დილით, სკოლისკენ მიმავალი მომღიმარი მშობლების და პატარების გვერდით, ბებია-ბაბუებიც შევნიშნე.
წარმოვიდგინე ბებია-ბაბუები სოფლებში, რომლებიც სიხარულით თვალცრემლიანნი აცილებენ შვილიშვილებს სკოლაში. სოფლის ქუჩებში გამოსული მოხუცები პატარებს სკოლის გზას ულოცავენ და კანფეტს ან ხილს სთავაზობენ გზადაგზა...
ბებიაჩემი ისე წავიდა, ჩემი პირადი ამბების მოყოლა ენატრებოდა.
ბოლო წლები არაფერს ვუყვებოდი პირადზე. რომ მომიკითხავდა, მოკლედ ვპასუხობდი: „კარგად ვარ“, „ძველებურად“, „ახალი არაფერია“, „მათზე არაფერი ვიცი“ და ა. შ.
- მოი, ბებია, დამიჯექი აგერ. მომიყევი ამბები..." - მე ჯიუტად არ ვუყვებოდი...
ბებია ალბათ ერთადერთია, რომელიც ყოველთვის შენს მხარესაა. მართალი ხარ თუ არა, მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მისი შეფასებით ყველაფერი ზუსტად ისეა და ისე იქნება, როგორც შენ გინდა.
შენ თუ მოგწონს, ესე იგი, მოსაწონია. არ მოგწონს? – „გასწი, დეიკარგოს აქედან“ - შესძახებს და "გადაწყვეტილია" საკითხი...
მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას, ახლაც უსაშველოდ მიყვარს. ძალიან მწყდება გული, რომ არ ვუყვებოდი არაფერს.
ჩვენი ურთიერთობა საოჯახო საქმეებში დახმარებით შემოიფარგლებოდა.
გურიაში ყოველ ჩასვლაზე ახალ ჭურჭელს დამახვედრებდა: -”ნახე, ბებია, ახალი ჭიქები ვიყიდე. ვიფიქრე, სტუმრები რომ ჩამოყვეს, ახლები ექნება”.
გარდაცვალების შემდეგ მისი სახლიდან ეს ყავის ჭიქა წამოვიღე. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი, ამ ჭიქით რომ სვამდნენ ყავას. მას შემდეგ შემორჩა სამზარეულოს კარადაში.
ახლა ყოველი დილა და საღამო ამ ჭიქასთან „დიალოგით“ იწყება და მთავრდება. ამ დილით ვიხსენებდი, სკოლაში წასვლის წინ მისი მთავარი საზრუნავი ბაფთები იყო. კერვა იცოდა, წინსაფრებს მიკერავდა და ყოველთვის მეუბნებოდა, შენ როგორც გინდა, ისე შეგიკერავ ბებიაო... სკოლიდან, სახლისკენ მომავლი ორი გზა იყო, ერთი მოკლე, მეორე-გრძელი, თუმცა ამ გრძელ გზაზე ბებია ცხოვრობდა. ყოველთვის ვპოულობდი მიზეზს, გრძელი გზით მევლო, რომ სკოლის შემდეგ ბებიასთან შემევლო, სადაც გემრიელი სადილი და ყველაზე ტკბილი გარემო მეგულებოდა... მოვყვებოდი გაგონილ ამბებს, ბაბუა გამომკითხავდა გაკვეთილებს და მერე ასე, სიხარულით და ემოციებით დაღლილი გავუყვებოდი გზას შინისაკენ.
წლების შემდეგ ეს მზრუნველობა ჩემს შვილზე გადმოვიდა. თბილისში წამოსვლისას გვეტყოდა: „ნელათაი იყავი ბებია“ (ანუ ფრთხილად იყავი)... და ჩემს შვილს ჯიბეში 2-ლარიანს ჩაუდებდა, - სკოლაში რომ მიხვალ პირველ დღეს, „ბულკი“ იყიდეო...
ამ სასწავლო წლის დასაწყისისთვის ბებიას აღარ უთქვამს „ნელათაი იყავითო“...
ამ ფიქრებში, ყავაც გაცივდა, მაგრამ უფრო გემრიელია. თუმცა, უკვე იმდენი რამ მოვუყევი, რაც თქვენთვის არ გამინდია... თუ არსებობს „იქაურობასა და აქაურობას“ შორის კავშირი და მართლა ესმის - შეიძლება ახლა მეუბნება:
- „ნუ გეშინია ბებია, აგერ ვარ, შენს გვერდით...“
ასეთია რეალური სახე ბედნიერი სიცოცხლისა, რომელიც მოხუცის თვალებში კიაფობს და ყველა ბავშვს ვუსურვებ, დიდხანს გაახაროს მშობლებთან ერთად ბებია-ბაბუები ლამაზი ცხოვრებით.
ყველა ადამიანს გაუნაწილეთ სითბო. ნუ დაგენანებათ გამარჯობა. მოკითხვა.
იხილეთ ასევე: "ბებიაჩემი ისე წავიდა, ჩემი პირადი ამბების მოყოლა ენატრებოდა" - გულის ამაჩუყებელი პოსტი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს!