უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპი უკვე 10 წელია საქართველოში ცხოვრობს. ის ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის მეუღლეა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
რამდენიმე დღის წინ გიგი და მარინა რუსკა მაყაშვილის გადაცემას ესტუმრნენ და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრეს. როგორც ჩანს, მარინას მამა უკრაინაში, პატარა სოფელში ცხოვრობს და მის მიტოვებას არ აპირებს.
„ყველაფერი როცა დაიწყო, მარინას ეძინა და რომ წავიკითხე ომის შესახებ, დავურეკე ჩემს სიდედრს. აიღო ტელეფონი. მთელ ქალაქში სირენების ხმა ისმოდა. მარინას ოჯახი ცხოვრობს ოცდამეორე სართულზე და ხედი არის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხიდზე. პანიკა იყო. სიმამრი ცხოვრობს კიევთან ახლოს, ფერმა აქვს და მითხრა, მე არსად წავალო, თევზები ჰყავს და ვერ დატოვებდა. თუ 20 წუთში ვერ გახვიდოდი ქალაქიდან, შესაძლოა, საერთოდ ვეღარ გასულიყავი, ჩალაგებასაც ვერ მოასწრებდი.
ახლა ჩემი სიდედრი და ცოლისდა არიან დასავლეთ უკრაინაში და სიმამრი არ ტოვებს თავის ადგილს“ - ამბობს გიგი.
მარინას თქმით, მამამისი გაფუჭებულ ტელეანძებს აკეთებს და უკრაინაში რჩება, რადგან თუ ვინმეს დახმარება დასჭირდება მათ შეკეთებაში, დაეხმაროს.
„უკვე ამაზე აღარ ვსაუბრობთ, რადგან ვიცი, რომ ბოლომდე იქ დარჩება. არ შემიძლია, რაღაც უნდა გავაკეთოო, სახლში ვერ ვიჯდებიო. არადა, გვერდით სოფლები აღარ არსებობს, ახლოს აეროპორტიც დაბომბილია და ფაქტობრივად, არცერთი პატარა ქალაქი არ არსებობს.“ - თქვა მარინამ.
უკრაინელები ამბობენ, რომ ეს არის მათი სახლი და არავის მისცემენ უფლებას, რომ დაანგრიოს მათი სახლი, არ აპირებენ დანებებას, გაერთიანდნენ, როგორც ერთი ადამიანი და იბრძვიან საკუთარი სამშობლოს გადასარჩენად, თუმცა, გიგის თქმით, ქალაქების უმეტესობა განადგურებულია.
„ასე არასდროს ვყოფილვარ, გული ისე მტკივა... ახლა ჩემთვის სხვა ფერი არ არსებობს, მხოლოდ თეთრი და შავი...“ - უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპი
„დღევანდელი უსამართლობისგან მინდა ვიყვირო, მაგრამ ვინმეს ესმის უბრალო ხალხის? მინდა, რომ ყველამ იცოდეს: მე ვარ უკრაინელი! საქართველოში გავთხოვდი და შვილები გავაჩინე; ჩემთვის არცერთი მნიშვნელოვანი ადგილი არ დარჩენილა ანექსიის გარეშე’’ - მარინა კარპი