ცნობილია, რომ მარიტა როხვაძემ 4 თვეში 21 კილოგრამი დაიკლო, თუმცა, როგორ ახერხებს ის ამ თავბრუდამხვევი შედეგის შენარჩუნებას, ცოტამ თუ იცის.როგორც აღმოჩნდა, მარიტა განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს კვებას. ის "მარაოს" მკითხველს რამდენიმე რჩევას აძლევს.
- რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ კვებას? როგორ იკვებებით?
- არც „სწორად“ ვიკვებები და არც დიეტაზე ვარ. ბოლო დროს ვცდილობ, ბევრი თევზეული ვჭამო.
- ხართ თუ არა ფასტ-ფუდების მოყვარული?
- არა, ფასტ-ფუდები არ მიყვარს.
- პროდუქტის შეძენის დროს აქცევთ თუ არა ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ დეტალებს, მაგალითად, გენმოდიფიცირებულია თუ არა ესა თუ ის საკვები, როდისაა დამზადებული და ა.შ?
-კი, აუცილებლად, გენმოდიფიცირებულია თუ არა, ვადა როდემდე აქვს, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, აბა, როგორ?
- მადა განსაკუთრებით ძლიერდება შებინდებისას ან გვიან ღამით, თუმცა ამას არც ისე სახარბიელო შედეგები აქვს. თქვენ გიყვართ გვიან ღამით წახემსება?
- პრინციპში, გვიან ჭამა, რომ გითხრა, მიყვარს-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ როცა მომშიებია და მომდომებია ჭამა, მიჭამია ნებისმიერ დროს.
- დრო ჯანსაღი კვების ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. საყურადღებო მხოლოდ ვახშმის დრო კი არ არის, მნიშვნელოვანია, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვისაუზმოთ, ვისადილოთ და ა.შ. რას იტყვით ამაზე? უწესებთ თუ არა საკუთარ თავს განრიგს?
- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ ვახერხებ განსაზღვრულ ვადებში ჭამას. დროს მხოლოდ იმ კუთხით ვაქცევ ყურადღებას, როდესაც ვცდილობ, ვჭამო 7 საათამდე და შვიდის მერე თავი შევიკავო.
- ხშირად ხართ დიეტაზე?
- არ ვდიეტობ, მაგრამ ცომეულსა და ტკბილეულს, ძირითადად, ვერიდები. ცომეულს საერთოდ არ ვჭამ და ტკბილეულს ცოტ-ცოტას მაინც მივირთმევ.
- ხომ არ გახსენდებათ ყველაზე ეფექტური დიეტა თქვენი პრაქტიკიდან?
- რეკომენდაცია ჩემთვის არც დიეტოლოგს და არც ვინმე სხვა კომპეტენტურ პირს არ გაუწევია, თავად გადავწყვიტე, მეცადა წიწიბურით დაკლება და 4 თვეში 21 კილო დავიკელი. თუმცა, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ზოგს ბურღულეული ასუქებს. ეს დამოკიდებულია სისხლის ჯგუფზე. ამიტომ არ შემიძლია ვინმეს ვურჩიო ეს დიეტა, როგორც ყველაზე ეფექტური დიეტა.
- დღევანდელ დღეს დაკლების უამრავი საშუალება არსებობს, აბებითა და დიეტებით დაწყებული, სხვადასხვა სახის ქირურგიული ჩარევით დამთავრებული. არსებობს რამე გზა, რომლითაც არასდროს შეეცდებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას?
- აბები არასოდეს მიმიღია და არც არავის ვურჩევ, იმიტომ, რომ აბებით დაკლებული ჯერ არავინ მინახავს ისეთი, ვისაც მერე ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნია. ამიტომ ჯობია ყველაფერი ბუნებრივად მოხდეს. უკეთესია, გავიდეს 1 წელი, 2 წელი და ვარჯიშითა და ჯანსაღი კვებით ბუნებრივად დაიკლოთ, ვიდრე დალიოთ აბები. არც დიეტას გირჩევთ ხაზგასმით, მარტო წიწიბურის ან სხვა პროდუქტის მიღებას. უბრალოდ, იკვებეთ სწორად, მიირთვით ბოსტნეული, ხილი, ბევრი წყალი, სტაფილოს ფრეშები, მოხარშული ხორცი, შიგადაშიგ ცოტა შემწვარიც. ძალიან კარგი იქნება, თუ კალორიებს დაითვლით და ეცადეთ, რომ 7 საათის მერე არ შეჭამოთ. ჯანსაღი კვება საუკეთესო გზაა.
- რომელია თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი მავნე პროდუქტი, რომელზეც უარის თქმა ყველაზე მეტად გიჭირთ?
- შემწვარი კარტოფილი, ალბათ...
- რთულია სიამოვნებაზე უარის თქმა, როცა დიეტობთ. რა გაძლევთ მოტივს?
- საკუთარი თავი. საუკეთესო მოტივაციაა, როცა სარკეში იხედები და საკუთარი თავი არ მოგწონს. ეს ყველაზე დიდი სტიმულია და ყოველთვის ამართლებს.
მერიემ კაკაურიძე
"ვერავინ დამაჯერებს, რომ კიტრი კანს უშველის" - შორენა ბეგაშვილის სილამაზის ფორმულა