თავის ოთახში შევიდა, ფეხზე ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა, რომ მიდამო გაეკონტროლებინა, ღამის შემოვლა დაეწყო. ოცი წუთი მოუნდა შინ და გარეთ ეზო-კარის დათვალიერებას. პოსტზე მდგარ ახალ მორიგეებსაც შეუარა, შეეხმიანა. ტერიტორიაზე სიმშვიდე სუფევდა.
როცა საქმეს მორჩა, ოთახში ავიდა, გაიხადა და დაწყნარებული ლოგინში შეწვა.
ათი წუთიც არ გასულა, რომ კარი გაიღო და ზღურბლზე თაკო გამოჩნდა.
_ მითხარი, ყველაფერი კარგად იქნება? _ გოგონას ზურმუხტისფერი მოკლე ღამის პერანგი ჩაეცვა, გამომწვევად მოუჩანდა მოშიშვლებული მხრები.
ირაკლიმ მალულად გადააგორა ნერწყვი.
_ აუცილებლად.
_ ახლა რა ვქნა, ისევ დავიძინო? _ და მოახლოებულმა ზღაპრულმა ფერიამ ხელი მკერდზე ნაზად დაადო.
_ დაიძინე, _ თქვა მამაკაცმა და მის ხელს ხელი დაადო.
_ ძილი ნებისა, მორიელო, _ თქვა გოგონამ, მაგრამ ხელი არ აუღია მისი მკერდიდან.
_ ძილი ნებისა, პატარავ…
სიჩუმე ჩამოვარდა. თაკო არ მიდიოდა, ირაკლი არ ინძრეოდა. ფერია თითქოს რაღაცას ელოდა.
_ ისა… ხომ არ გეშინია მარტო დაძინების? _ ძლივს ამოთქვა ირაკლიმ.
_ მეშინია.
პაუზა გაიწელა. «გადაწყვიტე!» _ ეუბნებოდნენ ქალის თვალები. კვლავ გაუჭირდა ხმის ამოღება.
_ ნუ გეშინია, მე აქვე ვიქნები.
თაკომ მწარედ ჩაიცინა და გავიდა, კარი კი ღიად დატოვა. მამაკაცმა თვალებზე მოისვა ხელი… მას თავისი სისუსტის რცხვენოდა, ოღონდ ვერ ხვდებოდა, რაში მდგომარეობდა ეს სისუსტე _ იმაში, რომ მასთან უნდოდა ყოფნა, თუ იმაში, რომ ვერ ბედავდა მასთან ყოფნას…
გოგონას საძინებელში რაღაც გაჭრაჭუნდა. მამაკაცი მიხვდა _ მას არ ეძინა… იცოდა, ირაკლის ელოდებოდა.
წამოდგა… ერთხანს გარინდული იდგა, შემდეგ მივიდა, კარი მიხურა და… ისევ წამოწვა. თავზე ხელები შემოიჭდო, რომ თაკოზე ფიქრები თავიდან მოეშორებინა.
ისევ გაისმა ხმაური გოგონას საძინებლიდან… ნაბიჯების ხმა იყო, მსუბუქი, ჰაეროვანი, შიშველი ნაბიჯების. გონება აერია, სუნთქვა შეეკრა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა ლამის. ახლა ის კარს გააღებს… და თავნება გოგონა ციხესიმაგრეს აიღებს, ირაკლი დანებდება, ტყვედ ჩაბარდება მის ჩამოქნილ მკლავებს. ხომ თქვა, მე არასდროს ვმარცხდებიო… ასეც იქნება.
დრო გაიწელა… კარი არ გაღებულა… არავინ შემოსულა…
ამასობაში ჩათვლიმა კიდეც…
უცნაურია, ვერც გაიგო, როდის გაიღო კარი… ის შემოვიდა… კი არ შემოვიდა, ქარივით შემოიჭრა ოთახში, მუდარით სავსე დიდრონი თვალებით თავისკენ უხმობდა მამაკაცს… იმანაც მეტი ვეღარ მოითმინა… ხელები გაშალა და აღტკინებული გოგონა კიდევ ერთხელ ჩაესვენა პირადი მცველის მკლავებში. ირაკლი გრძნობდა მისი ცხელი ტუჩების შეხებას, რომლითაც გოგონა ხან მკერდს და ხან სახეს უფარავდა. პერანგის სალტეები მხრებიდან ჩამოცურებოდა და მოშიშვლებული მკერდის ღარი მაცდურად მოუჩანდა. თაკომ ჯერ თვალებში ჩახედა ახალგაღვიძებულს, მერე ყელზე აკოცა, შემდეგ _ ნიკაპზე, ბოლოს კი პირადი მცველის ვნებიან ტუჩებზე ჰპოვა ნავსაყუდელი… გოგონას თმა ირაკლის სხეულზე დაცურავდა. მამაკაცს სუნთქვა გაუხშირდა. ხელებმა მისდა უნებურად დაიწყეს მოძრაობა, თავადაც არ იცოდა, რატომ _ მოეშორებინა თუ თავისკენ მიეზიდა ათრთოლებული სხეული.
არც კაცს, არც ქალს, სიტყვა არ დაუძრავს. ირაკლის შეუმჩნევლად ეღიმებოდა _ სიამოვნებას გვრიდა, თაკო რომ დიასახლისობდა მის მკერდზე. მისი ალერსი მამაკაცში ნეტარების ტალღას იწვევდა, სულს უგუბებდა, მერე დროებით ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა და უფრო აზვირთებულ, უფრო ვნებიან ტალღად ატყდებოდა. მორიელი ძლივს იკავებდა თავს, სიამოვნებისაგან თავბრუდახვეულს არ დაეკვნესა… არ უნდოდა, არ მიაჩნდა საჭიროდ მონაწილეობა მიეღო ამ თამაშში… მან ხომ პირობა დადო, სიახლოვეს არ გაკარებოდა… ის ახლა არაფერ შუაშია, მხოლოდ თავხედი გოგონაა ყველაფერში დამნაშავე, ეს მან წამოიწყო სახიფათო თამაში, თუმცა… თვითონაც იყო შუაში… თუნდაც უსიტყვოდ, თუნდაც გაუნძრევლად, მაგრამ მაინც… ეს მისი სხეული იწევდა თაკოს აცახცახებული და მთრთოლვარე ბაგეებისკენ, მისი გახურებული და გამკვრივებული მკერდისკენ…
არა, არ შეეძლო ხელი ეკრა ამ საოცრებისთვის, უარი ეთქვა ღვთაებრივ ნეტარებაზე, მან უკვე გადააბიჯა სიამოვნების ზღვარს, რომლის მიღმაც თავდავიწყების მწველი ტანჯვა იწყებოდა თავისი გაუგონარი, გამოუცდელი, საშიში და დამანგრეველი ძალით.
შიგადაშიგ გოგონა წამით შეისვენებდა, რომ მისთვის შეეხედა. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ირაკლი თაკოს სიამოვნებისაგან გაფართოებულ თვალებში სიგიჟეს კითხულობდა, როგორც იმ მტაცებლისა, მსხვერპლის დაუფლების ჟინით რომ არის შეპყრობილი…
მორჩა, ეყოფა თავის შეკავება… ეყოფა ყოყმანი… ნდომა უფრო მაცდური აღმოჩნდა, ვიდრე მოვალეობა… და ირაკლიმ სურვილი ნებაზე მიუშვა…
ორი შიშველი სხეული დიდხანს იკლაკნებოდა მთვარის შუქზე…
ორი ადამიანის ყრუ ოხვრა დიდხანს არღვევდა ღამის მყუდროებას…