ნეილმა მანქანა კორპუსთან დააყენა, თავიანთი აივნის წინ, ტროტუართან და გადმოვიდა. ტუჩის კუთხეებში ღიმილი არ უქრებოდა. ყოველთვის ასეთი ნასიამოვნები ჩამოდიოდა მცხეთიდან თავისიანების მონახულების შემდეგ. 48-საათიანი სიმშვიდე და მყუდროება დამთავრდა. ახლა ისევ ხმაურიანი რუტინა იწყებოდა.
არა, ნამდვილად არ ნანობდა, ასე რომ წარიმართა მისი ცხოვრება. ერთადერთი, რაც პირველ ხანებში გოგონებთან დისკომფორტს უქმნიდა, მათი ხმამაღალი ლაპარაკი იყო. ოჯახში სიმშვიდეს შეჩვეული გოგოსთვის ცოტა მიუღებელი იყო ლიზას გულისწამღები სიცილი და ერთმანეთის გადაძახილები, დილიდან რომ იწყებოდა და ღამითაც გრძელდებოდა. რამდენჯერ შემხტარა შეშინებული, როცა ნია ლიკას გასძახებდა, შენ აიღე ჩემი ფენიო? ან - თეთრ ბოტასს ვერ ვპოულობ და გამოტყდით, რომელს გეცვათო და ა. შ.
თუმცა მერე და მერე ამასაც შეეჩვია. ბოლოს ისე დაუდაქალდა სამივეს, თითქოს ბავშვობიდან ერთად გაზრდილიყვნენ. გოგოები სასიყვარულო ფრონტის ამბებსაც უყვებოდნენ და სამსახურში მომხდარ საჩოთირო ისტორიებსაც. ბევრჯერ რჩევაც კი უკითხავთ მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათზე უმცროსი იყო. ასაკით ყველაზე უფროსი ლიზი აღმოჩნდა და ამ ოთხს შორის ყველაზე გაწონასწორებულიც. ალბათ, გათხოვებამ მაინც თავისებური კვალი დაამჩნია მის ცხოვრებას, მწარე გამოცდილება შეიძინა და ადრე დაღვინდა… ნია და ლიკა ტოლები იყვნენ, ერთ კურსზე სწავლობდნენ და იქიდან იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ისინი კამათობდნენ. ლიკას არ მოსწონდა ნიას საქმრო, რაზეც ეს უკანასკნელი ნერვებს ასკდებოდა. რომ გაბრაზდებოდა, სულ "დედამთილოს" ეძახდა მეგობარს.
ნეილს უკვე ეცინებოდა მათ გაწევ-გამოწევაზე, რადგან დანამდვილებით იცოდა, რომ ჩხუბის შემდეგ დაქალები სულ რაღაც ორ წუთში შერიგდებოდნენ.
და მართლაც ასე ხდებოდა.
ნეილი სვენებ-სვენებით ადიოდა კორპუსის კიბეზე და გრძნობდა, როგორ გაუმართლა "არადაქალ" გოგოებში, რომლებსაც უკვე ძალიან შეეჩვია და ყველა თავისებურად შეუყვარდა.
კარი შეღებული დახვდა, რამაც გააკვირვა. მართალია, შიგნიდან არასდროს კეტავდნენ, როცა რომელიმე სახლში იყო, მაგრამ შეღებული ჯერ არ დახვედრია. ფრთხილად შეახო ხელი სახელურს, რათა ანჯამა არ აჭრიალებულიყო, თუმცა არც ის ახსოვდა, ადრე ჭრიალებდა თუ არა. ფეხის წვერებზე შეიპარა ჰოლში.
ბინიდან ჩაიჩუმი არ ისმოდა, მერე რომელიღაცის ამოოხვრის ხმა მისწვდა მის სმენას. კოპები შეიკრა. რა ხდება? რატომ არ დაურეკეს, თუ რამე ისეთი მოხდა?
- გოგოებო, მოვედიიი! - მოჩვენებითი მხიარულებით შესძახა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მართლა მხიარულ ხასიათზე იყო.
სამზარეულოში სკამი გახრიგინდა და წამის შემდეგ იქიდან ლიზიმ გამოყო თავი.
- ა, შენ ხარ, ნეილ? მოდი, - ნაღვლიანი ტონით მიიპატიჟა ახალი მეგობარი ლიზიმ.
ნეილმა კარი ჩაკეტა, ჩანთა სახელურზე ჩამოკიდა და თვითონაც სამზარეულოს მიაშურა.
სამივე - ლიზიც, ნიაც და ლიკაც, დაძმარებული სახეებით ისხდნენ გასაშლელი მაგიდის გარშემო, რომლის ერთი მხარე უშნოდ იყო გადახრილი გვერდზე.
- რა ხდება, ვისი პანაშვიდია? - ღიმილი პირზე შეაშრა ნეილს.
- ყველასი, - ამოიკვნესა ნიამ და ტუჩები "დაგვერხას" გამომხატველი მიმიკით მოპრუწა.
- არ მეტყვით, რა დაგემართათ? - ნეილმა მეოთხე სკამი გამოსწია და დაჯდა, თან ცნობისმოყვარე მზერით მიაჩერდა გოგოებს შორის ყველაზე უფროსს, ყველაზე დინჯსა და ყველაზე გამოცდილს - ლიზის.
- რა და, ქირას ვეღარ ვიხდით ამ თვეში. ჩვენმა "ხაზეიკამ" კიდევ, თუ ვერ იხდით, ერთ ოთახს დავკეტავ და ქირაც შეგიმცირდებათო.
- რას ნიშნავს დავკეტავო?
ლიკამ მხრები აიჩეჩა.
- გასაღებით ჩავკეტავო.
ნეილმა ჩაიფხუკუნა.
- კიდევ კარგი, არ თქვა, სხვაზე გავაქირავებო.
- სწორედ ეს თქვა. ერთ თვეს გაცლით, თუ გადაიხდით, ხომ კარგი, თუ არადა, კიდევ ერთ მდგმურს ავიყვანო.
- ან ორსო, - დაამატა ლიზიმ.
ნეილმა არ იცოდა, რა ეთქვა. ლამის დამუნჯდა.
- და ისა… რატომ გაგვიჭირდა?
- იმიტომ, რომ მე მუდმივად დაგვიანების გამო სამსახურიდან გამომიშვეს, ბატონო, გუშინწინ. - წამოიწყო ნიამ, - ლიკას საფულე ამოაცალეს წუხელ ავტობუსში და რაც ჰქონდა, ისიც დაკარგა. ლიზის კიდევ… ამ თვეში მისმა ვაჟბატონმა ბავშვის სწავლის ფულს ვერ ვიხდი და შენ გადაიხადეო, გამოუცხადა. აი, ასე მოხდა ყველაფერი.
- ვააა, - ამოთქვა ნეილმა და წამოძახილს ფილტვებიდან წამოსული ჰაერის ნაკადიც მოაყოლა, რის გამოც მისი "ვააა" "ჰააა"-დ გაისმა.
- იცი, რა? ცხვირი არ ჩამოუშვათ. ამ თვეში როგორმე გავიჭირვოთ. მე კარგი ამბავი მაქვს, რომ იცოდეთ. ბებაჩემმა ნორამ დღეს წამოსვლის წინ 600 ლარი ჩამახუტა. აი, მანქანის დაზღვევის გაკეთება ხომ მინდოდა და ამაზე დავიწყე წუწუნი და გაიგონა. ამდენი დაზღვევისთვის ნაღდად არ მჭირდება. თან ისე მინდა გავაკეთო, რომ ყოველთვიურად ხელფასიდან ჩამომეჭრას. ასე რომ, ამ თვის ფულს მე გადავიხდი, არაა პრობლემა, ოღონდ მერე ნელ-ნელა უნდა შემივსოთ ის თანხა.
პირველს ლიზის გაუბრწყინდა თვალები, რადგან, როგორც ყველაზე გონიერი და გამოცდილი, უცებ ჩასწვდა ნეილის ნათქვამის აზრს, მერე კი ნია და ლიკა ახმაურდნენ.
- აუუ, რა მაგარიაააა! ნეილ, რა გოგო ხარ, რომ იცოდე! გადაგიხდით, აბა, რა! იცი, რა დღეში ვიყავით? - აქაქანდა ლიკა, - შეგვეშინდა, რომ შევვიწროვდებით, როგორ გადავნაწილდეთ დასაძინებლადო.
- თქვენ იმასაც იფიქრებდით, ეს ახალი გოგო როგორც მოვუშვით, ისე გავუშვათ და მერე დავეტევითო, - "წაისტერვა" ნეილმა.
- არა, არა, დედას გეფიცები, ეგ აზრადაც არ მოგვსვლია. უკვე ისე შეგეჩვიეთ ყველანი, სად გაგიშვებთ, ხომ არ გაგიჟდი! - საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა ნიამ.
- ძაანაც კარგი, თუ ასეა. - უნდობლად გაიღიმა ნეილმა, - მაშინ დაურეკეთ იმ ქალს და უთხარით, ფული შეგიგროვეთ და წაიღეო. აგერ მაქვს, ა! - და ნეილმა მხრისკენ წაიღო ხელი ჩანთის ჩამოსახსნელად, მაგრამ გაახსენდა, კარის სახელურზე რომ დაკიდა და უცებ წამოხტა, თუმცა ახსოვდა, კარი რომ ჩაკეტა.
სამივემ გაოცებული მზერა გააყოლა.
ნეილმა ხელჩანთა შემოიტანა და მაგიდაზე შემოდო. ყველა გასუსული შესცქეროდა მის ჯადოსნურ ჩანთას. გოგონამ ჩანთაში ხელი ჩაყო და იქიდან მოულოდნელად მძივებით მოქარგული ნაჭრის ქისა ამოაძვრინა. ამის დანახვაზე ყველამ თვალები დააჭყიტა.
- ეს ბებოს ქისაა, ამიანად გამომატანა, - სიცილი აუტყდა ნეილს მათი სახეების დანახვაზე, - მეც ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა, როცა ამ ქისას მაძლევდა.
- რა სიმპატიაგა რამეა, - დედაქალაქურად მოუქცია ნიამ.
- ძაან საყვარელია, ოღონდ მართლა. - დაამატა ლიკამ.
- მძივებით რომაა გაწყობილი, ასწორებს, - სიცილი ვერ შეიკავა ლიზიმ.
- ნორას ნახელავი იქნება, მაგას ეხერხება ქსოვა და კერვა და ეგეთები, - შენიშნა ლიკამ.
- კი, ბებოს მოქარგულია. მეც მომწონს, სხვათა შორის, რაც უფრო ვაკვირდები, მით უფრო მომწონს.
- ნეტავ რამდენი წლის იქნება? - დაინტერესდა ნია.
- რა იყო, მუზეუმს გინდა მივყიდოთ? - ჩაიხითხითა ნეილმა და ქისა ხელში შეათამაშა.
ასე და ამგვარად, რადგან იმ თვის ქირასაც გადაიხდიდნენ, შვებით ამოისუნთქეს. ლიზიმ მაშინვე დარეკა დიასახლისთან, უთხრა, თანხა მოვაგროვეთო და სთხოვა, კორპუსთან შეხვედროდა, რათა ფული მიეწოდებინა.
ნეილს წამითაც არ შეშინებია, რომ გოგოები დააღალატებდნენ და ნასეხსებ ფულს არ დაუბრუნებდნენ. მთავარი იყო, ნიას დროზე ეშოვა ახალი სამსახური, თორემ სწავლის საფასურსაც ვერ გადაიხდიდა და ნეილივით ყოფილი სტუდენტი გახდებოდა.
- შენმა კაცმა იცის, რაც მოხდა? - შეეკითხა ლიკა ნიას და ირიბად გახედა, რადგან "შენი კაცი" არასდროს მოსწონდა.
- ჯერ არ იცის და ამაღამ რომ მომაკითხავს და იქ არ დავხვდები, დამირეკავს და მოვახსენებ. - ჯიბრიანი მზერით გახედა ნიამ ლიკას.
სწორედ ამ დროს დაბარებულივით დარეკა "ნიას კაცმა" და ისიც თვალებანთებული გავარდა სამზარეულოდან, რათა საქმროს "მოწმეების" გარეშე დალაპარაკებოდა.
ნია ღამის ბარში მუშაობდა მიმტანად. ყოველ მეორე დღეს საღამოს 9 საათზე მიდიოდა სამსახურში და დილის 9-ზე იცვლებოდა. ხან პირიქით, დილის 9-დან საღამოს 9-მდე უწევდა მუშაობა. უნივერსიტეტი ხელს უწყობდა დასაქმებულ სტუდენტებს, ამიტომ ლექციების გაცდენის პრობლემა მოგვარებული ჰქონდა. სამსახურიდან კი ყოველ დილით ან ყოველ ღამით, როცა სმენას მორჩებოდა, საქმროს მოჰყავდა სახლამდე. ადრე ამოდიოდა კიდევაც გოგოებთან, მაგრამ მას მერე, რაც ლიკამ აითვალწუნა, აღარ ამოდის თურმე. ერთხელაც იქნება, ამომასხამს და მაგ შენს დაქალს სომხური ლავაშივით გაგიბრტყელებო, დაუქადნია. ეს, რა თქმა უნდა, ლიკამ არ იცოდა, თორემ მტრისას.
ამ დროს კარი გაიღო და დაიკეტა. ეს ლიზი მობრუნდა.
- ჩავახუტე და ისეთი კმაყოფილი წავიდა ის "სწერვა", თითქოს მთელი მისი ოჯახი ჩვენს ქირაზე იყოს დამოკიდებული.
- კარგი რა, ამის გარდა კიდევ ორი ბინა ჰქონია გაქირავებული. აგერ, გულიკომ მითხრა, გვერდითა მეზობელმა, ოღონდ არ ჩამიშვაო, მთხოვა, - ხელი აიქნია ლიკამ.
უეცრად ნიამ შემოგლიჯა სამზარეულოს კარი, თვალები უბრწყინავდა.
- ბადრის ყველაფერი ვუთხარი და იცით, რა მითხრა? ახლავე მივალ შენს სამსახურში და სუყველას დედებს ავუფეთქებო, - ნიშნის მოგებით პირდაპირ ლიკას მიაშტერა მზერა.
- ჰმ… - ჩაიცინა ლიკამ, - ყურებზე ხახვი არავის დააჭრას.
- ერთი ამას უყურეთ, რა! - აპილპილდა ნია, - რა გინდა, გოგო შენ, რას გადაეკიდე ბადრის? გშურს ჩემი, ხო? შენ ვერ თხოვდები და ვერ აგიტანია, მე რომ გამიმართლა, არა? - აწიოკდა, მაგრამ რა აწიოკდა.
არც ლიკა დარჩა ვალში და ატყდა ერთი ამბავი.
ლიზიმ და ნეილმა ძლივს დააშოშმინეს ორივე, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისევ შერიგდნენ და პიტნის ჩაიც ერთად მიირთვეს, თითქოს ათი წუთის წინ არც არაფერი მომხდარა.
- შენს ქმარს რაღა დაემართა? - მიუბრუნდა ნეილი ლიზის, სანამ ჩაის სმას მორჩებოდნენ.
- ჯანდაბა და დოზანა! ვეუბნები, გადავიყვანოთ ბიჭი ჩვეულებრივ სკოლაში, რა საჭიროა ეს კერძო, ტყუილად ამდენი ფული იყრება-მეთქი და ჯიბრში მიდგას, შენ შენი შვილი ფეხზე გკიდიაო. ვითომ რამე განსაკუთრებულს ასწავლიდნენ იმ სკოლაში.
- და რატომაა ჩვეულებრივი სკოლის წინააღმდეგი?
- იმიტომ, რომ იქ ყველაფერს ერთად ასწავლიან. ცურვაც იქაა, სამხატვრო წრეც, მუსიკაც, სპორტიც და ცეკვაც. ჰოდა, დაღალეს ბავშვი, ექვს საათზე გამოჰყავს, ბატონო, ჩემს დედამთილს და ბაირამობს მთელი დღე ფეხი ფეხზე გადადებული.
- ისე, ცუდი არ არის, ამდენ რამეს თუ ასწავლიან.
- მერე ბავშვი? გამოფიტულია საწყალი. სიხარულით აღარაა, მე რომ დამინახავს. აქ მოვიყვანე რამდენჯერმე და ლამის შუა ჭამაში დაეძინა. იღლება. ცხრა წლის ბიჭისთვის ამდენი დატვირთვა შეიძლება? ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. ერთდროულად მოცეკვავეც გამოვა, მუსიკოსიც, სპორტსმენიც და მხატვარიც? როგორ გგონია? მაგრამ ხომ უნდა მოიწონონ თავი, როგორ ზრდიან შვილიშვილს, რომელსაც უვარგისი დედა ჰყავს, - ლიზის თვალები ცრემლით აევსო.
- არ იტირო, ყველაფერს მოევლება. შენც ნუღარ გადაიხდი იმ ფულს და რას იზამენ, არ გაინტერესებს?
- რას ამბობ, მაგათ ყბაში ჩავარდნას ყველაფერი მირჩევნია. იტყვიან მერე, ერთხელ ვთხოვეთ და მაგაზეც უარი გვითხრაო. არა, შიმშილით რომ ამომხდეს სული, მაინც გადავიხდი მაგ ფულს. ხვალვე გავუტან სკოლაში, თორემ მერე შეიძლება ლუკა არც მანახვონ, ისეთი სატანისტები არიან, - გულდაწყვეტით ჩაილაპარაკა ლიზიმ.
ნეილს შეეცოდა მეგობარი და ხელი გადახვია.
ამ დროს ისევ აწკრიალდა ნიას ტელეფონი. ისევ ბადრი ურეკავდა. გოგონა კვლავ გავიდა სამზარეულოდან, მაგრამ ორი წუთიც არ გასულა, რომ ფერდაკარგული შემოვიდა.
- რა იყო, მოხდა რამე? - შეშფოთდნენ ყველანი.
- ბადრი მივარდნია ჩემს მენეჯერს, უგინებია და დასარტყმელადაც გაწეულა. ვიღაცამ პოლიციას გამოუძახაო და ახლა იქაა, პოლიციაში. დამირეკა, მოდიო.
- რას ამბობ! - შეიცხადა ნეილმა.
- ახლა საკითხავია, ვინ ვის აუფეთქა დედები, - ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ლიკამ, - ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. სად მოძებნი ხოლმე ასეთ ხისთავიანებს, მიკვირს.
ნიამ ამჯერად ყურადღება არ მიაქცია მეგობრის ბოღმიან შენიშვნას, საწყალობელი მზერა ნეილს მიაპყრო.
- ნე, მათხოვებ შენს მანქანას? ტაქსით წავიდოდი, მაგრამ რამდენ ხანს მომიწევს იქ ყურყუტი, არ ვიცი.
ნეილი დაიბნა. ჭირის დღესავით ეჯავრებოდა ვინმესთვის თავისი რამის თხოვება, მით უფრო მანქანის, რომელიც სულ ახლახან იყიდა და ჯერ არც დაუზღვევია, მაგრამ უარსაც ვერ ეტყოდა. ნიამ პირველად სთხოვა რაღაც და უარით როგორ გაესტუმრებინა?
- რა თქმა უნდა, - უნიათოდ გაუღიმა. მართლა უნდოდა მეგობარს დახმარებოდა, მაგრამ არა მანქანის თხოვების ხარჯზე, თუმცა უკან ვეღარ დაიხევდა.
როგორც კი მანქანის გასაღები მიიღო, ნია თავქუდმოგლეჯილი გავარდა ბინიდან, რათა წამი არ დაეკარგა და საქმროს მიშველებოდა.
- დაუწყებს ახლა თავის მენეჯერს ხვეწნას, არ უჩივლოო. რა შტერია ამხელა ქალი! არ ვარ მართალი? განა უნდა ეთქვა მაგ თავგასიებულისთვის, სამსახურიდან რომ გამოაბუნძულეს? ან კი რა შუაშია ის მენეჯერი, ეს თუ სულ აგვიანებს? ჯერ თავის დისციპლინას მიხედოს და სხვა მერე აკრიტიკოს! თავქარიანი ეგა! - კარგა ხანს იბურტყუნა ლიკამ, მერე კი დასაძინებლად წავიდა.
ნეილი და ლიზი ერთხანს ისხდნენ სამზარეულოში, იქნებ ნიას მოვლას დაველოდოთო. მაგიდაც აალაგეს, ჭურჭელიც დარეცხეს და იქაურობაც მოასუფთავეს, მაგრამ ნია არ ჩანდა. არადა, უკვე ორს გადასცდა. ბოლოს, როცა სხვა გზა არ იყო, მათაც თავიანთ ოთახებს მიაშურეს, რადგან მეორე დილით ადრიანად უნდა წასულიყვნენ სამსახურებში.
ვერა და ვერ დაიძინა. გული ეთანაღრებოდა, ნიას მანქანა რომ გაატანა. ისიც კი არ უკითხავს, ტარება იცოდა თუ არა. ალბათ, ეცოდინებოდა, სხვანაირად როგორ იქნებოდა? კარგა ხანს იწრიალა საწოლში. ვინ იცის, რამდენჯერ დახედა მობილურის ეკრანს დროის შესამოწმებლად. ლიკასაც კი შეეღვიძა ერთხელ, როცა ნამეტანი იტრიალა.
ისევ სცადა დაძინება, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. იქნებ ლიზისაც გაუტყდა ძილი და ისიც ნერვიულობს ნიაზე? ლიკა კი ფშვინავს გემრიელად, ალბათ, არც ადარდებს დაქალის ბედი. არადა, განუყრელი მეგობრები ეგენი არიან, თუ არიან. რამდენი წელია, ერთად მოდიან.
ნია მოსწონდა ნეილს. გოგონა ზოგჯერ მორცხვი იყო, ზოგჯერ მხიარული, სასაცილოც, თავქარიანიც, ბავშვურიც და ხანდახან სრულიად აუტანელიც, მაგრამ საერთო ჯამში - ხალასი. თან საოცარ მომხიბვლელობას აფრქვევდა. არ უკვირდა იმ ბიჭის, ვინც ის შეიყვარა, თუმცა თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. არც ის იცოდა, ლიკას რატომ ჰყავდა ამოჩემებული, ასეთი რა ნაკლი შეამჩნია ბადრის.
არა, არ დაიძინებს. ადგება და დაელოდება. იქნებ კიდევ დალიოს პიტნის ჩაი? ამბობენ, ნერვებს აწყნარებსო.
არა, რა დროს ჩაია. ახლა რომ ჩხაკუნი ატეხოს სამზარეულოში, სხვებსაც გააღვიძებს და საყვედურები არ ასცდება.
როცა მეორე გვერდზე გადაბრუნდა და კვლავ დაძინება სცადა, გაიგონა, როგორ ახმაურდა გასაღები საკლიტულში. მადლობა ღმერთს! დაბრუნდა! იმედია, ყველაფერი კეთილად დასრულდა. ნია არ იმსახურებს ცუდს.
ის იყო, ადგომა დააპირა, რომ უცებ კარი ფართოდ გაიღო და ოთახში ნია დამფრთხალი ჩიტივით შემოფრინდა, რაც ნეილს არ გაჰკვირვებია. ამ სახლის ბინადართაგან ასე უდიერად მოქცევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
- გძინავს? - ნამტირალევი ხმით შეეკითხა გოგონა, თან ხმადაბლა, რათა ლიკა არ გაეღვიძებინა.
- ჰო. რა იყო?
- გამოდი ერთი წუთით, რა! - თქვა და თვითონ მაშინვე გავიდა.
ნეილმა ხალათი მოიცვა და უკან მიჰყვა.
ნია სამზარეულოში დამჯდარიყო და მოგუდული ხმით ტიროდა.
- ნი, რა დაგემართა? - თმაზე ხელი გადაუსვა ნეილმა, - დააპატიმრეს?
- არ ვიციიი! - ამოიჩურჩულა ნიამ და ცრემლებით სავსე თვალებით ახედა თავზე წამომდგარ ნეილს.
- რატომ, არ მისულხარ?
- ვერ მოვასწარი.
- აბა, ამდენ ხანს სად იყავი?
ნია უცებ წამოხტა და ისე ძლიერად ჩაფრინდა ნეილს მკლავებში, ეს უკანასკნელი შეშფოთდა.
- რა მოგივიდა, გოგო, არ იტყვი?
- ბოდიში რა, მაპატიე, მაპატიეეეე. - უმატა ზლუქუნს.
- რა გაპატიო, რა გჭირს? - ვერაფერი გაიგო ნეილმა.
- შენი მანქანა დავამტვრიეეე! - ახლა უკვე ხმამაღლა ამოუშვა ტირილი.
ნეილი გაშრა. ვეღარც გაინძრა, ისე ჰყავდა გოგონას ჩახუტებული.
- ჩემი მანქანა დაამტვრიე? - მის მხარს მიღმა კედელს შეეკითხა, რადგან ნიას თვალებში ჩახედვა ვერ მოახერხა.
- ხოოოო!.. ბოდიში რააა!.. მე არ მინდოდა, მე… მე… - აბლუკუნდა.
ნეილი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
- ჩემი ბრალია, ეს უნდა გამეთვალისწინებინა, - ამოიოხრა, მაგრამ მაშინვე ენაზე იკბინა და ნათქვამის გამოსწორებას შეეცადა, - ვიცი, რომ არ გინდოდა, რას მებოდიშები? ხომ არაფერი დაიშავე? რამე ხომ არ იტკინე? იქნებ სასწრაფო გამოვიძახოთ?
- არა, არა, ნაკაწრიც კი არ მაქვს. მან ტაქსი გამოიძახა, ჩამსვა და ფულიც გადამიხადა, - ახლაღა მოშორდა ნია ნეილის სხეულს და ხელის ზურგით ლოყაზე ღვარად ჩამოსული ცრემლი მოიწმინდა.
- ვინ მან, ეგ მაინც მითხარი? - დაზუსტება მოითხოვა ნეილმა. ნია აშკარად შოკში იყო.
- იმ კაცმა, ვისაც დავეჯახე. - განმარტა.
- ღმერთო, ვინმეს დაეჯახე? - ლამის გულწასულმა იკითხა, თუმცა იმედს იტოვებდა, რომ რახან იმ ვიღაცამ ტაქსის გამოძახება შეძლო, დიდი ალბათობით, სერიოზულად არ დაშავებულა.
- ჰო, ვიღაც კაცს… უფრო სწორად, მის მანქანას, ოღონდ გვერდიდან.
- მერე? ის კაცი როგორაა? ვინმე ეჯდა მანქანაში თუ მარტო იყო? ამოშაქრე, შე კაი ადამიანო, რას მაწვალებ? - სასოწარკვეთილ ნეილს თვალწინ დაუდგა, რა ელოდა ხვალიდან პატრულისა და იმ დაშავებულის გადამკიდე და გული ცუდად გაუხდა.
- კარგადაა, მარტო იყო, არაფერი არ სჭირს. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაიწყო ნიამ, - თავიდან ცივად მელაპარაკა, სულ უტვინო ბატი მეძახა. მერე, როცა დაინახა, რა მდგომარეობაშიც ვიყავი, რაღაც არც ისე მაამებელი ჩაილაპარაკა, ტარება თუ არ იცი, რას ჯდები საჭესთანო. მერე მანქანა დაათვალიერა და მითხრა, ამ რკინის ჯართს დიდხანს ვერ გაატარებო და ტაქსი გამომიძახა.
ჯანდაბა! ნეილი გაფითრდა. როგორც ჩანს, სამუდამოდ უნდა გამოემშვიდობას თავის "პატარას". თუ ჯართის გროვად იქცა, მორჩა, დამთავრებულია მისი საქმე. ახალს ვინღა უყიდის?
კიდევ უნდოდა ნიასთვის რაღაც ეკითხა, მაგრამ ისეთი საცოდავი გამომეტყველება ჰქონდა გოგონას და ისეთი შეშინებული ჩანდა, თავი დაანება. ნია კანკალს აეტანა. ნეილი მის დამშვიდებას შეეცადა.
- წამო, ოთახში შეგაცილებ. დაწექი და დაიძინე, დანარჩენი ხვალ ვილაპარაკოთ. იმედია, ამაღამ პატრული არ მოგვადგება აქ.
- არა, არავინ მოგვადგება. იმ კაცმა არ გამოიძახა.
- კიდევ კარგი. - ამასობაში ლიზის საძინებელში შევიდნენ. ნეილმა ნია საწოლზე ჩამოსვა.
- დაიძინე, დაწყნარდი. რაც მოხდა, მოხდა. არ იფიქრო ამაზე, გესმის? და მორჩი ტირილს, ლიზი არ გააღვიძო. - ნეილმა არ იცოდა, ამგვარი შოკის დროს რა წამალს შეეძლო მეგობრის დამშვიდება, ამიტომ რბილად დაამატა, - ასპირინს მოგიტან და დალიე, მოგიხდება. და ჩაისაც.
- მადლობა, არ მინდა. არაფერი არ მინდა. უბრალოდ, მინდა მოვკვდეეე, - ისევ წაიტირა.
- დამშვიდდი, სულელო. არც ისე ცუდადაა საქმე, - გაამხნევა ნეილმა, - ჩაწექი და შეეცადე დაიძინო, კარგი?
ნიამ გაიხადა და ჩაწვა. როგორც კი თავი ბალიშზე დადო, მაშინვე გაისუსა. ნეილი ცოტა ხნით იქვე ჩაჯდა, იატაკზე და როცა გოგონა საბოლოოდ დამშვიდდა, მხოლოდ მაშინ გამოვიდა საძიინებლიდან. თან უკვირდა, ლიზის როგორ არ გაეღვიძა.
ახლა მისი მთავარი საზრუნავი ნია იყო. წყალსაც წაუღია მანქანა, რახან უვნებლად გადარჩა ორივე. აგერ, რა დღეშია გოგო, ადამიანს არ ჰგავს. ისე, რა ბედი აქვს. ესეც ბედისწერის მორიგი დარტყმა! ვინ იცის, ბადრიც გაგიჟებულია, არ მომაკითხაო. მაგრამ იქნებ დარეკვა მოახერხა და მოუყვა, რაც გადახდა? ამ ქარაფშუტა შეყვარებული გოგოს ნერვული სისტემა აშკარად ვერ არის მწყობრში, ერთობ სავალალო მდგომარეობაშია და დროზე უნდა შველა. ახლა მიხვდა, რატომ აძლევდა ლიკა ამდენ შენიშვნას ნიას. ის ყველაზე უკეთ იცნობდა მას და იმიტომ. უფრთხილდებოდა და იმიტომ და არა შურის გამო. ნია კი ამას ვერ ან არ ხვდებოდა.
გაგრძელება იქნება
ასევე იხილეთ: