წვეულებისთვის უამრავი რამ ჰქონდა მოსაწესრიგებელი, მას კი ძალა აღარ შესწევდა. სიამოვნებით დაახლიდა გულში ტყვიას გოგი ასათიანს, მაგრამ აბა, როგორ? გააჟრჟოლა. მსგავსი რამ არასდროს გულში არ გაუვლია. ახლა კი რაზე ფიქრობდა! თავისი თავი ციხეში წარმოიდგინა და ამან მთლად მოშალა. რა ამბავი ატყდებოდა! ვიღას ეხსომებოდა, სანდროსთან ერთად რომ გაიპარა სამი წლის წინ. მონაგონი იქნებოდა ამ ამბავთან ის ამბავი. ისე, რას იზამდა გუჯი, იას მართლა რომ მოეკლა ასათიანი? გაშორდებოდა თუ ციხეში მიაკითხავდა სანახავად? რა სისულელეა. ვის რაში სჭირდება მკვლელი ცოლი! ამის გაფიქრებამ თავზარი დასცა, სახეზე საბანი დაიფარა და მწარედ ამოიკვნესა…
გუჯი დილიდანვე შეუდგა ხელშეკრულებაზე მუშაობას. რამდენიმე პუნქტი შეასწორა და ახალი ვარიანტი ორ ეგზემპლარად ამობეჭდა. ოთხი საათისთვის ბიზნესპარტნიორებს ისევ უნდა შეხვედროდა, რათა ჩასწორებული ვარიანტისთვის ხელი მოეწერათ. გუშინ ასე შეთანხმდნენ. იმდენად სერიოზულ ხალხთან მოუწევდა თანამშრომლობა, რომ ხელშეკრულების ჩასწორება ვერავის ანდო, ვერც მოადგილეს და ვერც თანაპარტნიორს. ყველა პუნქტი თვითონ უნდა გადაესინჯა საგულდაგულოდ და ჩაესწორებინა. რამე რომ გაპარულიყო, სირცხვილს ჭამდა.
როცა საქმეს მორჩა, კმაყოფილმა ხელები მოიფშვნიტა და იას გასძახა. მის ნაცვლად კაბინეტში ლიდამ შემოიხედა.
_ მეძახდით, ბატონო გუჯი?
_ შენ ია ხარ? _ გაუღიმა ოჯახის უფროსმა.
ლიდა მიხვდა, მისი დამქირავებელი ამაღლებულ განწყობაზე რომ იყო და გაიცინა.
_ რა ვიცი, მე ლიდად მომესმა და… ახლავე ვეტყვი, ამწუთას! _ თქვა ქალმა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
სანამ ცოლი მოვიდოდა, გუჯი რამაზ ქავთარაძეზე ფიქრმა გაიტაცა. ფიქრობდა და უკვირდა, რომ მასზე გამარჯვებით გამოწვეულ სიამოვნებას კი არ გრძნობდა, არამედ გულში დაბუდებულ სიცარიელეს.
დერეფანში სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა და კაბინეტში ია შემოვიდა. კი არ შემოვიდა, ქარივით შემოინავარდა. სათვალე გაეკეთებინა და თავისი საყვარელი კიმონო ჩაეცვა, რომელსაც ზურგზე უზარმაზარი დრაკონი ეხატა. თმა აწეწოდა და ლოყები გასწითლებოდა. ისე მძიმედ სუნთქავდა, რომ ძლივს მოახერხა ეთქვა:
_ მეძახდი, გუჯი? _ ქალი მეუღლის სამუშაო მაგიდის წინ დადგა, ცხვირზე ჩამოწეული სათვალე შეისწორა და მამაკაცს მიაჩერდა.
_ თუ რამე მნიშვნელოვან საქმეს მოგწყვიტე, წადი და როცა გათავისუფლდები, მერე მოდი, _ თბილი მზერით შეათვალიერა ქმარმა პატარა ბავშვივით მიამიტი ცოლი.
_ არა, ისეთი არაფერი. ოთახებს ვალაგებ, რაღაცებს ვაწესრიგებ. ხვალ საპასუხისმგებლო საღამო გვაქვს, ქვეყნის რამეა მოსასწრები.
_ მერე ეს რა შენი საქმეა, ასი ქალი დაგახვიე თავს და შენ რატომ იკლავ თავს?
_ მეც მინდა მონაწილეობა მივიღო. ვინ რას გააკეთებს, თუ მითითება მე არ მივეცი? ეს სამი ქალი, შენ რომ დღეისთვის დაიბარე, თვალით არ მყავს ნანახი და რა ვიცი, როგორ ალაგებენ სახლს? ამიტომ თვალი აუცილებლად უნდა მივადევნო.
_ კარგი რა. ასე თუ გადაყევი და ინერვიულე, არც სუფრა მინდა და არც სტუმრების მოწვევა. დიდი ამბავი, რამდენიმე ლაქა თუ დარჩათ სადმე, როგორმე ავიტან. ამით ჩემი რეპუტაცია არ შეილახება.
მისდა გასაკვირად, ამ სიტყვებზე ია საშინლად გაფითრდა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
_ ეჰ… ზოგიერთი ლაქის დაფარვა ძალზე ძნელია, გუჯი. ზოგჯერ გადამწყვეტი ზომების მიღებაა საჭირო, _ ორაზროვნად ჩაილაპარაკა და წამწამები დახარა.
მამაკაცს არ ესიამოვნა, ცოლს აღელვება რომ შეატყო. ია რაღაც უცნაურად იქცეოდა.
_ მე მგონი, ამ წვეულებას შენ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებ. დაიკიდე, რა. აჯობებს დაისვენო, უშენოდაც მოგვარდება ყველაფერი. ლილი აქ არაა? ის მიხედავს მაგ ქალებს.
_ არა, გმადლობთ, _ თავი ჯიუტად გადააქნია იამ, _ რამე საქმე გქონდა ჩემთან? დროზე მითხარი და წავალ.
_ ისეთი არაფერი. შენი რომანი მინდოდა დამებრუნებინა, _ ეშმაკურად გაიღიმა მამაკაცმა და თითი მის წინ დადებული სქელი საქაღალდისკენ გაიშვირა.
_ ჩემი რომანი? _ იამ ახლაღა შეამჩნია მაგიდაზე საქაღალდე და უეცრად სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, _ საიდან მოხვდა ჩემი ხელნაწერი შენთან? სანდრომ დააბრუნა?
_ მე ვთხოვე გამოეგზავნა. სანდრომ მისი წაკითხვა ვერ მოასწრო და, ჩემი აზრით, არც იყო საჭირო. ნაღდად არ მინდა მისმა შეფასებამ დაგაინტერესოს. უფრო ნიჭიერი და მწერლობაში ღრმად ჩახედული ადამიანებიც არსებობენ. შემიძლია გაგაცნო, მათ წააკითხო და აზრიც მოისმინო. კომპეტენტურ ადამიანებზე მაქვს საუბარი.
_ განა სანდრო კომპეტენტური არ არის? ის ხომ ცნობილი პოეტია. მე მგონი, ობიექტურად შემიფასებდა და მეტყოდა, ღირს თუ არა მისი დაბეჭდვა.
_ არა მგონია, სანდრო ობიექტური ყოფილიყო, _ ჯიუტად შეეწინააღმდეგა გუჯი, _ ამაში ძალიან მალე თვითონ დარწმუნდები. სხვათა შორის, სანდროც ეთანხმება ჩემს აზრს. ის, პირველ რიგში, პოეტია და არა მწერალი. რომანი რომანისტმა უნდა შეაფასოს და არა მოპოეტო ელემენტმა.
იას ძალაუნებურად გაეცინა.
_ შემთხვევით, ხომ არ ეჭვიანობ? აკი გითხარი, ამის არანაირი საბაბი არ გაქვს-მეთქი. მე მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს.
_ არც ვეჭვიანობ და არც საფუძველი მაქვს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ისიც ზუსტად ვიცი, რომ არც მომავალში მექნება.
_ ნამდვილად არ გექნება, _ დაუდასტურა ცოლმა, თუმცა არ გაუღიმია, საქაღალდეს ხელი დაავლო და ოთახიდან გასვლა დააპირა.
_ ერთი წუთით მოიცადე! _ შეაჩერა გუჯიმ.
ია შემობრუნდა, გულზე ხელნაწერი ჰქონდა მიხუტებული.
_ დამიტოვე ეგ რომანი და ვინმე სერიოზულს წავაკითხებ. მეგულება ერთი ადამიანი, გამომცემლობის დირექტორია. შეიძლება შენც იცი, ძალიან კარგი მწერალია, თანამედროვე. დაველაპარაკები, წაიკითხავს და მერე დაბეჭდვაზეც ვიფიქროთ. რაში გჭირდება სხვისი დახმარება. ნახევარ საქართველოს ვიცნობ, საჭირო კაცი ვერ მომიძებნია?
_ და მეორე ნახევარი შენ გიცნობს, _ ღიმილით ჩაამთავრა გუჯის წინადადება იამ და თვალებში ციცინათელები აუცეკვდა, მაგრამ მხოლოდ მყისიერად. რამდენიმე წამში მზერა კვლავ ჩაუქრა.
_ ამაზე ვერც ვიოცნებებდი… ვერასდროს.
_ რატომ, ჩემზე მეტად სანდროს ენდობი? _ `ტკბილად~ შეეკითხა.
იას ისევ ჩაეცინა:
_ არა, უბრალოდ, კარგად გიცნობ. არ მინდა რომელიმე გამომცემელი დააშინო და ისე გამოაცემინო ჩემი რომანი ან ფული შეაძლიო. ჩემთვის ასე მაინც გაუგებარი დარჩება, მოეწონათ და იმიტომ დაბეჭდეს, თუ შენ ხათრი ვერ გაგიტეხეს… ან შენს ფულს. მირჩევნია, როგორც დამწყებმა ავტორმა, თავად ვცადო ბედი. თუმცა ზრუნვისთვის დიდი მადლობა. _ მშრალად ესროლა ქმარს მადლიერების გამომხატველი სიტყვები და სწრაფად გავიდა.
გუჯიმ გახედა, როგორ გაიხურა ცოლმა კარი და ჩაიბურტყუნა:
_ ჯანდაბა!
რა თქმა უნდა, ია მართალი იყო. რომანის დაბეჭდვა მისთვის სირთულეს სულაც არ წარმოადგენდა. იცნობდა რამდენიმე გამომცემელს და თუ ფულს გადაუხდიდა, სიამოვნებითაც დაუბეჭდავდნენ `იდუმალ ქალს~, ამის გაკეთება უფულოდაც შეეძლო, მაგრამ როგორ მიიღებდა მკითხველი მისი ცოლის ნაწარმოებს? ღირდა კი გამოცემა? მისთვის არც ის იყო პრობლემა, რომელიმე კარგი მწერლისთვის ან თუნდაც კრიტიკოსისთვის ეთხოვა მისი წაკითხვა და აზრის გამოთქმა. ჰო, ჯობდა ასე მოქცეულიყო, რომ იას ქმრის გულწრფელობაში ეჭვი არ შეეტანა.
ჯერ კიდევ ამაზე ფიქრობდა, როცა ოთახში ლილი შემოვიდა. ქალს კმაყოფილების ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე.
გუჯი წამოდგა და დეიდამისისკენ გაემართა.
_ მოხვედი, ლილი? გამიხარდა. იას დღეს შენი დახმარება ძალიან სჭირდება.
_ ჰო, ვიცი. დავპირდი, შენს `ბრძოლის ველს~ მეც შევუერთდები-მეთქი, _ სიცილით წარმოთქვა ქალმა და სკამზე დაჯდა, _ შენი ცოლი ისეთი ყოჩაღია, ხვალ საღამოს ნამდვილ ტრიუმფს მოუწყობს სტუმრებს.
_ მაგაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ისე ნერვიულობს, არ ვიცი, როგორ ჩაამთავრებს ამ სტუმრიანობას. ვეუბნები, არ ღირს ასე ნერვიულობა-მეთქი, მაგრამ ესმის?
_ უნდა, რომ სტუმრების წინაშე გასახელოს. ძალიან უყვარხარ. იმედია, ამას ხვდები.
გუჯიმ დეიდას უკმაყოფილოდ შეხედა.
_ ამის შეხსენება, მგონი, არ მჭირდება.
_ არ გჭირდება, მაგრამ მაინც შეგახსენე. რა, მსაყვედურობ? შე საძაგელო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემი გაზრდილი ხარ და ამის უფლება მაქვს?
გუჯიმ წარბები გახსნა და გაიღიმა.
_ შენ ყველაზე მაგარი დეიდა ხარ მსოფლიოში, ლილი. მადლობა ამისთვის.
_ კარგი, რა. რაც ვარ, ეს ვარ. შენ ის მითხარი, იას სხვა რამეც ხომ არ აწუხებს? გუშინ რაღაც შეშფოთებული მეჩვენა.
მამაკაცმა ამოიხვნეშა და თითები ერთმანეთში გადახლართა.
_ აწუხებს, კი. მამამისმა კიდევ წააგო ფული. ამჯერად იმდენი, რომ ვეღარ იხდის. როგორც ვიცი, ყველაფერი გაყიდა და მაინც ვერ ფარავს ვალს. მე ის მაცოფებს, რომ დახმარება იას სთხოვა. ეს კიდევ ისე ნერვიულობს, რომ კვდება.
_ რას ლაპარაკობ! მაგ კაცმა რით ვერ ისწავლა ჭკუა? ამ გოგოს მაინც რას ერჩის? იმის მაგივრად, გათხოვდა და გვერდით დაუდგეს, ნერვებს უშლის. და რაო, მერე. იამ შენ გთხოვა მამამისს დახმარებოდი?
_ არა, არ უთხოვია. იცის, რომ ამას არ გავაკეთებ. არც შენ მთხოვო, იცოდე! ამაზე არ წავალ! პრინციპის ამბავია, ბოლოს და ბოლოს! ერთია, რომ სხვებს ვაპატიე, მაგრამ რამაზ ქავთარაძე სულ სხვაა. მისი პრობლემების მოსაგვარებლად თითსაც არ გავანძრევ. დიდი ხანია ამ დღეს ველოდი და დადგა კიდევაც.
_ მეცოდება ია. ძალიან რომანტიკული არსებაა, გულუბრყვილო და მიამიტი. უყვარს, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება.
_ თუ მას ჩემი იმედი აქვს, ეს მისი პრობლემაა. მე ამის საბაბი არ მიმიცია, _ ჩაიბურტყუნა გუჯიმ და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
_ მართალი ხარ, მაგრამ საქმე ისაა, რომ იას შენ საუკეთესო ქმარი ჰგონიხარ.
მამაკაცმა თვალები მოჭუტა.
_ ეს ცოტა სასაცილოა.
_ გეთანხმები, თუმცა შენი ცოლი ისეთი ბავშვურია, რომ მისგან ეს არ უნდა გაგიკვირდეს. გავა დრო და დაბრძენდება. ჭკვიანი გოგოა, დროთა განმავლობაში სხვანაირად შეხედავს მოვლენებს, სულ მიამიტი ხომ არ იქნება? გაბრაზებულია შენზე?
_ არ ვიცი, მაგრამ დილიდან რაღაც უცნაური მეჩვენება. დაბნეული მპასუხობს, სულ ჩაფიქრებულია. განაწამები სახით დარბის. მგონი, რაღაც ხდება და ვერ ვხვდები, რა.
_ გეტყვის ალბათ, თუ რამე ისეთია. ხომ იცი, მაინც ვერ მოითმენს.
_ ვნახოთ.
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში სახეაჭარხლებული ია შემოიჭრა.
_ ლილი დეიდა, როგორ გამიხარდა თქვენი მოსვლა! _ გოგონა ლილის გადაეხვია, გუჯისკენ კი არც გაუხედავს, _ წამომყვებით სახლის დასათვალიერებლად? ოთახებში რაღაცები გადავაადგილე და თქვენი აზრი მაინტერესებს.
_ აბა, რას ვიზამ, ჩემო გოგო! წამო, ვნახოთ ერთი, როგორ გაუმკლავდი ამ ერთობ სასპუხისმგებლო საქმეს, _ ლილიმ დისშვილს თვალი ჩაუკრა და რძალთან ერთად გარეთ გავიდა.
ია ის იყო, სილამაზის სალონში შევიდა თმისა და ფრჩხილების მოსაწერისგებლად, რომ გოგი ასათიანმა დაურეკა. გოგონას გული შეუქანდა, როცა მობილურის ეკრანს დახედა, მაგრამ ზარს მაინც უპასუხა.
_ აბა, როგორაა საქმე, ლამაზო ქალბატონო? ხვალ ვადა იწურება. ეხმარებით საკუთარ მამას თუ არა? რა გადაწყვიტეთ?
_ ხვალ საღამოს დამირეკეთ, დაახლოებით ექვსი საათისთვის და ფულს მოგაწვდით. _ დახშული ხმით წარმოთქვა იამ.
_ ხვალ თქვენ სტუმრები გეყოლებათ და შეუმჩნევლად როგორ გამოხვალთ? _ უკმაყოფილოდ შეეკითხა ასათიანი.
_ ეგ არაფერია, რამდენიმე წუთით გამოსვლა არ გამიჭირდება. იქვე, სახლთან შეგხვდებით და საქმე მოვამთავროთ. დღეს ყველაფერს მოვაგვარებ და მინდა ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩე ამ საქმეს.
_ ძალიან კარგი, ქალბატონო ია. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, სად შეგხვდებით. ოღონდ არც იფიქროთ ჩემი მოტყუება, თორემ საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც მოგივათ.
_ ნუ მემუქრებით, თუ შეიძლება, _ გაღიზიანდა გოგონა, _ ფულს მოვიტან, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის შემდეგ აღარასდროს დამენახვებით. გასაგებია?
_ კი, ბატონო. პირობას ვდებ, რომ ამის შემდეგ თქვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრები.
იას მისი არ სჯეროდა. დარწმუნებული იყო, რომ ეს კაცი მომავალშიც არ მოასვენებდა და მუდმივი დარტყმის ქვეშ ამყოფებდა.
_ შეხვედრამდე, ლამაზო ქალბატონო, _ ჩაიქირქილა გოგიმ და ტელეფონი გათიშა.
ია ცოტა ხანს გარინდული იდგა სალონის ზღურბლთან, ცდილობდა დამშვიდებულიყო. ხვალ დილით ადრე გავა სახლიდან, თავის ძვირფასეულობას დააგირავებს და რამდენსაც აიღებს, იმდენს მისცემს ასათიანს. მერე კიდევ შეჰპირდება, ამით დროს გაწელავს. ამასობაში რაღაცას მოიფიქრებს. ამან ოდნავ დააწყნარა, თავისუფლად ამოისუნთქა, ნერვები მოთოკა და სტილისტისკენ გაემართა.
მოსაღამოვდა. გუჯიმ რამდენიმე ადგილას გადარეკა და რამაზ ქავთარაძის ადგილსამყოფელი გაიგო. მერე მანქანაში ჩაჯდა და ისე, რომ არავინ გაუფრთხილებია, სახლიდან შეფიქრიანებული გავიდა.
ლუდის ბარში შევიდა და ირგვლივ მიმოიხედა. მაშინვე შეამჩნია რამაზი, რომელიც კუთხეში მარტო იჯდა მაგიდასთან და ლუდს აგემოვნებდა. როგორც კი გუჯი დაინახა, სახეზე მაშინვე სარკასტული ღიმილი აიკრა.
_ ბატონ სიძეს ვახლავარ. როგორც ვატყობ, ჩემს სანახავად მოხვედი, არა? ზეიმობ, ხომ? სულ ტყუილად. ჯერ ნაადრევია შენი სიხარული. ხომ გაგიგონია, ბებერი ხარის რქებიც ხნავენო. ჯერ ყველაფერი წინაა.
გუჯი თავის მტერს დაუფარავი ზიზღით შესცქეროდა. სიმამრს დარდის ნატამალიც არ ემჩნეოდა, რამაც გააკვირვა.
_ გილოცავთ, რამაზ ბატონო. თქვენ მართლაც არ ჰგავხართ იმ კაცს, ვისაც ვალის გადახდა არ შეუძლია.
_ მე ბოლომდე გავუსწორდები ჩემს მევალეებს. ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს.
გუჯის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. როგორ ახერხებდა დასაღუპად განწირული კაცი, ასე უდარდელი ყოფილიყო? ნუთუ იასგან ელის რამეს?
_ ვფიქრობ, თქვენი ქალიშვილის იმედად არ ხართ, _ შენიშნა მამაკაცმა და სიმამრს წინ ჩამოუჯდა.
_ რატომაც არა? ია კარგი შვილია და მისი იმედი ყოველთვის მექნება, _ წარბები ირონიულად აზიდა რამაზმა.
_ ამჯერად არ გაგიმართლებთ.
_ მაგასაც ვნახავთ, _ უდარდელად უპასუხა რამაზმა და ვიღაცას ხელი დაუქნია.
გუჯი წამითაც არ აცილებდა სიმამრს თვალს.
_ ესე იგი, თქვენ ჩემი წინადადება არ დაგაინტერესებთ?
რამაზის თვალებში უეცრად ინტერესი გამოკრთა. იგი მკვეთრად შემოტრიალდა სიძისკენ.
_ რა წინადადება?
_ მზად ვარ, თქვენი ვალები გადავიხადო, ოღონდ გარკვეული პირობით.
_ ააა! გამოდის, იამ მაინც მოახერხა შენი დაყოლიება. ასეც ვიცოდი. ვიცოდი, რომ ჩემი გოგონა გასაჭირში არ მიმატოვებდა.
_ ია არაფერ შუაშია. ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება. უბრალოდ, არ მინდა მან ინერვიულოს, ამიტომ გადავწყვიტე, დაგეხმაროთ. თანახმა ხართ, მომისმინოთ?
რამაზმა ჩაიცინა.
_ რა თქმა უნდა. საქმიანი შემოთავაზებები ყოველთვის მაინტერესებდა. მაინც რას მთავაზობ?
_ თქვენს ვალებს მთლიანად გადავიხდი, თუკი შემპირდებით, რომ კაზინოს აღარ გაეკარებით და ჩემთან იმუშავებთ. გორში მეფრინველეობის ფერმა მაქვს. იმას ჩაგაბარებთ და მოუარეთ.
_ რაო? ფერმაო? გორში გინდა გადამისროლო? შენ რა, მთლად აურიე? ვინ გგონივარ? შენს ხელქვეითად გინდა მაქციო? ამას ვერ ეღირსები! არაფერში არ მჭირდება შენი თანაგრძნობა! ფულს უშენოდაც ვიშოვი.
_ იას დაუხმარებლად?
_ რას გადამეკიდე იათი? ვინ გითხრა, რომ ჩემი შვილი არ დამეხმარება?
_ ვინ და მე! _ მკაცრად წარმოთქვა გუჯიმ და ადგა. ინანა, რომ ამ ზნედაცემულ კაცს თავი გაუყადრა და დახმარების ხელი გაუწოდა, _ მიკვირს თქვენი, ღვიძლი შვილი რომ არ გეცოდებათ. რა გაგიკეთებიათ შვილების სასიკეთოდ ცხოვრებაში? მათ მხოლოდ სიცოცხლეს უმწარებთ. თქვენ რომ ასეთი არ ყოფილიყავით, დათო და ზურაც ნორმალური ბიჭები იქნებოდნენ. იქნებ გეფიქრათ ამაზე! _ ამ სიტყვებით გატრიალდა და დარბაზიდან გავიდა.
გუჯიმ გადაწყვიტა, როგორც კი წვეულება დამთავრდებოდა, იასთვის ყველაფერი მოეყოლა. დარწმუნებული იყო, ია გაუგებდა და ხელს არ ჰკრავდა, გულგრილობაში არ დაადანაშაულებდა და არ შეიძულებდა. მართალია, რამაზმა არ მიიღო მისი წინადადება, მაგრამ ეს უკვე მისი პრობლემა იყო. გუჯის სინდისი აღარ შეაწუხებდა და ცოლის წინაშე თავს დამნაშავედ აღარ იგრძნობდა.
რამაზი კარგა ხანს გახევებული იჯდა. სიძის სიტყვებმა მართლაც ჩააფიქრა. თავისი უზნეო საქციელით ამქვენად ყველაფერს აფუჭებდა. შუბლშეჭმუხნილმა ფიქრიანად გადახედა თავის წარსულს და ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა კითხვა _ რისთვის იცხოვრა ამდენი ხანი? მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის?
_ იას შეუძლია არ იღელვოს, _ წასჩურჩულა ლილიმ დისშვილს, _ ნახე, რამდენი სტუმარი მოვიდა, პირდაპირ ჭედვაა ტერასაზე. კერძებიც უჩვეულო და გემრიელია, ყველა აღფრთოვანებულია. ხვალ მთელი თბილისი ამაზე ილაპარაკებს.
გუჯი ცალი ყურით უსმენდა დეიდას, მისი ფიქრები სხვაგან ქროდა. თვალებით ეძებდა ცოლს, რომელიც ვერსად დალანდა.
_ წავალ, იას მოვძებნი, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და დეიდას გასცილდა.
ცოლს საძინებელში მიაგნო. ია ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. აბრეშუმის ულამაზესი კაბა ეცვა, რაც მისი სხეულის სილამაზეს უფრო მკვეთრად უსვამდა ხაზს. თან სათვალეც არ ეკეთა. გუჯის იგი საოცრად ფერმიხდილი ეჩვენა. ოთახში შემოსულ ქმარს იამ უაზრო მზერით შეხედა და მობილური ტელეფონი, რომელიც ხელში ჩაებჯუღა, სიმწრით გააქნია.
_ რა მოხდა, ია? _ ქმარი შეშფოთებული მიუახლოვდა.
_ პოლიციიდან დამირეკეს, _ აჩურჩულდა გოგონა, _ მამა დაიჭირეს.
_ მამა? რატომ?
_ გოგი ასათიანი მოუკლავს.
_ რა-ა? _ გაოგნებული გუჯი ცოლს დააშტერდა.
_ დანა გაუყარა თურმე. ექვსი ჭრილობა მიუყენებია. საავადმყოფომდე ვერ მოასწრეს მიყვანა, გზაში გარდაცვლილა.
_ უჰ… _ აღმოხდა გუჯის, მეტი ვერაფერი თქვა.
_ ახლა რა იქნება? _ იკითხა იამ და ქმარს ახედა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ია არ ტიროდა.
_ არ ვიცი, ია. დავრეკავ ნაცნობებთან, გავარკვევ, რა მოხდა და შევეცდები, რამე ვიღონო.
_ მე ამ დილით ჩემი ოქროულობა დავაგირავე, მინდოდა ასათიანისთვის მიმეცა, მაგრამ დავაგვიანე. _ ია ანგარიშმიუცემლად ჩურჩულებდა.
_ რატომ, რატომ? რატომ გააკეთე ეს? მე წუხელ შევეცადე სიტუაციის გამოსწორებას. შევხვდი მამაშენს, ველაპარაკე, შევპირდი, ვალებს გადავიხდი-მეთქი. თან ვთხოვე, ჩემთან ემუშავა და თამაშისთვის საბოლოოდ დაენებებინა თავი, მაგრამ არც მომისმინა.
_ მართლა? _ ცოლმა კვლავ უაზრო მზერით ახედა, _ რატომ აქამდე არ მითხარი?
_ ვიფიქრე, სუფრა რომ ჩამთავრდება და სტუმრები წავლენ, მერე ვეტყვი-მეთქი.
_ თუმცა ახლა რა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს. მამამ თავისი პრობლემა თვითონ მოაგვარა…. თავისებურად. ამით მე გადამარჩინა.
_ შენ? შენ რა შუაში ხარ?
იას მუხლებმა უმტყუნა და რომ არ წაქცეულიყო, ფანჯარაზე ჩამოჯდა.
_ გოგი ასათიანი მაშანტაჟებდა. გაუგია ჩემი და სანდროს ამბავი და მემუქრებოდა, მთელ თბილისს მოვდებ და შენს ქმარს მთელი ქვეყნის სალაპარაკოს გავხდიო. ამან ძალიან შემაშინა. ოქროულობაც ამიტომ დავგირავე.
_ მაგრამ შენი ოქრო რას ეყოფოდა მამაშენის ვალს?
_ ჰო, არ ეყოფოდა, მაგრამ ვიფიქრე, დროს გავწელავ-მეთქი. იქნებ ცოტა მამასაც ეშოვა. თუ არადა, სხვა რამეს ვაპირებდი…. _ გოგონამ თავი ჩახარა, ათივე თითი გაფარჩხა და თვალიერება დაუწყო.
_ რას აპირებდი? _ გუჯიმ მის წინ ჩაიმუხლა და ცოლს ქვემოდან შეაჩერდა.
იამ მზერა გაუსწორა და ტუჩებაკანკალებულმა მიუგო:
_ თავის მოკვლას… შენს შერცხვენას ვერ გადავიტანდი. _ და ცრემლები წასკდა.
ისე გულიანად ატირდა, გუჯის სხეული დაუმძიმდა. მან ცოლი მკერდზე მიიკრა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>