თანამედროვე მოდის რევოლუციონერი დიზაინერი, Balenciaga-ს ხელმძღვანელი და ქართული ბრენდის, „ვეტმანის“ დამფუძნებელი დემნა გვასალია იუბილარია. დიზაინერი 25 მარტს 41 წლის გახდა.
"ბალენსიაგამდე" დემნა „ლუი ვიტონის“ მთავარი დიზაინერი და „მარჯიელას“ ქალის ხაზის დირექტორი გახლდათ.
დემნამ 2006 წელს დაამთავრა ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემია და საერთაშორისო დონეზე ცნობილი გახდა, როდესაც მიიღო წლის საერთაშორისო ტალანტების ჯილდო.
დიზაინერი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ჰყავს ძმა, გურამ გვასალია და როგორც თავად ამბობს, დიზაინერობა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკიდან სურდა, თუმცა იმ დროს მშობლებისგან უარი მიიღო.
დემნამ 2015 წელს შეცვალა მოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა ალექსანდრ ვანგი "ბალენსიაგას" დირექტორის თანამდებობაზე და სწორედ აქედან დაიწყო ყველაზე დიდი კარიერული წინსვლა დიზაინერის ცხოვრებაში.
გასულ წელს გვასალიამ წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო დაიმსახურა ქალებისთვის შექმნილი ტანსაცმლის ხაზისთვის.
მან ითანამშრომლა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ქანიე უესტი, ალექსა დემი, კიმ კარდაშიანი და ა.შ.
როგორც თავად კიმმა მოგვიანებით განმარტა, კარდაშიანი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი წლის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ვარსკვლავად და სტილის სიმბოლოდ დასახელდა, სწორედ დემნა გვასალიას გამორჩეული ხედვაა.
მიუხედავად ამდენი წარმატებისა და კარიერის ფაქტობრივად ზენიტში ყოფნისა, დემნას საკუთარი წარსული და წარმომავლობა არასდროს დავიწყებია.
გვასალია 1981 წლის 25 მარტს აფხაზეთში დაიბადა და მისი კოლექციები საკმაოდ ხშირად სწორედ დევნილობის, სამშობლოსა და რუსული აგრესიის სიმბოლო ხდება. დიზაინერი თითქმის ყველა კოლექციაში მკაფიოდ უსვამს ხაზს ოკუპაციასა და ნოსტალგიებს, რომლებიც სოხუმის დატოვების შემდეგ შემორჩა.
,,დარჩი ძლიერი, უკრაინა! ჩვენ გვესმის, როგორი რთულია ახლა თქვენს მდგომარეობაში ყოფნა. ჩვენ მხარს გიჭერთ და თქვენ გვერდით ვართ აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ!“ - წერდა დემნა, როდესაც რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.
თებერვალში მან მოდის ჩვენებაც გამართა, სადაც სტუმრებს უკრაინის დროშების ინსპირაციით შექმნილი მაისურები დაახვედრა და თქვა, რომ დღესდღეობით თითოეული ჩვენგანის ვალია, ვებრძოლოთ ბოროტებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინის ბრძოლა არ არის.
მიუხედავად ცხოვრების რთული გზისა, უამრავი დაბრკოლებისა და ადრეულ ასაკში ნანახი სტრესისა, დემნა გვასალია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერია.
მოდის ექსპერტები მას ისეთ ცნობილ ბრენდებს ადარებენ, როგორებიც არიან "ლუი ვიტონი", "გუჩი", "ელი სააბი"... და აღნიშნავენ, რომ დემნა არა მხოლოდ მათ გვერდით დგას, არამედ სჯობს კიდეც მათ.
საბოლოოდ, გვასალიას გასაღები მსოფლიო მოდაში არის ის, რომ ის ქმნის კოლექციას ყველასთვის. დემნას არ სურს მისი მოდელები მხოლოდ საზოგადოების მდიდარი ფენებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ყოველთვის ცდილობს, იყოს თავისუფალი, უშუალო მისი დიზაინებისა და მომხმარებლების მიმართ.
"ბალენსიაგას" საერთაშორისო წარმატების მიზეზიც ეს არის, ყველას სურს მოდა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი, ელეგანტური და დახვეწილია.
ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც დემნა გვასალია და კიმ კარდაშიანი შეხვდნენ