- სასიამოვნოა, - თქვა საჭესთან მჯდომმა. სარკეში მსუქანი მოსაუბრის თვალები დავინახე. იდეაში, მე მიყურებდა, მაგრამ მისი თვალები თითქოს სხვა მიმართულებით იმზირებოდნენ. დავიბენი.
- ჩემთვისაც! - ვიცრუე და მალევე მივხვდი, რომ დანიელი ელამი და ძალიან შეუხედავი იყო. ნეტავ ადამიანების ვიზუალი მართლა გამოხატავს მათ შინაგან სამყაროს? ან იქნებ ის სულაც არ იყო მონსტრი, უბრალოდ, იდიოტი და მარტივად სამართავი კაცი იყო... მაქსიმს გამწყრალი მზერა მივაპყარი. გამომეტყველების ამოცნობა არ გასჭირვებია და ჩამჩურჩულა:
- ყველაფერს აგიხსნი.
ამიხსნის? ნეტავ, რა უნდა ამიხსნას, როცა არაფრის აზრზე არაა? ვფიქრობ, ახსნა თვითონ უფრო სჭირდება. როგორც ჩანს, ჩემი განწყობა დანიელმა და მის გვერდით მჯდომმა ალექსანდრემაც შეამჩნიეს.
- ჯული ისეთი გაბრაზებულია, სახლში, სჯობს, არ მივიდე, ალბათ. - თქვა ალექსანდრემ თავის ცოლზე.
- სუზიც ძაან ეჭვიანია, სულ მეჩხუბება, როცა ინტერნეტკაფეში მივდივარ.
- მართლა? მეგონა, მარტო მე ვიყავი ამ სიტუაციაში, - თქვა მაქსიმმა და გაიცინა.
-აუუ, ძაან, - გადაიხარხარა დანიელმა და საჭე მოაბრუნა. - კომპიუტერზე ეჭვიანობს, არ გიყვარვარო, იძახის.
ჯული ქმართან ძალიან მომთხოვნი იყო, მაგრამ თავისუფლებას არასდროს იზღუდავდა. თვითონ ძალიან დიდ დროს ატარებდა თავის მეგობრებთან ერთად. სვამდა, ეწეოდა, დადიოდა კლუბებში და ალექსანდრე არასდროს ეწინააღმდეგებოდა.
დავინტერესდი, ნეტავ ნატალიზე რა ფორმით უთხრეს მაქსიმს ათასი სისულელე და ამ დროს ალექსანდრეც თუ იყო იქ? ჯული სანამ გათხოვდებოდა, საკმაოდ ხშირად იცვლიდა პარტნიორებს და მეეჭვება, რომელიმესთან დისტანციური ურთიერთობა ჰქონოდა. ფიქრებში გართულს აღარ მესმოდა მათი ლაპარაკი, ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია.
- აქ გაგვიჩერე, ფეხით გვინდა გასეირნება. - თქვა მაქსიმმა და მანქანაც შეჩერდა.
დავემშვიდობეთ თანამგზავრებს და მარტო დავრჩით. მაქსიმმა პირი გააღო, რაღაცის თქმა დააპირა და შევაწყვეტინე.
- ყველაფერს მივხვდი.
- მართლა?
- კი, დავინახე თუ არა ის გაბერილი არსება... უფრო სწორად, მისი სახელი როგორც კი გავიგე, მივხვდი, რომ თავი ათასნაირი სისულელით გამოგიტენეს ნატაზე.
- შენ ეს ყველაფერი იცოდი?
- რა, რომ ჭორებს უვრცელებენ? ჭორიკანა, ბოღმიანი სუზი თავისი ფულიანი შეყვარებულით რომ მანიპულირებს და მთელი ქალაქი გადაჰკიდა საბრალო გოგოს?
- ჭორებს არავინ უვრცელებს. შენ გულუბრყვილო ხარ, ყველას ენდობი, ყველაფრის გჯერა. რა იცი, რომ სიმართლე არაა?
- და თუნდაც იყოს, მერე რა? არავის ტრაკის საქმე არაა სხვისი ცხოვრება!
- არც მაინტერესებს არავის ცხოვრება. დეტალებით აღარ დავინტერესებულვარ, არც მათთვის მომისმენია ბოლომდე და არც შენთვის მიკითხავს, რა როგორ იყო, მაგრამ რაც მოვისმინე, საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდე, ეგ გოგო შენ გვერდით არ უნდა იყოს. - ფეხით მივყვებოდით ლამპიონებით განათებულ გზას და თან ვლაპარაკობდით. გავცეცხლდი, ზუსტად ვიცოდი, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, "ეგ გოგო" მე ვყოფილიყავი.
- სერიოზულად? - ყურებს ვერ ვუჯერებდი. კარგად უმუშავიათ მაქსიმზე. - "ეგ გოგო" არაფრით არაა ჩემზე ნაკლები. რატომ არ უნდა იყოს ჩემ გვერდით? რადგან ერთხელ ვიღაც ნაგავთან ჰქონდა ურთიერთობა? ის მხოლოდ მსხვერპლია, როგორ არ გესმის? შეცდა, შეცდომა დაუშვა ერთხელ და მხოლოდ საკუთარი თავი დააზარალა ამით. ვისი რა საქმეა ეს?
- საკუთარი თავის ფასი იცოდე, ყველას ნუ შეედრები. ერთხელ არ ყოფილა, ბევრჯერ იყო და არაერთთან. პირადადაც მელაპარაკა ერთი ნაცნობი, თავი შევიკავე, აღარ გავაგრძელე მაგ გოგოსთან ურთიერთობა, რადგან ბავშვი იყო, თორემ თავისუფლად მოვ****დიო.
- რაოოო? - შევძრწუნდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. - რა სიბნელეა, ღმერთო ჩემო?! ისინი გამო***დნენ, კარგი, მაგრამ შენ რაღა დაგემართა რომ მაგათ ბოდვას უსმენ? რა უსაფუძვლო ბოდვაა?! მე არ უნდა მჯეროდეს ნატასი და შენ გჯერა ვიღაც იდიოტის, რომ გეუბნება, შუა ურთიერთობის დროს როგორ მიხვდა, რომ ბავშვთან ჰქონია საქმე და ამიტომ თავი გაანება, და თავი რომ არ გაენებებინა, რასაც უნდოდა, იმას უზამდა?!
- მომისმინე, დეტალურად ვერ მოგიყვები ყველაფერს, რაც ილაპარაკეს, მაგრამ ხომ შეგიძლია მენდო? არ არის კარგი გოგო და რომც იყოს, სახელი აქვს გაფუჭებული.
- და რა? მეგობარი გასაჭირში მივატოვო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ღრჯო ხალხში სახელი აქვს გაფუჭებული?
- ეს ხალხი ჩემი მეგობრები არიან, მეგობრების მეგობრები და...
- და რა? პატივი ვცე შენს მეგობრებს? იცი, რას გეტყვი? მასეთი გამოთაყვანებული მეგობრები თუ გყავს, აჯობებს, შენ ჩამოშორდე იდიოტებს და ვინმე შენი შესაფერისი ნახო!
- ვის ჩამოვშორდე, ვის? მთელ ქალაქს? ყველა მაგაზე ლაპარაკობს.
- ყველას დედაც!
- სადაც ის ერთი შემთხვევა მართლა მოხდა, დანარჩენებიც სიმართლე იქნება და შენ არ იცი.
- მომისმინე, სულ დაგავიწყდა, ცოლად რომ მომიყვანე, 3 თვის ორსული რომ ვიყავი?
- ეგ რა შუაშია?
- ისე ტრადიციულად და მამაპაპურად მელაპარაკები საზოგადოებრივ აზრზე, სურვილი გამიჩნდა შემეხსენებინა, შენს ცოლზე რას ფიქრობს ხალხი. რაო, შენმა მეგობრებმა, იციან, სანამ ცოლად მომიყვანდი, რა ურთიერთობა გვქონდა? არა, ეგ რომ გაიგონ, მერე თავს როგორ გამოყოფ? მთელ ქალაქს ხომ არ ჩამოშორდები? - ირონიულად გამეღიმა. - თუ ჯერ არ იციან, მაქვს შანსები, არა? მაგათი უნდა მეშინოდეს?
- სესილია, ეგ არაფერ შუაშია. ისე მელაპარაკები, მეც ეჭვი შემეპარა საკუთარ თავში. შენ კარგად იცი, რომ აქ მენტალური შეხედულებები ქალის პატიოსნებაზე არაფერ შუაშია. უბრალოდ, არსებობს რაღაც ზღვარი ყველა ადამიანისთვის, რომელიც არ უნდა გადალახოს არავინ.
- აჰ, უკაცრავად, ამას ის ბიჭი მეუბნება, 13 წლისამ რომ დაკარგა ვაჟიშვილობა!
- ცოლად რომ მოგიყვანე და ფეხმძიმობის ასაკს გეკითხებოდნენ, მე არც ერთხელ არ მითქვამს ტყუილი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოდესმე გავჩუმებულვარ, დედაშენის დაჟინებული მოთხოვნა იყო, არავინ გაიგოსო. ჩემს სამეგობროში და სანათესაოში ყველამ იცის, არასდროს შემრცხვენია ამის. იმიტომ, რომ მიყვარხარ, გიცნობ და საერთოდაც, ჩემთვის არაფერს ნიშნავს ეგ.
- შენ გიყვარვარ, შენ არ აღმოჩნდი ნაგავი, მე უბრალოდ გამიმართლა. მაგრამ შეცდომა რომ დამეშვა, რომ ყოფილიყავი ბაქია, მატყუარა იდიოტი, დავშორებულიყავით ერთმანეთს და რაც იყო ჩვენ შორის, ყველასთვის მოგეყოლა, ამ ყველას კიდევ ესარგებლა შემთხვევით და ახალ-ახალი ისტორიები შეემატებინა, დღეს მე ვიქნებოდი ნატას ადგილზე. დამიდექი გვერდით, დაიცავი ნატა, როგორც დამიცავდი მე და ნუ მომთხოვ გავაკეთო ის, რაც ჩემთვის მიუღებელია! - ვუთხარი ერთი ამოსუნთქვით და სახლის მიმართულებით გავეშურე. მაქსიმი დამედევნა, კიბე უსიტყვოდ ავიარეთ და პირდაპირ საძინებელში შევედით.
ორივენი ვიწექით, როცა მაქსიმმა ისევ წამოიწყო ლაპარაკი.
- არ შემიძლია, აზრს ვერ შევიცვლი... შენი გადასაწყვეტია, ჩამოშორდები ნატას თუ არა, მაგრამ მე ვერ შევეგუები.
მეგონა, გაიგო. როგორ შეიძლებოდა ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტება ვერ გაეაზრებინა ადამიანს? მაგრამ ჯიუტად თავის პოზიციას არ ტოვებდა. არაფერი მითქვამს, ვგრძნობდი, რომ ჩემს თვალებში იმედგაცრუება მარტივი ამოსაცნობი იყო.
- მესმის, შეიძლება მართლა მსხვერპლია, მართლა არაა მისი ბრალი. მეცოდება... მაგრამ ჩემი სათქმელი გითხარი.
- შენი სიბრალული უსარგებლო და ზედაპირულია! არაფერში სჭირდება, დამიჯერე! - მივახალე მკვახედ და გადავბრუნდი მეორე მხარეს.
ადრე მეგონა, კარგი მეგობარი ვიყავი, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ ვცდებოდი.
რა არის საზოგადოება? არსებობს საზოგადოებრივი აზრი? საზოგადოება მონსტრია, რომელიც ინდივიდებს თავისუფლებას ართმევს და თავის კლანჭებში აქცევს ადამიანებს იქამდე, სანამ მიხვდებიან, რომ თავიანთი ერთადერთი შანსი ვერ გამოიყენეს. სანამ მიხვდებიან, რომ ერთადერთი ცხოვრება უაზროდ გაფლანგეს, საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების ნაცვლად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბრბოს ანდობდნენ და შედეგებზე პასუხისმგებელნი თავად ხდებოდნენ.
სამყაროს მთელი ღვთაებრიობა ხომ ინდივიდუალიზმშია? შემოქმედმა სამყაროს წარმოქმნის დღიდან დღევანდელ დღემდე იმდენი უნიკალური ფენომენი შექმნა, ვერც ერთი მოკვდავი რომ ვერ დათვლის და ვერანაირი რიცხვი რომ ვერ ასახავს. სამედიცინო ენაზე ეგრედ წოდებული აბსოლუტურად იდენტური ტყუპებიც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ჩვენ, სულელი მოკვდავები ამხელა სასწაულს არათუ ვერ ვამჩნევთ, ვანადგურებთ და ვცდილობთ, ერთ მთლიანობად, ბრბოდ ვიქცეთ. საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოსავლენ წილ ძალასა და ენერგიას სხვის განსხვავებულობის ჩაქოლვასა და განადგურებაში ვხარჯავთ.
თუკი ოდესმე ვისწავლით პრიორიტეტების სწორად განაწილებას, ენერგიის დაზოგვას უფრო მნიშვნელოვნისთვის, დამოუკიდებლად აზროვნებას და საკუთარი ცხოვრების მართვას, დრო აღარ დაგვრჩება სხვის განსასჯელად და იქნებ ეს რიტორიკითა და ტრაგიკულობით გაჟღენთილი "რას იტყვის ხალხი?!" გაშრეს, ტრანსფორმირდეს, დაკარგოს ბატონობისა და მართვის უნარი?! იქნებ ოდესმე ეს ერთდროულად სულელური და შემაძრწუნებელი დაბრკოლება იქცეს ჩვეულებრივ, უმნიშვნელო შეკითხვად?!..
ეს არის შეკითხვა, რომელსაც შეუძლია ერთ წამში შეცვალოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ. გიფიქრიათ ოდესმე, მაინც ვინ არის ეს ხალხი?
ადამიანებს ყოველდღიურად გვიწევს არჩევანის გაკეთება, ჩაი თუ ყავა? კლასიკური ფეხსაცმელი თუ სპორტული, მეგობრობა თუ სიყვარული, მეგობარი თუ ოჯახი, ხალხის აზრი თუ ინდივიდუალიზი... ცხოვრება დიდი ჯაჭვივითაა, რომლის თითოეულ რგოლს თავად ვქმნით... ან სულაც არაფერს ვქმნით დამოუკიდებლად და ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწერა, დაიგეგმა ასე, როცა ჩვენ პაწაწინა ემბრიონები ვიყავით. მაგრამ დაგეგმილია ეს თუ დაუგეგმავი, პრობლემებსა და დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვაც გვიწევს შემდგომში, თავად ვუქმნით საკუთარ თავებს.
არასდროს შეიძულოთ არავინ და არაფერი, რადგან მოგვიანებით თავად გახდებით ის, ვინც ყველაზე მეტად გეზიზღებოდათ და გააკეთებთ იმას, რაც თქვენთვის ყველაზე მიუღებელი იყო.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი