ყველამ კარგად ვიცით, რომ წყალი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, რომ ეს სითხე უნდა მივიღოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და რომ წყალში არ იგულისხმება გაზიანი სასმელები და სხვა სითხე.
მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ჩვენგანი არ იყენებს ამას შესაბამისად. არადა, სულ ტყუილად! წყლის დღიური ნორმის მიღების შემთხვევაში ხომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას მოვიხსნით. ხოლო დიეტის დროს მიღებული დიდი რაოდენობით წყალი ზედმეტ წონასთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
მაშ ასე, ჩამოვთვალოთ წყლის დიეტის რამდენიმე წესი:
1. პირველი: დაიმახსოვრეთ, როცა ვამბობთ "წყალი", ვგულისხმობთ მხოლოდ და მხოლოდ წყალს და არა სხვა სითხეს. ჩაის, ყავას, კეფირს, წვენს, ლიმონათს, ღვინოს – არანაირი კავშირი არ აქვს წყლის დიეტასთან. წყალში არ არსებობს არანაირი კალორია, შაქარი, ცხიმი – ასე რომ, ის იქნება მთავარი დამხმარე მიზნის მიღწევის დროს.
2. მეორე: მაინც რამდენი წყალი უნდა მივიღოთ? სხვადასხვა დიეტოლოგს წყლის ნორმა სხვადასხვანაირად გამოჰყავს. ზოგი გვთავაზობს, გავამრავლოთ ჩვენი წონა 40-ზე და იმდენი მილილიტრი წყალი დავლიოთ. (მაგალითად, 60 კგ-ზე გამოდის 2,4 ლიტრი წყალი). ზოგი კი შემდეგ ფორმულას გვთავაზობს: გავყოთ ჩვენი წონა 20-ზე. ამ შემთხვევაში 60 კგ-ზე დღეში 3 ლიტრი წყალი მოგვიწევს.
3. წყლის დიეტის დაცვა ყველაზე მეტად მოსახერხებელი ზაფხულშია, როცა ყველაზე ხშირად გვწყურდება. თუ ამ დროს თქვენ სხვა ცივი სასმლით გაგრილებას იყავით მიჩვეული – შეცვალეთ ის წყლით. დაწყება ყოველთვის ძნელია. ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან რეკორდების დამყარებას, დაიწყეთ თანდათანობით. დღეს 1 ლიტრი დალიეთ, ხვალ – 1,2, ერთ კვირაში კი ადით 1,5-ზე.
4. იმისათვის, რომ აკონტროლოთ წყლის სმის რაოდენობა, შემოიღეთ ერთგვარი გრაფიკი, რომელზეც ყოველდღიურად აღნიშნავთ იმ დღეს მიღებული წყლის რაოდენობას. ამაში სმარტფონების სპეციალური პროგრამაც დაგეხმარებათ.
5. მაინც როგორია წყლის მიღების გრაფიკი? ვიწყებთ დილიდან. ვსვამთ ერთ ჭიქა თბილ წყალს (შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის წვენი და ცოტაოდენი თაფლი). ეს ორგანიზმის გაღვიძებასა და საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის დაქოქვაში დაგეხმარებათ. საუზმე შეგიძლიათ 20 წუთში მიირთვათ.
მთავარი წყლის დიეტის დროს არის, რომ ყოველთვის თან გქონდეთ ბოთლით წყალი. ამისათვის წინასწარ იზრუნეთ. მეტად ეფექტურია – არა ცივი, არამედ ოთახის ტემპერატურის წყალი.
ნუ დალევთ წყალს ჭამის დროს, წყლის მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამის დასრულებიდან ნახევარ საათშია საუკეთესო. ხშირად წყლის წყურვილი შიმშილის გრძნობაში გვერევა. ამიტომაც თუ დროზე ადრე მოგშივდათ, დალიეთ წყალი და ნახეთ, იქნებ შიმშილმა სრულიად გაგიაროთ.
6. წყლის დიეტა იმითაც არის კარგი, რომ თქვენს ორგანიზმს კარგ ჩვევას უნერგავთ. დღეში სამი ლიტრი წყლის დალევა რეკომენდებულია არაუმეტეს 2 კვირისა, შემდეგ უნდა შეისვენოთ. დიდი ხნის განმავლობაში ზედმეტად დიდი რაოდენობის წყალი წონაში კი დაგაკლებინებთ, მაგრამ ორგანიზმიდან ის სასარგებლო მინერალებსაც გამოდევნის.
და აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზმის თავისებურებები: თირკმლის დაავადებების და ქრონიკული შეშუპებების დროს წყლის დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული. და, რა თქმა უნდა, იდეალურ შედეგს მიაღწევთ, თუ კომპლექსურად მიუდგებით დიეტას – სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა ამ დროს კიდევ უფრო სწრაფად და მეტად დაგაკლებინებთ წონაში.
ასევე იხილეთ: