- როგორ არ დამგვიანებია, მაგრამ მე რას მედრებით? მე ბიჭი ვარ და უფრო მეტი მეპატიება, ვიდრე თქვენ. გოგოები სხვანაირად უნდა მოიქცნენ.
- ვითომ რატომ? - აღშფოთდა მერიკო, - თქვენ რა, წითელი კვერცხები ხართ?
- არა, უბრალოდ, ჩვენ ბიჭები ვართ და მკაცრი კონტროლი არ გვჭირდება. სულ ეს არის, - მხრები აიჩეჩა გურამმა.
- მაგრამ აბა, როგორია, ერთი წუთით წარმოიდგინე! შენ და თეო რომ ერთად ხართ, გიხარიათ, დასეირნობთ და კიდევ, რა ვიცი, იმას აკეთებთ, რაც გსიამოვნებთ. ამის გამო შინ მისვლა გიგვიანდებათ. შედეგი კი ისაა, რომ მშობლები გსჯიან დაგვიანების გულისთვის. ხომ უნდა ჩაგშხამდეთ ყველაფერი? კარგია ეს? ამაზეა საუბარი!
ლუკას მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. არც მე.
- ყველაფერი ნდობაზეა დამოკიდებული, - თქვა თეომ, - ადამიანებს შორის ნდობა არ არსებობს, განსაკუთრებით, ჩვენსა და ჩვენი მშობლების თაობას შორის. დედაჩემს ვერასდროს ვერ მოვუყვები გურამის ამბებს. რა ვქნა, ვიცი, რომ მაინც ვერ გამიგებს.
- თაობებს შორის ყოველთვის იყო პრობლემები, - ბრძნულად დაასკვნა გურამმა, - ერთ დროს ჩვენც გავხდებით მშობლები და საკუთარ თავზე ვიწვნევთ შვილებთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. ჩვენი გადასახედიდან ჩანს ყველაფერი ასე იოლი, თორემ ერთი მაგათ გულებშიც ჩაიხედეთ!
- ოოჰ! გეყოფათ, რა, სხვა რამეზე ვისაუბროთ! არ მოგბეზრდათ? - წამოიყვირა მეკომ.
ამ დროს ლუკა წამოდგა.
«ვაიმე, რა გალეულია!» - გამიელვა გონებაში.
- ჩვენ ყველანი ახლა იმ ასაკში ვართ, როცა გვგონია, რომ ძალიან ჭკვიანები ვართ და ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, - წამოიწყო მან, - გვგონია, რომ ჩვენი ასაკი ყველაფერს გვაპატიებს, მაგრამ სულაც არ არის ასე. არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც ტვირთად აწევს ადამიანებს. ეს ყველაფერი თვითონ გამოვცადე ჩემს თავზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ატომურ ეპოქაში დავიბადეთ. შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ წლების შემდეგ ვიღაცამ ჩვენზე თქვას, იმ თაობამ საშინელი შეცდომები დაუშვა და ახლა ჩვენი გამოსასწორებელია ყველაფერიო, ან პირიქით - მათ უზრუნველი ცხოვრება მოგვიწყვესო. აი, რა არის მთავარი. თქვენ კი დამდგარხართ აქ და სისულელეებზე მსჯელობთ, ვინ რამდენ ხანს დაიგვიანა სახლში, რატომ დაიგვიანა და ვინ როგორ დაისაჯა ამის გამო. სხვაგვარად შეხედეთ მოვლენებს! ბავშვები ხომ არ ხართ! მომავალი ცხოვრება ჩვენს ხელთაა, ჩვენზე კი ჩვენი ბავშვების და იმათი შვილების მომავალია დამოკიდებული. ყოფნა-არყოფნა - საკითხავი, აი, ეს არის! ძალიან ადრე თქვა ეს შექსპირმა, მაგრამ დღესაც აქტუალური ფრაზაა. თუ ატომურ ბომბს გავაკონტროლებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ვერ გავაკონტროლებთ და ავორთქლდებით დედაბუდიანად! პირადად მე ძალიან მინდა, დიდხანს ვიცოცხლო, მიყვარდეს ვიღაც, წრფელი სიყვარულით, ვენდობოდე მას, მყავდეს მისგან შვილები და ცხოვრებას კმაყოფილმა გავუღიმო. დავამღერო გიტარაზე და ყველა ჩემიანს ვასიამოვნო. აი, რისთვის ვიბრძოლებ ყოველდღე. ამის მისაღწევად კი ყოველთვის აღვუდგები წინ ჩემთვის და ჩემისთანებისთვის მიუღებელ საქციელს.
ლუკამ საუბარი დაამთავრა და ისეთი შვებით ამოისუნთქა, თითქოს დიდი ხნის შენახული საიდუმლო გათქვაო. მერე დაჯდა და კვლავ დამუნჯდა.
მისმა მონოლოგმა ლამის სუნთქვა გამიჩერა. შეიძლება ზედმეტად პათეტიკური იყო მისი აღსარება, ან პირიქით, ზედმეტად მკვახე, მაგრამ ისეთი გზნება და ცეცხლი იგრძნობოდა მის ნათქვამში, გული ამიჩქროლდა. აბრიალებული ბუხრის ასოციაცია გამოიწვია ჩემში.
ხმა არავის ამოუღია. ერთხანს მომაკვდინებელი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველანი ერთმანეთს შევცქეროდით.
- აი, საღოოოლ! რა «რეჩი» დაარტყა ბიჭმა?! - შესძახა გურამმა და ტაში დაუკრა.
- კარგი, გვეყოფა, - წამოხტა მერიკო, - ახლა ყველაფერს ჯობია, ცოტა გავერთოთ. ვერ ხედავთ, რა უჟმური ამინდია? ლუკა, გვიმღერე რამე, რა? მიდი, დაუკარი, მოგვასმენინე შენი ოსტატობა ყველას. აი, ნეკამ არ იცის, შენ რაები შეგიძლია!
- არა, მაპატიეთ, არ ვარ ხასიათზე, - იუარა დაბღვერილმა ლუკამ.
მერიკომ უკმაყოფილოდ გაიქნია ხელი და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად. თეოც თან მიჰყვა. ოთახში მე, გურამი და ლუკა დავრჩით. თითქოს უბრად ვიყავით, ერთხელაც არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს.
შემდეგ ყავა დავლიეთ. საუბარი არა და არ აეწყო. საღამომდე მაინც მერიკოსთან დავრჩით, შემდეგ კი ნელ-ნელა დავიშალეთ.
გურამი და თეო ერთად წავიდნენ. მე კი ლუკამ გამაცილა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმას უკვე გადაეღო, მაინც საშინლად ციოდა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა, რადგან ქარი ამოვარდნილიყო, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა გაზაფხულის მარტისეულ სუსხს.
ქარის ყოველ დაბერვაზე ხეებს ყვითელი ფოთლები ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდა. ლუკას თავისი გიტარა მხარზე გადაეკიდა და ისე მოჩანდა, თითქოს იგი მის სხეულს იყო შეზრდილი.
ჩემი ქუჩის შესახვევში ბიჭი უეცრად შედგა.
- მოიცა, მგონი, მუზა დავიჭირე! - თქვა მოულოდნელად, გიტარა ხელში მოიმარჯვა, იქვე მდგარ განათების ბოძს მიეყრდნო, ცალი ფეხი მუხლში ოდნავ მოხარა გიტარის შესამაგრებლად და დაკვრა დაიწყო.
ვიდექი და განცვიფრებული ვუსმენდი ლუკას, თან შოკირებული ვუყურებდი მისი გრძელი თითების ვირტუოზულ თამაშს. თითქოს შეთანხმებულები არიანო, ისე ენაცვლებოდნენ თითები სიმებზე ერთმანეთს. ხან აღმა აუყვებოდნენ ინსტრუმენტზე გაკრულ ლარებს, ხანაც დაღმა. ის არაჩვეულებრივად უკრავდა. უცნობი მელოდიის სულის შემძვრელი ხმები თითქოს სადღაც მიწიდან ამოდიოდა და ხის ფოთლებში ინთქმებოდა.
გული ამოუცნობი გრძნობით ამევსო, აღტყინებული ვიყავი. ასე მეგონა, ახლა ყველა სახლის ფანჯარა გაიღებოდა, ადამიანები მოაჯირებსა და აივნებზე გადმოდგებოდნენ და ტაშს დაუკრავდნენ. თუმცა სულაც არ მომხდარა ასე. ამ სიცივეში მუსიკა არავის ანტერესებდა. ამწუთას ქუჩაში მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით - მე, ლუკა და გიტარა.
- ეს ამერიკული ქანთრია… ჩათვალე, რომ ეს მელოდია შენ მოგიძღვენი, - მითხრა მან და ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
- რა საოცრად უკრავ, რომ იცოდე, - აღელვებულმა წარმოვთქვი, - მეგონა, გიტარა ყველაზე მარტივი ინსტრუმენტი იყო და თურმე რამდენი რამ შეძლებია. რაღაცნაირად, პოეტურობა იგრძნობა მასში.
- გეთანხმები. გიტარა თითქოს ყველასთვის ნაცნობი და მშობლიურია, თითქოს სახალხოა, მაგრამ, ამავდროულად, განსხვავებულია, იდუმალი და მიუწვდომელი. თუ კარგად ჩაუკვირდები ხოლმე მის ჟღერადობას, უამრავ უცნობ ბგერას აღმოაჩენ, ისეთს, რომელსაც ჩაღრმავების გარეშე ვერ მოისმენ.
შემდეგ მან კვლავ მხარზე გადაიკიდა გიტარა, სახლამდე მიმაცილა და არც დამმშვიდობებია, ისე უთქმელად გატრიალდა.
გავოგნდი. საშინლად მეწყინა მისი საქციელი. ერთი «ნახვამდის» რომ ეთქვა, დაიჭერდნენ? უფრო და უფრო ვბრაზდებოდი. ლუკა კი, თითქოს ჩემს ჯინაზე, წვიმით გაბერილ პატარ-პატარა გუბეებს ასკინკილით ახტებოდა და ნელ-ნელა პატარავდებოდა…
როცა თვალს მიეფარა, მხოლოდ მაშინ შევედი სადარბაზოში, გაწბილებული და განაწყენებული.
***
ლუკას გაცნობიდან ორი დღე გავიდა. მასზე ძველებურად ვბრაზობდი, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სიბრაზემ მალევე გადამიარა.
ერთი გაკვეთილი გაგვიცდა და ადრე გავთავისუფლდი. შენობიდან რომ გამოვედი, მოშორებით, ქუჩის კუთხეში, ვიღაც გიტარიანი ბიჭი შევნიშნე, რომელიც ლუკას მივამსგავსე. იგი ზურგით და ცალი ფეხით სკოლის ეზოს ბეტონის კედელს მიყრდნობოდა და თავჩაღუნული რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. იმის გასარკვევად, ნამდვილად ლუკა იყო თუ სხვა, მისკენ გავემართე, მიუხედავად იმისა, რომ გზა სრულიად საპირისპირო მხარეს მქონდა.
ნაბიჯების ხმაზე უცნობმა ნაცნობმა თავი ასწია, ფეხიც ჩამოსწია და კედელს მოშორდა. როგორც კი მივუახლოვდი, უხერხულად გამიღიმა. ის იყო, არ შევმცდარვარ.
- გამარჯობა! - მედიდურად მივესალმე, ბოღმა ჯერ კიდევ არ გამნელებოდა.
- როგორ ხარ? - თბილად მომიკითხა.
- გადასარევად. ვინმეს ელოდები? - დაჟინებით ჩავაშტერდი სევდიან თვალებში. ჩემი უბედურება ის იყო, რომ უფრო და უფრო მომწონდა ეს ბიჭი.
- ველოდებოდი… - წარბების აწევით განმიმარტა.
- და რა, არ მოვიდა?
- პირიქით, მოვიდა, - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით მომიგო.
გაკვირვებულმა მივიხედ-მოვიხედე.
- შენ გელოდებოდი, - თქვა უეცრად.
იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ამბავი ჩემთვის, გაოცებულს თვალები გამიფართოვდა.
- მე მელოდებოდი? - საჩვენებელი თითი გულზე ვიტაკე.
- ჰო… რა იყო, არ შეიძლება? აკრძალული ხომ არ არის? - ლუკამ გიტარას მხარი მოუნაცვლა.
- არა, მაგრამ… არ ველოდი.
- რას არ ელოდი? შენ რომ გელოდი? - ლექსივით გამოუვიდა.
ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.
- მინდა ერთ ადგილას დაგპატიჟო, - დარცხვენილი ხმით მაუწყა, როცა სიცილს მოვრჩით.
- მე-ე? - მთლად დავიბენი.
- სულ ასე გიკვირს ხოლმე ყველაფერი? - ისევ გაეცინა.
- შენგან კი. - მეც უბოდიშოდ მივახალე, - შენი ყოველი ქმედება მორიგი სიურპრიზია ჩემთვის.
- მართლა? და აქამდე კიდევ რა «დავაშავე»?
- რა და, არც ნახვამდის იცი და არც გაგიმარჯოს. ასე ურთიერთობ სხვა გოგოებთანაც?
- არა, მხოლოდ შენთან ვიწყებ ხოლმე ურთიერთობას პროლოგისა და ეპილოგის გარეშე, - გაიხუმრა.
მომეწონა მისი ხუმრობა. ჩემი ნაცნობი ბიჭები ვერ ხუმრობდნენ ასე ნიჭიერად. როგორც ჩანს, ბევრს კითხულობს. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობს ხოლმე სერგო მასწავლებელი, ნაკითხობა ეტყობაო.
- სად მეპატიჟები? - ცნობისმოყვარეობამ მძლია.
- ღამის კლუბში.
- ღამის კლუბში? - თვალები დავაჭყიტე, მაგრამ მის პასუხს არ დაველოდე, ისე გავაგრძელე, - და რატომ მაინცდამაინც მე? შენი აზრით, ადვილი «მოსაჩანგლი» ვარ? ასეთ შთაბეჭდილება დავტოვე შენზე? - ჩემმა სიბრაზემ კულმინაციას მიაღწია, ცოტაც და, იმ თავის გიტარას თავზე გადავამსხვრევდი.
ის კი იდგა და აუღელვებლად მომჩერებოდა, თან ძალიან თბილი, მოწონების გამომხატველი ღიმილი უთამაშებდა ტუჩებზე.
- მართლა ადვილი «მოსაჩანგლი» ხარ? - კითხვა შემომიბრუნა, მერე კი სერიოზული სახე მიიღო და გააგრძელა, - მე ეგ არ ვიცოდი, ღამის კლუბში კი იმიტომ დაგპატიჟე, რომ იქ ვმუშაობ…
- იქ… იქ რას აკეთებ, ბარმენი ხარ? - უხერხულობა ვიგრძენი, თავს უმიზეზოდ რომ დავესხი.
- არა, გიტარაზე ვუკრავ.
ტუჩი ლამის მოვიკვნიტე. რა საშინელი ადამიანი ვარ! ბიჭმა პატივისცემის გამოსახატავად დამპატიჟა, მე კი რაები დავაბრალე.
- მაპატიე, კარგი? - დასჯილი ბავშვივით საწყალი მზერით შევხედე.
- არა უშავს, ხდება, - მხრები ღიმილით აიჩეჩა, - უბრალოდ, ძალიან მომინდა შენი იქ წაყვანა. მინდა მომისმინო.
- რატომ მე? - მაინც არ მოვეშვი და ირიბად გავხედე.
- იმიტომ, რომ შენ შენ ხარ. მე კი სწორედ შენ მინდა მომისმინო.
მადლობის მეტი რა მეთქმოდა, სიამოვნებით დავთანხმდი და შევპირდი, რომ საღამოს, 8 საათზე, ფილარმონიასთან დაველოდებოდი, რადგან ის კლუბი, სადაც მეპატიჟებოდა, იქვე მდებარეობდა.
- შევთანხმდით, - თავი დამიქნია ლუკამ და თითებზე მორიდებით შემეხო, მერე კი უეცრად ეშმაკუნები აუცეკვდა თვალებში და დაბოხებული ხმით დააყოლა, - ოღონდ ჩანგალს მაინც წამოვიღებ. იქნებ «მოჩანგვლის» ხასიათზეც დავდგე, რომ დავუკრავ, მერე. რა იცი, რა ხდება.
ამწუთას ისეთი საყვარელი იყო, ისეთი სასურველი და სიმპათიური, თავი ვერ შევიკავე, ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
როგორც ჩანს, ჩემმა კოცნამ ჩვეულებრივზე მეტად დააბნია. ღიმილი უეცრად მოესხიპა, თვალები კვლავ დაუსევდიანდა და ისეთმა იდუმალებამ ჩაიბუდა მათში, ძალიანაც რომ მოგენდომებინა, ვერაფერს წაიკითხავდი.
დავიმორცხვე. ასეთი რამ სხვა დროს არასდროს მიგრძნია ბიჭებთან. რისი ბრალი იყო ნეტავ? ნუთუ ისევ რაღაც იდუმალი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში? რაღაც ნაცნობი, მაგრამ ჯერაც შეუცნობელი?
ლუკას მზერა ავარიდე და ქუჩას გავხედე. გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოვარდა. საუბრის გაგრძელებას ვერც ერთი ვერ ვახერხებდით.
- კარგი, წავალ მე და საღამოს, როგორც დავთქვით… - ვთქვი და ალმაცერად ავხედე.
მან მხოლოდ თავი დამიქნია, პასუხი არ გაუცია.
შემოვტრიალდი და ჩქარი ნაბიჯებით დავუყევი ტროტუარს. მას არ გავუცილებივარ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუკას მაგივრად მისი სევდით სავსე მზერა მიმაცილებდა.
***
კლუბში ხმაურიანი გარემო დამხვდა. ასეთი საღამოების მოყვარული დიდად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამჯერად მომიწევდა შეგუება, სხვანაირად ლუკას ვერ მოვუსმენდი. მან ზუსტად ცენტრში, სცენასთან ყველაზე ახლოს მდგარ მაგიდასთან მიმიყვანა და დამსვა.
- რა მოვატანინო? - კვლავ შემეხო თითებზე მისი თლილი და განსაკუთრებული თითები. ამ შეხებამ უცნაურად იმოქმედა ჩემზე. სწორედ ასე სათუთად ეხებოდა იგი გაცნობის საღამოს გიტარის სიმებს…
- წვენს დავლევ, სხვ არაფერი მინდა.
- ახლავე! - ლუკა წამოდგა და ბართან გადაინაცვლა. რაღაც გადაულაპარაკა ბარმენს, მერე ორივემ ჩემკენ მოიხედა, შემდეგ ბარმენმა თავი დაუქნია და სასმელებით სავსე თაროებისკენ შებრუნდა.
მზერა სცენისკენ გადავიტანე. ვიღაცები აპარატურას და მიკროფონებს ამოწმებდნენ.
ლუკა მალევე მობრუნდა. ორი წვენი და ორი ბოკალი სასმელი მოიტანა.
- ეს «ცისფერი ლაგუნაა». ჩემი საყვარელი საწრუპავი. გასინჯე, შენც მოგეწონება, - მითხრა და ერთი ბოკალი ჩემკენ მოსწია.
- წვენი ფორთოხლისაა, პომიდვრისაც იყო, მაგრამ ეს ვამჯობინე, - თავის მართლება დაიწყო.
- სულერთია, წვენზე გართულება არ მაქვს, - დავამშვიდე და «ცისფერი ლაგუნა» მოვწრუპე.
მართლაც კარგი დასალევი აღმოჩნდა. ცოტა არ იყოს, შემრცხვა კიდეც, რომ ასეთი დასახელების სასმელს პირველად ვსინჯავდი. წესით, ჩემი ასაკის გოგოსთვის იგი უცხო არ უნდა ყოფილიყო.
- ახლა მე დაგტოვებ, ჩემი გამოსვლის დრო დადგა, შენ კი არ მოიწყინო, ხო? - სევდიანი თვალები დაუწვრილდა.
- არ მოვიწყენ, რადგან უნდა მოგისმინო. შენი მუსიკა, იმედია, სევდიანობის სურვილს არ გამიჩენს, - შევღიმე.
- არ გაგიჩენს, - მტკიცე ხმით დამიდასტურა და დამტოვა.
ცოტა ხანში დარბაზი ჩააბნელეს და სცენა წითლად გაანათეს. სკამი შევიცვალე და ისე დავჯექი, რომ პირდაპირ მეყურებინა სცენისთვის, რომელზეც გიტარამომარჯვებული ლუკა გამოჩნდა.
მისი გამოჩენა და ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა ირგვლივ, თითქოს სიცოცხლე ჩაკვდაო. გავოგნდი. რამდენიმე წამის წინ გამაყრუებელი გნიასი ისმოდა, ახლა კი ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგონებდა ადამიანი. ნუთუ ასე კარგად უკრავს? დავიჯერო, ეს ახალგაზრდები აქ მხოლოდ მის მოსასმენად არიან მოსულნი?
ფიქრი დამთავრებული არ მქონდა, გიტარის სიმები რომ შეირხა… ფლამენკოს ჰანგებმა ჰაერი გაავსო, გააბევრა და ისე გაჟღინთა, სხეულზე სისველეც კი ვიგრძენი - მელოდია თითქოს ნამად დაიღვარა სივრცეში. შემაჟრჟოლა. ინსტრუმენტის ერთხანს გიჟურ რიტმს მოულოდნელად ნელი, ნაღვლიანი ჰანგები ცვლიდა, შემდეგ კვლავ აბობოქრდებოდა და ტალღასავით მოვარდებოდა საიდანღაც… უნებლიეთ თვალები დავხუჭე. ჩემი თავი ხან ფრინველი მეგონა, რომელიც ირაოს აკეთებს ცაში, ხანაც დელფინი, ზღვის ზვირთებს რომ ეთამაშება ლამაზი ახტომებით…
ლუკას სახეც მელოდიის მიხედვით ეცვლებოდა. ის ისე განიცდიდა თითოეულ ბგერას, აშკარა იყო, ამწუთას სწორედ იმ კონკრეტული მელოდიის სამყაროში იყო გადასახლებული.
გულაჩუყებულს ტირილი მომინდა. თვალები ცრემლით დამენამა. არასდროს ვყოფილვარ გიტარისტის კონცერტზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სცენაზე ვიღაც ვირტუოზულად უკრავდა გიტარაზე და მე მის გამოსვლას ვესწრებოდი.
უდიდესი სიამოვნება განვიცადე. მონუსხული მივჩერებოდი ამ კატასტროფულად გამხდარ ბიჭს და უფრო და უფრო მიპყრობდა გაოცება. თურმე რამდენი რამ შესძლებია ამ თითებს…
სწორედ იმ ღამეს შემიყვარდა ლუკა. ოღონდ იმ მომენტში არ ვიცოდი ეს. იმ წუთებში მხოლოდ მისი შესრულებით ვტკბებოდი…
გაგრძელება იქნება