_ სად მივდივართ? _ ჩუმად ვკითხე, როცა ქუჩაში გამოვედით და ტაქსიში ჩავსხედით. როგორც ჩანს, ტაქსი ადრევე გააჩერა და გველოდებოდა.
_ სადაც საჭიროა, _ მომიგო ღიმილით და ჩემი ხელები თავის ხელისგულებში მოიქცია.
ურეკიდან გავედით. მანქანამ ქობულეთის მიმართულებით აიღო გეზი. «ოღონდ ბათუმში არ წამიყვანოს, გრძელი გზაა ძალიან», _ გავიფიქრე.
_ ქობულეთი ჯობია, ბათუმამდე შორი მანძილია, _ თითქოს ჩემს ნაფიქრს გამოეპასუხა.
გული უცნაურად შემიქანდა. საიდან ხვდება ხოლმე, რას ვფიქრობ? გულთმისანია?
როგორც ჩანს, სახეზე დამეწერა გაკვირვება, რადგან გულიანად გაიცინა და მითხრა:
_ ჯადოქარი ვარ…
არ ვიცი, სად იპოვა ქობულეთში ასეთი წყნარი ადგილი, მაგრამ ძალიან კი გამაოცა. კლუბში სიწყნარე იყო, ვიღაც ახალგაზრდა ქალი ჯაზს უკრავდა და დამსვენებლებიც საშუალო ასაკის ადამიანები იყვნენ, თინეიჯერები არსად ჩანდნენ.
კოკიმ დარბაზის ყველაზე ბნელ კუთხეში მდებარე მაგიდა აირჩია. კარგად კი გათვალა _ მუსიკის ხმა და მოცეკვავე წყვილები ხელს არ შეგვიშლიდნენ საუბარში. როგორც კი მაგიდას მივუსხედით, შამპანური შეუკვეთა. მერე ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა, სკამის საზურგეზე გადაწვა და შემომხედა. მისი ლურჯი თვალები ნამივით კიაფობდნენ ნახევრად ბნელ გარემოში.
_ მიხარია, რომ ფეხი მოგირჩა, _ ხმადაბლა თქვა, თან მზერას არ მაშორებდა, _ აწი ერთად ძალიან ბევრი საინტერესო რამის გაკეთებას შევძლებთ.
ჩუმად ვიჯექი, რადგან ვგრძნობდი, რომ თანდათან ვიძაბებოდი.
_ ჰო, თუ ამის საშუალებას ჩვენი სამუშაო გრაფიკი მოგვცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხშირად არ მოხდება, _ ხმამაღლა ამოვიოხრე, რათა საკუთარი თავისთვის მოშვების საშუალება მიმეცა.
_ მაგრამ ხომ შეგვიძლია, შევეცადოთ? მეგობრები ხშირად უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს, _ მომიგო.
მეგობრებიო? ცოტა არ იყოს, დავიბენი. არ ვიცოდი, ამაზე როგორი რეაგირება უნდა მომეხდინა, მით უფრო, რომ ძალიან ახლოს იჯდა ჩემთან. სკამი ოდნავ გავწიე და ისეთი სახე მივიღე, თითქოს დარბაზს ვათვალიერებდი.
ოფიციანტმა შამპანური და ორი ფუჟერი მოიტანა.
ტუჩი ოდნავ დავაკარე სასმელს, დიდად არასდროს მხიბლავდა შამპანური, მაგრამ ამას როგორ ვიტყოდი? სწორედ ამ დროს მისი ხმა გაისმა:
_ მე შენ ძალიან მომწონხარ, ბაბი. მინდა, რომ ეს იცოდე. გამუდმებით შენზე ვფიქრობ. არ მინდა დაგაჩქარო, მაგრამ ის, რასაც მე ვგრძნობ… _ ტუჩები მხარზე დამაწება.
განზე გავიხედე. ეს კაცი ნამდვილი გამოცანაა ჩემთვის. ვერ გაიგებ, როდის ლაპარაკობს სერიოზულად და როდის ხუმრობს. მოვიქუფრე.
_ შენთვის ამის მოსმენა უსიამოვნოა?
მისმა დაძაბულმა გამოხედვამ ამაღელვა.
_ რა თქმა უნდა, არა. ყველას ვიღაც მოსწონს და ყველას სურს, რომ მოსწონდეთ, ასე არ არის? ამაში ცუდი არაფერია.
_ და თუკი ეს სიმპათია უფრო ღრმა რამეში გადაიზრდება? _ შემპარავად მკითხა.
ამით რისი თქმა სურს? არ ვიცოდი, რა მეთქვა. არც ის ვიცოდი, ზუსტად რას მთავაზობდა.
_ მესმის, _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
_ რა?
_ ჩვენ უკვე თითქმის ნახევარი გზა გავიარეთ ურთიერთობის, _ ძალიან დაბალი და მგრძნობიარე ხმით მელაპარაკებოდა, _ ხომ მართალია?
თუმცა, ეს არ იყო შეკითხვა. ის იჯდა და ჩემს პასუხს ელოდა.
ამ დროს ოფიციანტმა ორი მენიუ მოიტანა და წინ დაგვიდო.
ისე გამიხარდა მისი მოსვლა, ნაცნობი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვაკოცებდი. ისეთი მადლიერებით დავუწყე მადლობის გადახდა, რომ საწყალი ბიჭი გაწითლდა და სასწრაფოდ გაგვეცალა. მენიუს ხელი ისე ვტაცე, როგორც უკანასკნელ ხავსს და თვალიერებას შევუდექი, მაგრამ კოკიმ იგი ხელიდან ამართვა, საჩვენებელი თითით ნიკაპი ამიწია და მაიძულა, მისთვის თვალებში შემეხედა.
_ შენ მე შენი მშობლების შესახებ მომიყევი, ბაბი. რატომ არ გინდა, მასზეც მომიყვე? _ ისეთი იდუმალი ტონით ალაპარაკდა, ჟრუანტელმა დამიარა.
_ არ მინდა, _ უნებურად აღმომხდა.
_ კარგი, _ ჩემდა გასაკვირად, იმწუთასვე დამთანხმდა და მენიუ მომაჩეჩა, _ შემეძლო, რამდენიმე კერძისთვის გამეწია რეკომენდაცია, მაგრამ ვიცი, რომ შენ ჯიბრზე მაინც სხვას აირჩევ, _ დახშული ხმით ამოთქვა.
_ საერთოდ, ასეთი არ ვარ. უბრალოდ, ხანდახან ვიცი ხოლმე გაჯიუტება.
_ ახლა?
_ ახლაც სიჯიუტის ხასიათზე ვარ, მაგრამ არა უშავს, თანდათან შევეჩვევი იმ აზრს, რომ ეს მავნე თვისებაა.
_ იმედია, სხვა რამეებსაც შეეჩვევი ასე ადვილად, _ მრავალმნიშვნელოვნად თქვა, რამაც გამაწითლა.
შველა შამპანურში ვპოვე. რამდენჯერაც კოკიმ დამისხა და სადღეგრძელო თქვა, იმდენჯერ გამოვცალე ბოკალი. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, შამპანურის, ჩემი თვალისმომჭრელი კაბის თუ ქალების ნომერ პირველ სასიკვდილო ნომრად აღიარებული ყველაზე თავბრუდამხვევი მამაკაცის, მაგრამ ვხვდებოდი, რომ შექმნილი სიტუაციით და გარემოთი ვტკბებოდი. ასე მეგონა, ნირვანაში ვიყავი, სიმღერა და ცეკვა ერთდროულად მსურდა.
კოკი კვლავ მომაჯადოებელ მოსაუბრედ გადაიქცა, რომელმაც მაიძულა, მოვშვებულიყავი და მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო.
ბოლოს საცეკვაოდ გამიწვია. მისი სიახლოვე ისე მათრთოლებდა, რომ დაბნეულმა რამდენჯერმე ფეხზე ფეხი დავადგი. თავს კი იმით ვიმართლებდი, რომ მტკივანი ფეხი ჯერაც არ მომრჩენოდა. თითქოს ხომ უბრალოდ ვცეკვავდით, მაგრამ კოკის უბრალო ცეკვაც კი საიდუმლო რიტუალად შეეძლო გადაექცია _ ეს იყო ორი სხეულის საუბარი ყველაზე ინტიმურ თემებზე.
ძალიან უცნაური კი იყო, მაგრამ რესტორანში ყოფნისას კოცნა ერთხელაც არ უცდია.
უკვე შუაღამე იყო, ურეკში რომ დავბრუნდით. როცა ტაქსი გაჩერდა, შემთვრალმა და ვნებიანად ნაცეკვმა თავი დავკარგე. მომინდა, ყავაზე შემომეპატიჟებინა და… არა მარტო ყავაზე. ახლა ჩემთვის აღარაფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე მინდოდა მასთან და ამ უარის საწინააღმდეგოდ არაფერს ვაკეთებდი. არც მინდოდა, რამე გამეკეთებინა. გონება მკარნახობდა, რომ მზად ვიყავი, სხეულთან ერთად სულიც დამეთმო მისთვის. ამაღამ აღარ მინდოდა მარტო დარჩენა, მინდოდა სიყვარულისა და სინაზის ზღვაში გადავშვებულიყავი, ვნებისა და ლტოლვის მორევში ამომეყო თავი.
კოკი მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა და მძღოლს სთხოვა, დალოდებოდა.
რა, არ შემოვა? გული ლამის ამოვარდა საგულიდან. თვითონაც არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა.
ხელი წელზე მომხვია და კარამდე მიმაცილა. როგორც კი კარი გავაღე და ჰოლში შევაბიჯე, კოკიც შემომყვა. მერე კვლავ ფეხით მიხურა კარი, კედელთან მიმიწყვდია და ისეთი გზნებით მაკოცა, რომ შევშინდი. მისი ლოსიონის სურნელი თავბრუს მახვევდა, ჩემი თითები ნებაზე მიშვებულივით დასრიალებდნენ მის მკვრივ სხეულზე _ აღმა-დაღმა, წინ და უკან. თხელი პერანგის ქვეშაც კი ვგრძნობდი, რას განიცდიდა ეს სხეული. კოკის ხელებიც იკვლევდა ჩემი ზურგის და მკერდის ყოველ მტკაველს, ყოველ სანტიმეტრს…
მიუხედავად იმისა, რომ ვნებათაღელვა არ ცხრებოდა, ვგრძნობდი, რომ მამაკაცი ბოლომდე აკონტროლებდა თავის თავსაც და სიტუაციასაც. ამან ცოტა დამაბნია, იმედგაცრუებამ დამრია ხელი. მინდოდა, მასაც ისევე დაეკარგა თავი, როგორც მე. მინდოდა, რომ მის ვნებასაც მოეხსნა პასუხისმგებლობა, წართმეოდა შესაძლებლობა, შეგნებული არჩევანი გაეკეთებინა. უბრალოდ, მინდოდა, ეს მომხდარიყო. ფიქრით დავიღალე, ეჭვებმა გამტანჯა.
_ არ შემოხვალ? _ ისეთი მაცდური ხმით ვუჩურჩულე, მკვდარსაც კი გააცოცხლებდა.
_ ჩემი წასვლის დროა, _ ამოიხვნეშა და ხელი შემიშვა.
შემეძლო მეთქვა, ტაქსი გაუშვი და დარჩი-მეთქი, მაგრამ ამის ნაცვლად სულ სხვა რამ ვთქვი:
_ ვიცი.
_ ხვალ დაგირეკავ, კარგი? მერე კი გნახავ.
_ კარგი, _ ფართოდ გახელილი თვალებით მივჩერებოდი.
ზუსტად ვიცოდი, რაც იკითხებოდა იმწუთას ჩემს თვალებში. ხვეწნა, მუდარა, ტაქსის მძღოლი გაეშვა და ჩემთან დაბურნებულიყო, რომ ამ ღამეს მარტო არ დავეტოვებინე და ერთად დაგვეძინა, ან არ დაგვეძინა და ერთმანეთის ალერსში გაგველია დილამდე დარჩენილი წუთ-საათები…
მან კი ერთხელაც მიმიზიდა, ვნებიანად ჩამკოცნა, მერე ნაზად ჩამომისვა ლოყაზე ხელი და ჩურჩულით დამემშვიდობა.
ვიდექი გამოღებულ კართან და ვგრძნობდი, როგორი მარტოსული ვიყავი ამწუთას. ისეთი, როგორიც არასდროს. სანამ ქუჩაში გავიდოდა, შემობრუნდა, ხელი დამიქნია და გაუჩინარდა. მინდოდა, მეც ამეწია ხელი და თითები დამექნია მისთვის, მაგრამ უმწეოდ ჩამოვუშვი მარჯვენა, ვერ შევძელი.
ტაქსის ხმა მალევე მიწყდა. მე კი ვიდექი კარის ზღურბლთან და ღამის სიჩუმეს ვუგდებდი ყურს. ნიკაპი სატირლად გაემზადა… ამიკანკალდა, თვალები ეგრევე გამევსო ცრემლით.
ნეტავ ღამე ვიყო ან სიჩუმე… ვფიქრობდი ჩემთვის. ღამისთვის ყველაფერი ძალზე მარტივია, ისევე, როგორც სიჩუმისთვის. არა პრობლემა, არა ზრუნვა რამეზე ან ვინმეზე. არ სჭირდება იმაზე ფიქრი, გაქრება იგი თუ მეორე დილით კვლავ შენთან გაჩნდება. არანაირი დაპირება მარადიულ სიყვარულზე…
ოთახში შევედი და კარი მოვიჯახუნე. აი, ახლა მხოლოდ საკუთარ თავთან მომიწევს საუბარი. მერე, ალბათ, თეთრხალათიანებთან… მორჩა, დროა, დავწვე და დავიძინო, სანამ მართლა გამიფრენია!
ვანდის არ დაურეკავს. საწყალი გოგო, რამხელა მსხვერპლი გაიღო ჩემი გულისთვის. სადღაც გადაიკარგა, რომ მასთან მარტო დავეტოვებინე. ახლა ალბათ ფიქრობს, რომ კოკისთან სექსი მაქვს გაჩაღებული. ჰმ… ვერ მომართვეს. როგორი გაწბილებული დამტოვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად მიხვდა, რაც მინდოდა. რა ჰგონია? რომ ხვალაც ამ ხასიათზე ვიქნები? რა თქმა უნდა, არა. ხვალ ფხიზელ გონებაზე გამეღვიძება და საღამოს მოძალებულ ტკბილ სურვილებს უყოყმანოდ გავატან ამ მდუმარე ღამეს, ჩემი წამიერი ცდუნების უნებლიე მესაიდუმლეს, რომ აღარასდროს გავიხსენო ეს წუთები… წუთები, რომელმაც სულის ჯოჯოხეთური ტკივილი დამიტოვა.
ლოგინში შევწექი თუ არა, თვალცრემლიანმა ვანდის დავურეკე. როგორც კი მისი ხმა გავიგონე ტელეფონში, ავღრიალდი. ისე მწარედ ვტიროდი და ისე ხმამაღლა, რომ ორ სიტყვასაც ვერ მოვაბი თავი. ბოლოს, როგორც იქნა, შევძელი, შეშინებული გოგო დამემშვიდებინა, რომ არავის გავუუპატიურებივარ, არავის ვუცემივარ და ქუჩაში არავინ დამსხმია თავს, მხოლოდ იმიტომ ვტიროდი, რომ ჩემთვის ყველაზე სასურველმა მამაკაცმა სექსზე უარი მითხრა…
არ ვიცი, როგორ შევძელი მისთვის ამის მოყოლა. ყოველ სიტყვაზე ვსლუკუნებდი. ერთ წინადადებას რომ ვეტყოდი, კვლავ ისტერიკული ტირილი მერეოდა.
თუმცა, შევძელი… ოღონდ არ ვიცი, როგორ და რის ფასად.
როცა ტელეფონი გავთიშე, ცხვირ-პირი თბილი წყლით ჩამოვიბანე და კვლავ საწოლს მივაშურე, პირდაღმა დავეგდე ლოგინზე და ცრემლები თავის ნებაზე მივუშვი.
ამას უკვე ვეღარავინ გაიგებდა…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>