭები, გიგა, მაპატიე, ძმაო, მაგრამ… - ტუჩებით გამოხატა უკმაყოფილება მორიელმა, - თავს დავდებ, რომ ეძინათ. სხვანაირად ასე ვერ გაებმებოდნენ. სადაც მე მეორე სართულის დერეფნიდან გავიგე ხმა, მათ როგორ ვერაფერი შენიშნეს? ზურგიდან მიეპარნენ და დანა გაუყარეს… რა, მკვდრები იყვნენ? არ მესმის, ასე როგორ შეუძლიათ…
- კიდევ კარგი, შენ მაინც გაიგონე.
- ბავშვს რამე რომ მოსვლოდა, არ ვიცი, რას ვიზამდი. ალბათ რაღაც საშინელებას ჩავიდენდი.
- ჰმ… რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ, მეგობარო… რამე ხომ არ… - გიგამ წინადადება აღარ დაამთავრა.
თაკომ ყურები ცქვიტა.
- ის ჩემი დაცვის ობიექტია, ხომ არ გავიწყდება, ბიჭო! - შორს დაიჭირა ბრალდება ირაკლიმ, - კლიენტებთან რომანი არ მჩვევია, შენც კარგად იცი.
- კლიენტებთან კი არა, საერთოდ არ გჩვევია ქალებთან რომანი, შე ყურუმსაღო! -გადაიხარხარა გიგამ და მხარზე დაჰკრა ხელი მეგობარს, - დროა, ბიძია, დრო, ბერდები უკვე, ვერ ამჩნევ?
მორიელმა პასუხად რაღაც ჩაიბურტყუნა, რაც თაკომ ვერ გაიგონა…
გაგრძელება იქნება