პირველი კოცნა
ღამე იყო, თუმცა არ ბნელოდა. ლამპიონების შუქზე ნათლად მოჩანდა შენი სახე, თუმცა მე არ გიყურებდი. ვხვდებოდი შენს ფიქრებს, შენს სურვილებს და ბავშვური სიმორცხვით ვხრიდი წამწამებს... ორივე ჩუმად ვისხედით. დუმილს ჩემი გამალებული გულის ძგერა და შენი გახშირებული სუნთქვა არღვევდა. ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდი, ლოყებს მიკოცნიდი, ნელ-ნელა სხეულში სითბო მეღვრებოდა. შენი სითამამე მაფრთხობდა. მეც მინდოდა შეგხებოდი, ხელები მომეხვია, მთელი სხეულით მოგკრობოდი და ხმამაღლა მეთქვა, რა წარმოუდგენლად და გრანდიოზულად მიყვარდი... როგორ მაღიზიანებდა საკუთარი თავი, ჩემი სიმხდალე... არასდროს დამავიწყდება, როგორ მსიამოვნებდა შენი სუნთქვა, ჯერ ყელში, მარცხენა ყურის ბიბილოსთან, მერე ლოყაზე და უეცრად... სუნთქვა შემეკრა... გეფიცები, მეგონა, გული გამიჩერდებოდა, როცა შენი ნამიანი ბაგეები ჩემსას შეეხო! ო, რა ნაზად და ამაღელვებლად დაეწაფე ჩემს ტუჩებს.
ვოიაჟი მოგონებებში რა ვოიაჟია, თუ პირველი განცდები არ გაიხსენე? მოგონება უცნაური მცნებაა, იხსენებ, თუმცა არც არასდროს დაგვიწყებია.
დროულად რომ არ დამეფიქსირებინა და ფურცელზე გადამეტანა ემოციები, ნეტავ მაინც ასეთი მძაფრი სურნელი ექნებოდა ამ მოგონებას? რთული სათქმელია... თუმცა, ძველი დღიურის კითხვამ ნოსტალგია, წარსულის მონატრების სევდა აღძრა ჩემში. ცხოვრება დიდ სკივრს ჰგავს, ემოციებით დატვირთულს. რაც უფრო ბევრი მძაფრი ემოცია გაქვს სკივრში, მით უფრო საინტერესოდ ცხოვრობ; რაც უფრო ბევრ სასიამოვნო ემოციას ატარებ, მით უფრო ბედნიერი ხარ და რაც თანაბარი, ერთმანეთის მსგავსი და სტაბილურია შენი ნადავლი, მით უფრო... მშვიდი? ან იქნებ მოსაწყენია შენი კოლექცია...
ჩემს სკივრში ერთი ძვირფასი ეგზემპლარი მაქვს, ბრჭყვიალა და არომატული სურნელით. შესაძლოა, სხვისთვის სულაც არაა ისეთი თვალისმომჭრელი, როგორიც ჩემთვისაა, ვინ იცის, იქნებ მხოლოდ ჩემგან ჩანს მშვენიერი ხედით? მაგრამ ეს სურნელი, ისეთი ტკბილია და ჰაეროვანი...
კარი გამოვიხურე და ძირს დავეშვი. გული გამალებით მიცემდა. კიბე აღელვებულმა ჩავიარე და გაჩერებისკენ გავეშურე. გარეთ გამოვედი თუ არა, დილის სუსხი შემომეფეთა, თითქოს ექსტაზში ვიყავი და სამყარო ჩემ გამოფხიზლებას ცდილობდა. ავტობუსი მალევე მოვიდა. სადგურამდე გზა უჩვეულოდ მოკლე მომეჩვენა. საათს დავხედე, ათის ოთხი წუთი იყო. ცხრასაათიანს უნდა გავყოლოდი. დავიგვიანე, მაგრამ საბედნიეროდ, არც მარშუტის მძღოლები გამოირჩევიან დიდი პუნქტუალურობით.
- ხინესი-ფლორენცვილი! ფლორენცვილი! გავდივართ! - მანქანა გზაზე ეყენა, საბარგულში ბოლო ჩანთა შეაცურა და მკვეთრი მოძრაობით დახურა. - ფლორენცვილი! - თან იძახდა.
წამით შევჩერდი. ჯერ კიდევ შემეძლო უკან დახევა, შემეძლო დავბრუნებულიყავი, თავიდან ამეცილებინა მღელვარება და საფრთხე, მაგრამ, არა! ვინც რისკავს, ის იმარჯვებს, ან... უარეს შემთხვევაში, გამოცდილებას იძენს. სწრაფი ნაბიჯით გავეშურე მძღოლისკენ, შორიდან, გამომეტყველებით ვანიშნე, რომ მე ვიქნებოდი ის, ვინც იმ უკანასკნელ ცარიელ სკამსაც დაიკავებდა. მძღოლი 27-28 წლის, ოდნავ მელოტი და ამავდროულად, ბანჯგვლიანი ტიპი იყო. აი, ისეთი, თავის ნაცვლად თმა ნესტოებსა და გულზე რომ ეზრდებათ.
- რა ღირს ბილეთი? 10 გრინლი, ხო? - აღელვებულმა სულელური შეცდომა დავუშვი. მგზავრობის ფასი ქალაქებს შორის სეზონურად მერყეობდა 5-დან 10 გრინლამდე.
ახალგაზრდა მძღოლმა მზაკვრულად შემათვალიერა, იფიქრა, დებილიაო და ჩემი გასულელება გადაწყვიტა, თუმცა იმდენად გაიძვერა არ აღმოჩნდა, ფული რომ გამოეძალა, გადაწყვიტა, წამფლირტავებოდა.
- კი, მაგრამ შენ 7 გრინლად წაგიყვან.
დავიბენი. ჩემს შეცდომას მივხვდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ გამომესწორებინა. მერჩივნა, 10 გრინლი მიმეცა მისთვის, ვიდრე თავი უხერხულად მეგრძნო.
- არ არის საჭირო, რაც ღირს მგზავრობა, იმდენი აიღეთ.
ვუთხარი და ფული გავუწოდე.
ჩავჯექი თუ არა, მანქანა დაიძრა. საბედნიეროდ, ერთადგილიანი სკამი იყო თავისუფალი. უსაფრთხოების ზომების მისაღებად ტელეფონი მოვიმარჯვე და მეგობრის ნომერი ავკრიფე.
- ნატა, გეძინა?
- ჰო... - მითხრა ნამძინარევი ხმით, მაგრამ მალევე გამოფხიზლდა - რა ხდება? წახვედი?
- კი, უკვე გზაში ვარ და ძალიან ვნერვიულობ. ესე იგი, ხომ გახსოვს, რა უნდა გააკეთო?
- თუ დამირეკავს დედაშენი, ვეტყვი, რომ ერთად ვართ ჩემს სოფელში და სასიამოვნოდ ვატარებთ დროს. შენთან ლაპარაკს თუ მომთხოვს, ვეტყვი, ერთი წამით, მირეკავენ-მეთქი და გადმოგირეკავ შენ, მერე გადავრთავ ისევ დედაშენის ხაზზე და ვკითხავ, რას მეუბნებოდა. რომ გამიმეორებს, დამალაპარაკეო, შეგაერთებთ და თქვენ ილაპარაკებთ, მე დავდუმდები... თუ შენ დაგირეკავს და ჩემთან ლაპარაკს მოგთხოვს, იმავეს გააკეთებ შენც. სუპერ?
- სუპერ! თეორია იდეალურია... იმედია, პრაქტიკასაც ჩავაბარებთ.
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება... თუ რამე გაიგეს, მაინც შორს ხარ და დაცული იქნები - თქვა და გადაიხარხარა.
-კ არგი რაა.. - ეს ნამდვილად არ მამშვიდებდა, თუმცა წუწუნით ვერაფერს შევცვლიდი და არც მინდოდა რამის შეცვლა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ვნერვიულობდი და მეშინოდა, სასიამოვნო განცდებიც მატულობდა ნელ-ნელა... - კარგი, წავედი, ახლა გაგითიშავ და ყურადღება მიაქციე მობილურს, ხშირად დაგირეკავ ხოლმე.
- კარგი, აბა, შენ იცი!
მთელი გზა გონებაში ვიმეორებდი, რა უნდა გამეკეთებინა, თუ დამირეკავდა დედაჩემი; როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როცა დამთავრდებოდა ეს უსაშველოდ გაწელილი გზა და ვცდილობდი, გამეანალიზებინა ყველანაირი მოსალოდნელი საფრთხე. დედამ არ დამირეკა და გადავწყვიტე, თავად გადამერეკა, როცა მარშუტი შუა გზაზე გაჩერდა და მგზავრები სასადილოში შევიდნენ. დიალოგი არც ისე დიდხანს გაგრძელებულა. ვუთხარი, რომ ნატას სოფელში ჩავედით. არც დეტალები უკითხავს და არც ვინმესთან ლაპარაკი მოუთხოვია. როცა უკვე ფლორენცვილამდე 15-20 წუთიღა იყო დარჩენილი, მაქსიმის მეგობრის, დევიდის ნომერი ავკრიფე. დიდხანს არ მიცდია, მალევე მიპასუხეს...
- გისმენთ, - მაგრამ თანამოსაუბრე ქალი იყო...
- დევიდს სთხოვეთ, თუ შეიძლება... - დავიბენი.
- ეს ნომერი დევიდს აღარ აქვს. მე დედამისი ვარ, ვის ვესაუბრები?
- მე დევიდის მეგობარი ვარ... შეგიძლიათ მისი ამჟამინდელი საკონტაქტო ინფორმაცია მომაწოდოთ?
- ტელეფონი გაფუჭებული აქვს, საყვარელო, რა გადავცე? - კარგად ვიცოდი, რომ დევიდის მშობლები ხინესში ცხოვრობდნენ, დევიდს კი თუ ტელეფონი გაფუჭებული ჰქონდა, მეეჭვება, ჩემზე ადრე მოეხერხებინა შვილთან დაკავშირება. ეს შეკითხვა დედას ცნობისმოყვარეობამ დაასმევინა.
- არ არის საჭირო. მადლობა ყურადღებისთვის და ბოდიში, თუ შეგაწუხეთ.
- არაფრის. - დიალოგი დასრულდა, ქალი უკმაყოფილო დარჩა, მისი შვილის ინკოგნიტო მეგობრის ვერც სახელი შეიტყო და ვერც განზრახვა.
გეგმა "ბ", გეგმა "ბ" ხომ უნდა მქონდეს?!" - ავღელდი. "რა თქმა უნდა?! ანტონი! " - უეცრად გონება გამინათდა და მობილურის კონტაქტებში მაქსიმის მეორე მეგობრის სახელი ავკრიფე. მოლოდინი გამიმართლდა, ანტონის ნომერი მეწერა, მხოლოდ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ანტონს თითქმის ყოველთვის ეძინა და დიდი შანსი იყო, ჩემი ზარი უგულებელეყო. მოლოდინი გამიმართლდა, დააახლოებით 10 წუთი შეუჩერებლად ვურეკავდი ანტონს, რამდენიმე ტექსტური შეტყობინებაც მივწერე და ბოლოს, როცა ფლორენცვილში შევედი, როგორც იქნა, მიპასუხა.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე{{ArticleSplitCont}}
- ალო.
- დილა მშვიდობის, ანტონ. მაპატიე, რომ გაგაღვიძე. უბრალოდ, სხვა გზა მართლა არ მქონდა.
- არა უშავს... - ანტონი ყოველთვის ძალიან ნელა, აუღელვებლად და ზანტად საუბრობდა, მით უმეტეს, ახალგაღვიძებულზე. - ხომ მშვიდობაა?
- კი, ერთი თხოვნა მაქვს შენთან.
- გისმენ...
- პირველ რიგში, თუ მაქსიმი შენთან ერთადაა, არ უთხრა, რომ მე გირეკავ, რამე მოიფიქრე და... მოკლედ, ფლორენცვილში ვარ, ახლახან შემოვედი ქალაქში და თქვენი მისამართი მომწერე, ტაქსისტმა რომ გაიგოს, ისე, კარგი?
- კარგი, არაა პრობლემა!
ბაგაჟი არ მქონდა, მხოლოდ ერთი პატარა ჩანთა მქონდა ცალ მკლავზე გადაკიდებული. ერთი დღით "მეგობრის აგარაკზე" წამოსულს მეტი რა უნდა წამომეღო? თუმცა, არც შორეულ ქალაქში, იდუმალ პაემანზე დამჭირდებოდა ზამთრის მარაგი. მარშუტიდან ჩამოვედი თუ არა, ქუჩაში მიმავალი ტაქსი გავაჩერე ხელით და მისამართი წავუკითხე. ვკითხე, რა დამიჯდებოდა ტრანსპორტირება და როცა ფასზე შევთანხმდით, მანქანაში ჩავჯექი. ისე მოხდა, ტაქსისტმა იმდენ ხანს ვერ მიაგნო მოცემულ მისამართს, ბოლოს ანტონმა თავად ჰკითხა, სად ვიყავით და ჩვენ შესახვედრად წამოვიდა.
- მაპატიე, ძალიან შეგაწუხე...
- რას ამბობ, რა შეწუხებაა, არ გრცხვენია? - მეგობრულად გამიღიმა და გადამკოცნა. დარცხვენილმა ტაქსის მძღოლმა გზა გააგრძელა. ჩვენ ფეხით შევედით ბინებს შორის ჩიხებში. გზაში ერთმანეთი მოვიკითხეთ და როცა კართან მივედით, ანტონმა მანიშნა, ჯერ შენ შედიო. ხელები გამიოფლიანდა, სუნთქვა გამიხშირდა და გული ამიჩქარდა. მგონი, პირველად გავიაზრე, რომ სამი საათის სავალი გზა ჩუმად გამოვიარე გაბრაზებული შეყვარებულის შემოსარიგებლად და სრულიად უცხო ქალაქში ისე ჩამოვედი, უკან წასასვლელი ფულიც კი არ მქონდა. რა უნდა მექნა, მაქსიმი რომ არ შემრიგებოდა და უხეშად გამოვებრუნებინე უკან? მისი მეგობრების თანდასწრებით? როგორ დავიმცირებდი თავს? ან სად უნდა წავსულიყავი, ფლორენცვილის გზებიც კი არ ვიცოდი. რაც იქნება, იქნება!
გამბედაობა მოვიკრიბე და კარი შევაღე. ვიგრძენი ღაწვები როგორ ამელეწა. ვეცადე, თავი ისე დამეჭირა, თითქოს არ ვღელავდი. ბნელი დერეფანი ისე გავიარე, საკუთარი გახშირებული სუნთქვა ყველაფრის ხმას ფარავდა. ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი. ბნელი ოთახის ბოლოში კარიდან სინათლე შემოდიოდა. სინათლეს მივყევი და როცა ეს კარიც გავაღე, პატარა სავარძლებიან ოთახში აღმოვჩნდი. დაბალ მაგიდასთან ისხდნენ მაქსიმი და დევიდი, თითქოს ორივენი მე მელოდნენ. თითქოს არა, უდავოდ მე მელოდნენ, ორივეს ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. კარგი, დევიდი არაა პრობლემა, ანტონმა უთხრა, მაგრამ ნუთუ მაქსიმსაც გააგებინეს? კაცებს საიდუმლოების შენახვა არ შეუძლიათ! გავბრაზდი.
- ვიცოდი! ხომ ვამბობდი?! - წამოიძახა საკუთარი გონიერებით აღტაცებულმა მაქსიმმა. დავიბენი, ვერ გავიგე, ასე ჩემი ნახვა გაუხარდა თუ ის, რომ... - აბა, თქვენ სახლს ტყუილად დაალაგებდით?! - გადაიხარხარა. - ეგრეც ვიცოდი!
- რა იცოდი? - ჩემი უხერხულობის დასაფარავად, თავი მოვაჩვენე, თითქოს ძალიან მაინტერესებდა, რაზე ლაპარაკობდა.
- რა და ვიცოდი, რომ ვიღაც მოდიოდა და ვხვდებოდი, რომ ეს ვიღაც შენ იყავი. თავიდან კიდევ არაფერი, მაგრამ შენ გამო სახლის დალაგება რომ დაიწყეს, მერე უკვე მივხვდი, რომ რაღაცას მიმალავდნენ.
- რა პატივია... - მეც გავიცინე.
დევიდმა და ანტონმა დაიმორცხვეს, მაგრამ არ შეიმჩნიეს და სიცილში აგვყვნენ.
- ჩვენ ქვემოთ ჩავალთ... - შეპარვით წამოიწყო დევიდმა. ჩვენი მარტო დატოვება უნდოდა. გამიხარდა.
- ჩვენც წამოვალთ. - უპასუხა მაქსიმმა. ყველანი დავიბენით, მაგრამ არ შევიმჩნიეთ.
ისე მოხდა, რომ ყველაზე ადრე მე და მაქსიმი გამოვედით გარეთ. სიგარეტს მოუკიდა და კვლავ ეშმაკური ღიმილით შემათვალიერა.
- არ მოგენატრე? - შევაპარე უმანკო მზერით. თავიდან ორჭოფობდა, მერე გამოტყდა.
- მომენატრე...
- ბევრი დრო არ მაქვს, მალე უნდა წავიდე.
- როდის ჩამოხვედი?
- ახლახან ჩამოვედი და პირდაპირ შენთან მოვედი.
შევამჩნიე, რაღაც ვერ გაიგო.
- სად უნდა წახვიდე? ან ვისთან ერთად ჩამოხვედი?
- მარტო ჩამოვედი, შენ ჩამოგაკითხე და ხინესში უნდა დავბრუნდე.
სახეზე დამაკვირდა, ეგონა, ვხუმრობდი.
- მართლა?
- კი, მართლა... დაა ჰო, უკან წასასვლელი ფული არ მაქვს.
- ხუმრობ?
- არ ვხუმრობ, დედაჩემს ჰგონია, რომ ნატას აგარაკზე ვარ, არადა, ნატას აგარაკი საერთოდ არ აქვს.
- რომ დაგირეკოს?
- შენ არ ინერვიულო, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. ახლა თორმეტის ნახევარია. დრო შვიდ საათამდე გვაქვს, მერე უკან უნდა დავბრუნდე და ათი საათისთვის სახლში ვიქნები.
მაქსიმი გაოგნებული მიყურებდა. ალბათ, ფიქრობდა, რომ გავგიჟდი. სიგარეტი გადააგდო, ჩემკენ დაიხარა და მაკოცა.
დევიდთან და ანტონთან ერთად, ბურგერები და ფრი შევჭამეთ, მერე კინოთეატრში წავედით და ანიმაციურ ფილმს ვუყურეთ, იქიდან მყუდრო არტ-კაფეში დავსხედით და დავლიეთ, მე - ცხელი შოკოლადი, მან - ამერიკანო. არ ვიცი, რამდენ ხანს ვისხედით და ვუყურებდით ერთმანეთს გაბრწყინებულები. ალბათ, გამვლელები, ირგვლივ მყოფნი თვალს გულაჩუყებულნი აპარებდნენ ხოლმე ჩვენკენ, როგორც ხდება ხოლმე საზოგადოებაში მოსიყვარულე წყვილის გამოჩენისას. იქიდან წამოსულები, მაქსიმთან ავედით სახლში. შინ არავინ იყო. მის საძინებელში ისე შევედით, კარის გაღება არ დაგვჭირვებია. საწოლზე დავწექით, ერთმანეთს მივეხუტეთ და მომეჩვენა, თითქოს ოთახში ყველაფერმა სიმშვიდის ფერი მიიღო. ეს დაუვიწყარი იყო...
რვის ნახევარზე სადგურზე მიმიყვანა, ბილეთი მიყიდა და დამემშვიდობა. მაგრად ჩავეხუტე, მერე ნიკაპზე ვაკოცე და ჩემი ადგილი დავიკავე. დედამ მხოლოდ მაშინ დამირეკა. რატომღაც, აღარ ავღელებულვარ. დამაჯერებელი, მშვიდი ტონის გამო აღარც დედას გასჩენია რაიმე ეჭვი და არაფერი უკითხავს. გზაში ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, უკვე ხინესში ვიყავი. თითქოს ყველაფერი დამესიზმრა... ეს რომ სიზმარი ყოფილიყო, ალბათ, საუკეთესო სიზმარი იქნებოდა სამყაროში. რისთვის ვაკეთებთ ხოლმე სისულელეებს, როცა ვიცით, რომ ამას შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს? არ ვიცი... ალბათ, დაუვიწყარი მოგონებების, სასიამოვნო განცდების მისაღებად. ცხოვრება ემოციებია, ყველაფერს ემოციებით და ემოციებისთვის ვაკეთებთ.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი