მაიორს სიბრაზისგან სახე წამოუჭარხლდა და დირექტორის მაგიდას მუშტი მთელი ძალით დაჰკრა:
- უზრდელობას მე გასწავლი შენ, ციხეში რომ ამოგალპობ! თვალებში გეტყობა, მაგათი ბანდის წევრი რომ ხარ!
გავოგნდი. ისე დავიბენი, კრინტი ვერ დავძარი. ერთხანს ასე უხმოდ მივჩერებოდი გამომძიებელს და არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
- რას გაჩუმდი? არაფერი გაქვს სათქმელი, ხომ? სიმართლის მოსმენამ დაგაბნია ასე?
ისევ გამეცინა.
- ბატონო მაიორო, თქვენ რა გგონიათ, მე თუ ამ ტონით დამკითხავთ, ორ წუთში დაიჭერთ იმ ყაჩაღებს? თუ მაინცდამაინც ტყვია უნდა მომხვედროდა, რომ ჩემში ეჭვი არ შეგპარვოდათ? დიახ, ტუალეტში ვიყავი. დიახ, იქ შევყოვნდი ხუთი თუ ათი წუთით, შეიძლება თხუთმეტითაც, რადგან მერე ხელები დავიბანე… საპნით… თხევადით. ამის გამო ვიღაცის თანამზრახველი ვარ? თუ მე რომ ამირჩიეს საფულეების მომგროვებლად, ამან აღგიძრათ ეჭვი? არ ვიცი, მე რატომ ამირჩიეს. არავისთვის არ მითხოვია, ეს მისია შემესრულებინა. სპონტანურად მოხდა ყველაფერი. თუ ის გითხრეს, რომ იმ დროს ტუალეტში ვიყავი, ის რატომ არ გითხრეს, კისრისტეხით რომ გამოვიქეცი ხმაურზე იქიდან? ან ის, რომ კონდახი დამარტყეს და ძირს დამაგდეს, რის გამოც აი, მუხლი გადავიტყავე? - თან ქვედაბოლო ავიწიე და სისხლიანი მუხლი ვაჩვენე, რომელსაც დალურჯება უკვე მოესწრო.
გამომძიებელი შედრკა, ასეთ მედგარ წინააღმდეგობას აშკარად არ ელოდა. ალბათ, ეგონა, თავისი მენტორული ტონით შემაშინებდა. ბოლოს ჩაახველა და ოდნავ მომლბალი ტონით მკითხა:
- რამდენი იყვნენ?
- ექვსნი.
- როგორ მოასწარით ამის შემჩნევა?
- ჩვეულებრივად. მათემატიკური აზროვნებით გამოვირჩევი და როგორც ჩემი საქმის კარგი სპეციალისტი, ზედმიწევნით ვაქცევ ყველაფერს ყურადღებას, რაზეც მზერა მიმიწვდება! -ამაყად განვუცხადე.
- რომელიმეს სახე ხომ არ დაგინახავთ?
- სახეებს საიდან დავინახავდი, როცა ექვსივეს ერთნაირი ნიღაბი ეკეთა?
- სახელებით ხომ არ მიუმართავთ ერთმანეთისთვის ან "კლიჩკებით"?
"კლიჩკებზე" ისევ გამეცინა და უარის ნიშნად თავი გადავაქნიე.
- არა, არც სახელებით და არც მეტსახელებით, - ხაზგასმით მივუგე.
- ანუ ისეთი არაფერი შეგიმჩნევიათ? სულ არაფერი?
ეს რომ მკითხა, სწორედ მაშინ ამომიტივტივდა სვირინგი.
- კი, შევამჩნიე. ვინც მე კონდახი დამარტყა და ჩანთების გადაქექვა მიბრძანა, იმას ხელზე სვირინგი ჰქონდა ამოტვიფრული.
- რა? - როგორც ჩანს, სვირინგის მნიშვნელობა არ იცოდა.
- ტატუ ჰქონდა მაჯაზე - გაშლილი ქოლგა ეხატა, რომელსაც მორიელი ეხვეოდა.
- ეგ რანაირი ტატუა? - ვითომ დიდად ერკვეოდა ასეთ რამეებში, გაბღენძილად იკითხა და შავი საოფისე სავარძლის საზურგეს ისე მიაწვა, რომ ორ ფეხზე შეაყენა და ააქანავა.
- რანაირია, არ ვიცი, მაგრამ ნახატი ასეთი იყო.
- შეგიძლიათ დახატოთ?
- არა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ხატვა არ ვიცი.
- ხატვა მეც არ ვიცი, მაგრამ ქოლგას როგორმე მოვხაზავ, - თავისი "ენამოსწრებული" პასუხი თვითონვე მოეწონა და ქედმაღლურად ჩაიცინა, ზუსტად ისე, ორგანოს თანამშრომლებს რომ სჩვევიათ.
- ყველა ქოლგას, ზოგადად, ერთნაირი ფორმა აქვს და გაჭირვებით მეც დავხატავ, მაგრამ მორიელს ვერა, - კვლავ ამრეზით გავხედე.
- რომელ ხელზე ჰქონდა ტატუ და ზუსტად რა ადგილას?
- მარჯვენა ხელზე, აი, აქ, - ჩემს მაჯაზე ვუჩვენე.
- დაახლოებით რამხელა ტატუ იყო?
- დაახლოებით იმხელა, რამხელაც მაჯაზე შეიძლება დაეტიოს… ანუ პატარა… თან ნაცრისფერი.
- ეგ გასაგებია, აბა, წითელი ხომ არ იქნებოდა?
- რატომაც არა, წითელი ტატუც ბევრი მინახავს, მწვანეც და ყვითელიც. ჩვენს დროში ეგ ძნელი სულაც არ არის.
- გეტყობათ, კარგად ერკვევით ტატუებში.
- არა მგონია, ეგ საკითხი თქვენთვის საინტერესო იყოს.
როგორც იქნა, მომეშვა და თავისუფალი ხარო, მითხრა, მაგრამ გამაფრთხილა, ალბათ, კიდევ ერთხელ მოგიწევთ დაკითხვაზე განყოფილებაში მოსვლაო.
კიდევ ერთხელ კი არა, მთელი სამი კვირა გვატარეს დაკითხვებზე მთელი ფილიალი. ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვამყოფებდნენ, შეიძლებოდა ადამიანს ფარ-ხალი დაეყარა და ეთქვა, კი, მე ვარ თანამზრახველიო.
ბოლოს, მადლობა ღმერთს, თავი დაგვანებეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩვენივე ბანკის სხვა ფილიალი მესამე კვირის თავზე იმავე პირებმა სხვა უბანში დააყაჩაღეს.
ჩვენგანაც დიდძალი თანხა გაიტანეს და იქიდანაც, მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რამდენი. ეს, ალბათ, მხოლოდ ბანკის დირექტორებმა იცოდნენ და ისინი მიაწვდიდნენ პოლიციას ზუსტ ინფორმაციას, ჩვენ ვინ რას გვეტყოდა.
სამი კვირის შემდეგ მუშაობა განვაახლეთ. დაცვის ბიჭები დაითხოვეს და ახლები მოიყვანეს. ორი შავფორმიანი ავტომატიანი ზორბა მამაკაცი ახლა არა დარბაზში, არამედ ფილიალის შესასვლელში იდგა და ნებისმიერ შემსვლელს აკონტროლებდა, რამაც პირველ დღეებში უზარმაზარი რიგი დააყენა. ამას კლიენტების მხრიდან უკმაყოფილების ტალღა მოჰყვა და რამდენიმე დღეში დაცვის თანამშრომლებმა კვლავ დარბაზში გადაინაცვლეს.
გაგრძელება იქნება