და ერთ მზიან დღეს გათხოვდა კიდევაც, რაც სრულებით არ გამკვირვებია, რადგან კარგა ხნის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ ასე მოხდებოდა. მართლაც, როგორც ვვარაუდობდი, თავისზე ცხრა წლით უმცროსს გაჰყვა ცოლად. ერთხელაც დამირეკა და მითხრა, მე და ჩემი ქმარი ამერიკაში გადავდივართ საცხოვრებლადო და დამემშვიდობა. ისე გაემგზავრა, სანახავაააც არ მოსულა. მერე სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ თავისი ბინა გაუყიდია, ქმრის დარჩენილი ბიზნესიც, ბანკიდან მთლიანად გამოუტანია, რაც თანხა ჰქონდა, სულ რაღაც ექვსასი ათასი დოლარი და გაქრა…
მას მერე წლები გავიდა და მისი ასავალ-დასავალი არ ვიცი. მკვდარია თუ ცოცხალი, ვერ გავიგე, ვერანაირად ხმა ვერ მივაწვდინე.
მე კი ახალი ძალით შევუდექი ცხოვრებას. დავწინაურდი, მეც მინის ექსპერტი გავხდი. ცხოვრება კალაპოტში ჩავაყენე.
დემნა და სალომე დაქორწინდნენ. სალომემ ვაკო მომინათლა. მართალია, დემნა სასტიკი წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ სალომემ უკან არ დაიხია. როგორც ჩანს, ამით ნიადაგი გაიმყარა, რომ დემნას არ მიეტოვებინა და ჩემკენ არ მოჰბრუნებოდა გული. იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ მისი დემნა საერთოდ არ მაინტერესებდა.
და როცა მეგონა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ჩემს მომავალს აღარაფერი ემუქრებოდა, სწორედ მაშინ დამიცდა ფეხი…
ეს მოხდა 2016 წლის 13 მარტს… ორშაბათს…
ის დღე დილიდანვე დამენავსა. გარეთ საშინელი ქარი ქროდა, ცრიდა. ავტობუსზე ხომ დამაგვიანდა და სამარშრუტო ტაქსიმაც ისეთმა გადავსებულმა გამოიარა, არც კი გააჩერა. მერე, როცა, როგორც იქნა, მომდევნოში შევეკვეხე, საცობში გავიჭედე. ისეთი საცობი იყო, რომ იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში.
ასე რომ, სამსახურში მთელი ორმოცი წუთის დაგვიანებით მივედი. თათბირი უკვე მთავრდებოდა, ამიტომ სათათბიროში შესვლას აზრი აღარ ჰქონდა.
მენეჯერისგან საყვედურიც მივიღე და სასტიკი გაფრთხილებაც - თუ კიდევ დავაგვიანებდი, დამაჯარიმებდნენ ან სულაც სამსახურიდან დამითხოვდნენ, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ იყო. თავის მართლება არ დამცალდა და არც არავინ მიიღო არგუმენტად ის, რომ მთელი ორმოცი წუთი საცობში გავატარე. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემ გარდა ყველა დროზე გამოცხადდა სამსახურში, მაინცდამაინც მხოლოდ მე დამაგვიანდა.
ამის გამო მთელი დილა მოშხამული ვიყავი. ერთ კლიენტთან შელაპარაკებაც მომივიდა -ვერა და ვერ გავაგებინე, რატომ ვერ მიეცემოდა სესხი. ჯერ ხომ მე გამომლანძღა, მერე მთელ ფილიალს მისდგა - თქვე ასეთებო, ისეთებო, სესხსაც კი ნაცნობობით გასცემთო.
ამის გამო უარესად მომეშხამა გუნება. ერთი სული მქონდა, შესვენების დრო როდის დადგებოდა, რომ სუფთა ჰაერზე გავსულიყავი და ცოტა გული გადამეყოლებინა.
როგორც იქნა, გახდა პირველი საათი და ჩემი სამწახნაგა ფირნიში წარწერით: "შესვენება 13:00-დან 14:00-მდე" ჩემს სამუშაო მაგიდაზე შემოვდე და საპირფარეშოს მივაშურე ხელების დასაბანად. ისე მშიოდა, კუჭი მეწვოდა. ჩვენ მოპირდაპირედ საცხობი მდებარეობდა, სადაც შესვენებაზე ან ხაჭაპურს ვყიდულობდი, ან პიცას, ან ლობიანს და ამით ვნაყრდებოდი. ახლაც ასე ვაპირებდი, რათა აწრიალებული კუჭი როგორმე დამეწყნარებინა.
ის იყო, მცირე საჭიროება მოვითავე, ხელები გადავიბანე და გამოვედი, რომ დარბაზიდან რაღაც ხმაური და ჩოჩქოლი მომესმა. ვიღაც ყვიროდა, ვიღაცამ შეჰკივლა კიდევაც. ჯერ ნაბიჯს ავუჩქარე, მერე კი სირბილით გავექანე დარბაზისკენ. პირველი, რაც დავინახე, ჩემკენ მომართული ავტომატის ლულა იყო. თავი სიზმარში მეგონა.
ავტომატი ვიღაც ნიღბიანს ეჭირა ხელში და პირდაპირ მე მიმიზნებდა. შიშისგან ლამის ჩავიკეცე. მივხვდი, - ჩვენს ფილიალს აყაჩაღებდნენ.
სულ ექვსნი იყვნენ, ექვსივეს მგლის გამოსახულების ნიღაბი ეკეთა სახეზე. წამებში ყველაფრის დანახვა მოვასწარი - ორი შემოსასვლელ კართან იდგა, ორი იატაკზე გაწოლილ კლიენტებს და ბანკის დაცვას დასდგომოდა თავს, ორი კი სალაროებთან წრიალებდა.
ერთ-ერთმა, ვინც მძევლებს აკონტროლებდა, დამინახა, როგორ მოვრბოდი და ავტომატის ლულა ჩემკენ ამიტომ მომართა.
- შენ ვინ ხარ?! - დამჭყივლა და იარაღი ზედ მკერდზე მომაბჯინა.
- მე… მე ნისა ვარ… მინის ექსპერტი, - ამოვილუღლუღე და ნერვიულობისგან პირი გამიშრა.
- ამათ მიუწექი! - მიბრძანა, ავტომატი შეატრიალა და კონდახით გვერდზე მიბიძგა.
შევტორტმანდი და იატაკზე დავეცი, თან ცალი მუხლით, რომელიც ეგრევე გადამეყვლიფა.
სწორედ ამ დროს შევასწარი თვალი, რომ ჩემზე "მოიერიშე" ბანდიტს მარჯვენა მაჯაზე, შიდა მხრიდან, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მტევანი მთავრდება და მაჯა იწყება, სვირინგი ჰქონდა ამოტვიფრული. სვირინგი, ზოგადად, არასდროს გამკვირვებია, მაგრამ სავარაუდოდ, უცნაური ნახატის გამო მიიქცია ჩემი ყურადღება - ეს იყო გაშლილი ნაცრისფერი ქოლგა, რომელსაც მორიელი შემოხვეოდა. მსგავსი სურათი არასდროს არსად მენახა.
- ჩქარა, ჩქარა, ძირს! დაეგდე და არ გაინძრე! - დამყვიროდა მძარცველი.
იატაკს განვერთხე და ხელები თავზე შემოვიწყვე. თვალები მაშინვე დავხუჭე, თუ რამე საშინელება მოხდებოდა, არ მინდოდა დამენახა. თავი მარჯვნივ მივაბრუნე და ლოყით ცივ ფილაქანს შევეხე. აღელვებისგან ისედაც შემცივნებულს უარესად შემამცივნა. ტუალეტიდან იმწუთას ვიყავი გამოსული და ვგრძნობდი, ისევ იქ მინდოდა. შიშისგან მცირე საჭიროებამ ისევ შემახსენა თავი.
მესმოდა, როგორ უყვიროდა ერთი თავდამსხმელთაგანი ფილიალის დირექტორს, მეორე სართულზე გამიძეხი და ფულის სათავსო გამიღეო.
თავზარდაცემული ვერც თვალების გახელას ვბედავდი და ვერც თავის აწევას - ახლა საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნება ყველაფერს მერჩივნა.
ყვირილის, გინებისა და მუქარის ხმები კარგა ხანს ისმოდა. მერე დემნას შეძახილი გავიგონე, ყველაფერი გასაგებია, რაღას დაგვჩხავით ყვავებივითო, რასაც დარტყმის ხმა მოჰყვა. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა დემნას კონდახი უთავაზა. აკანკალებულმა მხრები ავიწურე და თავი ხელებში უფრო ჩავმალე, მეც არ მომხვდეს-მეთქი.
მოულოდნელად ვიღაცამ ხელი ჩამავლო და ჰაერში ამწია. ეს მე მომეჩვენა, რომ ჰაერში ამწია, სინამდვილეში კი ფეხზე წამომაგდო.
- შენ, ნისა ხარ თუ ნიცა, თუ რაც გქვია! დაყევი სათითაოდ სუყველას და "სუმკები" და ჯიბეები გაუჩხრიკე! ყველას საფულე ამოაცალე და აქ ჩაყარე! - მიყვირა და ხელში გრძელი ტომსიკა მომაჩეჩა.
ჯერ ვერ მივხვდი, ჩემგან რას ითხოვდნენ, მაგრამ თანდათან გავიაზრე და დავიძარი, მაგრამ ვაი, ამ დაძვრას! გადაყვლეფილმა მუხლმა ნაბიჯის ნორმალურად გადადგმის საშუალება არ მომცა. როგორც ჩანს, მუხლი მეღრძო ან მყესი დამეჭიმა.
- მიდი-მეთქი! გაინძერი! - ისევ მიყვირა სვირინგიანმა და კონდახი კიდევ ერთხელ მაძგერა, ამჯერად ზურგში.
სათითაოდ ჩამოვუარე სუყველას, უფრო სწორად, სულ ხოხვა-ხოხვით მივედი თითოეულთან და ჩანთებისა და ჯიბეების ჩხრეკას შევუდექი. სადაც რა ვიპოვე, ყველაფერი ტომსიკაში გადავუძახე და მოვრჩი თუ არა საქმეს, ნახევრად სავსე ტომსიკა თავდამსხმელს მივაწოდე.
ალბათ, სულ რამდენიმე წუთში მოხდა მთელი ძარცვა, მაგრამ ჩემთვის დრო საშინლად გაიწელა. ასე მეგონა, მთელი საათი გავიდა, სანამ ნიღბიანები ჩვენს ფილიალს აყაჩაღებდნენ.
როცა ირგვლივ სრული სიჩუმე გამეფდა, მივხვდით, რომ ბანდიტები გაიქცნენ და მარტონი დავრჩით. რაც მთავარია, დაყაჩაღებამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა. ნაცემი მხოლოდ დაცვის ორი თანამშრომელი და დემნა იყვნენ. დემნას მთელი სახე სისხლში ჰქონდა მოთხვრილი და თვალცრემლიანი სალომე ხმამაღალი ტირილით მკერდზე ეკვროდა.
პოლიცია გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მოვიდა. ქუჩა საპატრულო მანქანებით გაივსო. სირენების ხმამ იქაურობა გააყრუა, მაგრამ უკვე გვიან იყო - თავდამსხმელებმა ფულიანად მოასწრეს მიმალვა.
დაიწყო დაკითხვების სერია. წარბებგადაბმულმა მაიორმა ყველა ერთად შეგვაქუჩა -თანამშრომლებიც და კლიენტებიც, დირექტორის კაბინეტის წინ ჩაგვამწკრივა, ორი პოლიციელი მოგვიჩინა და ჩვენ სათითაოდ დაკითხვას შეუდგა. ხან ერთი შეჰყავდათ დასაკითხად, ხან მეორე. თავიდან დირექტორის დაკითხვით დაიწყეს, მას მენეჯერი შეენაცვლა, მერე დაცვის ბიჭები შეიყვანეს. ის ორი პოლიციელი, ჩვენ რომ მოგვიჩინეს, გაფაციცებული გვაკონტროლებდა, რომ ერთმანეთს არ დავლაპარაკებოდით. მივხვდი, რატომაც - შეიძლებოდა მძარცველებს ბანკში თანამზრახველები ჰყოლოდათ და გვაკვირდებოდნენ, ვინ როგორ რეაქციას გამოამჟღავნებდა, მაგრამ ყველანი ისე ვიყავით დაშინებულები, ლაპარაკის ან პროტესტის თავი არავის ჰქონდა. გულში, ალბათ, ყველა მადლობას სწირავდა ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩა.
ჩემი დაკითხვის ჯერიც დადგა. პირველივე შეკითხვამ ისე გამაოცა, საგონებელში ჩამაგდო:
- რატომ არ იყავით თავდასხმის დროს თქვენს კაბინაში?
არც სახელი უკითხავთ, არც გვარი და არც თანამდებობა! საიდან გაიგეს, რომ ჩემს კაბინაში არ ვიყავი? და თუ ეს იცოდნენ, ისიც ეცოდინებოდათ, საპირფარეშოში რომ ვიყავი.
- შესვენება მქონდა, - მივუგე დაფეთებულმა.
- რაღა მაინცდამაინც მაშინ გახვედით ტუალეტში, როცა ფილიალს თავს დაესხნენ? რაღა თქვენ აღმოჩნდით ტუალეტში, რატომ სხვა არა? - ჩამეძია წარბებგადაბმული მაიორი.
მისმა უაზრო შეკითხვებმა მოთმინებიდან გამომიყვანა და უკმეხად ვუპასუხე:
- როცა მომინდა, მაშინ გავედი!
- რატომ ჩხუბობთ, ქალბატონო ნისა? - ჩაიცინა გამომძიებელმა.
- თქვენ რაღატომ მისვამთ უაზრო შეკითხვას, ბატონო პოლიციელო? - კუშტად შევხედე.
მას ჩემ შესახებ ზოგადი ინფორმაცია უკვე ჰქონდა, რახან სახელით მომმართა. ალბათ თანამშრომლების სია ედო წინ და ყოველ დაკითხულს გასვლის წინ აბარებდა, შემდეგი ესა და ეს შემოვიდესო.
დირექტორის, მენეჯერისა და დაცვის ბიჭების შემდეგ მე შემიყვანეს. ალბათ, მათგან გაიგეს, თავდასხმის დროს სად ვიყავი და ამიტომაც ორმაგად დაინტერესდნენ ჩემი პიროვნებით.
- რამდენი ხანი დაჰყავით ტუალეტში? - ჩემს კონტრშეკითხვას გამომძიებელმა გვერდი აუარა და მორიგი კითხვა დამისვა.
- არ ვიცი, დრო არ დამინიშნავს, - გამეცინა, - შეიძლება ცხრა წუთი ან ცამეტი, ან სულაც ექვსი, - ირონიული ტონით ჩამოვაწიკწიკე.
- ნუ ზედმეტობთ, თუ შეიძლება! აქ სახუმაროდ არავის სცალია, ამიტომ ცოტა სერიოზულად მოეკიდეთ ჩემს შეკითხვებს!
- სახუმარო არაფერი მითქვამს, - მხრები ავიჩეჩე და ამრეზით მივაჩერდი, - ისეთ რამეს მეკითხებით, არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. რამდენიმე წუთის წინ ათობით ადამიანი სიკვდილს ჩავცქეროდით თვალებში, თქვენ კი ის გაინტერესებთ, რამდენ ხანს ვფსამდი მე ტუალეტში?
გაგრძელება იქნება