არაბულმა სვლა შეანელა და გუჯისკენ მკვეთრად შებრუნდა:
_ ეს თვითონ გიამბოთ?
_ ია წესიერი გოგოა, ამიტომ ყველაფერი მიამბო. _ ხმას დაუწია გუჯიმ, _ ის არ მომატყუებდა, ძალიანაც რომ მოენდომებინა, რადგან ტყუილი მის ბუნებაში არ ზის. თუმცა თქვენგანაც მაინტერესებს, რა მოხდა იმ ღამეს?
სანდრომ ღრმად ამოიხვნეშა და გზას მიაშტერდა:
_ თავიდანვე ფიასკო განვიცადე. იას ნაბიჯების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
_ მე აქ იას დახასიათების მოსასმენად არ მოვსულვარ, ბატონო სანდრო. მიპასუხეთ ჩემს შეკითხვაზე რაც შეიძლება ვრცლად.
_ არ მინდა შეურაცხყოფა მოგაყენოთ, გუჯი, მაგრამ ია ხანდახან ისეთი საშიშია… გახსენებაც კი მზარავს, იმ ღამეს რომ ვიხსენებ. სამი დღე გონს ვერ მოვედი. თავი ისე მტკიოდა, მეგონა, ამეხდებოდა. მანამდე ტვინის შერყევა ცხოვრებაში არ მქონია.
_ ვერაფერი გავიგე.
_ ახლავე აგიხსნით. მან წყლით სავსე ლარნაკი ჩამარტყა თავში. ამას ისიც დაემატა, რომ ფილტვების ანთება ავიკიდე, რადგან კარი ჩამიკეტა და მთელი ღამე გაყინულ ჰოლში სველი ტანსაცმლით ვეგდე. სასტუმროში თავისუფალი ნომერი აღარ ჰქონდათ და რა უნდა მექნა? ქუჩაში ხომ არ გავათენებდი? ისეთ ადგილას ვიყავით, მანქანებიც არ მოძრაობდნენ.
_ ლარნაკი რატომ ჩაგარტყათ? ძალა იხმარეთ მასზე? _ კბილი კბილს დააჭირა გუჯიმ, რომ სახეში არ ეთხლიშა ამ ნაძირალასთვის.
_ ღმერთმა დამიფაროს! რა ძალა, რის ძალა! თავისი ნებით გამომყვა, მიყვარხარო და თანახმა ვარ, შენთან ერთად ვიყოო. შევედით ნომერში და ახლოსაც არ გამიკარა. ხომ გახსოვთ ის ფილმი, `აქ ვერ დაგნებდები, ხირხალ!~ _ აი, ზუსტად ისე გამოვიდა. აბა, მაგის მერე ახლოს გავეკარებოდი? არც მიცდია შეხმიანება. მაგას კვირაში ცხრა პარასკევი აქვს.
_ ანუუუ? _ გუჯი დაიბნა.
_ ანუ, ანუ, _ დაეთანხმა სანდრო და ხმაში ერთდროულად გაღიზიანება და სიფიცხე შეეტყო, _ ჩვენ შორის არაფერი არ მომხდარა, საერთოდ არაფერი! მაგის მამა სულ ტყუილად მომდგა. ხმაც არ ამომაღებინა, რომ თავი მემართლებინა. მე არ ვიცი, რატომ ამბობს ია, ჩვენ შორის ყველაფერი მოხდაო. ღმერთი, ხატი, რჯული… თითიც არ დამიკარებია.
_ იმიტომ, რომ მაინც არავინ დაიჯერებდა… _ ამოთქვა შეფიქრიანებულმა გუჯიმ, მერე წამით შეყოვნდა, ჩაახველა და გამკაცრებული ხმით გააგრძელა, _ რადგან ასეა, ახლა კარგად მომისმინეთ. თუკი ოდესმე ვინმე თქვენთან ამ ამბავს ახსენებს, თქვენ იმედია, ყველაფერს უარყოფთ და იმავეს იტყვით, რასაც ახლა მე მეუბნებით, რომ თქვენ შორის არაფერი მომხდარა.
_ სხვანაირად არც არასდროს მითქვამს.
_ მხოლოდ მაგას არ ვგულისხმობ. არ ახსენოთ არც ის, რომ თავში ლარნაკი ჩაგარტყათ.
_ მაგრამ ეს ხომ ფაქტია? ნუ, რა თქმა უნდა, მოყოლას არ დავიწყებ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ გატყუებდეთ. ეს მართლა მოხდა.
_ ბევრი რამის დავიწყება შეიძლება, თუ ამის სურვილი ექნება ადამიანს.
_ ყველაფერი გასაგებია. ჩათვალეთ, რომ შევთანხმდით. თანაც, ეს უკვე დიდი ხნის წინ იყო. სიმართლე თუ გინდათ, არც მე მსიამოვნებს იმის გახსენება.
_ ძალიან კარგი.
_ უცნაური რამ შემომთავაზეთ. რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი? რა გინდათ იასგან?
_ ეს ჩემი საქმეა.
_ მე მგონი, რაღაც ჩაიფიქრეთ და გინდათ თქვენს საეჭვო გარიგებებში მეც ჩამითრიოთ?
_ თუ ჩემს წინადადებას არ მიიღებთ, ისე მოვიქცევი, როგორც სამი წლის წინ იას ძმები უნდა მოქცეულიყვნენ. უბრალოდ, მოგკლავთ.
სანდრო გაშრა.
_ ნუთუ ამა…
_ აი, აქ შეაჩერეთ, ამ ჭიშკართან… ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ რასაც დაგპირდით, შევასრულებ. თუ არ გჯერათ, გაიკითხეთ, რა შემიძლია და რა არა… დიდი მადლობა, სახლამდე რომ მომიყვანეთ.
სანდრომ თვალი შეავლო ლამაზგალავნიან ორსართულიან კოტეჯის ტიპის სახლს, მერე მზერა გუჯიზე გადაიტანა და თითქოს გონება გაუნათდაო, სხაპასხუპით წარმოთქვა:
_ ახლა მივხვდი, რომ თქვენ არაფერი არ იცოდით იმ ღამის შესახებ და ეს წეღან ჩემგან გაიგეთ.
_ ცდებით. ვიცოდი, რომ თქვენ შორის არაფერი მომხდარა და იმ ლარნაკს უნდა უმადლოდეთ, რომ აქვე არ მოგკალით.
გუჯი მანქანიდან გადავიდა და კარი მძლავრად მიაჯახუნა.
ამ ამბის შემდეგ ცხრა დღე გავიდა. გუჯი თავის სამუშაო ოთახში იჯდა, როცა მასთან მოსამსახურე შევიდა:
_ ბატონო გუჯი, ორი კაცია მოსული, თქვენი ნახვა უნდათ.
_ ვინ არიან, ხომ არ იცი?
_ იას ძმები ვართო, ასე თქვეს.
გუჯის ისე არ ეჭაშნიკა ეს ამბავი, რომ სახე დაეღმიჭა და თავი გააქნია.
_ კარგი, შემოიყვანე.
ცოტა ხნის შემდეგ ოთახში ზურა და დათო შემოლაგდნენ.
_ მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა. რას უნდა მივაწერო თქვენი მობრძანება? _ გუჯი წამოდგა და მოსულებს სავარძლებისკენ მიუთითა.
_ სალაპარაკო გვაქვს.
_ მთელი ყურადღებით გისმენთ, _ ხელები გაშალა გუჯიმ და ძმების პირდაპირ მესამე სავარძელში ჩაჯდა.
_ გვინდა ვიცოდეთ, რას აპირებთ. სანამ ჯვარს დაიწერთ, ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. რაღაც არ მოგვწონს ასეთი გადაწყვეტილება. თქვენ სანდო კაცი არ ხართ. ბევრი რამ გაგვიგია თქვენზე, ამიტომ თუ ჩვენი დის გაუბედურება გადაგიწყვეტიათ, ამის უფლებას არ მოგცემთ.
_ გეფიცები, ცემაში ამოგხდი სულას! _ შეტევაზე გადავიდა ზურა.
_ ოპ, ოპ, ოპ!.. ეგეთები არ იყოს. მე მართლა ვაპირებ იას ცოლად შერთვას. ამაში არანაირი ცუდი განზრახვა არ დევს. რახან ერთხელ ვთქვი, გავაკეთებ კიდევაც. ჩემი სიტყვა უკან არასდროს მიმაქვს, ამიტომ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ. ჯვრისწერის დღე დანიშნულია და ვერ ვხვდები, ეს ცერემონიები რა საჭიროა? თუ მაგდენი შეგიძლია, ჩემო ზურა, თავის დროზე დაგენაყა ცხვირ-პირი სანდრო არაბულისთვის, ის აჯობებდა. რაც შეეხება ჩემს იასთან ურთიერთობას, სრულიად არ მამოძრავებს მერკანტილური აზრები. ის მართლა მომწონს.
_ მაგრამ არ გიყვართ. სწორედ ესაა საქმე. _ გაცხარდა დათო, _ საკმარისია თავის მოკატუნება. რატომ ირთავთ ისეთ ქალს, რომელიც არ გიყვართ? რაში გჭირდებათ სახელგატეხილი გოგო, თუ რაღაც აზრი არ არის ჩადებული ამ ქორწინებაში?
მოულოდნელად გუჯი წამოხტა, ერთი ნახტომით დათოსთან გაჩნდა, პერანგის საყელოში ხელი სტაცა და მთელი ძალით სახეში სილა გააწნა.
_ ეს საკუთარი დის შეურაცხყოფისთვის. კიდევ იმისთვის, რომ არაბულს ყველაფერი შეარჩინეთ, რომ არაკაცურად მოიქეცით!
ორივე ძმა გაშეშებული იდგა, ხმას არც ერთი არ იღებდა. მერე ზურა აბურტყუნდა:
_ იას ბრალია, თორემ იმას სახეს გავუბრტყელებდით. ხალხი ალაპარაკდებაო. მე ვარ დამნაშავე, თორემ ის არაფერ შუაშიაო. ჩვენც სკანდალს მოვერიდეთ.
_ იას არაფერში უჯერებთ და რაღა ამაში დაუჯერეთ? _ გუჯიმ დამცინავად გადახედა ძმებს, _ არ იყო ეს თქვენი მოვალეობა?
_ მამამაც გვითხრა, აჯობებს გავჩუმდეთ, თორემ ეს ამბავი გახმაურდებაო.
_ ხომ მაინც გახმაურდა?
ამაზე არც ზურას ჰქონდა პასუხი და არც დათოს.
_ ახლა კი მე მომისმინეთ, ჯეელებო! იმ ღამეს იმ სასტუმროში არაფერი მომხდარა. ია არაბულთან არ წოლილა.
ბიჭებს ყბები ჩამოუვარდათ.
_ მაგრამ მათ ხომ ერთად გაატარეს ღამე. _ გაოცება გაისმა დათოს ხმაში.
_ არა. ერთად არ გაუტარებიათ. იამ ლარნაკი ჩაარტყა სანდროს თავში, მერე კი გარეთ გააგდო. ეს იმიტომ, რომ ძალით დააპირა მისი დამორჩილება. ამიერიდან ეს ამბავი აღარ არსებობს. დაივიწყა ყველამ და დაივივწყეთ თქვენც. გასაგებია? რაც არ არსებობს, ის ვერც იარსებებს. თუ სადმე ვინმესგან რამე მსგავსს გავიგონებ, მე პირადად გავანადგურებ და ბოლოს მოვუღებ ყველას, ვინც ამის საპირისპირო აზრს გამოთქვამს. გარკვევით ვთქვი ჩემი სათქმელი?
პირდაღებული ბიჭები გაშტერებით მისჩერებოდნენ გუჯის, მერე კი ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს.
_ ამაზე იმდენი ილაპარაკეს, არა მგონია, ვინმეს დაავიწყდეს ან საპირისპირო ამტკიცოს. თქვენ ამას ვერ შეძლებთ.
_ მაგასაც ვნახავთ, _ მშვიდად მოუჭრა გუჯიმ დათოს.
დერეფანში იდგა და იმ კარს მისჩერებოდა, რომელიც იას საძინებელში გადიოდა. იმ ოთახიდან კარგა ხანია, ჩამიჩუმი არ ისმოდა. მისი ცოლი ალბათ უკვე საწოლში წევს და ქმარს ელოდება.
სხეული მოუთმენლობისგან უჯანყდებოდა. ეს ღამე ხომ მათი ქორწინების პირველი ღამე იყო.
მამაკაცი შეჰყურებდა კარს და იხსენებდა, როგორ გამოიყურებოდა ია სტუმრებით სავსე პატარა ეკლესიაში. პატარძალი ნელა იკვლევდა გზას, რადგან ოპტიკური სათვალის გაკეთება არ ისურვა და ძლივს არჩევდა სახეებს.
მამაკაცს თავადაც უკვირდა, საიდან გაუჩნდა სურვილი, მომავალი ცოლი ყველა უბედურებისგან დაეფარა.
ეკლესიაში თითქმის მთელმა სოფელმა მოიყარა თავი. ასეთი სანახაობის გამოტოვება არავის არ უნდოდა. მონაზვნებს თვალები უბრწყინავდათ ბედნიერებისგან. ყველას უხაროდა იას გათხოვების ამბავი.
ია საოცრად ლამაზი იყო, თეთრი საქორწინო კაბა ძალზე მოუხდა. მაკიაჟის გასაკეთებლად და ვარცხნილობის დასაყენებლად გუჯიმ იგი ნატოსთან ერთად თბილისში გაგზავნა. როცა უკან მობრუნდნენ და ია მანქანიდან გადმოვიდა, გუჯის თვალები გაუფართოვდა. არ ეგონა, ქალის ასე შეცვლა თუ იყო შესაძლებელი. მის წინ ნამდვილი მზეთუნახავი იდგა. საცოლით მოხიბლულს გარკვეული ხნით სულ გადაავიწყდა თავისი მოსისხლე მტრები _ რამაზი და მისი ვაჟები. არადა, სამივეს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სადღაც არქტიკაში ისტუმრებდნენ თავიანთ ერთადერთ იას.
`სულაც არ მიკვირს მათი რეაქცია, _ გაიფიქრა გუჯიმ, _ ისე ეშინიათ ჩემი, როგორც ცეცხლის~.
შემდეგ კარის სახელურს ხელი შეავლო, მაგრამ არ ჩამოუწევია. ნახევრად შემობრუნდა, ჭერს თვალი შეავლო და ჩუმად წარმოთქვა, თითქოს აჩრდილს ელაპარაკებაო:
_ მე ჩემსას მივაღწიე, მამა, და გპირდები, რომ ამ სახლს არასდროს დავკარგავ!
რამდენი წელი გაატარა მოლოდინში, მაგრამ დაცდა ამად ღირდა. იას შეშინებული მამისა და ძმების ყურება მისთვის საოცრად სასიამოვნო შეგრძნება იყო.
გუჯიმ კარი შეაღო და სიბნელეში შეაბიჯა.
_ ია, რატომ გაქვს შუქი ჩამქრალი? ბრა მაინც აგენთო, _ ამ სიტყვებით მამაკაცი საწოლს მიუახლოვდა და ჩამოჯდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ საწოლი ცარიელი იყო. ჯერ ხელი მოუფათურა იქაურობას, მერე დაიხარა და ბალიშზე დადებული ბარათი შერჩა ხელში. სწრაფად წამოხტა და შუქი აანთო.
`გუჯი, ჩემო ძვირფასო!
თუ შენ ეს ბარათი წაიკითხე, ესე იგი გადაწყვიტე შენი მოვალეობა შეგესრულებინა. ვფიქრობ, შენთვის ეს იძულებითი ნაბიჯია. ამისთანა მსხვერპლს შენგან არ მივიღებ. გეფიცები, ჩემი სიყვარულით არასდროს შეგაწუხებ, არც დღეს და არც მომავალში. თუკი ოდესმე შენს გულში ჩემდამი სიყვარული გაჩნდება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. პირადად მზად ვარ, უსასრულოდ დაგელოდო.
რაც მთავარია, შენი სურვილი ასრულებულია. ახლა შენ ხარ ამ სახლის ბატონ-პატრონი.
ია~
_ რას ბოდავს ეს გოგო! _ დაიღრინა გუჯიმ, ბარათი დაჭმუჭნა და შარვლის ჯიბეში ჩაიდო. თუმცა მცირეოდენი ხნის შემდეგ დაწყნარდა და გაეცინა კიდევაც.
`საინტერესოა, სად წავიდა? ვისთან უნდა ვეძებო?~ _ გაიფიქრა და ოთახიდან გავიდა.
მთელ სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა. ცოლის მამა და ძმები სუფრის დამთავრებისთანავე დაითხოვა და თან აუკრძალა, აქ მეორედ მოსული არ დაგინახოთო. სულაც არ ადარდებდა, სად გაათევდნენ ისინი ღამეს. არც ისე შორს იყო თბილისი და რადგან არც ერთს წვეთი ღვინო არ დაულევია, თავისუფლად შეეძლოთ დედაქალაქში დაბრუნებულიყვნენ. ალბათ გაემგზავრნენ კიდევაც, მაგრამ ია? ია სადღაა?
კიბეზე დაეშვა და ჭიშკარს მიაშურა, მაგრამ სანამ გარეთ გავიდოდა, სახლს კიდევ ერთხელ შეხედა. მოულოდნელად ბიბლიოთეკის ფანჯარაში სინათლეს მოჰკრა თვალი. გაეღიმა. კვლავ ავიდა მეორეზე, ბიბლიოთეკის კარი შეაღო და შევიდა. ია საწერ მაგიდასთან იჯდა და რვეულში რაღაცას გამალებით წერდა. როგორც კი კარის გაღების ხმა გაიგონა, თავი ასწია და ქმარს შეშინებულმა შეხედა.
_ აქ რას აკეთებ, იაკო? როგორ ფიქრობ, პირველი ღამისთვის ბიბლიოთეკაში ყოფნა ცოტა უცნაური ხომ არ რის? _ მამაკაცმა კარი მოხურა და ცოლს მიუახლოვდა, _ საძინებელში მეტი სიმყუდროვეა, ვიდრე აქ.
_ რატომ მოხვედი? _ ფეხზე წამოიჭრა ია, _ წაიკითხე ჩემი წერილი?
_ წავიკითხე. _ გუჯიმ ჯიბიდან დაჭმუჭნილი წერილი ამოიღო და ბუხარში შეუძახა. მერე შემობრუნდა და ცოლს გაუღიმა.
_ გადასარევია, რომ გრძნობებს ასე უფრთხილები.
ია გაწითლდა და თავი დახარა.
_ უბრალოდ, არ მინდოდა ჩემი არსებობით შემეწუხებინე.
გუჯი ბუხრის კიდეს ჩამოეყრდნო და გოგონას ინტერესით შეაცქერდა. რა უცნაურია, მას ჰყავს ცოლი, რომელსაც ჰგონია, რომ თავისი სიყვარულით დააშინებს. მხოლოდ იას თუ შეეძლო ასე ეფიქრა.
_ მოდი, ერთხელ და სამუდამოდ გაითავისე, ია. მინდა იცოდე, რომ შენი სიყვარული მაშინებს კი არა, ძალას მმატებს. მოუთმენლად ველი იმ წუთებს, როცა მკლავებში ჩაგიგორებ და ჩემი გახდები.
_ ამის მოსმენა ალბათ სასამოვნო იქნებოდა, რომ არ ვიცოდე, როგორი ტვირთი იქნებოდა შენთვის ამ მოვალეობის შესრულება.
_ ამიტომ წერილით გადაწყვიტე ამის ახსნა?
_ ვიფიქრე, ასე უფრო გამიადვილდება-მეთქი. შენგან არაფერს ველი და არაფერს ვითხოვ. ალბათ ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
_ ვერ ვხვდები. სხვა თუ არაფერი, საერთოდ რომ არ გამაჩნდეს შენ მიმართ გრძნობა, ამისთანა ქალის გვერდით წოლა და სიამტკბილობა რატომ უნდა მაშინებდეს? გარდა ამისა, კარგად ხვდები, რომ ჩვენ განვსხვავდებით სხვა წყვილებისგან და ბევრ საკითხზე მშვიდად ლაპარაკი შეგვიძლია.
_ არ ვიცი, რა გითხრა… _ ჩაიჩურჩულა გოგონამ და თავი ასწია, _ მართლა ასე ფიქრობ? _ თვალებში იმედიანი ნაპერწკლები გაუკრთა.
_ ვაა, სხვანაირად რატომ უნდა ვფიქრობდე? რა, ამის იმედი არ გქონდა? გეგონა, სხვანაირად მოვიქცეოდი? _ ცოლის კითხვას კითხვებითვე უპასუხა და ალერსიანად გაუღიმა, ყოველგვარი ირონიის გარეშე, რათა ცივი პატივმოყვარეობის მოძალება დაეფარა.
_ ალბათ სულის სიღრმეში ცოტა იმედი მქონდა. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ამიტომაც გთხოვე ჩემზე დაქორწინება. მინდა იცოდე, რომ ჩემთვის ესეც საკმარისია, არასდროს მეტს არ მოვითხოვ.
გუჯიმ ცხვირზე ხელი მოისვა და წარმოთქვა:
_ მე შენზე იძულებით არ დავქორწინებულვარ, არც შენი დაჟინებული მოთხოვნით. ეს ჩემი სურვილიც იყო.
ია თვალს არ აშორებდა მამაკაცს და აღარ იცოდა, რა ეთქვა. ბოლოს თავს ძალა დაატანა და ჩუმად ჰკითხა:
_ რაც გინდა ის იფიქრე, გუჯი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა იშვიათი მეტაფიზიკური ურთიერთობაა. შენ არ გგონია ასე?
_ კი, მეც მგონია. _ ამჯერად ირონიას ვერ უღალატა გუჯიმ და ცოლს დამცინავად გახედა.
ია მიუხვდა ირონიას, მაგრამ არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ქმარი დასცინოდა, ამიტომ კიდევ ერთხელ ჩაეკითხა:
_ მართლა ასე ფიქრობ თუ დამცინი?
_ რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ, სიხარულო, დაცინვა რა შუაშია. რატომ უნდა დაგცინოდე? მე, უბრალოდ, ერთი რამ მინდა შემოგთავაზო. ხომ იცი, რომ ლოგიკურად ფიზიკურ და მეტაფიზიკურ სამყაროს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და ის, რაც ხდება ერთ დონეზე, აუცილებლად იმოქმედებს მეორეზეც, არ მეთანხმები?
ია ჩაფიქრდა და შუბლი შეიჭმუხნა.
_ გინდა თქვა, რომ მეტაფიზიკურ დონეზე მომხდარი მოვლენები იმის ანარეკლია, რაც ფიზიკურ სამყაროში ხდება? საინტერესო მოსაზრებაა და ამაში რაღაც ლოგიკაც არის.
_ ჰოდა, ამიტომ გთავაზობ, რომ ამაღამ…
_ მაგრამ… მაპატიე, მე ახლა ეს არ შემიძლია.
_ უნდა შეძლო… შენი კი არა, ჩემი გულისთვის.
_ შენი გულისთვის? _ საკითხის ასე შემოტრიალებამ ია განაცვიფრა.
_ ჰო, ჩემ გამო. თუკი ჩემი თეორია გამართლებულია, მაშინ საბოლოო შედეგი ორივესთვის სასურველი იქნება და შენი ტრანსცენდენტალური კავშირები საგრძნობლად გაიზრდება. მეც ვეცდები ჩვენი მეტაფიზიკური ურთიერთობის განმტკიცებას.
იამ ხელები გადააჯვარედინა, ტუჩები უკანკალებდა.
_ გუჯი, მართლა ფიქრობ, რომ შედეგი ასეთი სასურველი იქნება?
გუჯი ნაძლევს ჩამოვიდოდა, რომ არასოდეს არც ერთ ქალს მისდამი ასეთი ლტოლვა არ ჰქონია. საპასუხოდ მისი სხეულიც დაიძაბა, ის ღამე გაახსენდა, ბიბლიოთეკაში პირველად რომ შეხვდა იას და ის შეგრძნებებიც, რაც მაშინ განიცადა.
_ ჰო, ია, ნამდვილად ასე ვფიქრობ. _ გუჯიმ იგრძნო, რომ აღელვებისგან ხმა ჩაეხლიჩა, _ გარწმუნებ, მსგავსი ექსპერიმენტების წინააღმდეგი არა ვარ. მოდი, ვცადოთ და ვნახოთ, რა გამოგვივა.
_ ოჰ, ღმერთო! _ იამ მაგიდას შემოუარა და გუჯის მკლავებში მოექცა.
_ არც კი მჯერა, რომ შენი ცოლი ვარ, რა ბედნიერებაა.
მამაკაციც მოეხვია და თავი მის თმაში ჩარგო.
_ ეს მე გამიმართლა, შენნაირი ცოლი რომ მყავს. ეს ალბათ ბედისწერაა.
გუჯიმ ცოლს შუბლზე აკოცა, სათვალე ფრთხილად მოხსნა და მაგიდაზე დადო. იას ცეცხლისფერი თმა მხრებზე დაეყარა. გუჯიმ თავი აუწია და ბაგეზე დაეკონა. მამაკაცი ვეღარ აზროვნებდა, სადღაც, ტვინის რომელიღაც ხვეულში იცოდა, რომ ცოლისთვის ხელი უნდა მოეკიდა და საძინებელში წაეყვანა, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდა.
_ რომ იცოდე, როგორ მინდა შენთან. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ.
_ მეც, მეც მიყვარხარ, გუჯი, _ აჩურჩულდა ია და ციებიანივით შეაჟრჟოლა ქმრის მკლავებში მოქცეულს.
გუჯიმ ხელი მოჰკიდა, ბუხრის წინ ხალიჩაზე დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
გუჯის თავბრუ დაეხვა, როცა შიშველს შეხედა. ასეთი ლამაზი სხეული არასდროს ენახა. მართალია, იას სახე არ ჰქონდა ანგელოზივით ლამაზი, მაგრამ მისი სხეული შეუდარებელი იყო.
ის იყო, მამაკაცი ვნებიანად დაეკონა გოგონას, რომ უეცრად მისი ჩურჩული მოესმა:
_ გუჯი, შენი აზრით, ეს ჩვენს კავშირს გააღრმავებს?
_ აბა რა.
გუჯის აღარც თავის შეკავება სურდა და აღარც ხმის ამოღება. მძლავრად მოხვია იას მკლავები, მჭიდროდ მიიკრა სხეულზე და ტუჩებზე დააცხრა, რათა მისი ჩურჩული ჩაეხშო…
როცა ვნება დაუცხრა, გუჯიმ იას შეხედა და მის გაოცებულ მზერას წააწყდა.
_ გუჯი, ექსპერიმენტი გამოგვივიდა?
_ რა ექსპერიმენტი?
_ რა და, მეტაფიზიკური კავშირი, ახლა ჩემთან უფრო ახლოს ხარ ტრანსცენდენტალურ პლანში?
_ ჯანდაბას! _ წამოსცდა გუჯის, რომელსაც ახლა ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა მეტაფიზიკური სამყარო.
_ მიპასუხე, გუჯი, რატომ გაჩუმდი?
_ ბედნიერი ვარ, ია, და ძალიან მიყვარხარ.
გუჯი წამოდგა, იაც წამოაყენა, ხალათი შემოაცვა და დაკვირვებით შეხედა.
_ როგორ ხარ?
_ კარგად, მაგრამ ცოტა თავბრუ მეხვევა. რატომ მიყურებ ასე უცნაურად, გაბრაზდი? მეტაფიზიკურმა სამყარომ დაგღალა?
გუჯი უყურებდა იას და ფიქრობდა, ნუთუ არ ესმის, რა ძალა აქვს და როგორ გამომიჭირაო?
მეორე დილით იამ შესანიშნავ გუნებაზე გაიღვიძა, სწრაფად წამოხტა, წყალი გადაივლო, ჩაიცვა და სასაუზმოდ სასადილოში ჩავიდა. დარწმუნებული იყო, რომ გუჯი უკვე მაგიდასთნ იჯდა და ელოდა, რადგან საძინებელში მარტომ გაიღვიძა.
თუმცა გაოცებული დარჩა, როცა იქ ვერავინ აღმოაჩინა. შუბლი შეიკრა. მოიწყინა. მართალია, გუჯი თვითონ აიძულა, მასზე დაქორწინებულიყო, მაგრამ ქორწინების პირველსავე დილას თუ მარტო დატოვებდა, არ ელოდა. ნეტავ სად წავიდა? საქმეზე? ია დარწმუნებული იყო, რომ ისინი ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდნენ. არ იცოდა, რატომ დაეუფლა ასეთი შეგრძნება, მაგრამ ამაზე ფიქრი წამითაც არ ტოვებდა. დარწმუნებული იყო, რომ ისინი დაქორწინების შემდეგ სხვა სამყაროში მოხვდნენ და მუდამ ბედნიერები იქნებოდნენ. იამ თვალები დახუჭა, ტკბილ მოგონებებში ჩაიძირა და ბურანიდან მხოლოდ მანქანის სიგნალმა გამოარკვია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>