ია ბიბლიოთეკაში მანამ შევიდა, სანამ თორმეტი გახდებოდა. საწერ მაგიდას მიუჯდა და ფანჯარაში მომზირალ მთვარიან ღამეს უაზროდ მიაჩერდა. მაგიდაზე ბროლის გრაფინი იდგა, რომელშიც კონიაკი ნახევრამდე ესხა. იას უყვარდა კონიაკი და როცა მუშაობდა, დროდადრო ცოტ-ცოტას წრუპავდა.
მოლოდინმა და ღელვამ ააკანკალა. თითებით ბროლის გრაფინს ეთამაშებოდა. ყოყმანობდა, დაელია თუ არა ცოტა, რათა გაბედულება მომატებოდა. ცოტა არ იყოს, მოსალოდნელი საუბარი ძაბავდა… მაინც არ დალია. გუჯის მოლოდინში ადგილიდან არ ამდგარა. კი უთხრა, ბიბლიოთეკაში დაგხვდებიო, მაგრამ როცა მოვიდოდა და დააკაკუნებდა, კარი ხომ უნდა გაეღო? საიდან უნდა მიმხვდარიყო მამაკაცი, რომ ია მას ბიბლიოთეკაში ელოდებოდა? ბუხარში ცეცხლი ხომ არ დაენთო? ეს მათი შეთანხმების უტყუარი საბუთი იქნებოდა.
კედლის საათს გახედა. გრძელი ისარი ნელა მოძრაობდა, მოკლე კი თითქოს არც იძვროდა. ლოდინისგან გული გაუწვრილდა. სიცივისგან შეაჟრჟოლა… სიცივისა და გაუცნობიერებელი შიშისგანაც. მოუნდა ბუხარში ცეცხლის დანთება, მაგრამ ამის თავი არ ჰქონდა. აი, მოკლე ისარი უკვე თორმეტს აჩვენებდა, გრძელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა… კიდევ რამდენიმე წამი და ორი ისარი ერთმანეთს შეერწყმებოდა…
მოულოდნელად იგრძნო, რომ საიდანღაც სიცივემ დაუბერა. აბრეშუმის ხალათი უფრო მჭიდროდ შემოიხვია ტანზე და ის იყო, წამოდგომა დააპირა, რომ გუმანით მიხვდა, ოთახში მარტო არ იყო, იქ მის გარდა სხვაც იმყოფებოდა. სწრაფად დასტაცა ხელი მაგიდაზე დადებულ ქაღალდის საჭრელ დანას, ფეხზე წამოხტა და დაყვირება დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო. ვიღაცამ პირზე ხელი ააფარა და მისი ზურგი მძლავრად მიიკრა მკერდზე.
- დანას თუ დადებთ, თავს დაცულად ვიგრძნობ. ასე უნდა სტუმრის დახვედრა? - ზედ ყურთან უჩურჩულა გუჯიმ და პირზე აფარებული ხელისგული მოაშორა.
- ღმერთო ჩემო, გუჯი… როგორ შემაშინეთ… - იამ დანა მაგიდაზე დააგდო, შემოტრიალდა და მამაკაცს გაოცებით შეხედა, - საიდან შემოხვედით? კარი დავკეტე, ნამდვილად მახსოვს… ასე ჩუმად როგორ შემოიპარეთ?
გუჯიმ პიჯაკი შეიხსნა და წიგნების კარადისკენ გაიხედა, რომელიც ნელ-ნელა, უხმაუროდ ბრუნავდა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ თავის ადგილას, კედელთან გაჩერდა. იამ მოასწრო თვალის შევლება და დაინახა, რომ კარადის უკან გასასვლელი იყო. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- აქ გასასვლელია? რა უცნაურია! არ ვიცოდი! - აღმოხდა გოგონას და სწრაფად მიირბინა კარადასთან.
- მოსცილდით კარადას, ია. ის საკმაოდ მძიმეა და შეიძლება თავზე გადმოგემხოთ. სულერთია, ხელით მაინც ვერ გააღებთ.
- და რანაირად იღება?
- საიდუმლო სახელურით.
- მერედა სადაა? პირდაპირ დაუჯერებელია, ამ სახლში ვცხოვრობ და დღემდე არ ვიცოდი, თუ აქ საიდუმლო გასასვლელი იყო.
გუჯის აშკარად ართობდა იას ბავშვური აღტაცება. მან ირგვლივ მიმოიხედა, კონიაკის გრაფინი შეამჩნია, მაგიდას მიუახლოვდა, ორი სირჩა გაავსო და იასკენ დაიძრა.
- აქ ორი სახელურია. ერთი - კარადის მიღმა, გასასვლელში, მეორე - შიგ კარადაში. მას, ვინც ეს სახლი ააშენა, უნდოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში აქედან მოულოდნელად გაუჩინარებულიყო.
- კი მაგრამ, თქვენ საიდან გაიგეთ ამის შესახებ?
- აქამდე ვერ მიხვდით? ხანდახან მაოცებთ, ია. თქვენ ჭკვიანი გოგო ხართ და ხანდახან უბრალო რამეებს ვერ ხვდებით. იქიდან ვიცი, რომ მე ამ სახლში დავიბადე და ამ სახლში ვიზრდებოდი.
ია მისკენ მკვეთრად შემოტრიალდა და პირმოკუმული მიაშტერდა. მამაკაცს პიჯაკი გაეხადა, ახლა მხოლოდ ჯინსი და მოკლესახელოებიანი მაისური ეცვა. ის ჰგავდა ადამიანს, რომელიც საკუთარ სახლში ისვენებს.
საკუთარ სახლში!
გუჯიმ კონიაკით სავსე სირჩა იას გაუწოდა, თითქოს თავად იყო მასპინძელი, ის კი სტუმარი.
- ამ სახლში ცხოვრობდით? რა უცნაური დამთხვევააა. მე არც ეს ვიცოდი. - შიშნარევი ხმით ამოთქვა. თვითონაც არ იცოდა, რამ შეაშინა.
- ახალი მოთხრობის სიუჟეტად გამოგადგებათ, - თქვა გუჯიმ და კონიაკი სულმოუთქმელად გადაჰკრა.
იამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და მიხვდა, რისიც შეეშინდა - ამ კაცს სრულიად არ იცნობდა და არც ის იცოდა, ამწუთას რას ფიქრობდა.
- ალბათ, მთლად ბავშვი იყავით, როცა აქედან წახვედით, არა?
- ცხრა წლის ვიყავი.
- რატომ ადრე არ მითხარით, რომ ეს თქვენი სახლი იყო?
მამაკაცმა მხრები აიჩეჩა.
- საჭიროდ არ მივიჩნიე.
ია მიხვდა, რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. რაღაც აშკარად ვერ იყო წესრიგში, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა… ვერ ხვდებოდა, ეს ყველაფერი რას ნიშნავდა. ამაზე ალბათ დაფიქრება ღირდა, თუმცა ამის ნაცვლად მასში კვლავ რომანტიკამ იმძლავრა:
- დარწმუნებული ვარ, ეს უცნაური დამთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ნაცნობობაც ასეთივე უცნაური და საბედისწეროა.
მამაკაცმა გამჭოლი მზერა შეავლო:
- საბედისწერო? ვაღიარებ, რომ თქვენი რომანტიკული ტერმინოლოგიის არაფერი გამეგება. იქნებ ამიხსნათ, რას გულისხმობთ?
იამ კონიაკი მოწრუპა და სირჩას თითებით გაეთამაშა.
- იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებას ჰეფი-ენდი ვერ ექნება.
მამაკაცი თვალს არ აცილებდა გოგონას. პაუზა რამდენიმე წამს გაგრძელდა, მერე კი ჰკითხა:
- და რატომ?
იამ ისე მოუჭირა სირჩას თითები, რომ ფრჩხილები გაუთეთრდა. უნდოდა საჭირბოროტო თემაზე საუბარი წამოეწყო, მაგრამ გაუჭირდა. მამაკაცს თვალი აარიდა და ყრუდ დაიკვნესა.
"უნდა ვუთხრა, სხვანაირად ვერ მოვისვენებ", - გონებაში გადაწყვეტილება მოამწიფა და გუჯის გაბედული მზერით მიაჩერდა.
- არ ვიცი, ამას ტყუილი ჰქვია თუ ადამიანის შეცდომაში შეყვანა. ეს თავად განსაჯეთ. ჩემი ბრალია, საქმე აქამდე რომ მივიყვანე, მაგრამ ახლა ვაღიარებ, რომ ჩემი ცოლად შერთვა თქვენ ბედნიერებას ვერ მოგიტანთ.
ოთახში მომაკვდინებელი სიჩუმე ჩამოწვა.
- გამოდის, უარს მეუბნებით?
- უარი ჩემს სურვილს ეწინააღმდეგება, - უიმედობამ გაიჟღერა იას ხმაში, - გარწმუნებთ, ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, თქვენი ცოლი მრქმეოდა, მაგრამ სინდისი არ მაძლევს უფლებას, რომ…
- რომ რა? მაინტერესებს, როგორ აპირებთ ჩემ შეჩერებას.
- როგორ და სიმართლის თქმით. ვიმედოვნებდი, ამ ამბავს სხვისგან მაინც მოისმენდით და არ დამჭირდებოდა ამ მტანჯველი წუთების გამოვლა. - იამ პირი გააღო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა, - მიკვირს, როგორ არ გითხრეს ამის შესახებ…
- საინტერესოა… რის შესახებ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა დავიტანჯე. რა საიდუმლოს მალავს ასეთი რომანტიკული არსება?
- კარგი, ვეცდები, მოკლედ მოვყვე. თქვენ უარი უნდა თქვათ მამაჩემთან შეხვედრაზე, ჩემი ხელის თხოვნაზე, რადგან თქვენი ღირსი არ ვარ.
- ვაა! ვერაფერი გამიგია. რას ნიშნავს ეს სიტყვები? რას ნიშნავს, რომ ჩემი ღირსი არ ხართ? ბოლოს და ბოლოს, გამაგებინეთ, რა ხდება.
- ვცდილობ აგიხსნათ. მე… გაუბედურებული ქალი ვარ, უფრო სწორად, დაღუპული… სკანდალური წარსული მქონდა.
- სკანდალური? - გუჯის თავი ისე ეჭირა, თითქოს გაოგნებული იყო.
- ჰო. ერთი კაცის გამო ჭორების სამიზნე გავხდი. ასე რომ, არც ერთი ღირსეული მამაკაცი არ მოისურვებს ჩემზე დაქორწინებას, მით უფრო, თქვენისთანა.
ესეც ასე. სათქმელი თქვა. მართალია, ნართაულად, მაგრამ გუჯისთვის მისახვედრად. იამ ძირს დაიხედა და დაელოდა, ქარიშხალი როდის დატრიალდებოდა. იგი უკვე მზად იყო ამისთვის.
მისდა მოულოდნელად, მამაკაცმა ჩაიცინა.
- შემთხვევით სამი წლის წინანდელ ამბავს ხომ არ გულისხმობთ? - გუჯიმ სახე ახლოს მიუტანა და ისეთი მზერით შეხედა, პატარა ბავშვს რომ ეკითხებიან, ჩურჩხელა შენ ხომ არ მოიპარეო.
გოგონა გაწითლდა.
- იცოდით?
- რა თქმა უნდა. მე როცა რაღაც ან ვიღაც მაინტერესებს, ინფორმაციას ყოველთვის წინასწარ ვაგროვებ. რასაც ახლა მეუბნებით, სისულელეა და მეტი არაფერი.
იამ გაოცებული მზერა მიაპყრო. ვერ გაეგო, ასე უემოციოდ როგორ აღიქვა გუჯიმ მისი აღსარება.
- ეს არ არის სისულელე. მე ის კაცი მიყვარდა. გრძნობებს ავყევი და ჩემი გულუბრყვილობით დავისაჯე კიდევაც.
- აი, ეს კი საინტერესოა, - ცინიკურად შენიშნა მამაკაცმა.
- მეხუმრებით? ვერ გაიგეთ, რა გითხარით? მე სახლიდან მასთან ერთად გავიქეცი… მერე მამაჩემმა მომაგნო, მაგრამ უკვე გვიან იყო.
- გვიან იყო? ეგ როგორ გავიგო?
- მე მასთან ვიწექი… მხოლოდ ერთი ღამე, - წაიჩურჩულა იამ.
- გასაგებია… ნანობთ?
- ძალიან… მაგრამ მაშინ ისე ვიყავი გატაცებული, სულაც არ მიფიქრია, რომ არასწორ ნაბიჯს ვდგამდი. ამას მას მერე მივხვდი, მან ჩემთან დაკავშირება რომ არ მოისურვა. მივხვდი, რომ მისთვის ეს მხოლოდ გართობა იყო და მწარედ ვინანე. აქეთ მამაჩემი მომდგა, შენი ცხოვრება დამთავრდა, აწი ცოლად აღარავინ შეგირთავს, ეგდე ამ სოფელში და მარტოხელობაში ამოგხდება სულიო. ასეც მოხდა… მას მერე ჩემით არავინ დაინტერესებულა… მეც შევეგუე. მერე თქვენ გამოჩნდით და სული კვლავ ამიფორიაქდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რაც იქნება, იქნება, ახლა აღარაფერი მიშლის ხელს, სახელი უკვე გამიტყდა და ერთ კაცთან დავწვები თუ ცხრასთან, მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი. მამამ თავისებურად დამსაჯა… უფრო სწორად, დამასაქმა. ახლა მისი ბიზნესის ბუღალტერიას ვაწარმოებ…
- მერე? მოგწონთ ეს საქმიანობა?
- თქვენ წარმოიდგინეთ, მომწონს. მართლა გამიტაცა. თანაც, რახან ფონდი ჩამოვაყალიბეთ, მონაზვნებისთვისაც საჭირო ვიქნები. ახლა მეტი ხალისით გავაკეთებ საქმეს. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს… მე ჩვენს ურთიერთობაზე მინდოდა საუბარი. ჩემს ცოლობაზე უარი უნდა თქვათ, გუჯი.
- მე იშვიათად გადამითქვამს ჩემი სიტყვა, - ხმადაბლა წარმოთქვა მამაკაცმა, - უკანდახევა არ მჩვევია. ვისაც გინდა ჰკითხეთ, ამას ყველა დაგიდასტურებთ.
- მესმის, მაგრამ კიდევ რაღაცის თქმა მინდა, სანამ საბოლოოდ შეგზიზღდებით.
- გისმენთ.
- ალბათ, გაგიკვირდათ, ხალათით რომ დაგხვდით.
- ვიფიქრე, შესცივდა და იმიტომ-მეთქი. ბიბლიოთეკა ამ სახლში ყოველთვის ყველაზე ცივი ოთახი იყო, მზე თითქმის არ უდგება.
- არა, ამიტომ არა. მე მინდა თქვენთან… ალბათ ხვდებით, რაც მინდა.
გუჯიმ წარბები აჭიმა.
- ნუთუ ვერ გაიგეთ, რას გთავაზობთ? მინდა სასიყვარულო ურთიერთობა გვქონდეს, ყოველგვარი ქორწინების გარეშე, როგორც ქალს და მამაკაცს, - აღელვებულმა წარმოთქვა და სუნთქვა შეეკრა, როცა მიხვდა, რაც წამოროშა. მერე აჭარხლებულმა თავი დახარა, თვალები დახუჭა და ჩურჩულით დაამთავრა, - მაპატიეთ… არ ვიცი, რა მემართება… ალბათ გავგიჟდი.
- ჰმ… ის მსუქანი კაცი მართალი იყო, როცა ემოციური ქალი გიწოდათ.
იამ სირჩა მაგიდაზე დადგა, მამაკაცს თვალი თვალში გაუყარა და ცოტა არ იყოს, თავხედურად მიმართა:
- სხვა რამეზე გადაგაქვთ საუბარი… ჩემი წინადადება არ მოგწონთ?
გუჯიმ დაბინდული თვალებით შეხედა, თვითონაც დადგა სირჩა და იას ხელები მხრებზე დააწყო.
- ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენი შემოთავაზება, მაგრამ…
გოგონას მოუთმენლობისგან გული გაუწვრილდა.
- მაგრამ რა?
- მოდი, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა მე მომანდეთ. მინდა ამგვარ რამეებში მე თვითონ გმართოთ.
- რატომ? - გამომწვევად შეეკითხა გოგონა, - როგორც ვატყობ, მსგავს სიტუაციებშიც ისეთივე გულცივი და აუღელვებელი იქნებით, როგორიც გინდათ ჩანდეთ.
- ზოგადად, ყოველთვის გულცივი და თავშეკავებული ვარ. გაიკითხეთ და გეტყვიან. ასე რომ… ჩემთან ურთიერთობაში აჯობებს სიფრთხილე გამოიჩინოთ.
- რაღაც არა მგონია, მთლად ასე იყოს. მე და თქვენ კარგა ხანია, მიმოწერა გვაქვს. თქვენი მესიჯები სულ სხვას მეუბნებოდა. ტრანსცენდენტალური მეტაფიზიკური სამყარო არ ტყუის. ჩვენ ერთმანეთის სულში ღრმად ჩავიხედეთ, ამიტომ არა მგონია…
- რაც გინდათ, ის იფიქრეთ, ია. - არ დაამთავრებინა გუჯიმ, - არ დაგავიწყდეთ, რომ მე თქვენზე უფროსი ვარ და ცხოვრებაშიც თქვენზე მეტი მინახავს. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. თავს არ ვიქებ, ეგ არ იფიქროთ.
- ეჭვიც არ მეპარება. მაგ მხრივ ვერ დავიკვეხნი. თბილისისა და ამ სოფლის გარდა არსად ვყოფილვარ.
- სწორედ ამიტომ გამოვიყენებ ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მე თავად განვკარგავ ჩვენს მომავალ ურთიერთობას.
- არ ვიცი, არ ვიცი…
- იცით, იცით, - თბილად მიუგო გუჯიმ, დაიხარა და ცხვირის წვერზე აკოცა. - აჯობებს ქორწინებამდე დავიცადოთ, სანამ კიდევ ერთხელ აჰყვებით გულისთქმას და გრძნობებს.
- მაშინ მარადიული ლოდინი მომიწევს.
- არ მოგიწევთ. მე შევეხმიანები მამათქვენს, დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ
ია გაშტერებული მიაჩერდა, ვერაფერი გაეგო.
- როგორ? არ გადაიფიქრეთ? მე ხომ ყველაფერი მოგიყევით.
- მომისმინეთ, ია. რომელ საუკუნეში ცხოვრობთ? განა რა ჩაიდინეთ გამოუსწორებელი? ასეთ რამეს დღეს ყოველი მეორე გოგო აკეთებს, მაგრამ მაინც თხოვდებიან. ქალიშვილობის ინსტიტუტი დიდი ხანია, მოდიდან გადავიდა, - გაიცინა მამაკაცმა, - ახლა ასეთ რამეს ყურადღებას მხოლოდ დაბალი შეგნების მამაკაცები თუ აქცევენ. არა, არა, შეურაცხყოფას კი არავის ვაყენებ… უბრალოდ, ეს არ არის ისეთი ტრაგედია, ამის გამო საყვარელ ქალზე უარი თქვა. ამიტომ საკმარისია. თქვენი წარსულის შესახებ ლაპარაკი აღარ მინდა! - ცივად მოუჭრა.
- მართლა?
- როგორც იქნა, მიმიხვდით, - კვლავ ცინიზმი გაურია ხმაში გუჯიმ და გოგონას ტუჩებში მსუბუქად აკოცა. მერე კი გამხნევების ნიშნად გაუღიმა.
- ნუთუ მართლა აპირებთ ჩემს ცოლად მოყვანას?
- ვაა, მეტი რანაირად დაგაჯეროთ?
იას სიზმარში ეგონა თავი. დაუჯერებელი იყო ის, რაც ახლა მის თავს ხდებოდა. სიხარულისგან თითქოს გული გაუჩერდა. სუნთქვა უჭირდა.
- და ახლა არ…
- ახლა არ, - გაიმეორა მამაკაცმა, - მინდა ეს ყველაფერი დაქორწინების შემდეგ მოხდეს. მე პატივს ვცემ ქორწინების პირველ ღამეს.
იას გაბედულება შეემატა, მამაკაცს მკლავები მოხვია და მიეხუტა.
- გგონია, არ მიჭირს თავის შეკავება, როცა ასეთი ქალი გეძლევა? - შენობით მიმართა გუჯიმ, ყელზე აკოცა, მერე ხელში აიტაცა და საწერ მაგიდაზე შემოსვა… მერე ხალათი ნელა შეუხსნა, თან თვალს არ აშორებდა მის ანთებულ მზერას.
იამ იგრძნო, რომ თხემიდან ტერფამდე გაწითლდა. გუჯი მისკენ დაიხარა, ტუჩებში დააცხრა და ხელები მკერდზე მოუფათურა, თან ვნებიანად კოცნიდა და გაუგებარ სიტყვებს ეჩურჩულებოდა.
- გუჯი… - რაღაცის თქმა დააპირა იამ.
- ჩუმად, ჩუმად, სიხარულო, - ჩურჩულითვე გააწყვეტინა მამაკაცმა, - შენ ისეთი სასურველი და თბილი ხარ, რომ ვერასდროს შეგელევი.
იამ ინსტინქტურად შეიგრძნო, როგორ აუცახცახდა მამაკაცს სხეული და ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს ცეცხლი წაუკიდესო.
- თვალები დახუჭე და ნურაფერზე იფიქრებ.
იამ თვალები დახუჭა და მამაკაცს ბოლომდე მიენდო. ვეღარაფერს გრძნობდა გუჯის ძლიერი მკლავების გარდა. თვითონაც მჭიდროდ მოხვია ხელები და მის კოცნას კოცნით უპასუხა. ვნებით დაბინდულს გონება აემღვრა…
- კიდევ მაკოცე, - თითქოს შორიდან ჩაესმა მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა. - მომენდე და მე შენ უბედნიერეს ქალად გაქცევ. მიყვარხარ და მინდიხარ, ჩემი ნუ გეშინია, - ჩურჩულებდა გუჯი და უფრო და უფრო მჭიდროდ იკრავდა ქალს მკერდზე.
ასეთი არაამქვეყნიური სიამოვნება იას ჯერ არ განეცადა. მაშინ, როცა პირველად დაწვა მამაკაცთან, შიშით იყო შეპყრობილი, პირველი სექსის შიშით, ახლა კი ამის საშიშროება არ ემუქრებოდა. იგი მზად იყო გუჯის დანებებოდა.
- ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, - აღმოხდა.
- შენ შეუდარებელი და უჩვეულო გოგო ხარ, - უეცრად ხმამაღლა წარმოთქვა გუჯიმ, ხელი შეუშვა, წელში გასწორდა და მისი ხალათის კიდეები ერთმანეთს გადაადო.
ია გაშეშდა. ხალათზე ქამარი შემოიჭირა და მამაკაცს გაოგნებული მიაჩერდა. გუჯი სკამს მიუახლოვდა, თავის პიჯაკს ხელი დაავლო და ჩაიცვა.
- მიდიხარ? - ნირწამხდარმა ჰკითხა.
- ჰო. სიტყვა სიტყვაა. არ მინდა შემთხვევით ვისარგებლო.
- როდის გნახავ? - იას ხმა გაებზარა.
- ხვალ. შენს ლიტერატურულ საღამოზე მოვალ. ოღონდ პირობა მომეცი, რომ შენს ქალებს აქ შეკრებ. ხომ შეიძლება ერთი ლიტერატურული საღამო შენს სახლში გაიმართოს?
- როგორ არა. ადრე აქ ვიკრიბებოდით, სანამ დედა სალომე თავის სახლს დაგვითმობდა.
- ჰოდა, ძალიან კარგი. მეც საბაბი მექნება, კიდევ ერთხელ მოვიდე აქ. ნოსტალგია მძალავს.
იას გაეღიმა და მაგიდიდან ჰაეროვნად ჩამოხტა. ჯერაც უხურდა ვნებისგან ათრთოლებული სხეული.
- კიდევ კარგი, გამახსენე, სულ გადამავიწყდა, - თქვა და თვალებში ჭინკები აუცეკვდა.
გუჯი მიუახლოვდა.
- რახან მიდიხარ, ის მაინც მითხარი, ეს საიდუმლო კარი როგორ იღება?
- როგორც ვხედავ, საიდუმლო გასასვლელი ისევე გაღელვებს, როგორც რომანტიკული ღამის გატარება.
იას შეეშინდა. იფიქრა, ჩემი სიტყვებით გავაღიზიანეო. ხელზე შეეხო და ხმადაბლა უთხრა:
- სულაც არ მაღელვებს. უბრალოდ, ჩემი რომანისთვის სიუჟეტად გამომადგება.
- გასაგებია, პატარა ქალბატონო, კარგად მესმის თქვენი, - ღიმილით მიუგო გუჯიმ, - ამიტომ სულაც არ ვაპირებ თქვენი ლიტერატურული მუზის შეფერხებას. - ამ სიტყვებით ხელი მოჰკიდა გოგონას და წიგნის კარადასთან მიიყვანა…
ია საშინლად ღელავდა, არ იცოდა, რა ჩაეცვა. ბოლოს არჩევანი ოქროსფერ კაბაზე შეაჩერა. ეს კაბა ძალიან უხდებოდა მისი თმის ფერსა და დაჭორფლილ სახეს. თაკომ მოუწონა არჩევანი. უკვე ყველანი შეკრებილიყვნენ. გუჯი კვლავ ერთადერთი მამაკაცი იყო მათ გარემოცვაში. ქალები უკვე მიეჩვივნენ მას, აღარ ერიდებოდნენ და თავისიანად მიაჩნდათ. მათ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ იასა და გუჯის თვალებში გამკრთალი იდუმალების ნაპერწკლები და ამიტომაც გაასკეცებული გულითადობით შეხვდნენ მამაკაცს.
<div></div>
<div></div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>