- და რაღაცამ შეუშალა ხელი მის დაბრუნებას?
- ჰო. ის არ დაბრუნდა და ქალი მიხვდა, რომ მისი საქმრო გასაჭირში იყო. ამიტომ გადაწყვიტა მოეძებნა და დახმარებოდა.
- როგორ გაიგებს ამის შესახებ?
- არც არანაირად. უბრალოდ, ისე უყვართ ერთმანეთი, რომ გული უგრძნობს და გუმანით ხვდება, რომ შეყვარებულს უბედურება შეემთხვა. ამიტომაც მიდის მის საპოვნელად.
- საკმაოდ სარისკო თემაა. იქნებ იმ ბიჭმა ოჯახის უარით ისარგებლა და თავიდან მოიცილა აბეზარი გოგო? - გუჯიმ ვერც მოასწრო წინადადების დამთავრება, რომ ია გაფითრდა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა:
- არა, არა, ასე ნუ ამბობთ. თქვენ არ იცით, მათ ერთმანეთი როგორ უყვართ.
- წარმომიდგენია, როგორი სიტყვებით აღწერთ მათ სიყვარულს. მაპატიეთ, ეს ისე ვთქვი, მე ხომ არ ვიცი თქვენი რომანის სიუჟეტი. არ გეგონოთ, კორექტივები შემქონდეს…
- მინდა, რომ რომანს კარგი დასასრული ჰქონდეს. მიყვარს, როცა ყველაფერი კეთილად მთავრდება.
- მოდი, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე, კარგი? ახლა მე ერთ რამეს გკითხავთ და თქვენი აზრი მაინტერესებს. რას გააკეთებდით, ამწუთას ათი ათასი დოლარი რომ გქონდეთ?
მამაკაცმა შენიშნა, როგორ გაიელვა იას თვალებში საზრიანმა გამომეტყველებამ და რომანტიკოსი გოგონა უცებ საქმიან ქალად იქცა.
- პირველ რიგში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გავხსნიდი, თუმცა სიფრთხილეს გამოვიჩენდი. ეს განუწყვეტელი არეულობა ქვეყანაში გასათვალისწინებელი ფაქტორია. თუ არადა, ჩვენს ფონდში დავაბანდებდი ფულს და მონაზვნების ოცნებებს ავასრულებდი.
- მშვენიერია. ახლა კი დავრწმუნდი, რომ სწორედ ისეთ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, როგორიც მჭირდება, - თავისთვის ჩაილაპარაკა გუჯიმ.
იამ თვალები აახამხამა:
- რა თქვით?
- არაფერი, ისეთი არაფერი, - გუჯიმ გაიღიმა, - არაჩვეულებრივი ფინანსური მრჩეველი ყოფილხართ. სხვათა შორის, ამ საკითხშიც ერთნაირად ვფიქრობთ თურმე.
- თქვენ ბიზნესმენი ხართ?
- ბიზნესმენიც. მე ფართო ფინანსური ინტერესები მაქვს.
გუჯიმ ცხენი გააჩერა, აღვირით ხეზე მიაბა, შემდეგ იას ხელი ჩაჰკიდა და მდინარის ნაპირას დიდ ლოდთან მიიყვანა. იგი თვალყურს ადევნებდა გოგონას. სიამოვნებდა, ასეთი მომხიბვლელი რომ იყო. ერთი წუთით დაავიწყდა კიდევაც, რა მიზანიც ამოძრავებდა, მაგრამ მალევე გამოერკვა ფიქრებიდან და თავს შეუძახა, დროა საქმეს მიხედოო.
- ია, ვერც წარმოიდგენთ, ჩემთვის რას ნიშნავს თქვენთან შეხვედრა, - თქვა მამაკაცმა და გოგონას გვერდით ლოდზე ჩამოჯდა, - ხშირად მესიზმრებოდა ეს ადგილი და რატომღაც, ჩემ გვერდით თქვენც გხედავდით. როცა თქვენი ბოლო ლექსი წავიკითხე, მივხვდი, შეუძლებელია ეს ადგილი იას ჩემსავით არ უყვარდეს-მეთქი.
იამ თვალები მოჭუტა და შეხედა:
- ესე იგი, გინდათ მითხრათ, რომ ზუსტად შევძელი ლექსში ამ პეიზაჟის აღწერა და თქვენ ის იცანით?
მამაკაცმა თვალი გაადევნა მის მზერას და ბავშვობა გაახსენდა, როცა ტირან მამას და დედის წუწუნს თავს აქ გაარიდებდა ხოლმე.
- ჰო, აბა რა.
- აქ ისეთი სილამაზეა, სიტყვებით ვერც აღწერ წესიერად. ახლა ორმაგად მიხარია, რახან თქვენც გიყვარდათ ამ ნაპირზე განმარტოება. პირველად რომ მომწერეთ, არ დაგიმალავთ და მაშინვე მივხვდი, რომ სულიერად ჩემთან ძალზე ახლოს იყავით. ნუთუ ბედისწერაა ერთმანეთი რომ გავიცანით?
გუჯის გაახსენდა, რამდენი ღამე გაათენა იმის ფიქრში, რა გზა გამოენახა იასთან მისასვლელად. ყველაზე კარგი გამოსავალი მაშინ გამოჩნდა, როცა მისი პირველი ლექსები წაიკითხა. ეს კი ყველაზე სწრაფი საშუალება აღმოჩნდა გოგონას შესაბმელად.
- არ ვიცი, ია. მართალი გითხრათ, ბედისწერის დიდად არ მჯერა.
- ღმერთო, თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ! - აღფრთოვანებით წამოიძახა იამ და ხელი ხელს შემოჰკრა.
- პირიქით, არაჩვეულებრივი თქვენ ხართ. უკვე მერამდენე თვეა მაოცებთ თქვენი განსხვავებულობით, - მამაკაცი მის ხელს დასწვდა, ტუჩებთან მიიტანა და აკოცა.
- რომ იცოდეთ, რამდენი წელი ვოცნებობდი სულიერ მეგობარზე, - იამ ვერ დამალა თავისი განწყობა.
გუჯიმ შეხედა… რა ადვილი ყოფილა ამ ქალის გულის მონადირება, მგონი, უკვე შეაყვარა თავი. კიდევ ერთხელ მიუგდო ყური თავის გულისთქმას და დარწმუნდა, რომ სინდისი აღარ აწუხებდა.
- ია, როგორ გგონიათ, ჩვენ რა სახის ურთიერთობა გვექნება?
ია წამოწითლდა, თვალები ჯერ აუციმციმდა, მერე კი აუწყლიანდა:
- ალბათ ძალიან სუფთა, ამაღლებული, ინტელექტუალური, სულიერ ერთობაზე დამყარებული მეგობრობა.
"დავიჯერო, ასეთი მიამიტია? - გაიფიქრა გუჯიმ, - ბოლოს და ბოლოს, არც ისეთი პატარაა, თანაც რაღაც ამბავი უკვე გადახდომია თავს. ნუთუ ჭკუა ვერ ისწავლა?"
- აბა, აბა, ძალიან ნუ აჭარბებთ ჩემი კეთილშობილების დონეს, - ცოტა ცივად წარმოთქვა, - აქ იმიტომ კი არ ჩამოვსულვარ, ჩვენს მოჩვენებით მეტაფიზიკურ ურთიერთობაზე ვისაუბრო.
იას თვალები მყის ჩაუქრა.
- ვერ გავიგე…
- მე აქ გარკვეული პროზაული მიზნით ვარ, ია.
- რა მიზნით?
- მინდა ჩემი ცოლი გახდეთ.
გოგონას რეაქცია გუჯისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
- ჯანდაბა! - წამოიძახა გოგონას.
მამაკაცს მოთმინების ფიალა თანდათან ევსებოდა.
- კარგი, საკმარისია რომანტიკულ სისულელეებზე ლაპარაკი.
- რა? რა ამბობთ? - იას ენა დაება.
- რას და ამას! ვერ ხვდებით? - მიუგო გუჯიმ, გოგონა მძლავრად მიიზიდა და მკლავები მოხვია.
ია მოულოდნელობისგან გაშეშდა და განძრევაც არ უცდია. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამაკაცთან ასე ახლოს არ ყოფილა. ახლა კი გუჯი ეხვევა, რომელიც აქამდე მხოლოდ მეტაფიზიკის სამყაროში მიაჩნდა თანამგზავრად, როგორც ამაღლებული, კეთილშობილი, ერთგული მეგობარი… ახლა კი…
- ოჰ, გუჯი… - როგორც იქნა, ამოღერღა დაბნეულმა. თვალს არ აცილებდა მის სახეს, გრძნობდა რომ ამ კაცისკენ ბრმად მიილტვოდა და მთელი სხეული აუცახცახდა.
მამაკაცმა არ უპასუხა. მის თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა, მაგრამ გოგონას წამითაც არ შეშინებია. გუჯიმ იას სათვალე მოხსნა და იქვე ჩამოდო. შემდეგ თავი გადაუწია და ტუჩებზე დაეკონა.
ეს კოცნა სწორედ ისეთი იყო, როგორსაც ია ელოდა და სულაც არ ჰგავდა სამი წლის წინანდელ კოცნას. მამაკაცის ძლიერი და ცხელი მკლავები სხეულს უწვავდა და ერთიანად დაუმსხვრია ის რომანტიკული ილუზიები, რითაც აქამდე ცხოვრობდა.
გუჯიმ ცალი ხელი გაითავისუფლა და საკინძე შეუხსნა. ია ხვდებოდა, რომ იგი ახლავე უნდა შეეჩერებინა, მაგრამ საამისოდ ძალა არ ჰყოფნიდა. მას ეფერებოდა კაცი, რომელიც უყვარდა. ეს საოცრება იყო. გუჯი მის სიყვარულს სიყვარულით პასუხობდა. ეს იყო სიზმარი, რომლის დასრულება არ სურდა.
- მოდი ჩემთან, ნუ გეშინია, - ვნებიანად წაიჩურჩულა გუჯიმ, ია ლოდზე გადააწვინა და კვლავ ტუჩებზე დააცხრა.
ირგვლივ ყველაფერი გაირინდა. შებნელებულზე ია მხოლოდ ცას ხედავდა, სადაც ორიოდე ვარსკვლავი აკიაფებულიყო. იგი ძლივს სუნთქავდა და პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა. კიდევ რამდენიმე წამი და თვალები მილულა, მთლიანად მიეცა სიამოვნებას.
- ია, თვალები გაახილე და შემომხედე, - ჩაესმა მამაკაცის ხმა.
თითქოს მართლა სიზმარში ყოფილიყო, ძლივს გააღო დამძიმებული ქუთუთოები და გუჯის შეხედა. ხელში მამაკაცის გაყინული მზერა და ცეცხლოვანი ვნებით ანთებული თვალები შერჩა. ეს ცეცხლი წვავდა მის სხეულს, ხელებს, სახეს… თუმცა შიში არ უგრძნია.
- დრაკონი, - წაიჩურჩულა იამ და თითებით ლოყაზე შეეხო, - ჩემი მწვანეთვალება დრაკონი.
მამაკაცი დანისლული თვალებით მიაჩერდა:
- დრაკონებს ცუდი რეპუტაცია აქვთ, მისი განსაკუთრებით შენნაირ გოგონებს უნდა ეშინოდეთ.
იამ თბილად გაუღიმა:
- აფრქვიეთ რამდენიც გინდათ ცეცხლი და კვამლი, მაინც ვერ შემაშინებთ, თქვენთან არაფრის მეშინია. - დაიჩურჩულა და ხელის ფათურით სათვალის ძებნა დაიწყო, უნდოდა გუჯის სახე კარგად დაენახა და თვალებში შეეხედა.
- აჰა, გამომართვი, - მამაკაცმა სათვალე მიაწოდა.
იამ სათვალე გაიკეთა და მაშინვე შეამჩნია, როგორ ცდილობდა გუჯი მოქუფრული სახის დამალვას.
- რა მოხდა? - ხმა აუკანკალდა გოგონას.
მან ირონიულად ჩაიღიმა და დაცინვით ჰკითხა:
- იმის შემდეგ, რაც ჩვენ შორის კინაღამ მოხდა, ამას კითხვა უნდა?
იამ გაკვირვებით შეათვალიერა.
- თქვენ მე მაკოცეთ, სხვა არაფერი.. და ეს იყო არაჩვეულებრივი შეგრძნება, რაც კი ოდესმე განმიცდია. დანარჩენს ვერაფერს ვხვდები.
- აი, სასწაული! ნუთუ არ გესმით, რომ… კიდევ ორი წუთი და ჩვენ… კარგი, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
- რატომ? კიდევ ორი წუთი და ჩვენ სიყვარულის მორევში შევცურავდით.
გუჯის ლამის სიცილი აუტყდა, უკვე აღიზიანებდა იას ასეთი მიამიტობა.
- რა დროს პოეტური ევფემიზმებია, ია, კარგი, რა! - წამოიძახა, ადგა და მდინარისკენ შებრუნდა, მერე კვლავ მოუტრიალდა, - ჰმ, 'სიყვარულის მორევში შევცურავდით'… გაფიცებთ ყველაფერს, საიდან მოთხარეთ ეს სიტყვები? - ცინიზმი არ დაიშურა მამაკაცმა.
- იცით რა? თუ ჩემთან მხოლოდ იმისთვის ჩამოხვედით, რომ ერთჯერადად ისიამოვნოთ, თქვენი ნებაა. მე წინააღმდეგობას არ გაგიწევთ, რადგან ექვსი თვეა, მხოლოდ თქვენზე ვოცნებობ. ასე რომ, შეგიძლიათ თქვენი გულის წადილი აქვე აისრულოთ. - მშვიდად წარმოთქვა იამ, თვითონაც ადგა და ტანსაცმელი გაისწორა.
გუჯიმ თავი მოაბრუნა. მის თვალებში ეშმაკუნები აცეკვდნენ. ია მიხვდა, რომ მამაკაცი მას დასცინოდა.
- მშვენიერი ნათქვამია, ია. ახლა კი აქ მობრძანდით, თუ შეიძლება…
გოგონა ერთიანად დაიძაბა, მაგრამ მაინც მშვიდად მიიწია მისკენ და კვლავ გუჯის მკლავებში აღმოჩნდა…
ია გაიტრუნა, მაგრამ გასაოცარი ის იყო, რომ გუჯის მისი ხელმეორედ მოფერება არ უცდია. მან მხოლოდ შუბლზე აკოცა გოგონას, მერე ცხვირის წვერზე და მსუბუქად უკან უბიძგა.
- მეორედ აღარ ახსენო ჩემთან ეს რაღაც "მორევში შეცურვა". გასაგებია?
ინგამ თვალები საწყალობლად მიაპყრო.
- რატომ? არასწორად მოვიქეცი ან რამე ისე არ ვთქვი?
- არა. უბრალოდ, სანამ ჩვენ შორის რამე მოხდება, სხვა რამეები მაინტერესებს. მინდოდა რაღაც გამეგო და მგონი, გამიმართლა.
- კარგად მესმის თქვენი, - იას გულზე მოეშვა, მამაკაცს გაუღიმა და სულაც არ ანაღვლებდა, თუ გუჯის მისი გრძნობების თვალებში ამოკითხვა შეეძლო. ხვდებოდა, რომ მათ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა, მაგრამ იყო აწმყო და სწორედ ამ აწმყოს ხელიდან გაშვება არ უნდოდა. მას გონის დაკარგვამდე უყვარდა გუჯი და მისთვის სულერთი იყო, ერთი შეხვედრით დამთავრდებოდა ეს ურთიერთობა თუ მომავალშიც გაგრძელდებოდა. იგი არაფერს კარგავდა, რადგან რაც დასაკარგი ჰქონდა, რამდენიმე წლის წინათ უკვე დაკარგა.
- აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ თქვენ შეგაცდინოთ, - გუჯიმ ღრმად ამოიხვნეშა, - მე მხოლოდ სუფთა გრძნობა მაკავშირებს თქვენთან. არ შევმცდარვარ, როცა იდუმალ გოგონად მიგიჩნიეთ, მაგრამ ცდებით, თუკი ფიქრობთ, რომ ჩემზე იმდენივე იცით, რამდენიც მე თქვენზე.
- წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ რაც ვიცი, ისიც საკმარისია თქვენს შესაცნობად. მჯერა, რომ ცუდი თვალით არ მიყურებთ. თუმცა ასეც რომ იყოს, ჩემთვის სულერთია. - გოგონა ამ სიტყვების წარმოთქმისას ყურებამდე გაწითლდა.
- მე და თქვენ ლიტერატურისადმი სიყვარულმა დაგვაახლოვა. ასე არ არის? - გუჯიმ საჩვენებელი თითით ნიკაპი აუწია და თვალებში ჩახედა.
- ჰო, რა თქმა უნდა. იშვიათად შემხვედრია ადამიანი, პოეზია ჩემნაირად ჰყვარებოდა.
- მართლა ასე გიტაცებთ ლიტერატურა?
- თავად შეგიძლიათ ამ შეკითხვას უპასუხოთ. თქვენ ხომ სხვებზე უკეთ მიცნობთ.
- რა თქმა უნდა. თუ ჩვენს მიმოწერას გადავავლებთ თვალს, არა? ამიტომაც მენდობით?
- ალბათ… არ ვიცი. მე თქვენში ისეთ რამეს ვხედავ, რაც სხვებში არასდროს შემიმჩნევია.
მამაკაცმა კვლავ ამოიხვნეშა.
- წამოდით, სახლამდე მიგაცილებთ… უკვე გითხარით, რომ თქვენ მიმართ მე მხოლოდ სუფთა გრძნობები მაკავშირებს. გინდათ სიმართლე გითხრათ? აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ მამათქვენს შევხვედროდი და თქვენი ხელი მეთხოვა.
- რას ამბობთ, მართლა? - ია ისე დაიბნა, რომ ნერწყვი სასულეში გადასცდა და ხველა აუტყდა.
- ხომ არ გაცივდით? - მამაკაცი მხრებში ჩააფრინდა და გოგონა თავისკენ შემოატრიალა.
- არა, არა, უბრალოდ… რაც მითხარით, მართალია?
- რა თქმა უნდა, ია, მართალია. გითხარით ის, რისი თქმაც მინდოდა. - ამ სიტყვებით გუჯიმ მსუბუქად აიტაცა ხელში და ცხენზე შესვა.
იას თვალები ცრემლით აევსო.
- ეს შეუძლებელია… ამას მალე თვითონაც მიხვდებით… მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ამ სასიამოვნო წამებისთვის სიკვდილამდე თქვენი მადლიერი ვიქნები.
- რა წამებისთვის. ამით რისი თქმა გინდათ? - მამაკაცმა შუბლი შეიკრა, გოგონას შეხედა, მაგრამ მან პასუხი არ გასცა, ცხენს დეზი ჰკრა და ადგილიდან მოწყდა, - არ უნდოდა გუჯის მის ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლები დაენახა…
გუჯი ცდილობდა ცნობისმოყვარეობა შეძლებისდაგვარად დაეოკებინა მანამ, სანამ არჩილთან მარტო დარჩებოდა. ნატო წარამარა გადი-გამოდიოდა, ვახშამს ამზადებდა, ამიტომ არჩილთან განმარტოებას ვერ ახერხებდა.
როგორც იქნა, ივახშმეს და ნატო ვერანდაზე გავიდა თავის საქსოვიანად. ბიჭები მარტონი დარჩნენ.
- აჩი, შეგიძლია ერთი რამ მითხრა? - წამოიწყო გუჯიმ და უხერხულობის დასაფარავად ჩაახველა.
- გააჩნია, რა გაინტერესებს, ძმაო, - ხუმრობით მიუგო არჩილმა.
- იმ გოგოს რა შეემთხვა? - მამაკაცმა მეგობარს თვალი აარიდა.
- ვინ გოგოს? - წარბები ასწია არჩილმა.
- აი, ვისთანაც ვიყავით… იას.
- ააა. ოღონდ არ მითხრა, რომ მოგეწონა.
- თუნდაც ასე იყოს… ეს რა, დანაშაულია?
- არა, რატომ… დანაშაული სულაც არ არის, მაგრამ…
- მაგრამ?
- ის, რომ დიდი ვერაფერი გოგოა გარეგნულად, თან სათვალეს ატარებს. შენი გემოვნების ამბავი რომ ვიცი, ასეთ გოგოებს ზედაც არ უყურებ.
- მართალი ხარ. მხოლოდ იმიტომ დამაინტერესა, რომ რაღაცნაირია, იდუმალი, გამოუცნობი, თითქოს დიდ საიდუმლოს მალავსო. ასეთი რამეები კი ყოველთვის მაინტრიგებდა.
- საიდუმლოსი რა გითხრა. რაც მას შეემთხვა, მთელმა სოფელმა იცის. იმ ამბის მერე, ფაქტობრივად, არავისთან არ ურთიერთობს, გარდა მონაზვნებისა.
- მაინც რა შეემთხვა ასეთი? რამე სერიოზულია? - გუჯიმ შეკითხვა ფრთხილად დასვა.
- საკმარისად სერიოზული. საწყალი გოგო. კეთილია ძალიან და მიმნდობი. სწორედ ამან დაღუპა. დედამისი ექვსი წლის წინ გარდაიცვალა. მაგრად განიცადა. თანაც, სულ მარტო დარჩა. აქაურობა არ მიატოვა, მე მაინც ავაკითხავ დედას საფლავზეო. მამამისი და ძმები იშვიათად თუ ჩამოაკითხავდნენ, ისინი სულ თბილისში იყვნენ. ცუდი ხალხია, აზარტული მოთამაშეები, მეტი ქვეყანაზე არაფერი აინტერესებთ, ყველა კაზინო და ტოტალიზატორი ზეპირად იციან. რასაც შოულობენ, მინდა გითხრა, რომ ცოტას არ შოულობენ, მთლიანად კაზინოში ტოვებენ. მოკლედ, მარტოხელა გოგო განწირული აღმოჩნდა და უბედურებამაც არ დააყოვნა. ერთი ბიჭი შეუჩნდა…
გუჯი თითქოს უდარდელად უსმენდა ძმაკაცს, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ აღარ სურდა არაფრის მოსმენა. თვითონაც არ იცოდა, რატომ გაუჩნდა სურვილი, აჩიკო გაჩუმებულიყო. უკვე ხვდებოდა, რით დამთავრდა ის ამბავი, მაგრამ მეგობარი მაინც არ გააჩერა. ახლა შესაძლოა ნებისმიერი ინფორმაცია საჭირო აღმოჩენილიყო მისთვის.
- ვინ იყო ის ბიჭი? აქაურია?
- ვინა, სანდრო არაბული? არა, რა აქაური. ხანდახან ამოდიოდა თავის ძმაკაცებთან ერთად დეიდასთან სტუმრად. აქ არც არასდროს უცხოვრია. შეიძლება შენც გაგიგია, ცნობილი პოეტია. უფრო სწორად, მოდური პოეტი, ქალებს მაგრად ევასებათ.
გუჯიმ ისე ძლიერად მოუჭირა ღვინის ბოკალს ხელი, რომ თითები გაუთეთრდა.
- ეგ სანდრო პოეტი კი არა, მარიაჟია. ვიცი, გამიგია. და მერე რა მოხდა?
- რაც მოსახდენი იყო. ია გაიცნო, თავისი ლექსები წააკითხა. იმან დაუწუნა, შენს ლექსებს პოეზიასთან საერთო არაფერი აქვსო. სულ კამათობდნენ. ბოლოს ეს კამათი სხვა რამეში გადაიზარდა. რა ვიცი, შეუყვარდა ალბათ იმ გოგოს. თავგზა კი აურია და… იმდენი ქნა, გავიპაროთო, შესთავაზა. სევდიანი ისტორიაა, რომ იცოდე.
- ცოლად უნდოდა?
- იას ასე ეგონა, მაგრამ არა მგონია, ასე ყოფილიყო. შეიძლება სამაგიერო გადაუხადა თავისი პოეზიის დაწუნებისთვის, შეიძლება გართობა სურდა. რას გაიგებ. წაიყვანა აქედან ეს საწყალი გოგო და გაქრა. მეორე დღეს იას მამამ კითხვა-კითხვით მიაგნო მათ ადგილსამყოფელს. სადღაც პატარა სასტუმროში იყვნენ შეყუჟული. გოგო კი წამოიყვანა მამამისმა, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო და მას მერე იას სახელი გაუტყდა. ხომ იცი, აქ სოფელია, ყველაფერს კრიტიკულად უდგებიან. მას შემდეგ ია საბოლოოდ ჩაიკეტა. კარგა ხანს სახლიდან არ გამოდიოდა.
- გასაგებია.
- ცუდი ამბავი მოხდა, რა. არადა, მაგარი კარგი გოგოა, გულიანი, კეთილი, ყველას დამხმარე. არ იცი, როგორ უყვართ სოფელში. ახლა ყველა ცდილობს, ის ამბავი არ ახსენოს. დედა სალომე რომ არა, არ ვიცი, რა დაემართებოდა. იმან გამოიყვანა მდგომარეობიდან. სულ ესაა. ოღონდ ძალიან გთხოვ, არაფერი წამოგცდეს. ისედაც ცოდოა გოგო.
- რა თქმა უნდა. - გუჯის თვალწინ წარმოუდგა იას სახე, როცა ეუბნებოდა, ჩემი ხელის თხოვნა შეუძლებელიაო. ალბათ ამიტომაც არ იყო უარზე, თუ მათ შორის რამე მოხდებოდა. ამიტომაც თქვა, ჩემთვის სულერთიაო.
სანდრო… ახვარი კაცი! მის შესახებ გუჯიმ ბევრი რამ იცოდა. ეს იყო ცხოვრებისგან დაღლილი ცინიკოსი, რომელიც საზოგადოების და განსაკუთრებით ქალების თვალში იდუმალებით მოცულ კაცს თამაშობდა. თავის თავს პოეზიის მეფეს უწოდებდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>