ისღა დაგვრჩენია, "ფეისბუქის" პანაშვიდებზე ვიაროთ და ცუკერბერგს დაკარგულ "შვილობილთან" ერთად, გაღატაკებაც მივუსამძიმროთ.
ახლახან გავიგე, რომ დღეს ჩემი საყვარელი მწერალი ლექციას მართავს და წასვლა მომინდა, თუმცა იმავე დროს ქალაქში გასართობი ღონისძიებაცაა დაგეგმილი, როგორც „ფეისბუქის“ "ივენთიდან" ვგებულობ. აქ ჩემი რამდენიმე მეგობარი მიდის და მე ვერ ვწყვეტ, საით წავიდე - სულიერი ამაღლებისკენ თუ განტვირთვისკენ. ან იქნებ ჯობია, სახლში დავრჩე და მოვიფიქრო, როგორ შევინარჩუნო ურთიერთობა იმ საინტერესო ადამიანებთან, რომელთაც ძირითადად ვირტუალურ სივრცეში ვხვდები. ამის საჭიროება ნამდვილად არსებობს, რადგან შესაძლოა, მალე ჩვენი „ფეისბუქ პროფაილების“ ნაცვლად მონიტორიდან შავი თვალებით შემოგვანათოს წარწერამ - „გვერდი არ მოიძებნა“ (page not faunnd). რა გინდა, რომ ქნა? ისღა დაგრჩენია, "ფეისბუქის" პანაშვიდებზე იარო და ცუკერბერგს დაკარგულ "შვილობილთან" ერთად გაღატაკებაც მიუსამძიმრო.
თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, რაზე ვსაუბრობ, განგიმარტავთ: გასული თვის შუა რიცხვებიდან სხვა დასავლურ სოცქსელებში გამოჩნდა "ჰეშთეგი" - "დაუყოვნებლივ წაშალეთ თქვენი ფეისბუქები". არავინ იცის, რამდენმა ადამიანმა წაშალა "ექაუნთი", მაგრამ წარწერას დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი აქვეყნებს და მათ შორის, ცნობილი ადამიანებიც.
სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა ხდება. ალბათ, სადღაც ახალ "ფეისბუქს" "ჩეკს" ვინმე და კონკურენტების თავიდან მოშორება ამ გზით გადაწყვიტა. ან იქნებ წერილები, კონვერტები, მტრედები და შიკრიკები უნდა დაბრუნდნენ. მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს, მაგრამ არ მგონია, დრომ გამონაკლისი ჩემი ხათრით დაუშვას და უკან წავიდეს. "ფეისბუქს" კიდევ მიჩვეული ვარ და შეჩვეული ჭირის ამბავია, თუმცა ბოლომდე "ჭირს" ვერ დავარქმევ, ყოველ შემთხვევაში, მე არ "მეჭირება", რადგან არც დამოკიდებული ვარ და დღეში 5-წუთიანი "ასქროლ-ჩასქროლვა" არც მსოფლიო წესრიგის კალაპოტიდან მაგდებს, პირიქით.
"ფეისბუქი" რომ არა, ბევრი საინტერესო ადამიანი ჩემი თვალთახედვის მიღმა გააგრძელებდა ცხოვრებას, მე ვერც კი გავიგებდი, რომ სადღაც, ყველასგან მივიწყებულ უბანში სალონური საუბრები იმართება, ტრენინგებიც გამომრჩებოდა და საათობით მომიწევდა იმ მეგობრების ადგილმდებარეობის დადგენაზე ფიქრი, რომლებსაც არც კი ვიცი, რატომ აქვთ მობილური, რადგან არასდროს პასუხობენ მას, თუმცა ალბათ თვითონ იციან, რომ არც სჭირდებათ - ერთი "ჩექ ინ"-ით გატყობინებს, სად არიან და მეორე "თეგით", ვისთან ერთად არიან.
თუ ვინმე "ფეისბუქზე" დამოკიდებულია, ეს მისი პრობლემაა და არა "ფეისბუქის". ამ ლოგიკით, სასმელზე დამოკიდებულების გადასარჩენად, სასმელი უნდა „აღგავოთ პირისაგან მიწისა". შოკოჰოლიკების სახსნელად კი ყველა მაღაზიას ბოქლომი უნდა დავადოთ!
ახლა წავალ, ჯერ "ფეისბუქს" ბოლოჯერ "ჩავსქროლავ", თან მოვიქირებ, რომელ "ივენთს" ვესტუმრო. სახლში დარჩენა არ მინდა, რადგან იმედი მაქვს, "ფეისბუქის" "მოშთობა" ასე მარტივი არაა.
მარიამ ელიაშვილი
ონლაინ-ნაბიჯები - როგორ გავხდეთ პოპულარული სოციალურ ქსელებში