ქალებში გარეული გუჯი იმ მხეცს ჰგავდა, მოჟღურტულე ჩიტები რომ შემოხვევიან გარს. იგი თითქოს ვერ ამჩნევდა მათ დაინტერესებას, თუმცა ია ხვდებოდა, რომ მას არაფერი გამოეპარებოდა. ახალგაზრდა მონაზვნებიც კი შეფარვით ეკეკლუცებოდნენ მოხდენილ სტუმარს.
- ია, რა სტადიაშია შენი რომანი? - ჰკითხა იამზემ, როცა საღამო ჩამთავრდა.
- მალე დავამთავრებ. ერთი ეპიზოდიღა დამრჩა, - მიუგო იამ.
- მართლა? რა ეპიზოდია?
- საიდუმლო გასასვლელს ეხება, - გამოაცხადა გოგონამ, ოდნავ წამოწითლდა და გუჯის შეფარვით გახედა.
- უი, რა საინტერესოა? საიდუმლო გასასვლელი? მოჩვენებებიც ხომ არ იქნებიან? - წამოიძახა მარიამმა, ყველაზე ახალგაზრდა მონაზონმა.
- არა. ამ რომანს მოჩვენებები არ მოუხდება, - თავი გადააქნია გოგონამ.
მართა ფანჯარასთან იდგა, როცა დაინახა, რომ ჭიშკართან მანქანა გაჩერდა.
- მგონი, ვიღაც გესტუმრა, ია.
იამ უნებლიეთ გუჯის შეხედა. იგი მშვიდად წრუპავდა წვენს.
"ალბათ, ჩემები არიან. ალბათ, იმ გაბერილმა ბესომ დაურეკა. რაღა ახლა მოუნდათ ჩამოსვლა?", - გაიფიქრა შეშფოთებულმა და წამოხტა. გუჯის მისი რეაქცია არ გამოჰპარვია, ამიტომ გამამხნევებლად გაუღიმა გოგონას.
დერეფანში მამაკაცების მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა, კიდევ რამდენიმე წამი და კარი ფართო გაიღო.
იას ოჯახის სამმა საუკეთესო ეგზემპლარმა ოთახში შემოაბიჯა. მართლაც საუცხოო სანახავები იყვნენ - მაღლები, შესანიშნავი აღნაგობის, ოქროსფერთმიანი ჯიშიანი მამაკაცები. ძმებმა სწრაფად მოათვალიერეს იქაურობა, მამა კი მხოლოდ გუჯის მიაჩერდა.
- მოგესალმებით, მეზობლებო. გამარჯობა, ბატონო გუჯი!
იას მოეჩვენა, რომ ოთახში სიცივე შემოიჭრა. რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც მან არ იცოდა. ინსტინქტმა უკარნახა, რომ მამა ძალზე გაბრაზებული იყო და თავს ძლივს იკავებდა. სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, მუდარით სავსე თვალები გუჯის მიაპყრო.
ამ უკანასკნელმა ცივად უპასუხა მისალმებაზე, თან ისე, რომ სავარძლიდან არც წამომდგარა.
- მამა, რატომ არ დამირეკე, ჩამოსვლას თუ აპირებდით? დღეს არ გელოდით.
- იმიტომ, რომ მოულოდნელად გადავწყვიტე. რა გჭირს, ასე რამ დაგაბნია? არ უნდა მაკოცო?
გოგონა მამას მიუახლოვდა, ფეხის წვერებზე აიწია და მამას ლოყაზე აკოცა, მაგრამ შინაგანად ერთიანად დაიძაბა, როცა მამისგან საპასუხო კოცნა ვერ მიიღო.
- სადილიც არ გამიკეთებია… - შეშინებულმა ჩაილაპარაკა. - რამე მოხდა?
- მაინცდამაინც რამე უნდა მომხდარიყო? - მკვახედ გაისმა მამის ხმა, - ეს ჩემი სახლია და როცა მინდა, მაშინ ჩამოვალ! - ხაზგასმით წარმოთქვა, - რა, სტუმარი ვარ ჩემს მამულში?
მამის ასეთ ტონს ია დიდი ხანია გადაეჩვია და გაუკვირდა. ამასთან, ქალებიც აწრიალდნენ, წამოდგნენ და წასვლა დააპირეს.
- ია, ჩემო კარგო, ჩვენი წასვლის დროა. დიდი მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის. შემდეგში ისევ ჩვენთან შევიკრიბოთ, - იას დედა სალომე მიუახლოვდა, შუბლზე აკოცა და სხვებთან ერთად ოთახიდან გავიდა.
"რა საშინელებაა, როგორ ჩამიშხამეს საღამო", - გაიფიქრა იამ, მოტრიალდა და შეამჩნია, რომ გუჯი ადგილიდან არ იძვროდა, ისევ ისე იჯდა სავარძელში და არსად წასვლას არ ჩქარობდა.
ქალები გაიკრიფნენ, დარჩენილები კი ხმას არ იღებდნენ. იიქაურობა მძიმე სიჩუმით გაივსო. ჰაერიც კი ავისმომასწავებლად დაიმუხტა.
- ჯანდაბას! - წამოიძახა იამ, - მამა, რას მივაწერო ეს ყველაფერი?
- აი, მაგ ვაჟბატონს ჰკითხე და გეტყვის! - დაიქუხა მამამ, - ვფიქრობ, თვითონ უკეთ იცის პასუხი! - რამაზი გუჯის თვალს არ აშორებდა.
ეს უკანასკნელი კი კვლავ მშვიდად იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო და ირონიული ღიმილით მისჩერებოდა სასიმამროს, - იქნებ ამიხსნათ, აქ რას აკეთებთ?
გუჯიმ ჭარბები მრავლისმეტყველად აზიდა.
- რას უნდა ვაკეთებდე, წვენს ვსვამ. სხვათა შორის, მშვენიერი წვენია. ქალბატონებმა მომიპატიჟეს, რომ იას ლექსებით დავმტკბარიყავი და მეც სიამოვნებით მოვედი.
- ნუ მიედ-მოედებით, თუ შეიძლება! პირდაპირ მითხარით, რა გნებავთ, რა ჩაიფიქრეთ?
გუჯიმ ისე სარკასტულად გაიცინა, რომ იას შიშმა მთელი სხეული დაუსუსხა.
- გეტყვით, თუ ასე ძალიან გაინტერესებთ. ხვალ სამ საათზე მოვალ, დამელოდეთ და ყველაფერს გაიგებთ!
- თქვენ აქ ფეხს ვერ მოადგამთ!
- მოვადგამ, - ცივად უპასუხა მამაკაცმა, რამაზის უხეშ ტონს ყურადღება არ მიაქცია და წამოდგა. ძმებმა ხელები მომუშტეს და ისე დადგნენ, თითქოს თავდასხმისთვის ემზადებიანო.
გუჯი ისეთი მაღალი იყო, იას ძმებსა და მამას ზემოდან დაჰყურებდა. - ხვალამდე, ბატონო ჩემო, ხვა-ლა-მდე! - დამარცვლით წარმოთქვა ბოლო სიტყვა, მერე იას მიუახლოვდა, ხელზე აკოცა და გულთბილად უთხრა, - დიდი მადლობა მშვენიერი საღამოსთვის. - ამის თქმა და აუჩქარებლად გავიდა ოთახიდან….
ია მარტო დარჩა ძმებსა და მამასთან.
- იმედია, ძალზე კმაყოფილები ხართ, საღამო რომ ჩამიშხამეთ. მშვენივრად იცით, რომ ჩემთან არასდროს არავინ დადის. ამდენი ხნის შემდეგ პირველად დავპატიჟე სტუმრები და ისინიც გამიქციეთ სახლიდან. მადლობის მეტი რა მეთქმის.
- კიდევ გიმეორებ, ია, რომ ეს ჩემი სახლია და როცა მინდა, მაშინ ჩამოვალ. საინტერესოა, ნებართვა ვისგან უნდა ავიღო? შენ რა, სულ გაგიჟდი? - რამაზი ქალიშვილს თვალს არ აშორებდა, - სხვათა შორის, ამას წინათ ბესომ დამირეკა. მაგან მითხრა, ეგ ვაჟბატონი რომ არ გცილდება გვერდიდან. რას აკეთებ, გინდა კიდევ ერთხელ მოგატყუონ?
- არავინაც არ მატყუებს. დიახ, გვერდიდან არ მცილდება და მიხარია, რომ ასეა. შენ კი უნდა ამაყობდე, რომ ასეთი თაყვანისმცემელი გამომიჩნდა. მას სერიოზული გეგმები აქვს.
- ა, შეხედეთ ახლა ამას, - რამაზმა ბიჭებს გადახედა და ხელი იასკენ გაიშვირა, - გესმით, რას ამბობს? მართლა არ ხარ ჭკუაზე, როგორც ვხედავ. მაგან შენი ამბავი რომ გაიგოს, მაშინვე მიგაგდებს და ისევ ქვეყნის სალაპარაკოდ გაიხდი თავს.
- უკვე იცის, - წამოიძახა გამწარებულმა, - იცის და ამას არად აგდებს. მისთვის სულერთია ჩემი წარსული. გასაგებია?
მისი ნათქვამი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ვერც ერთმა ხმა ვერ ამოიღო.
- მდააა. ახლა კი გასაგებია, მაგ ვაჟბატონს რაც სურს, - დაარღვია სიჩუმე მამამ, - ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რაღაც საზიზღრობა ჩაიფიქრა, ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში. ყველამ იცის, რა საშიში კაციცაა ეგ შენი გუჯი. ნეტავ რას ჩამოეთრა იმ რუსეთიდან, ვერ დარჩა იქ? ჩემი გულის გასახეთქად გამოჩნდა, როგორც ჩანს. ვიცი, რაც უნდა. ჩვენი მოსპობა და სხვა არაფერი, ესაა ამისი გეგმა, - რამაზი ისევ ბიჭებს მიუტრიალდა.
- რას ნიშნავს მოსპობა? რა გეგმაზე ლაპარაკობ, მამა! ახლავე ამიხსენი, რას გულისხმობ! - ია წამოხტა და მამას წინ აესვეტა.
- შენ დამიწყნარდი.. - ხელი მხარზე მოუთათუნა რამაზმა გოგონას და ღვარძლიანად გააგრძელა, - შენი მიამიტობით ერთხელ უკვე მომჭერი თავი, მეორედ ამას არ დავუშვებ. ისეთები, როგორიც მაღლაფერიძეა, შენნაირებს არ ირთავენ ცოლად. როგორ გგონია, მაინც რატომ უნდა შეგირთოს? ის მდიდარია, კარგი გარეგნობის, შენ კი ერთი სახელგატეხილი გოგო ხარ. მეტი საქმე არა აქვს, შენნაირი ეძებოს.
ია წამოწითლდა, როცა მამამ კვლავ ძველი ამბავი შეახსენა.
- უკვე გითხარი, მას ჩემი წარსული სულაც არ აღელვებს.
- მასე გეგონოს შენ! ასეთი რამ ნებისმიერ კაცს აღელვებს, ზღაპრების ნუ გჯერა, აღარ ხარ პატარა! - ჩაერია კამათში დათო.
- შენ რაღა გაქვს სალაპარაკო! - წამოენთო გოგონა, - ან შენ და ან ზურას! თქვენნაირი მუსუსები სიცოცხლეში არ შემხვედრია! ვინ იცის, რამდენი ქალი გაგიუბედურებიათ!
- არ ხარ მართალი, იაკო. ჩვენ გოგოებს პატივისცემით ვეპყრობით, არასდროს არავისთვის გვიწყენინებია. - დამცინავად შენიშნა დათომ.
- აი, ეგა ხართ თქვენ! ცინიკოსები, კლოუნები.
- კარგი, გეყოფათ კინკლაობა, - მუშტი მაგიდას დაჰკრა რამაზმა, - რაღაც სისულელეზე კამათობთ და მთავარი გავიწყდებათ!.. ია, შენთან გულახდილი ვიქნები, ჩემო შვილო და პირდაპირ გეტყვი, რომ ჩვენ სამივე ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაყენე მაგ კაცის გამო. ეს ამბავი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, ვიცი მე.
- არ მესმის, რას გულისხმობ, მამა. ცუდი რა უნდა მოხდეს, როცა ის კაცი ცოლობას მთხოვს?
- ვახ, კაცო! როგორ არ გესმის, ა? ისევ დაგაბრმავა გამჩენმა, არა? ნუთუ ვერაფერს ხვდები? გუჯის შენზე დაქორწინების იოტისოდენა სურვილიც არა აქვს, გაიგე ერთხელ და სამუდამოდ! ი-ო-ტი-სო-დე-ნა!
- მაშინ რატომ უნდა შენთან შეხვედრა?
რამაზი წამით დადუმდა, შემდეგ კი ხმადაბლა უპასუხა:
- რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ შენს თავს მთხოვს, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა გარიგებასაც მოითხოვს.
- მამა, ესე იგი, შენ ზუსტად გათვალე, რაც მოხდება? - შეეკითხა ზურა, რომელიც კუთხეში მიმჯდარიყო და ოჯახურ საუბარს ყურს უხმოდ უგდებდა.
ია მამას მიაშტერდა.
- გარიგება? რა გარიგება? რატომ ლაპარაკობთ ყველანი ქარაგმებით? ბოლოს და ბოლოს არ ამიხსნით, რა ხდება?
მამამ ღრმად ამოიხვნეშა:
- მაღლაფერიძე შენ ცოლად მოყვანას არ აპირებს. უბრალოდ, დამემუქრება, რომ თუ უარს ვეტყვი, შენთან ერთად გაიქცევა. მერე ისევ ის განმეორდება, რაც ერთხელ უკვე იყო. მას სხვა რამე აქვს ჩაფიქრებული. ამ შანტაჟით სურს მიიღოს ის, რაც მას უნდა და მგონი, ვიცი, რაც უნდა.
დათომ მამას კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
- მაინც რა უნდა, შალვოვიჩ, არ იტყვი?
- რა ძნელი მისახვედრი ესაა. აი, ეგ სახლი უნდა და ჩვენი ეზო-კარი. მაგ ახვარი მე ვერ მიტანს. წლები ელოდა ამ წუთს და ახლა შურისძიება გადაწყვიტა. რა გასაკვირია? შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა! - რამაზმა ხელები გაასავსავა.
იას თვალთ დაუბნელდა, მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და რამაზს მიაშტერდა:
- მამა, ახლავე ამიხსენი, რა შუაშია ჩვენი სახლი.
მამას ზურამ დაასწრო:
- მე და დათოს კარგად გვესმის, რაც ხდება. გუჯის იას გამოყენება უნდა თავისი მიზნის მისაღწევად. მაგრამ იმას ვერ ვხვდები, სახლი რა შუაშია? ის ისედაც მდიდარია, ამ ასი წლის სახლს რა თავში იხლის?
იამ მკვდარივით გაფითრებულმა ამოილუღლუღა:
- გუჯიმ მითხრა, ოდესღაც ამ სახლში ჩემი ოჯახი ცხოვრობდაო.
რამაზი შეკრთა:
- თვითონ გითხრა?
- ჰო, თვითონ… მამა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, - იამ გამომწვევად შეხედა მამას.
- რას ნიშნავს ახლო ურთიერთობა? - მუშტებშემართული მიეჭრა დას ზურა, - უკვე იწექი მასთან?
- არა. ეგ არ მიგულისხმია. მას ეს არ უკადრებია. იგი წესიერი ადამიანია.
- კიდევ კარგი, სინდისის ნატამალი მაინც შერჩა, - შვებით ამოისუნთქა რამაზმა და დოინჯი შემოიყარა.
- მამა, რატომ არ გინდა მოგვიყვე, რა მოხდა ჩვენს ოჯახებს შორის?
- კარგი, მოგიყვებით, - ისევ ამოიხვნეშა რამაზმა, სკამზე ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიბჯინა, - ადრე თუ გვიან, მაინც ყველაფერს გაიგებთ, ამიტომ აჯობებს, მე თვითონ გითხრათ. მე, გუჯის მამა და კიდევ ორი სხვა ახლო მეგობრები ვიყავით და ერთი საერთო საქმე გვქონდა. კარგა დიდ ფულს ვშოულობდით. მერე ამ ფულს კერძო ბანკში ვინახავდით. ერთხელ გუჯის მამას თენგიზს მთელი თავისი ქონება და მათ შორის ეს სახლიც კარტში მოვუგე. მეხვეწა, სახლი მაინც დამიტოვეო, მაგრამ რა ვიცი, აბა, თითქოს ეშმაკი შემიჩნდა, არაფრით არ დავუთმე. მან კაცურად მთელი თანხა გადამიხადა. მერე ის პერიოდი დაემთხვა, კერძო ბანკის მფლობელებმა ფულები რომ მოხვეტეს და საზღვარგარეთ გაიქცნენ. ამიტომ ყველას მაგრად დაგვერხა. მე ქონება მაინც დამრჩა, მამამისს კი სახლიც არ შერჩა და დარჩა ცარიელ-ტარიელი. ერთხელაც ამ სახლში დაბრუნდა, რომელიც უკვე მე მეკუთვნოდა და კაბინეტში… თავი მოიკლა.
- ღმერთო, რა საშინელებაა! რა სისასტიკე! - ხელები თავზე წაივლო იამ.
- რატომაა სისასტიკე? - ჩაერია დათო, - მან წააგო და გადაიხადა, ვალდებული არ იყო? თავი თუ მოიკლა, რა ჩვენი ბრალია?
ია გააგიჟა ძმის გულგრილობამ.
- როგორ შეგიძლია ასეთი უგულო იყო? არ გესმის, რა საშინელებაც დატრიალდა? ნუთუ ვერ ხვდები, რომ მეგობრებმა მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტეს?
- საკმარისია, ია! - იფეთქა რამაზმა, - რაც თენგიზმა გააკეთა, მისი ნება იყო, თვითმკვლელობისკენ მე არ მიბიძგებია.
- მაშინ რატომ არ დაეხმარე? ძმაკაცი არ იყო შენი? გვერდით რატომ არ დაუდექი?
- გაჩუმდი, რა! - ხელი აუქნია დას ზურამ და მამას მიუბრუნდა, - მერე? რა მოხდა მერე?
- არც არაფერი. დედა-შვილმა აქაურობა დატოვა და წავიდნენ. მალე დედამისიც გარდაიცვალა, გუჯი კიდევ ნათესავებმა შეიფარეს და მათთან იზრდებოდა. მერე უნივერსიტეტი დაამთავრა, ჯარშიც იყო, მგონი. ბოლოს რუსეთში მუშაობდა და ახლახან ისევ თბილისში დაბრუნდა.
- და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ შენ მას მთელი ქონება წაართვი? შენ, მამამისის მეგობარმა? - გაალმასებული ია თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, - მამის სიკვდილის შემდეგ ბიჭი ქუჩაში აღმოჩნდა და სამადლოდ ნათესავებმა შეიფარეს. ამას შენ კაცობას ეძახი, მამა?
რამაზმა შვილს მრისხანე მზერით გახედა.
- მე მის ქონება პატიოსანი თამაშით მოვიგე. ამაში ვერავინ გამამტყუნებს. თუ გადახდის შნო არ ჰქონდა, არც უნდა ეთამაშა. სიმართლე ეს არის.
- მამა!
- სხვათა შორის, ეგ შენი გუჯი თავს გადასარევად გრძნობს. იცი რუსეთში რამხელა ბიზნესი ჰქონდა? ახლაც შემოსდის თურმე იქიდან წილი. თბილისშიც წამოუწყია რაღაც საქმეები. აქაც გაუმართლაო, ამბობენ. უზარმაზარი ქონების პატრონია. ერთადერთი, რაც მაგას ჩვენგან უნდა, შურისძიებაა, თორემ ამ სახლს რა თავში იხლის. ამისთვის კი შენ გიყენებს, გამოჩერჩეტებულო!
- რაღა მანცდამაინც ამ სახლს ჩააცივდა? - გაიკვირვა დათომ.
- ორჯერ შემომითვალა, დედას გიტირებ, მამაჩემის გამო ყველაფერს გაზღვევინებ და მაგ სახლს მაინც დავიბრუნებო. მართალია, ეს წლების წინ იყო, მაგრამ ფაქტია, მას მერე არ გადაუფიქრებია.
- გამოდის, ახლა დადგა ამის დრო, - დაასკვნა ზურამ და დას ისეთი მტრული მზერა შეავლო, ია ლამის ჩაძვრა სავარძელში, - მამა, რომ მიჰყიდო ეს სახლი? რა ჯანდაბად გვინდა სხვისი სალაპარაკო ქონება? რა დიდი რამე აქაურობაა?
- არა, შვილო, განა საქმე სახლს ეხება. აქ პრინციპის ამბავია. ის კაცი დარწმუნებულია, რომ მისი კუთვნილი სახლი მე მივიტაცე, მამამისი სიკვდილის პირას მივიყვანე და ამიტომ შურისძიება სწყურია. ისიც იცის, რომ სახლს არ გავყიდი, მილიონიც რომ შემომთავაზოს.
- რატომ? - მოუთმენლად შეეკითხა დათო, - გაყიდე, შენი რა მიდის, ჩვენ მაინც არ ვცხოვრობთ აქ და არც მომავალში ვაპირებთ. იას კი მოსწონს აქაურობა, მაგრამ წინააღმდეგი არ იქნება, ალბათ.
რამაზმა ირგვლივ მიმოიხედა.
- არა, არ გავყიდი. მე ჩეს საგვარეულოში პირველი ვარ, ვინც ყველაფერს მიაღწია და ეს სახლიც ამის მტკიცებულებაა. მაგას არ ვიზამ.
დათომ გაფითრებულ იას შეხედა.
- ია, შენ რას ფიქრობ?
- მე თანახმა ვარ. ისედაც, რად გვინდა სახლი, სადაც ვიღაცამ თავი მოიკლა? დაწყევლილი ფუძე ექნება, - ჩურჩულით ამოთქვა, - იმ ბიბლიოთეკაში მეტად ვეღარც შევალ.
- ჰოო, მართლაც უსიამოვნო სიტუაციაა. ვფიქრობ, გუჯის მოცილება ადვილი საქმე არ იქნება. გაგვიჭირდება. ის ასე ადვილად არაფერს დათმობს. ია, ნუთუ მაგ ბიჭის გამო ოჯახს დაკარგავ? არ მითხრა, რომ ახლაც შეყვარებული ხარ. მაშინაც ასე ამბობდი და მერე ინანე, ხომ არ დაგავიწყდა? - დის დამუნათებას შეუდგა დათო.
- მაგას უკვე დაკარგული აქვს ჭკუა, ვერ ხედავ? - ჩაიდუდღუნა ზურამ, - ამას ეჭვიც არ ეპარება, რომ გუჯი მის ცოლობაზე ოცნებობს. ვატყობ, ისტორია მეორდება. ია უნდა დავიცვათ, სხვანაირად არ გამოვა.
- ნამდვილი იდიოტი ხარ, ზურა! - გამწარდა გოგონა, - რა გინდათ, ისევ უნდა გამომამწყვდიოთ? ამჯერად არ გამოგივათ. აქედან ნებისმიერ დროს შემიძლია გაქცევა, - ია წამოდგა, ღაწვები აფორაჯებოდა, თვალები მრისხანედ უელავდა, - ნახავთ, მაგით რასაც მიაღწევთ! მე მაინც გავყვები გუჯის ცოლად!
- შენ მას არ სჭირდები, შეუშვი მაგ ყურში ერთხელ და სამუდამოდ! ნუთუ ვერ ხვდები? -გაღიზიანებულმა დათომ თავი გადააქნია, - გგონია, ხვალ შენი ხელის სათხოვნელად მოდის? მას ჩვენი დაშანტაჟება უნდა, სხვა არაფერი.
- არა, ასე არ არის! - არ შეეპუა ძმას ია, - ამაში დარწმუნებული ვარ. მე მას კარგად ვიცნობ!
- შენ სანდროსაც კარგად იცნობდი, - ჩაიფხუკუნა დათომ.
რამაზმა ღრმად ამოიოხრა:
- არა, ია, არ იცნობ შენ მაგას კარგად. არც არავინ იცნობს ბოლომდე. შენ არ იცი, თბილისში მასზე რას ლაპარაკობენ. დიდი საიდუმლოებით მოცული კაცია, თანაც გავლენიანი. ამბობენ, რომელიღაც ძალოვანი სტრუქტურის მინისტრთან ძმაკაცობსო.
- ჯერ ერთი, რა არის ამაში ცუდი? მეორეც, სულ ერთი კვირაა, რაც თბილისში ჩამოვიდა, მანამდე მოსკოვში ცხოვრობდა.
- აჰა, უკვე დაგაბოლა, არა? ასე გითხრა? ახლა ჩამოვედი თბილისშიო? ერთი წელია და მეტიც, აქ არის, გოგო, საიდან მოიტანე ეგ სისულელე!
ია გაშტერდა. ნუთუ მართლა მოატყუა გუჯიმ? როგორ უძნელდებოდა ამის დაჯერება.
- ია, შვილო, კარგად მომისმინე. მე შენ ჭკვიანი გოგო მგონიხარ. დავიჯერო, მწარე შეცდომამ არაფერი გასწავლა? მართლა სახლში ხომ არ გამოგკეტავ? - დაუტკბა რამაზი ქალიშვილს, -გამოიჩინე გონიერება. ეს ლექსები არაა, ეს რეალობაა. დაივიწყე რომანტიკა დროებით მაინც. საქმე შენს მომავალს ეხება, ბოლოს და ბოლოს. ნუ შეუწყობ ხელს მაგ კაცს თავისი მიზნის განხორციელებაში.
- იცით რა? ვხვდები, რომ თქვენ სამივენი ცდებით. გუჯი სულაც არ არის ნაძირალა. მას ჩემი ცოლად მოყვანა უნდა და გსურთ თუ არ გსურთ თქვენ ეს, მე მაინც გავყვები.
მამა შვილს მიუახლოვდა, მხარზე ხელი მოხვია და დაუყვავა:
- ია, გაიხსენე, რაც სამი წლის წინ მოხდა. გინდა მსგავსი ტანჯვა და ტკივილი კიდევ ერთხელ გადაიტანო? არ გახსოვს, ყველანი რა დღეში ჩავცვივდით?
- მაშინ სხვა იყო, ახლა სხვანაირადაა ყველაფერი! - ჯიუტად გაიმეორა იამ, - გუჯის მე ვუყვარვარ!
- არ უყვარხარ, არა! გაიგონე, რომ გეუბნები, თორემ მოვა დრო და თვითონვე მიხვდები, მაგრამ მაშინ ჩვენ ყველანი… - მამა მოულოდნელად გაჩუმდა.
- რა ჩვენ ყველანი, მამა? რა მოგვივა? - იას უცებ გონება გაუნათდა. როცა საქმე ფინანსებს ეხებოდა, მისი რომანტიკული განწყობა უკანა პლანზე გადადიოდა. - გინდა თქვა, რომ ყველაფერს დავკარგავთ?
რამაზმა კითხვაზე არ უპასუხა.
იამ ჩაიცინა.
- და რა მნიშვნელობა აქვს, რა გზით დავკარგავთ? თქვენ ისედაც სულ ანიავებთ, რაც გვაქვს იმას, ნახევარს კაზინოებში ტოვებთ დღემდე! - ისევ აყვირდა და ფეხების ბაკუნს მოჰყვა.
- კარგი, ია, დამშვიდდი, მამა ყველაფერს მოაგვარებს, - ჩქარ-ჩქარა ჩაულაპარაკა დათომ და ხელები მოხვია.
- თქვენ ჩემი სახელი საერთოდ არ განაღვლებთ, ხომ? - ისევ ჩურჩულზე გადავიდა გოგონა, -მადლიზა ვიღაცას ჩემი ცოლად შერთვა მოუნდა, თქვენ კი… უკვე გადახარშეთ ჩემი სირცხვილი და მორჩა, არა? ისედაც სულ იმას ჩამჩიჩინებთ, აწი ვინღა გითხოვს, წამხდარი ქალი ხარო, - ამის თქმა და თვალები ცრემლით აევსო, - იცით, რას მივხვდი? თქვენ ჩემი გაშვება არ გინდათ. მას მართლა შეუძლია ჩემი აქედან წაყვანა. არა აქვს მნიშვნელობა, ერთი თვით, ერთი წლით თუ ერთი საუკუნით, მაგრამ თქვენ არ გაწყობთ ეს. მერე ვიღა მიხედავს თქვენს ბუღალტერიას! სულ აგეწეწებათ საქმეები! რა საცოდავები ხართ, რომ იცოდეთ! -ზიზღი გამოესახა სახეზე.
- ეგ რამ გაფიქრებინა, გოგო, - შეშფოთდა რამაზი, - ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ხარ და არ მინდა მოტყუვდე, თორემ ვისაც გინდა იმას გაჰყევი ცოლად, მაგაზე უარს როგორ გეტყვი, ოღონდ წესიერების ფარგლებში მოხდეს ყველაფერი და… მე არ მინდა ისევ გაიმეორო შეცდომა და კიდევ ერთხელ ყველას დასაცინი და თითით საჩვენებელი გახდე. თუ ამ საბედისწერო ნაბიჯს გადადგამ, დაიღუპები, შვილო, საბოლოოდ დაიღუპები!
იამ თავი ასწია, მამას თვალებში ჯიქურ შეხედა და სრულიად დამშვიდებული ხმით მიუგო:
- მადლობა, მამა. ამას კარგად დავიმახსოვრებ, - ია წამოდგა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.
რამაზი ხმას არ იღებდა. არც დათო და ზურა ამბობდნენ არაფერს. სასტუმრო ოთახი სიჩუმეში ჩაიძირა, ყველა საკუთარ ფიქრებში ჩაფლულიყო…
იას გულმა არ მოუთმინა და რადგან სახლში მარტო არ იყო, გულადად მიაშურა ბიბლიოთეკას, თუმცა უსიამოვნო გრძნობა არ სცილდებოდა - რაც უნდა იყოს, ამ წიგნებით გამოტენილ კაბინეტში ოდესღაც გაუბედურებულმა კაცმა თურმე თავი მოიკლა. გოგონა მაგიდას მიუჯდა და თვალი ფანჯარას გაუშტერა. ასე გაუნძრევლად კარგა ხანს იჯდა. შემდეგ ლეპტოპს თავი ახადა და გუჯის მიმოწერას გადაავლო თვალი.
დროა რომანტიკულ ბურუსს თავი დააღწიოს. როგორც ჩანს, მამა მართალია - საქმე მის მომავალს ეხება. მართლა რომ ისე მოხდეს, როგორც მამამ უწინასწარმეტყველა, მისი ცხოვრება საბოლოოდ დასამარდება. თავი არსად არ გამოეყოფა. ახლა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, აამუშაოს გონება და სასწრაფოდ რამე მოიფიქროს, სანამ გვიან არ არის.
მაშ ასე. გუჯი მაღლაფერიძე მის ცხოვრებაში ამ ექვსიოდე თვის წინ გამოჩნდა. გამოჩნდა და მაშინვე თავბრუ დაახვია თავისი მაღალფარდოვანი სიტყვებით და ვითომ პოეზიის სიყვარულით. აი, ყველა მესიჯში იას ქება-დიდებაა, მისი ლექსებისა და მოთხრობების ხოტბა. არც ერთხელ შენიშვნა არ მიუცია, არც ერთხელ არ გაუკრიტიკებია… ესე იგი, რა გამოდის? მასთან ნაცნობობა იმიტომ გააბა, რომ უნდოდა მისი შურისძიების იარაღად გამოყენება? ყველა ის სიტუაცია, რომელიც მას ადრე უცნაური დამთხვევა ეგონა, თურმე წინასწარ გამიზნული გეგმის ნაწილი ყოფილა. თუმცა ვერ უარყოფს, რომ ამ მესიჯების ავტორი ჭკვიანი, მგრძნობიარე კაცია და სულაც არ ჰგავს მამამისის მიერ აღწერილ მონსტრს. ალბათ ამიტომაც შეუყვარდა.
რაც არის, არის. მისი ოჯახის წევრები განთქმული მოთამაშეები არიან. ახლა მან უნდა გარისკოს და ითამაშოს თავისი მომავლის გადასარჩენად.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>