ნუთუ ეს მართლა ხდება?
ირგვლივ მიმოვიხედე, სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს ბარი ჰყოფდა, მინის კედლებიდან ქალაქის ხედი ჩანდა, მისაღებს მარჯვნიდან საძინებელი ესაზღვრებოდა, სამზარეულოს - მარცხნიდან აბაზანა. ყველაფერი ძვირად ღირებული უნდა ყოფილიყო, რაც არც ისე რთული გამოსაცნობი იყო.
რას ვაკეთებ?
- შემოდი!
ნაბიჯი გაუბედავად გადავდგი. "სად მიდიხარ? სულ გაგიჟდი? ხვდები მაინც, რა დაუფიქრებლად იქცევი? ეს უპასუხისმგებლობაა!" - მეძახდა შინაგანი ხმა.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგადაა. მე მისაღებში დავწვები.
- მადლობა... - ვთქვი ჩუმად.
- არაფრის. თუ გინდა, ჩაიზე დაგპატიჟებ, დავსხდეთ და ვისაუბროთ... მაგრამ, ალბათ, გადაღლილი იქნები, შეგიძლია გამოიძინო... ახლავე ახალ თეთრეულს მოგცემ.
საძინებელში შევიდა ისე, პასუხს არც დალოდებია და კარი ღია დატოვა. ფანჯარას მივუახლოვდი და გარეთ გადავიხედე. ქალაქი განათებული იყო. შემდეგ საძინებლისკენ მივაბრუნე თავი და თვალი რაღაც შემაძრწუნებელს მოვკარი. ნელი მოძრაობით, იმავე ტრაექტორიით მოვაბრუნე მზერა და სარკეს შევხედე. საკუთარმა ანარეკლმა დამაფრთხო, თითქოს იქამდე თავი სხვა სხეულში ან სხვა ცხოვრებაში, სხვა ადამიანის რეალობაში მეგონა და სარკემ საკუთარ რეალობას შემაჯახა.
- თეთრეული მზადაა! - დამიძახა ბილიმ საძინებლიდან.
ოთახში შევედი.
- მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ, ვფიქრობ, არასწორად ვიქცევი და ამით შენც მცდარ წარმოდგენას გიქმნი ჩემზე.
- ნუ ღელავ, არაფერია სანერვიულო.
- არა, არის! დღეს გაგიცანი და შენს საწოლში ვიძინებ. რეალურად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს... იცი, ვინ ვარ? წარმოდგენა არ გაქვს. არც მე გიცნობ. კლუბში გაცნობილი უცხოელისგან, რომელსაც ღამით სახლში მიჰყავხარ, ყველაფერია მოსალოდნელი! გესმის, რის თქმას ვცდილობ? მე, უბრალოდ, ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია და ახლა ამის მტკიცებით მეორე უკიდურესობაში გადავდივარ და ალბათ, მორიგი კონსერვატიულად მოაზროვნე სულელი გგონივარ. - ჩემი სიტყვები ისე ჟღერდა, თითქოს თავს ვიმართლებდი, ან სულაც, შეიძლება ასეც იყო. საკუთარ თავს ვებრძოდი. ასე უაზროდ და სულელურად გამოიყურება ადამიანი, რომელსაც მიზანი არ გააჩნია.
- ვფიქრობ, გამოძინება გჭირდება. - მოკლედ მომიჭრა ბილიმ და კარი გაიხურა, საძინებელში მარტო დამტოვა.
დავწექი. დაძინება არ გამჭირვებია, თუმცა ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ უცხოელი "ოთახის მეზობელი" შემომივარდებოდა და რამეს დამიშავებდა. გამოღვიძებულს ძალიან გამიჭირდა ყველაფრის გაანალიზება. ძილის დროს ცნობიერი ითიშება და ქვეცნობიერი აქტიურად ამუშავებს მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას. ცნობიერის კვლავ გააქტიურებისას კი ხანდახან წამიერად უახლესი ამბების გახსენება გიჭირს. თვალი გავახილე და როცა გავიაზრე, სად ვიყავი და რა მოხდა წინა ღამეს, კვლავ დავხუჭე იმის იმედით, რომ ისევ ჩამეძინებოდა და ცოტა ხნით თვალს ავარიდებდი პრობლემურ, კოშმარულ რეალობას, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ტანსაცმლით მეძინა და როცა წამოვდექი, შემცივდა. საბანი მოვიფარე და ცოტა ხანს საწოლზე ვიჯექი. გონებაში მომხდარი მოვლენები თანმიმდევრობით დავაწყვე და ბოლოს საძინებლიდან გამოსვლა გავბედე.
ბილის დანახვაზე სირცხვილის გრძნობა გამიმძაფრდა და ვიგრძენი, ღაწვები როგორ ამელეწა. მაგიდა გაეწყო და მელოდებოდა.
- დილა მშვიდობისა!
- გამარჯობა.
- როგორ გეძინა?
- ღრმად...
- ძალიან კარგი! - ფინჯნებში ჩაი დაასხა და ჩამოჯდა. - დამეწვიე.
- მადლობა... - ვუთხარი მოკრძალებით, - შენთან ვალში ვარ.
ბილს გაეცინა და თეთრმა კბილებმა გაუნათა სახე.
- არა, არ ვხუმრობ, ბილ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ალბათ, ვერასდროს გადაგიხდი. მაგრამ უნდა წავიდე... გუშინ სერიოზული სტრესი გადავიტანე და ეს ჩემი გადაწყვეტილებების ადეკვატურობაზე მკვეთრად აისახა, მაპატიე. - ძალიან ვნანობდი ჩემ დაუფიქრებლობას და ამავდროულად, ვცდილობდი, როგორმე მადლიერება გამომეხატა იმ დიდსულოვანი ადამიანისადმი, რომელიც რამდენიმე საათის გაცნობილი მყავდა, როცა სახლში მიმიპატიჟა და ღამე უანგაროდ გამათევინა.
- ძალიან კარგი ადამიანი ხარ!
- რისთვის მთხოვ პატიებას? - მკითხა გაღიმებული სახით.
- ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გამოგიყენე...
- ამას რატომ ამბობ?
- ღამე შენს სახლში გავათენე და გათენდა თუ არა, ისე მივდივარ, სამაგიეროს გადახდას არც ვცდილობ... ჩემზე არაფერი იცი.
- დამიჯერე, ჩემზეც არაფერი იცი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, - ლაპარაკობდა და სათნო თვალებს არ მაშორებდა. - ხანდახან ადამიანზე უფრო მეტის გაგება შეგიძლია იმით, თუ რას ამბობს ის მუსიკაზე ან ლიტერატურაზე, ვიდრე მისი ავტობიოგრაფიის მოსმენით.
- გეთანხმები, მაგრამ...
- მოდი აქ, არაფერს გთხოვ სანაცვლოდ, მხოლოდ ჩაი დავლიოთ ერთად და მერე წადი, სადაც გინდა.
შეწინააღმდეგება არ შემეძლო, ნელა მივუახლოვდი მაგიდას და გაუბედავად ჩამოვჯექი.
- ჩაი დავლიოთ და ვისაუბროთ.
- რაზე ვისაუბროთ? - ვკითხე, რადგან მეტი არაფერი მომაფიქრდა.
- სულ ერთია, რაზეც გინდა. მომიყევი შენზე ან მკითხე, რაც გაინტერესებს და მოგიყვები ჩემზე. სიყვარულზე ვისაუბროთ ან მეგობრობაზე, მომავალზე ან წარსულზე, რელიგიაზე, სიცოცხლეზე სიკვდილის შემდეგ, ფრინველებსა და ცხოველებზე... სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, რაზეც გინდა!
რამდენიმე წამი ჩუმად ვისხედით, შემდეგ ჩაი მოვსვი და დავიწყე.
- მე... მე ხინესიდან ვარ, იქ ცხოვრობს დედაჩემი და იქ გავიზარდე მეც, საკმაოდ ღარიბულად. მამა არ მყავს. სწავლა ჯერ არ დამიმთავრებია, თუმცა უკვე დაოჯახებული ვარ და ბავშვს ველოდები. - ამ ნაწილში მისგან მინიმუმ, გაკვირვებას ველოდი, თუმცა სახეზე ვერაფერი ამოვიკითხე. - გუშინ ქმარს დავშორდი და სახლიდან წამოვედი. წასასვლელი არსად მქონდა, ბავშვობის მეგობარმა უარით გამისტუმრა, სხვასთან აღარც დამირეკავს გარკვეული მიზეზების გამო... და საოცარია, მაგრამ შენ გამოჩნდი, გუშინ გამიცანი, უფრო სწორად, არც კი გაგიცვნივარ, შეიძლება ითქვას და მიმასპინძლე ისე, სანაცვლოდ არაფერი მოგითხოვია. შენზე, იცი, რა მაინტერესებს? - შევათვალიერე და ჩავფიქრდი - რატომ გააკეთე ეს... რატომ მიმიღე წუხელ? სიყვარულზე ახლა კარგს ვერაფერს გეტყვი, ვფიქრობ, ეს დაავადებაა,რომელიც ისეთი ადამიანისადმი აღგიძრავს მიზიდულობას, რომელიც ყველაზე მიუღებელი და უსარგებლოა შენთვის, გაბრმავებს და იქამდე გტანჯავს, სანამ სახეში სილას მაგრად არ გაგაწნიან და გულისამრევ რეალობას თვალში არ ჩაგჩრიან...
არც მეგობრობას ვწყალობ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში ჩემ გვერდით არავინ იყო. მომავალი ახლა ჩემთვის მთლიანად ბურუსითაა მოცული, წარსული მენატრება, ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ... მაგრამ არაფერს შევცვლიდი. - ყურადღებით მისმენდა, - სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ვიმედოვნებ, არსებობს. ფრინველები, ცხოველები და ყველა ცოცხალი არსება ძალიან მიყვარს და მებრალება. სამოთხესა და ჯოჯოხეთს რაც შეეხება, ვფიქრობ, ორივე აქაა, დედამიწაზე. ცხოვრება მუდმივი მოგზაურობაა სამოთხესა და ჯოჯოხეთში, სადაც დაიმსახურებ, იქ ხვდები... გამომრჩა რამე?
დუმდა, შთაბეჭდილებების ქვეშ იყო.
- ვაუ! წერა რომ შემეძლოს, შენზე წიგნს დავწერდი! ყველაზე საინტერესო ადამიანი ხარ, ვინც კი მინახავს!
გამეცინა.
- მადლობა კომპლიმენტისთვის. ახლა შენი ჯერია.
- კარგი, ესე იგი, გაინტერესებს, ეს რატომ გავაკეთე? მომეწონე, დაგინახე თუ არა, მოვიხიბლე.
გამეღიმა.
- ჩემს წარსულზე რა გითხრა, მშობლებს ჩემთვის არასდროს ეცალათ, თუმცა ოთხ უფროს ძმასა და ორ უფროს დასთან ერთად არასდროს მომიწყენია... დამღალა ჩრდილში ცხოვრებამ, სიახლეები და თავისუფლება მწყუროდა, ამიტომ გადავწყვიტე სახლიდან წამოვსულიყავი. სიყვარული? - ეშმაკურად გაეღიმა, - ბევრჯერ გამიცრუვდა იმედი, თუმცა კვლავ მის ძიებაში ვარ. მეგობრები არ მყავს. ფრინველების ძალიან მშურს, ფრენაზე ყოველთვის ვოცნებობდი, ცხოველები მეც ძალიან მიყვარს. მე რეინკარნაციის მჯერა.
- შთამბეჭდავია! შენ ნამდვილი რომანტიკოსი ხარ! - აღტაცება ვერ დავფარე. ბილს გაეღიმა და შემდეგ უცნაური მზერა მომაპყრო. მიყურებდა და თითქოს ჩემ მიღმა, შორს, ძალიან შორს რაღაცას ხედავდა.
- შენ არაფერი გითქვამს ჩემს ორსულობაზე...
- რისი მოსმენა გინდა?
- უბრალოდ, მეგონა, რამეს იტყოდი.
- ვფიქრობ, შენი შვილი გაბედნიერდება, როცა სამყაროს მოევლინება.
- რას გულისხმობ?
- ქალღმერთს ჰგავხარ. ალბათ, შენი პატარაც ანგელოზივით ბრწყინვალე იქნება...
ბილისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ის თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა ერთდროულად ხსნისა და განსაცდელის სახით. ის ჩემი ცხოვრების გაკვეთილი იყო, ნათელი მაგალითი იმისა, რომ სიკეთე არ წარწყმედილა დედამიწაზე. მას შემდეგ ჩვენ აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს. მას ძალიან დასწყდა გული, რომ ოთახის მეზობლები ასე ცოტა ხნით ვიყავით. მისგან წამოსული თაიას ვესტუმრე და რამდენიმე დღე მასთან ვრჩებოდი. თაიასთან მაქსიმზე ბევრი არაფერი მითქვამს, ავუხსენი, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდოდა და გამიგო. რაც შეეხება ბილს, ყველაფერი მოვუყევი და ისიც ჩემსავით ბილის ჰუმანურობამ და სიღრმემ გააოცა. მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ ქაღალდზე დაწერილი წერილი მივიღე თაიას მისამართზე:
„ოდესმე გინახავს უმთვარო ღამე?
შენ ამ ღამეში მოკაშკაშე ვარსკვლავი იყავი, ციდან მოწყვეტილი, ელვარე მეტეორივით გაიფრინე ჩემს ცხოვრებაში, გაანათე და უკვალოდ გაქრი.
გადავწყვიტე, შენთვის გამემხილა ჩემი ვინაობა, რადგან შენ ძალიან განსხვავდები იმ გოგონებისგან, რომლებიც წინა დღეებში გავიცანი და ჩემი გამოყენების გარდა, სხვა არაფერზე ფიქრობდნენ. სოულის კუნძულებზე ერთი პატარა სახელმწიფოა. გსმენია რამე გერლიისის შესახებ? იქ დავიბადე, გავიზარდე, ვმოღვაწეობდი და ვბრუნდები, რომ კვლავ განვაგრძო მოღვაწეობა. ჩემს ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა გამეფებული და მე გერლიისის მეფის მეშვიდე შვილი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ღამე პრინცის სახლში გაათენე. საძინებელში, რომელშიც გეძინა, უამრავი ძვირფასი ნივთი იყო. საკმარისი იყო, ერთი პატარა სუვენირი მოგეპარა და სახლს თავისუფლად იყიდიდი გარეუბანში მაინც.
გახსოვს, გითხარი, სიყვარულში არ გამიმართლა-მეთქი? ბოლოს ლენდჰილელი გოგონა შემიყვარდა. მზად ვიყავი, მისთვის ყველაფერი დამეთმო და ჩემი ვინაობა გავუმხილე. ელზამ გამძარცვა, გამანადგურა და მიმატოვა. შენ ერთადერთი ხარ ჩემი სტუმრებიდან, ვისაც არაფერი მოუპარავს და არაფერი დაუშავებია. შენი ღიმილი შემიყვარდა, ძვირფასო სესილია, გისურვებ ბედნიერებას! ვილოცებ, ოდესმე ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთოს, შემდეგ ცხოვრებაში მაინც.
სიყვარულით, ბილი“.
წერილს კიდევ ერთი კონვერტი ახლდა, რომელშიც ნაღდი ფული, ხუთი ათასი გრინლი იყო.
თვალებს ვერ ვუჯერებდი. ამ ქვეყანაზე ადრე არაფერი გამეგო. გადავწყვიტე ინფორმაციის გადამოწმება და როგორც ინტერნეტის დამსახურებით შევიტყვე, მართლა არსებობდა ასეთი ქვეყანა, თავისი მეფითა და უფლისწულებით.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ ასევე: სხვა ხედი. თავი 13. უხილავი კედელი