დილაადრიან წამოაგდეს საწოლიდან. ისე ეზარებოდა... სულ არ ხიბლავდა მამის ბიძაშვილის შვილიშვილის ნათლობაში წასვლა.
საერთოდაც, ფეხის გადგმაც არ უნდოდა სახლიდან, მით უმეტეს, რომ გარეთ ჩრდილშიც კი ლამის ორმოც გრადუსამდე ასულიყო ტემპერატურა. რა უნდა ეკეთებინა უცხო ადამიანების გარემოცვაში ჩვიდმეტი წლის გოგოს, რომელსაც ყოველი მეორე ნათესავი, რომლის არსებობის შესახებ მანამდე გაგონილიც არ ექნებოდა, მოურიდებლად ჰკითხავდა - შენს ქორწილში როდის უნდა გვაქეიფო, სანათესაოს იმედოო.
დედასაც ეხვეწა, მე სახლში დავრჩებიო, მამასაც შეაცოდა თავი, თუმცა, მაინც არაფერმა გაჭრა. იმანაც კი ვერ იმოქმედა, ბოლოს გაბრაზებულმა რომ გამოაცხადა, მაგ ბავშვის დედაც ერთადერთხელ მყავს ნანახი, ისიც რომელიღაც ნათესავის ქორწილში და შეგარცხვენთ, ასეთ ახლობელს საერთოდ რომ ვერ ვიცნობო. გადაჭრით უთხრეს უარი და ზუსტად იცოდა, სიკვდილის ინსცენირებაც კი ვერ იხსნიდა იმ საღამოს ორასკაციანი სუფრიდან.
ბოლოს, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, ტორტი მაინც ექნებათ გემრიელიო - გაიფიქრა და ეკლესიაში შესვლის წინ მამას გადაუჩურჩულა, მანიშნე მაინც, ვის უნდა გადავეხვიო გულთბილადო. კაცმაც სიცილით გადაიქნია თავი და საქორწინო კაბაში გამოწყობილი გოგოსკენ რომ გაახედა, საბოლოოდ დააჭყიტა ელენემ თვალები. აბა, ბავშვის ნათლობაო?!
- ელენე, მოხვედი, საყვარელო?! - და აი, დაიწყო, რისიც ეშინოდა! - რამხელა გოგო გაზრდილხარ, როგორ დამშვენებულხარ... შენ როდის... - თუმცა აქ ისევ მამამ იხსნა და მორიდებით შეაწყვეტინა შუახნის ქალს, ნინა უნდა ნახოს და მერე გააგრძელეთო.
ზუსტად იმ მომენტში გახდა ელენესთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ნინა. ნამდვილი გმირი, გადამრჩენელი და თეთრ კაბაში გამოწყობილს როცა მიუახლოვდა, მართლა ისე გადაეხვია, ეჭვსაც ვერ შეიტანდით მის გულწრფელობაში.
- გილოცავთ! - გაუღიმა თბილად, თუმცა ჩუმად რომ შეათვალიერა, გულში იმას ნატრობდა, ძალიან ღრმა ბავშვობიდან მაინც გამახსენდებოდეს რამე, აქ რომ არ შევრცხვეო.
- ელე, როგორ გამიხარდა, რომ მოხვედი! - აი პატარძლის ღიმილი კი ნამდვილად გულწრფელი იყო. - მართალია, ასეთ სიტუაციაში არ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს, მაგრამ მიხარია, საბოლოოდ მაინც რომ შედგა ჩვენი შეხვედრა! - გადაუჩურჩულა საიდუმლო გეგმასავით და კიდევ უფრო დააბნია. აბა, აქამდე ვის ეგონა, რომ იცნობდა?! - ჩემი და კი გაიცანი ადრე, მაგრამ ალბათ, არც ის გემახსოვრება...
- ამმ, მე... - აბლუყუნდა საწყლად, თუმცა გოგონამ მხარზე გამამხნევებლად მოუსვა ხელი და შემდეგ საოცრად ელეგანტურ პიჯაკში გამოწყობილ ბიჭსაც დაუძახა. ეს არის ქმარი?! ჰმ, კარგი ბიჭია!
- გეგა, გაიცანი, ჩემი ნათესავი, ელენე! ელენე, ჩემი მეუღლე, გეგა... - სწრაფადვე მოაგვარა „ოფიციალური მხარე“, ახლად შეძენილმა სიძემ კი, თვალი რომ ჩაუკრა და ლოყაზე უჩქმიტა, მიხვდა, აქ ყველა მართლა პატარა ბავშვად აღიქვამდა.
- სასიამოვნოა. მიხარია თქვენი ამბავი, მართლა...
- წამოდი, ელე, პატარას გაჩვენებ, იცი, როგორი საყვარელია?! - გაუცინა ნინამ, შემდეგ კი, ისე წაათრია, არც პასუხს დალოდებია და არც ის შეუნიშნავს, როგორ უჭირდა პირველად ჩაცმული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული.
ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. ნინამ იმის თქმაც კი წამებში მოასწრო, რამდენიმე წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და აქ არც მეგობრები მყავს ბევრი, ნათესავებსაც არ ვიცნობ კარგად და მიხარია, შენ რომ გამოჩნდიო. საოცრად აქტიური გოგო ჩანდა, უშუალო და მხიარული. ისიც კი დაავიწყა ელენეს, როგორი განწყობა ჰქონდა რამდენიმე წუთის წინ.
- გაიცანი, ჩემი მეგობარი ნატა და ჩემი შვილი, სანდრო! - აი ამის თქმისას კი, სულ სხვანაირი მზერა ჰქონდა ნინას. სიყვარულითა და სითბოთი სავსე, მზრუნველი, ბედნიერი... და პატარასაც ისე გაუხარდა დედის დანახვა. მართლა ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. ზოგადად, ისედაც უყვარდა ელენეს პატარები, თუმცა ასეთი საოცარი პირველად ნახა. მუქი ლურჯი, ციმციმა თვალები, ფითქინა კანი და ვარდისფერი, ფუმფულა ლოყები ჰქონდა. თეთრი ბოდე კი საერთოდ ვერ უფარავდა პაწაწინა ხელ-ფეხზე გაჩენილ ნაკეცებს და ისეთი საყვარელი იყო, თავი ვერ შეიკავა, თვითონაც ბავშვურად რომ არ ატიტინებულიყო.
- ლაო, პატალა, მოხვალ ჩემთან? - აღფრთოვანებულმა გაიწვდინა ხელები, თუმცა პირველივე მცდელობა კრახით დასრულდა. პატარა, სავარაუდოდ, მომავალი ნათლიის მხარს აეკრო და თავის ჩახრასაც აპირებდა, მოულოდნელად ელენეს გაწვდენილ მაჯაზე ფერადი, ყვავილებიანი სამაჯური რომ შენიშნა.
- ძალიან უკარებაა, არავისთან მიდის, ნატამაც ძლივს შეიჩვია. ნათლობისას როგორ უნდა გავაჩეროთ, არც ვიცი...
ამოიოხრა ახალბედა დედამ, თუმცა წინადადება წესიერად არც ჰქონდა დამთავრებული, პატარა სანდრომ სამაჯურისკენ და, შესაბამისად, ელენესკენ რომ გაიწია.
- მოგეწონა? - გაეცინა ქერათმიანს.
- მოდი და მოგცემ, ისე არა!
გამობერილ მუცელზე შეუღიტინა და რამდენიმე წამში ლამის ტაშიც შემოჰკრა, თუმცა საბოლოოდ, მხოლოდ ქვეცნობიერად მოუხდა ამის გაკეთება, რადგან უკვე ბავშვი ეჭირა.
- რა მაგარია, მოეწონე!
აი, ნინას კი გულწრფელად გაუხარდა და თვალებიც აუციმციმდა, როცა შენიშნა, როგორ ჩამოადო მისმა შვილმა სრულიად უცნობ ადამიანს მხარზე ფუმფულა ლოყა.
- ცოტა ხანს მეყოლება, რა...
ძლივს ამოთქვა ელემ, პატარა საოცრებით გართულმა და თანხმობა რომ მიიღო, ისე მიიხუტა, რომ შესძლებოდა, ალბათ, აღარც გაუშვებდა...
გულზე მიკრულს დაატარებდა წინ და უკან, სანამ მისი მშობლები ჯვარს იწერდნენ, თუმცა თვითონ არც არავინ აინტერესებდა ახლა. კიდევ კარგი, წამოვიდა! უკვე ისიც ზუსტად იცოდა, ამ ოჯახს აუცილებლად რომ დაუახლოვდებოდა. რამდენი ბავშვი არ სჭერია ხელში, ვის არ მოფერებია, მაგრამ ახლა სხვანაირად განსაკუთრებულად გრძნობდა თავს. თვითონაც ვერ უძებნიდა ახსნას, რა დაემართა, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო, ერთიანად ანათებდა. ნატრობდა კიდეც, დიდხანს გაგრძელებულიყო ჯვრისწერა, პატარა ანგელოზი სწრაფად რომ არ წაერთმიათ ნათლიებს. არა, ნამდვილად საჭირო ყოფილა ნათესავებთან კარგი ურთიერთობა!
- დე, წამოდი, მივულოცოთ!
თუმცა მალევე მოესმა ზურგსუკან ეკას ხმა და გეგმებიც ჩაეფუშა.
- უი, ეს ვინ გყოლია აქ? კოპიო ნინაა, როგორ ჰგავს!
- კარგი, რა, დედა, რა შეატყვე ექვსი თვის ბავშვს, ვის ჰგავს!
გაეცინა და კიდევ ერთხელ დააკვირდა, მე ხო არ ვარ უყურადღებოო, თუმცა მაინც ვერაფრით დაიჭირა მსგავსება.
- კარგი, დედი, რას ამბობ, გამოხედვა, იერი, თვალ-წარბი, ყველაფერი ნინასი აქვს!
- აშკარად დეენემიც!
აჰყვა სიცილით და ერთადერთი, რატომაც მკლავზე ჩქმეტას გადაურჩა, სწორედ ეს პატარა იყო.
- ელე, მოდი!
თუმცა, მალევე დაუძახა ნინამაც და სწრაფადვე გაეცალა დედას.
- ჭკვიანად იყო? ხომ არ შეგაწუხა?
- არა, რას ამბობ! ძალიან საყვარელია! გილოცავ კიდევ ერთხელ...
ისე გადაკოცნა, ბავშვი მაინც არ მიუცია.
- მადლობა, საყვარელო! ახლა ეს ბიჭიც გავაქრისტიანოთ, ხო, დე?
ცხვირზე გაეთამაშა შვილს, თუმცა, აშკარა იყო, თვალებით ვიღაცას ეძებდა.
- გეგა, დემნა სად გაქრა?
დაბნეულმა ჰკითხა ქმარს მეჯვარის ამბავი.
დაავიწყდა, ნათლიაც ეგ რომ არის?
- დაურეკეს და გავიდა, შემოვა მალე. ან, სანამ მოამზადებენ, გავიდეთ ჩვენც ცოტა ხანს, არ გინდათ? წამო, ელე, ჩემს მეგობარს გაგაცნობ! - შემდეგ კი, ნებართვა არც უკითხავს, ისე უბიძგა ორივეს მხარზე და ეკლესიის ეზოში გაიყვანა.
- არა, რა, არ შემიძლია მაგის მუდმივად დაკავებულობა!
თვალები აატრიალა ნინამ, ზურგით მდგარი, მობილურით მოსაუბრე ბიჭი რომ შენიშნა. ისეთი მზე იყო, წესიერად ვერც შეათვალიერა ელენემ, მხოლოდ ის შეამჩნია შორიდანვე, ფართე მხრები და ნახშირივით შავი, მოგრძო თმა რომ ჰქონდა.
- საქმიანია ბიჭი, რას ვიზამთ!
გაეცინა გეგასაც და შემდეგ მეორე მეჯვარეს მიუბრუნდა, შეწუხებული სახით რომ ინაცვლებდა ფეხებს.
- რაო, ნატალია, ვერ შევეჩვიეთ მაღლებს?
- რაო, ცოლი მოვიყვანეთ და გვიხარია?
სასაცილოდ დაემანჭა გოგო. აშკარად ეტყობოდათ, ახლო ურთერთობა რომ ჰქონდათ და ელენემ სინათლის სიჩქარით მოასწრო იმის გაფიქრება, ნეტავ, ჩემი მეგობარი და ქმარიც ასე ახლოს იყვნენ ერთმანეთთანო.
- მე ცოლი დიდი ხანია მყავს, შენ იდარდე!
- რა ვიდარდო, ბიჭო, ცოლი? - სიცილი აუტყდა და ვერც შენიშნა, უკნიდან მოახლოებულმა ბიჭმა, წეღან რომ მობილურით საუბრობდა, როგორ შემოხვია მხრებზე ხელები.
- ვაიმე! - ისე წამოიკივლა, სანდრომაც კი დააჭყიტა თვალები და შემდეგ კიდევ უფრო მიეკრო ელენეს.
- ხერგიანი, რა დეგენერატი ხარ!
შეამკო სწრაფად, სანამ ახლად შეუღლებული წყვილი სიცილით იგუდებოდა.
- აუ, ნინა, დედას გაფიცებ, ეს ნამდვილად არაა ქერა და ახლა თმა შეღებილი არ აქვს?
გაეცინა უცნობს ისე, წამითაც არ შეუნიშნავს, მათ საუბარს ნამდვილი ქერაც რომ ისმენდა.
- გაეხსნა ბიჭს იუმორი!
თვალები აატრიალა ნატამ, შემდეგ კი მხრები ისე შეათამაშა, ბიჭის მკლავები რომ მოეშორებინა.
- გეყოფათ, რას იფიქრებს ადამიანი!
ბოლოს ისევ გეგა ჩაერია, სანამ ელენე იმაშიც კი შეიტანდა ეჭვს, საერთოდ ხომ არ დაავიწყდათ ჩემი არსებობაო.
- პარდონ, პარდონ!
უცბად აღმართა ორივე ხელი ჰაერში უცნობმა, რომელსაც მოგრძო თმასთან ერთად, წვერიც ჰქონია მოშვებული, თუმცა, კარგად მოვლილი.
- გაიცანი, ჩემი ნათესავი, ელენე!
წეღანდელივით წარადგინა ნინამ, მაგრამ სანამ გააგრძელებდა, ქმარმა შეაწყვეტინა.
- ეს კი, ჩემი მეგობარი, კურსელი, აწ უკვე მეჯვარე, სანდროს მომავალი ნათლია...
თუმცა, მასაც შეაწყვეტინეს.
- და უბრალოდ კარგი ადამიანი, დემნა ხერგიანი!
გაეცინა ბიჭს და ისე უშუალოდ გაუწოდა მარჯვენა ჩამოსართმევად, ვერც შეამჩნია, როგორ დაჟინებით მიშტერებოდა უცნობი ქერათმიანი მის არაამქვეყნიურად ცისფერ თვალებს ისე, ვერც ახერხებდა მზერის მოშორებას...
- სასიამოვნოა...
ბოლოს კი, ძლივსღა ამოილუღლუღა და სწრაფად შეახო თითები გამოწვდილ ხელს...
* * *
- აი, ელენეც შემოგვიერთდა!
შოკიდან უფროსის ხმამ გამოიყვანა და ღმერთმა უწყის, რის ფასად დაუჯდა მზერის გასწორება და ყბის თავის ადგილას შენარჩუნება. ეს აქ რას აკეთებს?!
- ბოდიში, დამაგვიანდა...
ამოილუღლუღა ისე, ცისფერი თვალები ჯერ კიდევ დაქაჩული ჰქონდა, თუმცა ცდილობდა, გაეღიმა და შედეგად, ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოიყურებოდა.
- არა უშავს, ყვარლის პროექტზე საუბარი ჯერ არ დაგვიწყია. დაიკავე შენი ადგილი და გავაგრძელებ. - გაუღიმა ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილმა მამაკაცმა და მზერით მიაცილა ტყავის სავარძლამდე, თუმცა, იმ მომენტში ელენეს არც ეს შეუნიშნავს, ვერც ის გააცნობიერა, რომელ პროექტზე გაკეთებული ჩანაწერები დაუტოვა თაკომ გასვლის წინ. საერთოდ დაკარგა აზროვნების უნარი. შეუმჩნევლად, მაგიდის ქვეშაც კი ჩააცურა ხელი და თეძოზე იჩქმიტა, რომ გამოფხიზლებულიყო, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. არა, ეს აქ მართლა რას აკეთებს?! თან ისეთი გაოცებული თვალებით შეხედა, მისი სახელი როცა გაიგონა...
მთელმა თათბირმა ისე ჩაიარა, სიტყვაც არ დაამახსოვრდა მოსმენილიდან. უკვე იმაშიც ეჭვი ეპარებოდა, საერთოდ ესმოდა თუ არა, რაზე საუბრობდნენ. არასდროს ყოფილა ასეთი გონებაგაფანტული. ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც კი ახერხებდა საკუთარ თავზე კონტროლის შენარჩუნებას, თუმცა ახლა, როცა დარბაზი ნელ-ნელა ხალხისგან იცლებოდა, გრძნობდა, როგორ ემატებოდა სიწითლე და უჩქარდებოდა პულსაცია. კბილებსაც ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და მუშტები ისე შეკრა, ფრჩხილებით ლამის კანიც გაიჭრა. საშინლად გაცეცხლებული იყო! სხვა სიტყვა არც კი შეეფერებოდა მის მდგომარეობას!
არა, თან გასვლასაც რომ არ ფიქრობდა?! უდარდელად იჯდა სავარძელში და მშვიდად უყურებდა, როგორ გადიოდნენ თანამშრომლები. თუმცა, არა... ოღონდ ეს სიტყვა არა! გამორიცხულია!
- ელე...ნე, - სწრაფადვე დაამატა ლურჯკოსტიუმიანმა, როცა გაახსენდა, ოთახში მარტონი რომ არ იყვნენ. - გვიან მოხვედი და შენთან წარდგენა ვეღარ მოვახერხე. - ნეტავ მიწა გაუსკდეს! ღმერთო, რატომ? ეს რანაირი ხუმრობაა? - ჩვენი კომპანიის ახალი იურისტი, დემნა ხერგიანი! - შემდეგ კი, „ახალი კადრი“ ღიმილით რომ წამოდგა და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა, ისე ძლიერად მოუჭირა თითები, მართალია, იცოდა, ვერაფერს ატკენდა, მაგრამ მაინც ერთიანად გადაიტანა მთელი სიბრაზე მასზე.
- გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ბატონო გიორგი.
ჩაეღიმა დემნას და სულ ოდნავ შესამჩნევად აზიდა წარბი, დარასელმაც რომ გაუღიმა.
- გაგიკვირდებათ და არ მიკვირს. თქვენთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ სამსახურში აყვანამდე ჩვენს თანამშრომლებს თავიდან ბოლომდე ვიკვლევთ.
- ანუ ეს წარდგინება...
როგორც იქნა, ელენემაც ამოიღო ხმა. იქნებ მართლა ეხუმრნენ?
- ხომ იცი, როგორ მიყვარს ოფიციალური ნაწილის დაცვა.
მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი, ხვალამდეო და ისე სწრაფად გავიდა საკონფერენციოდან, კითხვის მოფიქრებაც კი ვერ მოასწრო ქალმა, უკან რომ გაჰყოლოდა რაიმე მიზეზით.
- გეფიცები, მე თვითონაც გაკვირვებული ვარ!
დაასწრო დემნამ და მაშინვე წამოიწყო, როგორც კი მარტონი დარჩნენ, თუმცა ყოფილმა ცოლმა უხეშად გამოგლიჯა მტევანი და ისეთი ტემპით გაემართა საკუთარი კაბინეტისკენ, თან ასეთ მაღალ ქუსლზე შემდგარი, აშკარა გაუმჯობესება იგრძნობოდა პირველი შეხვედრის შემდეგ.
- არ გამომყვე!
დაისისინა მხოლოდ მის გასაგონად, დერეფანში გასულმა კი ისეთ ღიმილი აიკრა სახეზე, ვერავინ შეიტანდა მის გულწრფელობაში ეჭვს.
- ელე, მოიცა! ელენე!
თუმცა, რა თქმა უნდა, გაჰყვა და უკვე კაბინეტის კართან იყვნენ მისულები, ძლივს რომ წაავლო მკლავში ხელი.
- მოიცადე!
- საქმე მაქვს და სამსახურში პირადი საუბრებისთვის არ მცალია!
გამოსცრა კბილებს შორის, მაგრამ კაბინეტის კარი რომ შეაღო და გორგოლაჭებიან სავარძელში მოკალათებულმა ლილუმ მამიკო დაინახა, მაშინვე ჩაეშალა გეგმები.
- მამა!
წამოხტა თვალებანთებული. - მე მომაკითხე?!
და ისე სწრაფად აღმოჩნდა კაცის კისერზე ჩამოკიდებული, საბოლოოდ ელენემ თვითონვე უბიძგა ორივეს, შიგნით რომ შესულიყვნენ. ნამდვილად არ უნდოდა ოფისის ჭორიკნებისთვის თემის მიცემა.
- აბა, როგორ ჩაიარა პირველმა დღემ, პრინცესა?
- ძალიან ცუდი არ ყოფილა... - მხრები აიჩეჩა, თუმცა ბოლოს მაინც დაემანჭა სახე. - მაგრამ ბაღი ჯობდა!
- სხვათა შორის, მაგ თემაზეც მინდოდა შენთან დალაპარაკება.
ისე წარმოთქვა ქალმა, ყოფილი ქმრისთვის არც შეუხედავს. გაბრაზებული სახით მიუჯდა კომპიუტერს და გამწარებულმა დაიწყო კლავიატურაზე თითების კაკუნი, ეს კი, მხოლოდ იმას ნიშნავდა, რეალურად არაფერსაც რომ არ აკეთებდა.
- უკვე მომწონს. - ჩაეღიმა დემნას, მაგრამ მეტად აღარ გაუგრძელებია ელენესთან საუბარი, ისევ შვილს მიუბრუნდა.
დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი, სათითაოდ დაახასიათებინა ყველა კლასელი, მოსმენილი ამბებიც კი მოაყოლა და ლილუც ისე დაუზარლად აკეთებდა ამ ყველაფერს, მამა-შვილის შემხედვარეს, ქალს ძალიან უჭირდა წეღანდელი ბრაზის შენარჩუნება.
ყოველთვის ასე იყო. რაღაცაზე იჩხუბებდნენ, გადაწყვეტდა, რომ ეს ბოლო წერტილი იყო, შემდეგ კი, ისე სწრაფად გადასდიოდა ბრაზი, უკვირდა კიდეც, საერთოდ როგორ იკამათეს. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ დემნას და ლილუს და ზუსტად იცოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო ოჯახში, საერთოდ ვერაფერი შეძლებდა ამის შეცვლას.
მართალიც გამოდგა... ნაწილობრივ, უხაროდა კიდეც, ნამდვილად არ უნდოდა, უფროსების პრობლემებისა და უთანხმოების გამო ბავშვი დაზარალებულიყო, თუმცა ხანდახან, ისე ბრაზდებოდა, ეგონა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იყო. ყველას უყვარდა დემნა, მისი მშობლებით დაწყებული, მამამისის ბიძაშვილის შვილის ქმრის სამეგობროთი დასრულებული! და კაციც სულ სხვანაირი იყო დანარჩენებთან!
- დე, ჩვენი კაფეტერიის შოკოლადიანი ფუნთუშა არ მოგენატრა? - საბოლოოდ, მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო და გოგონას ისეთი მზერით გახედა, ზუსტად იცოდა, მიუხვდებოდა, რასაც ანიშნებდა.
- თაკოს ვთხოვ, ჩამიყვანოს... - ჩაიბურტყუნა ლილუმაც და ცოტათი გაბუტული რომ გავიდა კაბინეტიდან, სანამ სახეშეცვლილი დემნა რამის თქმას მოასწრებდა, თვითონვე დაასწრო.
- ამიხსნი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! - თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ისეთი გაბრაზებული იყო.
- ამ წამს რაც გააკეთე, თუ...? - გახედა გაკვირვებულმა.
- დემნა, დამცინი? - ფეხზეც კი წამოდგა. ამხელა კაბინეტშიც ვერ პოულობდა ადგილს. ფეთქებადი ხასიათი ნამდვილად ჰქონდა, მართალია, ახლა უკვე ნაკლებად, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი გაბრაზებული საკუთარი თავი მაინც არ ახსოვდა.
- ლენა, რა გჭირს? მოხდა რამე? რამე უნდა აგიხსნა თუ რატომ მიყურებ მასე?
თუმცა ხერგიანი ვერაფრით ხვდებოდა მისი გაბრაზების მიზეზს.
- არა, ნამდვილად დამცინი!
წამოიძახა, ცოტა არ იყოს ხმამაღლა და ეს რომ გააცნობიერა, ისეთ მანძილზე მიუახლოვდა, საუბრის ხმა ზედმეტად რომ არ გასულიყო გარეთ.
- გასაგებია, იხუმრე, გაერთე, მაგრამ გაფრთხილებ, არ გაბედო კონტრაქტზე ხელის მოწერა!
- ლენ, მომისმინე...
- და აღარ გაბედო ლენას დაძახება!
დაისისინა და კაცმაც, თვალებდახუჭულმა გადასწია თავი უკან და მძიმედ ამოიოხრა.
- ელენე, მართლა არ ვიცოდი, აქ თუ მუშაობდი!
- ნუ მატყუებ!
- რატომ უნდა გატყუებდე? რა, გგონია, თუ ვიცოდი და ისე გადავწყვიტე, ამის თქმას ვერ შევძლებდი? - ჰკითხა წარბშეუხრელად და სწორედ აქ შეარყია მისი თავდაჯერებულობა. სხვა თუ არაფერი, დემნას ხასიათი მართლა კარგად იცოდა ელენემ. არ იყო ის ტიპი, ინტრიგები რომ ეხლართა და ჩადენილის აღიარება მორიდებოდა...
- როგორ დაგიჯერო? მითხარი, შენი აზრით, შემიძლია, რომ დაგიჯერო?
- არ ვიცი. - თვალი თვალში გაუყარა და მხოლოდ რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ წარმოთქვა. - მაგრამ მე მართლა არ ვიცოდი. ორი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, ან საიდან უნდა მცოდნოდა?!
- შენი მეგობრისგან!
- ელენე...
- არ მაინტერესებს, შეიძლება მართლა არ იცოდი, მაგრამ გაფრთხილებ, კონტრაქტს ხელი არ მოაწერო! ახლა ხომ იცი? უთხარი, რომ პირობები არ მოგეწონა და მიდიხარ!
- უკვე მოვაწერე...
- რა? რა თქვი? - კიდევ ერთხელ აენთო თვალები. ისეთი ლამაზი იყო გაბრაზებისას, ძლივს ახერხებდა ხერგიანი ამ სიცივის შენარჩუნებას.
- ერთწლიანს...
- შენ რა, გაგიჟდი?! ანუ ეს იყო ის სამსახური, დილით რომ ამბობდი?
- ელე, რა ვქნა?! მითხარი და გავაკეთებ. დღესვე შევიდე და კონტრაქტი დავარღვიო? რატომ იქცევი პატარა გოგოსავით?
- არა, პატარა გოგოსავით კი არა, იმ ქალივით ვიქცევი, რომელიც ქმარს იმის გამო გაშორდა, რომ მისი დანახვაც კი აღარ სურდა! - ძლივს ამოთქვა ისე, ხმა რომ არ აკანკალებოდა. მოკვდებოდა, მაგრამ დემნას არ დაანახებდა სისუსტეს. აღარ!
- და ის შენი ნაძირალა ქმარიც ზუსტად მაგიტომ გაგერიდა, გახსოვს? - ჩაეღიმა მწარედ.
- ნუ ცდილობ, თავი დამნაშავედ მაგრძნობინო! გერმანიაში იყავი, სამხრეთ პოლუსზე კი არა!
- აღარ გვინდა ამ თემაზე. ახლა მაინც ვეღარაფერს შევცვლით.
- მართალია, ახლა ვეღარაფერს. - გაუღიმა ელენემაც, თუმცა მხოლოდ დემნამ შეძლო ამ ღიმილის მიღმა იმის დანახვა, რაც ქალმა რეალურად იგულისხმა. ოდესმე დადგებოდა დრო, როცა შეძლებდნენ იმ თემისთვის გვერდის ავლას, ორივეს ასე რომ სტკენდა გულს?
- არ გინდა...
- ხო, მე არ მინდა. ელენეს არ უნდა, ელენე უნდა გაჩერდეს, ელენემ უნდა აიტანოს... ზუსტად ამის გამო...
- გეყოფა! - შეაწყვეტინა. მისი მოთმინების ფიალასაც ჰქონდა საზღვარი. ხმას არასდროს იღებდა, რადგან თავის გასამართლებელი არაფერი ჰქონდა, თუმცა ყოველ წამს ამის შეხსენება უკვე მართლა მეტისმეტი იყო.
- შენც! შენც გეყოფა ერთი და იგივეს მცდელობა! გაიგე, უკვე ორი წელი გავიდა, მორჩა, დამთავრდა, აღარაფერს აქვს აზრი, გაიგე, ძალიან გთხოვ!
მიაყარა ერთიანად და ზურგი რომ შეაქცია, დემნა ამ ერთი მოქმედებითაც მიხვდა, დრომ ვერაფრის შეცვლაც რომ ვერ მოახერხა.
- ელე...
ფრთხილად შეახო ხელი მხრებზე, თუმცა ქალი დენნაკრავივით მოშორდა.
- რაც გინდა, ის ქენი...
გააგრძელა შეცვლილი ხმით და ისევ სამუშაო მაგიდას მიუჯდა.
- თუ გინდა აქ მუშაობა, იმუშავე. კარგი სპეციალისტი ნამდვილად გვჭირდება.
- ახლა უფროსის ტონით მელაპარაკები, ხო?
ჩაეცინა და თვითონ მოპირდაპირე მხარეს ჩამოუჯდა.
- მდივანს ყავის შემოტანას არ სთხოვ?
- შენც გეყოლება მდივანი და იმან მოგიდუღოს.
მოუჭრა უხეშად.
- მაგრამ ვწუხვარ, ასეთ უბრალო საქმეზე რომ მოგიწევს გაცდენა, შენი წარსულის პატრონს...
- სარკაზმზეც გადავედით...
- რა იყო, ტყუილს ვამბობ?!
ისე შეიცხადა, შორიდან რომ გეყურებინათ ამ ყველაფრისთვის, ვერც მიხვდებოდით, რატომ იგრძნობოდა ასეთი დაძაბულობა.
- კაცი სისხლის საქმეებზე მუშაობდი და ახლა კომპანიის იურისტი ხდები?!
- ხომ იცი, ჩემთვის ისაა მთავარი, რამდენად რთულად ამოსახსნელია ამოცანა...
- ჰო, მაგაში მართალი ხარ... ანუ ლილუს მათემატიკის მეცადინეობაში ვერ დაეხმარები ხოლმე.
- არა მგონია, ვინმეს დახმარება დასჭირდეს. კარგი გენების პატრონია. - მიმიკაც კი არ ეცვლებოდა არც ერთს, ისე განაგრძობდნენ ერთმანეთის „დაკბენას“. ნამდვილი ცივი ომი იყო გაჩაღებული და თეთრი დროშის არსებობის შესახებ აღარც ერთს ახსოვდა.
- სხვათა შორის, პირველივე დღეს მომიწია მასწავლებელთან გასაუბრება!
- არ მიკვირს, მოახერხებდა შთაბეჭდილების მოხდენას. - ახლა კი, მართლა გულწრფელად გაეცინა.
- წეღან რომ გიყვებოდა, მასწავლებელმა საკუთარ თავზე საუბარი გვთხოვაო... იცი, თვითონ რა გამოაცხადა მთელ კლასში ხმამაღლა, ყურადღება რომ მიექცია?!
- ბაღში ტილები დამესია და დედიკო მაცლიდაო?
ჩაიფხუკუნა და თან, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მოათვალიერა ელენეს კაბინეტი. საკმაოდ მყუდროდ, თუმცა ცოტა არ იყოს, მდიდრულად იყო მოწყობილი, მთავარი ეკონომისტის კვალობაზეც კი.
- ჩემი მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ამიტომ მეც ორი სახლი და ორი ფორტეპიანო მაქვსო... - ამოოხვრასავით ამოთქვა, მაგრამ საპასუხო რეაქცია მსგავსი სულაც არ ყოფილა.
- და?..
- რა და?
- რა თქვა ტყუილი?
- დემნა, ვერ გაიაზრე, რა გითხარი? შენს ექვსი წლის ქალიშვილს ჰგონია, რომ ეს კარგია და პირველსავე დღეს ამას უყვება ახალ მეგობრებს, ეს ნორმალური გგონია?!
- ჩემი ექვსი წლის ქალიშვილის ოცდაათი წლის დედას თუ ჰგონია, რომ ეს კარგია?
- ამით რისი თქმა გინდა? - წამიერად გაშტერდა დემნას სიტყვების მოსმენისას. ანუ... მას ადანაშაულებს?!
- არაფრის, ელე, რისი თქმა უნდა მინდოდეს? არ იცი, რომ ბავშვები მშობლებისგან სწავლობენ?
- და შენ გინდა მითხრა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია?!
კიდევ ერთხელ წამოენთო, ოღონდ ამჯერად ფეხზეც კი წამოიჭრა და ალბათ, რამდენიმე წამში ყვირილის ხმაც გავიდოდა “The D Corporation”-ის მთავარი ეკონომისტის კაბინეტიდან, კომპანიის იმიჯი მისსავე დამაარსებელს რომ არ გადაერჩინა და სამჯერ ფრთხილად დაკაკუნების შემდეგ ლილუსთან ხელჩაკიდებულსა და მომღიმარს არ შეეღო კარი...
გაგრძელება იქნება პარასკევს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი