- რატომ არ აიძულა მამამისმა სანდრო, მასზე დაქორწინებულიყო? - შეეკითხა გუჯი.
- შეიძლება ჰქონდა კიდევაც მცდელობა, მაგრამ იმან არ ისურვა… ვერ გეტყვი. ხომ იცი, არც ისე ადვილია კაცი აიძულო დაქორწინდეს, თუ ამის სურვილი არ აქვს. გარდა ამისა, ია სრულწლოვანი იყო და თავისი ნებით გაჰყვა, მისთვის არავის დაუძალებია.
- ესე იგი, რამაზმა თავისი შვილი გაწირა?
- ასე გამოდის. ია არც გარეგნობით გამოირჩევა და არც ოჯახიშვილობით, რომ სანდრო დაინტერესებულიყო. მაგისიანები რასაც შოულობენ, ეგრევე ქარს ატანენ. იას კი ფულის დაგროვების დიდი ინტერესი არა აქვს. რასაც შოულობს, იმით კმაყოფილდება.
- უცნაურია, რომ ძმებმა მაინც არ მოისურვეს შურისძიება. ბოლოს და ბოლოს, საქმე მათი დის პატიოსნებას ეხებოდა.
- კარგი რა… რომელი მოთამაშე გინახავს ოჯახზე მზრუნველი? მათ კაზინოს გარდა არაფერი აინტერესებთ. იას ღირსება სულ ცალ წიხლზე ჰკიდიათ. ია მხოლოდ ბუღალტერიის საწარმოებლად სჭირდებათ. თანაც, ამას წინათ ყური მოვკარი, ზურა რომ ლაყბობდა, გოგოების უმრავლესობა ბოიფრენდებს იცვლის გათხოვებამდე, ეგ რა დიდი პრობლემააო.
- ეგ კი მართალია. თბილისში რომ ყოფილიყო, არც იქნებოდა ეს პრობლემა, მაგრამ აქ, სოფელში…
- სწორედ მაგაშია საქმე. ამიტომ მეცოდება და პატივს ვცემ მონაზვნებს, რომ გაჭირვების ჟამს არ მიატოვეს. არ იცი, როგორ დაუდგნენ გვერდით.
- მდაა… დავიჯერო, ერთი ადამიანი მაინც არ გამოჩნდა, ვისაც შეუყვარდებოდა, მის წარსულს არად ჩააგდებდა და ცოლად შეირთავდა?
- როგორ არა. არის ერთი ფერმერი აქ, ბესო გულაშვილი. მაგის ძმებთან მუშაობს. საერთო ფერმა აქვთ, ფულიანიც არის და ქვრივიც. მოსწონს ია, მაგრამ ის ახლოსაც არ იკარებს. შეიძლება იმიტომაც, რომ იაზე ორჯერ უფროსია. შეიძლება იმიტომ, რომ ძაან მსუქანია და ცოტა უსიამოვნო ტიპიც. გაიძახის, ის გოგო მადლობელი უნდა იყოს, თუ ცოლად შევირთავო.
გუჯის გულში რაღაცამ უსიამოვნოდ გაჰკრა, როცა წარმოიდგინა, რომ შესაძლოა ია დათანხმებოდა იმ მსუქან ტიპს ცოლობაზე. იმ ტიპზეც გაბრაზდა, გოგონას წარსულით რომ სარგებლობდა.
ღამე ვერაფრით დაიძინა, გამუდმებით წრიალებდა. ბოლოს საბანი მოისროლა, ლოგინიდან გამოძვრა, ჩაიცვა და ჩუმად გარეთ გავიდა. მასპინძლებს მისი ადგომა არ გაუგიათ.
გუჯიმ ცივ ღამეში შეაბიჯა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო, ცას ღრუბლები შემოსჯარვოდა და სუსხიანი ქარი ქროდა. მამაკაცმა ეზო გადაჭრა და შარაზე გავიდა. გონს მაშინღა მოეგო, როცა კარგა მანძილის გავლის შემდეგ თავისი ბავშვობის სახლის ჭიშკრის წინ აღმოჩნდა. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ფეხი არ დაუდგამს? თითქმის ოცდაექვსი. ახლა აქ ქავთარაძეები ცხოვრობდნენ, ახლა ისინი განაგებდნენ მამამისის ქონებას.
გუჯი ეზოში შევიდა და სახლისკენ გაემართა. როცა კიბეს მიუახლოვდა, ნაბიჯი შეანელა, შემდეგ მოტრიალდა, ბაღი გადაჭრა, სახლს უკანა მხრიდან მიადგა და გაოცდა, როცა ერთ ფანჯარაში სინათლე შენიშნა.
გული მოეწურა. ოცდაექვსი წლის წინათ, იმ ღამესაც, ამ ოთახში ასევე ენთო სინათლე. ეს მამამისის ოთახი იყო. ახსოვს, როცა იგი ოთახში შევარდა, ტყვიით განგმირული მამა საწერ მაგიდაზე პირქვე დამხობილი დახვდა. გუმანით მიხვდა, აქ რა ძალამაც მოიყვანა და რატომ შემოუარა სახლს უკანა მხრიდან. თითქოს სურდა დარწმუნებულიყო, რომ მამამისის სული ისევ ტრიალებდა ოთახში, რომელიც მამის კაბინეტიც იყო და ბიბლიიოთეკაც…
ქვეცნობიერად თითქოს ელოდა, რომ დაინახავდა მამის უსიცოცხლო ხელში ჩაბღუჯულ პისტოლეტს და კედელზე მისხმულ რაღაც რუხ ნივთიერებას, დაინახავდა იმ ადამიანსაც, ვინც მამა მოუკლა და ცხრა წლის ბიჭი არა მხოლოდ დააობლა, არამედ უსახსროდაც დატოვა. წლებია აწუხებდა ეს ხილვა და სიცოცხლეს უწამლავდა…
მაგრამ მის ნაცვლად გაოგნებულმა გუჯიმ მოულოდნელად ია დაინახა.
გოგონა სავარძლის კიდეზე ჩამომჯდარიყო, დიდი საწერი მაგიდისკენ დახრილიყო და რაღაცას მონდომებით წერდა. საინტერესოა, რას? თუ გოგონას რომანტიკულ ბუნებას გაითვალისწინებდა, ალბათ დღიურში ჩანაწერს აკეთებდა. და თუ ეს დღიური იყო, რა თქმა უნდა, ია დღევანდელ დღეს აღწერდა. ეს კი ნიშნავდა, რომ მისი დღიურის გმირი თავად იქნებოდა.
იდგა და გოგონას თვალს არ აშორებდა. კარგა ხნის შემდეგ იამ წერა დაამთავრა, რვეული დახურა, შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა. ბიბლიოთეკა სიბნელემ შთანთქა.
გუჯი გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ ისევ იდგა და სიბნელეში ჩაძირულ ბიბლიოთეკა-კაბინეტს გასცქეროდა. როგორც იქნა, თავს ძალა დაატანა, შებრუნდა და ეზოდან გავიდა… მაინც ვერ იხილა ის, რისი გულისთვისაც აქ ამოვიდა _ ვერ იგრძნო მამის სული, რომელიც ბიბლიოთეკაში უნდა ყოფილიყო და იქიდან სახედაჭორფლილმა ლამაზთვალება გოგონამ გააძევა…
მთელი მომდევნო კვირა ია თითქოს ღრუბლებში დაფრინავდა. ასე არასდროს გაადვილებია ლექსების შეთხზვა. რასაც უნდა შეხებოდა ან დაენახა, ყველაფერი ახარებდა და უჩვეულოდ ეჩვენებოდა. გამუდმებით გუჯიზე ფიქრობდა, რომელსაც ხშირად ხვდებოდა. ეს ფიქრი თან ახარებდა, თან აშინებდა. ესმოდა, რომ იმ ღრუბელს, რომელზეც ირწეოდა, მალე ქარი გაფანტავდა, მას კი მიწაზე დაანარცხებდა, მაგრამ ეს აღარ ადარდებდა და დღევანდელი დღით ცოცხლობდა. იგი შეყვარებული იყო და თავისი სიყვარულის ობიექტი გვერდით ჰყავდა.
შაბათს სოფლის ცენტრში გავიდა საყიდლებზე და სულაც არ გაჰკვირვებია, როცა იქვე მოტრიალე გუჯი დაინახა. საკმარისი იყო, შინიდან გასულიყო, რომ მამაკაცი სადმე აუცილებლად შეხვდებოდა. ასე იყო გუშინ საღამოსაც, როცა თავის მეზობელ თაკოსთან ერთად გვირილების დასაკრეფად გორაზე დააპირა ასვლა. როგორც კი ეზოდან გამოვიდნენ, მათკენ მანქანით მომავალი გუჯი დაინახეს. იგი გოგონებს მიესალმა, ცოტა ხანს ორივეს ესაუბრა, დამშვიდობების წინ კი იას გაუღიმა და უთხრა:
- ხვალ ქეთოს დაბადების დღეა და ვიცი, რომ დაპატიჟებული ხართ. იმედია, მოხვალთ. მეც იქ ვიქნები.
- რა თქმა უნდა, - სუნთქვა შეეკრა გოგონას.
აი, ეს იყო მისთვის ბედნიერება. მის სიახლოვეს ყოფნა, მისი სხეულის სითბოსა და სურნელის შეგრძნება.
- მე მგონი, მაგ კაცს მოსწონხარ, - აღფრთოვანებით წამოიძახა თაკომ, - შენს ადგილას ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი.
ია ჭარხალივით გაწითლდა და შიშმა კიდევ ერთხელ დარია ხელი. როცა გუჯი მის სამარცხვინო ამბავს გაიგებდა, ყველაფერი დამთავრდებოდა. აბა, რომელი ჭკუათმყოფელი მამაკაცი შეირთავდა ცოლად სახელგატეხილ გოგოს? ქვრივ ბესოს გარდა თავში მსგავსი აზრი ვის მოუვიდოდა?
- ის, უბრალოდ, ძალზე თავაზიანია, მოწონება არაფერ შუაშია, - უსიცოცხლოდ მიუგო მეზობელს და რაოდენ გამაოგნებელი იყო, როცა თაკოსგან შემდეგი ფრაზა მოისმინა:
- დედაჩემმა იცი, რა მიამბო? თურმე გუჯი ბავშვობაში აქ ცხოვრობდა. მერე მამამისი მოკლესო და ის და დედამისი აქედან გადასახლებულან. შემძრა მისმა ამბავმა, მართალი რომ გითხრა… მაგრამ შენ ნურაფერს მიაქცევ ყურადღებას, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინათ მოხდა და ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს.
- ვერ გავიგე, რას მეუბნები, - ია შეჩერდა და მეგობარს კითხვით სავსე მზერა შეანათა, - რას არა აქვს მნიშვნელობა?
თაკო შეცბუნდა. წამით შეყოყმანდა, თითქოს სიტყვებს ეძებდა, რა ეპასუხა, მერე კი მოულოდნელად სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი:
- ისე ვთქვი, სიტყვის მასალად. შენთან იცი, რა თხოვნა მაქვს? ვარდისფერი ბლუზა რომ გაქვს, შეგიძლია მათხოვო? ხვალ ქეთოსთან რომ მივიდე, ჩასაცმელი არაფერი მაქვს. უფრო სწორად, ახალი არ მაქვს. არადა, მინდა, კარგად გამოვიყურებოდე. გიზოც იქ იქნება. იცი, როგორ მომწონს? მგონი, იმასაც მოვწონვარ. შენ რას იტყვი? _ მხიარულად ატიკტიკდა თაკო.
- არ ვიცი. შენ და გიზო ერთად არასდროს მინახავხართ. როცა გნახავთ, დავაკვირდები და ჩემს აზრსაც მაშინ გეტყვი, - ცივად მიუგო იამ, - ბლუზას გათხოვებ, რა პრობლემაა. აი, დავბრუნდებით თუ არა, მოგცემ.
ამასობაში გორაკსაც მიაღწიეს. ასე უგულოდ პირველად კრეფდა ია თავის საყვარელ ყვავილებს. მთელი საღამო თაკოს უცნაურ სიტყვებზე ფიქრობდა. რისთვის არ უნდა მიექცია ყურადღება? რა დაუმალა თაკომ? რატომ შეეშინდა, მისთვის სიმართლე ეთქვა? რა აკავშირებდა გუჯის მამის მკვლელობასთან მას?
ეს ამბავი როგორმე უნდა გაეგო. გარდა ამისა, საკუთარი მდგომარეობაც აწუხებდა. უკვე აღარ შეეძლო დუმილი. გადაწყვიტა, გუჯისთვის ყველაფერი მოეყოლა, რაც სამი წლის წინათ თავს გადახდა და რამაც ცხოვრება გაუმრუდა. როცა იგი იას წარსულის შესახებ შეიტყობდა, მაშინვე უკან დაიხევდა და მის ცოლად შერთვასაც გადაიფიქრებდა. ია იმის იმედს მაინც იტოვებდა, რომ გუჯი მეგობრობაზე არ ეტყოდა უარს. ბოლოს და ბოლოს, მიმოწერას მაინც შეინარჩუნებდნენ. იასთვის ესეც ხეირი იყო. ექვსი თვე ამ ვირტუალური სიყვარულით ცხოვრობდა და ბედნიერი იქნებოდა, თუ ასევე გაგრძელდებოდა. ვინ იცის, ცოლობა არა, მაგრამ ისე ურთიერთობა რომ შეეთავაზებინა? რას არ მისცემდა ია, ოღონდ კი მისი გამხდარიყო. თუნდაც ერთი ღამე გაეტარებინა მასთან, ამაზეც დათანხმდებოდა. სამაგიეროდ ის ერთი ღამე მთელი სიცოცხლე ტკბილ მოგონებად დარჩებოდა და ამით იარსებებდა. თუნდაც წელიწადში ერთხელ, აი, ასე, ზაფხულობით ენახათ ერთმანეთი… თუნდაც წელიწადში ერთი ღამე გაეტარებინათ ერთად…
თანახმა იყო, თანახმა… ოღონდ კი მამაკაცი ამაზე წამოსულიყო და ცოლობას ვინღა ჩიოდა!
რატომაც არა? იას სახელი უკვე გატეხილი ჰქონდა, მეტი რაღა უნდა ეჭორავათ სოფელში? უარესი რა უნდა დამართოდა? თუ მაინცდამაინც გნიასი ატყდებოდა, სულაც მიატოვებდა აქაურობას და თბილისში გადავიდოდა. ნუთუ იმდენს ვერ მოახერხებდა, რომ ერთოთახიანი ბინა ექირავებინა სადმე და განმარტოებით ეცხოვრა? განა მამა ასე გაწირავდა თავის ერთადერთ ქალიშვილს? ის ხომ ოჯახს ძალიან სჭირდებოდა…
ია ლიქიორს წრუპავდა და საკმაოდ ხმამაღლა იცინოდა, თუმცა იცოდა, რომ ეს გადამეტებული მხიარულება დაბნეულობის ნიშანი იყო. გააცნობიერა კიდევაც ამის მიზეზი - ძალებს იკრებდა გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად. სინდისი ნებას არ აძლევდა, გუჯისთან საუბარი გადაედო.
საღამოს, როცა ქეთოსთან წასასვლელად ემზადებოდა, თავის თავს პირობა მისცა, რომ გუჯის ყველაფერს გულწრფელად მოუყვებოდა. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, ამ ფანტაზიის სამყაროდან თავი როგორმე უნდა დაეძვრინა.
პირველად ჩაიცვა ლამაზი, მაქმანებით გაწყობილი სალათისფერი კაბა. ღრმა დეკოლტე და მარგალიტის მძივიც პირველად გაიკეთა. ისე, ძალიან კი მოუხდა.
- როგორი ჰაეროვანი და ლამაზი ხარ, - შეაქო თაკომ, სახლში რომ გაუარა.
- სიმართლე გითხრა, დიდად არ მომწონს, ასე გამომწვევად რომ მაცვია, მანეკენს დავემსგავსე.
- რა სულელი ხარ, გოგო, ნეტავ შენნაირი აღნაგობა მქონდეს, მთებს გადავაბრუნებდი.
- კარგი რა, თაკო, რა აღნაგობა. მთავარი ეგ არ არის, რომ იცოდე. გარეგნობას რა ჭკუა აქვს, ჭკუა სხვა რამის უნდა გქონდეს.
ამასობაში იუბილარის სახლს მიუახლოვდნენ. სტუმრებს დიდ ოთახში მოეყარათ თავი. ახალგაზრდები მეორე ოთახში ერთობოდნენ. ყველა ერთმანეთს იცნობდა. ერთადერთი უცხო მათ შორის გუჯი იყო, რომელიც არჩილსა და ნატოს მოჰყვა თან.
იამ ქეთოს დაბადების დღე მიულოცა და სავარძელში ჩაეშვა. განმარტოებით ყოფნა ერჩივნა. ისედაც იშვიათად დადიოდა სტუმრად და მიუხედავად მოჩვენებითი მხიარულებისა, თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა.
- გამარჯობა, ია. ლიქიორს დალევთ?
გოგონამ ძლივს შეიკავა თავი მკვახე სიტყვებისგან, როცა ბესო გულაშვილი დაინახა.
- არა, მადლობა. უკვე დავლიე, - მიუგო იამ და ცარიელი სირჩა დაანახვა.
მამაკაცი მის გვერდით სკამზე დაეშვა. ია შეიშმუშნა და უსიამოვნოდ გაიფიქრა, ნეტავ ასეთ სიმძიმეს სკამი როგორ უძლებსო. აღარ იცოდა, თავი საით მიებრუნებინა, რადგან მეზობელი ოფლის სუნად ყარდა და ღაჟღაჟა ლოყებიც ოფლით დაცვაროდა.
- იცით? თქვენი ნახვა მინდოდა და ვაპირებდი თქვენთან სტუმრად მოსვლას. ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ამიტომ ვფიქრობ, დროა დავილაპარაკოთ.
იამ ნაძალადევად გაუღიმა:
- ვფიქრობ, ცოტა უხერხულია შინ მიადგეთ ქალს, რომელიც მარტო ცხოვრობს. იმედია, მამაჩემის ჩამოსვლას დაელოდებით.
- კი მაგრამ, რამდენ ხანს უნდა ვუცადო? - გაღიზიანდა ბესო, - მამათქვენი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ გაქცევთ, აქაც იშვიათად ჩნდება.
- მამას უამრავი საქმე აქვს თბილისში, დაკავებულია. როცა მოიცლის, ჩამოვა.
ბესო უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა და ხმამაღლა ჩაახველა. იას გული აუჩქარდა, მიხვდა, რასაც ახლა ბესო ეტყოდა.
- ია, ჩემო კარგო ადამიანო, თქვენზე ბევრად უფროსი ვარ და რახან მამათქვენი დიდი ხნით მარტო გტოვებთ, საჭიროდ მიმაჩნია თქვენი მფარველობა, - უხეშად წამოიწყო მამაკაცმა, -გავიგე, რომ ჩვენს სოფელში ერთი კაცი ჩამოვიდა და მასთან ერთად ხშირად გხედავენ.
იას სუნთქვა შეეკრა, სახეზე წამოხურდა და დამფრთხალმა თვალები ააცეცა, თუმცა ბესოს შეტევის მოგერიება არ გასჭირვებია.
- როგორ მაკვირვებთ, რომ იცოდეთ. თქვენზე სულ სხვა წარმოდგენის ვიყავი. დავიჯერო, ჭორებს ასე ადვილად იჯერებთ? - წარმოთქვა და ირონიულად გაიღიმა.
ბესოს ისედაც ღაჟღაჟა ლოყები უარესად აუღაჟღაჟდა, აქოშინდა და ხმა ჩაუწყდა. მისი გარდაცვლილი მეუღლე ჩუმი, უენო, მოკრძალებული ქალი იყო და ასეთ უცერემონიო შენიშვნას ვერასდროს გაუბედავდა.
- უნდა გითხრათ, ჩემო ია, რომ მე არავის ნათქვამს არ ვუგდებ ყურს. თქვენი ლექსების გადამკიდე კარგად ვხვდები, როგორ შეგიძლიათ თავბრუ დაახვიოთ კაცებს. ეს მაღლაფერიძე კი, როგორც ამბობენ, ქალების ცდუნების დიდოსტატია. რა გინდათ, ისტორია განმეორდეს?
იას ღიმილი უფრო და უფრო სარკასტული ხდებოდა, რადგან სიბრაზე მოეძალა და ამ კაცს ვეღარ იტანდა. გულაშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა მისთვის ხასიათი გაეფუჭებინა და წაერთმია ის მცირე დრო, რაც გუჯისთან საურთიერთოდ დარჩა.
ბესოს სახეზე მუქარა აისახა და დამარცვლით წაისისინა ისე, რომ ვინმეს არ გაეგონა:
- მე იმიტომ გაფრთხილებთ, რომ არ მინდა სახელი გაგიტყდეთ. ასე ვთქვათ, რეპუტაცია შეგელახოთ, თუ როგორცაა, - მისთვის უჩვეულო სიტყვის წარმოთქმისას მამაკაცს ოფლმა დაასხა და უფრო აქოშინდა, - გასაგებია?
- ბა-ტო-ნო ბე-სო, - დამარცვლით წარმოთქვა იამ და მამაკაცს თვალებმოწკურულმა გახედა, - თქვენ მშვნივრად იცით, რომ ჩემი რეპუტაცია დიდი ხანია შელახულია, ამიტომ ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ეს თქვენ არ გეხებათ.
- ოხ, ოხ, ოხ… რატომ ასე მკაცრად? მე მესმის თქვენი. რა თქმა უნდა, წარსულში ცუდი ამბავი შეგემთხვათ, მაგრამ მაშინ თქვენ სულ ნორჩი, შტერი გოგო იყავით და შეცდომა დაუშვით. ასეთი რამ პატარა გოგოებს ხშირად მოსდით. თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი. მე საკმაოდ გამოცდილი კაცი ვარ, გრძელი ცხოვრება გავიარე და მზად ვარ, თქვენს წარსულზე თვალები დავხუჭო.
- გმადლობთ ზრუნვისთვის.
- დიახაც, ვზრუნავ თქვენზე, აბა, იმ მაღლაფერიძეს კი არ ვგავარ.
- ნამდვილად არ ჰგავხართ, ამაში მართალი ბრძანდებით და გთხოვთ, თქვენი რჩევები თქვენთვის შეინახოთ.
გაწბილებული ბესო წამოდგა და თავისი უზარმაზარი სხეულით იას წინ აიმართა.
- ერთხელ თქვენ უკვე ირომანტიკოსეთ და სოფელში თავი მოიჭერით. დავიჯერო, ეს თქვენთვის მწარე გაკვეთილი არ იყო?
- გეთანხმებით, - მშვიდად მიუგო იამ, - ყველაფერი მახსოვს, არაფერი დამვიწყებია, გაკვეთილიც დავიზეპირე, მაგრამ უკვე თავი მომაბეზრეთ ჭკუის სწავლებით. ეს კი, მერწმუნეთ, სრულიადაც არ მჭირდება. მით უფრო, რომ პირადად თქვენ არ გაქვთ ამის უფლება.
ბესო შეცბა და მიხვდა, რომ უკან უნდა დაეხია. იგი ხელების ფშვნეტას მოჰყვა, ხმა დაიტკბო და თავის მართლებას შეუდგა:
- თქვენ არასწორად გამიგეთ, ია. მე მხოლოდ კეთილი ზრახვები მამოძრავებს. მინდა დაგეხმაროთ და კარგი ცხოვრებისეული პირობები შეგიქმნათ. თქვენ ისეთი ემოციური ადამიანი ხართ, ისეთი ვნებიანი და ტემპერამენტით სავსე, რომ… - მამაკაცმა აღარ დაამთავრა, გოგონას ხელი სტაცა და თითები მძლავრად მოუჭირა.
- ახლავე გამიშვით ხელი! - აჩურჩულდა სასოწარკვეთილი ია და მოძალადისგან ხელების გათავისუფლებას შეეცადა.
გულაშვილმა ყურადღება არ მიაქცია მის პროტესტს, თითები უფრო მაგრად მოუჭირა, თითქმის თავზე დაემხო გოგონას და ქოშინით ალაპარაკდა:
- თქვენი კარგად მესმის. ვიცი, თავშეკავება ხშირად გღალატობთ და ჩვენი სოფლის კანონების ჩარჩოებში ვერ თავსდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთან დაქორწინება ბედნიერებას მოგიტანთ. მე განათლებული კაცი ვარ, აგრონომი, სასოფლო-სამეურნეო დავამთავრე, ცნობილ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. როცა ჩემი ცოლი გახდებით, ბედნიერი იქნებით და კანონიერ ქმართან შეგიძლიათ თავს ყველაფრის უფლება მისცეთ. ტყიდან გამოვარდნილი ნადირი კი არ ვარ, მშვენივრად მესმის, ახალგაზრდა ქალისთვის როგორია თავის შეკავება, თუკი ერთხელ უკვე გამოსცადა კაცთან სიამოვნება.
- ბატონო ბესო, თუ ახლავე არ გამიშვებთ ხელს, ვიყვირებ!
მაგრამ გულაშვილი მის სიტყვებს არაფრად აგდებდა, მთელი ძალით ჩაჰფრენოდა გოგონას და თავისას განაგრძობდა:
- შენ გჭირდება მამაკაცი, რომელიც ვნებას დაგიცხრობს. ასეთი მამაკაცი კი მე ვარ, ჩემო ძვირფასო, მე! სულ არ მჭირდება მამაშენის ნახვა, უმისოდაც მოვახერხებ შენს დაყოლიებას.
- ხელი გამიშვი, შე აყროლებულო! - გაკაპასდა ია და პირდაპირ მიახალა, მაგრამ ბესო ვერც ამან შეაჩერა:
- რომ იცოდე, წუხელ ველაპარაკე მამაშენს და მოვუყევი, რა საშიშროების წინაშეც დგახარ, თან შევპირდი, რომ ვიზრუნებდი შენზე, სანამ თვითონ ჩამოვა და იმ არშიყისგან დაგიცავს.
- თავი დამანებეთ, გესმით? - ვეღარ მოითმინა იამ და იყვირა.
- ნუთუ ვერ ხვდები, რომ ის მაღლაფერიძე ისევე თამაშობს შენი გრძნობებით, როგორც ის კაცი, სამი წლის წინ რომ მიეცი, ა?
განრისხებულმა იამ, როგორც იქნა, გამოსტაცა ხელები მამაკაცს და გამწარებულმა მთელი ძალით სილა გააწნა. ბესო აილეწა. ასეთ რამეს აშკარად არ ელოდა, მაგრამ გადაწყვიტა, შეურაცხყოფა გადაეყლაპა.
- როგორი ემოციური ხარ, ჩემო ია… სწორედ ასეთი მომწონხარ. ერთი სული მაქვს, როდის გათენდება ის დღე, როცა ჯვარს დავიწერთ და შენით დავტკბები. ეს დღე კი, მერწმუნე, აუცილებლად გათენდება.
- რა ტყუილად ხარჯავთ დროს ოცნებებში, - გაისმა ამ დროს გუჯის მშვიდი, აუღელვებელი ხმა.
ია შეკრთა, უკან მიიხედა და გუჯი დაინახა. გოგონამ თავის მშველელს მადლობით გაფერადებული ღიმილი აჩუქა.
- ოჰ, ბატონო გუჯი… თქვენც აქ ხართ? მხიარული დაბადების დღეა, არა? - აფორიაქებული ია შეეცადა დამშვიდებულიყო.
- ჰო, მშვენიერი საღამოა, მშვენივრად ვერთობი და მინდა თქვენც გაგართოთ, - წარმოთქვა გუჯიმ და გოგონას შამპანურით სავსე ფუჟერი გაუწოდა.
- ქალბატონი ია ლიქიორს ამჯობინებს, - ცივად შენიშნა გაწბილებულმა ბესომ.
- სულაც არა, - ნიშნის მოგებით წარმოთქვა იამ, - შამპანურსაც სიამოვნებით დავლევ.
ბესოს ცეცხლის ავი ენებით აენთო თვალები. მან პირქუშად შეხედა გოგონას გაბრწყინებულ სახეს.
- ჩვენ ამ თემაზე სხვა დროს და სხვა ადგილას ვისაუბრებთ!
- რაზე, შამპანურზე? რომ იცოდეთ, ამაზე არც არაფერია სასაუბრო, დროს ნუ დაკარგავთ. მე ყველანაირ სასმელს ვსვამ - ღვინოს, შამპანურს, ლიქიორს, არაყსაც კი. - ჯიბრიანად განაგრძო იამ და ხელები გაშალა, - ასეთია პოეტის ცხოვრება, რას ვიზამთ.
- მე სულ სხვა, ბევრად მნიშვნელოვან თემას ვგულისხმობ, - თავისთვის ჩაილაპარაკა ბესომ, მერე ორივეს თავი ცივად დაუკრა და იქაურობას გაეცალა.
იამ შვებით ამოსუნთქა. შამპანური მოსვა და გუჯის ახედა. მამაკაცი მასთან არაც ძალიან ახლოს იდგა და არც ძალიან შორს. იგი ჩვეული ირონიით შეჰყურებდა გოგონას.
- როგორც ვხედავ, მეტოქე გამომიჩნდა.
- ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მას მერე არ მასვენებს, რაც ცოლი გარდაეცვალა… იცით? მე თქვენთან სალაპარაკო მაქვს. კარგია, რომ მოხვედით.
- კარგია, რომ დროზე მოვედი, - ჩვეული ირონიით შეუსწორა გუჯიმ.
იამ დაბნეული სახით შეხედა.
- გისმენთ, გისმენთ… - გამამხნევებლად გაუღიმა მამაკაცმა.
- ოღონდ აქ არა, - გოგონამ მალულად მიმოიხედა და ჩუმად წარმოთქვა, - მარტო მინდა თქვენი ნახვა.
- ოოო, რა სასიამოვნოდ ჟღერს თქვენი სიტყვები… მრავლისმეტყველად.
- როდის შემეძლება თქვენი ნახვა? ისეთი რაღაც უნდა მოგიყვეთ, რომ… - იას აღელვებისგან ხმა ჩაუწყდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და გააგრძელა, - ამის შესახებ თქვენთვის თავიდანვე უნდა მეთქვა, მაგრამ შემეშინდა… თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ ამ მისიას ჩემ ნაცვლად სხვაც შეასრულებდა.
- ია, თქვენი სიტყვები მაშინებს. განა რა უნდა მითხრათ ისეთი?
- დამცინით? - გაწიწმატდა ია, - გადასარევად ვიცი, რომ თქვენ არავის და არაფრის არ გეშინიათ.
- დაცინვა აზრადაც არ მომსვლია. უბრალოდ, ისეთ რამეს მეუბნებით, ბუნებრივი რეაქცია მქონდა. ისეთი რა უნდა მითხრათ, რასაც აქამდე მიმალავდით? - გუჯიმ მხრები აიჩეჩა, - კი ბატონო, შევხვდეთ. გინდათ ამაღამ, თორმეტ საათზე თქვენს ბიბლიოთეკაში მოვალ. მაგ დროს სოფელში ყველა ღრმა ძილში იქნება, ვერავინ დაგვინახავს.
ია გაშრა.
- რაა? ბიბლიოთეკაში? ჩემთან შუაღამეს აპირებთ მოსვლას?
- რატომაც არა? ამაში ცუდს რას ხედავთ? შეხვედრისთვის მშვენიერი ადგილია, - ირონია არც ამჯერად დაიშურა გუჯიმ, - მითხარით, თანახმა ხართ? პირობა მომეცით, რომ მარტო დამხვდებით.
გოგონას ნერვიულობისგან პირი გაუშრა. ვერ მიხვდა, მამაკაცი სერიოზულად სთავაზობდა ბიბლიოთეკაში შეხვედრას თუ დასცინოდა, მაგრამ მაინც მიუგო:
- მე ისედაც მარტო ვარ. მოსამსახურე არ მყავს. არც ჩემი ძმები არიან აქეთ, არც მამაჩემი. მე ბიბლიოთეკაში ყოველღამე გვიანობამდე ვრჩები… იქ ვმუშაობ… - გოგონამ შუბლი შეიკრა და დაამატა, - თუკი ასე გსურთ, მაშინ შემოსასვლელ კარს არ ჩავკეტავ.
- კარის ღიად დატოვება საჭირო არ არის, - დაყვავებით წარმოთქვა მამაკაცმა, - უბრალოდ, იქ იყავით და დამელოდეთ. მე ზუსტად თორმეტზე მოვალ.
ია გააოცა მისმა სიტყვებმა, მაგრამ არ შეიმჩნია:
- კარგი… მაგ დროს ბიბლიოთეკაში ვიქნები. - მორჩილად დაეთანხმა გოგონა და თვალები დახარა.
ფიქრობდა, რომ ეს საღამო მისთვის ტრაგიკულად დასრულდებოდა, რომ ბესოსთან მომხდარი ინციდენტი სტუმრებისთვის ახალ სალაპარაკო თემად იქცეოდა, მაგრამ გუჯის გამოჩენამ გადაარჩინა. ამიტომ ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო იმითაც, რომ მამაკაცი სალაპარაკოდ შეიპირა, ღამით განმარტოებულად შეხვდებოდა და ყველაფერს მოუყვებოდა. რა მოხდებოდა შემდგომ, ამაზე აღარ ფიქრობდა. ამას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>