ამ რამდენიმე დღის წინ ნახეთ, როგორ ითრია თმით ლუნამ ქერა ლამაზმანი მაიკო "ჩემი ცოლის დაქალებში"? თუ არ გინახავთ, ორი სიტყვით შემიძლია მოგიყვეთ: ლუნა თავზე წაადგა საკუთარ ძმას, "ბიზმესმენ" თენგოს და მის თანამშრომელ მაიკოს, როცა ისინი სამსახურში ერთმანეთს კოცნიდნენ.
იფიქრა: ეს გველი ჩემს ძმას ტვინს აურევსო და მაიკო თმით ითრია. ჯერჯერობით დანამდვილებით გაგვიჭირდება იმის თქმა, რა მოტივი ამოძრავებდა ლუნას: ძმის ოჯახის გადარჩენა თუ თენგოს ფულზე სხვა ქალის მხრიდან კონტროლის მოპოვების საშიშროება, მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თავად ნაბიჯი და ამ ნაბიჯით გამოწვეული საზოგადოების რეაქცია.
სერიის დამთავრებისთანავე სოციალურ ქსელში გაჩნდა სტატუსები და კომენტარები (მათ შორის, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ქალბატონების სტატუსებიც, ვინც საკუთარ თავზე იწვნია საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატის ან მიტოვების სიმწარე...), სადაც ქალები ვითომდა ხალისობდნენ სოფლელი ლუნას უხეშ და თავშეუკავებელ საქციელზე, სინამდვილეში კი მათი ამ სახალისო ქილიკიდან მუნკის "ყვირილივით" მესმოდა: "ყოჩაღ, ლუნა, რა მაგარი ხარ! ჩემი გასაკეთებელიც შენ გააკეთე!"
არადა, ლუნას საქციელი ძალიან ბანალური და გაცვეთილი "ტრადიციაა". მე უფრო მაგარი რამეებიც მომისმენია. მაგალითად, თურმე ერთ გოგოს საყვარლის ცოლი სახლში ერთი "მარშუტკა" ხალხით - მეზობლებით და ნათესავებით - მიუვარდა და საჯარო "განკითხვა" მოუწყო... მეორე გოგო სასწავლებლად უცხოეთში გაუშვეს... ერთს მაღაზია გაუხსნეს, ოღონდ მდიდარი ბიზნესმენი "ბიძისთვის" თავი დაენებებინა…. თუმცა, ფულის შეთავაზებაც არანაკლებ ბანალური და მე თუ მკითხავთ, სულელური საქციელია და ხანდახან ძალიან ტეხავს, მით უმეტეს, მაშინ, როცა ზუსტად იცი, რომ კაცი, რომლის გამოც იხდი, ამად ნამდვილად არ ღირს!
მაგრამ რას იზამ, როცა დახვეწილი ქალბატონი ხარ, 120-მდე დათვლაც შეგიძლია და უბრალოდ, ძალიან გეგოიმება, ვიღაც "აშარაშკაზე" ხელი გაისვარო?! - შეიძლება უფრო "კრეატიული" იდეებიც მოგივიდეს თავში. მაგალითად: მიუგდო "ის" "მას" ისე, როგორც კარგად ნახმარი და დამტვრეული, ან უკვე მოყირჭებული სათამაშო... ოღონდ ისე მიუგდო, რომ ძირშივე მოუსპო "მას" ტრიუმფალური გამარჯვების შეგრძნება... მაგრამ ამას ლუნა ვერ იზამდა, რადგან სხვა სტატუსი აქვს - დაა. მისთვის, ალბათ, ძმის კეთილდღეობა და ბედნიერებაა მთავარი და ვისთან იქნება ბედნიერი, რა მნიშვნელობა აქვს!
ჩვენ კი, ვინც თავის დროზე ვერ გავბედეთ იმავეს გაკეთება საზოგადოებრივი აზრის, საყვარელი ადამიანის ბოლომდე დაკარგვის, საკუთარი თავის პატივისცემის, დახვეწილობის თუ სხვა ათასი ჯანდაბის გამო, შეგვიძლია შეგვიძლია შორიდან ხალისითა და ირონიით შევხედოთ ამ ყველაფერს და ერთგვარი კმაყოფილებით მწარედაც დავცინოთ სხვის კუთვნილ თბილ ბუდეში მონარნარე ქერა თუ შავგვრემან "ნაშებს": "ეგრე მოგიხდება! ძუკნა!" მერე კი ძალიან მშვიდად დავუბრუნდეთ ჩვენს სამზარეულოებს, ტელევიზორებს, სამსახურებს, ქმრებს, შვილებს, დაქალებს, მეზობლებს, სიამის კატებსა თუ ჩიხუახუებს და ყავის ტკბილ სურნელს მივაყოლოთ არანაკლებ ტკბილი ფიქრი: "ჩემი გასაკეთებელი ლუნამ გააკეთა!"
ასევე იხილეთ:
ღირსეულად დაშორება ყველაზე რთულია! - რამდენიმე რჩევა ქალს, რომელმაც გაყრა გადაწყვიტა
"ზის გაფხორილი და გაკვირდება... " - რძლებისა და სიძეების თვალით დანახული დედამთილები და სიდედრები