სიყვარული ესთეტიკური გრძნობაა, თუ მას ცოტაოდენ ვნებას დავუმატებთ, დაუვიწყარ განცდებსა და სიმამაცის შემთხვევაში, ასევე, დაუვიწყარ თავგადასავლებსაც მივიღებთ.
ცოლქმრობა კი ამაზრზენი რუტინაა, რომელსაც სიყვარულთან თანაკვეთისას აქვს ისევე კაშკაშა მხარეები, რამდენად - ბნელი.
თაიასთან მაქსიმმა მარტივად მომძებნა, როგორც აღმოჩნდა, ჩემზე ადრეც მისულა. დაჟინებით მოითხოვა ჩემთან ლაპარაკი და რა გაეწყობოდა, გარეთ გავედი, რომ ჩემი ოჯახური სკანდალებით თაიას დედა და ბებია არ შემეწუხებინა.
- შენ... ხომ არ გაგიჟდი? - აღელვებული იყო, სიტყვებს ვერ პოულობდა. - წარმოდგენა მაინც თუ შეგიძლია, რა გადავიტანე იმ ღამეს?
- შენს განცდებზე ლაპარაკს თუ ვაპირებთ, ჯობია, ახლავე დავამთავროთ. - მოვუჭერი ცივად.
- ჩემს განცდებზე? თავში ტვინი გაქვს თუ ქვა? მთელი ღამე გეძებე, ან რა უნდა მეთქვა დედაშენისთვის, დედაჩემისთვის, როცა მკითხეს, სად იყავი?
- რა უნდა გეთქვა? სიმართლე, რომ გამხეცდი, ჯერ კარგად მაგინე და მერე ერთი ლაზათიანადაც მომდე ყბაში. რა იყო, შეგრცხვა?
- გაჩუმდი! - ირგვლივ მიმოიხედა, ჩემი სიტყვები ეუცხოვა. - მე შენთვის არ დამირტყამს!
- ხუმრობ? სხვათა შორის, მეც იქ ვიყავი...
- ეს დარტყმა არ იყო! სხვა დროსაც ბევრჯერ გამიკეთებია იგივე, ხუმრობით.
- რისი თქმა გინდა, ანუ იხუმრე?
მისთვის დარტყმა დრამატულად ჟღერდა, თვალწინ ჩალურჯებული ცოლისა და ქამრიანი ქმრის სურათი უდგებოდა და ვერ იგებდა, რომ საჭირო არ იყო მსგავსი სცენა იმისთვის, რომ მსგავსი უხეშობა ცოლისთვის მეორე ნახევრის მიტოვების მიზეზი გამხდარიყო.
- არა... - თავი გადააქნია, - არ დამირტყამს შენთვის! სად იყავი მთელი ღამე? თაიაც გავაღვიძე და შენი დაც, ყველა ნერვიულობდა შენზე.
- ჩემზე თუ ასე ზრუნავდი, თავის დროზე გეფიქრა... ქუჩაშიც რომ გამეთია ღამე, ბევრად უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი, ვიდრე შენ გვერდით!
შევამჩნიე, თვალები ცრემლებით როგორ აევსო, სახეზე მომაშტერდა, მერე უცებ მზერა გაეყინა და ლაპარაკი ისე გააგრძელა, ჩემთვის აღარ შემოუხედავს, სადღაც იყურებოდა.
- როგორც გინდა. იყავი ჩემგან შორს, მაგრამ სად იქნები, მარტო ვერ გადაწყვეტ. ხინესში წახვალ, დედაშენთან.
- შენი საქმე არაა, სად ვიქნები! ჩვენ უკვე ერთად აღარ ვართ!
- არც მაინტერესებს, სად იქნები, მუცელში ჩემი შვილი რომ არ გყავდეს!
- ჯანდაბაშიც წასულხარ! - ვუთხარი განრისხებულმა და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი. დამედევნა.
- სესილია, სესილია! - დამეწია და ხელით დამიჭირა.
- ხელი გამიშვი! თორემ ვიყვირებ!
- არსად არ გაგიშვებ, ჩემთან ერთად წამოხვალ!
ვეცადე, მომეშორებინა მაგრამ ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა, ტკივილისგან სახე დამემანჭა.
- გამიშვი! - ვუთხარი ხმამაღლა. არ გამიშვა და დავუყვირე - გამიშვი! ყველამ ჩვენ შემოგვხედა. ასაკოვანი ფეხსაცმლის შემკეთებელი კაცი ჯიხურიდან გამოვიდა და მაქსიმს ეჭვის თვალით ახედ-დახედა. იქვე ბირჟაზე დაჯგუფებული ბიჭები გაიშალნენ და ერთმანეთს გადახედეს. ერთ-ერთმა წამოსვლა დააპირა და მეორემ გააჩერა. სახლისაკენ მიმავალმა ორშვილიანმა დედამ შეშფოთებულმა შემოგვხედა, ბავშვებიც დაუმალავი ცნობისმოყვარეობით შედგნენ. შერცხვენილმა დედამ ჩუმად დაუცაცხანა ორივეს და ძალით წაიყვანა. მაქსიმმა ხელი გამიშვა, მე წავედი.
კიბეზე სწრაფად ავედი. კარი თაიამ გამიღო, მთლიანად საღებავებში იყო ამოსვრილი. შიგნით შესვლის საშუალება არ მომცა, წინ გადამეღობა და მაგრად ჩამეხუტა.
- როგორ ხარ? რა გითხრა, შემირიგდიო? კიდევ ხომ არ გიჩხუბიათ? ცუდად ხომ არ ხარ? - ერთ ამოსუნთქვაში ჩაატია ყველა შეკითხვა ისე, რომ არ მომშორებია.
- დამშვიდდი, გთხოვ! და კარგი იქნება, თუ შიგნით შემომიშვებ. - ვუთხარი და როგორც იქნა, გამათავისუფლა. მის ოთახში შევედით. კედლები ნახატებით იყო დაფარული. მოლბერტს მივუახლოვდი.
- ახალი ნახატია?
- ახლა მაგის დრო არაა. მომიყევი, რა მოხდა? შემირიგდიო?
- არა, მომხდარი უარყო. რა საინტერესოა... - ქალი ყვავილებში იწვა. თვალისმომჭრელი, ლამაზი ფერები იყო, ვარდისფერი, იისფერი, ყვითელი, მწვანე.... კიდევ მწვანე და წითელი. წითელი თაიას ძალიან მოსწონდა. ეს ჩვენი ერთმანეთისგან განმასხვავებელი თვისებების ნუსხაში ერთ-ერთი იყო.
- რას ნიშნავს, მომხდარი უარყო?
- ვუთხარი, რომ მასთან თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ და ეწყინა. - ქალს ყაყაჩოების გვირგვინი ედგა თავზე, შიშველი იყო, მკერდსა და საზარდულს ყვავილები უფარავდა.
- ბუნებრივია, ეწყინებოდა. ასე რატომ უთხარი?
- სიმართლეა. ეს ქალი შენ გგავს.
- ყოველი ხელოვანის შემოქმედებაში ცოცხლობს შემოქმედის სული.
ეს ნამდვილი შედევრი იყო. განსაკუთრებით მოვიხიბლე ქალის თვალებით, წყლიანი, ბობოქარი. ერთდროულად ამ თვალებში სიცოცხლის, ბედნიერების ნაპერწკალიც იყო და სევდაც... ისინი მამაკაცის სახეს ირეკლავდნენ. სურათში ჩანდა სიყვარული, ვნება, სექსი, ტკივილი, ბედნიერებაც და სევდაც...
- შენ მართლაც შემოქმედი ხარ!
- მადლობა, ჩემო საყვარელო! - თქვა აღტაცებულმა, თვალები გაუბრწყინდა და ისევ ჩამეხუტა. თაიას ძალიან უყვარდა ჩახუტება.
- თაია, საკმარისია! - ვუთხარი ხვევნა-კოცნით შეღონებულმა და ხმამაღლა გამეცინა მის დამანჭულ სახეზე. მაინც არ მომეშვა, მუცელზე დამიწყო მოფერება, რაც ყველაზე მეტად მეხამუშებოდა. წელში მოიხარა და მუცელს სახით მიუახლოვდა.
- ჩემო პატარა უფლისწულო! შენ ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი ბიჭი იქნები მთელ მსოფლიოში! ჩემო საოცრებავ, წარმოდგენა არ გაქვს, როგორ უყვარხარ შენს ნათლიას, დეიდას, ნათლია დეიდას! ჩემო სიხარულო!
- თაიაა!
- ჩემო პრინცო, დედაშენი არ გვაცდის ურთიერთობას, ეჭვიანობს. მოგვიანებით გავაგრძელოთ ლაპარაკი!
თაიასთან თავს ძალიან მყუდროდ ვგრძნობდი. მისი სამყარო, საღებავების სუნი, ფურცლების შრიალი, ფუსფუსი, ზღაპრული, ბავშვური ჟინი და გამგები ხასიათი შვება იყო ჩემთვის. ის სწორედ ის ადამიანი იყო, ვინც ისე დამეხმარებოდა გვამის გადამალვაში, არაფერს მკითხავდა მკვლელობის მიზეზზე და არც მორალის კითხვით მომაბეზრებდა თავს. მაგრამ სიმშვიდესთან განშორება მალე მომიწია. მობილური ჩავრთე თუ არა, დედაჩემის ზარი შემოვიდა.
- გისმენ.
- სესილია! მისმენ? სად ხარ? გაგიჟდი?
- თაიასთან ვარ.
- თაიასთან რა გინდა, ყველა გეძებთ, შენ არ ხარ შენს ჭკუაზე!
- დღეს საღამოს ჩამოვალ.
- სად ჩამოხვალ? სესილია, რა მოხდა ასეთი? რაღაც სულელური კამათის გამო... - ტელეფონი შორს გავწიე, რამდენიმე წამი შორიდან მესმოდა მისი ხმა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, თუმცა ტონი აშკარა იყო. დიალოგს მხოლოდ მას შემდეგ დავუბრუნდი, რაც ხმის ტემბრი შეცვალა. - რითი წამოხვალ?
- თეთრი რაშით.
- რითიი?
- რაშით.
- არ მეხუმრება, სესილია! ყველა შენზე ნერვიულობს!
- კარგი, დამშვიდდი, დღეს საღამოს გნახავ.
ლაპარაკი დავამთავრე, ფინჯანი ჩაი დავლიე თაიასთან ერთად და მშობლიური ქალაქისკენ გავეშურე. მგზავრობა უკვე ძალიან მიჭირდა, ხანგრძლივი ჯდომისგან წელი მტკივდებოდა. სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ დაღლილი მივედი სახლში, დედაჩემთან და შეკითხვებზე თავის ასარიდებლად დასაძინებლად დავწექი. თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. დავწექი, თვალები დავხუჭე და მომავალზე ფიქრი დავიწყე. დიდი თავსატეხის წინაშე ვიდექი. ნეტავ რა იქნებოდა, რომანის პერსონაჟი რომ ვყოფილიყავი და ჩემსავე რომანის ავტორთან მელაპარაკა, რას მეტყოდა? ან ფილმის რეჟისორს რომ შევხვედროდი, როგორც ამ ფილმის მთავარი გმირი? "ღმერთო, რა გავაკეთო? სწორად ვიქცევი?", - არ მასვენებდა ფიქრები. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვფიქრობდი მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვერსიაზე. ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი ამაზრზენი ქმედების პატიება და თანაცხოვრების მშვიდად გაგრძელება? სიტყვა ამაზრზენი ზუსტად ასახავდა არსებულ მდგომარეობას. მაქსიმისა და ჩემს სასიამოვნო მოგონებებზე ვფიქრობდი. როგორ შეეძლო ასე ეტკინა ჩემთვის გული ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მაბედნიერებდა?! თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანი იყო, ჩემი საყვარელი კაცი და მაქსიმი, რომელიც მეზიზღებოდა ყველაზე მეტად. ეს იყო ზღვარი ბედნიერებასა და მეორე უკიდურესობას შორის, რომელსაც ალბათ უბედურება ერქვა. ზღვარი სიყვარულსა და სიძულვილს შორის...
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ: სხვა ხედი. 14 თავი. უფლისწული