ნოველები

ყინულზე მოსრიალე - თავი 11

ყინულზე მოსრიალე - თავი 11
წინა თავი

ის იყო, სახლში შევიდა, რომ მედეა აესვეტა წინ და გამოუცხადა, გარეთ ჩრდილშიც კი ისე ცხელა, არ გირჩევ გასვლას, აჯობებს, შენს ოთახში ახვიდე და იქ დაისვენოო.
- კონდიციონერები ყველგან ჩართულია. ტიმონას ვთხოვე, სანდვიჩები ოთახში ამოგიტანოს, მაგრამ თუ ცხელი წვნიანი გირჩევნია…
- არა, არა, მადლობა. სანდვიჩები საკმარისია, - მიუგო ნეილმა, მასთან ერთად მეორე სართულზე ავიდა და თავისი გასეირნების შესახებ მოკლედ მოუყვა.
როდესაც წყალი გადაივლო და სააბაზანო
დან გამოვიდა, იქ ტიმონა დახვდა, რომელსაც ხელში ლანგარი ეჭირა სანდვიჩებითა და წვენით.
კონდიციონერი მშვენივრად აგრილებდა, ოთახში არ ცხელოდა. ნეილმა სიფრიფანა სარაფანი ჩაიცვა და საწოლზე წამოწვა. წყურვილის მოკვლის მიზნით ფორთოხლის წვენი დალია და ორი ცალი სანდვიჩიც მიაყოლა. შემდეგ წიგნს დასწვდა.
არ ახსოვს, რამდენ ხანში ჩაეძინა. როცა მოულოდნელად მამაკაცების ხმები შემოესმა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ თურმე ჩასთვლიმა. ისინი დაბრუნებულან! მაჯის საათს დახედა, შვიდი გამხდარიყო. ღმერთო, რამდენ ხანს სძინებია! ასე რამ გათიშა? ამ დროს შემოესმა, როგორ გაჯახუნდა კარი და შეკრთა. რა მოხდება, სიმმა მისი მონახულება რომ გადაწყვიტოს? რა უნდა მოხდეს, გაუხარდება. იმწუთასვე გააცნობიერა, რომ უკვე მონატრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საიმონი სულ რამდენიმე საათით იყო წასული. ამის გაცნობიერებამ მთლად დააბნია.
მაშინვე კამოდის უჯრას ეცა, საცურაო კოსტიუმი ამოიღო და ჩაიცვა. მერე პირსახოცს დაავლო ხელი და რაც შეიძლებოდა სწრაფად და უხმაუროდ დატოვა ოთახი.
წინა დღეს აღმოჩენილი გასასვლელით ისარგებლა, რომლითაც მაშინ ის და სიმონი სანაპიროზე აღმოჩნდნენ. ახლაც იქ ამოყო თავი და მიხვდა, პანიკა დაუფლებოდა. ნეტავ რისი ეშინია? საიდან მოიტანა, რომ სიმი მას ძებნას დაუწყებდა?
ბოლოს ყველაფერში მაინც მზე დაადანაშაულა. ის ასეთ ცხელ ამინდს მიჩვეული არ იყო. პირსახოცი ქვიშაზე მოისროლა და წყლისკენ წავიდა. ახლაღა გაახსენდა ქუდი, რომლის წამოღებაც დავიწყებოდა. ოხ, სიმ! ქუდი კი არა, სათვალეც დარჩენია!
შეფიქრიანებულმა წყალში შესვლა გადაიფიქრა და სანაპიროს გასწვრივ დაიწყო ხეტიალი. დასცხა. უკან გამობრუნდა გაუცნობიერებელი სურვილით, წყალში ეტყაპუნა. ტალღები ფეხებზე ეხლებოდა, რაც უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. უეცრად მარჯვნივ რაღაც მოძრაობამ მიიქცია მისი ყურადღება. ადგილზე მილურსმნულივით გაჩერდა, როცა სიმმა იგი შეამჩნია და მისკენ გამოეშურა.
- დაბრუნდი? - ჰკითხა მისალმების ნაცვლად, ვითომ არ იცოდა.
- კარგი დღე გქონდა? - სხვა რამით დაინტერესდა მამაკაცი და მზერა მის სხეულზე გადაატარა, რომელსაც მთლიანი საცურაო კოსტიუმი ფარავდა.
- შესანიშნავი! - რაც შეეძლო მხიარულად შესძახა, - თქვენ რა ჰქენით? გამოგივიდათ საქმე? - გოგონა უხერხულად გრძნობდა თავს მისი განიერი, შიშველი, დაკუნთული მკერდის დანახვაზე, ამიტომ ზურგი შეაქცია და ზღვაში შევიდა.
- ჰო, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, - უპასუხა ჩიხლაძემ და თვითონაც წყალს მიაშურა, - ცურვა იცი?
- თუ გინდა, გასწავლი, - შეღიმა გოგონამ.
- აჰა. განა არ ვამბობდი, ოხერი ვინმე ხარ-მეთქი? - გაიცინა სიმმა.
- ეს შენ ახდენ ჩემზე ასეთ გავლენას, - მიაძახა ნეილმა და ჩაყვინთა.
საიმონმაც მიჰბაძა.
ორივემ ერთად გაცურა წყლის ქვეშ, შემდეგ ერთად ამოყვინთეს ზედაპირზე ერთმანეთისგან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით. ნეილს სუნთქვა შეეკრა. მამაკაცი თვალისმომჭრელად სიმპათიური იყო. წყლის წვეთები თმასა და მკერდზე უბრწყინავდა, შუბლსა და საფეთქლებზე კი სველი თმა მისწებებოდა. მისი მკერდი, მკლავები და მხრები მხოლოდ კუნთებისგან შედგებოდა. აბა, შეიძლებოდა ასეთი მამაკაცი არ მოგწონებოდა?
წარმოდგენა არ ჰქონდა, თვითონ როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ როცა სიმმა მის ქერა თმას გამჭოლი მზერა მიაპყრო, ხელი ასწია და დარცხვენილმა ჩამოშლილი თმა შუბლიდან გადაიწია.
მამაკაცი კი ისევ ისე უყურებდა. გამჭოლად, დაჟინებით. ნეილს ეუხერხულა. დააპირა კვლავ ჩაეყვინთა, მაგრამ საიმონმა გამოიცნო მისი განზრახვა.
- წასვლის დროა, ქალთევზავ, - უთხრა და მის ბედნიერებას წერტილი დაუსვა.
ნეილი აღშფოთდა.
- მაშინ წამოვალ, როცა მომინდება! - გააპროტესტა.
რა უაზრო კაცია! დაუწყო აქ მბრძანებლობა! სულაც არ უნდოდა ჯერ ვილაში დაბრუნება.
გოგონამ ნიშნის მოგებით გახედა მამაკაცს და მსწრაფლ წყლის ქვეშ გაუჩინარდა, მაგრამ ვერ შეირგო, რადგან მამაკაცი დაეწია და ზედაპირზე ამოიყვანა.
განწირული ხმით აყვირდა. წიოდა, კიოდა და… იცინოდა. საიმონმა ორივე ხელი წელზე მოხვია და ისე ასწია წყალზემოთ, თითქოს ბუმბულის ყოფილიყოს.
- გამიშვი, გამიშვი! - შეევედრა ნეილი და შეშინებული მამაკაცს მხრებზე დაეყრდნო. სიმმა ყურად იღო მისი თხოვნა და წყალში ნელ-ნელა ჩაუშვა, ოღონდ ხელს არ უშვებდა, რათა არ გასხლტომოდა და კვლავ არ ჩაეყვინთა.
გოგონას ფეხები მამაკაცის სხეულზე ჩამოუცურდა, მკერდით მის მკერდს ეხებოდა და ისევ რაღაც მოხდა მის კონტროლს მიღმა. შეცბუნებულმა უნებურად მკლავები მოხვია და ისე მიეტმასნა, თითქოს დასაყრდენი სჭირდებოდა.
როგორც იქნა, შეხედა კაცს და მიხვდა, რომ ისიც დაბნეული იყო. არა, უფრო გაოგნებული.
- სიმ… - ჩურჩულით აღმოხდა ნეილს სახელი, რომელიც თვითონვე შეარქვა.
- კარგად ჟღერს, - მოუწონა მამაკაცმა და უეცრად მძლავრად მიიხუტა.
ბუნებრივია, რომ ერთმანეთის მკლავებში მოქცეულთ კოცნის მეტი არაფერი დარჩენოდათ. მათი ტუჩები შეერთდნენ. ნეილმა ღვთაებრივი ნეტარება იგრძნო. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობდა - ეს კოცნა უსასრულოდ გაგრძელებულიყო.
მაგრამ… დასრულდა, როგორც კარგი ოსკაროსანი ფილმი, რომელიც სერიალივით გინდა გაგრძელდეს…
სიმმა აუჩქარებლად ჩამოუსვა ხელისგული ლოყაზე. ნეილმა შეხედა. შეცბუნებული აღარ იყო, მაგრამ აღელდა.
შეიძლება ამიტომაც აარიდა მზერა და მის მხარზემოთ გაიხედა. გაიხედა და უცებ… გაშეშდა. ისე იყო დარეტიანებული ყველაფერ იმით, რაც მის თავს ხდებოდა, რომ თავდაპირველად ვერც მიხვდა, საით იყურებოდა.
აღმოჩნდა, რომ სანაპიროს გაჰყურებდა იმ მხარეს, სადაც ცოტა ხნის წინ მათ გარდა კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მაგრამ ახლა იმ კლდის ჩრდილში, რომლის ქვეშაც წინა დღეს სიმი ისვენებდა, მედეა იდგა. ისიც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილიყო და შესცქეროდა, როგორ ეხუტებოდნენ ნეილი და საიმონი ერთმანეთს. მედეა მათი კოცნის მოწმეც გამხდარიყო.
გოგონას გულზე შემოეყარა და მამაკაცის მკლავებში აფართხალდა.
- გამიშვი! - მომთხოვნი ტონით წარმოთქვა.
- საყვარელო, აქ ჩვენ გარდა არავინაა.
საყვარელოო! მზად იყო, მოეკლა კაცი ამ სიტყვისთვის.
- შენი ქალი გვიყურებს! - ამოიჩურჩულა და იგრძნო, როგორ ამოუტრიალდა გულ-მუცელი, როცა საიმონმა ხელი შეუშვა და პლაჟისკენ გაიხედა. გოგონამ ხელი ჰკრა მამაკაცს და ვილისკენ გაიქცა.

თითქოს მთელი საუკუნე იდგა შხაპის ქვეშ. არ იტირებს. სიმი თმიდანაც ჩამოიბანა და სხეულიდანაც. რატომ უნდა იტიროს? ის ხომ ორმაგი თამაშის მოყვარული ნაძირალაა!
იქნებ იცოდა კიდევაც, მედიკო მათ თვალს რომ ადევნებდა? ხომ შეიძლება სპეციალურად მოიქცა ასე, რომ იმ ქალს ეეჭვიანა? დამპალი! არამზადა! ურჩხული! მედეას გრძნობების გამძაფრება ასე მოისურვა? ნეილი ამას არასდროს აპატიებს!
გამოვიდა თუ არა სააბაზანოდან, აღმოაჩინა, რომ აბანოს პირსახოცი პლაჟზე დაეტოვებინა. ვითომ საიმონი წამოიღებდა? ამის იმედი ნეილს არ ჰქონდა.
რაც არის, არის. მერე ჩავა და თავის პირსახოცს თვითონ წამოიღებს. მანამ კი… პატარა პირსახოცი გამოიღო და იმით გაიმშრალა.
გადაწყვიტა, ჩაეცვა და ისევ სანაპიროზე ჩასულიყო პირსახოცის წამოსაღებად. ის იყო, თმა ჩამოივარცხნა და ტანსაცმლის გამოსაღებად შემოტრიალდა, რომ შიშისგან შეჰკივლა. კედელს სიმი მიჰყრდნობოდა.
მამაკაცმა წამებში შეათვალიერა მისი ასხლეტილი შიშველი სხეული, ნეილი კი პანიკამ მოიცვა და გაქცევა მოუნდა. სიმონის რეაქცია ელვის უსწრაფესი აღმოჩნდა. სანამ გოგონა კვლავ სააბაზანოში შეასწრებდა, პლაჟიდან წამოღებული პირსახოცი პირდაპირ სახეში ესროლა. მერე მიეჭრა და გოგო პირსახოციანად მკერდზე მიიხუტა.
- ჩუუუ, - დაამშვიდა, - არაფერს გიზამ, ნუ გეშინია.
- იმედია! - ზიზღით მიუგო გოგონამ.
მამაკაცმა გოგონა საწოლთან მიიყვანა და მისი ხალათი აიღო.
- ხელები გაუყარე, - უბრძანა და დაელოდა, სანამ ნეილი სახელოებში მკლავებს გაუყრიდა. მხოლოდ ამის შემდეგ მოაცილა მამაკაცმა გარს შემოხვეული პირსახოცი.
- შენ ამას პირველად არ აკეთებ! - დაადანაშაულა ნეილმა და მისგან მოშორებით დადგა. კარგი იქნებოდა, ახლა წასულიყო და ნეილი მარტო დაეტოვებინა. ცოტა გონს უნდა მოვიდეს, რაც მისი აქ ყოფნის დროს შეუძლებელია. იდგა ასე გაქვავებული და ელოდა. რას, თვითონაც არ იცოდა.
- რაღაც არ მახსენდება ეგეთი რამე, - მშვიდად უპასუხა სიმმა, თან მის აფორიაქებულ სახეს თვალს არ აშორებდა.
- შენმა საყვარელმა თუ იცის, აქ რომ ხარ? - გამომწვევად ჰკითხა იმ იმედით, რომ მედეას ხსენება კაცს წასვლას აიძულებდა.
- ჩემმა საყვარელმა? - ირონიულად გაიმეორა სიმმა.
- არ გინდა ჩემ წინაშე თავის ასე მოკატუნება, თითქოს მამა აბრამის ბატკანი იყო, - დაიღრინა გოგონამ, - პროტესტს ვაცხადებ იმის გამო, რომ შენი რომანის შესანიღბად მე გამომიყენე!
- ნუ სულელობ!
- არ მიყვარს, როცა იმისთვის მკოცნიან, რომ მაყურებლები გაართონ.
- მაყურებლები? - გაიოცა სიმონმა, - ნეილ! - იგი უფრო ახლოს მივიდა მასთან, - ამწუთას აქ არც ერთი მაყურებელი არ არის.
ნეილმა მაშინვე უკან დაიხია.
- თავი შორს დაიჭირე ჩემგან! - ხმას აუწია.
მამაკაცი შეჩერდა.
- პატიებას ვითხოვ, - მოუბოდიშა, - შენი შეშინება არ მინდოდა, უბრალოდ, მსუბუქად კოცნა მსურდა, მეტი არაფერი.
- შენი მსუბუქი კოცნები და სხვა დანარჩენიც მისთვის შეინახე!
- შენ მგონი ეჭვიანობ. ჰო, ეჭვიანობ.
- ხომ არ შეიშალე! - წამოჭარხლდა ნეილი და თავდასხმა გადაწყვიტა, - უბრალოდ, მე წესიერად ვიქცევი, გულწრფელად, შენ კი არა!
ოხ! სიმს ეს არ მოეწონა, წარბები შეყარა და მოიქუფრა.
- შენ იქცევი წესიერად? - წამოიძახა მოულოდნელად და ერთი ნაბიჯი წინ წადგა, - უაზრო რაღაცებს მაბრალებ და მეუბნები, გულწრფელი ვარო? იქნებ ჩემი ბრალია, აქ რომ აღმოჩნდი? არ გეთხოვებინა მანქანა შენი მეგობრისთვის და აირიდებდი თავიდან ჩემს გაცნობას, არც ვალები დაგედებოდა!
- ამაზრზენი ხარ! - განრისხებულმა იყვირა და მამაკაცს ხელი მოუქნია.
მოუქნია, მაგრამ იქ ვერ მოარტყა, სადაც უმიზნებდა - სახეში. იმიტომ, რომ სიმმა უსწრაფესად გადაწია თავი და გოგონას მაჯაში სწვდა.
იმით განხიბლულმა, რომ მიზანს ვერ მიაღწია, გაგულისებულმა გოგონამ საიმონს ხელი ჰკრა. რადგან მამაკაცი ჯერაც ებღაუჭებოდა, წონასწორობა პირველად ნეილმა დაკარგა, საწოლზე წაიქცა და მამაკაცი ზედ გადაემხო.
რამდენიმე წამი სიჩუმე არ დარღვეულა. მერე კი სიმონმა გადაიხარხარა. ნეილი სასოწარკვეთილი ცდილობდა უხერხული სიტუაციიდან თავის დაძვრენას, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. თვითონაც არ იცოდა, რა ემართებოდა, მაგრამ სიცილში კი აჰყვა მამაკაცს.
სიმი გვერდზე გადაბრუნდა, გოგონას მაჯას ხელი შეუშვა, თავით მარჯვენა ხელისგულს დაეყრდნო და ნეილს ზემოდან დახედა.
- კიდევ ერთხელ გამაკვირვე, - წარმოთქვა და დაამატა, - მაპატიებ, რომ ჩემი ყბის გატეხვის უფლება არ მოგეცი?
- სულ არ გპატიობ? - გაეღიმა ნეილს.
მამაკაცის ლამაზი პირი შეტოკდა. სიმმა ამოიკვნესა:
- საშინლად მინდა გაკოცო, პატარა ეშმაკუნა!
- მგონი, არ ღირს ამის გაკეთება, საიმონ! - მტკიცედ მიუგო, თუმცა იტყუებოდა.
მამაკაცმა მარცხენა ხელი ასწია და საჩვენებელი თითი ნეილის ლოყას ჩამოაყოლა. გოგონამ იგრძნო, ანთებული სანთელივით როგორ ლღვებოდა.
- სულ პატარა, უმნიშვნელო კოცნაც არა?
- მგონი, ჩემს შეცდენას ცდილობ.
- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ ვის შეცდენას ცდილობს, - ამოიხვნეშა მამაკაცმა და თავი მისკენ დახარა.
ისევ შეიგრძნო ნეილმა მისი ცხელი, პატრონივით მომთხოვნი ტუჩები.
- აჯობებს წახვიდე, - ჩუმად წარმოთქვა, როგორც კი სიმმა ნაზად შეწყვიტა თავბრუდამხვევი კოცნა.
- მართალი ხარ, - მიუგო მან და ამოძრავდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის მარცხენა ხელი მოეხვია, - თუ შეიძლება ისეთი რამე მითხარი, წასვლა მაიძულოს, სხვანაირად ვერ გელევი.
ნეილს კინაღამ წამოსცდა, მიყვარხარო, მაგრამ თავი შეიკავა.
- მე… - დაიწყო და გაჩუმდა.
ნუთუ ეს ყველაფერი მის თავს ხდება? ნუთუ მართლა შეყვარებულია? როგორ დაერხა!
- რა შენ? მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? გგონია, ამის გამო წავალ? ვერა, ვერ წავალ.
- ნუ წახვალ, - დაიჩურჩულა და თვალები მილულა.
- მერედა, არ გეშინია? - მსუბუქად ჩაეკითხა მამაკაცი.
უარის ნიშნად თავი გააქნია. რისი უნდა შეშინებოდა? თითქმის გახდილი საწოლზე იწვა მამაკაცთან ერთად და ერთი სული ჰქონდა, როდის აკოცებდა.
- არა, არ მეშინია! - აღმოხდა ვნებამორეულს.
და საიმონი მისი გაუხმოვანებელი სურვილის შესრულებას შეუდგა. კვლავ დახარა მისკენ თავი და მოწყურებული დააცხრა ტუჩებზე. მერე თავი ასწია და გოგონას მიბნედილ თვალებს შეხედა. როცა თვალებშიც ამოიკითხა ნეილის დაუოკებელი სურვილი, კვლავ მის ბაგეებს წაეტანა.
ნეილი მძლავრად მიეკრა. იგრძნო მამაკაცის სხეულის სიმხურვალე, ხალათშიც რომ ატანდა, მისი კოცნა კი არა მხოლოდ გულს, სულსაც უფორიაქებდა.
საიმონი ტუჩებიდან ყელზე გადავიდა. ნეილმაც იგივე გაიმეორა და მამაკაცს ყელი დაუკოცნა. სიმმა ლოყაზე აკოცა. ნეილმაც იმავეთი უპასუხა. ნელ-ნელა სწავლობდა მისგან მოფერების ხელოვნებას.
- ბრწყინვალე ხარ, - ამოთქვა სიმმა.
- შენ კი მშვენიერი მასწავლებელი, - მორცხვად უჩურჩულა ნეილმა.
- მზად ხარ შემდეგ კლასში გადასასვლელად? - შეეკითხა მამაკაცი.
გოგონამ გამომწვევად გაიცინა.
- მგონი კი. - მიუგო, რადგან იცოდა, თუ უარს ეტყოდა, ეს ყველაფერი მაშინვე დამთავრდებოდა.
- გამაჩერე, თუ რამეს ვერ გაიგებ და უკეთ აგიხსნი, - ღიმილით გამოაჯავრა.
გოგონას უნდოდა, მამაკაცს გაუჩერებლად ეკოცნა მისთვის და ის ამას აკეთებდა. ეალერსებოდა და თავბრუს ახვევდა. როცა კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში და ნეილის ნდობა ამოიკითხა, ერთიანად შეძრულმა წამწამებიც დაუკოცნა.
მამაკაცის ყოველი მოძრაობა აუჩქარებელი იყო, ნელა დაატარებდა ხელისგულს ხალათზე და მის ქვეშ შეძრომას ფრთხილად ცდილობდა, რათა გოგონას მკერდისკენ გაეკვლია გზა.
ნეილი ლამის მიეწება.
- ყველაფერი რიგზეა? - უჩურჩულა სიმმა.
მხოლოდ თავი დაუქნია. ისეთი გადავსებული იყო მოზღვავებული გრძნობებით, სიტყვას ვერ იტყოდა. თანდათან საიმონის კოცნა უფრო ვნებიანი გახდა, მით უფრო მაშინ, როცა მისმა თითებმა ხალათის თავდაცვითი ზღუდე გაარღვია და შიშველი სხეულის ტერიტორიაზე შეიჭრა.
ნეილმა მისი თითების სითბო შეიგრძნო, მის გლუვ კანს რომ ეალერსებოდნენ. თითქოს ხანძარი მოსდებოდა მთელ სხეულზე, რომელიც უფრო და უფრო მძვინვარებდა. სუნთქვა შეუგუბდა, როცა მამაკაცი ტუჩებით მის ვარდისფერ კერტებს მისწვდა.
- რა ლამაზი ხარ, - აღმოხდა საიმონს.
ნეილს ისე უნდოდა ამწუთას მასთან, რომ შედეგებზე აღარც ფიქრობდა. ვერც აანალიზებდა, რომ ამით უკან დასახევ ყველა გზას იჭრიდა.
მაგრამ მოულოდნელად კარზე კაკუნი გაისმა. ორივე გახევდა. კაკუნი განმეორდა. ნეილი ზეზე წამოიჭრა, როგორც კი გაიაზრა, რომ შეიძლებოდა ვიღაც შემოსულიყო.
- სიმ! - პანიკაში ჩავარდნილმა წამოიყვირა.
როგორც ჩანს, საიმონიც დაეშვა ციდან დედამიწაზე და ხალათით სასწრაფოდ დაუფარა გოგონას მოშიშვლებული მკერდი, მომდევნო წამს კი საწოლიდან გადახტა და კართან გაჩნდა.
ნეილიც ფართხაფურთხით შევარდა სააბაზანოში იმ იმედით, რომ როცა სიმონი კარს გააღებდა, ტიმონა შემოვიდოდა და არა სხვა ვინმე. მოსამსახურე კი არეულ ლოგინს ყურადღებას არ მიაქცევდა.
ძლივს მოასწრო სააბაზანოში თავის შეფარება, რომ ხმა შემოესმა და მიხვდა, ტიმონა კი არა, კარზე მედეა აკაკუნებდა.
- საიმონ, გეძებდი! მთელი სახლი შემოვიარე. წამო რა, მჭირდები. სალაპარაკო მაქვს! - გაიგონა ნეილმა ქალის ნამტირალევი ხმა.
სიმმა რა უპასუხა, გოგონას არ გაუგონია, მაგრამ როცა მამაკაცმა კარი მსუბუქად გაიჯახუნა, ასლუკუნდა, ოღონდ ცრემლების გარეშე. მისი აზრით, კარის გაჯახუნება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა.
ცხადია, კარის მიხურვით სიმმა გოგონას მიანიშნა, რომ რაც უნდა შორს წასულიყო მათი ურთიერთობა, მედეა მისთვის პირველ და ერთადერთ საზრუნავად დარჩებოდა.

იმ საღამოს ნეილს აღარ უნდოდა სავახშმოდ ჩასვლა. საჭმელზე ფიქრიც არ შეეძლო. გული დაუმძიმდა. როგორ გააკეთა ეს? რატომ მოექცა ასე?
ახსენდებოდა, როგორ პასუხობდა კოცნაზე კოცნით, როგორ ოცნებობდა მასთან ინტიმურ სიახლოვეზე, საბოლოოდ დანებებაზე. იხსენებდა საკუთარ თავდაჯერებულობას, რომ უკან არ დაიხევდა, რაც უნდა ღრმად შეეტოპა. ნუთუ მართლა თვითონ იყო ის ყველაფერზე წამსვლელი ქალი?
ჯერ კიდევ იმ წვეულებიდან ეჭვობდა ნეილი, რომ რამინის ცოლსა და საიმონს შორის რაღაც სახის ურთიერთობა არსებობდა. ეჰ, ნეილ, ნეილ, სად გაქრა შენი სიამაყე? შენ იცოდი მათი რომანის შესახებ და მაინც…
მაგრამ რა შუაშია აქ სიამაყე? საკმარისი იყო, სიმს გაეცინებინა იგი, რაც ყოველთვის შესანიშნავად გამოსდიოდა, და ნეილი ცვილივით ხდებოდა.
როგორც ჩანს, შეუყვარდა. და ეს უნდა ეღიარებინა. სხვას კიდევ ჰო, მაგრამ თავის თავს ხომ ვერ დაუმალავდა ამ ფაქტს?
მაგრამ თუ მედეა უყვარდა, მას რატომ ექცეოდა კაცი ასე თბილად? რა სასიამოვნო იყო მის გვერდით გატარებული წუთები. მარტივი მიზეზის გამო - სიმონს სურდა ეჩვენებინა რამინისთვის, რომ მისთვის სასურველი ქალი ნეილი იყო და არა მედეა. ამ ხრიკით უნდა დაემტკიცებინა ბიზნესპარტნიორისთვის, რომ იგი მისი ცოლის მიმართ არანაირ ინტერესს არ ავლენდა.
ამაზე მეტი დამცირება იქნება? როგორ გადათელა! ალბათ ისიც უთხრა მედეას, რატომ მიიყვანა ბანკეტზე ნეილი და აქაც რა მიზეზით იახლა. ალბათ როგორ იცინოდნენ ახლა იმაზე, რომ გოგონა საფრად გამოიყენეს თავიანთი სატანური რომანის შესანიღბავად.
ახლა ორმაგად არ უნდოდა სასტუმრო ოთახში ჩასვლა. დღეს ერთხელ უკვე აჩვენა, რომ სიამაყე გააჩნია.

გაგრძელება იქნება

ასევე იხილეთ:
ყინულზე მოსრიალე - თავი 10
ყინულზე მოსრიალე - თავი 9
ყინულზე მოსრიალე - თავი 8




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93