არადა, ირაკლი ერთს ამბობდა და მეორეს ფიქრობდა. ხედავდა, რომ გრძნობას ვეღარ ერეოდა, თავში გამუდმებით თაკოზე ფიქრი უტრიალებდა, ვერა და ვერ მოიშორა მისი სახება გონებიდან, ვერაფრით დაივიწყა მისი ცხელი ტუჩები, გლუვი სხეული და მკვრივი მკერდის ცახცახი…
იქნებ ოდესმე მოახერხოს კიდეც მისი დავიწყება, როცა მისია ამოეწურება და ამ მოჯადოებულ სახლს მოშორდება. როცა შეწყვეტს მასთან თანაცხოვრებას, მისით სუნთქვას, როცა ისევ მარტო დარჩება. როცა მეტჯერ აღარ ექნებათ საუბარი მის ესკიზებსა და სხვა სისულელეებზე, როცა მის ტირილს აღარ მოისმენს ღამღამობით და აღარ ექნება გოგონას ნუგეშისცემის უფლება… როცა მისი შეუვალი გული პატარა ლეკვივით დაანებებს თავს ცხვირის ჩაყოფას თაკოს აქამდე თითდაუკარებელ მკერდში, როცა ვეღარ შეიგრძნობს მის ვნებიან ამოსუნთქვას, მისი გულისცემის ყოველ ფრაგმენტს…
ჯერჯერობით კი აქ უნდა დარჩეს, ეს მისი მოვალეობაა, ეს მისი მისიაა, გარდაუვალი მისია. გამოდის, რომ მისი ფიქრები განსჯას არ ექვემდებარება. ის აქ არის იმისთვის, რომ თაკო დაიცვას…
…და ის იცავდა პატარა პრინცესას… ბანდიტებისგან, თავზეხელაღებული ვიბლიანებისგან, მისგან მოგზავნილი ქილერებისგან, ცუდი ძილისგან, უხასიათობისგან…
ეს მისი ბედისწერაა. ალბათ განგებამ არგუნა ასე - მთელი ცხოვრება ვიღაცისთვის უნდა დასდოს თავი. თუმცა… უკვე არა «ვიღაცისთვის»… აქამდე არც ერთ მის დასაცავ ობიექტს არ გამოუწვევია ისეთი მძაფრი, ისეთი ძლიერი, ისეთი ტკბილი სურვილი დაცვისა და მზრუნველობისა, როგორც თაკოს…
ამიტომაც არ ღირს ტვინის ტყუილად ჭყლეტა. სულერთია, მაინც ვერაფერს გახდება. თაკო მას სჭირდება… და ისიც სჭირდება თაკოს. არა აქვს მნიშვნელობა, ხვდება გოგონა ამას თუ არა.
სულ ეს არის…
როცა პოლიციელები წავიდნენ და ირაკლიმ სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა, ფანჯარასთან ზურგშექცევით მდგარი თაკო შეამჩნია. მიუახლოვდა, მხრებში ხელი ჩაავლო და შემოაბრუნა. იგი თვალებაცრემლებული შესცქეროდა პირად მცველს. მის მზერაში იმედგაცრუებაც იკითხებოდა.
მამაკაცმა ძალა მოიკრიბა და ჩუმად წარმოთქვა.
- მოხდა რამე?
გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია და ნაღვლიანად გაიღიმა.
- იცი? რომ დავფიქრდი, ერთ რამეს მივხვდი. სულაც არ არის მთავარი, რამდენად გიყვარვარ. სულ ცოტათი მაინც ხომ გიყვარვარ, არა? ჩემთვის ეს უკვე ბედნიერებაა… მე ხომ ძალიან მიყვარხარ.
ირაკლი უსიტყვოდ ჩასჩერებოდა სახეში. თავში ერთმანეთში ერეოდა აზრები, ფიქრებით რამდენიმე საათის წინ მომხდარ ამბავს დასტრიალებდა, მისი არსებობა ლამის გადაავიწყდა. თაკო კი… იდგა მის წინაშე, ისეთი უმწეო, ისეთი სევდიანი, ისეთი ლამაზი, რომ მას ძალა არ ჰყოფნიდა, გოგონასთვის რამე ეთქვა. მამაკაცს ამისთვის დრო სჭირდებოდა.
გაჭირვებით აიყვანა თავი ხელში, რომ არ ჩაებღუჯა ეს საყვარელი არსება და კოცნით არ დაეხრჩო. ნელა გაუწოდა ხელი, თავისკენ მოიზიდა და გულზე მიიხუტა, თან ნაზად თმაზე დაუწყო ფერება. ასლუკუნებულმა გოგონამ პირადი მცველის მკერდში ჩარგო თავი.
ირაკლის მოულოდნელად გაახსენდა სიტყვები, იმ ღამით რომ ენაზე მოადგა და ვერ უთხრა გოგონას. ახლა სწორედ რომ დროული იყო. ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა:
- მეც მიყვარხარ, თაკო… მაგრამ მოღალატე არასდროს ვიქნები… არ მინდა მამაშენი ჩემგან მოტყუებული დარჩეს. არ მინდა ეგონოს, რომ მისი არყოფნით ვისარგებლე. ამაშია მთელი პრობლემა…
- მართლა? მხოლოდ ამაში? - მან თავი მკვირცხლად ასწია და ცრემლით სავსე თვალები შეანათა მამაკაცს.
- ჰო, - თვალები დახუჭა მორიელმა.
გოგონას სახე გაუნათდა და ბედნიერებისგან გაბრწყინებული პირად მცველს კისერზე ჩამოეკიდა, პირისახე დაუსეტყვა კოცნით.
- ირაკლი, ირაკლი, ვერ წარმოიდგენ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რაც მითხარი! - ჩურჩულებდა იგი, - ლამაზი მადლობა ამისთვის, გმადლობ, რომ მითხარი.
მამაკაცი თავს უხერხულად გრძნობდა… ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული, რომ სიმართლეს ამბობდა, რომ ნამდვილად იყო სიყვარული ის, რასაც მის მიმართ განიცდიდა. ნუთუ შეუძლია ხელახლა განიცადოს ის დიდი გრძნობა? მისი სულიერი რესურსები ხომ დიდი ხანია, ამოწურულია. არც თაკოს შეუძლია მისი სიყვარული. იგი ძალიან პატარაა ამისთვის. ახლა ვერ ხვდება, მაგრამ გაივლის დრო და მიხვდება, რომ ასაკითაც კი შეუფერებლები არიან. მერე ინანებს, მერე, როცა ძალიან გვიან იქნება. ახლა მხოლოდ ემოციების ტყვეობაშია, მეტი არაფერი. და ეს ემოციები სიყვარული ჰგონია.
აი, გაერკვა საბოლოოდ… ზუსტ დასკვნამდე, როგორც იქნა, მივიდა. ამიტომაც არ გაანაწყენებს პატარას, პირიქით, ეცდება, დაამშვიდოს, ნუგეში სცეს. კიდევ ერთხელ ეტყვის, რომ მას ის უყვარს, ნამდვილად უყვარს… თითქმის უყვარს…
- მოდი, იცი, რა ვქნათ? გავიქცეთ აქედან, საზღვარგარეთ წავიდეთ, იქ ვიცხოვროთ. შენც მარტო ხარ… მეც… მაინც არაფერი დაგვრჩენია აქ. ფული ბევრი გვაქვს. თავიდან დავიწყოთ ცხოვრება, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. რას იტყვი?
კარგა ხანს უსმინა ირაკლიმ გოგონას ეგზოტიკური მომავლის «დახასიათებას» და ბოლოს გააწყვეტინა.
- მოიცა, მოიცა… ჯერ ამიხსენი, რატომ? რატომ უნდა გავიქცეთ სხვაგან?
- სულ ერთად ვიქნებით, მხოლოდ ჩვენ ორნი - შენ, მე და კიდევ ჩვენი სიყვარული, გესმის? შორს ამ ქვეყნიდან, ამ საქმეების გარჩევისგან, საზიზღარი ვითომ მაფიისგან, დაქირავებული მკვლელებისგან, მოღალატე მშობლებისგან… რა გაჩერებს აქ, ვისზე შეგტკივა გული? არც ცოლი გყავს, არც შვილები… სამსახური? ეგ პრობლემა მოიხსნება, იმდენი ფული მაქვს, ჩვენც გვეყოფა და ჩვენს შვილიშვილებსაც… ოღონდ არ მითხრა, რომ პატრიოტი ხარ და აქედან არასდროს წახვალ… სულერთია, არ დაგიჯერებ!
- პატრიოტი? ეგ არაფერ შუაშია. მე დიდხანს ვიყავი გასული ქვეყნიდან და არა ერთხელ და ორჯერ… მაგრამ აქაურობის სამუდამოდ მიტოვების სურვილი არასდროს გამჩენია, თუმცა… - თქვა და დადუმდა.
თითქოს უჩვეულო არაფერი იყო თაკოს ნათქვამში, მაგრამ ფრაზა «ჩვენი სიყვარული» ეხამუშებოდა რატომღაც…
მაინც ებრძოდა თავს… რამდენი ხანია, გაურბოდა, განესაზღვრა თავისი გრძნობა ამ პატარა გოგონას მიმართ. არა, ის ნამდვილად იყო, უეჭველად იყო, თანაც საკმარისად მძაფრი, მაგრამ…
ის მეოთხე თუ რომელიღაც განზომილება, რომელშიც შემთხვევით მოხვდა, არაფრით არ შეესაბამებოდა რეალურ ცხოვრებას. იგი განსხვავებული კანონებით იმართებოდა, იქ ისეთი რამეები იყო ნებადართული, რაც არ შეიძლებოდა ყოველდღიურ, ნორმალურ ცხოვრებაში მომხდარიყო. იქ სხვანაირს უნდა გეარსება. ამიტომაც ამ განზომილების ვოიაჟი, ადრე თუ გვიან, დამთავრდებოდა, ირაკლის კი მოუწევდა რეალურ სამყაროში დაბრუნება. ახლა ზღაპარში იყო, სადაც თაკო მოჯადოებული ლამაზი ფერიის როლს თამაშობდა. მონარნარდა, უფლისწულს თავბრუ დაახვია და ბოლოს რა? კვლავ ზღაპარში გაუჩინარდება, დაბურულ უღრან ტყეში, მოჯადოებულ ცხრაკლიტულში… ზღაპარს ყოველთვის აქვს ბოლო და ის ბოლო მუდამ კეთილია…
რეალურ ცხოვრებაში კი არ არსებობენ ჯადოქრები, ფერიები და სხვა ზღაპრული პერსონაჟები. აქ ულმობელია… აწმყოც, წარსულიც და მომავალიც… და არავინ იცის, როგორი იქნება ბოლო - კეთილი თუ…
ფიქრებიდან რომ გამოერკვა, შეამჩნია, როგორ აკვირდებოდა თაკო მისი სახის გამომეტყველებას. ის ელოდა, რას იტყოდა პირადი მცველი.
- ცდები, პატარავ, მე აქ ბევრი რამ დამრჩენია.
- და რა არის ამ «ბევრი რამის» სახელი?
- თუნდაც მარი.
- ნუთუ? - ირონიულად შენიშნა გოგომ.
- მაპატიე, მაგრამ ასეა.
- ესე იგი, უარს მეუბნები?
- გააჩნია, რაზე…
- ამას მნიშვნელობა არა აქვს, - განხიბლული ტონით ჩაილაპარაკა თაკომ და ზურგი შეაქცია.
ირაკლიმ ზურგზე გადაუსვა ხელი. ის არ შერხეულა.
მხარზე აკოცა. მან არ უპასუხა.
მისი გაშლილი თმა ხელზე დაიხვია და მსუბუქად თავისკენ მოქაჩა.
გოგონა გაბოროტებული სახით შემობრუნდა.
- მე არასდროს წამიგია, გესმის? არც ახლა ვაპირებ! - და თვალებში კვლავ გაუბრწყინდა ცრემლი.
- პატარავ, შენ ხომ თავიდანვე იცოდი, რომ…
- მე შენ მიყვარხარ, ნუთუ ვერ ხვდები? - იყვირა გოგონამ და ატირებულს ტუჩები დაებრიცა.
- დაწყნარდი, ცოტაც მოიცადე, დამთავრდეს ეს კოშმარი, - ხმადაბლა თქვა ირაკლიმ, ხელისგულებით სახე დაუჭირა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო.
- და მე შენს თავის არავის დავუთმობ, - დაასრულა დაწყებული წინადადება გოგონამ და მამაკაცს გაგულისებული გაუსხლტა ხელიდან.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>