ხანმოკლე ძილის შემდეგ კიდევ უფრო სუსტად ვგრძნობდი თავს, სახსრები მტკიოდა. საწოლიდან ზანტად წამოვდექი და უსიტყვოდ წავედი სააბაზანოსკენ.
- ვახშამზე დაგვიანება ცუდი ტონია, აჯობებს, მოგვიანებით მიიღო აბაზანა - მითხრა იუმიკომ.
- ამაზე ცოტა ადრე უნდა გეფიქრათ. ახლა უჩემოდ წადით. ვეცდები, მალე შემოგიერთდეთ.
- თუ იჩქარებ, შეგვიძლია ცოტა ხნით დაგელოდოთ.
- არა, გვანცა, უჩემოდ წადით.
მარმარილოსფერ საშხაპეში შევაბიჯე, ხალათი დავკიდე და წყალი მოვუშვი. თბილი წყლის ნაკადმა მოდუნებული სხეული გამიმკვრივა, ქუთუთოებიდან ნელ-ნელა სიმძიმე მომეხსნა. პირში არასასიამოვნო, მოტკბო-მომჟავო გემო მქონდა. ოთახში ჯაგრისის ასაღებად ხალათით გამოვედი. სანამ ჩემს ტუმბოზე მტვერის წმენდის პროცესში ადონსიას შევისწრებდი, კარის თუ უჯრის დაკეტვის ხმა მომესმა.
- სენიორიტა, მეგონა, ვახშმობდით სხვებთან ერთად.
- არა, სენიორიტა, აბაზანაში ვიყავი.
შეკრთა.
- ძალიან გთხოვ, შეწყვიტე ასე მომართვა, თავს უცნაურად ვგრძნობ.
- კარგი, სენიორრ… პარდონ, ასეთი ჩვევა მაქვს.
- კარგი. არ ვიცი, ესპანეთში განსაკუთრებულად აქტიური მტვრის ნაწილაკები ბინადრობენ თუ რაშია საქმე, მაგრამ სანამ აქ ვარ, ჩემს ოთახს თავად დავალაგებ. პარდონ, ასეთი ჩვევა მაქვს.
- მაგრამ…
- მაპატიე, ახლა მაგვიანდება, მოგვიანებით ვილაპარაკოთ. - ოთახის კარი გავუღე და სიტუაციის განსამუხტავად ვეცადე, მეგობრულად გამეღიმა. თავისი ატრიბუტები მოიმარჯვა და ოთახიდან თავჩახრილი გავიდა. ტუმბო გავხსენი, ჩანაწერები ამოვიღე და გარდერობში, ფეხსაცმელების ქვემოთ დავდე. უკეთესი სამალავი არ მომაფიქრდა. თავადაც არ ვიცოდი, ვის ვუმალავდი. გვანცას ჩემი ჩანაწერები არასდროს დააინტერესებდა. სხვა, ძალიანაც რომ ნდომებოდა, ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ უბრალოდ, ინტუიციას ვენდე.
დერეფანში სასიამოვნო მელოდია აღწევდა. ვერანდაზე გამოსულს სიცივისგან შემაკანკალა. ზემოდან შადრევანთან მოგიზგიზე კოცონი დავინახე. “რა მეტიჩრობაა, მომინდომეს ამ სიცივეში ღია ცის ქვეშ ვახშამი” - გავიფიქრე და სპირალური კიბის მოაჯირზე მოჭიდებული ფრთხილად ჩავედი ძირს. ყველანი მრგვალ მაგიდას შემოსხდომოდნენ. ამენადიელი ფეხზე წამოდგა, მისგან სამი ადგილის გამოტოვებით სკამი გამომიწია.
- მას შემდეგ, რაც ბედისწერაზე შენი აზრი დააფიქსირე, არ მიკვირს, რომ წვეულებაზე ბოლო მოხვედი.
- ვერ ვიხსენებ, ბედისწერაზე გვესაუბროს, შენ ალბათ ჭვრეტა გინდოდა გეთქვა. დაგვიანებისთვის ვწუხვარ, სუსტად ვიყავი. ალბათ, აკლიმატიზაციას განვიცდი. - ხუთჯვრიანი დროშა ჩემს ადგილას, ჩემივე სახელითა და გვარით მხოლოდ მას შემდეგ შევნიშნე, რაც დავჯექი.
- ახლა როგორ ხარ?
- უკეთ ვარ, მადლობა. - ამენადიელი თავის ადგილს დაუბრუნდა. მარჯვენას და უმშვენებდა, მარცხნივ კი თმაშევერცხლილი, შუახნის მრგვალსახიანი ესპანელი არქეოლოგი ხუან ფრანკო ეჯდა. რატომ უნდა მიხვიდე წვეულებაზე დათქმულ დროს, როცა შეგიძლია გამოტოვო უცხოობის პირველი უხერხული წუთები და დატკბე ღვინით გაბრუებული სტუმრების თვალიერებით?! ჩემსა და ხუან ფრანკოს შორის ისხდნენ შავკანიანი ამერიკელი დეივ ვაითი და ალისია სესპედესი - კუბელი გოგონა მეჩხერი კბილებით. ჩემგან მარცხნივ მჯდომი ბეგლარ ერგენჩი დიდ მრგვალ თვალებს უბრიალებდა გვანცას. ნასტასია მოროზოვის კეკლუცი თვალები და რუსული აღვირახსნილი გამომეტყველება რატომღაც ძალიან მაღიზიანებდა. ლაშა-გიორგი ამერიკელ დიდლოყება ჯეკ სმიტს ქართულ სამზარეულოზე უყვებოდა.
- ხაჭაპური პიცის ქართული ვერსიაა, სხვადასხვა რეგიონში მომზადების განსხვავებული მეთოდი აქვთ. ამ კერძის მთავარი ინგრედიენტი უნიკალური ყველია. ჩემი ფავორიტი აჭარული ხაჭაპურია, ყველითა და კვერცხით.
- ჩემი მეგობარი იყო გასულ ზაფხულს საქართველოში, რაღაც ფარშირებულ ცომიან კერძზე მიყვებოდა. როგორც ვიცი, ღვინოც საუცხოო გაქვთ.
- აჰ, შენ ალბათ ხინკალს გულისხმობ. ეს ნამდვილი კლასიკაა!..
იამოკოს, თითქოს იქ იყო და არც იყო, სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
წინ მადისაღმძვრელი პაელია დამიდეს.
- რელიგია პოლიტიკური სამართავი იარაღია, მეტი არაფერი! …და ამაზე ორი აზრი არც უნდა არსებობდეს ცივილურ სამყაროში. - უმტკიცებდა დოროთეა რუსოსს უკიდეგანოდ თავდაჯერებული იოჰან მიულერი.
- და შენს წარმოსახვაში როგორია ცივილური სამყარო? - ჰკითხა ირონიულად ბერძენმა.
- სამყაროს განვითარებისთვის საჭიროა მეტი პრაგმატული, მუდმივად წინსვლაზე ორიენტირებული, რაციონალურად მოაზროვნე, აქტიური ადამიანი.
- უაზრობაა წინსვლა, თუ უკეთესობისკენ არ მიისწრაფვი… ნებისმიერ გზას სიკვდილამდე მივყავართ და რა იქნება მერე, თუ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო პრაგმატული და რაციონალური, მაგრამ უსულო? - დოროთეას ამობურცულ ქუთუთოებში ღრმად ჩამჯდარი მონაცრისფრო თვალები და იდეალურად სწორი ცხვირი ჰქონდა.
- სიკეთის კეთება კონკრეტული მიზნების მისაღწევად ხომ ანგარებაა?
- ანუ? - წარბები მაღლა აზიდა.
- ანუ ეგ შენი სულიერება სიყალბე და ფარისევლობაა, მეტი არაფერი. რელიგია, ღმერთი, საღვთო წიგნები და სხვა სისულელეები სწორედ შენნაირი მარტივად სამართავი ადამიანებით მანიპულირებისთვისაა მოგონილი.
- თანამედროვე გერმანელები უფრო ტოლერანტული და კულტურული ხალხი მეგონა.
- მაპატიე, დამავიწყდა, რომ ჩემი თანამოსაუბრე მითოლოგიისა და ქალღმერთების ქვეყნიდანაა. - თქვა უემოციოდ და წყალი მოსვა.
- იოჰან, თუ შენი მიზანი განვითარების უმაღლესი საფეხურია, მინდა გითხრა, რომ ამ იდეოლოგიით ვერასდროს მიიღებ სასურველ შედეგს. შენ შეიძლება განვითარდე კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ იყოს ცხოვრებისეული მიზანი. იცი, რა არის ტვინი? ტვინი უბრალოდ ნეირონების აბლაბუდაა - ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური მატერია. აი, გონება კი ცნობიერების ისეთივე ფილოსოფიური კატეგორიაა, როგორიცაა გონი, თვითშეგნება, ჭვრეტა და სული. მოკვდავთა ძალებს აღემატება ამ ხუთი კომპონენტის ერთდროულად ფლობა, მაგრამ ზოგჯერ საკმარისია სწორად შეარჩიო მიზანი და გწამდეს, რომ მიაღწევ… თუნდაც შორეული პლანეტის მწვერვალივით მიუწვდომელი ჩანდეს ის.
- კარგი, განაგრძე ოცნება შორეული პლანეტის მწვერვალის დაპყრობაზე, - როგორც იქნა, იოჰანის სახეზე წრფელი ემოცია დავინახე, როცა მან გულიანად გადაიხარხარა.
პირსინგიანი გაბრიელა ფრანჩესკოლი და ჟანა დურანტი პრადას მოდის კვირეულზე საუბრობდნენ.
- ნეტავ, რანაირი არქეოლოგები გამოვა ამათგან?! - გადმომიჩურჩულა ბეგლარ ერგენჩმა.
- რატომ?
- ტიპური ფრანგი და იტალიელი. მაგათი ადგილი პოდიუმზე, მაქსიმუმ, ჟურნალის გარეკანზეა. მიწის ქანებთან და ისტორიასთან არაფერი ესაქმებათ.
ჟანას თვალს არ აშორებდა არაბი სტუდენტი ამან ვეჰბე. სალომეს მარჯვნივ მჯდომი ბრიტანელი ყმაწვილი უილიამ უოტსონი კი ისე ვნებიანად მიირთმევდა კრევეტებიან პაელიას, გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ დამეგემოვნებინა ესპანელების ეროვნული სიამაყე. მოტკბო მოცხარო გემოს იდეალურად ეხამებოდა ნივრისა და ზაფრანას არომატი. ასეთი გემრიელი ზღვის პროდუქტებით მომზადებული კერძი აქამდე არასდროს გამისინჯავს...
- ვხედავ, ერთმანეთს უკვე გაეცანით და საერთო ენაც გამონახეთ. - სალომე ფეხზე წამოდგა.- მიხარია, რადგან ჩვენ დღეიდან ერთი გუნდი ვართ! დიდი დროის გატარება მოგვიწევს ერთად და ჩვენივე საერთო მიზნისთვის უმჯობესია, დროულად განვივითაროთ გუნდური მუშაობის უნარი. პრაქტიკულ სამუშაოებს 5 იანვარს დავიწყებთ, მანამდე კი თქვენი თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებაზე ვიზრუნებთ მე, ამენადიელ ბაგრატიონი და ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და მაღალკვალიფიციური არქეოლოგი ხუან ფრანკო. ხუანის ქებით თავს არ მოგაბეზრებთ, მისი მიღწევების შესახებ არაერთი სტატია შეგიძლიათ თავად მოიძიოთ ინტერნეტში. - ხუანმა ფართოდ გაიღიმა. ლოყები შეუფერადდა. - ადონსია დაგირიგებთ ბარათებს, რომლებზეც შესასწავლი საგნების სია, ექსკურსიის მარშრუტი და დღის განრიგი დეტალურადაა აღწერილი.
დღეს კარგად გამოიძინეთ. ხვალ დილის შვიდ საათზე ბუფეტში საუზმე მზად დაგხვდებათ. რვის ნახევარზე მეორე სართულზე საკონფერენციო დარბაზში შევხვდებით. წინ არაერთი გამოწვევა, ბევრი შრომა და რაც მთავარია, დიდი გამოცდილება გელით!
***
ღრმად მეძინა. ვერაფრით გავიხსენე, რა მესიზმრა. მაღვიძარის დარეკვამდე ხუთი წუთით ადრე გამეღვიძა. ჯერ კიდევ ბურანში ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო და როცა გამახსენდა ალბაისინი, ოთახის მეზობლები, დღის განრიგი და ალჰამბრა, ლამის გავბედნიერდი… მაგრამ “ლამის” ნიშნავს, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე - და გონებამ თბილისური თავგადასავლები ამოატივტივა ნაგავივით, რომელსაც ბობოქარი ღამის მომდევნო განთიადზე გამორიყავს ხოლმე ზღვა.
მობილური ჩავრთე. რამდენიმე წამი დაბზარულ ეკრანს დავჩერებოდი… ღილაკს თითი დავაჭირე და ეკრანი კვლავ ჩაქრა…
ჩემი ესპანური რუტინა ასე დაიწყო: წყალი გადავივლე, გავაღვიძე იამოკო და როგორღაც გვანცაც. სწრაფად ჩავიცვი. პირველ სართულზე, ბუფეტში დანარჩენებთან ერთად ვისაუზმე, რძიანი ყავა და ტოსტადა (გახუხული პური ზეითუნის ზეთით, პომიდვრით და ლორით) მივირთვი. რვის ნახევრისთვის კი უკვე სხვა სტუდენტებთან ერთად მეორე სართულზე, დიდ თეთრ საკონფერენციო დარბაზში ვიყავი.
- მოგესალმებით. - კარი შემოაღო ხუან ფრანკომ, თავის ადგილს სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა, არ დამჯდარა საქაღალდეები საქმიანი გამომეტყველებით გადაფურცლა-გადმოფურცლა, დახურა, დადო და თავჩახრილი, ხელებით დაეყრდნო მრგვალ მაგიდას.
- არქეოლოგიური კვლევის მეთოდიკა; ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიის, ეპიგრაფიკისა და დიპლომატიკის საფუძვლები; მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია - ეს ის საგნებია, რომლებიც ამ დროისთვის სიღრმისეულად შესწავლილი უნდა გქონდეთ. მე მათ გამეორებაში, განმტკიცებასა და ახალი რაკურსით კიდევ უფრო ღრმად დანახვაში დაგეხმარებით. - რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ თავი ასწია და იკითხა - რა არის არქეოლოგია?
პასუხის გაცემა არავინ ისურვა, აქა-იქ სიცილის ხმაც გაისმა.
- პასუხი არავის აქვს?
- ხუმრობთ? - იკითხა ნასტასიამ.
- რატომ გგონია, რომ ვხუმრობ? - შეუბრუნა კითხვა, მშვიდად იღიმოდა.
- იმიტომ, რომ მართლა ვერ გავიგე, ეს რამე ახალი, სწავლების ფილოსოფიურად პრიმიტიული მეთოდია თუ იუმორი?
- ფიქრობთ, ზედმეტად ჭკვიანები ხართ იმისთვის, რომ მარტივ შეკითხვებს უპასუხოთ, ეს თქვენთვის სასაცილო და ცოტათი დამამცირებელიც გგონიათ, არა? - უცებ დასერიოზულდა და მკაცრი ტონით განაგრძო, - სწორედ ესაა შეცდომა! უმაღლესი სირთულის ამოცანების ამოხსნის დროს, იცით, სტატისტიკურად ყველაზე ხშირად სად უშვებენ შეცდომებს? იქ, სადაც დარწმუნებულები არიან, რომ არ დაუშვებენ. როდესაც თვლით, რომ ინფორმაცია თვალსაჩინოა, ზუსტად მაშინ აღმოჩნდება, რომ ის ხარვეზიანი და არასრულია. წვრილმანი პატარაა, მაგრამ ბევრი. ამიტომ, მსჯელობა უნდა დაიწყოთ საწყისიდან, რომ გახვიდეთ ბოლოში! შენი სახელი შემახსენე.
- ნასტასია მოროზოვი.
- ნასტასია, რა არის არქეოლოგია?
- არქეოლოგია არის წარსულთან დამაკავშირებელი ჯაჭვი, რომელიც გვახსენებს, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. - თქვა მოჭუტული თვალებით, საკუთარი კრეატიულობით აღტაცებულმა.
- საინტერესო მხატვრული განმარტებაა. კარგია, მაგრამ მე კონკრეტული, პირდაპირი პასუხი მჭირდება. - რა არის არქეოლოგია?
- მეცნიერება, რომელიც შეისწავლის წარსულს. - უპასუხა იოჰანმა.
- დიახ, მაგრამ, როგორ?
- იკვლევს.
- როგორ?
- არტეფაქტებზე, არქიტექტურულ ძეგლებზე, ბიოფაქტებსა და ნივთიერ კულტურულ ძეგლებზე დაკვირვებით. - თქვა ლაშა-გიორგიმ.
- დიახ! სწორი პასუხია! - წამოიძახა გამარჯვებულივით.
- გერმანელი ფილოსოფოსი და თეოროლოგი გეორგ ვილჰემ ფრიდრიხ ჰეგელი თვლიდა, რომ ცნობიერების განვითარების პროცესი გაუცხოების ამოხსნაა, ეს გზა კი ცნობიერების უმარტივესი ფორმით - “გრძნობადი უეჭველობით” იწყება. - ხუანმა სწრაფად გადაფურცლა ერთ-ერთი საქაღალდე და ხმამაღლა წაიკითხა - “ცნობიერების განვითარება, მისი მოძრაობა ცნობიერების უფრო რთული და სრულყოფილი ფორმებისაკენ ამავე დროს ამაღლებაა მოჩვენებითი, ბუნებრივი ცოდნიდან აბსოლუტურ ცოდნამდე — ფილოსოფიამდე. ცნობიერება საკუთარი შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევის გზით მაღლდება თვითცნობიერებამდე. ეს უკანასკნელი გომები საფეხურს აღწევს, გონება თავის საფუძველს გონში პოულობს.” გესმით, რას ვგულისხმობ?
ყველა დუმს…
- მინდა, რაც თქვენს სასწავლებლებში ისწავლეთ აქ ჩამოსვლამდე, ყველაფერი კარგად გაიაზროთ. მინდა, თქვენი მოჩვენებითი ცოდნა აქციოთ აბსოლუტურ ცოდნად და ამისთვის უნდა იაზროვნოთ! სწორად შერჩეული კითხვებით აუცილებლად მოძებნით საჭირო პასუხებს!
მივხვდი, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვინც არ გაითვალისწინა სალომეს რჩევა ხუანის კვალიფიკაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით. ყველანი ზუსტად ერთნაირი დაბნეული, გაოცებული და ცოტათი შეშინებული ვუყურებდით პროფესორს და ვფიქრობდით, რომ ის ან არაფრის გონზე არ იყო და მაგრად აფრენდა, ან ზედმეტად ბევრი იცოდა და მაგრად აფრენდა. ისე, რა პარადოქსული ფრაზაა “ზედმეტის ცოდნა” და რა კიდევ უფრო პარადოქსულია “ზედმეტი ცოდნისგან გაფრენა”, არა?! ხუანის პირველმა ლექციამ ასე, გაუთავებელი კითხვა-პასუხებით ჩაიარა, რამაც მართალია, ჩვენში უნდობლობა გამოიწვია, თუმცა დრო ისე გავიდა, ვერაფერი გავიგეთ. ხანმოკლე შესვენების შემდეგ დარბაზში სალომემ ჩაგვიტარა ტრეინინგი აბსოლუტური არქეოლოგიური დათარიღების ერთ-ერთ უძველეს მეთოდზე - დენდროქრონოლოგიაზე და დაგვირიგა საკრედიტო ბარათები. შემდეგ იყო ზღაპრული სამეტაპიანი ლანჩი ბუფეტში: 1. პიპირანა - გემრიელად შეკმაზული პატარა კუბებად დაჭრილი კიტრის და პომიდვრის სალათა; 2. ლორი ყველის ფირფიტასთან და ზეთისხილთან ერთად; 3. დესერტი - უგემრიელესი ფლანი კარამელით…
…დაბოლოს, როგორც იქნა, ყველასთვის ნანატრი წამიც დადგა: პირველი ექსკურსია გრანადაში.
მოვიკიდეთ პატარ-პატარა ზურგჩანთები და მიკროავტობუსით გავუყევით გრანადის მწვანეში ჩაფლულ თეთრ ლაბირინთებს. ფანჯრიდან ვხედავდი მოსეირნე ტურისტებს და ჯადოსნური ქალაქის ადგილობრივ მცხოვრებლებს და ვფიქრობდი, რომ მათთვის ალბათ, გრანადა სულაც არაა ასეთი ჯადოსნური და საუცხოო, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს ცვლიდა. ავტობუსი ჯერ ბანკთან გაჩერდა, სადაც საკრედიტო ბარათებიდან კუთვნილი ჰონორარის ნაწილი ყველამ გავანაღდეთ სურვილისამებრ. შემდეგი გაჩერება ალჰამბრის სასახლისკენ მიმავალ ფეხით სავალ ბილიკთან იყო. როცა მიხვეულ-მოხვეულ აღმართებზე ფოტოაპარატებიან ტურისტებს შევუერთდით, ბეგლარი გვერდით ამომიდგა და ჩვეული სკეპტიკური ტონით დაიწყო ხმადაბლა ლაპარაკი.
- მაინც ვერ ვიჯერებ, ჩვენ, რამდენიმე საერთოდ არაფრით გამორჩეულმა სტუდენტმა, რით დავიმსახურეთ ასეთი პატივი… უამრავი გაცვლითი თუ პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ მსმენია, წამიკითხავს, უამბიათ, მაგრამ ეს… ეს ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, დაუჯერებელია!
- ნამდვილად, ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო და უკვე ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა! - დავეთანხმე ღიმილით, მაგრამ უკმაყოფილო გამომეტყველებაზე შევამჩნიე, რომ სათქმელს ვერ მივუხვდი.
- არა, არა! შენ ვერ ხვდები. აქ რაღაც საეჭვო ხდება, დამიჯერე!
- რას ამბობ? - თვალები გამიფართოვდა. - ნუთუ არ შეგიძლია, უბრალოდ დატკბე სანახაობით და შეწყვიტო ეჭვიანობა?
- ინტერნეტში მაინც წაიკითხე გაცვლით პროგრამებზე, პრაქტიკებზე! იცი, სტუდენტები რა პირობებში არიან? ბევრი მშობლების მთელი ცხოვრების დანაზოგს იხდის, რომ უცხო ქვეყანაში მიიღოს განათლება ან გაიარონ პრაქტიკული კურსები და ღამეს მაქსიმუმ, ჩვეულებრივ, იაფფასიან ბინებში ან საერთო საცხოვრებლებში ათევენ. ჩვენ კი სამსართულიან სასახლეში ვცხოვრობთ! უმეტესობა ასეთი სტუდენტებისა, შიმშილობს, ომლეტი ფუფუნებად ეჩვენებათ და ჩვენ მდიდრული კერძებით დატვირთულ გრანდიოზულ სუფრებს გვიშლიან! როცა რესურსს ხარჯავ, ხომ უნდა გიღირდეს, არა? კარგი, დავუშვათ თითოეულ ჩვენგანში მართლაც დიდი პოტენციალია, მაგრამ ღირს კი ახალბედა, თუნდაც უნიჭიერესი არქეოლოგების გაწვრთნაში ამხელა თანხის დაბანდება, როცა უამრავი შემდგარი სპეციალისტი შეუძლიათ გამოიყენონ? ისინი ჰონორარსაც კი გვიხდიან! არ დაფიქრებულხარ, რატომ?
“არა, ბეგლარ, ამაზე ნამდვილად არ დავფიქრებულვარ და ვშიშობ, შენს ეჭვებს აქვს საფუძველი”, - გავიფიქრე და ვკითხე:
- და, მაინც რატომ?
- წარმოდგენა არ მაქვს…
“ჰო, უნდა ვაღიარო, ასეთი შესავლის შემდეგ უფრო საინტერესო პასუხს ველოდი! იმედი გამიცრუე, ბეგლარ…”. სწრაფი ნაბიჯით განაგრძო სვლა და უკან დამტოვა უპასუხო კითხვებთან ერთად. რა ეგოიზმია, ეჭვებით გულგაღრღნილი, ასე უბრალოდ ადგე და სხვასაც გადასდო ისინი, როცა ამით არც არაფერი გაკლდება და არც გემატება. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ამ ბიჭმა, რომ თავისი აზრები თუ განცდები მაინცდამაინც მე უნდა გამიზიაროს?
ხანდახან მინდა, უბრალოდ გამოვრთო გონება და ფიქრისგან დავისვენო, განვიტვირთო უგონო სიმსუბუქით, პრიმიტიული სილაღით… როდის, როდის იქნებოდა უკეთესი მომენტი ამის გასაკეთებლად, თუ არა მაღლა, ალჰამბრისკენ მიმავალ გზაზე? მაგრამ არა! სამყარო ხომ ყოველთვის მაიძულებს, გამოვიზოგო ჩემი წილი პოზიტივი და ბედნიერება?! დავემორჩილე მას და გზა კვლავ არასასიამოვნო ფიქრებით დამძიმებულმა განვაგრძე.
ერთი მხრივ, ვინმეს რომ ჩვენზე რამის დაშავება ნდომებოდა, ამისთვის რა საჭიროა მდიდრული კერძები, ზღაპრული ვოიაჟი და ჰონორარი? ან რატომ უნდა შევეკრიბეთ მაინცადამაინც ჩვენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან? რა გვაქვს საერთო, გარდა არქეოლოგიისა?
მაგრამ, მეორე მხრივ, რისი გაკეთება შეგვიძლია, თუნდაც განსაკუთრებული ნიჭის მფლობელი სტუდენტები ვიყოთ, მათი ხარჯის ასანაზღაურებლად, რომ აღარაფერი ვთქვა მოგებაზე? რაში აწყობთ ჩვენზე ამხელა რესურსების დახარჯვა? აბსურდია, რაღაც ნამდვილად ვერაა რიგზე.
გაგრძელება იქნება სამშაბათს